-
ხმამიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
-
-
სწორად ისუნთქე. საუკეთესო შედეგების მისაღწევად აუცილებელია, ფილტვებში ჰაერის სათანადო მარაგი გქონდეს და სუნთქვა არეგულირო. წინააღმდეგ შემთხვევაში, სუსტი ხმა ამოგივა და ნაწყვეტ-ნაწყვეტ ილაპარაკებ.
ფილტვების უგანიერესი ნაწილი გულმკერდის ღრუს ზედა ნაწილში არ მდებარეობს; ეს ადგილი მხრის სარტყლის ძვლების გამო ჩანს უფრო განიერი. ფილტვები ყველაზე განიერი დიაფრაგმის ზემოთაა. დიაფრაგმა ქვედა ნეკნებს ეხება და გულმკერდის ღრუს მუცლის ღრუსგან გამოყოფს.
შესუნთქვის დროს თუ ჰაერით მხოლოდ ფილტვების ზედა წილები გევსება, მალე ჰაერი არ გეყოფა, სუსტი ხმით ილაპარაკებ და ადვილად დაიღლები. სწორად სუნთქვისთვის საჭიროა, გასწორდე და მხრები გაშალო. ლაპარაკის დროს ყურადღება მიაქციე იმას, რომ ჩასუნთქვის დროს მხოლოდ გულმკერდის ზედა ნაწილი არ გიფართოვდებოდეს. თავიდან ფილტვების ქვედა წილები გაივსე ჰაერით. ამ დროს გულმკერდის ღრუს ქვედა ნაწილი გაგანიერდება, ხოლო დიაფრაგმა ქვევით დაიწევს და ოდნავ დააწვება კუჭსა და ნაწლავებს, ისე რომ იგრძნობ, როგორ მოგიჭერს წელში ქამარი ან ტანსაცმელი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფილტვები მუცლის ღრუშია. ისინი გულმკერდის ღრუშია მოთავსებული. შეამოწმე საკუთარი თავი: ხელები ქვედა ნეკნებზე მიიდე და ღრმად ჩაისუნთქე. თუ მუცელი შესწიე, ხოლო მხრები ზემოთ ასწიე, არასწორად სუნთქავ. სწორად სუნთქავ, თუ შესუნთქვის დროს გრძნობ ნეკნების ოდნავ გარეთ გამოწევასა და ზემოთ აწევას.
ახლა ამოსუნთქვას მიაქციე ყურადღება. სწრაფად ამოსუნთქვას შეიძლება ჰაერის მარაგის უსარგებლო დაკარგვა ვუწოდოთ. ამიტომ ნელა ამოისუნთქე, მაგრამ ამისათვის კისრის კუნთებს ნუ დაჭიმავ, თორემ ხმაში დაძაბულობა შეგენიშნება ან არაბუნებრივად ხმამაღლა ილაპარაკებ. ამოსუნთქვა ხორციელდება მუცლისა და ნეკნთაშორისი კუნთების მოდუნების შედეგად, ხოლო ამოსუნთქვის სისწრაფეზე დიაფრაგმა ახდენს გავლენას.
მორბენალის მსგავსად, რომელიც შეჯიბრებაში მონაწილეობამდე ვარჯიშობს, მომხსენებელმაც უნდა ივარჯიშოს, რათა სწორად სუნთქვას მიეჩვიოს. გასწორდი, მხრები გაშალე, შესუნთქვის დროს შეეცადე, ფილტვების ქვედა წილები გაივსო ჰაერით. შემდეგ თანდათან ამოისუნთქე და ნელ-ნელა დაითვალე. ახლა შეეცადე კითხვის დროსაც ასევე ისუნთქო.
-