-
გაცემას ჩემთვის ბედნიერება მოაქვსსაგუშაგო კოშკი — 2016 | აგვისტო
-
-
კუნძულებზე ხუთ წელიწადს ვქადაგებდით, რის შემდეგაც პუერტო-რიკოსკენ ავიღეთ გეზი, რათა ჩვენი იალქნიანი ნავი ძრავიანი ნავით შეგვეცვალა. იქ შევხვდი ერთ მშვენიერ მისიონერ დას, მაქსინ ბოიდს, რომელიც ერთი ნახვით შემიყვარდა. ის ბავშვობიდანვე გულმოდგინედ ქადაგებდა სასიხარულო ცნობას, ხოლო როცა წამოიზარდა, მისიონერად მსახურობდა დომინიკელთა რესპუბლიკაში, საიდანაც ქვეყნის კათოლიკურმა მთავრობამ 1950 წელს გამოაძევა. როგორც ეკიპაჟის წევრს, პუერტო-რიკოში ერთი თვით დარჩენის უფლება მქონდა. მალე ისევ კუნძულებზე დავბრუნდებოდი რამდენიმე წლით. ასე რომ, საკუთარ თავს ვუთხარი: „რონალდ, თუ ეს გოგო მოგწონს, სწრაფად უნდა იმოქმედო“. სამი კვირის შემდეგ მას ცოლობა შევთავაზე, ექვს კვირაში კი ცოლად მოვიყვანე. მე და მაქსინი მისიონერებად დაგვნიშნეს პუერტო-რიკოში, ამიტომ ახალი ნავით ზღვაში არ გავსულვარ.
1956 წელს სარაიონო მსახურება დავიწყეთ. გვიხაროდა ძმების მონახულება, რომელთაგან ბევრი ღარიბი იყო. სოფელ პოტალა-პასტილიოში მოწმეების ორი მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობდა; მათი ბავშვებისთვის ხშირად ვუკრავდი სალამურზე. ერთხელ პატარა გოგონას, ილდას ვკითხე, ხომ არ წამოვიდოდა ჩვენთან ერთად საქადაგებლად. მან მითხრა: „მინდა, მაგრამ არ შემიძლია. ფეხსაცმელი არა მაქვს“. მე და ჩემმა ცოლმა ვუყიდეთ ფეხსაცმელი და საქადაგებლად წავიყვანეთ. წლების შემდეგ, 1972 წელს, როცა მე და მაქსინი ბრუკლინის ბეთელში სტუმრად ვიყავით, ჩვენთან ერთი და მოვიდა. მას სკოლა „გალაადი“ ახალი დამთავრებული ჰქონდა და მალე მიემგზავრებოდა ეკვადორში, სადაც მისიონერად იმსახურებდა. მან გვითხრა: „ალბათ, ვერ მიცანით, არა?! მე ის პატარა გოგო ვარ პასტილიოდან, ფეხსაცმელი რომ არ ჰქონდა“. ეს ილდა იყო. ისე გაგვიხარდა მისი ნახვა, რომ ცრემლები ვერ შევიკავეთ!
1960 წელს გვთხოვეს, რომ მსახურება პუერტო-რიკოს ფილიალში გაგვეგრძელებინა, რომელიც ქალაქ სან-ხუანში, სანტურსეში მდებარეობდა. ეს იყო პატარა, ორსართულიანი შენობა. თავიდან საქმის დიდ ნაწილს მე და ლენარტ ჯონსონი ვაკეთებდით. ის და მისი მეუღლე პირველი იეჰოვას მოწმეები იყვნენ დომინიკელთა რესპუბლიკაში, 1957 წელს კი პუერტო-რიკოში ჩამოვიდნენ. მოგვიანებით მაქსინთან მოდიოდა ჟურნალების გამომწერთა თხოვნები, რომლებიც კვირაში ათასს აჭარბებდა. ის სიხარულით აკეთებდა თავის საქმეს, რადგან უამრავი ადამიანი სულიერ საზრდოს იღებდა.
სიხარულს მანიჭებს ბეთელში მსახურება, რადგან ბევრის გაცემა შემიძლია. თუმცა ამ მსახურებასაც აქვს თავისი სირთულეები. მაგალითად, როცა 1967 წელს პუერტო-რიკოში პირველად ჩატარდა საერთაშორისო კონგრესი, იმდენი პასუხისმგებლობა მეკისრა, რომ აღარ ვიცოდი, რომელი ერთი გამეკეთებინა. პუერტო-რიკოში ჩამოვიდა ნეითან ნორი, რომელიც იმ დროს იეჰოვას მოწმეების საქმიანობას ზედამხედველობდა. მან შეცდომით დაასკვნა, რომ არ ვიზრუნე მოწვეული მისიონერების ტრანსპორტირებაზე. მოგვიანებით კი მითხრა, რომ იმედი გავუცრუე და მკაცრი შენიშვნა მომცა, რათა უფრო ორგანიზებული ვყოფილიყავი. არ მინდოდა შევპასუხებოდი, თუმცა საკმაო ხანს გულგატეხილი ვიყავი იმის გამო, რომ არასწორად გამიგო. მიუხედავად ამისა, როცა მე და მაქსინი კიდევ ერთხელ შევხვდით ძმა ნორს, მან თავის ოთახში დაგვპატიჟა და სადილით გაგვიმასპინძლდა.
პუერტო-რიკოში მსახურების დროს ჩვენ რამდენჯერმე მოვინახულეთ ჩემი ოჯახი ინგლისში. მამას ჩემთან და დედასთან ერთად არ მიუღია ჭეშმარიტება. როცა ბეთელიდან ჩემს ქალაქში მომხსენებლები ჩადიოდნენ, დედა ხშირად სთავაზობდა მათ ჩვენს სახლში დარჩენას. მამაჩემი ხედავდა, რამდენად განსხვავდებოდნენ ეს თავმდაბალი ბეთელელი ზედამხედველები იმ სასულიერო პირებისგან, რომლებმაც წლების წინ თავი შეაძულეს. ბოლოს, 1962 წელს, ის მოინათლა და იეჰოვას მოწმე გახდა.
რონალდ და მაქსინ პარკერები დაქორწინებიდან მალევე და 2003 წელს ქორწინების 50-ე წლისთავზე
ჩემი საყვარელი მეუღლე მაქსინი 2011 წელს გამომეცალა ხელიდან. ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ მას მკვდრეთით აღდგენილს. ამაზე ფიქრი გულს მითბობს! ერთად გატარებული 58 წლის მანძილზე მე და მაქსინი იმის მოწმენი გავხდით, თუ როგორ გაიზარდა პუერტო-რიკოში იეჰოვას ხალხის რიცხვი 650-დან 26 000-მდე! 2013 წელს პუერტო-რიკოს ფილიალი შეერთებული შტატების ფილიალთან გაერთიანდა. ძმებმა მთხოვეს, რომ მსახურება უოლკილში (ნიუ-იორკი) გამეგრძელებინა. პუერტო-რიკოში 60-წლიანი ცხოვრების შემდეგ თავი ისევე მიმაჩნდა პუერტო-რიკოელად, როგორც იქაურ პატარა ბაყაყებს, რომლებიც შებინდებისას ყიყინით იკლებენ იქაურობას. მაგრამ მივხვდი, რომ ცხოვრება გრძელდება და მეც არ უნდა გავჩერებულიყავი.
-