-
როგორ უნდა მოვექცეთ სხვებს?საგუშაგო კოშკი — 2008 | 15 მაისი
-
-
როგორ უნდა მოვექცეთ სხვებს?
„როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (ლუკ. 6:31).
1, 2. ა) რის შესახებ იქადაგა მთაზე იესომ? ბ) რა იქნება განხილული ამ და მომდევნო სტატიაში?
იესო ქრისტე უდავოდ დიდებული მასწავლებელი იყო. როდესაც მტრებმა მის დასაპატიმრებლად ჯარისკაცები გაგზავნეს, ისინი იესოს გარეშე დაბრუნდნენ და თქვეს: „მის მსგავსად ჯერ არავის ულაპარაკია“ (იოან. 7:32, 45, 46). იესოს ერთ-ერთი ცნობილი ქადაგება მთაზე ქადაგებაა. ეს ქადაგება ჩაწერილია მათეს სახარების მე-5—7 თავებში და ლუკას 6:20—49-შიa.
2 მთაზე ქადაგების დროს წარმოთქმულ ყველაზე ცნობილ გამონათქვამად შეიძლება ჩაითვალოს ის სიტყვები, რომლებსაც ოქროს წესს უწოდებენ. იგი ეხება ადამიანებთან ურთიერთობას. აი, რა თქვა იესომ: „როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (ლუკა 6:31). გაიხსენეთ, რამდენი სიკეთე გაუკეთებია თავად იესოს! იგი კურნავდა ავადმყოფებს და მკვდრებსაც კი აღადგენდა. ვინც ეხმაურებოდა სასიხარულო ცნობას, რომელსაც იესო ქადაგებდა, განსაკუთრებით კურთხეულები იყვნენ (წაიკითხეთ ლუკას 7:20—22). სასიხარულოა, რომ ჩვენ, იეჰოვას მოწმეებიც ვქადაგებთ ცნობას სამეფოს შესახებ (მათ. 24:14; 28:19, 20). ამ და მომდევნო სტატიაში განხილული იქნება იესოს სიტყვები, რომელიც დაგვეხმარება როგორც უშუალოდ ქადაგების, ისე ზოგადად ადამიანებთან ურთიერთობის დროს.
იყავით რბილი ხასიათისანი
3. რა არის რბილი ხასიათი?
3 იესომ თქვა: „ბედნიერნი არიან რბილი ხასიათისანი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ დედამიწას“ (მათ. 5:5). როგორც ბიბლიიდან ჩანს, რბილი ხასიათი არ არის სისუსტის მაჩვენებელი. სწორედ რბილი ხასიათი გვეხმარება ღვთის მოთხოვნების შესრულებაში. იგი ვლინდება ადამიანებთან დამოკიდებულებაში. მაგალითად, ჩვენ ‘არავის ვუხდით სამაგიეროს’ (რომ. 12:17—19).
4. რატომ არიან რბილი ხასიათისანი ბედნიერნი?
4 რბილი ხასიათის ადამიანები ბედნიერები არიან, რადგან „ისინი დაიმკვიდრებენ დედამიწას“. იესო, რომელიც „რბილი და გულით თავმდაბალი“ იყო, „ყოვლის მემკვიდრეა“, ანუ მთავარი მემკვიდრე, რომლის საკუთრებაც დედამიწა გახდა (მათ. 11:29; ებრ. 1:2; ფსალმ. 2:8). წინასწარმეტყველების მიხედვით, „კაცის ძესთან“ ანუ მესიასთან ერთად ზეციერ სამეფოში სხვებსაც უნდა ემეფათ (დან. 7:13, 14, 21, 22, 27). ამიტომ დედამიწა მემკვიდრეობად 144 000 სულითცხებულს, „ქრისტეს თანამემკვიდრეებსაც“ ერგოთ, რომელთაც აგრეთვე რბილი ხასიათი აქვთ (რომ. 8:16, 17; გამოცხ. 14:1). სხვა რბილი ხასიათის ადამიანები კი მარადიულად იცხოვრებენ დედამიწაზე, რომელზეც მმართველობას ღვთის ზეციერი სამეფო განახორციელებს (ფსალმ. 37:11).
5. რაში დაგვეხმარება რბილი ხასიათი?
5 უხეში ადამიანი სცდის სხვების მოთმინებას. ასეთ ადამიანთან ურთიერთობა არავის არ სიამოვნებს. თუ ქრისტეს მსგავსად ჩვენც გვექნება რბილი ხასიათი, კრების წევრები ჩვენთან კარგად იგრძნობენ თავს და გამხნევდებიან. რბილი ხასიათი ღვთის სულის ერთ-ერთი ნაყოფია, რომელსაც ღვთის მოქმედი ძალის დახმარებით იმ შემთხვევაში გამოვიმუშავებთ, თუ ‘სულით ვიცოცხლებთ და სულითვე ვივლით’ (წაიკითხეთ გალატელების 5:22—25). თითოეული ჩვენგანის სურვილია, რომ იმ რბილი ხასიათის ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნებოდეთ, რომლებსაც იეჰოვას წმინდა სული ხელმძღვანელობს.
ბედნიერნი არიან გულმოწყალენი
6. რა თვისებები ახასიათებს გულმოწყალე ადამიანს?
6 მთაზე ქადაგების დროს იესომ აგრეთვე აღნიშნა: „ბედნიერნი არიან გულმოწყალენი, რადგან ისინი შეწყალებული იქნებიან“ (მათ. 5:7). გულმოწყალე ადამიანი თანამგრძნობია, შემბრალეა და გასაჭირში მყოფთ დახმარების ხელს უწვდის. მაგალითად, იესო სასწაულებრივად კურნავდა ავადმყოფებს, რადგან ‘გული ეწვოდა’ მათ გამო (მათ. 14:14; 20:34). ჩვენც სიბრალულმა და თანაგრძნობამ უნდა აღგვძრას, რომ გულმოწყალენი ვიყოთ (იაკ. 2:13).
7. რისკენ აღძრავდა იესოს სიბრალული?
7 ერთხელ იესო დასვენების მიზნით უკაცრიელ ადგილას მიდიოდა. გზად ხალხი რომ შეხვდა, „გული დაეწვა მათ გამო, რადგან უმწყემსო ცხვრებივით იყვნენ, და ბევრ რამეს ასწავლიდა“ (მარ. 6:34). ჩვენ დიდ სიხარულს განვიცდით, როდესაც იესოს მსგავსად ხალხს სამეფოს შესახებ ცნობას ვუზიარებთ და ღვთის გულმოწყალების შესახებ მოვუთხრობთ.
8. რატომ არიან გულმოწყალენი ბედნიერნი?
8 გულმოწყალენი ბედნიერნი იმიტომ არიან, რომ „შეწყალებულნი იქნებიან“. თუ გულმოწყალენი ვიქნებით სხვების მიმართ, ისინიც გულმოწყალენი იქნებიან ჩვენ მიმართ (ლუკ. 6:38). იესომ თქვა: „თუ თქვენ პატიობთ სხვებს მათ შეცოდებებს, თქვენც გაპატიებთ თქვენი ზეციერი მამა“ (მათ. 6:14). გულმოწყალე ადამიანი ბედნიერია, რადგან ღმერთი პატიობს ცოდვებს და ამგვარად იგი მის მოწონებას იმსახურებს.
რატომ არიან მშვიდობისმყოფელნი ბედნიერნი?
9. როგორ უნდა იქცეოდეს მშვიდობისმყოფელი ადამიანი?
9 იესომ ბედნიერების კიდევ ერთი მიზეზი დაასახელა: „ბედნიერნი არიან მშვიდობისმყოფელნი, რადგან მათ ღვთის შვილები დაერქმევათ“ (მათ. 5:9). თუ მშვიდობისმყოფელნი ვართ, თვალს არ დავხუჭავთ იმაზე, რაც ‘ახლობლებს აშორებს’, მაგალითად ცილისმწამებლურ საუბრებზე (იგავ. 16:28). ჩვენ სიტყვითა თუ საქმით მშვიდობას შევუწყობთ ხელს როგორც ქრისტიანულ კრებაში, ისე ქრისტიანული კრების გარეთ (ებრ. 12:14). განსაკუთრებით კი უნდა ვეცადოთ, რომ იეჰოვა ღმერთთან გვქონდეს მშვიდობიანი ურთიერთობა (წაიკითხეთ 1 პეტრეს 3:10—12).
10. რატომ არიან მშვიდობისმყოფელნი ბედნიერნი?
10 როგორც უკვე აღვნიშნეთ, იესომ თქვა, რომ ბედნიერნი არიან მშვიდობისმყოფელნი, „რადგან მათ ღვთის შვილები დაერქმევათ“. სულითცხებულმა ქრისტიანებმა ირწმუნეს, რომ იესო მესია იყო, და „ღვთის შვილებად გახდომის უფლება“ მიიღეს (იოან. 1:12; 1 პეტ. 2:24). რას ვიტყოდით იესოს მშვიდობისმყოფელ „სხვა ცხვარზე“? თავის თანამემკვიდრეებთან ერთად ათასწლიანი მმართველობის დროს იესო მათი „მარადიული მამა“ იქნება (იოან. 10:14, 16; ეს. 9:6; გამოცხ. 20:6). ათასწლიანი მმართველობის ბოლოს კი ეს მშვიდობისმყოფელი ადამიანები ღვთის მიწიერი შვილები გახდებიან სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით (1 კორ. 15:27, 28).
11. როგორი ურთიერთობა გვექნება სხვებთან, თუ „ზემოდან მომავალი სიბრძნით“ ვიხელმძღვანელებთ?
11 „მშვიდობის ღმერთთან“, იეჰოვასთან, ახლო ურთიერთობა რომ გვქონდეს, ჩვენც ისეთივე თვისებები უნდა განვივითაროთ, როგორიც მას აქვს. ერთ-ერთი მათგანია მშვიდობისმყოფელობა (ფილ. 4:9). თუ „ზემოდან მომავალი სიბრძნით“ ვიხელმძღვანელებთ, სხვებთან მშვიდობიანი ურთიერთობა გვექნება (იაკ. 3:17). მშვიდობისმყოფელობა მართლაც მოგვიტანს ბედნიერებას.
„თქვენი სინათლეც ანათებდეს“
12. ა) რა აღნიშნა იესომ სულიერ სინათლესთან დაკავშირებით? ბ) როგორ უნდა „ვანათებდეთ“?
12 ადამიანებს საუკეთესო დახმარებას იმ შემთხვევაში გავუწევთ, თუ ღვთის სულიერ სინათლეს ვაზიარებთ (ფსალმ. 43:3). იესომ თავის მოწაფეებს უთხრა, რომ ისინი იყვნენ „ქვეყნიერების სინათლე“, და მოუწოდა, ისე „ენათებინათ“, რომ ხალხს მათი „კარგი საქმეები“ დაენახა. ისინი სულიერი მნათობები უნდა ყოფილიყვნენ „ადამიანთა წინაშე“ მათივე საკეთილდღეოდ (წაიკითხეთ მათეს 5:14—16). დღეს ჩვენ იმ გაგებით ვანათებთ, რომ სიკეთეს ვუკეთებთ მოყვასს და სასიხარულო ცნობას ვუქადაგებთ „მთელ ქვეყნიერებას“, ანუ „ყველა ხალხს“ (მათ. 26:13; მარ. 13:10). მართლაც რომ დიდი პატივი გვხვდა წილად!
13. რით გვცნობს ხალხი და რა არ რჩებათ შეუმჩნეველი?
13 „მთაზე მდებარე ქალაქი ვერ დაიმალება“, — თქვა იესომ. მთაზე აშენებული ქალაქი კარგად ჩანს. მსგავსად ამისა, როდესაც ვქადაგებთ, ადვილად გვცნობენ; ხალხს შეუმჩნეველი არ რჩება ჩვენი კარგი საქმეები, თავშეკავებულობა და პატიოსნება (ტიტ. 2:1—14).
14. ა) რა დანიშნულება ჰქონდა ლამპარს პირველ საუკუნეში? ბ) რა გაგებით არ უნდა დაჩრდილოს „საწყაომ“ ჩვენი სულიერი სინათლე?
14 იესომ აგრეთვე მოიხსენია ლამპარი, რომელსაც დებენ არა საწყაოს ქვეშ, არამედ სალამპრეზე, რათა ოთახში ყველას უნათებდეს. პირველ საუკუნეში თიხისგან დამზადებულ ლამპარს იყენებდნენ; მას ჰქონდა პატრუქი, რომელიც სითხით (როგორც წესი, ეს იყო ზეითუნის ზეთი) იჟღინთებოდა, რომ არ ჩამქრალიყო. ხშირად ლამპარს ხის ან ლითონის სალამპრეზე დგამდნენ, რათა ‘სახლში ყველასთვის გაენათებინა’. ანთებულ ლამპარს არასდროს დგამდნენ „საწყაოს ქვეშ“, რომელიც დაახლოებით ათლიტრიანი ჭურჭელი იყო. იესოს არ უნდოდა, რომ მისი მოწაფეების სულიერი სინათლე „საწყაოს“ დაეჩრდილა. ასე რომ, ჩვენ ყოველთვის უნდა „ვანათოთ“, და დევნისა თუ წინააღმდეგობის გამო თავი არ უნდა შევიკავოთ ჭეშმარიტების გაცხადებისგან.
15. რა გავლენას ახდენს ჩვენი კარგი საქმეები ზოგიერთ ადამიანზე?
15 ლამპრის მაგალითის მოყვანის შემდეგ იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „თქვენი სინათლეც ანათებდეს ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ თქვენს კარგ საქმეებს და განადიდებდნენ თქვენს ზეციერ მამას“. როდესაც ხალხი ჩვენს კარგ საქმეებს ხედავს, ზოგი მათგანი ღვთის მსახური ხდება და ღმერთს განადიდებს. ეს კი სტიმულს გვაძლევს, რომ კვლავაც ვანათებდეთ, „როგორც მნათობები ქვეყნიერებაში“ (ფილ. 2:15).
16. რა არის საჭირო იმისათვის, რომ „ქვეყნიერების სინათლე“ ვიყოთ?
16 „ქვეყნიერების სინათლე“ რომ ვიყოთ, საჭიროა, ვიქადაგოთ სამეფოს შესახებ და მოვამზადოთ მოწაფეები. მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა. პავლე მოციქულმა დაწერა: „იარეთ, როგორც სინათლის შვილებმა, რადგან სინათლის ნაყოფია ყოველივე კარგი, სიმართლე და ჭეშმარიტება“ (ეფეს. 5:8, 9). ჩვენ ღვთისმოსაწონად უნდა ვიქცეოდეთ, რითაც სხვებს კარგ მაგალითს მივცემთ. გავითვალისწინოთ პეტრე მოციქულის რჩევა: „კვლავაც კარგად მოიქეცით ქვეყნიერებაში, რათა, რაშიც გძრახავენ, როგორც ბოროტმოქმედებს, იმაში დაინახონ თქვენი კარგი საქმეები და განადიდონ ღმერთი შემოწმების დღეს“ (1 პეტ. 2:12). მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ ჩვენსა და თანამორწმუნეს შორის ურთიერთობა დაიძაბა?
„ჯერ შენს ძმას შეურიგდი“
17—19. ა) რა „ძღვენზეა“ საუბარი მათეს 5:23, 24-ში? ბ) რამდენად მნიშვნელოვანია ძმასთან შერიგება, და როგორ დაგვანახვა ეს იესომ?
17 მთაზე ქადაგების დროს იესომ თავისი მოწაფეები გააფრთხილა, რომ ძმის მიმართ ბრაზი და სიძულვილი არ ჩაეტოვებინათ გულში. პირიქით, მათ დაუყოვნებლივ უნდა აღედგინათ განაწყენებულ ძმასთან მშვიდობიანი ურთიერთობა (წაიკითხეთ მათეს 5:21—25). წარმოიდგინე, რომ ძველ ისრაელში ცხოვრობ, ძღვენი მიგაქვს სამსხვერპლოზე და იქ გახსენდება, რომ შენს ძმას რაღაც აქვს შენ წინააღმდეგ. როგორ უნდა მოიქცე? უნდა დატოვო ძღვენი სამსხვერპლოს წინ, წახვიდე და ძმას შეურიგდე. შემდეგ შეგიძლია დაბრუნდე და შესწირო ძღვენი.
18 „ძღვენი“ იყო შესაწირავი, რომელიც ღვთის მსახურს იეჰოვას ტაძარში უნდა მიეტანა. მოსეს კანონის მიხედვით ცხოველების შეწირვა ისრაელებისთვის თაყვანისმცემლობის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო, რადგან ამას ღმერთი მოითხოვდა მათგან. მაგრამ, თუ ებრაელს გაახსენდებოდა, რომ მის ძმას რაღაც ჰქონდა მის წინააღმდეგ, პირველ რიგში, ძმასთან ურთიერთობა უნდა აღედგინა და შემდეგ შეეწირა მსხვერპლი. იესომ თქვა: „დატოვე შენი ძღვენი იქვე სამსხვერპლოს წინ, წადი, ჯერ შენს ძმას შეურიგდი და, როცა დაბრუნდები, მერე შესწირე შენი ძღვენი“. როგორც ვხედავთ, ძმასთან შერიგება მოსეს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულებაზე მნიშვნელოვანი იყო.
19 იესოს არ მოუხსენიებია რომელიმე კონკრეტული შესაწირავი ან კონკრეტული ცოდვა. ამიტომ ებრაელს ნებისმიერი მსხვერპლის შეწირვა უნდა გადაედო, როცა გაახსენდებოდა, რომ ძმას რაღაც ჰქონდა მის წინააღმდეგ. მაგალითად, შესაწირავი ცხოველი დასაწვავი შესაწირავის „სამსხვერპლოს წინ“ უნდა დაეტოვებინა, ტაძრის შიდა ეზოში, სადაც მღვდლები მსხვერპლს სწირავდნენ. მხოლოდ ძმასთან შერიგების შემდეგ შეეძლო მწყენინებელს დაბრუნებულიყო და მსხვერპლი შეეწირა.
20. დაუყოვნებლივ რატომ უნდა აღვადგინოთ ძმასთან ურთიერთობა?
20 ღვთის თვალსაზრისით, ძმებთან ურთიერთობა ჩვენი თაყვანისმცემლობის განუყოფელი ნაწილია. თუ შემწირველი მოყვასს ცუდად მოექცეოდა, მის მიერ გაღებულ შესაწირავს იეჰოვას თვალში ფასი დაეკარგებოდა (მიქ. 6:6—8). ამიტომ მოუწოდა იესომ თავის მოწაფეებს, რომ ‘სასწრაფოდ მოეგვარებინათ საქმე’ (მათ. 5:25). მსგავსი რამ პავლე მოციქულმაც დაწერა: „განრისხებისას ნუ შესცოდავთ. მზე ისე ნუ ჩავა, რომ გაღიზიანებულები დარჩეთ; ადგილი არ მისცეთ ეშმაკს“ (ეფეს. 4:26, 27). შეიძლება სამართლიანად განვრისხდეთ ვინმეზე, მაგრამ დაუყოვნებლივ უნდა გამოვასწოროთ მდგომარეობა, რათა ბრაზი გულში არ ჩავიტოვოთ და სატანის მახეში არ აღმოვჩნდეთ (ლუკ. 17:3, 4).
ყოველთვის პატივისცემით მოექეცით სხვებს
21, 22. ა) რაში გვეხმარება იესოს რჩევები, რომელიც ზემოთ განვიხილეთ? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
21 იესოს რჩევები, რომელიც მან მთაზე ქადაგების დროს წარმოთქვა, გვეხმარება, რომ სხვებს კეთილად და პატივისცემით მოვექცეთ. მართალია არასრულყოფილები ვართ, მაგრამ იესოს რჩევის გათვალისწინება შესაძლებელია, რადგან არც იესო და არც ჩვენი ზეციერი მამა იმაზე მეტის გაკეთებას არ მოითხოვენ ჩვენგან, ვიდრე შეგვიძლია. ლოცვით, მონდომებითა და ღვთის მხარდაჭერით რბილი ხასიათისანი, გულმოწყალენი და მშვიდობისმყოფელნი ვიქნებით. ამგვარად, ჩვენ შევძლებთ, რომ „ვანათოთ“ და განვადიდოთ იეჰოვა. ეს თვისებები აგრეთვე დაგვეხმარება ძმასთან მშვიდობიანი ურთიერთობის აღდგენაში.
22 იეჰოვასთვის ჩვენი თაყვანისმცემლობა მისაღები რომ იყოს, მოყვასსაც კარგად უნდა ვექცეოდეთ (მარ. 12:31). მომდევნო სტატიაში განვიხილავთ მთაზე ქადაგების სხვა მონაკვეთებს, რაც დაგვეხმარება, სხვებს კარგად მოვექცეთ. იესოს რჩევების განხილვის შემდეგ ჰკითხეთ საკუთარ თავს: როგორ ვექცევი სხვებს?
[სქოლიო]
a კარგი იქნება, თუ ამ და მომდევნო სტატიის მომზადებამდე მითითებულ მუხლებს წაიკითხავთ.
-
-
ნუ შეწყვეტთ კარგის კეთებასსაგუშაგო კოშკი — 2008 | 15 მაისი
-
-
ნუ შეწყვეტთ კარგის კეთებას
„აკეთეთ კარგი“ (ლუკ. 6:35).
1, 2. რატომ არ არის ყოველთვის ადვილი კარგის კეთება?
კარგის კეთება ყოველთვის ადვილი არ არის, რადგან სიკეთეზე შეიძლება სიკეთით არ გვიპასუხონ. დღეს ჩვენ ბედნიერი ღვთისა და მისი ძის „დიდებულ სასიხარულო ცნობას“ ვქადაგებთ და ამგვარად ხალხის სულიერ კეთილდღეობაზე ვზრუნავთ. მიუხედავად ამისა, უმეტესობა გულგრილობასა და უმადურობას ავლენს (1 ტიმ. 1:11). ზოგი კი ისე იქცევა, „როგორც ქრისტეს წამების ბოძის მტრები“ (ფილ. 3:18). როგორ უნდა მოვექცეთ ქრისტიანები მათ?
2 იესო ქრისტემ თავის მოწაფეებს მოუწოდა: „გიყვარდეთ თქვენი მტრები, აკეთეთ კარგი“ (ლუკ. 6:35). მოდი, დაწვრილებით განვიხილოთ ეს მუხლი. ჩვენ იესოს სხვა რჩევებსაც განვიხილავთ, რაც დაგვეხმარება, რომ სხვებს კარგად მოვეპყროთ.
„გიყვარდეთ თქვენი მტრები“
3. ა) როგორ შეაჯამებდით იესოს ნათქვამს, რაც მათეს 5:43—45-შია ჩაწერილი? ბ) რა თვალსაზრისი ჰქონდათ პირველი საუკუნის იუდეველ რელიგიურ წინამძღოლებს იუდეველებისა და არაიუდეველების შესახებ?
3 მთაზე ქადაგების დროს იესომ მოწაფეებს მოუწოდა, რომ ჰყვარებოდათ თავიანთი მტრები და ელოცათ თავიანთი მდევნელებისთვის (წაიკითხეთ მათეს 5:43—45). იესო ამ სიტყვებს იუდეველების მისამართით ამბობდა, რომლებმაც კარგად იცოდნენ ღვთის შემდეგი მოთხოვნა: „არ იძიო შური და ბოღმა არ ჩაიდო შენი ხალხის ძეებისადმი; საკუთარი თავივით გიყვარდეს მოძმე“ (ლევ. 19:18). პირველი საუკუნის იუდეველი რელიგიური წინამძღოლები „მოძმეებად“ და „ხალხის ძეებად“ მხოლოდ იუდეველებს მიიჩნევდნენ. მოსეს კანონით ისრაელებს მოეთხოვებოდათ, რომ სხვა ერებისგან შორს დაეჭირათ თავი, მაგრამ დროთა განმავლობაში ისეთი შეხედულება ჩამოუყალიბდათ, რომ ყველა არაიუდეველი მათი მტერი იყო და თითოეული მათგანი უნდა სძულებოდათ.
4. როგორ უნდა მოპყრობოდნენ იესოს მოწაფეები თავიანთ მტრებს?
4 იესომ სრულიად საპირისპირო რამ თქვა: „გიყვარდეთ თქვენი მტრები და ილოცეთ თქვენი მდევნელებისთვის“ (მათ. 5:44). იესოს მოწაფეებს თავიანთი მტრები უნდა ჰყვარებოდათ. ლუკას სახარებაში იესოს შემდეგ სიტყვებს ვკითხულობთ: „გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, კარგად მოექეცით თქვენს მოძულეებს, აკურთხეთ ისინი, ვინც გწყევლით, და ილოცეთ მათთვის, ვინც შეურაცხგყოფთ“ (ლუკ. 6:27, 28). ჩვენ ვბაძავთ პირველ საუკუნეში მცხოვრებ იმ ადამიანებს, რომლებიც ითვალისწინებდნენ იესოს რჩევას, და ‘კარგად ვექცევით ჩვენს მოძულეებს’; ეს იმით გამოიხატება, რომ მტრულად განწყობილ ადამიანებს დიდსულოვნად ვეპყრობით. ჩვენ ‘ვაკურთხებთ მათ, ვინც გვწყევლის’, ანუ თავაზიანად ველაპარაკებით. აგრეთვე ‘ვლოცულობთ ჩვენი მდევნელებისთვის’, მათთვის, ვინც ფიზიკურ თუ სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებს. ასეთი ლოცვებით ცხადვყოფთ, რომ გვსურს, ჩვენმა მდევნელებმა თვალსაზრისი შეიცვალონ და იეჰოვას მოწონება დაიმსახურონ.
5, 6. რატომ უნდა გვიყვარდეს ჩვენი მტრები?
5 რატომ უნდა გვიყვარდეს ჩვენი მტრები? იესო გვპასუხობს: „რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის შვილები“ (მათ. 5:45). ჩვენ იმ გაგებით ვიქნებით ღვთის შვილები, თუ ყურად ვიღებთ იესოს ამ სიტყვებს და მივბაძავთ იეჰოვას, რომელსაც „მზე ბოროტებისთვისაც ამოჰყავს და კეთილებისთვისაც და წვიმას მართლებსაც უგზავნის და უმართლოებსაც“. ლუკას სახარებაში ვკითხულობთ, რომ ღმერთი „უმადურთა და ბოროტთა მიმართაც კეთილია“ (ლუკ. 6:35).
6 იმის დასანახვებლად, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო, მოწაფეებს ‘თავიანთი მტრები ჰყვარებოდათ’, იესომ უთხრა მათ: „თუ ისინი გიყვართ, ვისაც თქვენ უყვარხართ, რა საზღაურს ელით? განა გადასახადების ამკრეფნიც ასევე არ იქცევიან? თუ მხოლოდ თქვენს ძმებს ესალმებით, განსაკუთრებულს რას აკეთებთ? განა უცხოტომელებიც ასევე არ იქცევიან?“ (მათ. 5:46, 47). თუ მხოლოდ ისინი გვეყვარება, ვისაც ჩვენ ვუყვარვართ, ვერ მივიღებთ ვერანაირ „საზღაურს“, ანუ ვერ მოვიპოვებთ ღვთის კეთილგანწყობას. ყველასგან მოძულებულ გადასახადების ამკრეფებსაც კი უყვარდათ თავიანთი მოყვარულები (ლუკ. 5:30; 7:34).
7. რატომ არ არის განსაკუთრებული არაფერი იმაში, თუ მხოლოდ ჩვენს ძმებს „ვესალმებით“?
7 ებრაელები მისალმების დროს სიტყვა „მშვიდობას“ ხმარობდნენ (მსაჯ. 19:20; იოან. 20:19). სალმის მიმცემი ადამიანს კარგ ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და კეთილდღეობას უსურვებდა. თუ მხოლოდ მათ „ვესალმებით“, ვისაც ჩვენს ძმებად ვთვლით, განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებთ. როგორც იესომ თქვა, უცხოტომელებიც ასე იქცეოდნენ.
8. რას გულისხმობდა იესო, როდესაც თქვა: „იყავით სრულყოფილები“?
8 მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის გამო შეუძლებელია, რომ ქრისტეს მოწაფეები სრულყოფილები იყვნენ (რომ. 5:12). მიუხედავად ამისა, იესო თავის მოწაფეებს შემდეგ სიტყვებს ეუბნება: „მაშ, იყავით სრულყოფილები, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი“ (მათ. 5:48). იესო თავის მსმენელებს მოუწოდებდა, რომ მიებაძათ „ზეციერი მამისთვის“, იეჰოვასთვის, და სრულეყოთ თავიანთი სიყვარული, ანუ ჰყვარებოდათ თავიანთი მტრები. იგივე მოითხოვება ჩვენგანაც.
რატომ უნდა ვიყოთ მიმტევებელნი?
9. რა იგულისხმა იესომ, როცა თქვა: „გვაპატიე ჩვენი ვალები“?
9 კარგის კეთებაში ისიც იგულისხმება, რომ ვაპატიოთ სხვებს ჩვენ წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვები. როცა იესო მოწაფეებს ლოცვას ასწავლიდა, ასეთი სიტყვები წარმოთქვა: „გვაპატიე ჩვენი ვალები, როგორც ჩვენ ვპატიობთ ჩვენს მოვალეებს“ (მათ. 6:12). რასაკვირველია, იესოს პირდაპირი გაგებით ვალები არ ჰქონდა მხედველობაში. როგორც ლუკას სახარებიდან ჩანს, „ვალში“ იესო ცოდვებს გულისხმობდა: „გვაპატიე ცოდვები, რადგან ჩვენც ვპატიობთ ყველა ჩვენს მოვალეს“ (ლუკ. 11:4).
10. რაში უნდა მივბაძოთ ღმერთს?
10 ჩვენ უნდა მივბაძოთ ღმერთს, რომელიც მთელი გულით პატიობს მომნანიე შემცოდველებს. პავლე მოციქულმა დაწერა: „კეთილად მოექეცით ერთმანეთს, დიდად თანაუგრძნეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს, როგორც ღმერთმა გაპატიათ მთელი გულით ქრისტეს მეშვეობით“ (ეფეს. 4:32). ფსალმუნმომღერალი დავითი კი წერდა: „იეჰოვა გულმოწყალე და მწყალობელია, რისხვაში ნელი და სიკეთით სავსე . . . ჩვენი ცოდვებისამებრ არ მოგვექცა და არც დანაშაულისთვის მოგვიზღა ის, რასაც ვიმსახურებდით . . . როგორც მზის ამოსავალია დაშორებული მზის ჩასავლისგან, ისე დაგვაშორა მან ჩვენი ცოდვები; როგორც მამა იწყალებს შვილებს, იეჰოვაც ისე იწყალებს თავის მოშიშებს. მან კარგად იცის ჩვენი აგებულება და ახსოვს, რომ მტვერი ვართ“ (ფსალმ. 103:8—14).
11. ვის პატიობს ღმერთი?
11 ღმერთი მხოლოდ მაშინ გვპატიობს, როცა თავად ვპატიობთ სხვებს (მარ. 11:25). იესო ამბობს: „თუ თქვენ პატიობთ სხვებს მათ შეცოდებებს, თქვენც გაპატიებთ თქვენი ზეციერი მამა, ხოლო თუ თქვენ არ პატიობთ სხვებს მათ შეცოდებებს, არც თქვენ გაპატიებთ თქვენსას ზეციერი მამა“ (მათ. 6:14, 15). როგორც ვხედავთ, ღმერთი მხოლოდ მათ პატიობს, ვინც მთელი გულით პატიობს სხვებს. ამრიგად, სხვებს რომ სიკეთე გავუკეთოთ, უნდა გავითვალისწინოთ პავლე მოციქულის რჩევაც: „როგორც იეჰოვამ გაპატიათ მთელი გულით, თქვენც ისე აპატიეთ ერთმანეთს“ (კოლ. 3:13).
„ნუღარ გაასამართლებთ“
12. რა რჩევა მისცა იესომ თავის მსმენელებს?
12 მთაზე ქადაგების დროს იესო შეეხო კიდევ ერთ საკითხს, კერძოდ იმას, რომ მის მსმენელებს არ განესაჯათ სხვები. შემდეგ ამის ხაზგასასმელად მაგალითიც მოუყვანა მათ (წაიკითხეთ მათეს 7:1—5). განვიხილოთ, რას გულისხმობდა იესო, როცა თქვა: „ნუღარ გაასამართლებთ“.
13. როგორ უნდა მოქცეულიყვნენ იესოს მსმენელები?
13 მათეს სახარებაში ვკითხულობთ: „ნუღარ გაასამართლებთ, რომ არც თქვენ გასამართლდეთ“ (მათ. 7:1). ლუკას სახარებაში კი წერია: „ნუღარ გაასამართლებთ და არც თქვენ გასამართლდებით, ნუღარ დასდებთ მსჯავრს და არც თქვენ დაგედებათ მსჯავრი. აპატიეთ და თქვენც გეპატიებათ“ (ლუკ. 6:37). პირველ საუკუნეში ფარისევლები მკაცრად განსჯიდნენ სხვებს იმ ტრადიციების საფუძველზე, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ღვთის სიტყვას. ვინც მოისმენდა იესოს ამ სიტყვებს, ‘მეტად აღარ უნდა გაესამართლებინა’ სხვები, პირიქით, ‘უნდა ეპატიებინა’. როგორც დავინახეთ, პავლე მოციქულმაც მსგავსი რჩევა მისცა თანამორწმუნეებს.
14. რისკენ აღიძვრებოდნენ ისინი, ვისაც იესოს მოწაფეები აპატიებდნენ?
14 თუ იესოს მოწაფეები სხვებს აპატიებდნენ, ისინიც მსგავსადვე მოიქცეოდნენ. იესომ თქვა: „რა სასამართლოთიც ასამართლებთ, იმავეთი გასამართლდებით და რა საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ“ (მათ. 7:2). როგორც ჩვენ მოვექცევით სხვებს, ისინიც ისე მოგვექცევიან (გალ. 6:7).
15. როგორ აჩვენა იესომ, თუ რატომ არ უნდა იყოს ადამიანი კრიტიკულად განწყობილი?
15 იმის საჩვენებლად, თუ რატომ არ უნდა იყოს ადამიანი კრიტიკულად განწყობილი, იესომ აღნიშნა: „მაშ, რატომ უყურებ ბალახის ღერს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი მორსაც ვერ ამჩნევ? ან როგორ ეუბნები შენს ძმას, მოდი თვალიდან ბალახის ღერს ამოგიღებო, როცა თვითონ შენ მორი გაქვს თვალში?“ (მათ. 7:3, 4). ადამიანი, რომელსაც სხვების კრიტიკა ახასითებს, უმნიშვნელო ნაკლსაც კი ამჩნევს თავისი ძმის „თვალში“. ასეთი ადამიანი ფიქრობს, რომ მის ძმას არა აქვს საღი აზროვნებისა და მოვლენების სწორად შეფასების უნარი. ძმის მიერ დაშვებული შეცდომა შეიძლება ისეთივე უმნიშვნელო იყოს, როგორც ბალახის ღერი, თუმცა კრიტიკულად განწყობილი ადამიანი მაინც სთავაზობს მას ‘თვალიდან ბალახის ღერის ამოღებას’. იგი ცდილობს დაანახვოს ძმას, თითქოს მასზე უკეთესად შეუძლია მოვლენების შეფასება. ასეთი საქციელი თვალთმაქცობაა.
16. რატომ შეიძლება ითქვას, რომ ფარისევლებს ‘თვალში მორი’ ჰქონდათ?
16 კრიტიკული განწყობა განსაკუთრებით იუდეველ რელიგიურ წინამძღოლებს ჰქონდათ. ისინი სხვებს მკაცრად განსჯიდნენ. ერთხელ ერთმა მამაკაცმა, რომელსაც იესომ მხედველობა დაუბრუნა, ყველას გასაგონად თქვა, რომ იესო ღვთის გამოგზავნილი იყო, რაზეც აღშფოთებულმა ფარისევლებმა მიუგეს: „შენ ცოდვებში დაიბადე და ჩვენ გვასწავლი?“ (იოან. 9:30—34). ფარისევლებს არ ჰქონდათ სულიერი ხედვა და განსჯის უნარი; მათ, როგორც იესომ თქვა, „თვალში მორი ჰქონდათ“ და სრულიად დაბრმავებულები იყვნენ. ამიტომ უთხრა მათ იესომ: „თვალთმაქცო! ჯერ საკუთარი თვალიდან ამოიღე მორი და მერე უკეთ დაინახავ, როგორ ამოუღო შენს ძმას თვალიდან ბალახის ღერი“ (მათ. 7:5; ლუკ. 6:42). თუ გვინდა, რომ კარგად მოვექცეთ სხვებს, არ უნდა გვქონდეს კრიტიკული განწყობა და არ უნდა ვეძებდეთ ‘ძმის თვალში ბალახის ღერს’. პირიქით, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენც არასრულყოფილები ვართ და ამის გამო თანამორწმუნეების კრიტიკას უნდა მოვერიდოთ.
როგორ უნდა მოვექცეთ სხვებს
17. როგორ უნდა მოვექცეთ სხვებს მათეს 7:12-ის თანახმად?
17 მთაზე ქადაგების დროს იესომ აღნიშნა, რომ ღმერთი მამობრივ მზრუნველობას ავლენს თავის მსახურთა მიმართ და პასუხობს მათ ლოცვებს (წაიკითხეთ მათეს 7:7—12). საგულისხმოა, რომ იესომ ამის საფუძველზე ჩამოაყალიბა ოქროს წესი: „ამიტომ ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მათ. 7:12). თუ იესოს ამ სიტყვებს გავითვალისწინებთ, მხოლოდ მაშინ ვიქნებით მისი ნამდვილი მიმდევრები.
18. როგორ ცხადყო „კანონმა“, რომ სხვებს ისე უნდა მოვექცეთ, როგორც თავად გვინდა, რომ მოგვექცნენ?
18 ზემოხსენებული სიტყვების შემდეგ იესომ დასძინა: „ეს არის კანონისა და წინასწარმეტყველთა წიგნების არსი“. როდესაც სხვებს იესოს მოწოდების თანახმად ვეპყრობით, ჩვენ იმ პრინციპს ვასრულებთ, რომელიც საფუძვლად ედო „კანონს“, წმინდა წერილების პირველ ხუთ წიგნს „დაბადებიდან“ „მეორე კანონის“ ჩათვლით. ამ წიგნებში არა მხოლოდ იმაზეა საუბარი, რომ იეჰოვა აღთქმული შთამომავლის მეშვეობით ბოლოს მოუღებს ბოროტებას და შეასრულებს თავის განზრახვას, არამედ იმ კანონზეც, რომელიც ღმერთმა ძვ. წ. 1513 წელს მოსეს მეშვეობით მისცა ისრაელ ერს (დაბ. 3:15). სხვა ყველაფერთან ერთად კანონი ისრაელებისგან მოითხოვდა, რომ ყოფილიყვნენ სამართლიანები, მიუკერძოებლები და კარგად მოპყრობოდნენ საწყლებსა და ხიზნებს (ლევ. 19:9, 10, 15, 34).
19. როგორ ცხადყოფს „წინასწარმეტყველთა წიგნები“, რომ სხვებს კარგად უნდა მოვექცეთ?
19 „წინასწარმეტყველთა წიგნების“ მოხსენიებისას იესოს მხედველობაში ჰქონდა წინასწარმეტყველური წიგნები ებრაული წერილებიდან. ამ წიგნებში მოცემულია არა მარტო წინასწარმეტყველებები მესიის შესახებ, რომლებიც ქრისტეზე შესრულდა, არამედ ისიც, რომ ღმერთი იმ შემთხვევაში აკურთხებს თავის მსახურებს, თუ ისინი მის მოსაწონად მოიქცევიან და სხვებს კარგად მოეპყრობიან. ესაია წინასწარმეტყველმა ისრაელებს შემდეგი რჩევა მისცა: «აი რას ამბობს იეჰოვა: „დაიცავით სამართალი და სიმართლე აკეთეთ . . . ბედნიერია მოკვდავი ადამიანი, რომელიც ასე იქცევა და ადამიანის ძე, რომელიც ამას ეჭიდება . . . და ხელს აკავებს ბოროტის კეთებისგან“» (ეს. 56:1, 2). ღმერთს უნდა, რომ მისმა მსახურებმა არ შეწყვიტონ კარგის კეთება.
ყოველთვის კარგად მოექეცით სხვებს
20, 21. რა რეაქცია ჰქონდა ხალხს, როდესაც მთაზე ქადაგებას ისმენდა, და რატომ უნდა დაფიქრდეთ ბიბლიის ამ მონაკვეთზე?
20 ჩვენ მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა მიმოვიხილეთ, რომელიც იესომ მთაზე ქადაგების დროს წარმოთქვა. მაგრამ ადვილად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ იმ ადამიანთა რეაქცია, რომლებიც იესოს უსმენდნენ. ბიბლიაში წერია: „როცა დაასრულა იესომ ეს სიტყვები, ხალხი განცვიფრებული იყო იმით, თუ როგორ ასწავლიდა, რადგან ასწავლიდა როგორც ძალაუფლების მქონე და არა როგორც მათი მწიგნობრები“ (მათ. 7:28, 29).
21 იესო ქრისტე მართლაც „საოცარი მრჩეველი“ იყო (ეს. 9:6). მთაზე ქადაგებიდან გამოჩნდა, რომ იესო ყველაფერს იეჰოვას თვალით უყურებს. მან აგრეთვე ისაუბრა იმაზე, თუ როგორ გავხდეთ ბედნიერები, როგორ მოვერიდოთ უზნეობას, როგორ ვიაროთ სიმართლის გზით, რა უნდა გავაკეთოთ, უსაფრთხო და ბედნიერი მომავალი რომ გვქონდეს და ასე შემდეგ. ილოცეთ და კიდევ ერთხელ ყურადღებით წაიკითხეთ მათეს მე-5—7 თავები. დაფიქრდით იესოს რჩევებზე და გამოიყენეთ. ეს დაგეხმარებათ, უფრო მეტად ასიამოვნოთ ღმერთს, კეთილად მოექცეთ სხვებს და არ შეწყვიტოთ კარგის კეთება.
-