„ტრირის წმინდა სამოსელი“
ტრირი, რომელიც 2 000 წლის ისტორიას მოიცავს, გერმანიის უძველესი ქალაქიაa. უკვე საუკუნეებია, რაც ტრირს მყარი კავშირი აქვს კათოლიკურ ეკლესიასთან. ათას ცხრაას ოთხმოცდათექვსმეტ წელს ტრირის ტაძარმა საჩვენებლად გამოიტანა რელიკვია, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, თითქმის იმდენივე ხნისაა, რამდენისაც თვით ქალაქი. მას ეწოდება ტრირის წმინდა სამოსელი.
სამოსელი 1,57 მეტრი სიგრძისა და 1,09 მეტრი სიგანისაა და მოკლე სახელოები აქვს. არის ბამბის ქსოვილის და, ჰანს-იოახიმ კანის წიგნის (Wallfahrtsführer Trier und Umgebung) თანახმად, შესაძლებელია, მას ატარებდნენ როგორც ზედა ტანსაცმელს. ზოგს მიაჩნია, რომ ტანსაცმლის ორიგინალი — რომლის უმეტესი ნაწილიც საუკუნეების მანძილზე შეკეთდა და გამაგრდა სხვა ქსოვილებით — თარიღდება ახ. წ. მეორე ან პირველი საუკუნითაც კი. თუ ეს სწორია, ეს მას რელიკვიად, მუზეუმის საინტერესო ექსპონატად, აქცევდა.
მაგრამ ზოგი იმ აზრზე დგას, რომ ეს ტანსაცმელი მხოლოდ იშვიათობა კი არ არის, არამედ წმინდაც — აქედან გამომდინარე ეწოდა წმინდა სამოსელი. ეს იმიტომ, რომ ის უნაკეროა, როგორც კვართი, რომელსაც იესო ქრისტე ატარებდა (იოანე 19:23, 24). ზოგი ამტკიცებს, რომ „წმინდა სამოსელი“, სინამდვილეში, მესიას ეკუთვნოდა.
როგორ აღმოჩნდა სამოსელი ტრირში, გაურკვეველია. ერთ ცნობარში ნათქვამია, რომ ის „ქალაქში შემოიტანა იმპერატორმა ელენემ, კონსტანტინე დიდის დედამ“. კანი მიუთითებს, რომ სამოსლის არსებობის პირველი საიმედო ცნობა ტრირში 1196 წლით თარიღდება.
სამოსელი, რომელიც ტაძარში ინახება, მე-16 საუკუნიდან მოყოლებული საჩვენებლად გამოაქვთ არარეგულარული შუალედებით. მაგალითად, ეს მოხდა 1655 წელს, მალევე ოცდაათწლიანი ომიდან, რომელიც ტრირს ძვირად დაუჯდა. დროდადრო სამომლოცველო სუვენირების გაყიდვა დიდი შემოსავლის წყარო იყო.
ჩვენს საუკუნეში „წმინდა სამოსელთან“ დაკავშირებით სამი მომლოცველობა მოეწყო — 1933, 1959 და 1996 წლებში. ათას ცხრაას ოცდაცამეტ წელს მომლოცველობა გამოცხადდა იმავე დღეს, რომელ დღესაც ჰიტლერი დაინიშნა გერმანიის რეიხის კანცლერად. კანი მიუთითებს, რომ ამ ორი შემთხვევის თარიღების დამთხვევა განსაკუთრებით უსვამს ხაზს გარემოებებს, რომლებიც მომლოცველობის გარშემო ტრიალებს. ტაძრის გარეთ მყოფმა ფორმაში გამოწყობილმა ნაცისტმა ჯარისკაცებმა პილიგრიმებისთვის საპატიო ყარაული შექმნეს. იმ წელს ორ-ნახევარმა მილიონმა ადამიანმა ნახა სამოსელი.
ტრირის მრავალი წლის მოსახლემ, ჰერბერტმა ერთმანეთს შეადარა 1959 და 1996 წლების მომლოცველობები. „ათას ცხრაას ორმოცდაცხრამეტ წელს ქუჩები სავსე იყო ჯიხურებით, რომლებიც სუვენირებს ყიდდნენ ქუჩის თითქმის ყველა კუთხეში. წელს ყველაფერი ბევრად უფრო წყნარადაა“. ნამდვილად, 1996 წელს სამოსელი ნახა მხოლოდ 700 000-მა ადამიანმა — 1959 წლის რიცხვთან შედარებით მილიონით ნაკლებმა.
რატომ დადიან სამოსლის სანახავად?
ეკლესია ხაზს უსვამს, რომ სამოსელს არ უნდა თვლიდნენ თაყვანსაცემად. უნაკერო სამოსელი ეკლესიის ერთიანობის სიმბოლოდ ითვლება. ერთ-ერთი გაზეთი (Frankfurter Allgemeine Zeitung) იტყობინება, რომ მომლოცველობის გამოცხადებისას ეპისკოპოსი შპიტალი ამბობდა: „მსოფლიოში არსებული უჩვეულო სიტუაცია ქრისტიანებს აღგვძრავს, გვქონდეს უჩვეულო პასუხები. ჩვენ წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ სიძულვილის, სისასტიკისა და ძალადობის აზვირთებულ ტალღას“. ეპისკოპოსმა ახსნა, რომ სამოსლის ნახვა ერთიანობის შემხსენებელი იქნებოდა.
მაგრამ ეკლესიის ერთიანობის შესახსენებლად რატომაა ვინმესთვის საჭირო „წმინდა სამოსელი“? მაგრამ რა, თუკი სამოსელი დაზიანდებოდა, დანაწევრდებოდა ან მხილებულ იქნებოდა როგორც ნაყალბევი? საფრთხე შეექმნებოდა ეკლესიის ერთიანობას? რა შეიძლება ითქვას ადამიანებზე, რომელთაც არ შეუძლიათ მომლოცველობა ტრირში? ნაკლებად აქვთ მათ შეგნებული ეკლესიაში არსებული ყოველგვარი ერთიანობა?
საღვთო წერილში არაფერია მოხსენიებული იმაზე, რომ ადრინდელ ქრისტიანებს ქრისტიანული ერთიანობის აუცილებლობის შესახსენებლად საგნები ესაჭიროებოდათ. სინამდვილეში, პავლე მოციქული ქრისტიანებს ამხნევებდა სიტყვებით: „რწმენით დავდივართ და არა ხილვით“ (2 კორინთელთა 5:7). ამგვარად, ერთიანობა, რომლითაც ჭეშმარიტი ქრისტიანები სარგებლობენ, აღწერილია როგორც ‘რწმენის ერთიანობა’ (ეფესელთა 4:11–13).
[სქოლიოები]
a იხილე 1980 წლის 22 აპრილის „გამოიღვიძეთ!“ (ინგლ.), გვერდები 21–23.