-
ერთგულად დაემორჩილეთ ღვთის ხელმძღვანელობასსაგუშაგო კოშკი — 2002 | 1 აგვისტო
-
-
„ახლა მღვდლობასაც ესწრაფით?“
8. ა) ვინ იყო კორახი? ბ) რატომ უყურებდა კორახი მღვდლობას ადამიანური თვალსაზრისით?
8 მიუხედავად იმისა, რომ კორახი ლევიანთა და კეჰათიანთა მამისსახლის თავკაცი არ იყო, ისრაელის ერთ–ერთი საგვარეულოს პატივცემულ თავკაცად ითვლებოდა (რიცხვნი 3:30, 32). თავისი მოვალეობების შესრულებისას კორახს აარონსა და მის ძეებთან ახლო ურთიერთობა უწევდა (რიცხვნი 4:18, 19). ის საკუთარი თვალით ხედავდა მათ არასრულყოფილებას და შეიძლება ფიქრობდა: „ისინი ნამდვილად არასრულყოფილები არიან, მე კი მათი მორჩილება მიწევს! არც თუ ისე დიდი ხნით ადრე აარონმა ოქროს ხბო ჩამოასხა. ამ ხბოს გამო მრავალი ჩაება კერპთაყვანისმცემლობაში. ახლა კი აარონი, მოსეს ძმა, მღვდელმთავრად მსახურობს! ნამდვილად მოსეს გავლენით სარგებლობს! აარონის შვილებმა — ნადაბმა და აბიჰუმ — ხომ ისეთი უკიდურესი უპატივცემულობა გამოავლინეს თავიანთი დანიშნულებისადმი, რომ იეჰოვამ სიკვდილითაც კი დასაჯა ისინი!“a (გამოსვლა 32:1—5; ლევიანნი 10:1, 2). მართალია ზუსტად არ ვიცით, რას ფიქრობდა, მაგრამ ერთი რამ ცხადია: კორახი მღვდლობას მხოლოდ ადამიანური თვალსაზრისით აფასებდა. ასეთი სახით, ის აუჯანყდა მოსესა და აარონს, საბოლოო ჯამში კი — იეჰოვას (პირველი მეფეთა 15:23; იაკობი 1:14, 15).
9, 10. რაში დაადანაშაულეს მოსე კორახმა და მისმა მხარდამჭერებმა და რა უნდა სცოდნოდათ მათ კარგად?
9 კორახი გავლენიანი კაცი იყო და ამიტომ არ გასჭირვებია თანამოაზრეთა შემოკრება. მან დათანთან და აბირამთან ერთად 250 მხარდამჭერის მოძებნა შეძლო, რომლებიც საზოგადოების თავკაცები იყვნენ. ისინი ერთად შეკრებილნი მივიდნენ მოსესა და აარონთან და უთხრეს: „წმიდაა ერთიანად მთელი საზოგადოება და უფალი არის მათ შორის. რატომ აღზევდით უფლის კრებულზე?“ (რიცხვნი 16:1—3).
10 აჯანყებულებს უნდა სცოდნოდათ, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ მოსეს ძალაუფლებას ეჭვქვეშ არ დააყენებდნენ. არც თუ დიდი ხნის წინათ აარონსა და მირიამსაც მსგავსი რამ დაემართათ. ფაქტობრივად, ისინიც კორახის მსგავსად მსჯელობდნენ! რიცხვნის 12:1, 2–ის თანახმად, ისინი უკმაყოფილებას ასე გამოხატავდნენ: „ნუთუ მხოლოდ მოსეს ელაპარაკებოდა უფალი? განა ჩვენც არ გველაპარაკებოდა?“. იეჰოვას ყველაფერი ესმოდა. მან უბრძანა მოსეს, აარონსა და მირიამს, შეკრებილიყვნენ სადღესასწაულო კარვის წინ, სადაც გამოაჩენდა, თუ ვის ირჩევდა ხელმძღვანელად. შემდეგ, იეჰოვამ ნათლად განაცხადა: „თუ ვინმე გყავთ უფლის ქადაგი, ხილვაში ვეცხადები, სიზმარში ვლაპარაკობ მასთან. ასეთი არ არის ჩემი მორჩილი მოსე. მთელი ჩემი ერის ერთგულია იგი“. ამის შემდეგ, იეჰოვამ მირიამს კეთრი შეჰყარა მცირე ხნით (რიცხვნი 12:4—7, 10).
11. როგორ მოიქცა მოსე კორახთან დაკავშირებულ სიტუაციაში?
11 კორახსა და მის მომხრეებს კარგად უნდა ხსომებოდათ ეს შემთხვევა. მათი მოქმედება მიუტევებელი იყო. მიუხედავად ამისა, მოსე მოთმინებით შეეცადა მათ დარწმუნებას. მან მოუწოდა, მეტი მადლიერება გამოევლინათ მიღებული უპირატესობებისთვის და უთხრა: „ნუთუ გეცოტავებათ, ისრაელის ღმერთმა რომ გამოგყოთ ისრაელის საზოგადოებიდან და დაგიახლოვათ?“. არა, ეს არ ყოფილა მცირე რამ! ლევიანებს ისედაც დიდი პასუხისმგებლობა ეკისრათ. რაღა უნდოდათ მეტი? მოსემ მათ გულისნადებს შემდეგი სიტყვებით ახადა ფარდა: „ახლა მღვდლობასაც ესწრაფით?“b (რიცხვნი 12:3; 16:9, 10). როგორი რეაგირება მოახდინა იეჰოვამ მისი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ აჯანყებაზე?
ისრაელის მსაჯული მოქმედებას იწყებს
12. რაზე იყო დამოკიდებული ღმერთთან ისრაელის კარგი და ხანგრძლივი ურთიერთობა?
12 რჯულის მიცემისას იეჰოვამ უთხრა ისრაელებს, რომ მორჩილების შემთხვევაში მათ „წმიდა ერად“ აქცევდა და ეს ასე იქნებოდა მანამ, სანამ ისინი იეჰოვას ხელმძღვანელობას დაემორჩილებოდნენ (გამოსვლა 19:5, 6). ახლა კი, როდესაც ხალხი აშკარად აჯანყდა, ისრაელის მსაჯული და რჯულმდებელი უნდა ამოქმედებულიყო! მოსემ უთხრა კორახს: „შენ და მთელი შენი დასი უფლის წინაშე გამოცხადდებით ხვალ — შენ, ისინი და აარონი. აიღეთ თითოეულმა თქვენ–თქვენი საცეცხლურები, საკმეველი ჩადეთ მასში და მიიტანეთ უფლის წინაშე თქვენ–თქვენი საცეცხლურები, ორასორმოცდაათი საცეცხლური; შენ და აარონმა თქვენ–თქვენი საცეცხლურები“ (რიცხვნი 16:16, 17).
13. ა) რატომ იყო აჯანყებულების მხრიდან კადნიერების გამოვლენა იეჰოვას წინაშე საკმევლის მიტანა? ბ) როგორ მოექცა იეჰოვა აჯანყებულებს?
13 ღვთის რჯულის თანახმად, საკმევლის კმევა მხოლოდ მღვდლებს შეეძლოთ. თავად იმ აზრს, რომ იეჰოვასთვის ეკმიათ იმ ლევიანებს, რომლებიც მღვდლებად არ მსახურობდნენ, გონს უნდა მოეყვანა ისინი (გამოსვლა 30:7; რიცხვნი 4:16). მაგრამ კორახი და მისი თანამოაზრეები უკან დახევას არ აპირებდნენ! მეორე დღეს „შეკრიბა კორახმა მათ [მოსესა და აარონის] წინააღმდეგ მთელი საზოგადოება სადღესასწაულო კარვის წინ“. შემდეგ მუხლებში ვკითხულობთ: „ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს: გამოეყავით ამ საზოგადოებას და ერთ წამში მოვსპობ მათ“. მაგრამ მოსე და აარონი შეევედრნენ უფალს, რომ არ დაეღუპა მთელი ერი. იეჰოვამ ისმინა მათი ვედრება. რაც შეეხება კორახსა და მის მომხრეებს: „გამოვიდა ცეცხლი უფლისაგან და შთანთქა ორასორმოცდაათი კაცი, საკმევლის შემწირველი“ (რიცხვნი 16:19—22, 35)c.
14. რატომ მიიღო იეჰოვამ მკაცრი ზომები ისრაელიანთა წინააღმდეგ?
14 საოცარია, მაგრამ ისრაელებმა, რომლებმაც ნახეს, თუ როგორ გაუსწორდა იეჰოვა აჯანყებულებს, ვერაფერი ისწავლეს ამ შემთხვევიდან. „აუჯანყდა მეორე დღეს ისრაელიანთა მთელი საზოგადოება მოსეს და აარონს, და თქვეს: თქვენ გაწყვიტეთ უფლის ერი“. ისრაელებმა შეთქმულთა მხარე დაიკავეს! ამჯერად იეჰოვას მოთმინების ფიალა აივსო. ახლა თვით მოსე და აარონიც კი ვეღარ გამოექომაგებოდნენ ხალხს. იეჰოვამ ურჩთა შემუსვრა დაიწყო და „გაწყდა მუსვრის დროს თოთხმეტი ათას შვიდასი კაცი, კორახის მიზეზით დახოცილთა გარდა“ (რიცხვნი 17:6—14).
15. ა) რა მიზეზები ჰქონდათ ისრაელებს იმისთვის, რომ უყოყმანოდ დამორჩილებოდნენ მოსესა და აარონს? ბ) რას ვიგებთ ამ შემთხვევიდან იეჰოვას შესახებ?
15 რა უაზროდ დაკარგა ამდენმა ხალხმა სიცოცხლე! ცოტათი მაინც დაფიქრებულიყვნენ იმაზე, რაც მოხდა; ეკითხათ საკუთარი თავისთვის: ვინ იყო ის ორი მამაკაცი, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდეს, ფარაონთან მივიდნენ და ისრაელების გათავისუფლება მოითხოვეს? ვის მოუხმო იეჰოვამ ხორების მთაზე ისრაელიანთა გათავისუფლების შემდეგ, რომ პირისპირ დალაპარაკებოდა უფლის ანგელოზს? უდავოა, მოსესა და აარონის ცხოვრება იეჰოვასადმი მათ ერთგულებასა და ხალხისადმი სიყვარულზე მოწმობდა (გამოსვლა 10:28; 19:24; 24:12—15). ანჯაყებულთა განადგურება იეჰოვას სიამოვნებას არ ჰგვრიდა. მაგრამ როდესაც ნათელი გახდა, რომ ხალხი თავისას არ იშლიდა, მან გადამწყვეტი ზომები მიიღო (ეზეკიელი 33:11).
-
-
ერთგულად დაემორჩილეთ ღვთის ხელმძღვანელობასსაგუშაგო კოშკი — 2002 | 1 აგვისტო
-
-
b კორახის თანამოაზრეები, დათანი და აბირამი, რეუბენის შტოდან იყვნენ. როგორც ჩანს, ისინი მღვდლობაზე პრეტენზიას არ აცხადებდნენ, უბრალოდ უკმაყოფილონი იყვნენ მოსეს წინამძღოლობით, ვინაიდან მათი მოლოდინი აღთქმული მიწის შესახებ არ გამართლდა (რიცხვნი 16:12—14).
c პატრიარქების დროს, ყოველი ოჯახის თავი წარადგენდა მეუღლესა და შვილებს ღვთის წინაშე; ის მათთვის მსხვერპლსაც სწირავდა (დაბადება 8:20; 46:1; იობი 1:5). მაგრამ რჯულის მიცემის შემდეგ, იეჰოვამ აარონის ოჯახის წევრები დანიშნა მღვდლებად და სწორედ მათ უნდა შეეწირათ მსხვერპლი. როგორც ჩანს, ამ 250 აჯანყებულს არ სურდა დამორჩილებოდა ამ ცვლილებას.
-