-
რისთვის ვარსებობთ?გამოიღვიძეთ! — 2008 | დეკემბერი
-
-
რისთვის ვარსებობთ?
რა არის სიცოცხლის აზრი?
ამ კითხვებს ბევრი კიდევ ერთ კითხვას დაუმატებდა: ნუთუ სულ რაღაც 70-80 წელი უნდა ვიცოცხლოთ და მერე მოვკვდეთ? (ფსალმუნი 90:9, 10)
ასეთი შეკითხვები ყველაზე ხშირად მაშინ გვიჩნდება, როცა ვაცნობიერებთ, რამდენად ხანმოკლეა ჩვენი სიცოცხლე. რასაკვირველია, აუცილებელი არ არის, ჩვენს ცხოვრებაში საშინელი ტრაგედია დატრიალდეს, რომ დავფიქრდეთ იმაზე, თუ რატომ ვარსებობთ. ზოგს შეიძლება მაშინ დაებადოს ეს შეკითხვა, როდესაც იმედგაცრუებული დარჩება, ზოგს კი მაშინ, როდესაც განვლილ ცხოვრებას გაიხსენებს.
დეივს მაღალანაზღაურებადი სამუშაო და კეთილმოწყობილი ბინა ჰქონდა. იგი თავის მეგობრებთან ერთად ხშირად ატარებდა დროს. ის იხსენებს: «ერთხელ, როდესაც ღამით წვეულებიდან სახლში ვბრუნდებოდი, უცბად ასეთი შეკითხვა გამიჩნდა: „ნუთუ სულ ეს არის ჩემი ცხოვრება? მხოლოდ მცირე ხანს უნდა ვიცხოვრო და მერე მოვკვდე? ნეტავ ამაზე მეტი არაფერი არსებობს?“ ეს კითხვები იმიტომ გამიჩნდა, რომ შინაგან სიცარიელეს ვგრძნობდი».
თავის წიგნში „სიცოცხლის აზრის ძიება“ ვიქტორ ფრანკლი წერს, რომ რამდენიმე ადამიანმა, რომლებიც მასთან ერთად გადაურჩნენ ჰოლოკოსტს, საკონცენტრაციო ბანაკებიდან გათავისუფლების შემდეგ მსგავს კითხვებზე პასუხების ძიება დაიწყეს. სამწუხაროდ ზოგიერთ მათგანს, სახლში რომ დაბრუნდნენ, ახლობლები დაღუპულები დახვდათ. ფრანკლი წერს: „საცოდავია ის ადამიანი, რომელსაც ნანატრი დღე დაუდგება, მაგრამ ცოტა ხანში საშინელი იმედგაცრუება დაეუფლება!“
ვინ ინტერესდება სიცოცხლის აზრით?
კითხვა, თუ რისთვის ვარსებობთ, ყველა თაობის ადამიანს ებადება. ბიბლიაშიც არიან მოხსენიებული ის ადამიანები, ვისაც სიცოცხლის აზრის გაგება სურდა. ერთ-ერთი მათგანი იყო იობი. მას შემდეგ, რაც დაკარგა სიმდიდრე, შვილები და საშინელი დაავადებაც შეეყარა, იობმა ასეთი კითხვა დასვა: „რატომ საშვილოსნოშივე არ მოვკვდი? რატომ მუცლიდან გამოსვლისთანავე არ გავთავდი?“ (იობი 3:11)
წინასწარმეტყველ ელიასაც ეუფლებოდა მტანჯველი გრძნობები. მას ეგონა, რომ იმ დროს მხოლოდ ის იყო ღვთის თაყვანისმცემელი, რის გამოც საშინელ მარტოობას გრძნობდა. ელიამ ღმერთს შეჰღაღადა: „აღარ შემიძლია! წაიღე ჩემი სული, იეჰოვა“ (1 მეფეები 19:4). ასეთი განცდა, ალბათ, არავისთვის არის უცხო. როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, „ელიაც ჩვენნაირი გრძნობების მქონე კაცი იყო“ (იაკობი 5:17).
სწორი გეზით სვლა
ცხოვრება მგზავრობას ჰგავს. კაცი, რომელიც ისე დაადგება შორ გზას, რომ წინასწარ არ განსაზღვრავს დანიშნულების ადგილს, დაემსგავსება იმ ადამიანს, რომელმაც არ იცის, რა არის ცხოვრების ნამდვილი მიზანი. ასეთი ადამიანი, როგორც ერთი მწერალი წერს, აჩქარებული ცხოვრების ტყვე ხდება. იგი წერდა მათ შესახებ, ვის ცხოვრებასაც მოპოვებულმა გამარჯვებებმა აზრი ვერ შესძინა, ვინც წარმატებებს მიაღწია, თუმცა იმის ხარჯზე, რაც მათთვის ბევრად ძვირფასი იყო.
ალბათ დაგვეთანხმებით, რომ, თუ სწორი მიმართულებით არ მივდივართ, სიჩქარის მომატებას აზრი არა აქვს. შესაბამისად, თუ სიცოცხლის აზრს მხოლოდ იმაში ვხედავთ, რომ აჩქარებული ცხოვრების რიტმს ფეხი ავუწყოთ, სიცარიელეს ვიგრძნობთ და არა ნამდვილ კმაყოფილებას.
კულტურისა თუ ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, ყველას აინტერესებს პასუხი კითხვაზე, რატომ ვარსებობთ. ეს კითხვა იმიტომ გვებადება, რომ თითოეულ ჩვენგანს აქვს სულიერი მოთხოვნილება, რასაც უზრუნველყოფილი ცხოვრება ვერ დაგვიკმაყოფილებს. ახლა ვნახოთ, როგორ ცდილობდა ზოგიერთი სიცოცხლის აზრის პოვნას.
[ჩანართი 4 გვერდზე]
თუ სიცოცხლის აზრს მხოლოდ იმაში ვხედავთ, რომ აჩქარებული ცხოვრების რიტმს ფეხი ავუწყოთ, სიცარიელეს ვიგრძნობთ და არა ნამდვილ კმაყოფილებას
[სურათი 3 გვერდზე]
იობს აინტერესებდა, რატომ დაიბადა
[სურათი 4 გვერდზე]
ელიას „ჩვენნაირი გრძნობები“ ჰქონდა
-
-
სად ვეძებოთ პასუხები?გამოიღვიძეთ! — 2008 | დეკემბერი
-
-
სად ვეძებოთ პასუხები?
რელიგიის ერთ-ერთი მიზანი ის არის, რომ სიცოცხლის აზრი დაგვანახვოს. თუმცა ადამიანთა უმეტესობა ხვდება, რომ მათი რელიგია ვერ აკმაყოფილებს მათ სულიერ მოთხოვნილებებს. დენიზი, რომელიც კათოლიკურ ოჯახში აღიზარდა, იხსენებს: «ბალტიმორის კატეხიზმოში დასმულია შეკითხვა, თუ რატომ შეგვქმნა ღმერთმა, რომელსაც ასეთი პასუხი ეცემა: „ღმერთმა იმიტომ შეგვქმნა, რომ ჩვენთვის თავისი სიკეთე დაენახვებინა და ზეცაში თავისი მარადიულ ბედნიერებისთვის ჩვენც ვეზიარებინეთ“».
„ჩემთვის ეს ნამდვილად არ იყო საფუძვლიანი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვარსებობ, — დასძენს დენიზი. — თუ ზეცაში უნდა წავიდე, აქ რისთვისღა ვარ?“ ეს კითხვა მხოლოდ დენიზს არ გასჩენია. ერთი გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა ორი მესამედი იმ აზრისაა, რომ ეკლესიებისა თუ სინაგოგების უმეტესობა ხალხს სიცოცხლის აზრს ვერ ანახვებს.
ამის გამო ბევრი სხვაგან იწყებს პასუხების ძიებას. ზოგი მეცნიერებას მიმართავს, ზოგიც — სხვადასხვა ფილოსოფიურ მიმართულებას, როგორიცაა მაგალითად, ჰუმანიზმი, ნიჰილიზმი, ეგზისტენციალიზმი და ასე შემდეგ. კი მაგრამ, რატომ განაგრძობენ ძიებას, თუ თითქმის ვერავინ პოულობს დამაკმაყოფილებელ პასუხებს?
თანდაყოლილი სულიერი მოთხოვნილება
ფსიქოლოგის, პროფესორ კევინ სიბოულდის აზრით, როგორც ჩანს, ყველა ადამიანს გააჩნია მიდრეკილება, რომ ვიღაცას სცეს თაყვანი. გასულ წლებში მეცნიერთა გარკვეული ჯგუფი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ადამიანებს აქვთ სიცოცხლის აზრის ძიების თანდაყოლილი მიდრეკილება. ადამიანის გენეტიკასა და ფიზიოლოგიაზე დაკვირვებით ზოგი მეცნიერი აღნიშნავს, რომ ადამიანს ზებუნებრივ ძალასთან გარკვეული ურთიერთობის თანდაყოლილი მოთხოვნილება აქვს.
მართალია, მეცნიერებს შორის დავაა იმის თაობაზე, არის თუ არა ადამიანში ჩადებული სულიერი მოთხოვნილება, მაგრამ უმეტესობას ამაში დასარწმუნებლად არ გვჭირდება მეცნიერული მტკიცებები. სწორედ სულიერი მოთხოვნილებით არის განპირობებული ის, რომ გვებადება უმნიშვნელოვანესი კითხვები: რატომ ვარსებობთ? რისთვის ვცხოვრობთ? ვართ თუ არა ანგარიშვალდებულნი ყოვლისშემძლე შემოქმედის წინაშე?
თუ ყურადღებით დავაკვირდებით სამყაროს, ნაწილობრივ ვიპოვით პასუხებს ამ კითხვებზე. ავიღოთ თუნდაც ერთუჯრედიანი ორგანიზმები ანდა გალაქტიკების გროვები, რომლებიც ჩვენგან მილიონობით სინათლის წლითაა დაშორებული. ნუთუ ეს ყოველივე არ მიუთითებს იმაზე, რომ არსებობს ბრძენი შემოქმედი? ბიბლიაში ნათქვამია: „[ღვთის] უხილავი თვისებები — მარადიული ძლიერება და ღვთაებრიობა — ნათლად ჩანს ქვეყნიერების შექმნიდან, რადგან ყოველივე ეს შექმნილის მეშვეობით შეიცნობა, ასე რომ, მათ გამართლება არა აქვთ“ (რომაელები 1:20).
როგორ დავიკმაყოფილოთ სულიერი მოთხოვნილებები?
ღმერთმა ადამიანები რომ შექმნა, როგორც ბიბლიაში წერია, „მარადიულობა . . . ჩადო მათ გულებში“ (ეკლესიასტე 3:11). ჩვენ გვინდა, რომ ვიცოცხლოთ და არა პირიქით, მოვკვდეთ. ჩვენ გვაქვს შინაგანი მოთხოვნილება, რომ ვიცოდეთ, რა არის სიცოცხლის აზრი და მივიღოთ პასუხები მნიშვნელოვან კითხვებზე.
ადამიანის ბუნებისთვის ეს დამახასიათებელია. გაზეთ „უოლ-სტრიტ ჯორნელის“ რედაქტორმა მეცნიერული და ტექნიკური მიღწევების მოხსენიების შემდეგ აღნიშნა: „მიუხედავად ამისა, მაინც უპასუხოდ რჩება კითხვები, თუ ვინ ვართ, რატომ ვარსებობთ და საით მივდივართ“. გონივრული იქნება, თუ ამ კითხვებზე პასუხებს ბრძენი შემოქმედისგან, ღვთისგან მივიღებთ. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ „თვითონ კი არ შეგვიქმნია ჩვენი თავი, მან [ღმერთმა] შეგვქმნა“ (ფსალმუნი 100:3).
სულიერ მოთხოვნილებებს მხოლოდ ის თუ დაგვიკმაყოფილებს, ვინც ეს საოცარი სამყარო შექმნა. სწორედ ამისკენ მოგვიწოდა იესო ქრისტემ. მას ესმოდა, რომ მხოლოდ „სიცოცხლის წყაროს“ — ჩვენს შემოქმედს — შეუძლია ჩვენი სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება (ფსალმუნი 36:5, 9; მათე 5:3, 6).
ამისათვის აუცილებელია, მივიღოთ სწორი პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ვარსებობთ. ვნახოთ, რას გვეუბნება შემოქმედი, თავისი სიტყვის, ბიბლიის ფურცლებიდან.
-
-
რატომ ვარსებობთ?გამოიღვიძეთ! — 2008 | დეკემბერი
-
-
რატომ ვარსებობთ?
ბიბლიიდან ჩანს, რომ ჩვენი შემოქმედი, იეჰოვა ღმერთი, უმიზნოდ არასოდეს მოქმედებს. ავიღოთ, მაგალითად, წყლის წრებრუნვა, რომლის გარეშეც დედამიწაზე სიცოცხლე არ იარსებებდა. ბიბლიაში ეს პროცესი პოეტური ენითაა აღწერილი, თუმცა არ არის მეცნიერულ სიზუსტეს მოკლებული: „ყველა მდინარე ზღვებისაკენ მიედინება, ზღვა კი მაინც არ აღივსება; მდინარენი საითკენაც მიედინებოდნენ, კვლავაც იქითკენ მიედინებიან“ (ეკლესიასტე 1:7, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).
ბიბლიაში ღვთის დაპირებები სწორედ წყლის წრებრუნვასთან არის შედარებული. როგორც ცნობილია, ოკეანეებიდან, ზღვებიდან, ტბებიდან და მდინარეებიდან წყალი ორთქლდება მზის ენერგიით და შემდეგ ნალექების სახით კვლავ უბრუნდება დედამიწას. როდესაც თავისი დაპირებების უტყუარობას უსვამდა ხაზს, იეჰოვამ ჯერ ეს პროცესი მოიხსენია და შემდეგ ასეთი სიტყვები თქვა: „ასევე იქნება ჩემი პირიდან გამოსული სიტყვაც. უშედეგოდ არ დამიბრუნდება, შეასრულებს იმას, რაც მსურს, და მიაღწევს იმას, რისთვისაც გავგზავნე“ (ესაია 55:10, 11).
ღრუბლებიდან ჩვენს პლანეტას სუფთა წყალი იმისათვის უბრუნდება, რომ დედამიწაზე სიცოცხლე არსებობდეს. შესაბამისად, ღვთის „პირიდან გამოსულ სიტყვასაც“ შეუძლია ჩვენი სულიერი სიცოცხლის შენარჩუნება. ეს იესო ქრისტემაც დაადასტურა: „კაცმა მხოლოდ პურით კი არ უნდა იცოცხლოს, არამედ იეჰოვას პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“ (მათე 4:4).
ღვთისგან სულიერი საზრდოს მიღება დაგვეხმარება, რომ მისი განზრახვის შესაბამისად ვიცხოვროთ. მაგრამ მანამდე ის უნდა გავიგოთ, რა განზრახვა აქვს ღმერთს. მაგალითად, რატომ შექმნა ღმერთმა დედამიწა? ჩვენ თუ გვეხება ღვთის განზრახვა?
რა განიზრახა ღმერთმა დედამიწისთვის?
ღმერთს ადამიანებისთვის ყველაფერი საუკეთესო უნდა, ამიტომაც დაასახლა პირველი ცოლ-ქმარი, ადამი და ევა ედემში, სამოთხის ბაღში. შემდეგ დავალება მისცა, რომ გამრავლებულიყვნენ: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა, დაეპატრონეთ მას და თქვენ გემორჩილებოდნენ ზღვის თევზები, ცის ფრინველები და ყველა ცოცხალი არსება დედამიწაზე“ (დაბადება 1:26—28; 2:8, 9, 15).
რაზე მიუთითებს ეს სიტყვები? განა იმაზე არა, რომ ღმერთს განზრახული ჰქონდა, რომ მთელი დედამიწა, რომელზეც ხალხი იცხოვრებდა, სამოთხედ ქცეულიყო? ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „იეჰოვასია ზეცა, დედამიწა კი ადამიანთა ძეებს მისცა“ (ფსალმუნი 115:16).
მაგრამ ადამიანი ღვთის განზრახვის შესრულების მოწმე რომ გახდეს, ანუ მარადიულად იცოცხლოს დედამიწაზე, საჭიროა დაემორჩილოს და პატივი მიაგოს იეჰოვას. ადამი ასე არ მოქცეულა. იგი ეურჩა ღმერთს და ცოდვა ჩაიდინა, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ ადამის შთამომავლობამ, ჩვენი ჩათვლით, მემკვიდრეობად ცოდვა და სიკვდილი მიიღო. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომაელები 5:12).
სწორედ ამიტომაა, რომ ყველა ადამიანი კვდება და დედამიწაც ჯერ არ ქცეულა სამოთხედ. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ღვთის განზრახვა შეიცვალა?
გავიხსენოთ ღვთის სიტყვები: „ჩემი პირიდან გამოსული სიტყვა . . . უშედეგოდ არ დამიბრუნდება, . . მიაღწევს იმას, რისთვისაც გავგზავნე“. ღმერთი აგრეთვე გვპირდება: „გავაკეთებ ყველაფერს, რაც მსურს“ (ესაია 45:18; 46:10; 55:11). ღვთის სურვილი სწორედ ის არის, რომ სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე ხალხი მას მარადიულად ემსახურებოდეს სიხარულით, როგორც ეს ღმერთმა თავდაპირველად განიზრახა (ფსალმუნი 37:29; ესაია 35:5, 6; 65:21—24; გამოცხადება 21:3, 4).
როგორ შესრულდება ღვთის განზრახვა?
იეჰოვამ შეუდარებელი სიბრძნე და სიყვარული გამოავლინა, როდესაც მსხვერპლი გაიღო იმისათვის, რომ ადამიანები ცოდვისგან, არასრულყოფილებისა და სიკვდილისგან დაეხსნა. მან შესაძლებელი გახადა, რომ ადამიანი დაბადებულიყო იმ ცოდვისგან თავისუფალი, რომელიც ადამისგან მემკვიდრეობით თითოეულმა ჩვენგანმა მიიღო. ეს იყო გამოსასყიდი, რომლის წყალობითაც შესაძლებელი იქნებოდა მარადიული სიცოცხლის მიღება (მათე 20:28; ეფესოელები 1:7; 1 ტიმოთე 2:5, 6). რა სახით იქნა გამოსასყიდი გაღებული?
იეჰოვას ანგელოზმა, გაბრიელმა, ქალწულ მარიამს აცნობა, რომ შობდა ვაჟს, მიუხედავად იმისა, რომ ‘კაცი არ გაჰკარებოდა’. ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძის, ძლევამოსილი სულიერი ქმნილების სიცოცხლე ზეციდან სასწაულებრივად გადაიტანა მარიამის საშვილოსნოში. მარიამი დაფეხმძიმდა (ლუკა 1:26—35).
ცხრა თვის შემდეგ ქვეყნიერებას მოევლინა ადამის მსგავსი სრულყოფილი ადამიანი. წლების შემდეგ მან თავისი სრულყოფილი სიცოცხლე მსხვერპლად გაიღო და ამგვარად „მეორე კაცად“ იქცა, რითაც შესაძლებელი გახდა, რომ ყველა, ვინც ღვთის ერთგული იქნებოდა, ცოდვისა და სიკვდილის ტყვეობისგან გათავისუფლებულიყო (1 კორინთელები 15:45, 47).
რასაკვირველია, ჩვენთვის სულერთი არ უნდა იყოს ის, რომ ღმერთმა ამხელა სიყვარული გამოავლინა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:16). ჩვენ რით ვპასუხობთ ღვთის სიყვარულს? განა არ უნდა გამოვხატოთ მადლიერება ასეთი ძვირფასი ძღვენისთვის? ახლა მოვიყვანოთ ორი შემთხვევა.
აზრიანი ცხოვრება
წინა სტატიაში ნახსენები დენიზის ცხოვრებამ აზრი მხოლოდ მას შემდეგ შეიძინა, რაც მან ღვთის კანონების დაცვა და მისი განდიდება დაიწყო. იგი ჰყვება: „ბიბლიიდან გავიგე, რომ თავდაპირველი განზრახვის გარდა დღეს ღმერთს თავისი თაყვანისმცემლებისთვის კონკრეტული საქმე აქვს. არ არსებობს იმაზე აზრიანი ცხოვრება, ვიდრე ის, რომ ღვთისგან ბოძებული ნების თავისუფლება იმისთვის გამოვიყენო, რომ მისი განზრახვის შესაბამისად ვიცხოვრო და განვადიდო იგი“.
არც ჩვენთვისაა შეუძლებელი, რომ ჩავწდეთ ღვთის ნებას და შევასრულოთ. მართალია, ჯერჯერობით ბოლომდე არ გვესმის, რამხელა სარგებლობას მოიტანს გამოსასყიდი, რომლის წყალობითაც ადამიანები გასრულყოფილდებიან სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში, მაგრამ იქამდე ჯერ ის სულიერი მოთხოვნილებები უნდა დავიკმაყოფილოთ, რომელიც ღმერთმა ჩვენში ჩადო.
პირველ სტატიაში ნახსენებმა დეივმაც დაიკმაყოფილა სულიერი მოთხოვნილება. მან იპოვა პასუხი კითხვაზე, თუ რა არის სიცოცხლის აზრი. ის ამბობს: „ვიდრე ღვთის განზრახვას გავიგებდი, მთელი ჩემი ცხოვრება აზრს მოკლებული იყო. მაშინ ამას ვერ ვხვდებოდი, თუმცა ის სიცარიელე, რომელსაც შინაგანად ვგრძნობდი, სინამდვილეში სულიერი მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობით იყო გამოწვეული. მას შემდეგ შინაგანი სიცარიელე არასოდეს მიგრძნია. ვიცი, რატომ ვარსებობ და ისიც ვიცი, რას უნდა ვაკეთებდე“.
არასრულყოფილ ადამიანს ჰგონია, რომ იცის, რა არის ბედნიერების გასაღები, მაგარამ ბედნიერნი მხოლოდ მაშინ ვიქნებით, თუ გავიზიარებთ ღვთის თვალსაზრისს სიცოცხლის აზრის შესახებ. ჩვენ იმიტომ ვარსებობთ, რომ მან კონკრეტული განზრახვით შეგვქმნა, რომ განგვედიდებინა მისი სახელი და კარგი ურთიერთობა გვქონოდა მასთან, რაც სულიერ მოთხოვნილებებს დაგვიკმაყოფილებდა. ჩვენ უნიკალური შესაძლებლობა გვაქვს იმისა, რომ როგორც დღეს, ისე მომავალში მარადიულად, საკუთარ თავზე გამოვცადოთ ღვთის შთაგონებით დაწერილი სიტყვების ჭეშმარიტება: „ბედნიერია ხალხი, რომლის ღმერთიც იეჰოვაა!“ (ფსალმუნი 144:15)
[ჩარჩო⁄სურათი 8 გვერდზე]
უბედურებათა მიზეზი
უბედურებები კიდევ ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ გვიჩნდება კითხვა, რისთვის ვარსებობთ. ვიქტორ ფრანკლმა დაწერა: „თუ საერთოდ მოეძებნება ახსნა სიცოცხლის აზრს, მაშინ უბედურებებსაც უნდა ჰქონდეს თავისი ახსნა. უბედურება ხომ ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ისევე როგორც ბედისწერა და სიკვდილი“.
ბიბლია გვისხნის, თუ რა იწვევს უბედურებებსა და სიკვდილს. მაგრამ ამაში ღმერთი არ არის დამნაშავე. ეს არის იმ დამღუპველი გადაწყვეტილების შედეგი, რომელიც პირველმა ცოლ-ქმარმა, ადამმა და ევამ მიიღეს, როდესაც თავიანთი შემოქმედისგან დამოუკიდებლად ცხოვრება არჩიეს. ამ მიდრეკილებამ თავი იჩინა ყველა მათ შთამომავალში და სწორედ ეს არის ადამიანთა უბედურების ძირითადი მიზეზი.
მართალია, იმის ცოდნა, თუ რატომ ვარსებობთ, ვერ მოგვიგვარებს ყველა პრობლემას, მაგრამ მათი არსებობის მიზეზი მაინც გვეცოდინება და, ამავე დროს, უფრო იოლად შევძლებთ ამ პრობლემებთან გამკლავებას. ამის ცოდნა აგრეთვე მოგვცემს მომავლის იმედს, როდესაც ღმერთი ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრის ყოველგვარ უბედურებას და ბოლოს მოუღებს სიკვდილს.
[დიაგრამა⁄სურათი 7 გვერდზე]
ბიბლიაში ღვთის დაპირებები შედარებულია წყლის წრებრუნვასთან
[დიაგრამა]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
წვიმა ← წყლის აორთქლება ← წყლის აორთქლება
↓ ↑
↓ ↑
ტბები, მდინარეები ↑
↓
→ → ოკეანეები
[სურათი 8, 9 გვერდებზე]
რის საფუძველზე შეიძლება იმის თქმა, რომ დედამიწა გადაიქცევა სამოთხედ, სადაც ბედნიერი და ჯანმრთელი ხალხი იცხოვრებს?
[სურათი 9 გვერდზე]
„არ არსებობს იმაზე აზრიანი ცხოვრება, ვიდრე ის, რომ ღვთისგან ბოძებული ნების თავისუფლება იმისთვის გამოვიყენო, რომ მას ვემსახურო“ (დენიზი)
-