საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • არმაგედონი — როგორ წარმოუდგენია ზოგს ის?
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 თებერვალი
    • არმაგედონი — როგორ წარმოუდგენია ზოგს ის?

      „შეკრიბეს ისინი ადგილზე, რომელსაც ებრაულად არმაგედონი ჰქვია“ (გამოცხადება 16:16).

      რა წარმოგიდგებათ თვალწინ, როცა გესმით სიტყვა „არმაგედონი“? ალბათ, მთელი რიგი კატასტროფები, რომლებიც დღეს მთელ მსოფლიოში ხდება. მართალია, ეს სიტყვა მხოლოდ ერთხელ გვხვდება ბიბლიაში, მაგრამ რელიგიური ლიდერები არმაგედონს ხშირად მოიხსენიებენ და მასმედიის მეშვეობითაც არაერთხელ გვესმის ეს სიტყვა.

      ეთანხმება არმაგედონზე გავრცელებული შეხედულებები იმას, რაც ბიბლიაშია ნათქვამი? ამ კითხვაზე ღირს პასუხის მიღება. არმაგედონის შესახებ სიმართლის ცოდნა გაგათავისუფლებთ ზედმეტი საწუხარისგან, სწორ წარმოდგენას შეგიქმნით მომავალზე და გავლენას მოახდენს ღვთის შესახებ თქვენს შეხედულებაზე.

      განვიხილოთ სამი კითხვა და შევადაროთ არმაგედონზე გავრცელებული შეხედულებები იმას, რასაც სინამდვილეში ბიბლია ასწავლის ამ საკითხზე.

      1. არის არმაგედონი ადამიანთა მიზეზით გამოწვეული უბედურება?

      ჟურნალისტები და მკვლევარები ხშირად ადამიანთა მიზეზით გამოწვეული უბედურებების სინონიმად სიტყვა „არმაგედონს“ იყენებენ. მაგალითად, პირველი და მეორე მსოფლიო ომები არმაგედონთან არის გაიგივებული. ამ ომების შემდეგ ადამიანები შიშობდნენ, რომ შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი ერთმანეთის წინააღმდეგ ატომურ იარაღს გამოიყენებდნენ. მასმედიამ ამ პოტენციურ ომს „თერმობირთვული არმაგედონი“ უწოდა. ვინაიდან გარემოს დაბინძურება საგრძნობლად აისახება დედამიწის ამინდზე, მკვლევარები შიშობენ, რომ მოხდება არმაგედონი, რომელსაც კლიმატური ცვლილება გამოიწვევს.

      რას ფიქრობს ხალხი: დედამიწის მომავალი ადამიანთა ხელშია და მათ შეუძლიათ სრულად აკონტროლონ ყველაფერი, რაც მასზე ცოცხლობს და იძვრის. თუ მთავრობები გონივრულად არ მოიქცევიან, დედამიწა სამუდამოდ განადგურდება.

      რას ამბობს ბიბლია: ღმერთი არ დაუშვებს, რომ ადამიანებმა დედამიწა მოსპონ. ბიბლია გვარწმუნებს, რომ იეჰოვასa დედამიწა „ტყუილუბრალოდ არ შეუქმნია“. პირიქით, მან ის „დასასახლებლად შექმნა“ (ესაია 45:18). ღმერთი ადამიანებს იმის უფლებას არ მისცემს, რომ გააჩანაგონ დედამიწა. იგი მოსპობს „დედამიწის მომსპობთ“ (გამოცხადება 11:18).

      2. არის არმაგედონი ბუნებრივი კატაკლიზმი?

      ჟურნალისტები ზოგჯერ მასშტაბურ ბუნებრივ კატაკლიზმებს „არმაგედონს“ უწოდებენ. მაგალითად, 2010 წელს ერთ-ერთ ცნობაში აღნიშნული იყო, რომ „ჰაიტიზე არმაგედონი მოხდა“. როგორც ამ ცნობაში იყო ნათქვამი, ქვეყანაში მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ მრავალის სიცოცხლე შეიწირა და იქ მცხოვრებთ არნახული ტანჯვა, ტკივილი და ზარალი მიაყენა. რეპორტიორებმა და კინორეჟისორებმა სიტყვა „არმაგედონი“ არა მხოლოდ ამ მოვლენებს დაუკავშირეს, არამედ იმასაც, რაც, მათი აზრით, მომავალშიც მოხდება. მაგალითად, მათი ვარაუდით, როცა მომავალში ასტეროიდი შეეჯახება დედამიწას, ეს გამოიწვევს კატასტროფას, რასაც მათ „არმაგედონი“ უწოდეს.

      რას ფიქრობს ხალხი: არმაგედონი არის შემთხვევითი მოვლენა, რომელიც განურჩევლად გაანადგურებს ყველას, მათ შორის უდანაშაულო ხალხსაც. ჩვენ თითქმის არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია თავის დასაცავად.

      რას ამბობს ბიბლია: არმაგედონი არ არის შემთხვევითი მოვლენა, რომლის დროსაც განურჩევლად განადგურდება ყველა. არმაგედონის დროს მხოლოდ ბოროტი ადამიანები მოისპობიან. ბიბლია გვპირდება, რომ მალე „აღარ იქნება ბოროტი; დააკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი“ (ფსალმუნი 37:10).

      3. გაანადგურებს ღმერთი დედამიწას არმაგედონში?

      ბევრ მორწმუნე ადამიანს სჯერა, რომ არმაგედონის დროს საბოლოოდ დაუპირისპირდება ერთმანეთს სიკეთე და ბოროტება, რასაც ჩვენი პლანეტის განადგურება მოჰყვება. შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი კვლევითი ცენტრის (Princeton Survey Research Associates) მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მოზარდების 40 პროცენტს სჯერა, რომ მსოფლიოს აღსასრული „არმაგედონის ომში“ დადგება.

      რას ფიქრობს ხალხი: ადამიანები არ იცხოვრებენ დედამიწაზე მარადიულად და არც დედამიწაა შექმნილი მარადიულობისთვის. ღმერთმა ადამიანები ისე შექმნა, რომ როდისღაც უნდა დაიხოცონ.

      რას ამბობს ბიბლია: ბიბლიაში არაორაზროვნადაა ნათქვამი, რომ ღმერთმა მყარ საფუძველზე დააფუძნა დედამიწა და „არ მოირყევა მარადიულად, სამარადისოდ“ (ფსალმუნი 104:5). დედამიწაზე მცხოვრებთა შესახებ კი ბიბლიაში ვკითხულობთ: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმუნი 37:29).

      აშკარაა, რომ ბიბლია არ ეთანხმება დღეს გავრცელებულ შეხედულებებს არმაგედონზე. მაშ, რა არის სიმართლე?

      [სქოლიო]

      a ბიბლიის თანახმად, იეჰოვა ღვთის პირადი სახელია.

  • სინამდვილეში რა არის არმაგედონი?
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 თებერვალი
    • სინამდვილეში რა არის არმაგედონი?

      „ეშმაკის სულები . . . გამოდიან მთელი მსოფლიოს მეფეებთან . . . რათა მოაგროვონ ისინი ადგილზე, რომელსაც ებრაულად ჰარ-მეგიდონი ჰქვია“

      (გამოცხადება 16:14, 16, „ახალი აღთქმა და ფსალმუნები; კურსივი ჩვენია).

      არმაგედონი, რომელიც ზოგჯერ ითარგმნება, როგორც „ჰარ-მეგიდონი“, ადგილის სახელწოდებაა.

      სინამდვილეში რა დატვირთვა აქვს ამ სიტყვას? რატომ ასოცირდება ხშირად სიტყვა „არმაგედონი“ ისეთ მოვლენასთან, როგორიცაა ომი?

      შეკრებილნი ადგილზე, რომელსაც არმაგედონი ეწოდება

      ებრაული სიტყვა „ჰარ-მეგიდონი“ სიტყვასიტყვით ნიშნავს „მეგიდოს მთას“. მართალია, პირდაპირი გაგებით ასეთი მთა არ არსებობს, მაგრამ მეგიდოს სახელით ცნობილი ადგილი ნამდვილად არსებობს. მეგიდოს სტრატეგიული მდებარეობა ჰქონდა, რადგან ორი მთავარი გზის გასაყარზე მდებარეობდა, იმ ადგილიდან ჩრდილო-დასავლეთით, სადაც ისრაელები იყვნენ დასახლებული. ბევრი გადამწყვეტი ბრძოლა სწორედ ამ ადგილის მახლობლად იმართებოდა. ამიტომ ასოცირდება სახელი მეგიდო ომთან.a

      მაგრამ სიტყვა მეგიდო ამ ადგილას გამართული ბრძოლების გამო კი არ ასოცირდება ომთან, არამედ იმის გამო, თუ რა მიზეზით იმართებოდა ეს ბრძოლები. მეგიდო იყო აღთქმული მიწის ნაწილი, რომელიც იეჰოვა ღმერთმა ისრაელებს მისცა (გამოსვლა 33:1; იესო ნავეს ძე 12:7, 21). მან აღუთქვა თავის ხალხს, რომ დაიცავდა მტრებისგან (კანონი 6:18, 19). მაგალითად, სწორედ მეგიდოს ველზე დაიცვა იეჰოვამ სასწაულებრივად ისრაელი ქანაანელთა მეფის, იაბინის, ლაშქრის თავდასხმისგან, რომელსაც სათავეში სისარა ედგა (მსაჯულები 4:14—16).

      აქედან გამომდინარე, სიტყვა „ჰარ-მეგიდონს“ ანუ „არმაგედონს“ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ის ასოცირდება ბრძოლასთან, რომლის დროსაც ორი ძლიერი მოწინააღმდეგე ერთმანეთს უპირისპირდება.

      წიგნ „გამოცხადებაში“ მოცემული წინასწარმეტყველება საუბრობს იმ დროზე, რომელიც ახლო მომავალში დადგება; მაშინ სატანა და მისი დემონები მიწიერ მმართველებს აღძრავენ, რომ შეკრიბონ თავიანთი ლაშქარი, რაც საფრთხეს შეუქმნის ღვთის ხალხსა და მათ საქმიანობას. ბრძოლის დროს, როცა ღმერთი გაილაშქრებს თავდამსხმელთა წინააღმდეგ, მილიონები დაიღუპებიან (გამოცხადება 19:11—18).

      რატომ გაანადგურებს ღმერთი, რომელსაც ბიბლიაში „გულმოწყალე, რისხვაში ნელი და სიკეთით სავსე“ ეწოდება, ამდენ ადამიანს? (ნეემია 9:17). იმისთვის, რომ გავიგოთ, რატომ მოიქცევა ღმერთი ამგვარად, სამ კითხვაზე უნდა მივიღოთ პასუხი: 1) ვინ იწყებს ომს? 2) რატომ ერევა ღმერთი ამ ომში? 3) რას მოუტანს ეს ომი დედამიწასა და მის მცხოვრებთ?

      1. ვინ იწყებს ომს?

      არმაგედონის ომში ღმერთი არავის არ დაესხმება თავს. პირიქით, ის დაიცავს კეთილ ადამიანებს მათგან, ვინც მათ განადგურებას ლამობს. ამ ომში თავდამსხმელები არიან „მთელი მსოფლიოს მეფეები“, ანუ მსოფლიო ლიდერები. რატომ დაესხმიან ისინი თავს კეთილ ადამიანებს? მიზეზი ის არის, რომ სატანა მარიონეტებივით გამოიყენებს პოლიტიკურ და სამხედრო ძალებს, რათა მასობრივი თავდასხმა განახორციელოს იეჰოვა ღმერთის თაყვანისმცემლებზე (გამოცხადება 16:13, 14; 19:17, 18).

      ვინაიდან დღეს ზოგ ქვეყანაში სიტყვისა და რელიგიის თავისუფლება არსებობს, ბევრს წარმოუდგენლად მიაჩნია, რომ ოდესმე მმართველები რომელიმე რელიგიურ მიმდინარეობას შეზღუდავენ ან ბოლოს მოუღებენ. მაგრამ ასეთი თავდასხმები მე-20 საუკუნეშიც მოხდა და ახლაც ხდება.b მიუხედავად ამისა, სულ მცირე, ორი ძირითადი განსხვავება არსებობს დღევანდელ თავდასხმებსა და იმ თავდასხმას შორის, რომელიც არმაგედონში მოხდება. პირველი, თავდასხმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოხდება. მეორე, იეჰოვა ღმერთი ისეთ ზომებს მიიღებს, რომელიც მანამდე არასდროს მიუღია (იერემია 25:32, 33). ბიბლია ამ ომს „ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს“ უწოდებს.

      2. რატომ ერევა ღმერთი ამ ომში?

      იეჰოვა ასწავლის თავის თაყვანისმცემლებს, რომ იყვნენ მშვიდობისმყოფელები და უყვარდეთ თავიანთი მტრები (მიქა 4:1—3; მათე 5:43, 44; 26:52). ამიტომ, ისინი თავდასაცავად ხელში არ აიღებენ იარაღს, როცა ბოროტი თავდამსხმელები მათზე იერიშს მიიტანენ. ღმერთმა რომ არ დაიცვას თავისი ხალხი, სატანა მათ აღგვის პირისაგან მიწისა. ამ დროს იეჰოვა ღმერთის სახელი ანუ მისი რეპუტაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. თუ თავდამსხმელები ღვთის ხალხის განადგურებას შეძლებენ, გამოვა, რომ იეჰოვა უგულო, უსამართლო და უსუსური ღმერთია. ასეთი რამ კი არასდროს მოხდება! (ფსალმუნი 37:28, 29).

      ღმერთს არ სურს, რომ ვინმე განადგურდეს. ამიტომ, ის ყველას აფრთხილებს იმის შესახებ, თუ რა ზომებს მიიღებს მომავალში (2 პეტრე 3:9). იეჰოვამ ბიბლიის ფურცლებზე რეალური ისტორიები შემოგვინახა, რათა შეგვახსენოს, როგორ დაიცვა თავისი ხალხი წარსულში მტრის თავდასხმებისგან (2 მეფეები 19:35). ბიბლია აგრეთვე გვაფრთხილებს, რომ როცა მომავალში სატანა და მისი მარიონეტები, ანუ მიწიერი მმართველები, იერიშს მიიტანენ ღვთის ხალხზე, იეჰოვა აღდგება მათ წინააღმდეგ და საჭირო ზომებს მიიღებს. დიდი ხანია ღვთის სიტყვაში ნაწინასწარმეტყველებია, რომ იეჰოვა გაანადგურებს ბოროტებს (იგავები 2:21, 22; 2 თესალონიკელები 1:6—9). იმ დროს თავდამსხმელებს ეჭვის ნატამალიც კი არ ექნებათ, რომ ისინი ყოვლისშემძლე ღმერთს დაუპირისპირდნენ (ეზეკიელი 38:21—23).

      3. რა მოჰყვება ამ ბრძოლას?

      არმაგედონის დროს მილიონობით ადამიანი გადარჩება. სწორედ ამ დროიდან დაიწყება მშვიდობიანი პერიოდი დედამიწაზე (გამოცხადება 21:3, 4).

      წიგნ „გამოცხადებაში“ საუბარია „უამრავ ხალხზე“, რომლის დათვლა არავის შეუძლია და რომელიც ამ ომში გადარჩება (გამოცხადება 7:9, 14). ღვთის დახმარებით ისინი მისი თავდაპირველი განზრახვის თანახმად, დედამიწას სამოთხედ გადააქცევენ.

      გინდათ იცოდეთ, როდის მოხდება ღვთის ხალხზე თავდასხმა?

      [სქოლიოები]

      a უჩვეულო არაფერია იმაში, როცა რომელიმე ადგილის სახელი ომთან ასოცირდება. მაგალითად, იაპონიის ქალაქი ჰიროსიმა, რომელიც ატომურმა ბომბმა მიწასთან გაასწორა, დღეს ბირთვული ომის საფრთხესთან ასოცირდება.

      b ჰოლოკოსტი იმის პრეცედენტია, თუ როგორ ცდილობდა მთავრობა, გაენადგურებინა რელიგიები და ეთნიკური ჯგუფები. კომუნისტების დროს საბჭოთა კავშირში რელიგიური ჯგუფები რეპრესირებული იყვნენ. იხილეთ 2011 წლის 1 მაისის „საგუშაგო კოშკში“ სტატია „მშვიდობისმოყვარე ხალხი რეპუტაციის დასაცავად ხმას იმაღლებს“.

      [სურათი 6 გვერდზე]

      წარსულში იეჰოვა ღმერთმა დაიცვა თავისი ხალხი

      [სურათი 7 გვერდზე]

      იეჰოვა კვლავაც დაიცავს თავის ხალხს არმაგედონის ომში

  • როდის დაიწყება არმაგედონი?
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 თებერვალი
    • როდის დაიწყება არმაგედონი?

      „გავიხედე და, აი, უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო, ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან . . . ესენი დიდი გასაჭირიდან მოსულები არიან“ (გამოცხადება 7:9, 14).

      არმაგედონი ძალიან მალე დაიწყება. როგორ?

      დღეს მთელ მსოფლიოში უკვე არსებობს ხალხი, რომლებიც ემსახურებიან იეჰოვას და ბიბლიის მაღალზნეობრივი ნორმებით ცხოვრობენ. ღვთის მხარდაჭერით ყველა ერიდან, ტომიდან და ენიდან გაერთიანდა მილიონობით ადამიანი, რომლებმაც შექმნეს მოსიყვარულე საძმო. ამ საძმოს წევრები იეჰოვას მოწმეები არიან (იოანე 13:35).

      მალე სატანა თავის ლაშქარს შეკრებს და ყველაზე მასშტაბურ თავდასხმას განახორციელებს ამ მშვიდობისმყოფელ, ერთი შეხედვით, დაუცველ ხალხზე (ეზეკიელი 38:8—12; გამოცხადება 16:13, 14, 16). რის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ნამდვილად მოხდება? ბიბლიაში აღწერილი კონკრეტული მოვლენები მიგვანიშნებს, თუ როდის დაიწყება არმაგედონი. ამ მოვლენების უმეტესობა უკვე შესრულებულია.

      მოვლენები, რომლებიც თქვენ თვალწინ ვითარდება

      ერთხელ იესოს მოწაფეებმა ჰკითხეს, თუ როგორ გაიგებდა ხალხი, როდის დადგებოდა „ქვეყნიერების აღსასრული“ (მათე 24:3). იესომ უთხრა მათ, რა მოხდებოდა აღსასრულის წინა პერიოდში: „ერი ერის წინააღმდეგ აღსდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, იქნება საკვების უკმარისობა და მიწისძვრები ხან ერთ და ხან მეორე ადგილას“. შემდეგ კი დასძინა: „ეს ყველაფერი მშობიარობის ტკივილების დასაწყისია“ (მათე 24:7, 8). პავლე მოციქულმა იგივე პერიოდს „ბოლო დღეები“ უწოდა და ისიც დასძინა, რომ ეს დრო „მძიმე, ძნელად ასატანი“ იქნებოდა (2 ტიმოთე 3:1). როგორ ფიქრობთ, სრულდება ეს წინასწარმეტყველებები დღეს?

      რატომ იქნებოდა ეს პერიოდი ძნელად ასატანი? იოანე მოციქული ასახელებს მიზეზს. მან იწინასწარმეტყველა, რომ სატანასა და მის დემონებს „დრო ცოტა“ ექნებოდათ დედამიწაზე. როგორც იოანე აღწერს, სატანა ამ პერიოდში „დიდად განრისხებული“ იქნებოდა (გამოცხადება 12:7—12). თქვენი აზრით, არიან ადამიანები დღეს ეშმაკის სულის გავლენაში და ავლენენ ისინი რისხვასა და ძალადობას მთელ მსოფლიოში?

      იესომ აგრეთვე აღნიშნა, რომ ამ მძიმე პერიოდში გრანდიოზული საქმე შესრულდებოდა. მან თქვა: „ამ სასიხარულო ცნობას [ღვთის] სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათე 24:14). დღეს 235-ზე მეტ ქვეყანაში იეჰოვას მოწმეები 500-ზე მეტ ენაზე ქადაგებენ ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას. ისინი გამოსცემენ ბიბლიაზე დაფუძნებულ ორ ჟურნალს, „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ს, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გავრცელებული ჟურნალებია. მათ აგრეთვე თარგმნეს ბიბლია დაახლოებით 100 ენაზე. იეჰოვას მოწმეების საქმიანობა მოხალისეების მიერ სრულდება და ნებაყოფლობითი შესაწირავებით ფინანსდება. ნუთუ ამ განუმეორებელი სამქადაგებლო საქმიანობით არ სრულდება იესოს წინასწარმეტყველება?

      ბიბლიაში აგრეთვე მოხსენიებულია მოვლენები, რომლებიც მოხდება მანამ, სანამ იეჰოვა ღმერთსა და მის მოწინააღმდეგეებს შორის ომი დაიწყება. განვიხილოთ სამი წინასწარმეტყველება, რომლებიც მალე შესრულდება.

      მოვლენები, რომელთაც მალე იხილავთ

      წინასწარმეტყველება 1. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ერები მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებენ „მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“. ისინი, ალბათ, იფიქრებენ, რომ უკვე დადგა ძირითადი პრობლემების გადაჭრის დრო. მაგრამ მოვლენებს, რომლებიც ამ განცხადებას მოჰყვება, ნამდვილად ვერ ვუწოდებთ მშვიდობიანს (1 თესალონიკელები 5:1—3).

      წინასწარმეტყველება 2. შემდეგ მთავრობები გადაწყვეტენ, აღდგნენ მსოფლიო რელიგიების წინააღმდეგ. ბიბლიაში ეს მმართველები მხეცთან არიან შედარებული, მსოფლიოს ცრუ რელიგიები კი — ქალთან, რომელიც ამ მხეცს მართავს (გამოცხადება 17:3, 15—18). მხეცი გაუაზრებლად შეასრულებს ღვთის ნებას და გაანადგურებს რელიგიებს, რომლებიც ღვთის წარმომადგენლებად ასაღებენ თავს.

      მოციქულმა იოანემ ეს მოვლენა ასე აღწერა: „ათი რქა, შენ რომ იხილე, და მხეცი შეიძულებენ მეძავს, ააწიოკებენ მას და გააშიშვლებენ, მის ხორცს შეჭამენ და მას ცეცხლში დაწვავენ, რადგან ღმერთმა მათ გულებში ჩაუდო, რომ განახორციელონ მისი აზრი“ (გამოცხადება 17:16, 17).

      წინასწარმეტყველება 3. ცრუ რელიგიაზე განხორციელებული წარმატებული შეტევის შემდეგ სატანის გავლენით ერები იეჰოვა ღმერთის თაყვანისმცემლებზე მიიტანენ იერიშს (გამოცხადება 7:14; მათე 24:21).

      როგორ უნდა მოიქცეთ თქვენ?

      თუ არ გქონიათ ბიბლიის ღრმად გამოკვლევის შესაძლებლობა, თქვენთვის რთული დასაჯერებელი იქნება, რომ ზემოთ აღწერილი მოვლენები სინამდვილეში მოხდება. მაგრამ არსებობს იმის საფუძველი, გვჯეროდეს, რომ ყველა დეტალი შესრულდება და ახლო მომავალში ეს ნაწინასწარმეტყველები მოვლენები მართლაც მოხდება. ამის გარანტიას იძლევა უამრავი ბიბლიური წინასწარმეტყველება, რომლებიც უკვე შესრულდა.a

      კარგი იქნება, თუ გამოყოფთ დროს იმის გასაგებად, თუ რის საფუძველზე სჯერათ იეჰოვას მოწმეებს, რომ „ყოვლისშემძლე ღვთის დიდი დღე“ მალე დადგება, და რატომ არ უნდა გეშინოდეთ ამ დღის. სთხოვეთ იეჰოვას მოწმეებს, ბიბლიიდან აგიხსნან, რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ თქვენც მათ შორის იყოთ, ვისაც იეჰოვა ღმერთი დაიცავს (გამოცხადება 16:14). ბიბლიამ შეიძლება სრულიად შეცვალოს თქვენი თვალსაზრისი მომავალზე.

      [სქოლიო]

      a იმაში დასარწმუნებლად, რომ ნამდვილად შესრულდა ბიბლიური წინასწარმეტყველებები, იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-2 და მე-9 თავები. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

      [ჩანართი 8 გვერდზე]

      ნუთუ არ სრულდება იეჰოვას მოწმეთა საქმიანობით ბიბლიური წინასწარმეტყველება?

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება