საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • გახსოვდეთ თქვენი დიდებული შემოქმედი!
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 15 ნოემბერი
    • გახსოვდეთ თქვენი დიდებული შემოქმედი!

      «გახსოვდეს შენი გამჩენი [„დიდებული შემოქმედი“, აქ] . . . ვიდრე დაგიდგებოდეს მწარე დღეები» (ეკლესიასტე 12:1).

      1. როგორ უნდა სურდეთ თავიანთი ახალგაზრდობისა და ენერგიის გამოყენება ახალგაზრდებს, რომლებმაც თავი ღმერთს მიუძღვნეს?

      იეჰოვა თავისი ნების შესასრულებლად ერთგულ მსახურებს ძალას მატებს (ესაია 40:28—31). ეს ეხება ყველას, ახალგაზრდასა თუ ხანდაზმულს. მაგრამ ახალგაზრდებს, რომლებმაც ღმერთს მიუძღვნეს თავი, განსაკუთრებით უნდა სწყუროდეთ თავიანთი ახალგაზრდობისა და ენერგიის გონივრულად გამოყენება. ამიტომ გულთან ახლოს უნდა მიიტანონ „ეკლესიასტეს“, ძველი ისრაელის მეფე სოლომონის, რჩევა: «გახსოვდეს შენი გამჩენი [„დიდებული შემოქმედი“, აქ] შენს სიჭაბუკეში, ვიდრე დაგიდგებოდეს მწარე დღეები და გეწეოდეს წლები, რომლებზეც იტყვი, რაღაში მადგიან მე ისინიო?» (ეკლესიასტე 1:1; 12:1).

      2. როგორ უნდა მოიქცნენ ღვთისადმი მიძღვნილი ქრისტიანების შვილები?

      2 სოლომონის დარიგება, რომ ხსომებოდათ დიდებული შემოქმედი სიყმაწვილეში, პირველ რიგში ისრაელ ჭაბუკებსა და ქალიშვილებს ეხებოდა. ისინი იეჰოვა ღმერთისადმი მიძღვნილი ერის წარმომადგენლებად იყვნენ დაბადებულები. მაგრამ რა შეიძლება ითქვას დღეს ღვთისადმი მიძღვნილი ქრისტიანების შვილების შესახებ? რა თქმა უნდა, მათ უნდა ახსოვდეთ თავიანთი დიდებული შემოქმედი. რითაც პატივს მიაგებენ ღმერთს და თავიანთ სასიკეთოდ მოიქცევიან (ესაია 48:17, 18).

      წარსულის შესანიშნავი მაგალითები

      3. რა მაგალითები დაგვიტოვეს იოსებმა, სამუელმა და დავითმა?

      3 ბიბლიაში მრავლად მოიპოვება იმ ახალგაზრდების შესანიშნავი მაგალითები, რომლებსაც ახსოვდათ თავიანთი დიდებული შემოქმედი. იაკობის ვაჟს, იოსებს, ჭაბუკობიდანვე ახსოვდა თავისი შემოქმედი. როდესაც პოტიფარის ცოლი სექსუალურ უზნეობაში ჩათრევას ცდილობდა, იოსებმა მტკიცედ უკუაგდო მისი წინადადება და უთხრა: „როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და შევცოდო ღმერთს?“ (დაბადება 39:9). ლევიან სამუელს არა მარტო სიყრმეში ახსოვდა თავისი შემოქმედი, არამედ მთელი სიცოცხლის განმავლობაში (პირველი მეფეთა 1:22—28; 2:18; 3:1—5). ბეთლემელ ჭაბუკს, დავითს, ნამდვილად ახსოვდა თავისი შემოქმედი. ღვთისადმი მისი მინდობა მაშინ გამოჩნდა, როდესაც ფილისტიმელ გოლიათთან საბრძოლველად გამოვიდა: „შენ ხმლით, შუბითა და ფარით გამოდიხარ ჩემთან, — თქვა მან, — მე კი ცაბაოთ უფლის, ისრაელის მხედრობის ღმერთის სახელით გამოვდივარ, რომელიც შენ შეურაცხყავი. დღეს ჩამაგდებინებს ხელში შენს თავს უფალი და დაგამარცხებ, თავს მოგაცლი . . . რათა გაიგოს მთელმა ქვეყანამ, რომ ჰყავს ისრაელს ღმერთი. გაიგოს მთელმა კრებულმა, რომ არა მახვილითა და შუბით იხსნის უფალი, რომ უფლის ნებაზეა ომი და ხელში ჩაგვაგდებინებს თქვენს თავს“. მალე გოლიათის უსულო გვამი მიწაზე დაენარცხა და ფილისტიმელებმა ომი წააგეს (პირველი მეფეთა 17:45—51).

      4. ა) რა ცხადყოფს, რომ არამელთა ტყვეობაში მყოფ ისრაელ გოგონასა და ყმაწვილ მეფე იოშიას ახსოვდათ ჩვენი დიდებული შემოქმედი? ბ) როგორ აჩვენა 12 წლის იესომ, რომ ახსოვდა თავისი შემოქმედი?

      4 კიდევ ერთი ახალგაზრდა, რომელსაც თავისი დიდებული შემოქმედი ახსოვდა, ტყვეობაში მყოფი ებრაელი გოგონა იყო. მან ისე კარგად უქადაგა არამის მეფის სარდლის, ნაყამანის, მეუღლეს, რომ ნაყამანი მივიდა ღვთის წინასწარმეტყველთან, კეთრისგან განიკურნა და იეჰოვას თაყვანისმცემელიც გახდა (მეოთხე მეფეთა 5:1—19). ყმაწვილმა მეფე იოშიამ გაბედულად გაიბრძოლა იეჰოვასადმი წმინდა თაყვანისმცემლობის აღსადგენად (მეოთხე მეფეთა 22:1—23:25). მაგრამ მათგან, ვისაც მოზარდობის ასაკიდანვე ახსოვდათ თავიანთი დიდებული შემოქმედი, უშესანიშნავესი მაგალითი იესო ნაზარეველმა მოგვცა. განვიხილოთ, რა შეემთხვა 12 წლის იესოს. მშობლებმა ბიჭი პასექის აღსანიშნავად იერუსალიმში წაიყვანეს. უკან რომ ბრუნდებოდნენ შენიშნეს, რომ ბავშვი აღარსად იყო და მის საძებნელად იერუსალიმში დაბრუნდნენ. იესო მესამე დღეს იპოვეს. ის ტაძარში მოძღვრებს შორის იჯდა და საღვთო წერილიდან კითხვებს უსვამდა მათ. ბიჭმა აღელვებულ დედას კითხვაზე კითხვით უპასუხა: „რატომ მეძებდით? ნუთუ არ იცით, რომ მამის სახლში უნდა ვიყო?“ (ლუკა 2:49). იესოსთვის სასარგებლო იყო ტაძარში, „მამის სახლში“, სულიერი ფასეულობების შესახებ ინფორმაციის მიღება. დღეს იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზი მშვენიერი ადგილია ჩვენი დიდებული შემოქმედის შესახებ ზუსტი შემეცნების მისაღებად.

      გვახსოვდეს იეჰოვა დღეს!

      5. როგორ გადმოსცემდით ეკლესიასტეს 12:1-ში მოცემულ აზრს თქვენი სიტყვებით?

      5 იეჰოვას გულწრფელი თაყვანისმცემლების სურვილია, რაც შეიძლება ჩქარა დაიწყონ მისადმი მსახურება და მთელი ცხოვრება ამ სამსახურში გაატარონ. მაგრამ რა პერსპექტივა აქვთ მათ, ვინც ახალგაზრდობა ამაოებას შეალია და სიყმაწვილეში არ ახსოვდა შემოქმედი? ეკლესიასტე ღვთის სულის შთაგონებით წერდა: «გახსოვდეს შენი გამჩენი [„დიდებული შემოქმედი“, აქ] შენს სიჭაბუკეში, ვიდრე დაგიდგებოდეს მწარე დღეები და გეწეოდეს წლები, რომლებზეც იტყვი, რაღაში მადგიან მე ისინიო?» (ეკლესიასტე 12:1).

      6. საიდან ვიცით, რომ სიმონსა და ანას ახსოვდათ თავიანთი დიდებული შემოქმედი?

      6 არავის სიამოვნებს ხანდაზმულობის „მწარე დღეები“, მაგრამ ხანში შესულებს, რომლებსაც ახსოვთ იეჰოვა, სიხარული არ აკლიათ. მაგალითად, მოხუცმა სიმონმა ტაძარში ხელში აიყვანა ჩვილი იესო და სიხარულით წარმოთქვა: „აწ განუტევებ, მეუფეო, შენს მონას, შენი სიტყვისამებრ, მშვიდობით. ვინაიდან იხილა ჩემმა თვალმა შენი ხსნა, რომელიც შენ განამზადე ყოველი ხალხის წინაშე. ნათელი წარმართთა გასაბრწყინებლად და შენი ხალხის, ისრაელის სადიდებლად“ (ლუკა 2:25—32). ოთხმოცდაოთხი წლის ანასაც ახსოვდა თავისი შემოქმედი. ის არ შორდებოდა ტაძარს და, რა თქმა უნდა, იესოს იქ მიყვანასაც შეესწრო. „ისიც იმავე ჟამს იყო მისული და ადიდებდა ღმერთს და ელაპარაკებოდა მასზე [იესოზე] ყველას, ვინც კი გამოსყიდვას მოელოდა იერუსალიმში“ (ლუკა 2:36—38).

      7. რა მდგომარეობაში არიან ღვთის მსახურებაში დაბერებულები?

      7 იეჰოვას დღევანდელ მსახურებს, რომლებიც ღვთის მსახურებაში დაბერდნენ, შეიძლება ხანდაზმულობასთან დაკავშირებული ტკივილები ან რამე უძლურება აწუხებდეთ. მიუხედავად ამისა, ისინი ბედნიერები არიან. ჩვენ კი ძალიან ვაფასებთ მათ ერთგულ მსახურებას. ისინი იზიარებენ ‘უფლის [„იეჰოვას“, აქ] სიხარულს’, რადგან იციან, რომ ღმერთმა თავისი უზარმაზარი ძალა დედამიწისკენ მომართა და იესო ქრისტე ძლევამოსილ ზეციერ მეფედ დაადგინა (ნეემია 8:10). სწორედ ახლაა იმის დრო, რომ, როგორც ახალგაზრდებმა, ისე მოხუცებმა, ყურად იღონ მოწოდება: „ჭაბუკნო და თქვენც, ქალწულნო, მოხუცნო, ყმაწვილებთან ერთად, ადიდეთ სახელი უფლისა, რადგან მხოლოდ მისი სახელია ამაღლებული, მისი სიდიდეა ქვეყნად და ცაში“ (ფსალმუნი 148:12, 13).

      8, 9. ა) ვის უდგება „მწარე დღეები“ და რატომ? ბ) როგორ ახსნიდით ეკლესიასტეს 12:2-ს?

      8 მოხუცებულობის „მწარე დღეები“ არაფრის მაქნისია — ზოგჯერ კი ძალიან არასასიამოვნოცაა — მათთვის, რომლებიც საერთოდ არ ფიქრობენ თავიანთ დიდებულ შემოქმედზე და რომლებმაც არაფერი იციან მისი დიდებული განზრახვების შესახებ. მათ არა აქვთ არავითარი სულიერი ცოდნა, რომელიც დაეხმარებოდა ხანდაზმულობასთან დაკავშირებულ სირთულეებსა და იმ გასაჭირთან გამკლავებაში, რაც კაცობრიობას სატანის ზეციდან გადმოგდების შემდეგ დაატყდა თავს (გამოცხადება 12:7—12). ამიტომ ეკლესიასტე მოგვიწოდებს, გვახსოვდეს ჩვენი შემოქმედი „ვიდრე დაბნელდებოდეს მზე, ნათელი და მთვარე და ვარსკვლავები, ვიდრე ღრუბლები კიდევ ჩანან წვიმის შემდეგ“ (ეკლესიასტე 12:2). რას ნიშნავს ეს სიტყვები?

      9 სოლომონი ახალგაზრდობის პერიოდს პალესტინურ ზაფხულს ადარებს, როდესაც უღრუბლო ცაზე დღისით მზე, ხოლო ღამით მთვარე და ვარსკვლავები კაშკაშებენ. და როდესაც ყველაფერი ნათელ ფერებში ისახება. მაგრამ ხანდაზმულებისთვის დღეები ღრუბლიანი, ზამთრის წვიმიანი სეზონის მსგავსია, როდესაც ერთი გასაჭირის „თავსხმას“ მეორე მოსდევს ხოლმე (იობი 14:1). რამდენად სამწუხარო იქნებოდა გვცოდნოდა შემოქმედის შესახებ, მაგრამ სიცოცხლის „ზაფხულის“ განმავლობაში მისთვის არ გვემსახურა! ხანდაზმულობის „ზამთარში“ კი ყველაფერი ბნელდება, განსაკუთრებით მათთვის, რომლებმაც ხელიდან გაუშვეს ახალგაზრდობაში იეჰოვასადმი მსახურების შესაძლებლობა, რადგან იმ დროს ამაო საქმეებით იყვნენ დაკავებული. ჩვენ კი ასაკის მიუხედავად, ერთგული ქალებ იეფუნეს ძის, მოსეს საიმედო თანამსახურის, მსგავსად, დაე ‘ბოლომდე ვუერთგულოთ ღმერთს’ (იესო ნავეს ძე 14:6—9).

      მოხუცებულობის ასაკის გავლენა

      10. რა არის ნაჩვენები ა) ‘მცველებით’? ბ) ‘მეომრებით’?

      10 შემდეგ სოლომონი სირთულეებზე ლაპარაკობს: «იმ დღემდე, ვიდრე დაფრთხებოდნენ სასახლის [„სახლის“, ძვო] მცველნი და მეომარნი დაუძლურდებოდნენ, ვიდრე შეწყვეტდნენ სამუშაოს მეწისქვილე ქალები (რადგან მცირედნიღა დარჩებიან), ვიდრე ნათელი დააკლდებოდეთ სარკმლიდან მჭვრეტელთ» (ეკლესიასტე 12:3). „სახლში“ ადამიანის სხეული იგულისხმება (მათე 12:43—45; 2 კორინთელთა 5:1—8). „მცველნი“ ჩვენი ხელებია, რომლებიც იცავს სხეულს და მის მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს. ხანდაზმულობის ასაკში ისინი ხშირად უძლურების, ნევროზისა და პარალიზებისგან კანკალს იწყებენ. „მეომარნი“ — ფეხები — აღარ არიან მტკიცე საყრდენები, არამედ უძლურდებიან, მუხლებში კარგად ვერ იშლებიან და მხოლოდ ფრატუნითღა დადიან. მაგრამ განა სიხარულით არ გავსებთ ქრისტიანულ შეხვედრებზე ხანდაზმული თანამორწმუნეების ხილვა?

      11. ვინ არიან ფიგურალური „მეწისქვილე ქალები“ და ‘სარკმლიდან მჭვრეტელნი’?

      11 ‘მეწისქვილე ქალები წყვეტენ სამუშაოს, რადგან მცირედნიღა რჩებიან’ — მაგრამ რატომ? კბილები შეიძლება ადამიანს დაუჭიანდეს ან საერთოდ ამოიღოს, რის გამოც მათი რაოდენობა მცირდება ან ადამიანი საერთოდ უკბილოდ რჩება. მყარი საკვების დაღეჭვა რთულდება ან საერთოდ შეუძლებელი ხდება. ‘სარკმლიდან მჭვრეტელნი’ — ანუ თვალები, რომელთა შეთანხმებული ფუნქციონირებით ტვინის მხედველობის ზონასთან ჩვენ ვხედავთ — იბინდება ან საერთოდ ბრმავდება.

      12. ა) როგორ ‘იგმანება ქუჩის კარები’? ბ) რას ფიქრობთ სამეფოს ხანდაზმულ მქადაგებელთა შესახებ?

      12 «ვიდრე — განაგრძობს ეკლესიასტე — დაიგმანებოდეს ქუჩის კარები, მიჩუმდებოდეს დოლაბის ხმაური, მიწყდებოდეს ფრინველთა ჟრიამული [„ჩიტების ჭიკჭიკზე წამოდგებოდეს კაცი“, აქ], დადუმდებოდეს ყოველი გალობა“ (ეკლესიასტე 12:4). მათი პირის კარები — ტუჩები — ვინც ხანდაზმულობის ასაკში ღმერთს არ ემსახურება, თითქმის, ან საერთოდ არ ამბობს რა ხდება „სახლში“, ანუ სხეულში. მათგან აღარაფერი გადის საზოგადოებრივი ცხოვრების „ქუჩაში“. მაგრამ რა შეიძლება ითქვას სამეფოს შესახებ თავგამოდებით მოქადაგე ხანდაზმულებზე? (იობი 41:6). ისინი შეიძლება ნელა დადიოდნენ კარდაკარ და ზოგი შეიძლება ძლივს ლაპარაკობდეს, მაგრამ ისინი მართლაც რომ განადიდებდნენ იაჰს! (ფსალმუნი 112:1).

      13. როგორ აღწერს ეკლესიასტე ხანდაზმულობასთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებს, რა შეიძლება დანამდვილებით ითქვას ხანდაზმულ ქრისტიანებზე?

      13 დოლაბის ხმაური უფრო და უფრო ჩუმი ხდება, რადგან საკვები უკბილო ღრძილებით იღეჭება. ხანდაზმულს ფხიზლად სძინავს. ჩიტების ჭიკჭიკიც კი უფრთხობს ძილს. ის უღონო ხმით თუ წაიმღერებს რაიმეს ათასში ერთხელ. „ყოველი გალობა“ — მელოდიურობა — მასში ‘დადუმებულია’. ხანდაზმულებს ყურთასმენის დაქვეითების გამო ცუდად ესმით მუსიკა და სიმღერები. მაგრამ ხანდაზმული ცხებულები და მათი სხვა თანამსახურები, რომლებიც კარგა ხანია გადასცდნენ ახალგაზრდობის ასაკს, ქრისტიანულ შეხვედრებზე მთელი გულით უგალობენ ღმერთს ხოტბის შემსხმელ სიმღერებს. რამდენად მოხარული ვართ ჩვენ იმით, რომ კრებაში იეჰოვას განდიდებისას ისინი ჩვენს გვერდით იმყოფებიან (ფსალმუნი 149:1).

      14. რის შიში იპყრობს ხანდაზმულებს?

      14 რა სამწუხარო მდგომარეობაში არიან ხანდაზმულები, განსაკუთრებით კი ისინი, რომლებიც შემოქმედს უგულებელყოფენ! ეკლესიასტე ამბობს: «შეეშინდებოდეთ სიმაღლისაც და გზებზე შიში დაივანებდეს, აყვავდებოდეს ნუში, დამძიმდებოდეს კალია და დაცხრებოდეს ვნება [„დაირღვეს კაპარი“, ძვო], — როცა მიდის კაცი თავის საუკუნო სახლისაკენ და უკან მიჰყვებიან მოტირალნი» (ეკლესიასტე 12:5). ბევრ ხანდაზმულს კიბის ბოლო საფეხურზე ასვლისას იქიდან გადმოვარდნის შიში იპყრობს. მრავალს კი რაღაც მაღლისთვის თვალის შევლებაც კი თავბრუს ახვევს. ხალხმრავალ ქუჩაში გასვლისას ხანდაზმულებს შიშის ზარს სცემს იმის გაფიქრება, რომ იქ შეიძლება რაიმე ტრავმა მიიღონ ან გაძარცვონ.

      15. როგორ იპენტება ყვავილებით „ნუში“ და ‘მძიმდება’ კალია?

      15 ხანდაზმულებში ‘აყვავებული ნუში’ როგორც ჩანს ჯერ ჭაღარაზე, შემდეგ კი თოვლივით თეთრ თმაზე მიუთითებს. ჭაღარა თმები ნუშის ხის თეთრი ყვავილების მსგავსად ცვივა. ‘დამძიმებული’ ხანდაზმული შეიძლება წელში იყოს მოხრილი და ხელები უღონოდ ჰქონდეს ჩამოშვებული ან იდაყვში მოხრილი გვერდებზე ისე ჰქონდეს შემოწყობილი, რომ სწორედ კალიას მოგვაგონებდეს. მაგრამ თუ რომელიმე ჩვენგანი ოდნავ მაინც ვართ ასეთი, დაე სხვებმა ჩვენში იეჰოვას კალიათა მძლავრი, სწრაფი არმიის ჯარისკაცები დაინახონ! (იხილეთ 1998 წლის 1 მაისის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 8—13).

      16. ა) რაზე მეტყველებს ‘კაპარის დარღვევა’? ბ) რა არის ‘საუკუნო სახლი’ და რა მეტყველებს მოახლოებულ სიკვდილზე?

      16 ხანდაზმულებს მადა დაქვეითებული აქვს და საჭმელი კაპარივით გემრიელიც რომ იყოს, მადიანად ვერ მიირთმევენ. კაპარს დიდი ხანია მადის აღმძვრელად იყენებენ. ‘კაპარის დარღვევა’ იმაზე მიგვანიშნებს, რომ ხანდაზმულებში მადა იმდენად ქვეითდება, რომ ამ მცენარის ნაყოფიც კი ვერ აღძრავს მათში ჭამის სურვილს. ყოველივე ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ისინი ახლოს არიან ‘საუკუნო სახლთან’, სამარესთან, რომელშიც სამუდამოდ დარჩებიან, თუ მათ არ ახსოვდათ თავიანთი შემოქმედი და ისეთ ბოროტ საქმეებს აკეთებდნენ, რომ შემდეგში აღდგომისას ღმერთი არ გაიხსენებს. მოახლოებული სიკვდილის ნიშნები ჩანს ნაღვლიან ხმასა და კვნესანარევ ჩივილში, რომელიც ხანდაზმულის ბაგეებს დასცდება ხოლმე.

      17. როგორ შეიძლება გაწყდეს „ვერცხლის საბელი“ და რა შეიძლება იყოს „ოქროს ჭურჭელი“?

      17 ეკლესიასტე მოგვიწოდებს, გვახსოვდეს ჩვენი შემოქმედი „ვიდრე გაწყდებოდეს ვერცხლის საბელი და გატყდებოდეს ოქროს ჭურჭელი, დაიმსხვრეოდეს დოქი წყაროსთან, ჩაეშვებოდეს ოწინარის ბორბალი ჭაში“ (ეკლესიასტე 12:6). „ვერცხლის საბელი“ შეიძლება ზურგის ტვინი იყოს. როდესაც თავის ტვინისკენ იმპულსების გამტარი ეს სასწაულებრივი გზა ისე ზიანდება, რომ მისი აღდგენა შეუძლებელი ხდება, სიკვდილი გარდაუვალია. „ოქროს ჭურჭელი“ შეიძლება თავის ტვინზე მიუთითებდეს, რომელიც ჭურჭლისმაგვარ თავის ქალაშია მოთავსებული და რომელთანაც ზურგის ტვინია დაკავშირებული. ტვინის ფუნქციონირების შეწყვეტას, რომელიც ოქროსავით ძვირფასია, სიკვდილი მოსდევს.

      18. რას ნიშნავს მეტაფორული გამოთქმა „დოქი წყაროსთან“ და რა ხდება მისი დამსხვრევისას?

      18 „დოქი წყაროსთან“ არის გული, რომელიც ღებულობს და სისხლის მიმოქცევის სისტემის საშუალებით კვლავ მთელს ორგანიზმში აბრუნებს სისხლს. სიკვდილისას გული წყაროსთან დამსხვრეული დოქის მსგავსია, რადგან ის ვეღარ მიიღებს და ვეღარ გადატუმბავს სისხლს, რომელიც ასე აუცილებელია სხეულის კვებისა და ცხოველქმედებისთვის. ‘ჭაში ჩაშვებული ოწინარის ბორბალი’ წყვეტს ტრიალს ანუ აღარ ხდება სიცოცხლის შემანარჩუნებელი სისხლის ცირკულირება. იეჰოვამ ამგვარად სოლომონს დიდი ხნით ადრე გაუმხილა სისხლის მიმოქცევის სისტემის არსებობის შესახებ, ვიდრე ამას XVII საუკუნეში ექიმი უილიამ ჰარვეი აღმოაჩენდა.

      19. როგორ სრულდება სიკვდილის დროს ეკლესიასტეს 12:7-ის სიტყვები?

      19 ეკლესიასტე ამატებს: „მიიქცეოდეს მტვერი მიწად, როგორც იყო, და სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს, რომელმაც შთაბერა“ (ეკლესიასტე 12:7). დოქის გატეხასთან ერთად ადამიანის სხეული, რომელიც თავიდან მიწის მტვრისგან იყო შექმნილი, მტვრადვე მიიქცევა (დაბადება 2:7; 3:19). სული („ნეფეშ“) კვდება, რადგან ღვთის მიერ ბოძებული სული („რუაჰ“) ანუ სასიცოცხლო ძალა ჩვენს შემოქმედს უბრუნდება და მასთანვე რჩება (ეზეკიელი 18:4, 20; იაკობი 2:26).

      რა მომავალი ელით მათ, ვისაც ღმერთი ახსოვს?

      20. ფსალმუნის 89:12-ში ჩაწერილი ლოცვის თანახმად, რას ითხოვდა მოსე?

      20 სოლომონმა საკმაოდ ეფექტურად გვიჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს ჩვენი დიდებული შემოქმედი. ცხადია, შედარებით ხანმოკლე და ტანჯვით აღსავსე ცხოვრებით არ ამოიწურება ყველაფერი მათთვის, ვისაც ახსოვს იეჰოვა და მთელი გულით ასრულებს მის ნებას. ახალგაზრდები არიან ისინი თუ ხანდაზმულები, ისეთსავე შეხედულებას იზიარებენ, როგორიც მოსეს ჰქონდა. ეს უკანასკნელი ლოცულობდა: „ჩვენი დღეების დათვლა გვასწავლე, რათა შევიძინოთ სიბრძნე გულისა“. ღვთის თავმდაბალ წინასწარმეტყველს მთელი გულით სურდა, იეჰოვას მისთვის და ებრაელი ერისთვის ეჩვენებინა ანუ ესწავლებინა სიბრძნე, რათა დაეფასებინათ ‘თავიანთი დღეები’ და ღვთისმოსაწონი სახით გამოეყენებინათ ისინი (ფსალმუნი 89:10, 12).

      21. რა უნდა ვაკეთოთ იმის პარალელურად, როდესაც ჩვენს დღეებს იეჰოვას განსადიდებლად ვითვლით?

      21 განსაკუთრებით ახალგაზრდა ქრისტიანები უნდა იყვნენ გადაწყვეტილებით აღსავსე, ყურად იღონ ეკლესიასტეს რჩევა და ახსოვდეთ თავიანთი შემოქმედი. რა შესანიშნავი შესაძლებლობა აქვთ მათ — მონაწილეობა მიიღონ ღვთისადმი წმინდა მსახურებაში! მაგრამ ასაკის მიუხედავად, თუ ჩვენი დღეების დათვლასა და ამ ‘უკანასკნელ ჟამს’ მათი იეჰოვას განსადიდებლად გამოყენებას ვისწავლით, მოგვეცემა შესაძლებლობა, მარადიულად ვითვალოთ ისინი (დანიელი 12:4; იოანე 17:3). ასე მოქმედებისას, რასაკვირველია, უნდა გვახსოვდეს ჩვენი დიდებული შემოქმედი. აგრეთვე უნდა შევასრულოთ ყველა ვალდებულება, რაც ღვთის წინაშე გვაკისრია.

  • ასრულებთ ღვთის წინაშე ყველა ვალდებულებას?
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 15 ნოემბერი
    • ასრულებთ ღვთის წინაშე ყველა ვალდებულებას?

      „რადგან ყველა საქმეს სამსჯავროზე მიიტანს ღმერთი, ყოველივე დაფარულს, კეთილს თუ ბოროტს“ (ეკლესიასტე 12:14)

      1. რით უზრუნველყოფს იეჰოვა თავის ხალხს?

      იეჰოვა ზრუნავს მათზე, ვისაც ახსოვს დიდებული შემოქმედი. მის მიერ შთაგონებული სიტყვის საშუალებით ის ამ ხალხს აძლევს ცოდნას, რომელიც აუცილებელია მის თვალში რომ მოწონება დავიმსახუროთ. სულიწმიდა ხელმძღვანელობს მათ ღვთის ნების შესრულებასა და ‘ყოველ კეთილ საქმეში ნაყოფის გამოსაღებად’ (კოლასელთა 1:9, 10). გარდა ამისა, იეჰოვა ‘ერთგული და გონიერი მონის’ მეშვეობით სულიერ საზრდოსა და თეოკრატიულ მითითებებს გვაძლევს (მათე 24:45—47). ღვთისადმი მსახურებასა და, მათ შორის, სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგების უმნიშვნელოვანესი საქმის შესრულებას, მისი ხალხისთვის მრავალი კურთხევა მოაქვს (მარკოზი 13:10).

      2. რა კითხვები შეიძლება წამოეჭრას ზოგს იეჰოვასადმი მსახურებასთან დაკავშირებით?

      2 ჭეშმარიტი ქრისტიანები დიდი სიამოვნებით ღებულობენ მონაწილეობას იეჰოვასადმი წმინდა მსახურებაში. მაგრამ ზოგს შეიძლება გული გაუტყდეს და იფიქროს, რომ მის მცდელობას არავითარი აზრი არა აქვს. მაგალითად, ზოგჯერ ღვთისადმი მიძღვნილი ქრისტიანები შეიძლება დაფიქრდნენ, მართლა ღირს თუ არა მათი გულითადი ძალისხმევა. როდესაც ოჯახის თავი ფიქრობს ოჯახურ შესწავლაზე ან სხვა საქმიანობაზე, შეიძლება დაებადოს კითხვები: „ნამდვილად მოსწონს იეჰოვას ის, რასაც ვაკეთებთ? ვასრულებთ ბოლომდე ღვთის წინაშე ყველა ვალდებულებას?“ ასეთ კითხვებზე პასუხის გაცემაში ეკლესიასტეს ბრძნული სიტყვები დაგვეხმარებოდა.

      არის ყველაფერი ამაოება?

      3. ეკლესიასტეს 12:8-ის თანახმად, რა არის ძალზე დიდი ამაოება?

      3 ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ ბრძენი სოლომონის სიტყვები არავისთვის არის გამამხნევებელი, — არც ახალგაზრდებისთვის და არც მოხუცებისთვის. „ამაოება ამაოებათა, თქვა ეკლესიასტემ, ყოველივე ამაოა“ (ეკლესიასტე 12:8). ფაქტობრივად, მართლაც ძალზე დიდი ამაოებაა ახალგაზრდობაში დიდებული შემოქმედის უგულებელყოფა, ღვთისადმი მსახურების გარეშე დაბერება და მხოლოდ წელთა სიმრავლის ამარა დარჩენა. ყველაფერი ამაოება ანუ არარაობაა ასეთებისთვის, თუნდაც ისე მოკვდნენ, რომ ამ წუთისოფელში, რომელიც ბოროტი სულიერი ქმნილების, სატანა ეშმაკის, ძალაუფლებაში იმყოფება, სიმდიდრე და სახელი დარჩეთ (1 იოანე 5:19).

      4. რატომ შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი არ არის ამაოება?

      4 ყველაფერი ამაოება არ არის მათთვის, ვინც, როგორც იეჰოვას ერთგული მსახური, ზეცაში აგროვებს საუნჯეს (მათე 6:19, 20). ისინი მუდამ უხვობენ უფლის საქმეში, ხოლო ასეთი გარჯა ნამდვილად არ არის ამაო (1 კორინთელთა 15:58). მაგრამ თუ ღვთისადმი მიძღვნილი ქრისტიანები ვართ, ვასრულებთ თუ არა მუდამ ღვთის მიერ დავალებულ საქმეს ამ უკანასკნელ დღეებში? (2 ტიმოთე 3:1). თუ ჩვენც ისეთივე ცხოვრების წესი გადმოვიღეთ, რომელიც ოდნავ თუ განსხვავდება ჩვენს ირგვლივ მყოფი ხალხის ცხოვრებისგან? მათ შეიძლება სხვადასხვა რელიგიასთან ჰქონდეთ კავშირი; შეიძლება საკმაოდ თავგამოდებული მორწმუნეებიც იყვნენ, რეგულარულად დადიოდნენ თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილ შენობებში და ცდილობდნენ ყველაფრის შესრულებას, რასაც მათგან მათი რელიგია მოითხოვს. რა თქმა უნდა, ისინი სამეფოს შესახებ ცნობას არ ქადაგებენ. მათ არა აქვთ ‘უკანასკნელ ჟამთან’ დაკავშირებით ზუსტი შემეცნება და ვერ გრძნობენ, რომ ძალიან კრიტიკულ დროში ვცხოვრობთ (დანიელი 12:4).

      5. რა უნდა გავაკეთოთ იმ შემთხვევაში, როდესაც ნორმალური ცხოვრებისეული საქმეები ჩვენი მთავარი საზრუნავი ხდება?

      5 იესო ქრისტემ ჩვენი კრიტიკული ჟამის შესახებ თქვა: „როგორც იყო ნოეს დღეები, ისევე იქნება კაცის ძის მოსვლაც. ვინაიდან, როგორც წარღვნამდელ დღეებში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა, და არ იცოდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და ყველა არ წალეკა — ასევე იქნება კაცის ძის მოსვლაც“ (მათე 24:37—39). ზომიერად ჭამასა და სმაში ცუდი არაფერია, ქორწინება კი თვით ღვთის მიერაა დაფუძნებული (დაბადება 2:20—24). მაგრამ, თუ ვხვდებით რომ ეს ცხოვრებისეული ნორმალური საქმეები ჩვენი მთავარი საზრუნავი ხდება, რატომ არ უნდა გველოცა ამ საკითხზე? იეჰოვა დაგვეხმარება სამეფოს ინტერესების პირველ ადგილზე დაყენებაში, სწორად მოქმედებასა და მის წინაშე ჩვენი ვალდებულების შესრულებაში (მათე 6:33; რომაელთა 12:12; 2 კორინთელთა 13:7).

      ღვთისთვის თავის მიძღვნა და მის წინაშე ჩვენი ვალდებულება

      6. რომელ მნიშვნელოვან ვალდებულებას ვერ ასრულებს ზოგი მონათლული ქრისტიანი ღვთის წინაშე?

      6 ზოგი ქრისტიანისთვის აუცილებელია გულწრფელად მხურვალედ ილოცოს, რადგან ისინი არ ასრულებენ მსახურებასთან დაკავშირებით იმ ვალდებულებას, რომელიც საკუთარ თავზე აიღეს ღვთისთვის თავის მიძღვნის დროს. რამდენიმე წელია ყოველწლიურად 300 000-ზე მეტი ადამიანი ინათლება, მაგრამ იეჰოვას აქტიურ მოწმეთა საერთო რაოდენობა შესაბამისად არ იზრდება. ზოგმა, ვინც სამეფოს შესახებ მქადაგებელი გახდა, შეწყვიტა კეთილი ცნობის უწყება. მაგრამ ნათლობამდე ღვთის მსახურების მსურველები მნიშვნელოვან მონაწილეობას უნდა ღებულობდნენ ქრისტიანულ მსახურებაში, რადგან იციან ქრისტეს მიერ თავისი ყველა მიმდევრისთვის მიცემული დავალება: „წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ“ (მათე 28:19, 20). თუ მონათლულ ქრისტიანს ჯანმრთელობა ან სხვა ისეთი ფაქტორი არ უშლის ხელს, რომლის შეცვლაც მას არ ძალუძს, და არ მსახურობს როგორც ღვთისა და ქრისტეს აქტიური მოწმე, ის არ ასრულებს თავის ვალდებულებას ჩვენი დიდებული შემოქმედის წინაშე (ესაია 43:10—12).

      7. რატომ უნდა შევიკრიბოთ თაყვანისცემის მიზნით რეგულარულად?

      7 ძველი ისრაელი ღვთისთვის მიძღვნილი ერი იყო და რჯულის კავშირის თანახმად ამ ხალხს იეჰოვას წინაშე გარკვეული ვალდებულებები ეკისრა. მაგალითად, ყველა მამაკაცი უნდა გამოცხადებულიყო სამ ყოველწლიურ დღესასწაულზე. კაცი, რომელიც უმიზეზოდ არ დაამზადებდა პასექის დღესასწაულს ‘უნდა მოეკვეთათ’ ანუ მოეკლათ (რიცხვნი 9:13; ლევიანნი 23:1—43; მეორე რჯული 16:16). ღვთის წინაშე თავიანთი ვალდებულების შესასრულებლად ღვთისთვის მიძღვნილი ხალხი, ისრაელები, თაყვანისცემის მიზნით ერთად უნდა შეკრებილიყვნენ (მეორე რჯული 31:10—13). რჯულში არსად იყო ნათქვამი: „გააკეთე ეს, თუ შენთვის მოსახერხებელია“. ერთად შეკრების შესახებ რჯულის მოთხოვნა დღეს იეჰოვასთვის მიძღვნილი ქრისტიანებისთვის დიდ წონას მატებს პავლეს სიტყვებს: „ყურადღებით მოვეკიდოთ ერთმანეთს, წავახალისოთ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისათვის. ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ შევაგონოთ ერთმანეთს. და, მით უმეტეს, რაც უფრო მეტად ატყობთ იმ დღის მოახლოებას“ (ებრაელთა 10:24, 25). დიახ, თანაქრისტიანებთან ერთად რეგულარულად შეკრება ღვთის წინაშე ქრისტიანების ვალდებულების ნაწილია.

      გულმოდგინედ აწონ-დაწონეთ თქვენი გადაწყვეტილებები!

      8. რატომ უნდა ილოცოს და იფიქროს ქრისტიანმა სიყმაწვილის ასაკში წმინდა მსახურებაზე?

      8 შეიძლება თქვენ იეჰოვასთვის მიძღვნილი ახალგაზრდა ქრისტიანი ხართ. თუ სამეფოს ინტერესებს პირველ ადგილზე დააყენებთ, უხვი კურთხევები გელოდებათ (იგავნი 10:22). ლოცვისა და გულმოდგინე დაგეგმვის შემდეგ, შეიძლება, სულ მცირე, ახალგაზრდობის წლები მაინც გაატაროთ სრული დროით მსახურების რომელიმე სფეროში, რაც იმის შესანიშნავი დადასტურება იქნებოდა, რომ გახსოვთ თქვენი დიდებული შემოქმედი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი დროისა და ყურადღების მეტი წილი შეიძლება მატერიალური ქონების ძიებამ შეიწიროს. უმრავლესობის მსგავსად შეიძლება ადრე დაქორწინდეთ და მატერიალური ნივთების შეძენის მიზნით ვალებში ჩაეფლოთ. კარიერის შექმნამ შეიძლება დიდი დრო და ენერგია წაგართვათ. თუ შვილები გყავთ, ათეული წლების განმავლობაში ოჯახური პასუხისმგებლობები გექნებათ სატარებელი (1 ტიმოთე 5:8). შესაძლოა, სულაც არ დაგვიწყებიათ თქვენი დიდებული შემოქმედი, მაგრამ გონივრულია გესომდეთ, რომ იმან, რაც ადრე დაგეგმეთ, ან საერთოდ არ დაგიგეგმავთ, შეიძლება თქვენს მომავალ ცხოვრებაზე იმოქმედოს. წლების შემდეგ, უკან მოხედვისას, შეიძლება სინანულის გრძნობა დაგეუფლოთ და ინატროთ, სხვა თუ არაფერი სიყმაწვილის ხანაში მაინც მიმეღოო სრული მონაწილეობა დიდებული შემოქმედისადმი წმინდა მსახურებაში. რატომ არ უნდა დაფიქრებულიყავით და რატომ არ უნდა გელოცათ ახლავე იმაზე, რომ კმაყოფილება იეჰოვასადმი წმინდა მსახურებაში სიყმაწვილის წლებშივე გეპოვათ?

      9. რა შეუძლია გააკეთოს ადამიანმა, რომელიც ახლა მოხუცდა და ერთ დროს კრებაში სერიოზული პასუხისმგებლობა ეკისრა?

      9 განვიხილოთ სხვა შემთხვევა. შემთხვევა მამაკაცისა, რომელიც ერთ დროს „ღვთის სამწყსოს“’ მწყემსავდა (1 პეტრე 5:2, 3). გარკვეული მიზეზების გამო მან ნებაყოფლობით შეწყვიტა ამ სახის მსახურება. მართალია, ახლა ის მოხუცდა და, შესაძლებელია, უფრო უჭირს ღვთისადმი მსახურება, მაგრამ შეუძლია კვლავ თეოკრატიული პასუხისმგებლობისკენ სწრაფვა? რა დიდ კურთხევას მოუტანდა ეს მამაკაცი სხვებს, თუკი შეძლებდა კრებაში მეტი პასუხისმგებლობის აღებას! და რადგან არც ერთი ჩვენგანი არ ცოცხლობს მხოლოდ საკუთარი თავისთვის, მეგობრები და საყვარელი ადამიანები მოხარული იქნებოდნენ, თუ ის ღვთის განსადიდებლად თავისი მსახურების გაფართოებას შეძლებდა (რომაელთა 14:7, 8). რაც ყველაზე მთავარია, იეჰოვა არ დაივიწყებს მისთვის მსახურებაში გაწეულ ძალისხმევას (ებრაელთა 6:10—12). მაშ, რა დაგვეხმარება, გვახსოვდეს ჩვენი დიდებული შემოქმედი?

      რა დაგვეხმარება იმაში, რომ გვახსოვდეს ჩვენი დიდებული შემოქმედი

      10. რატომ ჰქონდა ეკლესიასტეს შესანიშნავი შესაძლებლობა, რათა მითითებები მოეცა, გვხსომებოდა ჩვენი დიდებული შემოქმედი?

      10 ეკლესიასტეს შესანიშნავი შესაძლებლობა ჰქონდა, რათა მითითებები მოეცა ჩვენთვის, გვხსომებოდა ჩვენი დიდებული შემოქმედი. თავის დროზე იეჰოვამ უპასუხა მის მხურვალე ლოცვას და უჩვეულო სიბრძნე უბოძა (მესამე მეფეთა 3:6—12). სოლომონმა ადამიანთა საქმიანობის ყველა სფერო გამოიკვლია. უფრო მეტიც, ის ღვთის შთაგონებით წერდა თავის გამოკვლევათა შედეგებს, რათა ამით სხვებსაც ესარგებლათ. მან დაწერა: „თავად ხომ ბრძენი იყო ეკლესიასტე, ხალხსაც შეასწავლა სიბრძნე. იკვლევდა, იძიებდა და თხზავდა იგავებს მრავალს. ეძებდა ეკლესიასტე საჭირო სიტყვებს და წრფელად დაიწერა ჭეშმარიტი სიტყვები“ (ეკლესიასტე 12:9, 10).

      11. რატომ უნდა მივიღოთ სოლომონის ბრძნული რჩევა?

      11 ბერძნულ სეპტუაგინტაში ეს სიტყვები შემდეგი სახით არის თარგმნილი: „უფრო მეტიც, ვინაიდან ეკლესიასტე ბრძენი იყო, ვინაიდან ხალხს სიბრძნეს ასწავლიდა; იმისათვის რომ მსმენელს შეძლებოდა იგავთა მომხიბვლელობის დანახვა, ეკლესიასტე გულმოდგინედ ეძებდა სასიამოვნო სიტყვებს და პატიოსნად დაწერა ჭეშმარიტების სიტყვები“ (The Septuagint Bible, translated by Charles Thomson). სოლომონი საჭირო სიტყვების საშუალებით, ნამდვილად საინტერესო და ღირებული საკითხების განხილვით, ცდილობდა მიეღწია მკითხველთა გულებამდე. რადგან ბიბლიაში ჩაწერილი მისი სიტყვები სულიწმიდის შთაგონების ნაყოფია, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე შეგვიძლია მივიღოთ ეს სიტყვები და იქ გადმოცემული ბრძნული რჩევები (2 ტიმოთე 3:16, 17).

      12. თქვენი სიტყვებით როგორ გადმოსცემდით სოლომონის სიტყვების აზრს, რომლებიც ეკლესიასტეს 12:11, 12-შია მოცემული?

      12 თვით სოლომონის დღეებშიც კი, — მიუხედავად იმისა, რომ ბეჭდვის თანამედროვე საშუალებები არ ჰქონდათ, — მრავალი წიგნი არსებობდა. რა თვალსაზრისი უნდა ჰქონოდათ ასეთ ლიტერატურაზე? ეკლესიასტე ამბობს: „ბრძენთა სიტყვები წვერგამახული სოლებია, ჩაჭედილი ლურსმნებია. იგავთა კრებული ერთი მწყემსისგან შთაგონებული. კიდევ გეტყვი, შვილო, ყურად იღე: ბევრი წიგნების წერას ბოლო არ ექნება და ზედმეტი ფიქრი სხეულს ადუნებს“ (ეკლესიასტე 12:11, 12).

      13. როგორ არის ღვთიური სიბრძნის მქონეთა სიტყვები წვერწამახული სოლების მსგავსი და ვინ არიან ‘ჩაჭედილი ლურსმნებივით’?

      13 ღვთიური სიბრძნის მქონეთა სიტყვები წვერგამახული სოლების მსგავსია. როგორ? ისინი მკითხველებს ან მსმენელებს „ჩხვლეტს“ ანუ მოსმენილი ან წიკითხული ბრძნული სიტყვების გამოყენებით წინსვლისაკენ აღძრავს. გარდა ამისა, ისინი, რომლებიც ‘იგავთა კრებულით’ ანუ ნამდვილად ბრძნული და ღირებული აზრებით ხელმძღვანელობენ, ‘ჩაჭედილი ლურსმნებივით’ არიან ანუ მყარად დგანან. მიზეზი კი ის არის, რომ ასეთ ადამიანთა სასიამოვნო სიტყვები იეჰოვას სიბრძნეს ირეკლავენ, რის გამოც მკითხველების ან მსმენელების განმტკიცება და გამხნევება შეუძლიათ. თუ ღვთისმოშიში მშობლები ხართ, განა ყოველი ღონე არ უნდა იხმაროთ იმისათვის, რომ შვილებს ასეთი სიბრძნე ჩაუნერგოთ გულსა და გონებაში? (მეორე რჯული 6:4—9).

      14. ა) რომელ წიგნებზე ‘ზედმეტად ფიქრია’ უსარგებლო? ბ) რომელი ლიტერატურისკენ უნდა მივმართოთ ძირითადად ჩვენი ყურადღება და რატომ?

      14 მაგრამ რატომ გამოთქვა სოლომონმა წიგნებთან დაკავშირებით ზემოთ მოყვანილი აზრი? იეჰოვას სიტყვასთან შედარებით ამ წუთისოფლის ურიცხვ ტომებში მხოლოდ ადამიანთა აზრებია გადმოცემული. მათი უმეტესობა სატანა ეშმაკის აზროვნებას ირეკლავს (2 კორინთელთა 4:4). ამიტომ ასეთ ლიტერატურაზე ‘ზედმეტად ფიქრი’ უსარგებლოა. ამან შეიძლება სულიერად დიდი ზიანიც კი მოგვაყენოს. სოლომონის მსგავსად, მოდი ვიფიქროთ იმაზე, რასაც ღვთის სიტყვა ამბობს ცხოვრებასთან დაკავშირებით. ეს რწმენას განგვიმტკიცებს და იეჰოვასთან კიდევ უფრო დაგვაახლოებს. სხვა წიგნების ან რჩევების წყაროების მიმართ გადაჭარბებულმა ყურადღებამ შეიძლება გამოგვფიტოს. განსაკუთრებით სიფრთხილე საჭიროა მაშინ, როდესაც ასეთ ნაშრომებში წუთისოფლის ისეთი აზროვნებაა არეკლილი, რომელიც ღვთიური სიბრძნის საწინააღმდეგოა, ვინაიდან მათი კითხვა ღვთისა და მისი განზრახვებისადმი ჩვენს რწმენას ზიანს მიაყენებს და ძირს გამოუთხრის. ამიტომ, გვახსოვდეს, რომ ყველაზე სასარგებლო ნაწერები როგორც სოლომონის დროს, ისე ჩვენს დღეებში ისინია, რომლებიც ‘ერთი მწყემსის’, იეჰოვა ღმერთის, სიბრძნეს ირეკლავს. ღმერთმა ბიბლიის სახით 66 წიგნი მოგვცა. აი, რას უნდა მივაქციოთ უდიდესი ყურადღება. ბიბლია და „ერთგული მონის“ მიერ მოწოდებული სასარგებლო პუბლიკაციები „ღვთის შემეცნების“ მიღების საშუალებას გვაძლევს (იგავნი 2:1—6).

      ღვთის წინაშე მთელი ჩვენი ვალდებულება

      15. ა) როგორ გადმოსცემდით სოლომონის სიტყვების არსს ‘კაცის მთელ ვალდებულებასთან’ დაკავშირებით? ბ) რას უნდა ვაკეთებდეთ ღვთის წინაშე ჩვენი ვალდებულების შესასრულებლად?

      15 მთელი თავისი დაკვირვება სოლომონმა შემდეგნაირად შეაჯამა: «მოვისმინოთ ყველაფრის თავი და ბოლო: ღვთისა გეშინოდეს და დაიცავი მცნებანი მისნი, რადგან ეს არის კაცის თავი და თავი [„მთელი ვალდებულება“, აქ]. რადგან ყველა საქმეს სამსჯავროზე მიიტანს ღმერთი, ყოველივე დაფარულს, კეთილს თუ ბოროტს» (ეკლესიასტე 12:13, 14). ჩვენი დიდებული შემოქმედისადმი მოკრძალებული შიში ჩვენ და, მოსალოდნელია ჩვენს ოჯახებსაც, დაუფიქრებლელი ცხოვრებისგან დაგვიცავს, ცხოვრებისგან, რომელმაც შეიძლება ენით აუწერელი უბედურება და მწუხარება მოგვაყენოს როგორც ჩვენ, ისე ჩვენთვის საყვარელ ადამიანებს. ღვთისადმი საღი შიში წმინდაა; ის სიბრძნისა და ცოდნის სათავეა (ფსალმუნი 18:10; იგავნი 1:7). თუ ღვთის მიერ შთაგონებული სიტყვით განვისწავლებით და ყველაფერში მის რჩევას მივყვებით, ღვთის წინაშე „მთელ ვალდებულებას“ შევასრულებთ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩამოვწეროთ ვალდებულებების გრძელი სია. უფრო სწორად, საჭიროა ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრისას ყოველთვის ბიბლიაში ჩავიხედოთ და ყველაფერი ისე გავაკეთოთ, როგორც ღმერთი გვიჩვენებს.

      16. სამსჯავროსთან დაკავშირებით, რას გააკეთებს იეჰოვა?

      16 თითოეულს უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი დიდებული შემოქმედის თვალს არაფერი გამოეპარება (იგავნი 15:3). ღმერთი „ყველა საქმეს სამსჯავროზე მიიტანს“. დიახ, უზენაესი განსჯის ყველაფერს და მათ შორის, ადამიანის თვალისგან დაფარულ საქმეებსაც. ამის ცოდნა ღვთის მცნებების დაცვისკენ აღგვძრავს. მაგრამ ამისკენ ყველაზე მეტად ჩვენი ზეციერი მამისადმი სიყვარულმა უნდა აღგვძრას, რადგან მოციქული იოანე წერს: „ღვთის სიყვარული ისაა, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს. ხოლო მისი მცნებები მძიმე როდია“ (1 იოანე 5:3). ვინაიდან ღვთის მცნებები ჩვენივე ხანგრძლივ კეთილდღეობას ემსახურება, რა თქმა უნდა, არა მარტო მართებულია მათი დაცვა, არამედ ნამდვილად გონივრულია. ამის გაკეთება დიდებული შემოქმედის მოყვარულისთვის სამძიმო სულაც არ არის. ღვთის მოყვარულებს სურთ, შეასრულონ მის წინაშე თავიანთი ვალდებულება.

      შეასრულეთ თქვენი ყველა ვალდებულება

      17. რას გავაკეთებთ, თუ ნამდვილად გვსურს ღვთის წინაშე ჩვენი ყველა ვალდებულების შესრულება?

      17 თუ გონივრები ვართ და ნამდვილად გვსურს ღვთის წინაშე ყველა ჩვენი ვალდებულების შესრულება, ღვთის მიმართ მოკრძალება და იმის შიში გვექნება, რომ არ ვაწყენინოთ მას. მართლაც „სიბრძნის დასაბამია შიში უფლისა“ და მისი მცნებების დამცველი „აზრკეთილია“ (ფსალმუნი 110:10; იგავნი 1:7). ამიტომ ვიმოქმედოთ გონივრულად და ყველაფერში იეჰოვას დავემორჩილოთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, რადგან მეფე იესო ქრისტეს თანდასწრება უკვე დაწყებულია და მისი, როგორც ღვთის მიერ დანიშნული მოსამართლის მიერ ამ წუთისოფლის განსჯის დღე მოახლოებულია (მათე 24:3; 25:31, 32).

      18. რა მოგველის, თუ ღვთის წინაშე ყველა ჩვენს ვალდებულებას შევასრულებთ?

      18 თითოეული ჩვენგანი ახლა ღვთის ყურადღებით შემსწავლელი თვალის კონტროლის ქვეშაა. გვიზიდავს ჩვენ სულიერება თუ წუთისოფელს საშუალებას ვაძლევთ, მოასუსტოს ღმერთთან ჩვენი ურთიერთობა? (1 კორინთელთა 2:10—16; 1 იოანე 2:15—17). ახალგაზრდები ვართ თუ ხანდაზმულები, მოდი ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ვასიამოვნოთ ჩვენს დიდებულ შემოქმედს. თუ იეჰოვას ვემორჩილებით და მის მცნებებს ვიცავთ, არ გამოვედევნებით ამ ძველი, წარმავალი წუთისოფლის ამაო საქმეებს. მაშინ ჩვენ შევძლებთ დავტკბეთ ღვთის მიერ აღთქმულ ახალ ქვეყნიერებაში მარადიულად ცხოვრების იმედით (2 პეტრე 3:13). რა დიდებული მომავალი ელის ყველას, რომლებიც ღვთის წინაშე ყველა ვალდებულებას იცავენ!

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება