-
უწყობს რელიგია ხელს მშვიდობას?გამოიღვიძეთ! — 2011 | იანვარი
-
-
უწყობს რელიგია ხელს მშვიდობას?
ქრისტიანულ სამყაროში ყველაზე წმინდად მიჩნეული ქრისტეს საფლავის ეკლესია იერუსალიმში, რელიგიური დაპირისპირებისა და შუღლის სიმბოლოდ იქცა. გადმოცემის თანახმად ეს ეკლესია იმ ადგილას დგას, „სადაც სავარაუდოდ ქრისტე დამარხეს და აღდგა“. მაგრამ ეს სათაყვანებელი ადგილი არაერთხელ გამხდარა შეხლა-შემოხლის მოწმე. ქრისტიანობის ექვსი სხვადასხვა მიმდინარეობის წარმომადგენელი ბერები და მღვდლები ეკლესიაში მსახურების შესრულების საკითხზე ვერ მორიგდნენ და ერთმანეთს დაერივნენ. ეს დაპირისპირება ბოლო წლებში უფრო გამძაფრდა. მათი გაშველება და დროებით ეკლესიის გაკონტროლება შეიარაღებულ პოლიციას მოუწია.
რელიგიური ძალადობის ისტორია
ქრისტეს საფლავის ეკლესიაში მომხდარი მოვლენები იმ სისხლიანი ისტორიის ნაწილია, რომელიც რელიგიურ ვნებათა ღელვას უკავშირდება. ერთ-ერთ წიგნში, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ბოლო წლებში მომხდარ რელიგიურ კონფლიქტებს მიმოიხილავს, ნათქვამია: „ინდონეზიიდან ჩრდილოეთ ირლანდიამდე, ახლო აღმოსავლეთიდან ქაშმირამდე, ინდოეთიდან ნიგერიამდე, ბალკანეთიდან შრი-ლანკამდე, ქრისტიანები, ბუდისტები, ებრაელები, ინდუსები, მუსლიმანები და სიკხები ძალადობას იმით ამართლებენ, რომ ეს მათი რელიგიური მრწამსისა და ინტერესების დაცვას ემსახურება“ (Violence in God’s Name).
მიუხედავად ამისა, თითქმის ყველა რელიგია მშვიდობასა და ერთსულოვნებას ქადაგებს. საუკუნეების განმავლობაში რელიგია თავგამოდებით უჭერდა მხარს ისეთ ალტრუისტულ პრინციპებს, როგორიცაა მოყვასის სიყვარული და ადამიანის სიცოცხლის ხელშეუხებლობა. აქედან გამომდინარე, განა რელიგიამ თავისი უსაზღვრო ძალა მშვიდობის მხარდასაჭერად არ უნდა გამოიყენოს? ამ კითხვაზე პასუხი ყველა გულწრფელ მორწმუნეს უნდა აინტერესებდეს.
-
-
რატომ აღმოჩნდა რელიგია უძლური?გამოიღვიძეთ! — 2011 | იანვარი
-
-
რატომ აღმოჩნდა რელიგია უძლური?
თუ ვიტყვით, რომ რელიგია ყველა კონფლიქტის გამომწვევი ძირითადი მიზეზია, მაშინ გამოდის, რომ ომები შემცირდება, თუ რელიგია აღარ იარსებებს. დამაჯერებლად ჟღერს ეს არგუმენტი? მართლა შეწყდება ომები, თუ რელიგია აღარ იქნება? რაც არ უნდა უპასუხოთ, ერთი რამ ცხადია: რელიგიამ ვერ გააერთიანა კაცობრიობა. განვიხილოთ ამის ზოგიერთი მიზეზი.
რელიგიური განხეთქილება
კაცობრიობა დაყოფილია რელიგიებად. წამყვანი რელიგიები საუკუნეებია ერთმანეთში ვერ რიგდებიან. შეგვიძლია გვქონდეს იმის იმედი, რომ ბუდისტები, ებრაელები, ინდუსები, მუსლიმანები და ქრისტიანები ოდესმე მშვიდობიანად შეძლებენ ერთად ცხოვრებას?
კიდევ ერთი სამწუხარო რეალობა ის არის, რომ თვითონ წამყვანი რელიგიებიც დაყოფილია. ერთ-ერთი გამოთვლის თანახმად, ჯერ მარტო ქრისტიანობაში 30 000-ზე მეტი მიმდინარეობა არსებობს. ისლამიც დაყოფილია მრავალი ურთიერთსაწინააღმდეგო სწავლების გამო. ახლო აღმოსავლეთის საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, ამას წინათ მუსლიმანმა სწავლულმა მოსინ ჰოჯამ აღიარა, რომ „ისლამურ სამყაროში არსებულ პრობლემათა თავიდათავი მუსლიმანთა შორის არსებული არაერთსულოვნებაა“. სხვა დიდი რელიგიებიც, როგორებიცაა ბუდიზმი, ინდუიზმი და იუდაიზმი ერთმანეთთან მოქიშპე სექტებად არის დაყოფილი.
რელიგიის ჩარევა პოლიტიკაში
ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში რელიგიის გავლენა იგრძნობა. ჟურნალ „ეკონომისტში“ აღნიშნული იყო: „რელიგიური ხალხი დაუფარავად გამოხატავს თავის შეხედულებას ყველა სფეროში, მათ შორის ბიზნესში. რელიგიამ ეკონომიკაშიც შეაღწია“. ეს ყველაფერი საზოგადოებას უფრო აქუცმაცებს, ვიდრე აერთიანებს. მაგრამ უფრო საზიანო შედეგები რელიგიის პოლიტიკაში ჩარევის ხანგრძლივ ისტორიასთან არის დაკავშირებული.
ამას წინათ გაკეთებულ ანგარიშში, რომელზეც წინა სტატიაში ვისაუბრეთ, ისტორიკოსების ჯგუფმა აღნიშნა: „როცა რელიგია პოლიტიკურ ძალებთან არის შეკრული და მათთან თანამშრომლობს, დიდია იმის ალბათობა, რომ ის ომის მიზეზი გახდეს“. ვერ გავექცევით იმ ფაქტსაც, რომ რელიგია ყოველთვის იყო და არის მჭიდრო კავშირში პოლიტიკასა და სამხედრო ძალებთან.
ფეთქებადი ნაერთი
ბევრ ქვეყანაში წამყვანი რელიგიები პატრიოტიზმისა და ეროვნულობის სიმბოლოდ იქცა. ამიტომ თითქმის შეუძლებელია ზღვარის გავლება ნაციონალურ თუ რასობრივ სიძულვილს, ეთნიკურ დაპირისპირებასა და რელიგიურ შუღლს შორის. ეს ფეთქებადი ნაერთი შეიცავს ყველა იმ ინგრედიენტს, რომელსაც ჩვენი მსოფლიოს დაქუცმაცება შეუძლია.
ყველაზე პარადოქსული ის არის, რომ რელიგიათა უმეტესობა თავს შემოქმედის, ანუ ბიბლიის ღმერთის, წარმომადგენლის როლში წარმოაჩენს. განა შეიძლება, რომ ყოვლისშემძლე და ყოვლადბრძენ მოსიყვარულე შემოქმედს რაიმე საერთო ჰქონდეს იმ რელიგიებთან, რომლებიც განხეთქილებასა და სისხლისღვრას უწყობენ ხელს?
[სურათი 6 გვერდზე]
ნეიტრალური პოზიციის გამო ათასობით იეჰოვას მოწმე დააპატიმრეს
-
-
შეასრულებს ოდესმე რელიგია მშვიდობისმყოფელის როლს?გამოიღვიძეთ! — 2011 | იანვარი
-
-
შეასრულებს ოდესმე რელიგია მშვიდობისმყოფელის როლს?
„მოდით უკეთესობისკენ შევცვალოთ მსოფლიო და თავიდან მოვიშოროთ რელიგია“. ასეთმა რჩევამ გაიჟღერა ჰოლანდიელი ფილოსოფოსის, ფლორის ვან დენ ბერგის მიერ გამოქვეყნებულ ლექციაში „როგორ და რატომ უნდა მოვიშოროთ თავიდან რელიგია“. ამ მოსაზრებას მთელ მსოფლიოში სხვადასხვა დარგის სპეციალისტებიც უჭერენ მხარს.
„მსოფლიომ უნდა გამოიღვიძოს იმ ხანგრძლივი კოშმარიდან, რასაც რელიგია ჰქვია“, — განაცხადა ნობელის პრემიის ლაურეატმა, ფიზიკოსმა სტივენ უაინბერგმა. ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად ხდება იმ აზრის გაჟღერება, რომ მსოფლიოში ამდენი საშინელება აღარ მოხდება, თუ რელიგია აღარ იარსებებს. ამასთანავე საკმაოდ გახშირდა ანტირელიგიური შინაარსის წიგნები, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.
წამყვანი მეცნიერები მათი აზრით გადაუდებელი საკითხის განსახილველად შეიკრიბნენ. ეს საკითხი რელიგიის აღმოფხვრას ეხებოდა. მასმედია დაიპყრო ათეისტების ახალმა ტალღამ. ისინი არ მალავენ სიძულვილს რელიგიის მიმართ. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ამ ავტორიტეტულ მოაზროვნეებს სწორი კურსი აქვთ არჩეული?
არსებობს ჭეშმარიტი რელიგია?
თუ ყველა რელიგია მცდარია და ღმერთიც არ არსებობს, მაშინ საკმაოდ გონივრულია იმაზე ფიქრი, რომ რელიგიამ უნდა შეწყვიტოს არსებობა. მაგრამ იქნებ მართლა არსებობს ღმერთი, ღვთის ხალხი და ჭეშმარიტი რელიგია?
თუ გულდასმით გამოვიკვლევთ რელიგიის ისტორიას, აშკარად დავინახავთ, რომ თაყვანისმცემლობის ერთი ფორმა მკვეთრად განსხვავდება სხვა დანარჩენი რელიგიებისგან. ეს რელიგია დღესდღეობით ადამიანთა შედარებით მცირე რაოდენობას აერთიანებს. მას საფუძველი იესო ქრისტემ და მისმა მოციქულებმა ჩაუყარეს. თაყვანისმცემლობის ეს ფორმა აშკარად განსხვავდება თაყვანისმცემლობის იმ ფორმისგან, რომელსაც ქრისტიანული სამყაროს ეკლესიები საუკუნეების განმავლობაში მისდევენ.
ჭეშმარიტი რელიგია, რომელსაც საფუძველი იესო ქრისტემ ჩაუყარა, ბევრი რამით განსხვავდება ქრისტიანული სამყაროს რელიგიებისგან. განვიხილოთ ერთ-ერთი მხარე, რაშიც ეს განსხვავება ჩანს.
„ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის“
პირველი ქრისტიანები არ ერეოდნენ პოლიტიკაში. ამგვარად ისინი ჰბაძავდნენ იესოს, რომელსაც ნეიტრალური პოზიცია ეკავა. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იესომ სულ მცირე ორჯერ თქვა უარი, გამხდარიყო პოლიტიკური ლიდერი (მათე 4:8—10; იოანე 6:15). იესომ უსაყვედურა თავის მოწაფეებს, როცა მათ ძალისმიერი გზით სცადეს, ის დაპატიმრებას გადაერჩინათ (მათე 26:51, 52; ლუკა 22:49—51; იოანე 18:10, 11).
იესომ ასეთი პასუხი გასცა იუდეის რომაელ მმართველს, რომელიც იესოსთვის წაყენებული პოლიტიკური ბრალდებით დაინტერესდა: „ჩემი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის. ამ ქვეყნიერების ნაწილი რომ ყოფილიყო, ჩემი მსახურები იბრძოლებდნენ, რომ იუდეველებს არ გადავცემოდი. მაგრამ ჩემი სამეფო აქედან არ არის“ (იოანე 18:36). ფაქტია, რომ იესოს საერთო არაფერი ჰქონდა იმდროინდელ პოლიტიკურ და სამხედრო სისტემასთან.
მსგავსად იქცეოდნენ იესოს მიმდევრებიც. წინა სტატიებში მოხსენიებულმა მკვლევართა ჯგუფმა, რომელიც იკვლევს რელიგიის როლს ომებში, ასეთი რამ აღნიშნა: „პირველი ქრისტიანებისთვის მიუღებელი იყო ძალადობა . . . მათი უმეტესობა არც ჯარში მიდიოდა და არც ბრძოლებში მონაწილეობდა“. იესოსა და მისი მოწაფეების სწავლებებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა მოყვასის, მათ შორის უცნობების და სხვადასხვა ეროვნებისა და კულტურის ადამიანების სიყვარულს (საქმეები 10:34, 35; იაკობი 3:17). ეს რელიგია ნამდვილად უწყობდა ხელს მშვიდობას.
დროთა განმავლობაში თავდაპირველი ქრისტიანული სწავლებები ფილოსოფიით, ტრადიციებითა და ნაციონალისტური იდეებით შეიბღალა. ზემოხსენებული ისტორიკოსები, რომლებიც სწავლობენ რელიგიის როლს შეიარაღებულ კონფლიქტებში, ასეთ დასკვნას აკეთებენ: „[რომაელ იმპერატორ] კონსტანტინეს გაქრისტიანებამ ქრისტიანობის გასამხედროება გამოიწვია. ქრისტიანობის მთავარი მამოძრავებელი ძალა უკვე ქრისტეს ჰუმანური სწავლებები კი აღარ იყო, არამედ იმპერატორის დამპყრობლური პოლიტიკა. ქრისტიანები, მათ შორის იმპერატორი, იძულებული გახდნენ, რომ ომისთვის რელიგიური გამართლება მოეძებნათ“. ასე წარმოიშვა ყალბი ქრისტიანობა.
განსხვავებული ჯგუფი
ნუთუ წარსულს ჩაჰბარდა პირველი ქრისტიანობა? ნამდვილად არა, რადგან დღესდღეობით არსებობს ერთი ჯგუფი, რომელიც იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას. არც ერთი რელიგიის მიმდევარი არ ჰბაძავს პირველ ქრისტიანებს ისე, როგორც იეჰოვას მოწმეები. მათ არანაირი კავშირი არა აქვთ ქრისტიანულ სამყაროსთან. „რელიგიის ენციკლოპედია“ ტყუილუბრალოდ არ უწოდებს მათ „განსხვავებულ ჯგუფს“, რადგან მათი მრწამსი მთლიანად „ბიბლიაზეა დაფუძნებული და არა ტრადიციებზე“.
პირველი ქრისტიანების მსგავსად იეჰოვას მოწმეები არ ერევიან პოლიტიკაში. უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ გამოქვეყნებულ ცნობაში ნათქვამია, რომ იეჰოვას მოწმეები ცდილობენ „რასობრივი, ნაციონალური, რელიგიური, სოციალური და ეკონომიკური ბარიერების გადალახვას“. როგორც სწავლულები ამბობენ, იეჰოვას მოწმეები არ მონაწილეობენ „ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში“ და „თავიანთი ქვეყნის კანონმორჩილი მოქალაქეები არიან“.
ვარშავის უნივერსიტეტის (პოლონეთი) პროფესორმა ვოიცეხ მოძელევსკიმ თავის წიგნში დაწერა: „დღეს იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში შეადგენენ ერთ-ერთ ყველაზე დიდ გაერთიანებას, რომელიც გმობს ომს“ (Pacifism and Vicinity). რადგან იეჰოვას მოწმეები ფეხდაფეხ მიჰყვებიან პირველი საუკუნის ქრისტიანების ნაკვალევს, შეიძლება ითქვას, რომ მათ შეძლეს იმ თაყვანისმცემლობის აღდგენა, რომელსაც საფუძველი ქრისტემ და მოციქულებმა ჩაუყარეს. სწორედ ასეთი ქრისტიანობა უწყობს ხელს მშვიდობას (იხილეთ ჩარჩო მომდევნო გვერდზე).
ნათელი მომავალი
მრავალი მორწმუნე, მათ შორის ზოგიერთი რელიგიური წინამძღოლი, აღშფოთებულია თავიანთ რელიგიაში არსებული თვალთმაქცობით. არც ის მორწმუნე ადამიანები არ უნდა დავივიწყოთ, რომლებიც მსოფლიოში მშვიდობისა და ჰარმონიისთვის იბრძვიან.
მათი გულწრფელი მცდელობის მიუხედავად, ადამიანებს არ შესწევთ ძალა მოაგვარონ მსოფლიო პრობლემები. ძველად წინასწარმეტყველმა იერემიამ დაწერა: „ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა; მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23).
მაგრამ არსებობს ნათელი მომავლის იმედი. ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, რომ დედამიწას მალე მშვიდობისმოყვარე ადამიანებისგან შემდგარი საზოგადოება დაიმკვიდრებს. ეს ახალი საზოგადოება ნამდვილი საძმო იქნება. ყველა ერის ადამიანი შეხმატკბილებულად იცხოვრებს და კაცობრიობას მეტად აღარ დაყოფს საზღვრები, ეთნიკური სიძულვილი თუ რელიგიური იდეოლოგია. მათ იეჰოვა ღმერთის თაყვანისმცემლობა გააერთიანებს.
ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია ყველა იმ რელიგიის განადგურება, რომელიც პატივს არ მიაგებს ღმერთს. იესომ თქვა: „თავისივე წინააღმდეგ გაყოფილი სამეფო გაპარტახდება და თავისივე წინააღმდეგ გაყოფილი ქალაქი ან სახლი ვერ გაძლებს“ (მათე 12:25). დადგება დრო, როცა ღვთის სიტყვაში ჩაწერილი ეს სიტყვები ცრუ რელიგიაზე შესრულდება.
ჯერ კიდევ დიდი ხნის წინათ ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ღმერთი სამართლიან განაჩენს გამოიტანდა ერებს შორის და საქმეებს მოაგვარებდა. ამ წინასწარმეტყველებაში ისიც არის ნათქვამი, რომ ხალხები „თავიანთი მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან — სასხლავებს. ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარ ისწავლიან ომს“ (ესაია 2:4). ეს წინასწარმეტყველება უკვე სრულდება. იეჰოვას მოწმეთა ჭეშმარიტი რელიგია დღესვე უწყობს ხელს მშვიდობას.
[ჩანართი 8 გვერდზე]
იეჰოვას მოწმეებს სიყვარული აერთიანებს
[ჩარჩო 9 გვერდზე]
რით გამოირჩევიან იეჰოვას მოწმეები?
ბევრს აოცებს იმის გაგება, თუ რამდენად განსხვავდებიან იეჰოვას მოწმეები სხვა რელიგიური მიმდინარეობებისგან, რომლებიც თავს ქრისტიანებს უწოდებენ. ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი მხარე, რაც იეჰოვას მოწმეებს სხვებისგან გამოარჩევს.
სტრუქტურა
● მათ არ ჰყავთ სამღვდელოება.
● მათი ზედამხედველები, მქადაგებლები და მისიონერები ანაზღაურებას არ იღებენ.
● სამეფო დარბაზებში ანუ იქ, სადაც ისინი ღვთისმსახურებისთვის იკრიბებიან, არ ხდება ფულის შეკრება.
● მათი საქმიანობა ფინანსდება ნებაყოფლობითი შესაწირავებით, რომელსაც ყველა ანონიმურად გასცემს.
● ისინი არ ერევიან პოლიტიკაში.
● ისინი მხარს უჭერენ მშვიდობას და არ მონაწილეობენ ომებში.
● მთელ მსოფლიოში მათ აერთიანებთ რწმენა და ბიბლიაზე დაფუძნებული სწავლებები.
● ისინი ერთიან საძმოს ქმნიან. მათ შორის არ არსებობს სოციალური, ეთნიკური, რასობრივი და კლასობრივი ბარიერები.
● ისინი არ თანამშრომლობენ სხვა რელიგიებთან, იქნება ეს კათოლიციზმი, მართლმადიდებლობა თუ პროტესტანტიზმი.
სწავლებები
● მათ სწამთ, რომ არსებობს ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი, რომელსაც იეჰოვა ჰქვია.
● მათთვის იესო ქრისტე არ არის ყოვლისშემძლე ღმერთი. მათ არ სწამთ სამება.
● ისინი იესოს ღვთის ძედ მიიჩნევენ და მიჰყვებიან მის სწავლებებს.
● ისინი არ ეთაყვანებიან ჯვარს და თაყვანისცემის დროს არ იყენებენ გამოსახულებებს.
● მათ არ სწამთ, რომ არსებობს ცეცხლოვანი ჯოჯოხეთი, სადაც სიკვდილის შემდეგ ბოროტი ადამიანები ხვდებიან.
● მათ სწამთ, რომ ღმერთი მორჩილ ადამიანებს აკურთხებს მარადიული სიცოცხლით სამოთხედქცეულ დედამიწაზე.
იეჰოვას მოწმეებს სწამთ, რომ მათ აღადგინეს პირველი საუკუნის ქრისტიანობა ანუ ქრისტიანობის ის ფორმა, რომელსაც იესოს მოციქულები აღიარებდნენ.
[სურათი 8 გვერდზე]
სერბი, ბოსნიელი და ხორვატი
-
-
რელიგიაა დამნაშავე ომებში?გამოიღვიძეთ! — 2011 | იანვარი
-
-
რელიგიაა დამნაშავე ომებში?
მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში მოღვაწე სასულიერო პირი და მწერალი ჯონათან სვიფტი წერდა: „რელიგიას მხოლოდ იმის ძალა შესწევს, რომ ერთმანეთი შეგვაძულოს, მაგრამ არა იმის, რომ ერთმანეთი შეგვაყვაროს“. ბევრი ამტკიცებს, რომ რელიგია უფრო დაყოფას უწყობს ხელს, ვიდრე ერთიანობას, თუმცა ყველა არ ეთანხმება ამ აზრს.
მაგალითად განვიხილოთ, რა დასკვნამდე მივიდა გაერთიანებული სამეფოს ბრადფორდის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი, რომელიც მშვიდობასთან დაკავშირებულ საკითხებს იკვლევს. ბი-ბი-სის დავალებით მკვლევართა ამ ჯგუფს უნდა გამოეკვლია, რელიგია მშვიდობას უწყობს ხელს თუ ომს.
მკვლევართა მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამი იყო: „სხვადასხვა სპეციალისტის მიერ ჩატარებული ისტორიული ანალიზის შემდეგ იმ დასკვნამდე მივედით, რომ ბოლო 100 წლის განმავლობაში წმინდა წყლის რელიგიური ომი თითქმის არ ყოფილა“. როგორც მათ განმარტეს, „იმ ომების გამომწვევი მიზეზი, რომლებსაც საინფორმაციო თუ სხვა საშუალებები რელიგიურს ან რელიგიურ ნიადაგზე გაჩაღებულს უწოდებენ, სინამდვილეში ნაციონალიზმი, ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება ან თავდაცვაა“.
მაგრამ ბევრის აზრით, სამღვდელოება თავისი მოქმედებითა თუ უმოქმედობით, ამართლებდა და აქტიურად უჭერდა მხარს მრავალ შეიარაღებულ შეტაკებას, რასაც ქვემოთ მოყვანილი ციტატებიც ადასტურებს.
● „როგორც ჩანს, თითქმის ყველგან რელიგია ძალადობას უკავშირდება . . . ბოლო წლებში რელიგიურმა ძალადობამ თავი იჩინა მემარჯვენე ქრისტიანებს შორის შეერთებულ შტატებში, გაღიზიანებულ მუსლიმანებსა და ებრაელებს შორის ახლო აღმოსავლეთში, მოქიშპე ინდუსებსა და მუსლიმანებს შორის სამხრეთ აზიაში და ადგილობრივ რელიგიურ დაჯგუფებებს შორის აფრიკასა და ინდონეზიაში . . . ამ ძალადობრივ ქმედებებში გარეულთათვის რელიგია პოლიტიკური კურსის განსაზღვრისა და შურისმაძიებლური იდეოლოგიის გამართლების კარგი საშუალებაა“ (Terror in the Mind of God—The Global Rise of Religious Violence).
● „პარადოქსია, მაგრამ ხშირად ყველაზე საშინელი სოციალური მანკიერებები იმ ქვეყნებში შეიმჩნევა, რომლებიც რელიგიურობით გამოირჩევა . . . საზოგადოების რელიგიურობა არ გამორიცხავს დამნაშავეობის მაღალ მაჩვენებელს . . . ერთი რამ ცხადია: თუ გნებავთ უსაფრთხოდ, წესიერად, მშვიდად და ცივილიზებულად იცხოვროთ, მოერიდეთ იმ ადგილებს, სადაც რელიგია დომინირებს“ (Holy Hatred).
● „ბაპტისტები კონფლიქტურობით უფრო არიან ცნობილნი, ვიდრე მშვიდობისთვის გაწეული ძალისხმევით . . . მეცხრამეტე საუკუნეში, როცა [ამერიკაში] მონობის საკითხმა თუ სხვა ცვლილებებმა განხეთქილება ჯერ კონფესიებს შორის, შემდეგ კი მთელ საზოგადოებაში გამოიწვია, ბაპტისტები ჩრდილოეთსა თუ სამხრეთში მხარს უჭერდნენ მათ მიერ წმინდა ომად შერაცხულ საომარ მოქმედებებს და ირწმუნებოდნენ, რომ ღმერთი მათ მხარეს იყო. ბაპტისტები აქტიურად უჭერდნენ მხარს საომარ მოქმედებებს ინგლისთან (1812), მექსიკასთან (1845) და ესპანეთთან (1898) ომის დროს. აქედან ბოლო ორ ომს ისინი იმ მოსაზრებით ამართლებდნენ, რომ ეს ომები ჩაგრული ხალხის რელიგიურ თავისუფლებასა და მისიონერული მოღვაწეობისთვის ახალი კარის გაღებას ემსახურებოდა. ამით იმის თქმა არ გვინდა, რომ ბაპტისტებს ომი სწყუროდათ და არა მშვიდობა. უბრალოდ, როცა ომის საშიშროება რეალურად დადგა, მათ მხარი დაუჭირეს საომარ სამზადისს და ჩაებნენ მასში“ (Review and Expositor—A Baptist Theological Journal).
● «თითქმის ყველა დროის ისტორიკოსი იზიარებს იმ აზრს, რომ სხვადასხვა ერისა და კულტურის ხალხში მომხდარი შეტაკებების დროს ორივე მხარეს რელიგიური მოტივაცია ამოძრავებდა. „ღმერთები ჩვენთან არიან!“ — ეს მოწოდება ოდითგანვე ომის გაჩაღების ერთ-ერთი ეფექტური საშუალება იყო» (The Age of Wars of Religion, 1000-1650—An Encyclopedia of Global Warfare and Civilization).
● „რელიგიური ლიდერები . . . უფრო კრიტიკულად უნდა მიუდგნენ იმ ფაქტს, რომ მათ ვერ შეძლეს ღირსეული წინამძღოლობა და თავიანთი რელიგიის ფუნდამენტური ფასეულობების წარმოჩენა . . . ფაქტია, რომ ყველა რელიგია ისწრაფვის მშვიდობისკენ, მაგრამ საკითხავია, შეძლო თუ არა რელიგიამ ოდესმე მშვიდობისმყოფელის როლის შესრულება“ (Violence in God’s Name—Religion in an Age of Conflict).
ისტორიის განმავლობაში ძირითადი ქრისტიანული რელიგიების (კათოლიკური, მართლმადიდებლური და პროტესტანტული) სამღვდელოება, კონფლიქტის ორივე მხარეს ყოველთვის ზრუნავდა იმაზე, რომ მღვდლებსა და კაპელანებს აემაღლებინათ მებრძოლთა საბრძოლო სულისკვეთება და ელოცათ დახოცილთა და მომაკვდავთათვის. ამგვარად სამღვდელოება იწყნარებდა სისხლის ღვრას და კურთხევას არ აკლებდა სამხედრო ძალებს.
ზოგმა მაინც შეიძლება თქვას, რომ რელიგია არ არის დამნაშავე ომებში. მაგრამ იბადება კითხვა: შეძლო კი რელიგიამ ოდესმე ადამიანების გაერთიანება?
[ჩარჩო 5 გვერდზე]
„მისმა მოწყალებამ, მედისონ ავენიუს ბაპტისტური ეკლესიის პასტორმა, დოქტორმა ჩარლზ იტონმა გუშინ კათედრიდან განაცხადა, რომ სამრევლო სახლი გამწვევ პუნქტად უნდა იქცეს სახმელეთო ჯარსა და საზღვაო ფლოტში მსახურების მსურველთათვის.
ის ერთ-ერთი იყო იმ ათეულობით სასულიერო პირს შორის, რომლებიც დილის საკვირაო ქადაგებებში ომის თემაზე ქადაგებდნენ და ყველას მოუწოდებდნენ, რომ პირველივე შესაძლებლობისას მხარი დაეჭირათ ომისთვის, რითაც სამშობლოსა და დემოკრატიისადმი ერთგულებას დაამტკიცებდნენ. მრავალი ეკლესიის თავზე დროშები აფრიალდა“ („ნიუ-იორკ ტაიმზი“, 1917 წლის 16 აპრილი).
-