-
ზნეობრივი განწმენდა — როგორ აირეკლა იეჰოვას ხალხმა იეჰოვას სიწმინდეღვთის სამეფო მმართველობს!
-
-
თავი 11
ზნეობრივი განწმენდა — როგორ აირეკლა იეჰოვას ხალხმა იეჰოვას სიწმინდე
წარმოიდგინეთ, რომ იეჰოვას დიდი სულიერი ტაძრის გარეთა ეზოს წინკარში შედიხართ
1. რა შთამბეჭდავი ხილვა ნახა ეზეკიელმა?
წარმოიდგინეთ თავი ძვ. წ. მე-6 საუკუნეში წინასწარმეტყველ ეზეკიელის ადგილას. თქვენ უახლოვდებით უზარმაზარ, მოელვარე ტაძარს. იქვე ძლევამოსილი ანგელოზი დგას, რომელმაც ეს შთამბეჭდავი ადგილი უნდა დაგათვალიერებინოთ. სამი გარე კარიბჭიდან ერთ-ერთის შვიდ საფეხურზე ადიხართ. 30 მეტრ სიმაღლეზე აზიდული წინკარი მოწიწებას აღგიძრავთ. შიგნით სადარაჯო ოთახებსა და სვეტებს ხედავთ, რომლებზეც ლამაზი პალმის ხეებია გამოსახული (ეზეკ. 40:1—4, 10, 14, 16, 22; 41:20).
2. ა) რას განასახიერებს წინასწარმეტყველური სულიერი ტაძარი? (იხ. აგრეთვე სქოლიო). ბ) რა მნიშვნელობა აქვს ტაძრის შესასვლელის თითოეულ დეტალს?
2 ეზეკიელმა წინასწარმეტყველური მნიშვნელობის სულიერი ტაძარი ნახა. იგი მას ისე დაწვრილებით აღწერს, რომ მის წინასწარმეტყველურ წიგნში ტაძრის აღწერილობას 40—48 თავები ეთმობა. ეს ტაძარი წმინდა თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილ ღონისძიებებს განასახიერებს. ტაძრის შესასვლელის თითოეულ დეტალს თავისი მნიშვნელობა აქვს და ბოლო დღეებში მცხოვრებ ღვთის მსახურთა თაყვანისცემას ეხება.a რაზე მიანიშნებს მაღალი კარიბჭეები? იმაზე, რომ ვინც იეჰოვას სულიერ ტაძარში შედის, მაღალზნეობრივი ნორმებით უნდა ცხოვრობდეს. ამაზე მიუთითებს პალმის ხეების გამოსახულებებიც, რადგან პალმა ბიბლიაში სიმართლის სიმბოლოდ არის გამოყენებული (ფსალმ. 92:12). რაზე მიანიშნებს სადარაჯო ოთახები? იმაზე, რომ ვინც ღვთის ნორმებს არ იცავს, ამ მშვენიერ, მაცოცხლებელ სულიერ ტაძარში ვერ შევა (ეზეკ. 44:9).
3. რატომ არ უნდა წყდებოდეს ქრისტეს მიმდევრების განწმენდა?
3 როგორ შესრულდა ეზეკიელის ხილვა? როგორც მე-2 თავიდან გავიგეთ, იეჰოვამ თავისი ხალხი იესოს მეშვეობით 1914—1919 წლებში სულიერად განწმინდა, მაგრამ მათი განწმენდის პროცესი მაშინ არ დამთავრებულა. გასული საუკუნის განმავლობაში ქრისტე კვლავაც ეხმარებოდა ღვთის ხალხს იეჰოვას მაღალზნეობრივი ნორმების დაცვაში. მისი მიმდევრების განწმენდა არ უნდა წყდებოდეს. რატომ? ჯერ ერთი, რომ ქრისტეს ისინი ზნეობრივად გახრწნილი ქვეყნიერებიდან გამოჰყავს და მეორეც, სატანა სულ იმას ცდილობს, ისინი უზნეობის ჭაობში დააბრუნოს (წაიკითხეთ 2 პეტრეს 2:20—22). მოდი განვიხილოთ ის სამი მხარე, რაშიც ჭეშმარიტი ქრისტიანები განიწმინდნენ. ჯერ ვისაუბროთ ზნეობრივ განწმენდაზე, შემდეგ კრებაში სიწმინდის შენარჩუნებაზე, დაბოლოს ოჯახურ ცხოვრებაზე.
როგორ მიმდინარეობდა ზნეობრივი განწმენდა წლების მანძილზე
4, 5. რა ტაქტიკას იყენებდა და იყენებს სატანა და რა შედეგით?
4 იეჰოვას ხალხისთვის მაღალზნეობრივი ნორმებით ცხოვრება უმნიშვნელო არასდროს ყოფილა. აქედან გამომდინარე, დროის სვლასთან ერთად ზნეობრივ საკითხებზე ისინი უფრო მკაფიო მითითებებს იღებდნენ. განვიხილოთ ამის რამდენიმე მაგალითი.
5 სექსუალური უზნეობა. იეჰოვას განზრახვით, ცოლ-ქმარს შორის სქესობრივი ურთიერთობა სიამოვნების მომგვრელი, თანაც წმინდა უნდა ყოფილიყო. სატანას სურს, რომ ღვთისგან ბოძებული ეს ძღვენი შერყვნას, ღვთის ხალხის საცდუნებლად გამოიყენოს და ამგვარად, ისინი ღმერთს ჩამოაშოროს. ღვთის ხალხის დასაღუპავად სატანამ ეს ტაქტიკა წარმატებით გამოიყენა ბალაამის დროს. ამ ბოლო დღეებში კი მას კიდევ უფრო დიდი წარმატებით იყენებს (რიცხ. 25:1—3, 9; გამოცხ. 2:14).
6. რა აღთქმა დაიბეჭდა „საგუშაგო კოშკში“, რა მიზნით, და რატომ გაუქმდა ის? (იხ. აგრეთვე სქოლიო).
6 სატანის მცდელობისთვის ხელის შესაშლელად 1908 წლის 15 ივნისის „საგუშაგო კოშკში“ დაიბეჭდა აღთქმა, რომელიც შემდეგ პირობას შეიცავდა: „საპირისპირო სქესის წარმომადგენელს ერთი ერთზე ყოფნისას ყველგან და ყოველთვის ისე მოვექცევი, როგორც სხვისი თანდასწრებით მოვექცეოდი“.b მართალია, აღთქმის დადება სავალდებულო არ იყო, მაგრამ მას ბევრი დებდა და მათი სახელები „სიონის საგუშაგო კოშკში“ ქვეყნდებოდა. ეს აღთქმა თავის დროზე ბევრს დაეხმარა, მაგრამ დროთა განმავლობაში ის რიტუალად იქცა, რის გამოც მისი დადება შეწყვიტეს. თუმცა მასში ჩადებულ პრინციპებს ღვთის ხალხი კვლავაც იცავდა.
7. რა პრობლემა დასახელდა 1935 წლის „საგუშაგო კოშკში“ და რაზე გამახვილდა მასში ყურადღება?
7 სატანა თავისას არ იშლიდა. 1935 წლის 1 მარტის „საგუშაგო კოშკში“ დასახელდა ის პრობლემა, რომელმაც ღვთის ხალხს შორის იჩინა თავი. ზოგს, როგორც ჩანს, ეგონა, რომ მსახურებაში მონაწილეობა გარკვეულწილად ათავისუფლებდა პირად ცხოვრებაში იეჰოვას მაღალზნეობრივი ნორმების დაცვის პასუხისმგებლობისგან. „საგუშაგო კოშკში“ პირდაპირ იყო ნათქვამი: „უნდა გვახსოვდეს, რომ ქადაგების გარდა სხვა რამეც მოგვეთხოვება. იეჰოვას მოწმეები იეჰოვას წარმომადგენლები არიან, ამიტომ სათანადოდ უნდა წარადგენდნენ მას და მის სამეფოს“. ჟურნალში მოცემული იყო პირდაპირი რჩევები ქორწინებასა და ზნეობრივ ნორმებთან დაკავშირებით, რასაც ღვთის ხალხი სიძვის ჩადენისგან უნდა დაეცვა (1 კორ. 6:18).
8. რატომ აიხსნა არაერთხელ „საგუშაგო კოშკში“ საფუძვლიანად სექსუალური უზნეობის აღმნიშვნელი ბერძნული სიტყვის მნიშვნელობა?
8 ბოლო ათწლეულებში „საგუშაგო კოშკში“ არაერთხელ აიხსნა საფუძვლიანად ბერძნულ წერილებში სექსუალური უზნეობის აღსანიშნავად გამოყენებული სიტყვა პორნეას მნიშვნელობა. ეს სიტყვა გულისხმობს არა მარტო სქესობრივ კავშირს, არამედ მრავალგვარ უწმინდურებას, რაც საროსკიპოებში ხდება. ამგვარად, ქრისტეს მიმდევრები დაცულნი არიან სექსუალური უზნეობისგან, რაც დღეს ასე ფართოდაა გავრცელებული მთელ მსოფლიოში (წაიკითხეთ ეფესოელების 4:17—19).
9, 10. ა) რომელ ზნეობრივ საკითხს განიხილავდა 1935 წლის „საგუშაგო კოშკი“? ბ) როგორია ბიბლიის გაწონასწორებული დამოკიდებულება ალკოჰოლისადმი?
9 ალკოჰოლის უმართებულოდ მიღება. 1935 წლის 1 მარტის „საგუშაგო კოშკში“ კიდევ ერთი ზნეობრივი საკითხი განიხილებოდა: „შეინიშნება, რომ სამქადაგებლო თუ სხვა ორგანიზაციულ მოვალეობებს ზოგი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ასრულებს. რა შემთხვევებში ამართლებს წმინდა წერილები ღვინის დალევას? რამდენად გამართლებულია ღვინის დალევა, თუკი ეს უფლის ორგანიზაციაში ქრისტიანის მსახურებაზე უარყოფითად იმოქმედებს?“.
10 სტატია ღვთის სიტყვის საფუძველზე განიხილავდა ალკოჰოლური სასმელებისადმი გაწონასწორებულ დამოკიდებულებას. ბიბლია არ კრძალავს ღვინის ან სხვა მათრობელი სასმლის ზომიერ მიღებას, თუმცა გმობს ლოთობას (ფსალმ. 104:14, 15; 1 კორ. 6:9, 10). ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ წმინდა მსახურებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით გონიერი მონა ღვთის მსახურებს დიდი ხნის მანძილზე შეახსენებდა, რომ ღმერთმა აარონის ძეები უკანონოდ შეწირული ცეცხლის გამო დახოცა. როგორც ჩანს, მათი დანაშაულის მიზეზი სასმელი გახდა, რადგან მათი დასჯის შემდეგ ღმერთმა მღვდლებს ნასვამ მდგომარეობაში წმინდა მსახურების შესრულება აუკრძალა (ლევ. 10:1, 2, 8—11). ამ პრინციპიდან გამომდინარე, დღეს ქრისტეს მიმდევრები წმინდა მსახურებაში მონაწილეობის დროს არ უნდა იმყოფებოდნენ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ.
11. რაში დაეხმარა ღვთის ხალხს ალკოჰოლიზმის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება?
11 ბოლო ათწლეულების მანძილზე ქრისტეს მიმდევრებმა მეტი გაიგეს ალკოჰოლიზმზე, კერძოდ, სპირტიანი სასმელების ხშირად და ჭარბად სმაზე. დროულად მიღებული სულიერი საზრდოს დახმარებით ბევრმა თავი დააღწია ამ ჩვევას და ცხოვრება მოიწესრიგა. ბევრმაც საერთოდ აარიდა თავი ამ პრობლემას. ფაქტია, ალკოჰოლის გამო არ ღირს საკუთარი ღირსების, ოჯახის, და რაც ყველაზე მთავარია, წმინდა მსახურების შესაძლებლობის დაკარგვა.
„წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენს უფალს თამბაქოს სუნი ასდიოდეს ან პირში რაიმე სიბილწეს იდებდეს?!“ (ჩ. ტ. რასელი)
12. როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ქრისტეს მსახურებს თამბაქოს მიმართ ბოლო დღეების დადგომამდე?
12 თამბაქოს ბოროტად გამოყენება. ქრისტეს მსახურებს ჯერ კიდევ ბოლო დღეების დადგომამდე ჰქონდათ უარყოფითი დამოკიდებულება თამბაქოს მიმართ. წლების წინ ხანდაზმული ძმა, ჩარლზ კაპენი იხსენებდა მე-19 საუკუნის ბოლოს რასელთან თავის პირველ შეხვედრას. კაპენი მაშინ 13 წლისა ყოფილა და თავის სამ ღვიძლ ძმასთან ერთად „ბიბლიის სახლის“ (ალეგანი, პენსილვანია) კიბეზე მდგარა. ამ დროს რასელს გამოუვლია და მათთვის უკითხავს: „ბიჭებო ეწევით? თამბაქოს სუნი მცემს“. ბიჭებმა იუარეს. რა თქმა უნდა, ახალგაზრდებს შეუმჩნეველი არ დარჩებოდათ რასელის უარყოფითი დამოკიდებულება თამბაქოსადმი. 1895 წლის 1 აგვისტოს „საგუშაგო კოშკში“ 2 კორინთელების 7:1-ის შესახებ ძმა რასელი შემდეგ კომენტარს აკეთებდა: „ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება თამბაქოს ამა თუ იმ სახით მოხმარება ღვთის განდიდებას ან ქრისტიანის კეთილდღეობას მოემსახუროს . . . წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენს უფალს თამბაქოს სუნი ასდიოდეს ან პირში რაიმე სიბილწეს იდებდეს?!“.
13. ზნეობრივი სიწმინდის დაცვასთან დაკავშირებული რა დამატებითი მითითება მიიღეს მოწმეებმა 1973 წელს?
13 „საგუშაგო კოშკის“ 1935 წლის ნომერში თამბაქო „ბინძურ სარეველად“ მოიხსენიებოდა. ვინც მას მოსწევდა ან დაღეჭავდა, ბეთელის ოჯახის წევრი ვეღარ იქნებოდა; გარდა ამისა, ვეღარ იმსახურებდა იეჰოვას ორგანიზაციის წარმომადგენლად — პიონერად თუ მიმომსვლელ მსახურად. 1973 წელს მოწმეებმა ზნეობრივი სიწმინდის დაცვის შესახებ დამატებითი მითითება მიიღეს. იმავე წლის 1 ივნისის „საგუშაგო კოშკში“ აღნიშნული იყო, რომ ნებისმიერი იეჰოვას მოწმე, ვინც თამბაქოთი თავს წაიბილწავდა და ამით საკუთარ თავსაც ავნებდა და სხვებსაც, კრებაში კარგი რეპუტაციით ვერ ისარგებლებდა, ხოლო ვინც თამბაქოს ბოროტად გამოყენებას არ შეწყვეტდა, კრებიდან გაირიცხებოდა.c როგორც ვხედავთ, ქრისტემ თავისი მიმდევრების განსაწმენდად კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.
14. რა ნორმა დაადგინა ღმერთმა სისხლთან დაკავშირებით და როგორ იქცა სისხლის გადასხმა მთელ მსოფლიოში გავრცელებულ პროცედურად?
14 სისხლის გამოყენება. სისხლის საკვებად გამოყენება ღმერთმა ადამიანებს ჯერ კიდევ ნოეს დროს აუკრძალა. იმავე აკრძალვას ვხვდებით ისრაელი ერისთვის მიცემულ კანონსა და ქრისტიანებისთვის მიცემულ მითითებაში: „მოერიდონ . . . სისხლს“ (საქ. 15:20, 29; დაბ. 9:4; ლევ. 7:26). რა გასაკვირია, რომ სატანამ თანამედროვე დროში გამონახა ის საშუალება, რითაც ხალხს ამ ღვთიურ ნორმას დაარღვევინებდა. მე-19 საუკუნეში ექიმებმა სისხლის გადასხმაზე ცდების ჩატარება დაიწყეს, ხოლო სისხლის ჯგუფების აღმოჩენის შემდეგ სისხლის გადასხმის პროცედურა დაინერგა. 1937 წლიდან დაიწყეს სისხლის შეგროვება, გაჩნდა სისხლის ბანკები, მეორე მსოფლიო ომმა კი სისხლის მასობრივად გამოყენებას მისცა ბიძგი. მალე სისხლის გადასხმა მთელ მსოფლიოში გავრცელებულ სამედიცინო პროცედურად იქცა.
15, 16. ა) რა პოზიციას იკავებდნენ იეჰოვას მოწმეები სისხლის გადასხმასთან დაკავშირებით? ბ) რა მხარდაჭერა აღმოუჩინა ქრისტემ თავის მიმდევრებს და რა იყო ამის შედეგი?
15 ჯერ კიდევ 1944 წელს „საგუშაგო კოშკი“ იტყობინებოდა, რომ სისხლის გადასხმა მისი ჭამის ტოლფასი იყო. მომდევნო წელს ეს ბიბლიური პოზიცია უფრო გამყარდა და დაზუსტდა. 1951 წელს „საგუშაგო კოშკში“ დაიბეჭდა კითხვა-პასუხების ნუსხა მედპერსონალთან სამსჯელოდ. მთელ მსოფლიოში ქრისტეს ერთგული მიმდევრები დევნისა თუ მტრული დამოკიდებულების მიუხედავად გაბედულად იცავდნენ თავიანთ პოზიციას. ქრისტე კვლავაც ერთგულად ედგა მხარში თავის ორგანიზაციას. შედეგად, გამოიცა ბროშურები და დაიბეჭდა სტატიები, რომლებშიც სისხლთან დაკავშირებული საკითხები საფუძვლიანად და დაწვრილებით განიხილებოდა.
16 უხუცესებმა 1979 წელს საავადმყოფოებთან თანამშრომლობა დაიწყეს, რათა ექიმებისთვის ჩვენი პოზიცია, სისხლზე უარის თქმის ბიბლიური საფუძვლები და უსისხლო მკურნალობის გზები გაეცნოთ. 1980 წელს შეერთებული შტატების 39 ქალაქიდან ჩამოსულმა ძმებმა სპეციალური მომზადების კურსი გაიარეს. დროთა განმავლობაში ხელმძღვანელი საბჭოს გადაწყვეტილებით სხვადასხვა ქვეყანაში იქმნებოდა საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტები. რა შედეგი გამოიღო წლების მანძილზე მათმა საქმიანობამ? დღეს ათასობით ექიმი, ქირურგი და ანესთეზიოლოგი თანამშრომლობს იეჰოვას მოწმე პაციენტებთან. ისინი პატივისცემით ეკიდებიან ჩვენს არჩევანს და უსისხლოდ გვმკურნალობენ. რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი საავადმყოფო მიმართავს უსისხლო მკურნალობას და ზოგი ექიმი მას მკურნალობის საუკეთესო მეთოდადაც კი აღიარებს. განა გასაოცარი არ არის, როგორ იცავს იესო თავის მიმდევრებს სატანის წამბილწველი ხრიკებისგან?! (წაიკითხეთ ეფესოელების 5:25—27).
რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი საავადმყოფო მიმართავს უსისხლო მკურნალობას და ზოგი ექიმი მას მკურნალობის საუკეთესო მეთოდადაც კი აღიარებს
17. რით შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ ვაფასებთ იმ საშუალებებს, რომლებითაც ქრისტე თავის მიმდევრებს ზნეობრივად გვწმენდს?
17 კარგს ვიზამთ, თუ საკუთარ თავს ვკითხავთ: ვაფასებ იმ საშუალებებს, რომლითაც ქრისტე თავის მიმდევრებს ზნეობრივად გვწმენდს და გვასწავლის იეჰოვას მაღალზნეობრივი ნორმების დაცვას? თუ ვაფასებთ, მაშინ გვახსოვდეს, რომ სატანა დღემდე ეძებს საშუალებებს, რომ იეჰოვასა და იესოსგან გაგვაუცხოოს და ღვთის ზნეობრივ ნორმებს ჩვენს თვალში ფასი დაუკარგოს. ამისგან რომ დაგვიცვას, იეჰოვას ორგანიზაცია მუდამ შეგვახსენებს და რბილად გვაფრთხილებს, არ მოვექცეთ ამ ზნედაცემული ქვეყნიერების გავლენის ქვეშ. ამიტომ გავუგონოთ იეჰოვას და გავითვალისწინოთ მისი ფასდაუდებელი რჩევები! (იგავ. 19:20).
კრების სიწმინდის დაცვა
18. რა მინიშნებას შეიცავს ეზეკიელის ხილვა იეჰოვას ნორმების შეგნებულად დამრღვევებთან დაკავშირებით?
18 ღვთის ხალხის ზნეობრივ განწმენდას კრების სიწმინდის დასაცავად გათვალისწინებული ზომებიც ემსახურება. ყველა, ვინც იეჰოვას ნორმებს აღიარებს და თავს უძღვნის ღმერთს, სამწუხაროდ, თავისი გადაწყვეტილების ერთგული ბოლომდე არ რჩება. ზოგს გული უბოროტდება და შეგნებულად არღვევს იეჰოვას ნორმებს. რა უნდა გაკეთდეს ასეთ დროს? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ამ თავის დასაწყისში ნახსენები სულიერი ტაძრის ერთი დეტალი გამოგვადგება. გაიხსენეთ დიდებული კარიბჭეები! ყოველ შესასვლელს თავ-თავისი სადარაჯო ოთახები ჰქონდა. დარაჯები ტაძარს, როგორც ჩანს, იმ მიზნით იცავდნენ, რომ „გულით . . . წინადაუცვეთელები“ შიგნით არ შესულიყვნენ (ეზეკ. 44:9). ეს დეტალი იმაზე მიგვანიშნებს, რომ წმინდა თაყვანისმცემლობაში მონაწილეობის პატივი მხოლოდ იეჰოვას წმინდა ნორმების დამცველებს აქვთ; შესაბამისად, თანამორწმუნეებთან ერთად თაყვანისმცემლობაში მონაწილეობის პატივი ყველას არ ეძლევა.
19, 20. ა) როგორ ეხმარებოდა ქრისტე თავის მიმდევრებს სამართლებრივი საქმეების უკეთესად განხილვაში? ბ) რომელი სამი მიზეზის გამო ირიცხება კრებიდან მოუნანიებელი შემცოდველი?
19 ჯერ კიდევ 1892 წლის „საგუშაგო კოშკში“ აღნიშნული იყო: „ჩვენი მოვალეობა იმ ქრისტიანების გარიცხვაა, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად უარყოფენ ქრისტეს მიერ ყველასთვის გაღებულ გამოსასყიდს [შესაბამის საფასურს]“ (წაიკითხეთ 2 იოანეს 10). 1904 წელს გამოცემულ წიგნ „ახალ ქმნილებაში“ ეწერა, რომ ისინი, ვინც არ იშლიან ცუდის კეთებას, კრებას ზნეობრივად გახრწნის სერიოზულ საფრთხეს უქმნიან. იმ დროს კრებაში სერიოზული ცოდვის განსახილველად ეწყობოდა ეგრეთ წოდებული საეკლესიო სასამართლოები, რომლებშიც მონაწილეობას მთელი კრება იღებდა, თუმცა ამის ერთეული შემთხვევები იყო. 1944 წლის „საგუშაგო კოშკი“ იტყობინებოდა, რომ ამგვარი საქმეები მხოლოდ პასუხისმგებელ ძმებს უნდა განეხილათ. 1952 წლის „საგუშაგო კოშკში“ დაიბეჭდა სტატია, რომელშიც განხილული იყო, თუ როგორ უნდა წარმართულიყო ბიბლიურად სამართლებრივი საქმის განხილვა. სტატიაში ხაზგასმული იყო, რომ მოუნანიებელთა გარიცხვის მთავარი მიზეზი კრების სიწმინდის დაცვა იყო.
20 ათწლეულების განმავლობაში ქრისტე უფრო ნათელ მითითებებს აძლევდა თავის მიმდევრებს, რათა მათ სამართლებრივი საქმეები უკეთესად განეხილათ. დღეს ქრისტიანი უხუცესები კარგად არიან მომზადებული, რომ სამართლებრივი საკითხები იეჰოვას მოსაწონად გადაწყვიტონ. ისინი ჰბაძავენ იეჰოვას, რომელიც სამართლიანობასაც და გულმოწყალებასაც თანაზომიერად ავლენს. დღეს ჩვენთვის ცნობილია მოუნანიებელი შემცოდველის კრებიდან გარიცხვის, სულ მცირე, სამი მიზეზი: 1) იეჰოვას სახელის დაცვა შებღალვისგან, 2) კრების დაცვა შემცოდველის გამხრწნელი ზეგავლენისგან და 3) შემცოდველის მონანიებისკენ აღძვრა.
21. როგორ ემსახურება გარიცხვის ღონისძიება ქრისტეს მიმდევართა სულიერ კეთილდღეობას?
21 გარიცხვის ღონისძიება მართლაც რომ ქრისტეს მიმდევართა სულიერ კეთილდღეობას ემსახურება. ძველად ისრაელში შემცოდველები ხშირად გამხრწნელ გავლენას ახდენდნენ მთელ ერზე, და ზოგჯერ რიცხობრივადაც აღემატებოდნენ იეჰოვას მოყვარულებსა და კანონის დამცველებს. ამგვარად, მთელი ერი ბღალავდა ღვთის სახელს და მის წყალობას კარგავდა (იერ. 7:23—28). დღეს იეჰოვას არ ჰყავს ამორჩეული რომელიმე კონკრეტული ერი. მას თაყვანს სცემენ სულიერად მოწიფული ადამიანები ყველა ერიდან. როცა მოუნანიებელი შემცოდველები კრებიდან ირიცხებიან, ეშმაკი ვეღარ იყენებს მათ თავის იარაღად, კერძოდ კრებისთვის ზიანის მისაყენებლად და მისი სიწმინდის შესაბღალავად. მათი საზიანო გავლენა მინიმუმამდეა დაყვანილი. შედეგად, როგორც ჯგუფი, ჩვენ იეჰოვას კეთილგანწყობას არ ვკარგავთ. გახსოვდეთ იეჰოვას დაპირება: „არც ერთ იარაღს, რომელიც შენ წინააღმდეგ შეიქმნება, არ ექნება წარმატება“! (ეს. 54:17). მთელი გულით ვუჭერთ მხარს უხუცესებს, რომლებსაც სამართლებრივი საქმეების განხილვის სერიოზული პასუხისმგებლობა აკისრიათ?
ღვთის განდიდება, რომელსაც ყოველი ოჯახი უნდა უმადლოდეს თავისი სახელისთვის
22, 23. რატომ ვართ მადლიერნი მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ჩვენი თანამორწმუნეების, და საიდან ჩანს, რომ მათი მიდგომა მთლად გაწონასწორებული არ იყო?
22 მესამე სფერო, რაშიც ქრისტემ თავისი მიმდევრები განწმინდა, ქორწინება და ოჯახური ცხოვრებაა. რა ცვლილება განიცადა ჩვენმა შეხედულებამ ოჯახური ცხოვრების შესახებ? როცა მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ღვთის მსახურთა ისტორიებს ვეცნობით, გაოცებული ვრჩებით მათი თავგანწირვის სულისკვეთებით. ნამდვილად მადლიერნი ვართ მათი, ვინც თავიანთ ცხოვრებაში ყველაფერზე წინ წმინდა მსახურება დააყენა. თუმცა დღევანდელი გადასახედიდან თუ ვიმსჯელებთ, ასეთი მიდგომა მთლად გაწონასწორებული არ იყო. რატომ?
23 იმ დროს უჩვეულო არაფერი იყო იმაში, რომ ძმებს ქადაგების ან მიმოსვლითი მსახურების გამო თვეობით ჰყოლოდათ ოჯახები დატოვებული. მაშინ პუბლიკაციებში უფრო დიდი აქცენტი კეთდებოდა დაუქორწინებლობაზე, ვიდრე ამის საფუძველს ბიბლია იძლეოდა, ხოლო ქორწინების განმტკიცებაზე ბევრი არაფერი იწერებოდა. დღესაც იგივე დამოკიდებულება აქვთ ქრისტეს მიმდევრებს?
ქრისტეს მიმდევრები თვლიან, რომ თეოკრატიული დავალებები ოჯახური მოვალეობების ხარჯზე არ უნდა სრულდებოდეს
24. როგორ დაეხმარა ქრისტე თავის მიმდევრებს, რომ ქორწინებასა და ოჯახზე გაწონასწორებული შეხედულება ჰქონოდათ?
24 დღესდღეობით ქრისტეს მიმდევრები თვლიან, რომ თეოკრატიული დავალებები ოჯახური მოვალეობების ხარჯზე არ უნდა სრულდებოდეს (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 5:8). ქრისტემ იზრუნა იმაზე, რომ მის ერთგულ მიმდევრებს უწყვეტად მიეღოთ სასარგებლო და გონივრული ბიბლიური რჩევები ქორწინებასა და ოჯახზე (ეფეს. 3:14, 15). მაგალითად, 1978 წელს გამოიცა წიგნი „მოაწყვე ბედნიერი ოჯახური ცხოვრება“, 18 წლის შემდეგ კი — „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“. გარდა ამისა, „საგუშაგო კოშკში“ დღემდე იბეჭდება სტატიები, რომლებიც შეიცავს ბიბლიურ პრინციპებს დაქორწინებული წყვილებისთვის.
25—27. როგორ ეთმობოდა სულ უფრო მეტი ყურადღება ბავშვებისა და ახალგაზრდების მოთხოვნილებებს?
25 ქრისტეს არც ბავშვები და ახალგაზრდები დაუტოვებია უყურადღებოდ. მათ მოთხოვნილებებს წლების მანძილზე სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობოდა. იეჰოვას ორგანიზაცია ოდითგანვე ზრუნავდა ბავშვებსა და ახალგაზრდებზე, თუმცა ის, რაც ადრე კეთდებოდა, ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც ბოლო წლებში გაკეთდა. მაგალითად, 1919—1921 წლებში ჟურნალ „ოქროს ხანაში“ იბეჭდებოდა რუბრიკა „ნორჩი ბიბლიის მკვლევრები“. 1920 წელს გამოიცა ბროშურა „ოქროს ხანის ანბანი“, ხოლო 1941 წელს — წიგნი „ბავშვები“. 1970-იან წლებში გამოიცა წიგნები „უსმინეთ დიდებულ მასწავლებელს“, „საუკეთესოდ გამოიყენე ახალგაზრდობის წლები“ და „ბიბლიური მოთხრობები“. 1982 წლიდან „გამოიღვიძეთში“ გამოჩნდა რუბრიკა „ახალგაზრდების შეკითხვები“. მოგვიანებით, 1989 წელს ამ რუბრიკის სტატიები გამოიცა წიგნად „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“.
გერმანიაში ჩატარებულ კონგრესზე ბავშვები გაახარა ახალმა ბროშურამ „ჩემი ბიბლიური გაკვეთილები“
26 დღეისათვის უკვე გამოცემულია წიგნ „ახალგაზრდების შეკითხვების“ განახლებული ორტომეული, ხოლო ამავე სახელწოდების რუბრიკის ახალი სტატიები თავსდება ჩვენს ვებ-გვერდზე jw.org. გარდა ამისა, გამოსულია წიგნი „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“. ჩვენს ვებ-გვერდზე ბევრი საბავშვო მასალაა განთავსებული, მათ შორის ბიბლიური ბარათები და სავარჯიშოები როგორც მცირეწლოვანთათვის, ისე მოზარდებისთვის, აგრეთვე თავსატეხები, ვიდეორგოლები, დასურათებული ბიბლიური ისტორიები და ბიბლიური გაკვეთილები სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. უდავოა, ქრისტესთვის ბავშვები დღესაც ისეთივე ძვირფასნი არიან, როგორც პირველ საუკუნეში იყვნენ (მარ. 10:13—16). მას სურს, რომ ბავშვებმაც და ახალგაზრდებმაც არასოდეს იგრძნონ სიყვარულისა და ნოყიერი სულიერი საზრდოს ნაკლებობა.
27 იესო ბავშვების დაცვაზეც ზრუნავს. ეს ქვეყნიერება უზნეობის ჭაობში იძირება, რის გამოც ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემთხვევები გახშირებულია. ამიტომ ჩვენს პუბლიკაციებში მშობლებისთვის იბეჭდება რჩევები, თუ როგორ დაიცვან შვილები გახრწნილი ადამიანებისგან.d
28. ა) ეზეკიელის ხილვის თანახმად, რა მოგვეთხოვება წმინდა თაყვანისმცემლობაში მონაწილეობისთვის? ბ) რის გაკეთება გვმართებს?
28 განა გამამხნევებელი არ არის ის, რომ ქრისტე განაგრძობს თავისი მიმდევრების განწმენდას და ასწავლის მათ იეჰოვას მაღალზნეობრივი ნორმებით ცხოვრებას?! გავიხსენოთ ეზეკიელის მიერ ხილვაში ნანახი ტაძარი და მისი მაღალი წინკარები. აღიქვამთ ამ უხილავ ტაძარს რეალურად? მასში „შესასვლელად“ მხოლოდ სამეფო დარბაზში სიარული, ბიბლიის გადაშლა და მსახურებისას კარზე დაკაკუნება არ კმარა, რადგან ეს ყოველივე ხილულია. ამის გაკეთება ხომ თვალთმაქცსაც შეუძლია, თუმცა ის იეჰოვას ტაძარში ვერ შევა. მაგრამ თუ ამ ყველაფერთან ერთად იეჰოვას მაღალზნეობრივი ნორმებით ვცხოვრობთ და სწორი მოტივებით ვმონაწილეობთ წმინდა თაყვანისმცემლობაში, შეიძლება ითქვას, რომ შესულები ვართ ამ წმინდა ადგილას და იქ ვმსახურობთ. მუდამ გვახსოვდეს, რომ ეს ჩვენთვის უდიდესი პატივია. მოდი, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ვიცხოვროთ იეჰოვას მაღალზნეობრივი ნორმებით და მისი სიწმინდე ავირეკლოთ!
a წიგნ „გამართლების“ მე-2 ტომში (1932 წ.) პირველად იყო ახსნილი, რომ ის ბიბლიური წინასწარმეტყველებები, რომლებიც ღვთის ხალხის სამშობლოში დაბრუნებას ეხებოდა, თანამედროვე დროში შესრულდა არა ებრაელ ერზე, არამედ სულიერ ისრაელზე. ეს წინასწარმეტყველებები წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენას ეხება. 1999 წლის 1 მარტის „საგუშაგო კოშკში“ ახსნილი იყო, რომ ეზეკიელის მიერ ხილვაში ნანახი ტაძარიც აღდგენილ წმინდა თაყვანისმცემლობას განასახიერებდა. შესაბამისად, ეს ხილვა ბოლო დღეებში სრულდება.
b ამ აღთქმის თანახმად, კაცსა და ქალს ერთ ოთახში მარტო ყოფნისას კარი ფართოდ გაღებული უნდა დაეტოვებინათ. ეს წესი არ ვრცელდებოდა ცოლ-ქმარზე და ახლო ნათესავებზე. აღთქმა ბეთელში დილის თაყვანისცემის დროს იკითხებოდა.
c თამბაქოს ბოროტად გამოყენებაში იგულისხმება მისი მოწევა, დაღეჭვა და მოყვანა.
d იხილეთ წიგნი „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“, თავი 32, აგრეთვე სტატიათა სერია „დაიცავით შვილები საფრთხისგან!“, რომელიც დაიბეჭდა 2007 წლის ოქტომბრის „გამოიღვიძეთ!“-ში.
-
-
ორგანიზებულად ვასრულებთ „მშვიდობის ღმერთის“ ნებასღვთის სამეფო მმართველობს!
-
-
თავი 12
ორგანიზებულად ვასრულებთ „მშვიდობის ღმერთის“ ნებას
1, 2. რა ცვლილება განიცადა 1895 წლის იანვრის „სიონის საგუშაგო კოშკმა“ და რა გამოხმაურება მოჰყვა ამ სიახლეს?
როცა გულმოდგინე ბიბლიის მკვლევარმა ჯონ ბონემ 1895 წლის იანვრის „სიონის საგუშაგო კოშკი“ მიიღო, აღფრთოვანებული დარჩა. ჟურნალის გარეკანზე მკვეთრად იყო გამოსახული შუქურა, რომელიც მღელვარე ზღვას გადაჰყურებდა, მისგან გამომავალი სინათლის სხივები კი ბნელ ცას აშუქებდა. ამ სიახლის შესახებ ამავე ნომერში დაბეჭდილი იყო განცხადება სათაურით „ახლებური გაფორმება“.
2 ჯონ ბონემ მაშინვე მისწერა წერილი ძმა რასელს. „გარეკანზე კოშკი ლამაზად და შთამბეჭდავად გამოიყურება“, — წერდა ის. ახალი გაფორმების შესახებ კომენტარი ბიბლიის მკვლევარმა, ჯონ ბრაუნმაც გააკეთა: „ძალიან თვალში საცემი გარეკანი აქვს. რა მყარად დგას კოშკი აბობოქრებულ ზღვაში?! აქეთ-იქიდან ტალღები ეხეთქება, მაგრამ ვერაფერს აკლებს!“. ჟურნალის გარეკანი არ იყო ერთადერთი სიახლე. იმავე წლის ნოემბერში და-ძმებმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი შეიტყვეს, რასაც საძმო მომავალი სიძნელეების დროს უნდა დაეცვა.
3, 4. რა პრობლემას მოიხსენიებდა 1895 წლის 15 ნოემბრის „საგუშაგო კოშკის“ ერთ-ერთი სტატია და რა სერიოზული ცვლილების შესახებ იუწყებოდა ის?
3 „საგუშაგო კოშკის“ 1895 წლის 15 ნოემბრის ნომერში დაბეჭდილი ვრცელი სტატია ფარდას ხდიდა ორგანიზაციაში არსებულ პრობლემას, რომელიც ბობოქარი ზღვის ტალღებივით ეხეთქებოდა ღვთის ორგანიზაციას და ბიბლიის მკვლევართა შორის მშვიდობას არღვევდა. საქმე ის იყო, რომ კრებაში ძმები ხშირად კამათობდნენ იმაზე, თუ ვინ უნდა ყოფილიყო მათ შორის ხელმძღვანელი. სტატიაში, რომელიც მიზნად ისახავდა კრებაში მეტოქეობის აღმოფხვრას, ორგანიზაცია ხომალდთან იყო შედარებული და გულწრფელად იყო ნათქვამი, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა თანამორწმუნეები განსაცდელებისთვის ვერ მოამზადეს. როგორ უნდა მოგვარებულიყო ეს პრობლემა?
4 სტატიაში აღნიშნული იყო, რომ კარგ კაპიტანს ხომალდზე უნდა ჰქონდეს საშველი აღჭურვილობა და მისი ეკიპაჟი მომზადებული უნდა იყოს შტორმისთვის. მსგავსად ამისა, ორგანიზაციის ხელმძღვანელებს ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ, რომ კრებები სიძნელეებს მომზადებული შეხვედროდნენ, ამისთვის კი საჭირო იყო სერიოზული ცვლილების მოხდენა. სტატიაში მოცემული მითითებისამებრ, ყოველ კრებაში სამწყსოს საზედამხედველოდ დაუყოვნებლივ უნდა აერჩიათ უხუცესები (საქ. 20:28).
5. ა) რატომ იყო უხუცესების არჩევის პირველი ღონისძიება წინ გადადგმული ნაბიჯი? ბ) რა საკითხებს განვიხილავთ?
5 უხუცესების არჩევის ეს პირველი ღონისძიება ძლიერი კრების ჩამოსაყალიბებლად წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. მისი დახმარებით ძმებმა პირველი მსოფლიო ომის მძვინვარე ტალღები გააპეს. მომდევნო ათწლეულებში მომხდარი სხვა ორგანიზაციული ცვლილებები ღვთის ხალხს იეჰოვას ნების უკეთ შესრულებაში დაეხმარა. რომელი ბიბლიური წინასწარმეტყველება ეხებოდა ამ ცვლილებებს? თქვენ რომელი ცვლილების მომსწრე გახდით? რა დადებითი ნაყოფი გამოიღო ამ ცვლილებებმა?
„მშვიდობას დაგიყენებ ზედამხედველად“
6, 7. ა) როგორ უნდა გავიგოთ ესაიას 60:17-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება? ბ) რაზე მიუთითებს სიტყვები „ზედამხედველი“ და „სამუშაოს გამნაწილებელი“?
6 როგორც მე-9 თავში განვიხილეთ, იეჰოვას ესაიას პირით ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა, რომ თავის ხალხს აკურთხებდა და რიცხობრივად გაზრდიდა (ეს. 60:22). თუმცაღა იეჰოვა ამაზე მეტსაც გააკეთებდა. მან თქვა: „სპილენძის ნაცვლად ოქროს შემოვიტან, რკინის ნაცვლად — ვერცხლს, ხის ნაცვლად — სპილენძს და ქვების ნაცვლად — რკინას. მშვიდობას დაგიყენებ ზედამხედველად და სიმართლეს — სამუშაოს გამნაწილებლად“ (ეს. 60:17). როგორ უნდა გავიგოთ ეს წინასწარმეტყველება და ჩვენ როგორ გვეხება ის დღეს?
ცუდი კარგით კი არ უნდა შეცვლილიყო, არამედ კარგი — უკეთესით
7 ამ წინასწარმეტყველების თანახმად, ერთი მასალა მეორით შეიცვლებოდა. აღსანიშნავია, რომ ცუდი კარგით კი არ უნდა შეცვლილიყო, არამედ კარგი — უკეთესით. სპილენძის ოქროთი შეცვლა გაუმჯობესების ნიშანია; იმავეს თქმა შეიძლება წინასწარმეტყველებაში ნახსენებ სხვა მასალებზეც. იეჰოვამ ფიგურალური ენით იწინასწარმეტყველა თავისი ხალხის ეტაპობრივი წინსვლა. რა სახის წინსვლაზეა საუბარი? იეჰოვამ „ზედამხედველი“ და „სამუშაოს გამნაწილებელი“ მოიხსენია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ღვთის ხალხს უკეთესად გაეწეოდა მზრუნველობა და ორგანიზება.
8. ა) ვისი დამსახურებაა ესაიას წინასწარმეტყველებაში აღწერილი ცვლილებები? ბ) რა შედეგები მოაქვს ამ ცვლილებებს? (იხ. აგრეთვე ჩარჩო „მან თავმდაბლად მიიღო შენიშვნა“).
8 ვისი დამსახურებაა ორგანიზაციული წინსვლა? იეჰოვა ამბობს: „ოქროს შემოვიტან . . . მშვიდობას დაგიყენებ“. აქედან გამომდინარე, ორგანიზაციული წინსვლა ადამიანის ძალისხმევით კი არა, იეჰოვას ჩარევით მოხდებოდა. იესოს გამეფების შემდეგ იეჰოვა ცვლილებებს თავისი ძის მეშვეობით ახორციელებს. რა შედეგები მოაქვს ამას? იმავე მუხლში ნათქვამია, რომ წინსვლას მშვიდობა და სიმართლე მოჰყვებოდა. როცა მივყვებით ღვთის ხელმძღვანელობას და სათანადო ცვლილებებს ვახდენთ, ჩვენ შორის მშვიდობა ისადგურებს, სიმართლის სიყვარული კი აღგვძრავს, ვემსახუროთ იეჰოვას, რომელსაც მოციქულმა პავლემ „მშვიდობის ღმერთი“ უწოდა (ფილ. 4:9).
9. რა განაპირობებს კრებებში არსებულ წესრიგსა და ერთიანობას და რატომ?
9 იეჰოვას შესახებ პავლე აგრეთვე წერდა: „ღმერთი უწესრიგობის კი არა, მშვიდობის ღმერთია“ (1 კორ. 14:33). აღსანიშნავია, რომ პავლე უწესრიგობას წესრიგს კი არ უპირისპირებს, არამედ მშვიდობას. რატომ? წესრიგი ავტომატურად არ განაპირობებს მშვიდობას. მაგალითად, ჯარისკაცები ბრძოლის ველისკენ მწყობრად მიემართებიან, მაგრამ მათი მოწესრიგებული გადაადგილება ომისკენაა მიმართული და არა მშვიდობისკენ. ქრისტიანებს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ წესრიგი, რომელსაც საფუძვლად მშვიდობა არ უდევს, ადრე თუ გვიან დაირღვევა, ხოლო წესრიგი, რომელსაც საფუძვლად ღვთის მშვიდობა უდევს, ურღვევი იქნება. რაოდენ მადლიერნი ვართ, რომ ჩვენს ორგანიზაციას „მშვიდობის მომცემი ღმერთი“ ხელმძღვანელობს და ხვეწს! (რომ. 15:33). ღვთის მშვიდობა სასიკეთო წესრიგსა და ნამდვილ ერთიანობას განაპირობებს, რაც ყველა კრებაში ასე ძლიერ იგრძნობა (ფსალმ. 29:11).
10. ა) რა ცვლილებები მოხდა ჩვენს ორგანიზაციაში მისი არსებობის პირველ ათწლეულებში? (იხ. ჩარჩო „როგორ უმჯობესდებოდა კრების ზედამხედველობა“). ბ) რომელ კითხვებს გაეცემა პასუხი?
10 ჩარჩოში „როგორ უმჯობესდებოდა კრების ზედამხედველობა“ ჩამოთვლილია ის თანმიმდევრული და სასიკეთო ცვლილებები, რომლებიც ჩვენი ორგანიზაციის არსებობის პირველ რამდენიმე ათწლეულში მოხდა. მაგრამ ბოლო ათწლეულებში როგორ შეცვალა იეჰოვამ ჩვენი მეფის მეშვეობით „სპილენძი ოქროდ“? როგორ შეუწყო ხელი ზედამხედველობის გაუმჯობესებამ კრებებში მშვიდობასა და ერთობას? თქვენ, როგორც „მშვიდობის ღმერთის“ მსახურს, როგორ გეხმარებათ ეს ცვლილებები?
როგორ ხელმძღვანელობს ქრისტე კრებას?
11. ა) რა გაიგო ხელმძღვანელმა საბჭომ ბიბლიური საკითხების საფუძვლიანი გამოკვლევის შედეგად? ბ) რისთვის იყო მზად ხელმძღვანელი საბჭო?
11 ხელმძღვანელი საბჭოს გადაწყვეტილებით ძმებმა ხელი მოჰკიდეს ბიბლიის კვლევით პროექტს, რომელიც 1964—1971 წლებში მიმდინარეობდა. საკვლევ საკითხთა შორის იყო პირველი საუკუნის ქრისტიანული კრების ფუნქციონირება.a როგორც აღმოჩნდა, პირველ საუკუნეში კრებას ზედამხედველობას უხუცესთა საბჭო უწევდა და არა ერთი რომელიმე უხუცესი (წაიკითხეთ ფილიპელების 1:1; 1 ტიმოთეს 4:14). ამ საკითხის გამოკვლევის შედეგად ხელმძღვანელი საბჭოს წევრები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მათ მეფე იესო ორგანიზაციული ცვლილებების მოხდენისკენ უბიძგებდა. ხელმძღვანელი საბჭო მზად იყო, მეფის კურსს მიჰყოლოდა. მათ მაშინვე მოახდინეს ცვლილებები და კრების ზედამხედველობის სისტემა მაქსიმალურად მიუსადაგეს ბიბლიურ ნიმუშს. რა ცვლილებები მოახდინეს მათ 1970-იანი წლების დასაწყისში?
12. ა) რა ცვლილება მოხდა ხელმძღვანელ საბჭოში? ბ) ახსენით, როგორ ფუნქციონირებს ხელმძღვანელი საბჭო (იხ. ჩარჩო „როგორ იცავს ხელმძღვანელი საბჭო სამეფოს ინტერესებს?“).
12 პირველი ცვლილება თავად ხელმძღვანელ საბჭოს შეეხო. მანამდე ის შედგებოდა „პენსილვანიის საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების“ დირექტორთა საბჭოს შვიდი ცხებული წევრისგან. თუმცა 1971 წლიდან ხელმძღვანელი საბჭო, რომლის წევრთა რიცხვიც შვიდიდან თერთმეტამდე გაიზარდა, დირექტორთა საბჭოსგან გაიმიჯნა. გარდა ამისა, ხელმძღვანელი საბჭოს წევრები უკვე უფლებრივი თანასწორობით სარგებლობდნენ და თითოეულს თავმჯდომარედ გვარების ანბანური თანმიმდევრობით წელიწადში ერთხელ ირჩევდნენ.
13. ა) კრების ხელმძღვანელობის როგორი სისტემა არსებობდა 1932—1972 წლებში? ბ) რა გააკეთა ხელმძღვანელმა საბჭომ 1972 წელს?
13 მომდევნო ცვლილება ყველა კრებას შეეხო. 1932—1972 წლებში კრებას, ძირითადად, თეოკრატიულად დანიშნული ერთი ძმა ზედამხედველობდა. 1936 წლამდე მას სამსახურებრივი ხელმძღვანელი ერქვა. იმავე წელს მას ჯგუფის მსახური დაერქვა, მოგვიანებით — კრების მსახური და ბოლოს — კრების ზედამხედველი. ეს ძმები თავდაუზოგავად ზრუნავდნენ სამწყსოს სულიერ კეთილდღეობაზე. კრების ზედამხედველი, როგორც წესი, გადაწყვეტილებებს კრების სხვა ძმებთან მოუთათბირებლად იღებდა. მაგრამ 1972 წელს ხელმძღვანელმა საბჭომ ისტორიული მნიშვნელობის ცვლილება მოახდინა. რა ცვლილება იყო ეს?
14. ა) რა ღონისძიება შევიდა ძალაში 1972 წლის 1-ლ ოქტომბერს? ბ) როგორ იყენებენ უხუცესთა საბჭოების კოორდინატორები ფილიპელების 2:3-ში ჩაწერილ რჩევას?
14 კრებას მეტად აღარ ეყოლებოდა ერთი ზედამხედველი. თეოკრატიულად ის ძმებიც დაინიშნებოდნენ უხუცესებად, რომლებიც ბიბლიურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებდნენ. ამგვარად, კრების საზედამხედველოდ უხუცესთა საბჭო ჩამოყალიბდებოდა. ეს ახალი ღონისძიება ძალაში 1972 წლის 1-ლ ოქტომბერს შევიდა. დღეს უხუცესთა საბჭოს ჰყავს კოორდინატორი, რომელიც თავს მიიჩნევს არა სხვებზე აღმატებულად, არამედ უმცირესად (ლუკ. 9:48). ასეთი თავმდაბალი ძმები მსოფლიო საძმოსთვის ნამდვილი კურთხევა არიან (ფილ. 2:3).
აშკარაა, რომ ჩვენმა შორსმჭვრეტელმა მეფემ თავის მიმდევრებს დროულად დაუნიშნა მწყემსები
15. ა) რა დადებითი შედეგები მოჰყვა კრებებში უხუცესთა საბჭოების ჩამოყალიბებას? ბ) რა მეტყველებს ჩვენი მეფის შორსმჭვრეტელობაზე?
15 კრებებში უხუცესთა საბჭოების ჩამოყალიბებამ დიდად შეუწყო ხელი თეოკრატიულ წინსვლას. განვიხილოთ ამ ცვლილების სამი დადებითი შედეგი. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს ცვლილება ნებისმიერ უხუცესს, რა პასუხისმგებლობაც უნდა ჰქონდეს, იმის გაცნობიერებაში ეხმარება, რომ კრების თავი ქრისტეა (ეფეს. 5:23). მეორე, იგავების 15:22-ში ნათქვამია: „სადაც მრავალი მრჩეველია, იქ მიზანიც მიიღწევა“. როცა უხუცესები ერთმანეთთან თათბირობენ ისეთ საკითხებზე, რომლებიც კრების სულიერ კეთილდღეობას ეხება, და ერთმანეთის წინადადებებს ითვალისწინებენ, ბიბლიურ პრინციპებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს იღებენ (იგავ. 27:17). იეჰოვას კურთხევით მათი გადაწყვეტილებები მიზანს აღწევს. მესამე, უხუცესების რიცხვის ზრდის შედეგად მზარდ კრებებს სათანადოდ ეწევა ზედამხედველობა და სამწყემსო საქმეც არ ზარალდება (ეს. 60:3—5). მაგალითად, 1971 წელს მთელ მსოფლიოში 27 000-ზე მეტი კრება იყო, 2013 წელს კი მათმა რიცხვმა 113 000-ს გადააჭარბა. აშკარაა, რომ ჩვენმა შორსმჭვრეტელმა მეფემ თავის მიმდევრებს დროულად დაუნიშნა მწყემსები (მიქ. 5:5).
„მაგალითი იყავით სამწყსოსთვის“
16. ა) რა პასუხისმგებლობა აკისრიათ უხუცესებს? ბ) როგორ უყურებდნენ ბიბლიის მკვლევრები იესოს მოწოდებას ბატკნების დამწყემსვის შესახებ?
16 კრების უხუცესებს იმთავითვე ესმოდათ თავიანთი მოვალეობა — ისინი თანამორწმუნეებს ღვთისადმი ბოლომდე ერთგულად მსახურებაში უნდა დახმარებოდნენ (წაიკითხეთ გალატელების 6:10). 1908 წლის „საგუშაგო კოშკის“ ერთ-ერთ სტატიაში განხილული იყო იესოს მოწოდება: „დამწყემსე ჩემი ბატკნები“ (იოან. 21:15—17). აი, რას მოუწოდებდა სტატია უხუცესებს: „უფლის მიერ მობარებულ სამწყსოზე ზრუნვის პასუხისმგებლობის შესრულება ჩვენთვის უმთავრესი საქმე უნდა იყოს და უფლის მიმდევრების გამოკვება და მოვლა დიდ პატივად უნდა მივიჩნიოთ“. 1925 წლის „საგუშაგო კოშკში“ კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება უხუცესების, როგორც მწყემსების, პასუხისმგებლობაზე: „ეკლესია ღვთის საკუთრებაა . . . და ღმერთი [უხუცესებს] აკისრებს თავიანთ ძმებზე ზრუნვის პასუხისმგებლობას“.
17. როგორ დაიხვეწნენ ზედამხედველები როგორც მწყემსები?
17 როგორ მოამზადა იეჰოვას ორგანიზაციამ უხუცესები სამწყემსო საქმის უკეთ შესასრულებლად? 1959 წელს კრების ზედამხედველებისთვის პირველად ჩატარდა სამეფო მსახურების სკოლა. ერთ-ერთი გაკვეთილის თემა იყო: „ყურადღება გამოიჩინე კრების თითოეული წევრისადმი!“. ძმებს მიეცათ რჩევა, შეედგინათ მაუწყებლების სახლებში მონახულების გეგმა. გაკვეთილზე ისიც იყო განხილული, ასეთი მონახულებების დროს როგორ უნდა გაემხნევებინათ მათ მაუწყებლები. 1966 წლიდან დაიწყო სამეფო მსახურების სკოლის ჩატარება განახლებული პროგრამით. ერთ-ერთი გაკვეთილი დაეთმო თემას „სამწყემსო საქმის აუცილებლობა“. ამ გაკვეთილის მთავარი აზრი ის იყო, რომ პასუხისმგებელი ძმები „სიყვარულით უნდა ზრუნავდნენ ღვთის სამწყსოზე, ოღონდ ისე, რომ არც მათი ოჯახები დაზარალდეს და არც სამქადაგებლო მსახურება“. ბოლო წლებში უხუცესებისთვის ეს სკოლები არაერთხელ ჩატარდა. რა შედეგი მოაქვს ამ სასწავლო კურსებს? დღესდღეობით ქრისტიანულ კრებებში ათასობით კარგად მომზადებული სულიერი მწყემსი მსახურობს.
სამეფო მსახურების სკოლა (ფილიპინები, 1966 წ.)
18. ა) რა საპასუხისმგებლო საქმე აკისრიათ უხუცესებს? ბ) რის გამო აფასებენ იეჰოვა და იესო გამრჯე უხუცესებს?
18 ქრისტიან უხუცესებს იეჰოვამ ჩვენი მეფის, იესოს მეშვეობით მეტად საპასუხისმგებლო საქმე დააკისრა. ისინი ღვთის ცხვარს კაცობრიობის ისტორიის უმძიმეს პერიოდში მიუძღვიან (ეფეს. 4:11, 12; 2 ტიმ. 3:1). იეჰოვა და იესო ძალიან აფასებენ გამრჯე უხუცესებს, რომლებიც შემდეგ ბიბლიურ მითითებას ემორჩილებიან: „მწყემსეთ თქვენთვის მობარებული ღვთის სამწყსო . . . ხალისით . . . გულმოდგინებით . . . მაგალითი იყავით სამწყსოსთვის“ (1 პეტ. 5:2, 3). ქრისტიანი მწყემსები მრავალმხრივ არიან სამაგალითონი სამწყსოსთვის და დიდად უწყობენ ხელს კრებაში მშვიდობისა და სიხარულის შენარჩუნებას. განვიხილოთ ორი მხარე.
როგორ მწყემსავენ დღეს უხუცესები ღვთის სამწყსოს?
19. როგორ დაახასიათებდით იმ უხუცესებს, რომლებიც ჩვენ მხარდამხარ მსახურობენ?
19 პირველი, უხუცესები კრების წევრებთან თანამშრომლობენ. ლუკამ თავის სახარებაში იესოს შესახებ დაწერა: „ის დადიოდა ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელში, ქადაგებდა და სასიხარულო ცნობას ამცნობდა ღვთის სამეფოს შესახებ. მას თან ახლდა თორმეტიც“ (ლუკ. 8:1). როგორც იესო მსახურობდა თავისი მოციქულების მხარდამხარ, ისე სამაგალითო უხუცესები დღეს თანამორწმუნეთა მხარდამხარ ქადაგებენ. მათ ესმით, რომ ამგვარად კრებაში ჯანსაღ გარემოს ქმნიან. როგორ ახასიათებენ კრების წევრები ასეთ უხუცესებს? 90 წელს მიღწეული ერთი და ჟანინი ამბობს: „უხუცესთან ერთად მსახურება მასთან საუბრისა და მისი უკეთ გაცნობის საშუალებას მაძლევს“. 30 წელს გადაცილებული ძმა სტეივენი აღნიშნავს: „როცა უხუცესი ჩემთან ერთად კარდაკარ მსახურობს, ვგრძნობ, რომ მას ჩემი დახმარების სურვილი აქვს, რაც ბევრს ნიშნავს ჩემთვის“.
დაკარგული ცხვრის მაძიებელი მწყემსის მსგავსად, უხუცესებიც „ეძებენ“ მათ, ვინც კრებასთან ურთიერთობა გაწყვიტა
20, 21. როგორ ჰბაძავენ უხუცესები იესოს იგავში მოხსენიებულ მწყემსს? მოიყვანეთ მაგალითი (იხ. აგრეთვე ჩარჩო „ყოველკვირეული ნაყოფიერი მონახულებები“).
20 მეორე, იეჰოვას ორგანიზაციამ უხუცესებს სულიერად მოსუსტებულ და კრებას ჩამოშორებულ და-ძმებზე ზრუნვა ასწავლა (ებრ. 12:12). რატომ უნდა დაეხმარონ უხუცესები მათ და როგორ უნდა გააკეთონ ეს? პასუხს გვცემს იესოს იგავი მწყემსისა და დაკარგული ცხვრის შესახებ (წაიკითხეთ ლუკას 15:4—7). როდესაც მწყემსი ცხვარს მოისაკლისებს, ის ისე უწყებს მას ძებნას, თითქოს მის გარდა სხვა ცხვარი არ ჰყავდეს. როგორ ჰბაძავენ უხუცესები მას? როგორც მწყემსისთვის არის ძვირფასი დაკარგული ცხვარი, ისე უხუცესებისთვის არიან ძვირფასნი ის და-ძმები, რომლებმაც ღვთის ხალხთან ურთიერთობა გაწყვიტეს. უხუცესები სულიერად მოსუსტებულს დაკარგულ ცხვრად მიიჩნევენ და მათ ძებნას დროის კარგვად არ თვლიან. მეტიც, როგორც მწყემსი მიდის და ეძებს „დაკარგულს, სანამ არ იპოვის“, ისე უხუცესები ეძებენ და ეხმარებიან სულიერად მოსუსტებულებს.
21 რას აკეთებს მწყემსი, როცა დაკარგულ ცხვარს პოულობს? მას ფრთხილად აჰყავს ის ხელში, მხრებზე ისვამს და ფარაში მიჰყავს. მსგავსად ამისა, უხუცესს თავისი მზრუნველობით შეუძლია ფრთხილად წამოაყენოს სულიერად მოსუსტებული და კრებაში დააბრუნოს. სწორედ ასე მოხდა ერთი აფრიკელი ძმის, ვიქტორის შემთხვევაში, რომელსაც კრებასთან ურთიერთობა დიდი ხნის გაწყვეტილი ჰქონდა. ის იხსენებს: „რვა წელი არააქტიური ვიყავი, მაგრამ უხუცესებს ჩემზე ხელი არ ჩაუქნევიათ“. განსაკუთრებით რამ იმოქმედა მასზე? აი, რას ამბობს ვიქტორი: „ერთ მშვენიერ დღეს ჩვენმა უხუცესმა, ჯონმა, ვისთან ერთადაც პიონერული მსახურების სკოლა მქონდა გავლილი, შემომიარა და სკოლაში ერთად სწავლის დროს გადაღებული სურათები მაჩვენა. სურათებმა ჩემში ტკბილი მოგონებები გააღვიძა და ის სიხარული მომანატრა, რომელსაც ერთ დროს იეჰოვას მსახურება მგვრიდა“. ჯონის მონახულებიდან მალევე ვიქტორი კრებას დაუბრუნდა. დღეს ის ისევ პიონერად მსახურობს. მართლაც, მზრუნველი უხუცესების დახმარებით სიხარულს არ ვკარგავთ! (2 კორ. 1:24).b
გაუმჯობესებული ზედამხედველობა ხელს უწყობს ღვთის ხალხის ერთიანობას
22. როგორ უწყობს ხელს სიმართლე და მშვიდობა ქრისტიანული კრების ერთიანობას? (იხ. აგრეთვე ჩარჩო „განცვიფრებულნი ვიყავით!“).
22 როგორც უკვე აღვნიშნეთ, იეჰოვას ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა, რომ სიმართლე და მშვიდობა მყარად მოიკიდებდა ფეხს ღვთის ხალხს შორის (ეს. 60:17). სიმართლეცა და მშვიდობაც ხელს უწყობს კრების ერთიანობას. სიმართლის ნორმებს იეჰოვა ადგენს, იეჰოვა კი ერთია (კან. 6:4). შესაბამისად, მთელი მსოფლიოს „წმინდათა ყველა კრებაში“ სიმართლის ნორმებიც ერთია (1 კორ. 14:33). აქედან გამომდინარე, კრება კურთხეული მხოლოდ ღვთის ნორმების დაცვის შემთხვევაში იქნება. რაც შეეხება მშვიდობას, ჩვენს მეფეს უნდა, რომ არა მხოლოდ კრებაში გვქონდეს მშვიდობა, არამედ თავადაც მშვიდობისმყოფელნი ვიყოთ (მათ. 5:9). მაშ, იმისკენ ვისწრაფოთ, „რაც მშვიდობას . . . ემსახურება“! როცა ჩვენ შორის გაუგებრობა იჩენს თავს, მშვიდობის აღსადგენად პირველ ნაბიჯს ვდგამთ (რომ. 14:19), და ამგვარად ჩვენი წვლილი შეგვაქვს კრების მშვიდობასა და ერთიანობაში (ეს. 60:18).
23. რით ვხარობთ დღეს იეჰოვას მსახურები?
23 როცა 1895 წლის ნოემბრის „საგუშაგო კოშკის“ სტატიაში უხუცესების არჩევის ახალი ღონისძიების შესახებ დაიბეჭდა, პასუხისმგებელი ძმები სთხოვდნენ იეჰოვას, რომ ამ ორგანიზაციული სიახლის დახმარებით ღვთის ხალხს „მალე მიეღწია რწმენის ერთიანობისთვის“. ახლა, როცა წარსულს ვაანალიზებთ, მადლიერნი ვართ იეჰოვასი, რომელმაც ჩვენი მეფის მეშვეობით ეტაპობრივად გააუმჯობესა კრების ზედამხედველობა და განამტკიცა ჩვენი ერთიანობა (ფსალმ. 99:4). ამ ყოველივეს შედეგი ისაა, რომ დღეს იეჰოვას ხალხი მთელ მსოფლიოში დავდივართ ერთი და იმავე სულით და ერთსა და იმავე ნაკვალევზე, და მხარდამხარ ვემსახურებით „მშვიდობის ღმერთს“ (2 კორ. 12:18; წაიკითხეთ სოფონიას 3:9).
a კვლევითი პროექტის შედეგები გამოქვეყნდა ნაშრომში სახელწოდებით „ბიბლიის საკვლევი სახელმძღვანელო“.
b იხ. 2013 წლის 15 იანვრის „საგუშაგო კოშკის“ სტატია „ქრისტიანი უხუცესები გვეხმარებიან, რომ სიხარული გვქონდეს“.
-