-
რატომ ღირს, გამოვიკვლიოთ ჩვენი რელიგია?საგუშაგო კოშკი — 2013 | 1 ივლისი
-
-
მთავარი თემა: იმსახურებს რომელიმე რელიგია თქვენს ნდობას?
რატომ ღირს, გამოვიკვლიოთ ჩვენი რელიგია?
წარმოიდგინეთ, რომ ძალიან ავად ხართ და გადაუდებელ ოპერაციას საჭიროებთ. ცხადია, სანდო და კვალიფიციური ექიმის ძებნას დაიწყებთ, რადგან მას თქვენი სიცოცხლე უნდა ანდოთ.
ეს ასეა მაშინაც, როცა საქმე რელიგიის არჩევას ეხება. თუ უკვე ხართ რომელიმე რელიგიის წევრი, შეიძლება ითქვას, რომ თქვენი სულიერი ცხოვრება ამ რელიგიას მიანდეთ. ნამდვილად ღირს, კარგად გამოიკვლიოთ თქვენი რელიგია, რადგან თქვენი მომავალი ამაზეა დამოკიდებული.
იესომ დაგვიტოვა პრინციპი, რომელიც გვეხმარება რელიგიების ობიექტურად შეფასებაში. მან თქვა: „თითოეული ხე თავისი ნაყოფით იცნობა“ (ლუკა 6:44). მაგალითად, როდესაც რომელიმე რელიგიით ან რელიგიური მიმდინარეობით ინტერესდებით, აკვირდებით მის ნაყოფს? ამ რელიგიის წინამძღოლები მთავარ აქცენტს ფულზე ხომ არ აკეთებენ? იცავენ მისი მიმდევრები ბიბლიურ პრინციპებს ომებთან და ზნეობასთან დაკავშირებით? არსებობს საერთოდ ისეთი რელიგია, რომელიც ხალხის ნდობას იმსახურებს? მოდი, ერთად გამოვიკვლიოთ.
-
-
უნდა ენდოთ რელიგიას, რომელიც ითხოვს ფულს?საგუშაგო კოშკი — 2013 | 1 ივლისი
-
-
უნდა ენდოთ რელიგიას, რომელიც ითხოვს ფულს?
ესტელაa, რომელსაც შვიდი შვილი ჰყავს, რეგულარულად დადიოდა ეკლესიაში. „ბიბლია ძალიან მაინტერესებდა, ამიტომ ერთხელ ჩემს მოძღვარს ვთხოვე, მის გაგებაში დამხმარებოდა“, — ამბობს ესტელა. მაგრამ მოძღვარმა არაფერი იღონა საიმისოდ, რომ ესტელას თხოვნა დაეკმაყოფილებინა. გულგატეხილმა ქალმა ეკლესიაში სიარული შეწყვიტა. ის განაგრძობს: „ეკლესიის მესვეურებმა მითხრეს, რომ თუ ეკლესიაში არ ვივლიდი, ფული მაინც გამეგზავნა. მივხვდი, რომ მათ მხოლოდ ჩემი ფული უნდოდათ და სულაც არ აინტერესებდათ, ვივლიდი თუ არა ეკლესიაში“.
ანგელინა, რომელიც ყოველთვის მორწმუნე იყო, ამბობს: „ჩემს ეკლესიაში წირვის დროს სამჯერ ჩამოატარებდნენ ხოლმე კალათას და მოელოდნენ, რომ ყოველ ჯერზე ფულს ჩავყრიდით. ისინი სულ ფულს ითხოვდნენ. ჩემთვის ვფიქრობდი, არა მგონია, მათთან ღმერთი იყოს-მეთქი“.
თქვენს ქვეყანაში არსებულ ეკლესიებსა თუ რელიგიურ შეკრებებზეც ხომ არ ხდება ფულის სხვადასხვა გზით აგროვება? ამართლებს ბიბლია ასეთ მოქმედებას?
რას გვასწავლის ბიბლია?
იესომ, რომელმაც ქრისტიანობას ჩაუყარა საფუძველი, აღნიშნა: „უსასყიდლოდ გაქვთ მიღებული და უსასყიდლოდვე გაეცით“ (მათე 10:8). ბიბლიური ცნობა იმდენად ძვირფასია, რომ მას ფულით ვერ იყიდი. ეს ცნობა ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის, ვისაც სურს მისი გაგება.
როგორ ფარავდნენ კრების ხარჯებს პირველი საუკუნის ქრისტიანები?
თითოეული ისე იქცეოდა, „როგორც გულში გადაწყვიტა, ოღონდ არა უხალისოდ ან ნაძალადევად, რადგან ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს“ (2 კორინთელები 9:7). მოციქულმა პავლემ თქვა: „დღედაღამ ვმუშაობდით, რომ დიდი ხარჯებით არ დაგვემძიმებინა რომელიმე თქვენგანი და ისე გიქადაგებდით ღვთის სასიხარულო ცნობას“ (1 თესალონიკელები 2:9). სასიხარულო ცნობა რომ ექადაგა და თავი ერჩინა, პავლე კარვებს კერავდა (საქმეები 18:2, 3).
რის თქმა შეიძლება იეჰოვას მოწმეებზე?
იეჰოვას მოწმეები მოკრძალებულ შენობებში იკრიბებიან, რომლებსაც სამეფო დარბაზები ეწოდება. როგორ იფარება ხარჯები? შესაწირავების ასაგროვებლად იქ არც თეფშების ჩამოტარება ხდება და არც კონვერტების დარიგება. ნებისმიერს, ვინც აფასებს სულიერ პროგრამას, შეუძლია თავისი სურვილისამებრ სამეფო დარბაზში არსებულ ყუთში ჩააგდოს შესაწირავი.
როგორ უნდა ფინანსდებოდეს რელიგიები?
ცხადია, ამ ჟურნალის დაბეჭდვა და ტრანსპორტირება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მაგრამ მოწმეები თავიანთ პუბლიკაციებს არ უკეთებენ კომერციულ რეკლამებს და არც ფულს ითხოვენ. ძირითადი ყურადღება გადატანილია ბიბლიური ჭეშმარიტების გავრცელებაზე.
როგორ ფიქრობთ, ხარჯების ამ სახით დაფარვა ეთანხმება იესოს სიტყვებს და პირველი საუკუნის ქრისტიანების მოქმედებას?
-
-
უნდა ენდოთ რელიგიას, რომელიც მხარს უჭერს ომს?საგუშაგო კოშკი — 2013 | 1 ივლისი
-
-
უნდა ენდოთ რელიგიას, რომელიც მხარს უჭერს ომს?
ალბერტო თითქმის ათი წელი მსახურობდა ჯარში. ის იხსენებს: «ჩვენი კაპელანი (არმიის მღვდელი) გვაკურთხებდა ხოლმე და გვეუბნებოდა, ღმერთი თქვენთან არისო. მიკვირდა, როგორ იყო ღმერთი ჩვენთან, როცა ადამიანების მოსაკლავად მივდიოდით. ბიბლიაში, ხომ წერია: „არ მოკლა“».
რეი მეორე მსოფლიო ომის დროს სამხედრო-საზღვაო ფლოტში მსახურობდა. ერთხელ მან კაპელანს ჰკითხა: „თქვენ აქ მოდიხართ და ჩვენი ჯარისთვის და გამარჯვებისთვის ლოცულობთ. განა ჩვენი მტრები იმავეს არ აკეთებენ?“ მღვდელმა უპასუხა, რომ უფალი საიდუმლო გზებით მოქმედებს.
ასეთი პასუხი ბევრს არ აკმაყოფილებს.
რას გვასწავლის ბიბლია?
იესომ აღნიშნა, რომ ღვთის ერთ-ერთი უდიდესი მცნებაა, „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“ (მარკოზი 12:31). საზღვარი ხომ არ დაგვიდგინა იესომ და ხომ არ გვითხრა, რომ მოყვასისადმი ჩვენი სიყვარული მის ეროვნებაზე ან გეოგრაფიულ საზღვრებზე უნდა ყოფილიყო დამოკიდებული? ნამდვილად, არა! მან თავის მოწაფეებს უთხრა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოანე 13:34, 35). ერთმანეთისადმი მათი სიყვარული იმდენად უჩვეულო და შესამჩნევი იქნებოდა, რომ ფაქტობრივად, ამით ამოიცნობდნენ იესოს მოწაფეებს. ისინი არა მარტო უარს იტყოდნენ ადამიანის მოკვლაზე, არამედ, საკუთარ სიცოცხლესაც კი გაიღებდნენ ერთმანეთისთვის.
პირველი ქრისტიანები ზედმიწევნით მიჰყვებოდნენ იესოს ამ მითითებას. რელიგიის ენციკლოპედიაში ვკითხულობთ: „ადრინდელი ეკლესიის მამები, მათ შორის ტერტულიანე და ორიგენე, ადასტურებდნენ, რომ ქრისტიანებს ეკრძალებოდათ ადამიანის მოკვლა. სწორედ ამ პრინციპის საფუძველზე ამბობდნენ ისინი უარს რომის ჯარში მსახურებაზე“.
რის თქმა შეიძლება იეჰოვას მოწმეებზე?
იეჰოვას მოწმეები თითქმის ყველა ქვეყანაში არიან. ამიტომ, როდესაც რომელიმე ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი წამოიჭრება, მოწმეები ყველაფერს აკეთებენ, რომ სიყვარული იყოს მათი ამოსაცნობი ნიშანი.
ასწავლიან რელიგიური წინამძღოლები ნამდვილ ქრისტიანულ სიყვარულს?
მაგალითად, 1994 წელს რუანდაში ჰუტუსა და ტუტსებს შორის ეთნიკურმა კონფლიქტმა იფეთქა. იეჰოვას მოწმეებმა სრული ნეიტრალიტეტი შეინარჩუნეს. ერთი ტომის მოწმეები მეორე ტომის მოწმეებს იფარავდნენ და ხშირად საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში იგდებდნენ. როდესაც ორი ჰუტუ მოწმე იმის გამო დაიჭირეს, რომ მათ ტუტსი მოწმეები შეიფარეს, ჰუტუ „ინტერაჰამუე“ მილიციამ მათ უთხრა: „თქვენ უნდა მოკვდეთ, რადგან ტუტსებს გაქცევაში დაეხმარეთ!“. სამწუხაროდ, ორივე ჰუტუ მოწმე მოკლეს (იოანე 15:13).
რას ფიქრობთ: არ ადასტურებს იეჰოვას მოწმეების საქციელი იმას, რომ ისინი მტკიცედ იცავენ იესოს სიტყვებს და თავგანწირულ სიყვარულს ავლენენ მოყვასის მიმართ?
-
-
უნდა ენდოთ რელიგიას, რომელიც იწყნარებს უზნეობას?საგუშაგო კოშკი — 2013 | 1 ივლისი
-
-
უნდა ენდოთ რელიგიას, რომელიც იწყნარებს უზნეობას?
„კოლეჯში, სადაც მე ვსწავლობდი, ბევრი აცხადებდა, რომ მორწმუნე იყო, მაგრამ გამოცდების დროს თაღლითობდა. ისინი არც ნარკოტიკებზე ამბობდნენ უარს“, — ამბობს სილვია, რომელიც მედდად მუშაობს.
ერთი მამაკაცი, სახელად ლიონელი, ამბობს: „ჩემი თანამშრომლები ხშირად იტყუებიან. ზოგჯერ უფროსს ურეკავენ და ეუბნებიან, რომ ავად არიან, მაშინ როცა, ეს ასე არ არის. რომ ჰკითხოთ, მორწმუნეები არიან, მაგრამ რწმენის თანახმად არ ცხოვრობენ. ეს ისეა, სახლში ავეჯი მხოლოდ საჩვენებლად გედგას და არ იყენებდე“.
ადამიანთა უმეტესობის ზნეობრივ ცხოვრებაზე რელიგია სასიკეთოდ არ მოქმედებს. ბევრი გარეგნულად ღვთის ერთგული ჩანს, მაგრამ „ღვთისადმი ერთგულება“ გავლენას არ ახდენს მათზე (2 ტიმოთე 3:5). რელიგიური წინამძღოლები ზნეობრიობასთან დაკავშირებით სამწყსოს არ აძლევენ კარგ მაგალითს და არც საჭირო ბიბლიური რჩევებით უზრუნველყოფენ. ბევრს სჯერა, რომ ღმერთს საერთოდ არ აინტერესებს, რა ცხოვრებას ეწევიან ისინი და ეს არც არის გასაკვირი.
რას გვასწავლის ბიბლია?
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთს აქვს გრძნობები და მისთვის სულერთი არ არის, როგორ ვიქცევით. მაგალითად, როცა ძველ დროში ისრაელები ღვთის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ, მათ არაერთხელ „გაანაწყენეს იგი [ღმერთი]“ (ფსალმუნი 78:40). ხოლო, როცა ადამიანი იცვლება და გულწრფელად ინანიებს თავის ცუდ საქციელს, ზეცა ხარობს (ლუკა 15:7). როდესაც ადამიანი აფასებს ჩვენი ზეციერი მამის შესანიშნავ თვისებებს, მისადმი სიყვარული ნელ-ნელა უღრმავდება. ეს კი აღძრავს მას, შეიყვაროს ის, რაც ღმერთს უყვარს და შეიძულოს ის, რას მას სძულს (ამოსი 5:15).
რის თქმა შეიძლება იეჰოვას მოწმეებზე?
იეჰოვას მოწმეები „ეხმარებიან ადამიანებს, ჰქონდეთ მტკიცე ოჯახები და იყვნენ ღირსეული და პატიოსანი მოქალაქეები, — აღნიშნულია სოლტ-ლეიკ-სიტიში (იუტის შტატი) გამომავალ ერთ გაზეთში. — მოწმეები მაღალზნეობრივი ნორმებით ცხოვრობენ. ისინი დარწმუნებული არიან, რომ თამბაქოს მოწევა, გადაჭარბებული სმა, ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება, აზარტული თამაშები, სექსუალური აღვირახსნილობა თუ ჰომოსექსუალიზმი ადამიანს სულიერად ხრწნის“.
ეხმარებიან რელიგიური წინამძღოლები თავიანთ სამწყსოს, იცხოვრონ ღვთის მაღალზნეობრივი ნორმების შესაბამისად?
როგორ ეხმარება იეჰოვას მოწმეებს ღვთის თვისებებზე დაკვირვება? ზემოხსენებული სილვია ამბობს: „ჯანდაცვის სისტემაში თაღლითობა ჩვეულებრივი რამაა. ადვილია, შენც აჰყვე უმრავლესობას, მაგრამ იმის ცოდნა, თუ რას გრძნობს იეჰოვაa იმ დროს, როცა მისი ნორმები ირღვევა, მეხმარება, სწორად მოვიქცე. ამ დროს შინაგან სიმშვიდესა და კმაყოფილებას ვგრძნობ“. სილვია დარწმუნებულია, რომ მისი ცხოვრება მას შემდეგ გაუმჯობესდა, რაც თავისი რელიგიური მრწამსის თანახმად დაიწყო ცხოვრება.
a ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა ღვთის სახელია.
-
-
რომელ რელიგიას უნდა ენდოთ?საგუშაგო კოშკი — 2013 | 1 ივლისი
-
-
რომელ რელიგიას უნდა ენდოთ?
თუ რომელიმე რელიგიის წევრი იყავით, მაგრამ რაღაცის გამო გული გაგიტყდათ, შეიძლება გაგიჭირდეთ სხვა რელიგიის ნდობა. მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ არსებობს რელიგია, რომელიც იმსახურებს ნდობას. დედამიწაზე ყოფნისას იესომ შეკრიბა თავისი ერთგული მიმდევრები და მათ ღვთის ნორმების თანახმად ცხოვრება ასწავლა. დღესაც არსებობენ იესოს ჭეშმარიტი მიმდევრები, კეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ, იცხოვრონ ქრისტიანული ნორმების თანახმად. ვინ არიან ისინი?
წინა სტატიაში მოხსენიებული ესტელა ამბობს: «ბიბლიური სწავლებები მხოლოდ მას შემდეგ გავიგე, რაც იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დავიწყე. მალევე მივხვდი იოანეს 8:32-ში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტებას: „შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“».
რეი კი აღნიშნავს: „იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლის შემდეგ გავიგე, რომ ღმერთი არ არის პასუხისმგებელი იმ უბედურებებზე, რაც დედამიწაზე ხდება. ღმერთს აქვს საფუძვლიანი მიზეზი, დაუშვას დღეს არსებული ბოროტება, თუმცა ის გვპირდება, რომ მალე ძირფესვიანად აღმოფხვრის მას. ყოველივე ეს ჩემში ღვთისადმი დიდი მადლიერების გრძნობას იწვევს“.
ადვილი არ არის ქვეყნიერების დინების საწინააღმდეგო მიმართულებით ცურვა, ქვეყნიერებისა, რომელიც დაცემული ზნეობრივი ნორმებით ცხოვრობს, მაგრამ ეს შესაძლებელია. ბევრს სურს, ვინმე დაეხმაროს ბიბლიური სწავლებების გაგებაში. ამიტომაც იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში მილიონებთან უფასოდ ატარებენ ბიბლიის შესწავლებს. ყოველკვირა უამრავი ადამიანი იგებს, თუ რას ასწავლის ბიბლია სინამდვილეში; შედეგად ისინი უფრო ახლოს ეცნობიან შემოქმედს და სწავლობენ, რას მოაქვს ნამდვილი ბედნიერება.a
ჰკითხეთ იეჰოვას მოწმეებს, რატომ ენდობიან თავიანთ რელიგიას?
შემდგომში, როცა იეჰოვას მოწმეებს შეხვდებით, ჰკითხეთ, რატომ ენდობიან თავიანთ რელიგიას. გამოიკვლიეთ მათი სწავლებები და შეამოწმეთ, ცხოვრობენ თუ არა ქრისტიანული ნორმების თანახმად. შემდეგ დაფიქრდით, მართლა არ არსებობს რელიგია, რომელიც თქვენს ნდობას იმსახურებს?
-