გვინეის სულიერი საგანძური
საუკუნეების განმავლობაში ოქროსა თუ ძვირფასი ქვების მაძიებლები თავს არ ზოგავდნენ და სიცოცხლესაც კი საფრთხეში იგდებდნენ სიმდიდრის მოსაპოვებლად. ყველაზე შეუპოვრებმა, რომლებმაც გვინეას მიაღწიეს (დასავლეთი აფრიკა), ორი სრულიად საპირისპირო სახის სიმდიდრეს მიაგნეს — მატერიალურსა და სულიერს. ალმასებით, ოქროთი, რკინის მადნითა და მაღალი ხარისხის ბოქსიტით (რომლისგანაც ალუმინს იღებენ) მდიდარ ქვეყანაში ცხრა მილიონზე მეტი გვინეელი ცხოვრობს.
მართალია, აქ ქრისტიანული სამყაროს რელიგიებს წამყვანი როლი არ აკისრიათ, მაგრამ თაყვანისმცემლობას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და ბევრი დიდად აფასებს სულიერ სიმდიდრეს. რა სიმდიდრეზეა ლაპარაკი? აქ ლაპარაკია იეჰოვას ერთგულ მსახურებზე, რომლებიც ანგიას 2:7-ში აღწერილნი არიან, როგორც „ხალხთა საუნჯე“.
სულიერი საგანძური
მიწაში ღრმად ჩამარხული სიმდიდრის ამოღებას დიდი ძალისხმევა სჭირდება. მსგავსად ამისა, ქრისტიანულ მსახურებაშიც სულიერი სიმდიდრის მოსაპოვებლად გულმოდგინებაა საჭირო. გვინეაში ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგება გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო ქვეყნის შუაგულიდან; დედაქალაქ კონაკრიში კი სასიხარულო ცნობა 60-იანი წლების დასაწყისში გავრცელდა. ამჟამად გვინეაში იეჰოვას დაახლოებით 900 მოწმე მსახურობს 21 კრებასა თუ ჯგუფში.
1987 წელს აქ ჩამოვიდნენ მისიონერები და კონაკრის ერთადერთ კრებასთან დაიწყეს თანამშრომლობა. დღეისათვის მთელ ქვეყანაში ოცზე მეტი მისიონერი მსახურობს. ისინი დიდი გულმოდგინებით ამხნევებენ კრებებს და ადგილობრივ ძმებთან ერთად მონაწილეობენ მსახურებაში.
კონაკრიში მცხოვრები ლიუკი ბიბლიას ასწავლიდა ახალგაზრდა ექიმს, სახელად ალბერს. ალბერი სხვადასხვა რელიგიაში ეძებდა ჭეშმარიტებას და ამავე დროს სპირიტიზმსაც მისდევდა. ის ატარებდა სულების გამომძახებლის მიერ მიცემულ ბეჭედს, რომელიც მისი თქმით იღბლიანს გახდიდა. მას შემდეგ, რაც ალბერმა ვერ იპოვა ჭეშმარიტი რელიგია, გულგატეხილმა მოისროლა ბეჭედი და ღმერთს შესთხოვა: „ღმერთო, თუ შენ ნამდვილად არსებობ, დამეხმარე, რომ გაგიცნო და გემსახურო. თუ არადა, ისღა დამრჩენია, რომ ისე ვიცხოვრო, როგორც მინდა“. ცოტა ხანში ალბერი ესტუმრა თავის დას სწორედ იმ დროს, როცა მის დისშვილს იეჰოვას მოწმე ბიბლიის შესწავლას უტარებდა. მან ყური მოჰკრა მათ საუბარს და დაინტერესდა. მალევე თავადაც დაიწყო ბიბლიის შესწავლა, რომელსაც ლიუკი უტარებდა.
ლიუკი ძალ-ღონეს არ იშურებდა და ყოველკვირა ხალისით ხუთ კილომეტრზე მეტს გადიოდა, ალბერთან შესწავლის ჩასატარებლად რომ მისულიყო. თუმცა ლიუკს დიდი განათლება არ ჰქონდა მიღებული, ალბერზე, რომელსაც უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ლიუკის ძლიერმა რწმენამ და იმან, თუ როგორ იყენებდა ის ბიბლიურ ცოდნას. ალბერი ძალიან გაახარა იმის გაგებამ, რომ ღმერთი არ არის დამნაშავე ადამიანების ტანჯვაში, და რომ იეჰოვას განზრახული აქვს, ბოლო მოუღოს ყოველგვარ უბედურებას და დედამიწა სამოთხედ გადააქციოს (ფსალმუნები 37:9—11). ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ და კრების წევრების სამაგალითო ქცევამ ძალიან იმოქმედა ალბერზე.
მაგრამ, ისევე, როგორც ალმასი საჭიროებს ოსტატის მიერ საგულდაგულო დამუშავებას, რათა ბზინვა დაიწყოს, ასევე ალბერსაც სჭირდებოდა ქვეყნიური ჩვევების ჩამოშორება, რათა ცხოვრება ღვთის სამართლიანი ნორმებისთვის შეესაბამებინა. მან შეწყვიტა სულების გამომძახებლებთან სიარული, თავი დაანება ზედმეტ სმასა და აზარტულ თამაშებს. ყველაზე მეტად ალბერს სიგარეტის გადაგდება გაუჭირდა. ბოლოს, როდესაც მან იეჰოვას მთელი გულით სთხოვა დახმარება, შედეგმაც არ დააყოვნა. ექვსი თვის შემდეგ მან ოფიციალურად გააფორმა ქორწინება. მისმა მეუღლემაც დაიწყო ბიბლიის შესწავლა. ამჟამად ორივე იეჰოვას მონათლული მსახურები არიან.
მარტინიც ერთ-ერთი სულიერი „ალმასია“. მან 15 წლის ასაკში დაიწყო ბიბლიის შესწავლა ქალაქ გეკედუში. მისი მშობლები, რომლებიც კათოლიკეები იყვნენ, ეწინააღმდეგებოდნენ მას, იეჰოვას მოწმეთა შეხვედრებს რომ არ დასწრებოდა. მათ გაუნადგურეს მარტინს ბიბლიური ლიტერატურა, სცემეს და სახლიდან გააგდეს. ისევე, როგორც ალმასი წარმოიქმნება ნახშირბადზე მაღალი წნევის ზემოქმედების შედეგად, ასევე მარტინს წინააღმდეგობამ განუმტკიცა ბიბლიური ჭეშმარიტებისადმი სიყვარული. დროთა განმავლობაში მის მშობლებსაც მოულბათ გული და მარტინი სახლში დაბრუნდა. რამ შეცვალა მისი მშობლები? მათ აშკარა განსხვავება დაინახეს მარტინსა და მის უმცროს და-ძმებს შორის, რომლებიც არ ემორჩილებოდნენ მშობლებს და უზნეო ცხოვრებას ეწეოდნენ. მას შემდეგ, რაც მარტინის მამა დარწმუნდა, რომ მისი ვაჟის რწმენას კარგი შედეგები მოჰქონდა მარტინისთვის, მან თავისი სახლის კარი სიამოვნებით გაუღო კრების წევრებს. მარტინის დედამ არაერთხელ გადაუხადა ძმებს მადლობა იმისთვის, რომ მხარში ედგნენ მის ვაჟს. 18 წლის ასაკში მარტინი მოინათლა, მოგვიანებით მან მსახურებაში დახელოვნების სკოლა გაიარა და ახლა სპეციალურ პიონერად მსახურობს.
„იმპორტირებული“ სულიერი სიმდიდრე
გვინეადან საექსპორტოდ გააქვთ მრავალი სახის ბუნებრივი რესურსი, მაგრამ იქ სულიერი სიმდიდრის „იმპორტირებაც“ ხდება. სიდუხჭირის გამო აფრიკის სხვადასხვა ქვეყნიდან მრავალი ემიგრანტი ჩადის გვინეაში; ზოგი კი ხანგრძლივი და სასტიკი ომებისგან თავის დაღწევის მიზნით თავს გვინეას აფარებს.
კამერუნელი ერნესტინა 12 წლის წინ ჩავიდა გვინეაში. ის ბიბლიას სწავლობდა იეჰოვას მოწმეებთან და მრავალი წლის განმავლობაში კრებებსაც ესწრებოდა, მაგრამ მონათლული არ იყო. ის გულაჩუყებული ადევნებდა თვალს ნათლობას იეჰოვას მოწმეთა 2003 წლის სარაიონო კონგრესზე. სინდისის ქენჯნით მან ლოცვით მიმართა იეჰოვას: „ღმერთო, 51 წლის ქალი ვარ და აქამდე არაფერი გამიკეთებია შენთვის. მინდა, რომ გემსახურო“. ამ თავმდაბლური თხოვნის შემდეგ ერნესტინამ დასახული მიზნისკენ სწრაფვა დაიწყო. მან მამაკაცს, რომელთანაც ქორწინების გარეშე ცხოვრობდა, აუხსნა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში გააგრძელებდნენ ერთად ცხოვრებას, თუ კანონიერად დაქორწინდებოდნენ. ამაზე მან თანხმობა მიიღო. მოგვიანებით, 2004 წლის ნოემბერში ერნესტინა მოინათლა; ამ დროს სახეზე მას სიხარულის ცრემლები ჩამოსდიოდა.
გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული გვინეაში ათასობით ლტოლვილი ჩავიდა ლიბერიიდან და სიერა-ლეონედან; ლტოლვილებს შორის იეჰოვას ასობით მსახურიც იყო. ლტოლვილთა ბანაკში ჩასვლის შემდეგ ძმებმა მალევე გაუწიეს ორგანიზება შეხვედრების ჩატარებასა და სამქადაგებლო საქმიანობას, და სამეფო დარბაზიც კი ააშენეს. ბანაკში ზოგიერთები შეუერთდნენ მათ იეჰოვას თაყვანისმცემლობაში. ერთ-ერთი ასეთი კაცი იყო ისაკი. მონათვლის შემდეგ მას შესაძლებლობა მიეცა, დაბრუნებულიყო ყოფილ თანამდებობაზე ლიბერიის ერთ-ერთ დიდ კომპანიაში, მაგრამ მან არჩია, დარჩენილიყო ლტოლვილთა ბანაკში, სადაც პიონერად მსახურობდა. ის მოგვითხრობს: „ახლა მე არ მჭირდება დამსაქმებლისგან ნებართვის აღება შეხვედრებსა და კონგრესებზე დასასწრებად; მე თავისუფლად ვემსახურები იეჰოვას“. 2003 წლის დეკემბერში ამ დაშორებულ, 30 000-კაციან, ბანაკში 150 მოწმისთვის საოლქო კონგრესი ჩატარდა. სასიხარულოა, რომ კონგრესს 591 ადამიანი დაესწრო, მათ შორის ცხრა ყრუ-მუნჯი, რომლებმაც პროგრამა ჟესტების ენაზე მოისმინეს. თორმეტი ადამიანი მოინათლა. ძმებმა დიდად დააფასეს ის ძალისხმევა, რომელიც მათთვის სულიერი ნადიმის გასამართად იყო გაწეული.
„საუნჯეს“ ვერაფერი აბრკოლებს
ოქროსა და ალმასების მაძიებლებს წინ ვერაფერი ეღობება. სასიამოვნოა, როდესაც ხედავ, რა ძალ-ღონეს ახმარენ ადამიანები ყველანაირი დაბრკოლების გადალახვას, რათა იეჰოვას ემსახურონ. მაგალითად, დავფიქრდეთ ზაინაბის შემთხვევაზე.
13 წლის ასაკში ზაინაბი უკვე მონა იყო. გვინეაში ის სამშობლოდან, დასავლეთ აფრიკის ერთ-ერთი ქვეყნიდან ჩაიყვანეს. 20 წლისამ მან ბიბლიური ცნობა მოისმინა. მას ერთი სული ჰქონდა, გამოეყენებინა ნასწავლი.
ზაინაბი ერთ სიძნელეს წააწყდა — მისთვის რთული იყო ღვთის თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილ ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება. მაგრამ ის ძალიან აფასებდა ამ შეხვედრებს და გადაწყვიტა, რომ არც ერთი მათგანი არ გაეცდინა (ებრაელები 10:24, 25). ის ისეთ ადგილზე მალავდა წიგნებს, რომ შეხვედრებზე მიმავალს გზად აეღო. მისმა „მეპატრონეებმა“ რამდენჯერმე ის უმოწყალოდ სცემეს ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრების გამო.
მოგვიანებით ვითარება შეიცვალა და ზაინაბმა თავი დააღწია მონობას. მან დაუყოვნებლივ დაიწყო ყველა შეხვედრაზე დასწრება და სულიერადაც სწრაფად წაიწია წინ. ზაინაბმა უარი თქვა მაღალანაზღაურებად სამუშაოზე, რომელიც ხელს შეუშლიდა, დასწრებოდა ქრისტიანულ შეხვედრებს, სადაც ბიბლიურ დარიგებებს იღებდა. ის ჩაეწერა თეოკრატიული სამსახურის სკოლაში, გახდა მოუნათლავი მაუწყებელი და, მოგვიანებით, იეჰოვასადმი თავის მიძღვნის ნიშნად წყალში მოინათლა. მონათვლისთანავე მან დამხმარე პიონერად დაიწყო მსახურება, ექვსი თვის შემდეგ კი — სრული დროით პიონერად.
ერთმა დაინტერესებულმა მამაკაცმა, რომელიც რამდენიმე შეხვედრას დაესწრო, აღნიშნა: „როცა კრებაზე ვარ, ვგრძნობ, რომ არაფერი მაკლია“. თუმცა მრავალს გვინეაში მატერიალური სიმდიდრე აინტერესებს, იეჰოვას მოყვარულები გულმოდგინედ ეძებენ სულიერ სიმდიდრეს. მართლაც, „ხალხთა საუნჯე“ დღეს იეჰოვას წმინდა თაყვანისმცემლობისკენ ისწრაფვის!
[ჩარჩო 8 გვერდზე]
გვინეა — 2005
მაუწყებელთა უმაღლესი რიცხვი: 883
ბიბლიის შესწავლების რაოდენობა: 1 710
გახსენების საღამოს დაესწრო: 3 255
[რუკები 8 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
გვინეა
კონაკრი
სიერა-ლეონე
ლიბერია
[სურათი 9 გვერდზე]
ალბერი და ლიუკი
[სურათი 9 გვერდზე]
სამეფო დარბაზი კონაკრიში
[სურათი 10 გვერდზე]
ერნესტინა
[სურათი 10 გვერდზე]
მარტინი
[სურათი 10 გვერდზე]
ზაინაბი
[სურათის საავტორო უფლება 8 გვერდზე]
USAID