საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ნოეს კიდობნის ძიებაში
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 1 ივლისი
    • ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ნოეს კიდობანი „არარატის მთებზე გაჩერდა“ (დაბადება 8:4). დღესდღეობით არარატის მთა თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, სომხეთისა და ირანის საზღვართან მდებარეობს.

      ამ ტერიტორიაზე მოწყობილი რამდენიმე ექსპედიციის შედეგად მკვლევარებმა საინტერესო ვარაუდები გამოთქვეს, მაგრამ დამაჯერებელ მტკიცებებს ვერ მიაგნეს. აეროფოტოგადაღებით მიღებულმა დამაინტრიგებელმა გამოსახულებებმა, ფისით დაფარული ხის ნაჭრების მიგნებამ და თვითმხილველთა ცნობებმა მკვლევარებს კიდევ უფრო გაუძლიერა ხელჩასაჭიდი მასალის მოპოვების სურვილი. მაგრამ კვლევის პროცესი არ ყოფილა იოლი. ერთ-ერთი სავარაუდო ადგილი არარატის მთის ფერდობზე 4 600 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. გარდა ამისა, დაძაბული პოლიტიკური ვითარების გამო უცხოურ ექსპედიციებს ხშირ შემთხვევაში არ აძლევენ მთის დალაშქვრის უფლებას.

      მიუხედავად ამისა, კიდობნის პოვნის მსურველთა ენთუზიაზმი არ ცხრება. ისინი ფიქრობენ, რომ კიდობნის ნაწილები არარატის მთაზე კვლავ ხელუხლებლად ინახება თოვლისა და ყინულის საფარქვეშ და წლის უმეტეს დროს არ ჩანს. ისინი ირწმუნებიან, რომ მხოლოდ ცხელ ზაფხულში შეიძლება კიდობნის დანახვა და მასთან ახლოს მისვლა.

      ასეთ ოპტიმიზმს სხვადასხვა წერილობითმა ცნობებმაც შეუწყო ხელი. ახ. წ. I საუკუნეში მოღვაწე ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი მოიხსენიებს თავისზე ადრე მცხოვრებ ისტორიკოსებს, რომელთა სიტყვებითაც კიდობანი ჯერ კიდევ მოჩანდა არარატის მთებში. იმასაც ამბობდნენ, რომ ხალხს სუვენირად მოჰქონდა ფისით დაფარული კიდობნის ხის ნაჭრები. იოსებ ფლავიუსის მიერ მოხსენიებულ ისტორიკოსთა შორის იყო ძვ. წ. III საუკუნეში მოღვაწე ბეროსე ბაბილონელი.

      გასულ საუკუნეში კიდევ ერთ სენსაციად იქცა ერთი სომეხი კაცის, გევორქ აკოფიანის მონათხრობი. მისი თქმით, მე-20 საუკუნის დასაწყისში მან ბიძასთან ერთად ნახა კიდობანი და აძვრა კიდეც მასზე. აკოფიანი 1972 წელს დაიღუპა, მაგრამ მისი მონათხრობი დღემდე ბევრს უკარგავს მოსვენებას.

      რწმენის ნამდვილი საფუძველი

      გვაქვს იმის საფუძველი, დავიჯეროთ, რომ მკვლევარებმა მიაგნეს კიდობნის ადგილსამყოფელს ან მომავალში მიაგნებენ? დღეს ჩვენ სკეპტიციზმის უფრო დიდი საფუძველი გვაქვს, ვიდრე ნდობის. ბიბლიაში კონკრეტულად არ არის ნათქვამი, სად გაჩერდა კიდობანი, როცა იკლო წარღვნის წყლებმა. მასში უბრალოდ ნათქვამია, რომ „კიდობანი არარატის მთებზე გაჩერდა“.

      მკვლევარები აქცენტს ამ ტერიტორიის უმაღლეს მწვერვალზე აკეთებენ. მაგრამ წმინდა წერილებში არ არის დაკონკრეტებული, რომ კიდობანი მაინცდამაინც არარატის მწვერვალზე გაჩერდა. ეს გაყინული მწვერვალი ზღვის დონიდან 5 000 მეტრზეა.a ნოე და მისი ოჯახი კიდობნის გაჩერებიდან კიდევ რამდენიმე თვე დარჩნენ მასში (დაბადება 8:4, 5). ისიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ კიდობნიდან გამოსულებს ცხოველებთან ერთად ცადაზიდული მწვერვალიდან მთამსვლელებივით მოუწიათ ჩამოსვლა. შესაძლოა ადგილი, სადაც კიდობანი გაჩერდა, უფრო ადვილად მისადგომი იყო, ვიდრე მეცნიერებს ჰგონიათ. თუმცა, როგორც დაბადების 8:4, 5-დან ვიგებთ, ის მაინც საკმაოდ მაღალი ადგილი იქნებოდა. და მაინც, სადაც არ უნდა გაჩერებულიყო კიდობანი, განა საუკუნეები ან თავად ადამიანი მას თავის კვალს არ დააჩნევდა?!

  • ნოეს კიდობნის ძიებაში
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 1 ივლისი
    • a მთა, რომელსაც დღეს არარატს უწოდებენ, 1840 წლიდან ჩამქრალი ვულკანური კონუსია. მისი სიმაღლე 5 165 მეტრს აღწევს და მუდმივი თოვლით არის დაფარული.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება