საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ღვთის განზრახვის შესასრულებლად ხელმძღვანელობის გაწევა
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 15 თებერვალი
    • ღვთის განზრახვის შესასრულებლად ხელმძღვანელობის გაწევა

      „[ღმერთი] ყველაფერს თავისი ნებისამებრ ამოქმედებს“ (ეფესოელები 1:11).

      1. რატომ აქვს იეჰოვას მოწმეთა ყველა კრებას შეხვედრა 2006 წლის 12 აპრილს?

      ორიათას ექვსი წლის 12 აპრილს, ოთხშაბათ საღამოს, უფლის გახსენების საღამოს აღსანიშნავად დაახლოებით 16 მილიონი ადამიანი შეიკრიბება. თითოეული შეხვედრის ადგილას მაგიდაზე იდება უფუარი პური, რომელიც ქრისტეს სხეულის სიმბოლოა და წითელი ღვინო, რომლითაც მის მიერ დაღვრილი სისხლია წარმოდგენილი. წარმოთქმული იქნება მოხსენება იესოს სიკვდილის გახსენების საღამოს მნიშვნელობის შესახებ. ამ მოხსენების ბოლო ნაწილში ჩამოატარებენ ამ სიმბოლოებს — თავიდან პურს, შემდეგ კი ღვინოს. იეჰოვას მოწმეთა ზოგ კრებაში ერთი ან მეტი დამსწრე მიიღებს ამ სიმბოლოებს. უმეტეს კრებებში კი დამსწრეთაგან არავინ მიიღებს მათ. რატომ არის, რომ სიმბოლოებს იღებს ქრისტიანთა ასე მცირე რაოდენობა, ანუ ისინი, რომელთაც ზეციერი ცხოვრების იმედი აქვთ, ხოლო უმრავლესობა, რომელთაც მიწიერი ცხოვრების იმედი აქვთ, არ იღებს?

      2, 3. ა) როგორ განაგრძობდა იეჰოვა შემოქმედებას თავისი განზრახვის შესაბამისად? ბ) რა მიზნით შექმნა იეჰოვამ დედამიწა და ადამიანები?

      2 იეჰოვა არის განზრახვების ღმერთი. განზრახვის შესასრულებლად, ის „ყველაფერს თავისი ნებისამებრ ამოქმედებს“ (ეფესოელები 1:11). ღმერთმა თავდაპირველად თავისი მხოლოდშობილი ძე შექმნა (იოანე 1:1, 14; გამოცხადება 3:14). შემდეგ ამ ძის მეშვეობით იეჰოვამ შექმნა სულიერი ძეები და ფიზიკური სამყარო, მათ შორის დედამიწა და მასზე მცხოვრები ადამიანები (იობი 38:4, 7; ფსალმუნები 102:19—21; იოანე 1:2, 3; კოლოსელები 1:15, 16).

      3 იეჰოვას დედამიწა არ შეუქმნია საცდელ ადგილად, საიდანაც ადამიანებს ზეცაში სულიერ ძეთა ოჯახის შესავსებად წაიყვანდა, როგორც ამას ქრისტიანული სამყაროს ეკლესიები ასწავლიან. დედამიწის შექმნისას იეჰოვას კონკრეტული მიზანი ჰქონდა; მან იგი „დასასახლებლად გამოსახა“ (ესაია 45:18). იეჰოვამ დედამიწა ადამიანებისთვის და ადამიანები დედამიწისთვის შექმნა (ფსალმუნები 113:24). მთელი პლანეტა უნდა გამხდარიყო სამოთხე, რომელზეც სამართლიანი ადამიანები დასახლდებოდნენ; მათ უნდა დაემუშავებინათ მიწა და მოევლოთ თავიანთი პლანეტისთვის. ადამიანთა პირველ წყვილს არასდროს ჰქონია იმის პერსპექტივა, რომ საბოლოოდ ზეცაში წასულიყვნენ (დაბადება 1:26—28; 2:7, 8, 15).

      იეჰოვას განზრახვას დაბრკოლება ექმნება

      4. როგორ შეექმნა იეჰოვას უზენაეს მმართველობას დაბრკოლება კაცობრიობის ისტორიის გარიჟრაჟზე?

      4 ღვთის ერთმა სულიერმა ძემ ბოროტად გამოიყენა ღვთიური ძღვენი — ნების თავისუფლება — და გადაწყვიტა, წინ აღდგომოდა იეჰოვას განზრახვის შესრულებას. მან დაარღვია სიმშვიდე, რომლითაც იეჰოვას უზენაესი მმართველობის მორჩილი ყველა ქმნილება სარგებლობს. სატანამ ადამიანთა პირველი წყვილი ღვთისგან დამოუკიდებლობის გზაზე დააყენა (დაბადება 3:1—6). სატანამ ეჭვი იეჰოვას სიძლიერეში კი არ შეიტანა, არამედ იმაში, თუ როგორ ავლენდა იეჰოვა უზენაესობას; ასე რომ, ეშმაკი საკამათოს ხდიდა იეჰოვას უფლებას, ყოფილიყო მმართველი. ამგვარად, იეჰოვას უზენაესი მმართველობის შესახებ უმნიშვნელოვანესი საკამათო საკითხი აქ, დედამიწაზე, კაცობრიობის ისტორიის გარიჟრაჟზე წამოიჭრა.

      5. კიდევ რა საკამათო საკითხი წამოიჭრა და ვისთან დაკავშირებით?

      5 სატანამ იობის დღეებში წამოჭრა მეორე საკითხიც, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება უზენაესი მმართველობის შესახებ ძირითად საკამათო საკითხს. მან ეჭვქვეშ დააყენა იეჰოვას იმ ქმნილებათა აღძვრები, რომლებიც მას ემორჩილებოდნენ და ემსახურებოდნენ. სატანის სიტყვებიდან გამომდინარე, ისინი ამას ეგოისტური მიზნით აკეთებდნენ და, თუ გამოცდის წინაშე დადგებოდნენ, ღმერთს ზურგს შეაქცევდნენ (იობი 1:7—11; 2:4, 5). ეს საკამათო საკითხი ადამიანებთან დაკავშირებით იყო წამოჭრილი, მაგრამ იგი ეხებოდა ღვთის სულიერ ძეებსაც, თვით იეჰოვას მხოლოდშობილ ძესაც კი.

      6. როგორ აღმოჩნდა იეჰოვა თავისი განზრახვისა და სახელის ერთგული?

      6 იეჰოვამ, რომელიც თავისი განზრახვის ერთგულია და საკუთარი სახელის მნიშვნელობის თანახმად მოქმედებს, საკუთარი თავი წინასწარმეტყველად და მხსნელად იქციაa. მან სატანას უთხრა: „ჩამოვაგდებ მტრობას შენსა და დედაკაცს შორის, და შენს თესლსა და მის თესლს შორის: ის თავს გაგიჭეჭყავს და შენ მას ქუსლს დაუგესლავ“ (დაბადება 3:15). „ქალის“ ანუ თავისი ორგანიზაციის ზეციერი ნაწილის მეშვეობით იეჰოვა პასუხს გასცემდა სატანას და ადამის შთამომავლებს გათავისუფლებისა და სიცოცხლის იმედს მისცემდა (რომაელები 5:21; გალატელები 4:26, 31).

      „თავისი ნების წმინდა საიდუმლო“

      7. პავლე მოციქულის მეშვეობით, რა გვამცნო იეჰოვამ თავის განზრახვასთან დაკავშირებით?

      7 ეფესოში მცხოვრებ ქრისტიანთათვის მიწერილ წერილში მოციქული პავლე კარგად ხსნის, თუ როგორ ხელმძღვანელობს იეჰოვა თავისი განზრახვის შესრულებას. ის წერს: „გვამცნო თავისი ნების წმინდა საიდუმლო, რომელიც მოსაწონია მისთვის, და გადაწყვიტა, განაგოს დანიშნული დროების გასრულებამდე, კერძოდ, ქრისტეში კვლავ მოუყაროს თავი ყველაფერს, რაც ზეცაშია და რაც დედამიწაზეა“ (ეფესოელები 1:9, 10). იეჰოვას დიდებული განზრახვაა, გაერთიანებულ სამყაროში ცხოვრობდნენ ქმნილებები, რომლებიც სიყვარულით დაემორჩილებიან მის უზენაეს მმართველობას (გამოცხადება 4:11). ამგვარად განიწმინდება მისი სახელი; დამტკიცდება, რომ სატანა მატყუარაა და შესრულდება ღვთის ნება „როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათე 6:10).

      8. რაზე მიუთითებს ბერძნული სიტყვა, რომელიც თარგმნილია როგორც „განაგოს“?

      8 იეჰოვას განზრახვა, „რომელიც მოსაწონია მისთვის“, შესრულდებოდა იმის წყალობით, რომ იგი ხელმძღვანელობას გაუწევდა ანუ ‘განაგებდა’ მის განხორციელებას. პავლემ აქ გამოიყენა სიტყვა, რომელიც სიტყვასიტყვით „ოჯახის გაძღოლას“ ნიშნავს. ის მიუთითებს არა მთავრობაზე, მაგალითად მესიანურ სამეფოზე, არამედ იმაზე, თუ როგორ ხდება ხელმძღვანელობის გაწევაb. იეჰოვა შესანიშნავად უხელმძღვანელებდა თავისი განზრახვის შესრულებას; განზრახვისა, რომელშიც საუკუნეების განმავლობაში თანდათანობით „წმინდა საიდუმლოს“ გამხელაც შევიდოდა (ეფესოელები 1:10; 3:9).

      9. როგორ გაამჟღავნა იეჰოვამ თანდათანობით თავისი ნების შესახებ წმინდა საიდუმლო?

      9 მთელი რიგი შეთანხმებების საშუალებით იეჰოვამ თანდათანობით ნათელი გახადა, თუ როგორ შესრულდებოდა მისი განზრახვა ედემის ბაღში აღთქმულ „თესლთან“ ანუ შთამომავალთან დაკავშირებით. აბრაამთან დადებული შეთანხმებით ცხადი გახდა, რომ აღთქმული შთამომავალი დედამიწას აბრაამის ხაზიდან მოევლინებოდა და მისი საშუალებით ‘იკურთხებოდა დედამიწის ყოველი ხალხი’. ამ შეთანხმებიდან ისიც ჩანდა, რომ შთამომავლის ძირითად ნაწილთან სხვებიც იქნებოდნენ დაკავშირებული (დაბადება 22:17, 18). ხორციელ ისრაელთან კანონის საფუძველზე დადებული შეთანხმებიდან გამოჩნდა, რომ იეჰოვას განზრახვაში შედიოდა, ჰყოლოდა „მღვდელთა სამეფო“ (გამოსვლა 19:5, 6). დავითთან დადებული შეთანხმებით ცხადი გახდა, რომ შთამომავალი სამეფოს მარადიული მეთაური იქნებოდა (2 მეფეთა 7:12, 13; ფსალმუნები 88:4, 5). მას შემდეგ, რაც კანონის საფუძველზე დადებულმა შეთანხმებამ ისრაელები მესიამდე მიიყვანა, იეჰოვამ თავისი განზრახვის შესრულების სხვა მხარეებიც ცხადყო (გალატელები 3:19, 24). ის ადამიანები, რომლებიც შთამომავლის ძირითად ნაწილთან იქნებოდნენ დაკავშირებულნი, შექმნიდნენ ნაწინასწარმეტყველებ „მღვდელთა სამეფოს“ და მათთან, როგორც ახალ სულიერ „ისრაელთან“, დაიდებოდა „ახალი შეთანხმება“ (იერემია 31:31—34; ებრაელები 8:7—9)c.

      10, 11. ა) როგორ ცხადყო იეჰოვამ, ვინ იქნებოდა ნაწინასწარმეტყველები შთამომავალი? ბ) რატომ მოვიდა დედამიწაზე ღვთის მხოლოდშობილი ძე?

      10 ღვთის განზრახვის შესასრულებლად ხელმძღვანელობის გაწევისას, დადგა დრო, როდესაც დედამიწას ნაწინასწარმეტყველები შთამომავალი უნდა მოვლენოდა. იეჰოვამ ანგელოზი გაბრიელი გაგზავნა მარიამთან, რათა მისთვის ემცნო, რომ გაუჩნდებოდა ძე, რომლისთვისაც იესო უნდა დაერქმია. ანგელოზმა მარიამს უთხრა: „ის დიდი იქნება და უზენაესის ძე დაერქმევა. იეჰოვა ღმერთი მას დავითის, მამამისის ტახტს მისცემს და ის მარადიულად იმეფებს იაკობის სახლზე. მის სამეფოს ბოლო არ ექნება“ (ლუკა 1:32, 33). ამგვარად ცხადი გახდა, ვინ იქნებოდა აღთქმული შთამომავალი (გალატელები 3:16; 4:4).

      11 დედამიწაზე უნდა მოსულიყო იეჰოვას მხოლოდშობილი ძე და უნდა გამოცდილიყო. სატანას გამოწვევაზე სრულყოფილი პასუხის გაცემა მის ხელში იქნებოდა. დარჩებოდა ის მამის ერთგული? ეს წმინდა საიდუმლოს ნაწილი იყო. მოციქულმა პავლემ იესოს როლის შესახებ მოგვიანებით აღნიშნა: «ღვთისადმი ერთგულების წმინდა საიდუმლო, უეჭველად, დიდია: „ის გამოცხადდა ხორცში, მართლად იქნა აღიარებული სულში, ეჩვენა ანგელოზებს, მასზე იქადაგეს ყველა ხალხში, ირწმუნეს ქვეყნიერებაში და აყვანილ იქნა დიდებაში“» (1 ტიმოთე 3:16). დიახ, იესომ სიკვდილამდე ურყევი ერთგულებით საბოლოო პასუხი გასცა სატანის გამოწვევას. მაგრამ წმინდა საიდუმლოს სხვა დეტალები ჯერ კიდევ უცნობი იყო.

      „სამეფოს წმინდა საიდუმლო“

      12, 13. ა) რა შედის „ღვთის სამეფოს წმინდა საიდუმლოში“? ბ) რა იყო საჭირო იმისთვის, რომ იეჰოვას ადამიანთა განსაზღვრული რაოდენობა ზეცაში საცხოვრებლად შეერჩია?

      12 გალილეაში ქადაგების დროს იესომ აღნიშნა, რომ წმინდა საიდუმლო მჭიდროდ იყო დაკავშირებული მესიანურ მთავრობასთან. მან თავის მოწაფეებს უთხრა: «თქვენ ნება გაქვთ მოცემული, გაიგოთ ზეციერი სამეფოს [„ღვთის სამეფოს“, მარკოზი 4:11] წმინდა საიდუმლოები» (მათე 13:11). ამ საიდუმლოებში შედიოდა 144 000 ადამიანისგან შემდგარი „მცირე სამწყსოს“ წევრების არჩევა, რათა ისინი ღვთის ძესთან ერთად ყოფილიყვნენ შთამომავლის ნაწილი და მასთან ერთად ზეციდან ემმართველათ (ლუკა 12:32; გამოცხადება 14:1, 4).

      13 ვინაიდან ადამიანები დედამიწაზე საცხოვრებლად იყვნენ შექმნილნი, ზეცაში ზოგიერთი ადამიანის წასასვლელად საჭირო იყო, იეჰოვას ისინი „ახალ ქმნილებებად“ შეექმნა (2 კორინთელები 5:17). მოციქული პეტრე, რომელსაც ზეციერი ცხოვრების ეს განსაკუთრებული იმედი ჰქონდა, წერდა: „კურთხეულია ღმერთი, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამა, რომელმაც დიდი გულმოწყალებით გვშობა ხელახლა, რათა იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის მეშვეობით ცოცხალი იმედი გვქონოდა და მიგვეღო უხრწნელი, წაუბილწველი და უჭკნობელი მემკვიდრეობა. ის ზეცაში ინახება თქვენთვის“ (1 პეტრე 1:3, 4).

      14. ა) როგორ შეეხო ‘ღვთის სამეფოს შესახებ წმინდა საიდუმლო’ არაებრაელებს? ბ) რა გვაძლევს „ღვთის სიღრმეების“ გაგების შესაძლებლობას?

      14 მომავალ სამეფო მთავრობასთან დაკავშირებულ წმინდა საიდუმლოში ისიც შედიოდა, რომ ზეცაში ქრისტესთან ერთად მეფობისთვის მოწოდებულ მცირერიცხოვან ადამიანთა შორის ღმერთი არაებრაელებსაც აირჩევდა. პავლემ ამ საკითხთან დაკავშირებით იეჰოვას „განმგებლობა“ — ანუ ის, თუ როგორ უხელმძღვანელებდა თავისი განზრახვის შესრულებას — შემდეგნაირად ახსნა: „სხვა თაობებში ადამიანთა ძეებისთვის არ გამხდარა ცხადი ეს საიდუმლო, როგორც ახლა გაუმჟღავნდათ სულით მის წმინდა მოციქულებსა და წინასწარმეტყველებს, რომ უცხოტომელები თანამემკვიდრეები, ერთი სხეულის ნაწილები და დანაპირების მოზიარე უნდა იყვნენ ჩვენთან ერთად სასიხარულო ცნობის მეშვეობით ქრისტე იესოსთან ერთობაში“ (ეფესოელები 3:5, 6). წმინდა საიდუმლოს ეს ნაწილი გაუმჟღავნდათ „წმინდა მოციქულებს“. მსგავსად ამისა, წმინდა სულის დახმარების გარეშე ჩვენ ვერ გავიგებდით „ღვთის სიღრმეებს“ (1 კორინთელები 2:10; 4:1; კოლოსელები 1:26, 27).

      15, 16. რატომ აირჩია იეჰოვამ ადამიანები ქრისტეს თანამმართველებად?

      15 ბიბლიაში ნათქვამია, რომ ზეციერ სიონის მთაზე კრავთან ერთად დგას „ას ორმოცდაოთხი ათასი“, რომლებიც „დედამიწიდან ნაყიდნი“ არიან „როგორც პირველი ნაყოფი ღვთისა და კრავისთვის“, იესო ქრისტესთვის (გამოცხადება 14:1—4). იეჰოვამ მხოლოდშობილი ზეციერი ძე შეარჩია იმისათვის, რომ აღთქმული შთამომავლის ძირითადი ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ რატომ აირჩია მან ქრისტეს თანამმართველებად ადამიანები? მოციქული პავლე ხსნის, რომ ღმერთმა ისინი „მისი [ღვთის] განზრახვით“ „თავისი ნება-სურვილისამებრ“ აირჩია (რომაელები 8:17, 28—30; ეფესოელები 1:5, 11; 2 ტიმოთე 1:9).

      16 იეჰოვას მიზანია, განწმინდოს თავისი დიდებული და წმინდა სახელი და ყველასთვის აშკარა გახადოს, რომ აქვს უფლება, იყოს უზენაესი მმართველი. თავისი შეუდარებელი სიბრძნით „განმგებლობისას“, ანუ მოვლენათა განვითარების ხელმძღვანელობისას, იეჰოვამ საკუთარი ძე გამოგზავნა დედამიწაზე, სადაც ის ბოლომდე გამოიცადა. გარდა ამისა, იეჰოვას განზრახული ჰქონდა, თავისი ძის მესიანურ მთავრობაში ყოფილიყვნენ ის ადამიანებიც, რომლებიც სიკვდილამდე უერთგულებდნენ ღვთის უზენაეს მმართველობას (ეფესოელები 1:8—12; გამოცხადება 2:10, 11).

      17. რატომ არის ჩვენთვის სასიხარულო იმის ცოდნა, რომ ქრისტე და მისი თანამმართველები ერთ დროს ადამიანები იყვნენ?

      17 თავისი ძის დედამიწაზე გამოგზავნით და მესიანურ მთავრობაში იესოსთან ერთად მმართველობისთვის ადამიანების არჩევით იეჰოვამ ადამის შთამომავლების მიმართ დიდი სიყვარული გამოავლინა. როგორ შეიძლებოდა ამას სარგებლობა მოეტანა იეჰოვას სხვა ერთგული ადამიანებისთვისაც აბელიდან მოყოლებული? კაცობრიობის მიმართ იეჰოვას თავდაპირველი განზრახვის შესასრულებლად საჭირო იქნებოდა ცოდვისა და სიკვდილის მონებად დაბადებულ არასრულყოფილ ადამიანთა სულიერი და ფიზიკური გამოჯანსაღება და სრულყოფილებამდე მიყვანა (რომაელები 5:12). რა მანუგეშებელია ყველასთვის, ვისაც დედამიწაზე მარადიული ცხოვრების იმედი აქვს, იმის ცოდნა, რომ ღვთის სამეფოს მეფე მათ მიმართ სიყვარულსა და სიკეთეს გამოავლენს ისევე, როგორც ის ამ თვისებებს დედამიწაზე მსახურებისას თავისი მოწაფეების მიმართ ავლენდა! (მათე 11:28, 29; ებრაელები 2:17, 18; 4:15; 7:25, 26). და რა გამამხნევებელია, რომ ზეცაში ქრისტეს თანამმართველი მეფე-მღვდლები იქნებიან ის მორწმუნე ადამიანები, რომლებიც ერთ დროს თავად ებრძოდნენ სისუსტეებს და ისეთივე სირთულეებს ხვდებოდნენ, როგორიც ჩვენ გვაქვს (რომაელები 7:21—25).

      იეჰოვას განზრახვის შესრულებას ხელს ვერაფერი შეუშლის

      18, 19. რატომ არის პავლეს მიერ ეფესოელების 1:8—11-ში ჩაწერილი სიტყვები ახლა უფრო ნათელი ჩვენთვის და რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

      18 ახლა ჩვენ უკეთესად გვესმის პავლეს მიერ ცხებული ქრისტიანებისთვის მიწერილი იმ სიტყვების მნიშვნელობა, რომლებიც ეფესოელების 1:8—11-შია ჩაწერილი. პავლემ თქვა, რომ იეჰოვამ ცხებულებს ამცნო „თავისი ნების წმინდა საიდუმლო“, კერძოდ კი ის, რომ ისინი ქრისტესთან ერთად „მემკვიდრეებად“ არიან დანიშნულნი და „განწესებულნი იმისი განზრახვით, ვინც ყველაფერს თავისი ნებისამებრ ამოქმედებს“. ჩვენ გვესმის, რომ ეს შეესაბამება იეჰოვას საოცარ ხელმძღვანელობას, რომლის მიზანიც ღვთიური განზრახვის შესრულებაა. ეს ინფორმაცია აგრეთვე გვეხმარება, გავიგოთ, უფლის გახსენების საღამოზე დამსწრე ქრისტიანთაგან რატომ იღებს სიმბოლოებს მხოლოდ შეზღუდული რაოდენობა.

      19 მომდევნო სტატიიდან დავინახავთ, რას ნიშნავს ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო ზეციერი იმედის მქონე ქრისტიანთათვის. აგრეთვე გავიგებთ, რატომ უნდა იყვნენ დედამიწაზე ცხოვრების იმედის მქონე მილიონები დაინტერესებულნი იმით, თუ რას ასიმბოლოებს გახსენების საღამო.

  • ყველაფრისთვის თავის მოყრა, რაც ზეცაშია და რაც დედამიწაზეა
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 15 თებერვალი
    • ყველაფრისთვის თავის მოყრა, რაც ზეცაშია და რაც დედამიწაზეა

      „მოსაწონია მისთვის. . . ქრისტეში კვლავ მოუყაროს თავი ყველაფერს, რაც ზეცაშია და რაც დედამიწაზეა“ (ეფესოელები 1:9, 10).

      1. რა არის „მოსაწონი“ იეჰოვასთვის ზეცასა და დედამიწასთან დაკავშირებით?

      მშვიდობა მთელ სამყაროში! ეს არის იეჰოვას, „მშვიდობის ღმერთის“, დიდებული მიზანი (ებრაელები 13:20). ღვთის შთაგონებით მოციქულმა პავლემ დაწერა, რომ ღვთისთვის „მოსაწონია“ „ქრისტეში კვლავ მოუყაროს თავი ყველაფერს, რაც ზეცაშია და რაც დედამიწაზეა“ (ეფესოელები 1:9, 10). რაზე მიუთითებს ამ მუხლში ბერძნული ზმნა, რომელიც ნათარგმნია როგორც „კვლავ მოუყაროს თავი“? ბიბლეისტი ჯ. ბ. ლაიტფუტი აღნიშნავს: „ის მიუთითებს ჰარმონიაზე მთელ სამყაროში, რომელშიც აღარ იქნება უცხო და შეუთავსებადი ელემენტები, და სადაც ყველაფერი თავმოყრილი და გაერთიანებული იქნება ქრისტეში. ცოდვა, სიკვდილი, მწუხარება, წარუმატებლობა და ტანჯვა-წამება აღარ იარსებებს“.

      „რაც ზეცაშია“

      2. ვინ შედის ‘ყველაფერში, რაც ზეცაშია’, და ვინც თავი უნდა მოიყაროს?

      2 მოციქულმა პეტრემ ამგვარად შეაჯამა ჭეშმარიტ ქრისტიანთა დიდებული იმედი: „ჩვენ კი, მისი დაპირებისამებრ, ველით ახალ ცასა და ახალ დედამიწას, რომლებზეც დამკვიდრებული იქნება სიმართლე“ (2 პეტრე 3:13). დაპირებული „ახალი ცა“ მიუთითებს ახალ მთავრობაზე, მესიანურ სამეფოზე. ‘ყველაფერმა, რაც ზეცაშია’ — როგორც პავლემ მოიხსენია ეფესოელებისთვის მიწერილ წერილში — თავი უნდა მოიყაროს „ქრისტეში“. აქ საუბარია ქრისტესთან ზეცაში თანამმართველებად არჩეულ ადამიანებზე, რომელთა რიცხვიც განსაზღვრულია (1 პეტრე 1:3, 4). ეს სულით ცხებული 144 000 ქრისტიანი არის „დედამიწიდან ნაყიდი“, „ადამიანთაგან. . . ნაყიდი“ იმისათვის, რომ ზეციერ სამეფოში ქრისტეს თანამემკვიდრეები იყვნენ (გამოცხადება 5:9, 10; 14:3, 4; 2 კორინთელები 1:21; ეფესოელები 1:11; 3:6).

      3. რატომ შეიძლება ითქვას, რომ დედამიწაზე ყოფნის დროსაც კი ცხებულები ‘ბეჭედდასმულნი არიან ზეციერ ადგილებზე’?

      3 ცხებული ქრისტიანები ხელახლა იბადებიან წმინდა სულით და იეჰოვას სულიერი ძეები ხდებიან (იოანე 1:12, 13; 3:5—7). ვინაიდან მათ იეჰოვა „შვილებად“ იღებს, ისინი იესოს ძმები ხდებიან (რომაელები 8:15; ეფესოელები 1:5). ფაქტობრივად, დედამიწაზე ყოფნის დროსაც კი ისინი, ასე ვთქვათ, ‘აღდგენილნი არიან და ზეციურ ადგილებზე სხედან ქრისტე იესოსთან ერთობაში’ (ეფესოელები 1:3; 2:6). მათ ეს განსაკუთრებული სულიერი მდგომარეობა უჭირავთ, ვინაიდან ისინი ‘ბეჭედდასმულნი არიან წმინდა სულით, რაც საწინდარია მათი მემკვიდრეობისა’, რომელიც ზეცაში ელოდებათ (ეფესოელები 1:13, 14; კოლოსელები 1:5). ამგვარად, ისინი შეადგენენ ‘ყოველივეს, რაც ზეცაშია’, რომელთა რაოდენობაც იეჰოვას მიერ არის წინასწარ განსაზღვრული და რომლებმაც თავი უნდა მოიყარონ.

      იწყება თავის მოყრა

      4. როდის და როგორ დაიწყო იმისთვის თავის მოყრა, „რაც ზეცაშია“?

      4 იეჰოვას „განმგებლობის“ ანუ მის მიერ ხელმძღვანელობის გაწევის შესაბამისად იმის თავმოყრა, „რაც ზეცაშია“, ‘დანიშნული დროების გასრულებისას’ უნდა დაწყებულიყო (ეფესოელები 1:10). ეს დრო ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე დადგა. იმ დღეს წმინდა სული გადმოვიდა მოციქულებზე და, აგრეთვე, მოწაფეთა ჯგუფზე, რომელშიც კაცებიც შედიოდნენ და ქალებიც (საქმეები 1:13—15; 2:1—4). ამით ცხადი გახდა, რომ ახალი შეთანხმება ძალაში შევიდა და დაიბადა ქრისტიანული კრება და ახალი ერი — სულიერი ისრაელი, „ღვთის ისრაელი“ (გალატელები 6:16; ებრაელები 9:15; 12:23, 24).

      5. რატომ შექმნა იეჰოვამ ხორციელი ისრაელის შემცვლელად ახალი „ერი“?

      5 ხორციელ ისრაელთან კანონის საფუძველზე დადებული შეთანხმების შედეგად არ წარმოშობილა „მღვდელთა სამეფო და წმიდა ერი“, რომელიც მარადიულად იმსახურებდა ზეცაში (გამოსვლა 19:5, 6). იესომ იუდეველ რელიგიურ წინამძღოლებს უთხრა: „წაგერთმევათ ღვთის სამეფო და მიეცემა ერს, რომელიც მის ნაყოფს გამოიღებს“ (მათე 21:43). ეს ერი, სულიერი ისრაელი, იმ ცხებული ქრისტიანებისგან შედგება, რომლებთანაც ახალი შეთანხმება დაიდო. მათ შესახებ მოციქულმა პეტრემ დაწერა: «„რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმინდა ერი, ღვთისთვის გამორჩეული საკუთრება, რომ ყველგან აუწყოთ მისი აღმატებულობის შესახებ“, ვინც სიბნელიდან თავის საოცარ სინათლეში გამოგიხმოთ. ოდესღაც ხალხი არ იყავით, ახლა კი ღვთის ხალხი ხართ» (1 პეტრე 2:9, 10). ხორციელ ისრაელთან იეჰოვას უკვე აღარ ჰქონდა შეთანხმება დადებული (ებრაელები 8:7—13). იესოს წინასწარმეტყველების თანახმად, უპირატესობა, ყოფილიყვნენ მესიანური სამეფოს ნაწილი, წაერთვა მათ და 144 000 წევრისგან შემდგარ სულიერ ისრაელს მიეცა (გამოცხადება 7:4—8).

      შეთანხმება სამეფოზე

      6, 7. რა განსაკუთრებული შეთანხმება დადო იესომ სულით ცხებულ ძმებთან და რას ნიშნავს ეს მათთვის?

      6 მას შემდეგ, რაც იესომ თავისი სიკვდილის გახსენების საღამო დააფუძნა, ერთგულ მოციქულებს უთხრა: „თქვენ ჩემთან ერთად დარჩით განსაცდელში და შეთანხმებას გიდებთ, როგორც მე დამიდო მამაჩემმა შეთანხმება სამეფოსთვის, რათა ჭამოთ და სვათ ჩემს სუფრაზე ჩემს სამეფოში და ტახტებზე დასხდეთ ისრაელის თორმეტი ტომის გასასამართლებლად“ (ლუკა 22:28—30). იესო აქ მიუთითებდა განსაკუთრებულ შეთანხმებაზე, რომელიც მან 144 000 სულით ცხებულ ძმასთან დადო; ეს ძმები „სიკვდილამდე ერთგული“ დარჩებოდნენ და ‘გაიმარჯვებდნენ’ (გამოცხადება 2:10; 3:21).

      7 კონკრეტული რაოდენობის ადამიანებისგან შემდგარი ამ ჯგუფის წევრები თმობენ დედამიწაზე მარადიულ ცხოვრებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პერსპექტივას. ისინი ქრისტესთან ერთად ზეცაში იმეფებენ და ისხდებიან ტახტებზე, საიდანაც კაცობრიობას გაასამართლებენ (გამოცხადება 20:4, 6). ახლა მოდი განვიხილოთ ის ბიბლიური ადგილები, რომლებიც მხოლოდ ცხებულებს ეხება და ცხადყოფს, თუ რატომ არ უნდა მიიღონ „სხვა ცხვრებმა“ სიმბოლოები გახსენების საღამოზე (იოანე 10:16).

      8. რაზე მიუთითებენ ცხებულები პურის მიღებით? (იხილეთ ჩარჩო 23-ე გვერდზე).

      8 ცხებულები იზიარებენ ქრისტეს ტანჯვას და მზად არიან, მასავით მოკვდნენ. პავლემ, როგორც ამ ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, აღნიშნა, რომ მზად იყო ნებისმიერი მსხვერპლის გასაღებად, ‘რათა შეეძინა ქრისტე, რათა სცნობოდა ის და მისი აღდგომის ძალა და მოზიარეობა ჰქონოდა მის ტანჯვებში’. დიახ, პავლე მზად იყო „მისი სიკვდილის მსგავსი სიკვდილით“ მომკვდარიყო (ფილიპელები 3:8, 10). მრავალმა ცხებულმა ქრისტიანმა გადაიტანა ხორციელ სხეულში „იესოს სასიკვდილო ტანჯვა“ (2 კორინთელები 4:10).

      9. რომელი სხეულია წარმოდგენილი გახსენების საღამოზე პურით?

      9 უფლის საღამოს დაფუძნებისას იესომ თქვა: „ეს ჩემს სხეულს ნიშნავს“ (მარკოზი 14:22). ის მიუთითებდა თავის ხორციელ სხეულზე, რომელსაც მალე სცემდნენ და სისხლს ადენდნენ. უფუარი პური მისი სხეულის მართებული სიმბოლო იყო. რატომ? ბიბლიაში საფუარი ცოდვისა და ბოროტების აღსანიშნავად გამოიყენება (მათე 16:4, 11, 12; 1 კორინთელები 5:6—8). იესოს, როგორც სრულყოფილი ადამიანის, ხორციელი სხეული უცოდველი იყო. მან ეს სხეული შერიგების მსხვერპლად გაიღო (ებრაელები 7:26; 1 იოანე 2:2). ამ მსხვერპლიდან სარგებლობის მიღება შეეძლებოდა ყველა ერთგულ ქრისტიანს, ექნებოდა მას ზეცაში წასვლის თუ დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად ცხოვრების იმედი (იოანე 6:51).

      10. როგორ არიან ‘ქრისტეს სისხლის მოზიარენი’ ის ადამიანები, რომლებიც გახსენების საღამოზე ღვინოს იღებენ?

      10 ღვინოსთან დაკავშირებით, რომელსაც ცხებული ქრისტიანები გახსენების საღამოზე იღებენ, პავლე წერდა: „განა კურთხევის სასმისი, რომელსაც ვაკურთხებთ, იმას არ ნიშნავს, რომ ქრისტეს სისხლს ვეზიარებით?“ (1 კორინთელები 10:16). როგორ ‘ეზიარებიან ქრისტეს სისხლს’ ის ადამიანები, რომლებიც გახსენების საღამოზე ღვინოს იღებენ? ისინი, რა თქმა უნდა, მონაწილეობას არ იღებენ გამომსყიდველური მსხვერპლის გაღებაში, რადგან მათ თავად სჭირდებათ გამოსყიდვა. ამ ადამიანებს სწამთ იესოს მიერ დაღვრილი სისხლის გამომსყიდველური ძალის, რის გამოც მიეტევებათ ცოდვები და ზეცაში საცხოვრებლად არჩეულ მართლებად ცხადდებიან (რომაელები 5:8, 9; ტიტე 3:4—7). იესოს მიერ დაღვრილი სისხლის საშუალებით მისი 144 000 თანამმართველი „განიწმინდა“, გამოიყო და გასუფთავდა ცოდვისაგან, რათა ‘წმინდები’ იყვნენ (ებრაელები 10:29; დანიელი 7:18, 27; ეფესოელები 2:19). მართლაც, ქრისტეს მიერ დაღვრილი სისხლით ხდება ადამიანების ‘ყიდვა’ „ღვთისთვის ყოველი ტომიდან, ენიდან, ხალხიდან და ერიდან. . . ღვთის სამეფოდ და მღვდლებად“, რათა ისინი „დედამიწის მმართველები“ იყვნენ (გამოცხადება 5:9, 10).

      11. რას ცხადყოფენ ცხებულები უფლის საღამოზე ღვინის მიღებით?

      11 თავისი სიკვდილის გახსენების საღამოს დაფუძნებისას იესომ სასმისით ღვინო გადასცა ერთგულ მოციქულებს და უთხრა: «ყველამ შესვით, რადგან ეს ჩემს სისხლს ნიშნავს, „შეთანხმების სისხლს“, რომელიც მრავალთათვის უნდა დაიღვაროს ცოდვების მისატევებლად» (მათე 26:27, 28). როგორც მოზვერთა და ვაცთა სისხლით შევიდა ძალაში ღმერთსა და ისრაელებს შორის კანონის საფუძველზე დადებული შეთანხმება, ისე იესოს სისხლით ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან ამოქმედდა იეჰოვას მიერ სულიერ ისრაელთან დადებული ახალი შეთანხმება (გამოსვლა 24:5—8; ლუკა 22:20; ებრაელები 9:14, 15). ღვინის დალევით, რომელიც „შეთანხმების სისხლის“ სიმბოლოა, ცხებულები ცხადყოფენ, რომ ახალი შეთანხმების ერთ-ერთი მხარის წარმომადგენლები არიან და მისგან სარგებლობას იღებენ.

      12. რა გაგებით არიან ცხებულები მონათლულნი ქრისტეს სიკვდილში?

      12 ცხებულებს ეს კიდევ ერთ რამეს შეახსენებს. იესომ თავის ერთგულ მოწაფეებს უთხრა: „იმ სასმისს, რომელსაც მე ვსვამ, თქვენც შესვამთ და იმ ნათლობით, რომლითაც მე ვინათლები, თქვენც მოინათლებით“ (მარკოზი 10:38, 39). მოგვიანებით მოციქული პავლე ქრისტიანებზე ლაპარაკობდა როგორც ‘ქრისტეს სიკვდილში მონათლულებზე’ (რომაელები 6:3). ცხებულები მსხვერპლად იღებენ საკუთარ ცხოვრებას. მათი სიკვდილი მსხვერპლია იმ გაგებით, რომ ისინი თმობენ დედამიწაზე მარადიულ ცხოვრებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პერსპექტივას. ქრისტეს სიკვდილში ამ ცხებულ ქრისტიანთა მონათვლა მაშინ მთავრდება, როდესაც ერთგულ ქრისტიანად სიკვდილის შემდეგ სულიერ ქმნილებებად მკვდრეთით აღდგებიან, რათა ზეცაში ‘ქრისტესთან ერთად იმეფონ’ (2 ტიმოთე 2:10—12; რომაელები 6:5; 1 კორინთელები 15:42—44, 50).

      სიმბოლოების მიღება

      13. რატომ არ იღებენ სიმბოლოებს დედამიწაზე ცხოვრების იმედის მქონე ქრისტიანები, მაგრამ რატომ ესწრებიან ისინი გახსენების საღამოს?

      13 რადგან გახსენების საღამოზე პურისა და ღვინის მიღება ყოველივე ზემოხსენებულს ნიშნავს, აშკარად უმართებულო იქნებოდა, თუ დედამიწაზე ცხოვრების იმედის მქონე ქრისტიანი მიიღებდა მათ. დედამიწაზე ცხოვრების იმედის მქონე ქრისტიანებს ესმით, რომ ქრისტეს სხეულის ცხებული წევრები არ არიან და, იესო ქრისტესთან ერთად მეფობისთვის არჩეულთაგან განსხვავებით, იეჰოვას მათთან ახალი შეთანხმება არ დაუდვია. ვინაიდან „სასმისით“ ახალი შეთანხმებაა წარმოდგენილი, მხოლოდ ამ შეთანხმებაში მონაწილეებს შეუძლიათ სიმბოლოების მიღება. ისინი, რომლებიც ღვთის სამეფოს ქვეშევრდომობით სრულყოფილ ადამიანად მარადიულ ცხოვრებას მოელიან დედამიწაზე, არც იესოს სიკვდილში მონათლულან და არც ზეცაში მმართველობისთვის არიან მოწოდებულნი. სიმბოლოების მიღებით ისინი იმას აჩვენებდნენ, რაც სინამდვილე არ იქნებოდა. ამგვარად, ეს ქრისტიანები არ იღებენ სიმბოლოებს, თუმცა გახსენების საღამოს ესწრებიან როგორც ღირსეული დამკვირვებლები. ისინი მადლიერნი არიან ყველაფრისთვის, რაც იეჰოვამ მათთვის თავისი ძის მეშვეობით გააკეთა; ამაში შედის ქრისტეს მიერ დაღვრილი სისხლის საფუძველზე ცოდვების მიტევებაც.

      14. პურისა და ღვინის მიღებით როგორ მტკიცდებიან ცხებულები სულიერად?

      14 შედარებით მცირერიცხოვან ქრისტიანთა საბოლოო დაბეჭდვა, რომლებმაც ქრისტესთან ერთად ზეცაში უნდა იმეფონ, დასასრულს უახლოვდება. მსხვერპლად გაღებული მიწიერი ცხოვრების დასრულებამდე გახსენების საღამოზე სიმბოლოების მიღებით ცხებულები სულიერად მტკიცდებიან. როგორც ქრისტეს სხეულის წევრები, ისინი თავიანთ ცხებულ ძმებსა და დებთან ერთიანობას გრძნობენ. სიმბოლური მნიშვნელობის მქონე პურისა და ღვინის მიღება მათ შეახსენებს თავიანთ პასუხისმგებლობას, სიკვდილამდე ერთგულნი დარჩნენ (2 პეტრე 1:10, 11).

      თავის მოყრა ყველაფრისთვის, „რაც დედამიწაზეა“

      15. ვინ იყრის თავს ცხებული ქრისტიანების გვერდით?

      15 მეოცე საუკუნის 30-იანი წლებიდან ცხებულებს მხარში უდგება უფრო და უფრო მეტი „სხვა ცხვარი“, რომლებიც „მცირე სამწყსოდან“ არ არიან და დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების იმედი აქვთ (იოანე 10:16; ლუკა 12:32; ზაქარია 8:23). ისინი ქრისტეს ძმების ერთგული თანამსახურები გახდნენ და მათ ყველა ერისთვის ‘სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებაში’ დიდ დახმარებას უწევენ (მათე 24:14; 25:40). ამგვარად მოქმედებით ისინი საკუთარ თავს იმის შესაძლებლობას აძლევენ, რომ ქრისტემ თავის ‘ცხვრებად’ მიიჩნიოს და ერების გასამართლების დროს ‘მარჯვნივ დაიყენოს’ ანუ კარგი განაჩენი გამოუტანოს (მათე 25:33—36, 46). ვინაიდან ქრისტეს მიერ დაღვრილი სისხლისადმი რწმენას ავლენენ, მათგან შეიქმნება „უამრავი ხალხი“, რომლებიც „დიდ გასაჭირს“ გადაიტანენ (გამოცხადება 7:9—14).

      16. ვინ შევა იმათ რიცხვში, „რაც დედამიწაზეა“ და როგორ მიეცემა მათ ‘ღვთის შვილებად’ გახდომის შესაძლებლობა?

      16 ას ორმოცდაოთხი ათასის საბოლოო დაბეჭდვა გზას გაუხსნის დედამიწაზე არსებული სატანის ბოროტი სისტემის გამანადგურებელ „ქარს“ (გამოცხადება 7:1—4). ქრისტესა და მისი თანამმართველი მეფე-მღვდლების ათასწლიანი მმართველობის დროს უამრავ ხალხს უთვალავი მკვდრეთით აღდგენილი შეუერთდება (გამოცხადება 20:12, 13). მათ მიეცემათ შესაძლებლობა, მარადიულად იყვნენ ქრისტე იესოს მესიანური სამეფოს დედამიწაზე მცხოვრები ქვეშევრდომები. ათასწლიანი მმართველობის ბოლოს ყოველივე, „რაც დედამიწაზეა“, საბოლოოდ გამოიცდება. ისინი, რომლებიც ერთგულებას შეინარჩუნებენ, დედამიწაზე მცხოვრებ „ღვთის შვილებად“ იქნებიან მიღებულნი (ეფესოელები 1:10; რომაელები 8:21; გამოცხადება 20:7, 8).

      17. როგორ შესრულდება იეჰოვას განზრახვა?

      17 ამგვარად, უაღრესად გონივრული „განმგებლობის“ ანუ ხელმძღვანელობის საშუალებით იეჰოვა შეასრულებს თავის განზრახვას, „ქრისტეში კვლავ მოუყაროს თავი ყველაფერს, რაც ზეცაშია და რაც დედამიწაზეა“. ყველა გონიერი ქმნილება, ზეცაში თუ დედამიწაზე, გაერთიანებული იქნება მთელ სამყაროში არსებული მშვიდობით და სიხარულით დაემორჩილება განზრახვების დიდებული ღმერთის, იეჰოვას, სამართლიან უზენაეს მმართველობას.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება