-
სხვადასხვაგვარი მეთოდებით ქადაგებაღვთის სამეფო მმართველობს!
-
-
13, 14. როგორ გახდა რადიო სასიხარულო ცნობის გავრცელების ერთ-ერთი საშუალება? (იხ. აგრეთვე ჩარჩოები „დაბლიუ-ბი-ბი-არის გადაცემები“ და „დაუვიწყარი კონგრესი“).
13 რადიო: მე-20 საუკუნის 20-იან წლებში „ფოტოდრამამ“ უკანა პლანზე გადაინაცვლა და სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის გავრცელების ეფექტიან საშუალებად რადიო იქცა. 1922 წლის 16 აპრილს ფილადელფიის (პენსილვანია) „მეტროპოლიტენ-ოპერიდან“ რადიოთი გადაიცემოდა ძმა რუტერფორდის ისტორიული მოხსენება „დღეს მცხოვრები მილიონები არასდროს მოკვდებიან“. ის დაახლოებით 50 000-მა კაცმა მოისმინა. საკონგრესო პროგრამა რადიოთი პირველად 1923 წელს გადაიცა. პასუხისმგებელმა ძმებმა გადაწყვიტეს, რომ გონივრული იქნებოდა, თუ მხოლოდ კომერციული რადიოსადგურებით არ ისარგებლებდნენ და საკუთარ რადიოსადგურს გახსნიდნენ. თავიანთი რადიოსადგური ბიბლიის მკვლევრებმა სტატენის კუნძულზე (ნიუ-იორკი) დააარსეს და რეგისტრაციაში დაბლიუ-ბი-ბი-არის სახელით გაატარეს. პირველი რადიოგადაცემა ეთერში 1924 წლის 24 თებერვალს გავიდა.
1922 წელს დაახლოებით 50 000-მა კაცმა რადიოთი მოისმინა მოხსენება „დღეს მცხოვრები მილიონები არასდროს მოკვდებიან“
14 საკუთარი რადიოსადგურის შექმნის მიზანი 1924 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკში“ იყო ახსნილი: „მიგვაჩნია, რომ რადიო ყველაზე იაფი და ეფექტიანი საშუალებაა, რაც კი აქამდე გამოგვიყენებია ჭეშმარიტების გასავრცელებლად“. ჟურნალი დასძენდა: „თუ უფალი დაინახავს ჭეშმარიტების გასავრცელებლად სხვა რადიოსადგურების დაფუძნების აუცილებლობას, ამისათვის საჭირო სახსრებითაც უზრუნველგვყოფს“ (ფსალმ. 127:1). 1926 წლისთვის იეჰოვას ხალხი უკვე ექვს რადიოსადგურს ფლობდა. ორი მათგანი იყო შეერთებულ შტატებში, დაბლიუ-ბი-ბი-არი — ნიუ-იორკში, ვორდი კი — ჩიკაგოს მახლობლად, დანარჩენი ოთხი — კანადაში, კერძოდ, ალბერტაში, ბრიტანეთის კოლუმბიაში, ონტარიოსა და სასკაჩევანში.
15, 16. ა) როგორ შეხვდა სამღვდელოება კანადაში რადიოგადაცემებით ქადაგებას? ბ) რა მხრივ იყო რადიოქადაგებები და კარდაკარ მსახურება ეფექტიანი?
15 ფართო მასებისთვის ბიბლიური ჭეშმარიტების რადიოთი ქადაგება ქრისტიანულ სამღვდელოებას არ გამოჰპარვია. ალბერტ ჰოფმანი, რომელმაც იცოდა, როგორ მუშაობდა სასკაჩევანის (კანადა) რადიოსადგური, იხსენებდა: „რაც დრო გადიოდა, სულ უფრო მეტი ადამიანი იგებდა ბიბლიის მკვლევრების შესახებ [ასე იწოდებოდნენ იეჰოვას მოწმეები]. რადიოთი ქადაგების საქმე შესანიშნავად მიდიოდა, ვიდრე 1928 წელს სამღვდელოების ზეწოლით ადგილობრივი ხელისუფლება კანადაში ბიბლიის მკვლევრების ყველა რადიოსადგურს ლიცენზიას ჩამოართმევდა“.
16 მართალია კანადაში ჩვენი რადიოსადგურები დაიხურა, მაგრამ ბიბლიური მოხსენებები კომერციული რადიოსადგურებით კვლავაც გადაიცემოდა (მათ. 10:23). რადიომსმენელების მოსაზიდად „საგუშაგო კოშკსა“ და „ოქროს ხანაში“ (ამჟამად „გამოიღვიძეთ!“) იმ კომერციული რადიოსადგურების სია იბეჭდებოდა, რომლებითაც ბიბლიური ჭეშმარიტება გადაიცემოდა. ადგილობრივი რადიოთი მოხსენებების მოსასმენად მაუწყებლები ამ სიას კარდაკარ მსახურების დროს ხალხს აჩვენებდნენ. რა ნაყოფი გამოიღო ამან? 1931 წლის იანვრის „ბიულეტენში“ ეწერა: „რადიომ ჩვენს ძმებს კარდაკარ მსახურების დიდი სტიმული მისცა. მრავალი შეტყობინება მივიღეთ იმის შესახებ, რომ ბევრმა, ვისაც რადიოთი ჰქონდა მოსმენილი ძმა რუტერფორდის მოხსენებები, სიამოვნებით აიღო მათთვის შეთავაზებული წიგნები“. „ბიულეტენში“ რადიომაუწყებლობა და კარდაკარ მსახურება უფლის ორგანიზაციაში საჯაროდ ქადაგების ორ ყველაზე ქმედით მეთოდად იყო დასახელებული.
17, 18. შექმნილი ვითარების მიუხედავად, რა როლს ასრულებდა რადიო სასიხარულო ცნობის გავრცელებაში?
17 მე-20 საუკუნის 30-იან წლებში კომერციული რადიოსადგურებით სარგებლობის გამო იმატა ჩვენი მტრების უკმაყოფილებამ. იეჰოვას ხალხმა გაითვალისწინა არსებული ვითარება და 1937 წლის მეორე ნახევარში შეწყვიტა კომერციული რადიოსადგურებით მაუწყებლობა და ძირითადი ყურადღება კარდაკარ მსახურებაზე გადაიტანა.a მიუხედავად ამისა, ზოგიერთ შორეულ თუ პოლიტიკურად იზოლირებულ ქვეყნებში სამეფოს შესახებ ცნობა რადიოთი კვლავაც აქტიურად ვრცელდებოდა. მაგალითად, 1951—1991 წლებში დასავლეთ ბერლინში (გერმანია) რადიოთი რეგულარულად გადაიცემოდა ბიბლიური მოხსენებები. ასე რომ, იმდროინდელ აღმოსავლეთ გერმანიის მცხოვრებთაც შეეძლოთ სამეფოს შესახებ ცნობის მოსმენა. 1961 წლიდან დაწყებული 30 წელზე მეტხანს სურინამის (სამხრეთი ამერიკა) ეროვნული რადიო ყოველკვირეულად უშვებდა ეთერში 15-წუთიან ბიბლიურ გადაცემას. 1969—1977 წლებში ორგანიზაციამ ჩაწერა 350-ზე მეტი რადიოგადაცემა სახელწოდებით „მთელი წმინდა წერილი სასარგებლოა“. ამ გადაცემას ამერიკის 48 შტატში 291 რადიოსადგური უშვებდა ეთერში. 1996 წელს სამოას დედაქალაქ აპიაში რადიოთი ყოველკვირეულად გადიოდა გადაცემა „პასუხები ბიბლიურ კითხვებზე“.
18 მე-20 საუკუნის ბოლოსთვის რადიო წამყვან როლს აღარ თამაშობდა სასიხარულო ცნობის გავრცელებაში, სამაგიეროდ გამოჩნდა ახალი ტექნოლოგიური სიახლე, რომელმაც სასიხარულო ცნობის არნახული მასშტაბით გავრცელება გახადა შესაძლებელი.
-