საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • უნდა ეფუძნებოდეს ლოგიკურ მსჯელობას რელიგიური მრწამსი?
    საგუშაგო კოშკი — 2002 | 1 აპრილი
    • უნდა ეფუძნებოდეს ლოგიკურ მსჯელობას რელიგიური მრწამსი?

      „უამრავი მორწმუნე გაუთვითცნობიერებლად და ლოგიკური მსჯელობის გარეშე მისდევს რელიგიურ წეს-ჩვეულებებს — დაწერა შეერთებული შტატების სასულიერო სემინარიის დეკანმა — მათ უბრალოდ სურთ, ყველაფერი უსიტყვოდ ირწმუნონ“.

      მორწმუნეების უმრავლესობას არც ის აინტერესებს, რატომ სწამს ასე და არც ის, აქვს თუ არა მყარი საფუძველი საკუთარი რელიგიური შეხედულებებისთვის. გასაკვირი არ არის, რომ დღეს ბევრი უღიმღამოდ საუბრობს რელიგიის შესახებ.

      სამწუხაროდ, ხატების გამოყენება და ლოცვების მექანიკურად გამეორება გაუაზრებლად ხდება. ამ ჩვეულებებთან ერთად მილიონობით ადამიანის რელიგიური მრწამსი შთამბეჭდავი არქიტექტურით, ნატიფი ვიტრაჟიანი სარკმელებითა და ამაღელვებელი მუსიკით შემოიფარგლება. მიუხედავად ზოგი ეკლესიის განაცხადისა, რომ მათი მრწამსი ბიბლიაზეა დაფუძნებული, მათი მოწოდება: „იწამე იესო და გადარჩები!“ ხალისს უკარგავს ადამიანს, სერიოზულად მოეკიდოს ბიბლიის შესწავლას. სხვები სოციალური ან პოლიტიკური პრობლემების გადაჭრის მიზნით ქადაგებენ. რა არის ყოველივე ამის შედეგი?

      ჩრდილოეთ ამერიკაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ერთმა რელიგიათმცოდნემ თქვა: „ქრისტიანობა... ზერელე შემეცნებას ფლობს და მისი მრევლი, შეიძლება ითქვას, რელიგიურ საკითხებში გაუთვითცნობიერებელია“. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვისას ერთმა სოციოლოგმა შეერთებული შტატები „ბიბლიურად გაუნათლებელ ქვეყნადაც“ კი მოიხსენია. სიმართლე რომ ვთქვათ, იგივე შეიძლება თქმულიყო სხვა ქვეყნებზეც, სადაც ეგრეთ წოდებული ქრისტიანული სარწმუნოებაა გავრცელებული. ბევრი არაქრისტიანული რელიგიაც მსგავსადვე უგულებელყოფს ლოგიკურ მსჯელობას და უპირატესობას გალობას, რიტუალურ ლოცვებს, ანიჭებს; ლოგიკური და გონივრული მსჯელობის ნაცვლად მედიტაციის სხვადასხვა ფორმებს მიმართავს, რომლებშიც მისტიციზმიც შედის.

      თუმცა ისინი, რომლებსაც ნაკლებად აღელვებთ თავიანთი რელიგიური მრწამსის სიზუსტე ან ჭეშმარიტება, ხშირად სხვა საკითხებს უფრო ღრმად და გულდასმით იკვლევენ. განა უცნაურად არ მოგეჩვენებოდათ იმ პიროვნების განაცხადი, რომელიც თავის რელიგიურ მრწამსთან დაკავშირებით იტყოდა: „ეს რელიგია აკმაყოფილებდა ჩემს მშობლებს და მეც მაკმაყოფილებს“, მაშინ როდესაც იგი დიდი გულმოდგინებით არჩევს, რა მარკის ავტომანქანა იყიდოს, რომელიც ერთ დღესაც თავის არსებობას „მანქანების სასაფლაოზე“ დაასრულებს?

      თუ ნამდვილად გვსურს, ღმერთს ვასიამოვნოთ, განა სერიოზულად არ უნდა გამოვიკვლიოთ ის, რაც მის შესახებ გვწამს? მოციქული პავლე თავის თანამედროვე რამდენიმე მორწმუნეს ესაუბრა, რომლებსაც ჰქონდათ „გულმოდგინება ღვთისადმი, ოღონდ არა შეგნებულად“ (რომაელთა 10:2). ასეთი ადამიანი შეიძლება დაქირავებულ მღებავთან შეგვედარებინა, რომელიც გულმოდგინედ ღებავს სახლს, მაგრამ არ ითვალისწინებს დამკვეთის მითითებას და თავისი გემოვნების მიხედვით არჩევს საღებავის ფერებს. შეიძლება მღებავი კმაყოფილია თავისი ნახელავით, მაგრამ განა ის დამსაქმებელსაც მოეწონება?

      როგორია ღვთისთვის მისაღები ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა? ბიბლია გვპასუხობს: „ეს კეთილი და სათნოა ჩვენი მაცხოვარი ღვთისათვის, რომელსაც ნებავს, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას“ (1 ტიმოთე 2:3, 4). დღეს არსებულ უამრავ რელიგიებს შორის, ზოგს ალბათ შეუძლებლად მიაჩნია ასეთი შემეცნების პოვნა. მაგრამ დაფიქრდით, თუკი ღმერთს უნდა, რომ ყველას ჰქონდეს ჭეშმარიტების შესახებ ზუსტი შემეცნება, ნუთუ უსამართლობას გამოიჩენდა და დაუმალავდა მათ ამ შემეცნებას? პირიქით, ბიბლია ამბობს: „ძებნას თუ დაუწყებ [ღმერთს], იპოვი კიდეც“ (1 ნეშტთა 28:9).

      როგორ გააცნობს ღმერთი საკუთარ თავს მათ, ვინც გულწრფელად ეძებს მას? ამ კითხვაზე პასუხს შემდეგი სტატია გაგვცემს.

  • ეძებე ღმერთი გულითა და გონებით
    საგუშაგო კოშკი — 2002 | 1 აპრილი
    • ეძებე ღმერთი გულითა და გონებით

      ჭეშმარიტი ქრისტიანობა აღძრავს ადამიანებს, რომ ღვთისმოსაწონი რწმენის განსავითარებლად გულსაც მოუხმონ და გონებასაც.

      ფაქტობრივად, ქრისტიანობის დამაარსებელმა, იესო ქრისტემ, გვასწავლა, რომ უნდა გვიყვარდეს ღმერთი „მთელი გონებით“ ანუ მთელი შეგნებით; აგრეთვე „მთელი გულით“ და „მთელი სულით“ (მათე 22:37, სსგ). დიახ, ჩვენმა გონებამ მთავარი როლი უნდა შეასრულოს თაყვანისმცემლობაში.

      იესო მსმენელებს აღძრავდა, ეფიქრათ მის სწავლებებზე და ხშირად ეკითხებოდა: „რას ფიქრობთ?“ (მათე 17:25; 18:12; 21:28; 22:42). მსგავსადვე, მოციქულმა პეტრემ თანამორწმუნეებს მისწერა, რათა ‘გაეღვიძებინათ თავიანთი წრფელი აზრი [„გონება“, აქ]’ (2 პეტრე 3:1). პირველი საუკუნის მისიონერი, მოციქული პავლე, რომელიც ყველაზე მეტს მოგზაურობდა, ქრისტიანებს მოუწოდებდა, ‘გონივრულად ემსახურათ’ და შეეცნოთ „რა არის ღვთის ნება — კეთილი, სასურველი და სრულყოფილი“ (რომაელთა 12:1, 2). თუ ქრისტიანი ასეთი თვალსაზრისით მიუდგება თავის რელიგიურ მრწამსს და საფუძვლიანად და გულმოდგინედ გამოიკვლევს მას, მხოლოდ მაშინ შეძლებს ღვთისმოსაწონი რწმენის განვითარებას, რაც ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრაშიც დაეხმარება (ებრაელთა 11:1, 6).

      პირველი ქრისტიანი მქადაგებლები, იმისათვის, რომ სხვებს ასეთი რწმენის განვითარებაში დახმარებოდნენ, ‘ელაპარაკებოდნენ მათ წერილებიდან, უხსნიდნენ და უმტკიცებდნენ’ იმას, რასაც ასწავლიდნენ (საქმეები 17:1—3). ასეთ გონივრულ მიდგომას გულწრფელი ადამიანები დადებითად გამოეხმაურნენ. მაგალითად, მაკედონიის ქალაქ ბერეაში მრავალმა „მთელი გულმოდგინებით მიიღო [ღვთის] სიტყვა, ყოველდღე არჩევდნენ წერილებს, ნამდვილად ასე თუ არისო [ის, რასაც უხსნიდნენ პავლე და მისი თანამსახურნი]“ (საქმეები 17:11). ამ მუხლში ორ მნიშვნელოვან რამეზე მახვილდება ყურადღება: 1) ბერეელები მთელი გულმოდგინებით ისმენდნენ ღვთის სიტყვას და 2) მათ ბრმად კი არ მიიღეს მოსმენილი, არამედ წმინდა წერილებში ამოწმებდნენ. ქრისტიანმა მისიონერმა ლუკამ მოკრძალებულად შეაქო ბერეელები ასე მოქცევისთვის და „კეთილშობილები“ უწოდა. თქვენც ავლენთ ასეთ კეთილშობილებას სულიერ საკითხებთან მიმართებაში?

      გულისა და გონების თანამშრომლობა

      როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში გონებაც და გულიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ (მარკოზი 12:30). გაიხსენეთ წინა სტატიაში მოხსენიებული დაქირავებული მღებავის თვალსაჩინო მაგალითი, რომელმაც სახლის შეღებვისას დამკვეთის მითითება არ გაითვალისწინა. მას რომ დამქირავებლისთვის გულისყურით მოესმინა, მთელი გულითა და სულით შეასრულებდა სამუშაოს და დარწმუნებულიც იქნებოდა, რომ მისი ნახელავი დამსაქმებელს მოეწონებოდა. იგივე შეიძლება ითქვას თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებითაც.

      იესომ თქვა, რომ „ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით“ (იოანე 4:23). აქედან გამომდინარე, მოციქულმა პავლემ დაწერა: «ამისათვის ჩვენც... განუწყვეტლივ ვლოცულობთ თქვენთვის, რათა აღივსოთ მისი [„ნება-სურვილის საფუძვლიანი ცოდნით“, აქ], ყოველნაირი სიბრძნითა და სულიერი გონებით, რათა მოიქცეთ უფლის ღირსად და ყველაფერში აამოთ მას» (კოლასელთა 1:9, 10). ასეთი „საფუძვლიანი ცოდნა“ გულწრფელ ადამიანს საშუალებას აძლევს, მთელი გულით, სულით და დარწმუნებით ეთაყვანოს ღმერთს, რადგან ‘იცის, რას სცემს თაყვანს’ (იოანე 4:22).

      სწორედ ამიტომ, იეჰოვას მოწმეები არ ნათლავენ პატარა ბავშვებს ან ახალ დაინტერესებულებს, რომლებსაც საფუძვლიანად არა აქვთ ბიბლია შესწავლილი. იესომ თავის მიმდევრებს დაავალა: „მოიმოწაფეთ ყველა ხალხი... ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ“ (მათე 28:19, 20). მხოლოდ ღვთის ნება-სურვილის საფუძვლიანი ცოდნის მიღების შემდეგ შეძლებს ბიბლიის გულწრფელი მკვლევარი, თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებით გონივრული გადაწყვეტილება გამოიტანოს. ცდილობთ, მიიღოთ ასეთი შემეცნება?

      უფლის ლოცვა

      მოდით განვიხილოთ მათეს 6:9—13-ში ჩაწერილი უფლის ლოცვა, რომელსაც „მამაო ჩვენოსაც“ უწოდებენ, რათა დავინახოთ ბიბლიის საფუძვლიან ცოდნასა და მასზე ზოგად წარმოდგენას შორის არსებული განსხვავება.

      მილიონები ეკლესიებში რეგულარულად იმეორებენ იესოს მიერ მოცემული ლოცვის ნიმუშს. მაგრამ, რამდენ მათგანს ესმის მისი მნიშვნელობა, განსაკუთრებით ლოცვის პირველი ნაწილისა, რომელიც ღვთის სახელსა და სამეფოს ეხება? ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ იესომ პირველ რიგში მოიხსენია ლოცვაში.

      ლოცვა ასე იწყება: „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი“, რაც განწმენდას ნიშნავს. ყურადღება მიაქციეთ! იესომ გვითხრა, რომ ღვთის სახელის განსაწმენდად გველოცა. ბევრს, სულ მცირე, ორი კითხვა მაინც დაებადება: 1) რა ჰქვია ღმერთს? და 2) რატომ საჭიროებს ღვთის სახელი განწმენდას?

      პირველ შეკითხვაზე პასუხი ბიბლიის დედანში 7000-ჯერ გვხვდება. ერთ-ერთია მესამე მეფეთა 18:39 („საღვთო სჯული“, 1910 წ. გვ. 43): „იეჰოვა არს ღმერთი“. ღვთის სახელთან, იეჰოვასთან, დაკავშირებით გამოსვლის 3:15 ამბობს: „ეს არის ჩემი სახელი უკუნითი უკუნისამდე, ეს არის ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობამდე“a. მაგრამ, რატომ საჭიროებს განწმენდას ღვთის სახელი, რომელიც სიწმინდისა და სისპეტაკის გამოხატულებაა? იმიტომ, რომ კაცობრიობის ისტორიის დასაწყისშივე მას ჩირქი მოსცხეს და შეურაცხყვეს.

      ედემის ბაღში ადამსა და ევას ღმერთმა უთხრა, რომ მოკვდებოდნენ, თუ აკრძალული ხილის ნაყოფს იგემებდნენ (დაბადება 2:17). სატანა უტიფრად შეეწინააღმდეგა ღმერთს და ევას უთხრა: „არ მოკვდებით“. მაშასადამე, სატანამ ცილი დასწამა ღმერთს. თუმცა ყველაფერი ამით არ დამთავრებულა. მან უფრო მეტი ჩირქი მოსცხო ღვთის სახელს, როდესაც ევას უთხრა, რომ ღმერთი უსამართლოდ უმალავდა ძვირფას შემეცნებას. „მაგრამ იცის ღმერთმა, რომ როგორც კი შეჭამთ, თვალი აგეხილებათ და შეიქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი“ (დაბადება 3:4, 5). როგორი ცილისწამებაა!

      აკრძალული ნაყოფის ჭამით ადამმა და ევამ სატანის მხარე დაიკავეს. იქიდან მოყოლებული კაცობრიობის უმეტესი ნაწილი, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ღვთის სამართლიანი ნორმების უარყოფით ღმერთს შეურაცხყოფს (1 იოანე 5:19). ხალხი დღესაც ცილს სწამებს ღმერთს და იმ ტანჯვა-წამების გამო ადანაშაულებს, რომელიც, შესაძლოა, მათივე არასწორი მოქმედებებით არის გამოწვეული. „ადამიანს გზას თავისივე სიბრიყვე უმრუდებს, მისი გული კი უფალს ემდურის“, — ამბობს იგავნის 19:3. ახლა ხვდებით, თუ რატომ ლოცულობდა იესო, რომელსაც ნამდვილად უყვარდა მამამისი, რომ მისი სახელი განწმენდილიყო?

      „მოვიდეს სამეფო შენი“

      იესომ, მას შემდეგ, რაც ილოცა, რომ ღმერთის სახელი განწმენდილიყო, თქვა: «მოვიდეს სუფევა [„სამეფო“, აქ] შენი, და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა» (მათე 6:10). ამასთან დაკავშირებით შესაძლოა დაგვებადოს კითხვები: რა არის ღვთის სამეფო? და რას გააკეთებს იგი, რომ დედამიწაზე ღვთის ნება შესრულდეს?

      ბიბლიაში სიტყვა „სამეფო“ ძირითადად „მეფის მმართველობას“ ნიშნავს. ამიტომ, ლოგიკურია, რომ ღვთის სამეფო არის მმართველობა ანუ ღვთის მთავრობა, რომელსაც მისი ამორჩეული მეფე მართავს. მეფე სხვა არავინ არის, თუ არა აღდგენილი იესო ქრისტე — „მეფეთ მეფე და უფალთ უფალი“ (გამოცხადება 19:16; დანიელი 7:13, 14). ღვთის მესიანურ სამეფოსთან დაკავშირებით, რომელსაც იესო ქრისტე უხელმძღვანელებს, წინასწარმეტყველმა დანიელმა დაწერა: „იმ მეფეთა [დღევანდელი მიწიერი მმართველების] დღეებში ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა და მისი ხელმწიფება სხვა ხალხში არ გადავა. იგი შემუსრავს, და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება“ (დანიელი 2:44).

      დიახ, დედამიწაზე კონტროლს მთლიანად ღვთის სამეფო განახორციელებს, მოსპობს ყველა ბოროტს და „უკუნისამდე“ ანუ მარადიულად იმმართველებს. ასეთნაირად, ღვთის სამეფოს მეშვეობით იეჰოვა განწმენდს თავის სახელს და სატანისა და ბოროტი ადამიანების მიერ წაყენებულ ყველა ცრუ ბრალდებას გააქარწყლებს (ეზეკიელი 36:23).

      როგორც ყველა მთავრობას, ღვთის სამეფოსაც ჰყავს ქვეშევრდომები. ვინ არიან ისინი? ბიბლია ამ კითხვაზეც იძლევა პასუხს: „თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 36:11). ასევე იესომაც თქვა: „ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას“. ცხადია, ამ ადამიანებს მიღებული აქვთ ღვთის შესახებ საფუძვლიანი ცოდნა, რაც სიცოცხლისთვის აუცილებელ მოთხოვნად ითვლება (მათე 5:5; იოანე 17:3).

      შეგიძლიათ წარმოიდგინოთ თავმდაბალი, თვინიერი ადამიანებით დასახლებული დედამიწა, რომლებსაც ნამდვილად უყვართ იეჰოვა და ერთმანეთი? (1 იოანე 4:7, 8). სწორედ ამის შესახებ ლოცულობდა იესო, როდესაც ამბობდა: „მოვიდეს სამეფო შენი, და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“. ხვდებით ახლა, თუ რატომ ასწავლა იესომ თავის მიმდევრებს, ასე ელოცათ? და რაც უფრო მნიშვნელოვანია, გესმით, თუ როგორ შეიძლება პირადად თქვენზე იმოქმედოს ამ ლოცვის შესრულებამ?

      დღეს მილიონები მსჯელობენ ბიბლიაზე

      იესომ მსოფლიოში მიმდინარე იმ სულიერი საგანმანათლებლო საქმიანობის შესახებ იწინასწარმეტყველა, რომელიც ღვთის სამეფოს მოახლოებას აუწყებდა. მან თქვა: „ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული“ (მათე 24:14).

      მთელ მსოფლიოში იეჰოვას დაახლოებით ექვსი მილიონი მოწმე სასიხარულო ცნობას ქადაგებს თავიანთ მოყვასთან. ისინი გიწვევენ, რომ ლოგიკური მსჯელობის საფუძველზე, ბიბლიის საგულდაგულო გამოკვლევით უფრო მეტი გაიგოთ ღვთისა და მისი სამეფოს შესახებ. ამგვარად რწმენას განიმტკიცებთ და დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრების იმედით გულს გაიხარებთ, სადაც „აივსება მიწა უფლის ცოდნით, როგორც ზღვა არის წყლებით დაფარული“ (ესაია 11:6—9).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება