-
როგორ დავძლიოთ მარტოობის გრძნობაგამოიღვიძეთ! — 2015 | აპრილი
-
-
რის გაკეთება შეგიძლია
იფიქრე კარგზე. დავუშვათ, ვებ-გვერდზე სურათებს ათვალიერებ და ხედავ, რომ შენს მეგობრებს წვეულება მოუწყვიათ და შენთვის არაფერი უთქვამთ. ასეთ დროს არჩევნის წინაშე დგახარ: შეგიძლია იფიქრო დადებითზე და ჩათვალო, რომ გაუგებრობა მოხდა, ან პირიქით, დაასკვნა, რომ მათ შეგნებულად არ დაგპატიჟეს. რადგანაც სრული სურათი არ გაქვს, რატომ უნდა იფიქრო ცუდზე? ნაცვლად ამისა, ეცადე დადებითი ახსნა მოუძებნო იმას, თუ რატომ გამოგტოვეს. ხშირად, მარტოობის მიზეზი შექმნილი სიტუაცია კი არ არის, არამედ ამ საკითხისადმი შენი დამოკიდებულება (ბიბლიური პრინციპი: იგავები 15:15).
თავი შეიკავე არასწორი დასკვნებისგან. როცა მარტოობას განიცდი, შესაძლოა ასეთი ფიქრები მოგეძალოს: „არასოდეს მეპატიჟებიან“, „ყოველთვის თავს მარიდებენ“. არასწორი დასკვნები კიდევ უფრო მეტად დაგთრგუნავს და თავს ეულად გაგრძნობინებს. ასეთმა ფიქრებმა შეიძლება უარყოფითი გრძნობების მორევშიც ჩაგითრიოს: თავი გარიყულად იგრძნო, საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტო და მარტოობის გრძნობა დაგეუფლოს (ბიბლიური პრინციპი: იგავები 18:1).
დაუმეგობრდი უფროსი ასაკის ადამიანებს. ბიბლია მოგვითხრობს დავითზე, რომელიც შესაძლოა ჯერ კიდევ მოზარდი იყო, როცა თავისზე 30 წლით უფროსი იონათანი გაიცნო. ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, დავითი და იონათანი კარგი მეგობრები გახდნენ (1 სამუელი 18:1). ასეთი რამ შენს ცხოვრებაშიც შეიძლება მოხდეს. 21 წლის კიარა ამბობს: „ამ ბოლო დროს უფრო მეტად მივხვდი უფროსებთან მეგობრობის ფასს. რამდენიმე ძვირფასი მეგობარი მყავს, რომლებიც ჩემზე ათწლეულებით უფროსები არიან. ძალიან ვაფასებ მათ მოწიფულობას, სიმტკიცეს და გაწონასწორებულობას“ (ბიბლიური პრინციპი: იობი 12:12).
დააფასე მარტო ყოფნის შესაძლებლობა. ზოგს მარტოობის გრძნობა მაშინვე ეუფლება, როგორც კი საკუთარ თავთან მარტო რჩება. მაგრამ მარტო ყოფნამ თავი მარტოსულად არ უნდა გაგრძნობინოს. მაგალითად, იესოს უყვარდა ხალხთან ურთიერთობა, მაგრამ ის აფასებდა მარტო ყოფნის შესაძლებლობას (მათე 14:23; მარკოზი 1:35). შენც შეგიძლია მსგავსად მოიქცე. ნაცვლად იმისა, რომ მარტოობა არასახარბიელო რამედ ჩათვალო, გამოიყენე ეს დრო იმისთვის, რომ მშვიდად იფიქრო იმ კურთხევებზე, რაც გაქვს. ეს კი უფრო სასურველ მეგობრად გაქცევს (იგავები 13:20).
-