როგორ ვიქადაგოთ ნათესავებთან?
1. რატომ არის გამჭრიახობა საჭირო მაშინ, როდესაც ნათესავებს ვუქადაგებთ?
1 რა სასიხარულო იქნებოდა, ახალ ქვეყნიერებაში ჩვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად გადავსულიყავით და იეჰოვასთვის გაერთიანებულად გვეცა თაყვანი! ნათესავებთან ქადაგების საშუალებით შეიძლება ეს სურვილი რეალობად იქცეს. მაგრამ გამჭრიახობაა საჭირო იმისათვის, რომ ნათესავები არ დავტვირთოთ, როცა მათთან ვქადაგებთ. ერთმა სარაიონო ზედამხედველმა აღნიშნა: „საუკეთესო შედეგებს აღწევენ ისინი, რომლებიც ინფორმაციის ზომიერად მიწოდებით ნათესავებში ცნობისწადილს აღვივებენ“. როგორ შეიძლება ამის გაკეთება?
2. როგორ შეიძლება ნათესავებისადმი გულწრფელი ინტერესის გამოვლენა დაგვეხმაროს იმაში, რომ მათში ცნობისწადილი აღვძრათ?
2 აღძარით მათში ცნობისწადილი. წინასწარ გულმოდგინედ აწონ-დაწონეთ, თუ როგორ აღუძრავთ ნათესავებს ინტერესს (იგავ. 15:28). რა აღელვებთ მათ? რა სირთულეებს აწყდებიან ისინი? შეიძლება აჩვენოთ სტატია ან მოიხსენიოთ ბიბლიური მუხლი იმ თემაზე, რომელიც მათ განსაკუთრებით აინტერესებთ. თუ თქვენი ნათესავები თქვენგან შორს ცხოვრობენ, შეგეძლოთ ეს წერილობით ან ტელეფონით გაგეკეთებინათ. ჩათესეთ მათში ჭეშმარიტების თესლი ისე, რომ მეტისმეტად არ გადატვირთოთ ისინი, და თესლის გაზრდის საქმე იეჰოვას მიანდეთ (1 კორ. 3:6).
3. რა მხრივ შეიძლება მოგვცეს ქადაგების შესაძლებლობა ნათესავების მიერ ჩვენ მიმართ გამოვლენილმა ინტერესმა?
3 იესომ მამაკაცს, რომლისგანაც მრავალი დემონი განდევნა, უთხრა: „წადი სახლში შენიანებთან და უამბე ყველაფერი, რაც იეჰოვამ გაგიკეთა და როგორ შეგიწყალა“ (მარკ. 5:19). წარმოიდგინეთ, რამხელა შთაბეჭდილებას მოახდენდა ეს ამ კაცის ნათესავებზე! შეიძლება თქვენ ამდენად შთამბეჭდავი რამ არასოდეს შეგემთხვეთ, მაგრამ ნათესავები, ალბათ, დაინტერესებულნი არიან თქვენი ან თქვენი შვილების საქმიანობით. იმ დავალების მოხსენიებამ, რომელიც თეოკრატიული სამსახურის სკოლაში გქონდათ, კონგრესზე დასწრების ან ბეთელში სტუმრობის შემდეგ შთაბეჭდილებების გაზიარებამ, ანდა თქვენი ცხოვრებიდან სხვა მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ საუბარმა შეიძლება იმის დამატებითი შესაძლებლობა მოგცეთ, რომ ნათესავებს იეჰოვასა და მისი ორგანიზაციის შესახებ ელაპარაკოთ.
4. რას უნდა მოვერიდოთ, როდესაც ნათესავებს ვუქადაგებთ?
4 იყავით გამჭრიახნი. ნათესავებთან საუბრისას ეცადეთ, ერთ ჯერზე მეტისმეტად ბევრი ინფორმაცია არ მიაწოდოთ. ერთმა ძმამ გაიხსენა ის დრო, როცა ბიბლიის შესწავლა დაიწყო და გულახდილად თქვა: „დედას საათობით ვუხსნიდი თითქმის ყველაფერს, რასაც ბიბლიიდან ვსწავლობდი. ამას კი ხშირად კამათი მოსდევდა, განსაკუთრებით მამასთან“. მაშინაც კი, როდესაც ნათესავი ბიბლიური ცნობისადმი ინტერესს ავლენს, პასუხი ისე გაეცით, რომ ადამიანს კიდევ მეტის გაგების სურვილი გაუჩნდეს (იგავ. 25:7). ყოველთვის გამოავლინეთ პატივისცემა, სიკეთე და მოთმინება, როგორც ამას მსახურებაში უცხოებთან ქადაგებისას გააკეთებდით (კოლ. 4:6).
5. რა უნდა ვაკეთოთ, თუ ნათესავები დადებითად არ ეხმაურებიან ჩვენს ქადაგებას?
5 ერთხელ იესოს ნათესავები ფიქრობდნენ, რომ ის შეიშალა (მარკ. 3:21). მაგრამ მოგვიანებით ზოგიერთი მათგანი მორწმუნე გახდა (საქ. 1:14). გულს ნუ გაიტეხთ, თუ ნათესავები თავიდან დადებითად არ გამოეხმაურებიან ჭეშმარიტებას. მდგომარეობა და ჭეშმარიტებისადმი დამოკიდებულება შეიძლება შეიცვალოს. განაგრძეთ ისეთი შესაძლებლობების ძიება, როდესაც შეიძლება აღძრათ მათი ინტერესი. სრულიად დასაშვებია, მოგეცეთ შესაძლებლობა, მათ მარადიულ გზაზე სიარულის დაწყებაში დაეხმაროთ (მათ. 7:13, 14).