საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მეცნიერება და რელიგია — ორი მეტოქე
    გამოიღვიძეთ! — 2002 | ივნისი 8
    • მეცნიერება და რელიგია — ორი მეტოქე

      „რელიგია გონების დამღუპველი გადამდები დაავადებაა — ამაზე კარგ განმარტებას მას, ალბათ, ვერავინ მოუძებნის“ (ბიოლოგი რიჩარდ დოკინსი).

      რელიგიასა და მეცნიერებას ზოგჯერ დაუძინებელ მტრებად მიიჩნევენ. ზოგი ფიქრობს, რომ ისინი სამკვდრო-სასიცოცხლოდ არიან ერთმანეთზე გადაკიდებული; სანამ ერთ-ერთი მათგანი სრულად არ განადგურდება, მეორე ვერ იქნება გამარჯვებული.

      პირველ ჯგუფში თავმოყრილია ზოგი მეცნიერი, რომელთა შორისაა, მაგალითად, ქიმიკოსი პიტერ ატკინსი, რომლის აზრითაც შეუძლებელია, რელიგიამ და მეცნიერებამ საერთო ენა გამონახონ. ატკინსის თქმით, რწმენა იმისა, „რომ ღმერთია შემოქმედი (თუნდაც რაიმე ერთისა, სხვა დანარჩენზე რომ უკვე აღარაფერი ვთქვათ), ინტელექტუალური თვალსაზრისით სრულიად მიუღებელია“.

      მეორე ჯგუფში მყოფი მორწმუნე ადამიანები კი მეცნიერებას რელიგიური მრწამსისთვის საძირკვლის გამოცლაში ადანაშაულებენ. ამ ადამიანების აზრით თანამედროვე მეცნიერება თაღლითობის მეტი არაფერია; მის მიერ მოყვანილი ფაქტები სწორია, მაგრამ ამ ფაქტების არასწორი ახსნა ძირს უთხრის მორწმუნეთა მრწამსს. მაგალითად, ბიოლოგი უილიამ პროვაინი ამბობს, რომ დარვინის მოძღვრება „ვერ ქმნის იმ ფუნდამენტს, რომელზეც ზნეობრივი პრინციპები იქნებოდა დაფუძნებული; ის ვერ ხსნის, რა არის სიცოცხლის აზრი“.

      მაგრამ, ამ ორ მეტოქეს შორის მტრობის ჩამოვარდნის მიზეზი ზოგჯერ ორივე მხრიდან მომდინარე მცდარი და დაუსაბუთებელი მტკიცებები იყო. რელიგიური წინამძღოლები საუკუნეების განმავლობაში ასწავლიდნენ მითებს და ხალხს მცდარ დოგმებს უნერგავდნენ, რომლებიც ვერც თანამედროვე მეცნიერულ აღმოჩენებს ეთვისება და არც ღვთივშთაგონებულ საღვთო წერილზეა დაფუძნებული. მაგალითად, რომის კათოლიკურმა ეკლესიამ მსჯავრი დასდო გალილეო გალილეის. მერე და რისთვის? იმისთვის, რომ, როგორც მან სწორად დაასკვნა, დედამიწა მზის გარშემო ბრუნავდა. გალილეოს შეხედულება სულაც არ ეწინააღმდეგებოდა ბიბლიას, მაგრამ ეკლესიის იმდროინდელი მოძღვრების საპირისპირო კი იყო. მეორე მხრივ კი, მეცნიერებიც ცდებიან, როდესაც, როგორც ფაქტს, ისე ასწავლიან დაუსაბუთებელ თეორიას, რომ სიცოცხლე ღვთისგან დამოუკიდებლად, უსიცოცხლო მატერიისგან, წარმოიშვა. მათ სიცილადაც არ ყოფნით რელიგიური მრწამსი და ამბობენ, რომ ის არამეცნიერულია.

      მაშ, საინტერესოა, შესაძლებელია თუ არა, რომ მეცნიერებამ და რელიგიამ საერთო ენა გამონახონ? დიახ, ეს შესაძლებელია. სინამდვილეში, მეცნიერების მიერ დადასტურებული ფაქტები და ჭეშმარიტი რელიგია კი არ ეწინააღმდეგებიან, არამედ ავსებენ კიდეც ერთმანეთს.

  • როგორ წარმოიშვა სამყარო და სიცოცხლე?
    გამოიღვიძეთ! — 2002 | ივნისი 8
    • როგორ წარმოიშვა სამყარო და სიცოცხლე?

      „მეცნიერება რელიგიის გარეშე კოჭლია, ხოლო რელიგია მეცნიერების გარეშე ბრმაა“ (ალბერტ აინშტაინი).

      ჩვენ ვცხოვრობთ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე უფრო განსაცვიფრებელი მიღწევების ეპოქაში. კოსმოსურ სივრცესთან დაკავშირებული ახალი აღმოჩენების გამო ასტრონომები იძულებული ხდებიან, შესწორებები შეიტანონ სამყაროს წარმოშობის შესახებ თავიანთ წარმოდგენებში. კოსმოსზე დაკვირვებას მრავალი ადამიანი მოჰყავს აღტაცებაში და იმის გაცნობიერება, რომ ჩვენც ამ სივრცეში ვცხოვრობთ, მათ გონებაში ჰბადებს იმ კითხვებს, ძველთაგანვე რომ ცნობის წადილს უღვივებდა ხალხს: როგორ წარმოიშვა სამყარო და სიცოცხლე და, საერთოდ, რატომ წარმოიშვა ისინი?

      შორს რომ არ წავიდეთ, განა ჩვენივე ორგანიზმი საოცრება არ არის? ახლახან ადამიანის გენეტიკური კოდის გაშიფვრამაც წამოჭრა კითხვები: როგორ შეიქმნა სიცოცხლის ეს აურაცხელი ფორმა? და თუ ყველა ეს ფორმა შემოქმედების ნაყოფია, ვინ არის მათი ავტორი? ჩვენი გენეტიკური კოდის განსაცვიფრებელმა სირთულემ შეერთებული შტატების პრეზიდენტს ათქმევინა: „ჩვენ ვსწავლობთ ენას, რომლის მეშვეობითაც ღმერთმა სიცოცხლე შექმნა“. ერთ-ერთმა წამყვანმა მეცნიერმა, რომელიც გენომის გაშიფვრაში მონაწილეობდა, მოკრძალებით შენიშნა: „ჩვენ მხოლოდ თვალი შევავლეთ ინსტრუქციების ამ წიგნს, რომელიც უწინ მხოლოდ ღვთისთვის იყო ცნობილი“. მაგრამ კითხვები მაინც კითხვებად რჩება — როგორ და რატომ?

      „ორი ფანჯარა“

      ზოგი მეცნიერი ამტკიცებს, რომ სამყაროს, როგორც მთლიანის, ფუნქციონირება გონივრული დაკვირვების წყალობით შეიძლება ლოგიკურად აიხსნას და ღვთიური სიბრძნე აქ არაფერ შუაშია. მაგრამ ბევრი ადამიანი, მათ შორის მეცნიერებიც, არ იზიარებენ მსგავს თვალსაზრისს და ცდილობენ, როგორც მეცნიერებას, ისე რელიგიას მიმართონ სინამდვილის გასაგებად. მათი აზრით, მეცნიერება იმის გარკვევას ცდილობს, თუ როგორ წარმოიშვა სიცოცხლე და სამყარო, ხოლო რელიგია ძირითადად იმის გაგებაში გვეხმარება, რატომ წარმოიშვა ეს ყველაფერი.

      აი, როგორ განმარტა ფიზიკოსმა ფრიმენ დაისონმა ეს ორმხრივი მიდგომა: „მეცნიერება და რელიგია ის ორი ფანჯარაა, საიდანაც ხალხი უკიდეგანო სამყაროს უყურებს და მასში ჩაწვდომას ცდილობს“.

      „მეცნიერებას საზღვრულ სიდიდეებსა და მოვლენებთან აქვს შეხება, რელიგიის ასეთ საზღვრებში მოქცევა კი შეუძლებელია“, — ასეთ აზრს გამოთქვამს უილიამ რის-მოგი. იგი დასძენს: „მეცნიერებას არ ძალუძს ღვთის არსებობის დადასტურება ან უარყოფა, ისევე როგორც არ შეუძლია დაასაბუთოს ან უკუაგდოს ზნეობრიობასა და ესთეტიკაზე რაიმე წარმოდგენის მართებულობა. თუ მხოლოდ მეცნიერული თვალით შევხედავთ ყველაფერს, მაშინ გაუგებარია, რისთვის არის საჭირო მოყვასის სიყვარული და ადამიანის სიცოცხლის დაფასება. . . რაიმეს ან ვინმეს არსებობის საკამათოდ ქცევა მხოლოდ იმის გამო, რომ შეუძლებელია მისი არსებობის მეცნიერულად დასაბუთება, უდიდესი შეცდომაა. გამოდის, რომ ასეთი მიდგომა ჩვენი ცხოვრებიდან გამორიცხავდა ყველაფერს, რასაც უზომოდ ვაფასებთ და ეს იქნებოდა არა მარტო ღმერთი და ადამიანის ფაქიზი შინაგანი სამყარო, არამედ სიყვარული, პოეზია და მუსიკაც“.

      მეცნიერული „მრწამსი“

      მეცნიერულ თეორიებს ხშირად ისეთი წინაპირობა უდევს საფუძვლად, რისთვისაც თავისებური რწმენის ქონაა საჭირო. მაგალითად, ევოლუციის თეორიის მრავალ მიმდევარს მყარი შეხედულებები აქვს სიცოცხლის წარმოშობასთან დაკავშირებით, რაც, თავის მხრივ, გარკვეული „დოგმებისადმი“ რწმენას მოითხოვს. ფაქტები და თეორიები ერთმანეთშია ათქვეფილი. ხოლო როცა მეცნიერები ცდილობენ, თავიანთი ავტორიტეტისა და გავლენის ძალით ადამიანს ევოლუციის თეორიის ბრმა მრწამსი მოახვიონ თავს, სინამდვილეში ასეთ რამეს ეუბნებიან მას: „პასუხს არ აგებ შენს საქციელზე — შენ ხომ უბრალოდ ბიოლოგიის, ქიმიისა და ფიზიკის ერთობლივი პროდუქტი ხარ“. ბიოლოგ რიჩარდ დოკინსის აზრით, სამყარო „არც არავის შეუქმნია და არც რაიმე აზრია მასში ჩადებული; მასში არ არის არც ბოროტება და არც სიკეთე — არაფერი, გარდა უაზრო ინდიფერენტულობისა“.

      ზოგი მეცნიერი ყველანაირად ცდილობს ასეთი მრწამსის მხარდაჭერას და შეგნებულად უგულებელყოფს იმ მეცნიერთა მიერ ჩატარებულ საფუძვლიან გამოკვლევას, რომლებსაც ეჭვი შეაქვთ სიცოცხლის წარმოშობის შესახებ მათეული თეორიების სისწორეში. მათემატიკური თვალსაზრისით უბრალოდ შეუძლებელია, რომ ურთულესი მოლეკულები ალალბედზე წარმოქმნილიყვნენ, რათა ცხოველმოქმედი უჯრედისთვის მიეცათ დასაბამი — თუნდაც ამ პროცესისთვის მილიარდობით წლები ყოფილიყო გათვალისწინებულიa. მაშასადამე, დოგმატური თეორიები სიცოცხლის წარმოშობის შესახებ, რომლებიც მრავალ სახელმძღვანელო წიგნში გვხვდება, დაუსაბუთებლად უნდა მივიჩნიოთ.

      თუკი ადამიანის მრწამსი იმაში მდგომარეობს, რომ სიცოცხლე ბრმა შემთხვევითობის წყალობით წარმოიშვა, მაშინ მას უფრო დიდი რწმენა უნდა ჰქონდეს, ვიდრე იმ ადამიანს, ვისაც შემოქმედების სწამს. ასტრონომმა დეივიდ ბლოკმა შენიშნა: „მას, ვისაც შემოქმედის არსებობა არ სწამს, უფრო ძლიერი რწმენა უნდა ჰქონდეს, ვიდრე იმ ადამიანს, ვისაც ეს სწამს. როდესაც ადამიანი ამბობს, რომ ღმერთი არ არსებობს, მას ერთობ ზოგადი და დაუსაბუთებელი, თავისებურ რწმენაზე დაფუძნებული პოსტულატი მოჰყავს“.

      მეცნიერული აღმოჩენები მოწიწებასა და მოკრძალებას უნერგავს ზოგ მეცნიერს. ალბერტ აინშტაინმა გულწრფელად თქვა: „უფრო ღრმად მოაზროვნე მეცნიერთა შორის ძნელად თუ შეხვდებით ისეთს, რაღაც თავისებური რელიგიური განცდა რომ არ ეუფლებოდეს. . . ეს რელიგიური განცდა გამოიხატება მეცნიერის აღტაცებასა და უზომო განცვიფრებაში, როდესაც ის ბუნებაში მოქმედი კანონების ჰარმონიულობას აკვირდება; ეს დაკვირვება კი, თავის მხრივ, იმდენად მაღალი დონის ინტელექტზე მიანიშნებს, რომლის გვერდითაც ადამიანთა ნებისმიერი მიზანდასახული აზროვნება და მოქმედება უმნიშვნელო აჩრდილად გამოიყურება“. მაგრამ ასეთი მოწიწების გრძნობა იმის გარანტია არ არის, რომ მეცნიერები აუცილებლად იწამებენ შემოქმედს — ღმერთს, რომელიც კონკრეტული პიროვნებაა.

      მეცნიერების შესაძლებლობები შეზღუდულია

      სამეცნიერო ცოდნა-განათლებისა და მიღწევებისადმი პატივისცემით მოპყრობა სავსებით მართებულია. მაგრამ მრავალი დაგვეთანხმება ერთ რამეში — თუმცა მეცნიერება ცოდნის მიღების კარგი გზაა, იგი მაინც არ არის შემეცნების მიღების ერთადერთი წყარო. მეცნიერების მიზანი ბუნებაში არსებული მოვლენების აღწერა და ამ მოვლენების რაობის გარკვევაა.

      მეცნიერება ცდილობს, უფრო ღრმად გაგვარკვიოს ფიზიკურ, ჩვენს ირგვლივ არსებულ ხილვად, სამყაროში. მაგრამ რაც უნდა ყოვლისმომცველი იყოს სამეცნიერო გამოკვლევები, ისინი ვერასოდეს გვიპასუხებენ იმ კითხვაზე, რომელიც უპირველეს ყოვლისა მოითხოვს პასუხს — რატომ, რა მიზნით არსებობს სამყარო?

      „არის ისეთი კითხვები, რომლებსაც მეცნიერები ვერასოდეს უპასუხებენ, — ამბობს ტომ ეთლი, — დავუშვათ, რომ 12 მილიარდი წლის წინათ მართლაც მოხდა დიდი აფეთქება. მაგრამ რატომ მოხდა?. . . ან საერთოდ, იქ საიდან გაჩნდნენ აფეთქებისთვის საჭირო ნაწილაკები? რა იყო იქ მანამდე?“. ეთლი ასკვნის: „დღეს უფრო ნათლად, ვიდრე ოდესმე, . . ვხედავთ, რომ მეცნიერება ადამიანებს ვერასოდეს მოუკლავს კითხვებზე პასუხის მიღების წყურვილს“.

      ცოდნის წყურვილით დროთა განმავლობაში დაგროვილმა ამ მეცნიერულმა ინფორმაციამ სულაც არ უარყო სამყაროს შექმნაში ღვთის ხელის ჩარევის აუცილებლობა, და კიდევ უფრო ნათელყო, რა უაღრესად რთული და მოწიწების მომგვრელია ის სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. მრავალ მოაზროვნე ადამიანს სჯერა, რომ ფიზიკური კანონები და ქიმიური რეაქციები, ისევე როგორც დნმ და, საერთოდ, სიცოცხლის გასაოცარი მრავალფეროვნება — ყოველივე ეს შემოქმედის არსებობაზე მეტყველებს. არ არსებობს იმის დამადასტურებელი უტყუარი ფაქტები, რომ ეს სიმართლეს არ შეეფერება.

      ‘რწმენას სინამდვილე უდევს საფუძვლად’

      თუ სამყაროს მართლაც ჰყავს შემოქმედი, მაშინ შეუძლებელია, ტელესკოპების, მიკროსკოპების ან სხვა სამეცნიერო ხელსაწყოების მეშვეობით ჩავწვდეთ მის პიროვნებასა და მის განზრახვებს. მაგალითად, წარმოვიდგინოთ, რომ მექოთნემ ქოთანი გააკეთა. მისხალ-მისხალ რომც შეგვესწავლა ეს ქოთანი, მაინც ვერ გავიგებდით, რატომ დაამზადა ის მექოთნემ. ამის შესახებ თავად მისთვის უნდა გვეკითხა.

      მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალისტი ფრანსის კოლინზი განმარტავს, თუ როგორ ავსებს რწმენა და სულიერი ფასეულობები მეცნიერების მიერ დატოვებულ ვაკუუმს: „რა თქმა უნდა, არ მოველი, რომ რელიგიის მეშვეობით ადამიანის გენომს გავშიფრავთ და არც იმას ვიმედოვნებ, რომ მეცნიერება ზებუნებრივ ძალებთან დაგვაახლოებს. და საერთოდ, უფრო საინტერესო და მნიშვნელოვან კითხვებზე — მაგალითად: რატომ ვარსებობთ, ანდა რატომ მიილტვიან ადამიანები სულიერი ღირებულებებისკენ — მეცნიერება ვერ გვცემს დამაკმაყოფილებელ პასუხებს. ცრუმორწმუნეობის მრავალი ფორმა აღმოცენებულა და კვლავ დავიწყებას მისცემია. მაგრამ ნამდვილი რწმენა არასოდეს დაკარგულა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მას სინამდვილე უდევს საფუძვლად“.

      პასუხი კითხვაზე — რატომ?

      როდესაც ჭეშმარიტი რელიგია კითხვაზე — „რატომ“ — პასუხის გაცემას ცდილობს და სიცოცხლის აზრის გაგებაში გვეხმარება, ადამიანური ფასეულობებისა და ზნეობრიობის ნორმებსაც გვთავაზობს, ამასთან ერთად კი ხელმძღვანელობითაც უზრუნველგვყოფს. მეცნიერმა ალან სენდეიჯმა ეს იდეა ასე გადმოგვცა: „ცხოვრება რომ ვისწავლო, ამისათვის ბიოლოგიის წიგნს ნამდვილად არ გადავშლი“.

      დედამიწის ზურგზე მცხოვრები მილიონობით ადამიანი დარწმუნებულია, რომ მათ იპოვეს წყარო, რომელიც გონივრულ ცხოვრებას ასწავლით. მათ დამაკმაყოფილებელი პასუხებიც მიიღეს შემდეგ კითხვებზე: რატომ ვარსებობთ? რას გვიქადის მომავალი? დიახ, ამ კითხვებს ნამდვილად აქვთ პასუხი. მაგრამ, სად შეგვიძლია მათი პოვნა? უძველეს და ყველაზე გავრცელებულ წმინდა წიგნში, ბიბლიაში.

      ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთმა უშუალოდ ადამიანთა საცხოვრებლად მოამზადა დედამიწა. აი, რა არის ნათქვამი ესაიას 45:18-ში დედამიწასთან დაკავშირებით: ‘ღმერთს საუკაცრიელოდ არ შეუქმნია იგი, არამედ დასასახლებლად გამოსახა’. მან ყველაფრით უზრუნველყო დედამიწა, რაც ადამიანებისთვის აუცილებელი იქნებოდა — არა ისე, რომ მათ უბრალოდ ეარსებათ, არამედ სიცოცხლით გაეხარათ.

      ღმერთმა ადამიანებს დედამიწის მოვლა-პატრონობა დაავალა, რათა ‘დაემუშავებინათ და დაეცვათ ის’ (დაბადება 2:15). ბიბლია იმასაც გვაგებინებს, რომ ცოდნა და სიბრძნე ღვთის ძღვენია, ხოლო ჩვენ, ადამიანებს, ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს და სამართლიანები ვიყოთ (იობი 28:20, 25, 27; დანიელი 2:20—23). ასე რომ, ადამიანები მხოლოდ მაშინ იპოვიან სიცოცხლის აზრს, როცა გაიგებენ და ჩასწვდებიან, თუ რა აქვს ღმერთს მათდა სასიკეთოდ განზრახულიb.

      როგორ შეუძლია თანამედროვე მოაზროვნე ადამიანს მეცნიერებასა და რელიგიურ შეხედულებებს შორის არსებული მოჩვენებითი უფსკრულის გადალახვა? რა პრინციპებით უნდა იხელმძღვანელოს მან, ეს რომ შეძლოს?

      [სქოლიოები]

      a იხილეთ წიგნი „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“, თავი 3, „როგორ წარმოიშვა სიცოცხლე?“ (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).

      b უფრო დაწვრილებით განხილვისთვის, იხილეთ ბროშურა „რა არის სიცოცხლის აზრი? როგორ შეგიძლია მისი პოვნა?“, რომელიც გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

      [ჩარჩო⁄სურათები 7 გვერდზე]

      რას ამბობს ზოგი მეცნიერი?

      ზოგი ფიქრობს, რომ მეცნიერთა უმრავლესობა თავს განზრახ არიდებს სულიერ და თეოლოგიურ საკითხებს, რომ მათ არ აინტერესებთ რელიგია ანდა არ სურთ მეცნიერებასა და რელიგიას შორის გამართულ დებატებში მონაწილეობა. ზოგი მეცნიერი მართლაც ასეა განწყობილი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში — ყველა. აი, რას ამბობს ზოგიერთი მათგანი:

      „სამყაროს დასაწყისი ჰქონდა, მაგრამ მეცნიერებს არ შეუძლიათ ახსნან — რატომ. ამ ყველაფრის ავტორი ღმერთია“. „ბიბლია ღვთის მიერ შთაგონებულ ჭეშმარიტების წიგნად მიმაჩნია. სიცოცხლის მრავალფეროვნებისა და კომპლექსურობის უკან უმაღლესი ინტელექტი უნდა იდგეს“ (კენ ტანაკა, პლანეტების გეოლოგიის სპეციალისტი, შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის თანამშრომელი).

      „სხვადასხვა სახის (სამეცნიერო და რელიგიურ) ცოდნა-განათლებას შორის არსებული უფსკრული საკმაოდ ხელოვნურია. . . შემოქმედისა და შემოქმედების შესახებ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული“ (ენრიკე ჰერნანდესი, მექსიკის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ფიზიკისა და თეორიული ქიმიის კათედრის პროფესორი და მკვლევარი).

      „რაც უფრო მეტ ინფორმაციას მოვიპოვებთ [ადამიანის გენომის შესახებ], მით უფრო დავინახავთ, რამდენად რთული და ურთიერთშეწყობილია ეს ყველაფერი. დავინახავთ, რომ გონიერ შემოქმედს, რაღაც ინტელექტს, უნდა მიეცა ამ ყველაფრისთვის დასაბამი“ (დუენ გიში, ბიოქიმიკოსი).

      „მეცნიერებასა და რელიგიას შორის არანაირი შეუთავსებლობა არ არსებობს. ორივე ერთსა და იმავე ჭეშმარიტებას ეძიებს. მეცნიერება ღვთის არსებობას ცხადყოფს“ (დერეკ ბარტონი, პროფესორ-ქიმიკოსი, ტეხასი).

      [საავტორო უფლებები]

      NASA/U.S. Geological Survey

      Photo: www.comstock.com

      NASA and The Hubble Heritage Team (STScI/AURA)

      [სურათები 5 გვერდზე]

      შეუძლია სამეცნიერო კვლევა-ძიებას პასუხის გაცემა კითხვაზე: რატომ ვარსებობთ?

      [საავტორო უფლება]

      Courtesy Arecibo Observatory/David Parker/Science Photo Library

      [სურათის საავტორო უფლება 6 გვერდზე]

      Stars on pages 2, 3, 5, and top of page 7: National Optical Astronomy Observatories

  • მეცნიერებისა და რელიგიის შერიგება
    გამოიღვიძეთ! — 2002 | ივნისი 8
    • მეცნიერებისა და რელიგიის შერიგება

      „მეცნიერება და რელიგია მეტად აღარ მიიჩნევა ორ შეუთავსებელ სფეროდ“ („დეილი ტელეგრაფი“, ლონდონი, 26 მაისი, 1999).

      მეცნიერებაცა და რელიგიაც კეთილსინდისიერად ცდილობენ ჭეშმარიტების მიკვლევას. მეცნიერულმა აღმოჩენებმა შეგვახედა გასაოცარი წესრიგის სამყაროში, რომელსაც აშკარად უმაღლესი ინტელექტის ხელი ატყვია. ჭეშმარიტი რელიგია წონას მატებს ამ აღმოჩენებს, როცა ასწავლის, რომ ხილული სამყარო, რომელშიც ყველაფერი გონივრულად არის გათვლილი, შემოქმედის შექმნილია.

      „ვატყობ, რომ რელიგია ძალიან ამდიდრებს ჩემს მეცნიერულ თვალსაწიერს“, — ამბობს ფრანსის კოლინზი, მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალისტი. იგი დასძენს: „როდესაც ადამიანის გენომთან დაკავშირებით რაიმე ახალ აღმოჩენას ვაკეთებ, სიცოცხლის საიდუმლოებაზე ფარდის ახდა მოწიწების გრძნობას იწვევს ჩემში და ვფიქრობ: რა სასწაულია! დღემდე მხოლოდ ღმერთმა იცოდა ამის შესახებ! ეს უჩვეულოდ ლამაზი და ამაღელვებელი განცდაა, რაც მეხმარება, უფრო კარგად ჩავწვდე ღვთის პიროვნებას და მეტი პატივისცემით მოვეკიდო მას. ასეთნაირად, მეცნიერულ მოღვაწეობასაც მეტი კმაყოფილება მოაქვს ჩემთვის“.

      რა დაგვეხმარება იმაში, რომ მეცნიერებასა და რელიგიას, ასე ვთქვათ, საერთო ენა გამოვანახვინოთ?

      მუდმივ ძიებაში

      ვაღიაროთ, რომ ადამიანების შესაძლებლობები შეზღუდულია. სამყაროს, სივრცისა და დროის უსასრულობასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხების ძიებას ბოლო არ უჩანს. ბიოლოგმა ლუის ტომასმა თქვა: „ძიების ეს პროცესი არასოდეს დასრულდება, იმიტომ რომ ჩვენ, ადამიანები, საშინლად ცნობისმოყვარენი ვართ; ვიკვლევთ, ვეძიებთ და ვცდილობთ ყველაფერს ჩავწვდეთ. სამყაროს ვერასდროს გავუგებთ თავსა და ბოლოს. არა მგონია, ისეთი დრო დადგეს, როცა ყველა შვებით ამოისუნთქებს და იტყვის, ახლა უკვე ყველაფერი ვიცითო. ეს ჩვენს ძალებს აღემატება“.

      როდესაც საქმე რელიგიურ მრწამსს ეხება, შემეცნების მიღების პროცესი ამ შემთხვევაშიც ამოუწურავია. აი, რა თქვა ბიბლიის ერთ-ერთმა დამწერმა, პავლემ: „ახლა ბუნდოვნად ვხედავთ, როგორც სარკეში. . . ახლა ნაწილობრივ ვიცი“ (1 კორინთელთა 13:12, სსგ).

      თუმცა ნაწილობრივი ცოდნა გვაქვს როგორც სამეცნიერო, ისე რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით, ეს იმაში სულაც არ გვიშლის ხელს, რომ ჩვენს ხელთ არსებულ ფაქტებზე დაყრდნობით გონივრული დასკვნები გავაკეთოთ. ნუთუ მაინცდამაინც დაწვრილებით უნდა ვიცოდეთ, როგორ წარმოიშვა მზე, რათა ეჭვი არ შეგვეპაროს იმაში, რომ ხვალ იგი უსათუოდ ამოვა?

      საჭიროა უტყუარი ფატქებით ხელმძღვანელობა. პასუხების ძიებისას მართებული პრინციპებით უნდა ვიხელმძღვანელოთ. თუ ჩვენი დასკვნები მაქსიმალურად ზუსტ და დასაბუთებულ ფაქტებზე არ იქნება დაფუძნებული, მაშინ ადვილი შესაძლებელია, რელიგიური და მეცნიერული ჭეშმარიტების ძიებისას შეცდომაში შევიდეთ. რეალურად რომ შევხედოთ სიტუაციას, ნუთუ რომელიმე ჩვენგანი შეძლებდა მთელი იმ მეცნიერული გამოცდილებისა და თეორიების შეფასებას, რომლებსაც დღეს უზარმაზარი ბიბლიოთეკები იტევს? სხვა მხრივ კი, ბიბლია შეიცავს სულიერ საკითხებთან დაკავშირებულ სწავლებებს, რომელთა გამოკვლევა ძნელი არ არის. ბიბლიის სიზუსტეს მხარს უჭერს საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი უტყუარი ფაქტებიa.

      მაგრამ ზოგადად ცოდნას რაც შეეხება, გულმოდგინე მცდელობაა საჭირო, რათა ფაქტები უბრალო ვარაუდებისგან და რეალობა სიცრუისგან განვასხვავოთ — ასეთი მიდგომა საჭიროა როგორც მეცნიერულ, ისე რელიგიურ საკითხებთან მიმართებაში. როგორც ბიბლიის დამწერმა პავლემ გვირჩია, უნდა უარვყოთ ყოველივე ის, «რასაც ცრუდ არქმევენ „ცოდნას“» (1 ტიმოთე 6:20, აქ). თუ გვინდა, რომ მეცნიერებასა და ბიბლიას საერთო ენა გამოვანახვინოთ, საჭიროა, უტყუარი ფაქტებით ვიხელმძღვანელოთ და ვარაუდებზე დასკვნების გაკეთებას მოვერიდოთ, ამასთანავე, უნდა დავუკვირდეთ, როგორ ავსებს და ამყარებს ერთი ფაქტი მეორეს.

      მაგალითად, როდესაც ვიგებთ, რომ ბიბლიაში სიტყვა „დღე“ სხვადასხვა ხანგრძლივობის პერიოდის აღსაწერად გამოიყენება, ნათელი ეფინება ყველაფერს: წიგნ „დაბადებაში“ ექვსი შემოქმედებითი დღის შესახებ ჩაწერილი მონათხრობი სულაც არ ეწინააღმდეგება მეცნიერულ შეხედულებას იმასთან დაკავშირებით, რომ დედამიწის ასაკი დაახლოებით ოთხნახევარი მილიარდი წელიწადია. ბიბლიის თანახმად, შემოქმედებითი დღეების დაწყებამდე დედამიწა ჩვენთვის უცნობი დროის განმავლობაში არსებობდა (იხილეთ ჩარჩო „შემოქმედებითი დღეები — მხოლოდ 24 საათი გრძელდებოდა თითოეული მათგანი?“). მეცნიერული შეხედულება რომც გადაისინჯოს და მეცნიერებმა დედამიწის სხვა ასაკი შემოგვთავაზონ, ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები კვლავ ჭეშმარიტებად დარჩება. მეცნიერება კი არ ეწინააღმდეგება ბიბლიას, არამედ პირიქით, ამ და ბევრ სხვა შემთხვევაშიც იგი ვრცელ დამატებით ინფორმაციას გვაწვდის ფიზიკური სამყაროს როგორც აწმყოს, ისე წარსულის შესახებ.

      რწმენა და არა გულუბრყვილობა. ბიბლია ღვთისა და მისი განზრახვების შესახებ გვაძლევს შემეცნებას, რასაც ვერცერთ სხვა წყაროში ვერ ვიპოვით. რატომ უნდა ვენდოთ ბიბლიას? ბიბლია თავადვე გვთავაზობს, რომ შევამოწმოთ, ზუსტია თუ არა ის. მისი გამოკვლევა დაგვარწმუნებს, რომ ის ისტორიულად ზუსტია და პრაქტიკული, მისი დამწერები გულწრფელები იყვნენ და რომ ეს წიგნი საერთოდ წუნდაუდებელია. ბიბლიის სიზუსტის — აგრეთვე მასში ჩაწერილი სამეცნიერო ხასიათის ინფორმაციის და, რაც უფრო დამაჯერებელია, საუკუნეების განმავლობაში და თვით ჩვენს დროშიც შესრულებული ასობით ბიბლიური წინასწარმეტყველების — გამოკვლევით ადამიანს მტკიცე რწმენა უჩნდება ბიბლიისადმი, როგორც ღვთის სიტყვისადმი. ბიბლიისადმი რწმენა გულუბრყვილობა არ არის; ეს არის ნდობა მასში ჩაწერილი ინფორმაციისადმი, რომლის სიზუსტეც საგულდაგულოდაა შემოწმებული.

      პატივისცემით მოეკიდეთ მეცნიერებას, ამავდროულად, აღიარეთ რელიგიური მრწამსიც. იეჰოვას მოწმეები სთავაზობენ როგორც მეცნიერებით ისე რელიგიით დაინტერესებულ გულწრფელ ადამიანებს, რომ მათთან ერთად ორივე მიმართულებით გულწრფელად ეძიონ ჭეშმარიტება. თავიანთ კრებებში იეჰოვას მოწმეები ხალხს მეცნიერებისა და დასაბუთებული მეცნიერული აღმოჩენებისადმი სათანადო პატივისცემას ასწავლიან და, ამასთანავე, ღრმა რწმენას უნერგავენ ბიბლიისადმი — ერთადერთი წიგნისადმი, რომელშიც რელიგიური ჭეშმარიტების პოვნაა შესაძლებელი და რომელიც დაუფარავად აცხადებს, რომ ღვთის სიტყვას წარმოადგენს და ამის დამადასტურებელ უამრავ ფაქტსაც შეიცავს. პავლე მოციქულმა თქვა: „როცა მიიღეთ ჩვენგან მოსმენილი ღვთის სიტყვა, მიიღეთ იგი არა როგორც კაცთა სიტყვა, არამედ როგორც ღვთის სიტყვა, როგორც სინამდვილეშია“ (1 თესალონიკელთა 2:13).

      ისევე როგორც მეცნიერებაში, საზიანო ცრუ სწავლებებმა და ჩვეულებებმა რელიგიაშიც შეაღწიეს. ამრიგად, ჭეშმარიტ რელიგიასთან ერთად დღეს ცრუ რელიგიაც არსებობს. ამიტომ მრავალმა ადამიანმა მიატოვა დღეს არსებული ორგანიზებული, სახელმწიფო რელიგიები და იეჰოვას მოწმეების ქრისტიანული კრების წევრი გახდა. ამ ადამიანებმა ნდობა დაკარგეს თავიანთი ადრინდელი რელიგიებისადმი იმიტომ, რომ ეს უკანასკნელნი ვერ ელეოდნენ ადამიანთა ტრადიციებსა და მითებს და არ აღიარებდნენ აღმოჩენილ ფაქტებსა თუ გამჟღავნებულ ჭეშმარიტებას.

      გარდა ამისა, ჭეშმარიტი ქრისტიანები ცხოვრების ნამდვილ აზრს პოულობენ, როდესაც ბიბლიის ფურცლების მეშვეობით საფუძვლიან შემეცნებას იღებენ შემოქმედზე და არა მარტო მასზე, კაცობრიობასა და დედამიწასთან დაკავშირებულ მის განზრახვებზეც. იეჰოვას მოწმეებმა დამაკმაყოფილებელი და გონივრული პასუხები მიიღეს ბიბლიიდან შემდეგ კითხვებზე: რატომ ვარსებობთ? რა გველის მომავალში? ისინი თქვენც დიდი სიხარულით გაგიზიარებენ ამ ცოდნას.

      [სქოლიო]

      a იხილეთ წიგნი „ბიბლია — ღვთის სიტყვაა თუ ადამიანის?“ (რუს.) და ბროშურა „წიგნი ყველასთვის“ (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).

      [ჩარჩო 10 გვერდზე]

      შემოქმედებითი დღეები — მხოლოდ 24 საათი გრძელდებოდა თითოეული მათგანი?

      ზოგი ფუნდამენტალისტი უარყოფს ევოლუციის თეორიას და სჯერა, რომ ადამიანის გაჩენამდე შემოქმედებით საქმიანობას ღმერთი ეწეოდა. მათი მტკიცებით ყველა ფიზიკური ქმნილება ზუსტად ექვს 24 საათიან დღეში შეიქმნა სადღაც 6 000—10 000 წლის წინათ. მაგრამ, რასაც ისინი ასწავლიან, არაბიბლიურია და ამან საღვთო წერილი მრავალი ადამიანის დასაცინი გახადა.

      გამოიყენება თუ არა სიტყვა „დღე“ ბიბლიაში ყოველთვის 24 საათიანი პერიოდის გაგებით? დაბადების 2:4-ში „დღედ“ არის მოხსენიებული მთელი ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ღმერთი დედამიწასა და ცას ქმნიდა (ბერეშით 2:4, თორა, 1995). ეს ერთი დღე წიგნ „დაბადების“ 1-ლ თავში მოხსენიებულ ექვსივე შემოქმედებით დღეს მოიცავს. ბიბლიური გაგებით დღე არის დროის რაღაც განსაზღვრული პერიოდი და შეიძლება ათას ან რამდენიმე ათას წელს მოიცავდეს. ამიტომ, დასაშვებია, რომ ბიბლიაში მოხსენიებულმა თითოეულმა შემოქმედებითმა დღემ რამდენიმე ათასი წელი გასტანა. თანაც, დედამიწა უკვე არსებობდა შემოქმედებითი დღეების დაწყებამდე (დაბადება 1:1). მაშასადამე, ბიბლიური მონათხრობი მთლიანად ეთანხმება ჭეშმარიტ მეცნიერებას (2 პეტრე 3:8).

      იმ მოსაზრების თაობაზე, რომ შემოქმედებითი დღეები მხოლოდ 24 საათი გრძელდებოდა, მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალისტმა ფრანსის კოლინზმა ასეთი აზრი გამოთქვა: „ჩვენს ეპოქაში კრეაციონიზმა [ფუნდამენტალისტურმა მოძღვრებამ შემოქმედების შესახებ] უფრო დიდი ზიანი მიაყენა საღად მოაზროვნე ადამიანების რწმენას, ვიდრე სხვა რამემ“.

      [ჩარჩო 11 გვერდზე]

      გახდა თუ არა მეცნიერება უფრო მაღალზნეობრივი?

      როდესაც მხედველობაში ვიღებთ იმ ფაქტს, რომ რელიგია მეცნიერულ პროგრესს ეწინააღმდეგებოდა, როდესაც ცნობილია მისი სახელით ჩადენილი არაერთი შემზარავი ფაქტი, აგრეთვე მისი თვალთმაქცობა და სისასტიკე, გასაგებია, თუ რატომ უარყო ზოგმა მეცნიერმა რელიგიური მრწამსი. პროფესორი მიკრობიოლოგიის დარგში, ჯონ პოსტგეითი შენიშნავს: „მსოფლიოში არსებულმა რელიგიებმა. . . თავზარი დასცეს კაცობრიობას; მათ მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს, მოაწყვეს ჯვაროსნული ლაშქრობები და ინკვიზიციები და გამართეს ხოცვა-ჟლეტა. რელიგიის ამ ბნელმა მხარემ დღევანდელ საზოგადოებაში კიდევ უფრო საშიში ხასიათი მიიღო. მეცნიერებისგან განსხვავებით რელიგია არ იცავს ნეიტრალიტეტს“.

      პოსტგეითი დარწმუნებულია, რომ რელიგიის ამ ბნელ მხარესთან შედარებით მეცნიერება უფრო რაციონალური, მიუკერძოებელი და წესრიგიანია. იგი ასკვნის, რომ „მეცნიერება უფრო მაღალზნეობრივი გახდა“.

      მართლაც ასეა თუ არა ეს? უნდა ვუპასუხოთ, რომ არა. თავად პოსტგეითიც არ მალავს, რომ „ზოგჯერ მეცნიერთა შორისაც თავს იჩენს მეტოქეობა, სიხარბე, წინასწარ აკვიატებული აზრები და შური“. იგი დასძენს, რომ „რამდენიმე მეცნიერმა სამეცნიერო კვლევა-ძიების გულისთვის მკვლელობაზეც კი არ დაიხია უკან; ასეთი რამ ხდებოდა, მაგალითად, ნაცისტურ გერმანიასა და პატიმართა იაპონურ ბანაკებში“. ერთხელ, როდესაც ჟურნალ „ნეშნლ ჯიოგრეფიკში“ მცდარი ინფორმაცია გაიპარა, რედაქციამ ერთ-ერთ კორესპონდენტს ამ ამბის გამოძიება დაავალა. კორესპონდენტი იტყობინებოდა, რომ ამ უზუსტობის მიზეზი იყო „მცდარი გასაიდუმლოება და უმართებულო მიმნდობლობა, თავისნათქვამა ადამიანებს შორის გაჩაღებული შეხლა-შემოხლა, თავმომწონეობა, არარეალური ოცნებები, გულუბრყვილო ვარაუდები, ადამიანური შეცდომები, სიჯიუტე, მანიპულირება, ზურგს უკან ქირდვა, მოტყუება, [და] კორუფცია“.

      და რა თქმა უნდა, სწორედ მეცნიერების „დამსახურებაა“ თანამედროვე მსოფლიოში ისეთი საშინელი საბრძოლო იარაღების არსებობა, როგორიცაა ბიოლოგიური იარაღი, მომწამლავი გაზი, რეაქტიული ჭურვები, მართული რაკეტები და ატომური ბომბები.

      [სურათი 8, 9 გვერდებზე]

      ჭიანჭველას ნისლეული (მენზელ 3), გადაღებულია ჰაბლის ორბიტული ტელესკოპით.

      [საავტორო უფლება]

      NASA, ESA and The Hubble Heritage Team (STScI/AURA)

      [სურათები 9 გვერდზე]

      მეცნიერული აღმოჩენები აშკარად იმაზე მეტყველებს, რომ სამყარო გონიერი პიროვნების ჩანაფიქრია.

      [სურათი 10 გვერდზე]

      იეჰოვას მოწმეები პატივისცემით ეკიდებიან ჭეშმარიტ მეცნიერებას და სწამთ ბიბლიის.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება