-
ფუნდამენტალიზმის გავრცელებასაგუშაგო კოშკი — 1997 | 1 მარტი
-
-
ფუნდამენტალიზმის გავრცელება
ფუნდამენტალიზმი — სულ რამდენიმე ათწლეულის წინ პროტესტანტიზმში არსებული მხოლოდ მცირე მიმდინარეობა იყო. რა ძლიერ იცვლება მოვლენები! რელიგიის მიმომხილველი ბრუს ბ. ლორენსი წერდა, რომ 30 წლის წინ მხოლოდ რამდენიმე ადამიანი თუ განჭვრეტდა, რომ XX საუკუნის დასასრულს ფუნდამენტალიზმიa ასეთი საყურადღებო და ფართო მსჯელობის საგანიც კი გახდებოდა საინფორმაციო საშუალებებისა და უნივერსიტეტების გამოკვლევებისთვის.
მაგრამ სწორედ ასეც მოხდა. გაზეთების ცნობები ქუჩებში გამძვინვარებული დემონსტრაციებისა და მკვლელობების შესახებ, ანტიაბორტული მოძრაობების, გავლენის მომხდენი რელიგიური ჯგუფების მხრიდან პოლიტიკური ინტრიგებისა და ღვთისგმობად მიჩნეული წიგნების სახალხოდ დაწვის შესახებ, უცვლელად გვახსენებს ფუნდამენტალისტების მოქმედებას. იტალიის ყოველკვირეული ფინანსური ჟურნალი „მონდო ეკონომიკო“ (Mondo Economico) იტყობინებოდა, რომ თითქმის ყველგან ფუნდამენტალიზმი „ღვთის სახელით გადადის თავდასხმაზე“.
ფუნდამენტალისტებს ხშირად ექსტრემისტებად და ფანატიკოსებად აღწერენ, რომლებიც შეთქმულებებს აწყობენ და ტერორისტულ თავდასხმებს ასრულებენ. ხალხი შეშფოთებულია ისეთი დაჯგუფებების ზრდით, როგორიცაა Comunione e Liberazione რომის კათოლიციზმში, Gush Emunim იუდაიზმში და ქრისტიანული კოალიცია ჩრდილოეთ ამერიკის პროტესტანტიზმში. რატომ ვრცელდება ფუნდამენტალიზმი? რა იწვევს ამას? იქნებ ეს „ღვთის შურისგებაა“, როგორც ფრანგი სოციოლოგი ჟილ კეპელი ამბობს?
[სქოლიოები]
a ფუნდამენტალისტი — პიროვნება, რომელიც მტკიცედ იცავს ტრადიციულ, კონსერვატიულ-რელიგიურ ფასეულობებს. „ფუნდამენტალიზმის“ მნიშვნელობა უფრო ფართოდ იქნება განხილული მომდევნო სტატიაში.
-
-
ფუნდამენტალიზმი რა არის ის?საგუშაგო კოშკი — 1997 | 1 მარტი
-
-
ფუნდამენტალიზმი რა არის ის?
საიდან წარმოიშვა ფუნდამენტალიზმი? წინა საუკუნის დასასრულს თავისუფლად მოაზროვნე თეოლოგები ცვლიდნენ თავიანთ მრწამსს ევოლუციის მსგავს მეცნიერულ თეორიებთან ბიბლიის კრიტიკის შესათანხმებლად. ამის შედეგად ბიბლიისადმი ადამიანთა ნდობა შეირყა. ასეთ მოვლენებზე შეერთებული შტატების კონსერვატიული რელიგიური წინამძღოლების გამოხმაურება გამოვლინდა იმის დაარსებით, რასაც რწმენის ფუნდამენტებიa უწოდეს. XX საუკუნის დასაწყისში ამ ფუნდამენტების საკითხზე მსჯელობა მათ რიგ ბროშურებში გამოაქვეყნეს სათაურით „ფუნდამენტები: ჭეშმარიტების დამოწმება“ (The Fundamentals: A Testimony to the Truth). ტერმინი „ფუნდამენტალიზმი“ სწორედ ამ სათაურიდან წარმოიშვა.
XX საუკუნის პირველ ნახევარში ფუნდამენტალიზმი დროდადრო დისკუსიების საგანი ხდებოდა. მაგალითად, 1925 წელს ტენესის შტატის (აშშ) სკოლის მასწავლებელი ჯონ სკოფსის წინააღმდეგ რელიგიურმა ფუნდამენტალისტებმა სასამართლო პროცესი აღძრეს, რომელიც „სკოფსის სასამართლო პროცესად“ გახდა ცნობილი. რაში შედგებოდა მისი დანაშაული? ის ევოლუციას ასწავლიდა, რაც შტატის კანონს ეწინააღმდეგებოდა. იმ დროს ზოგი ფიქრობდა, რომ ფუნდამენტალიზმი დიდხანს არ იარსებებდა. პროტესტანტულმა ჟურნალმა 1926 წელს გამოაცხადა, რომ ის „ყალბი, ხელოვნური“ და „შემოქმედებით მიღწევებსა თუ ხანგრძლივობის მიმანიშნებელ თვისებებს სრულიად მოკლებული“ იყო (Christian Century). რა მცდარი იყო ეს შეფასება!
ჩვენი საუკუნის 70-იანი წლებიდან ფუნდამენტალიზმი მუდამ ახალი ამბების საგანს წარმოადგენს. კალიფორნიის (აშშ) სრული საღვთისმეტყველო სემინარიის პროფესორი მიროსლავ ვოლფი ამბობს: „ფუნდამენტალიზმი არა მხოლოდ გადარჩა, არამედ აყვავდა კიდეც“. დღეს სიტყვა „ფუნდამენტალიზმი“, პროტესტანტული მიმდინარეობის გარდა, სხვა ისეთ რელიგიებთან დაკავშირებითაც გამოიყენება, როგორიცაა კათოლიციზმი, ისლამი, იუდაიზმი და ინდუიზმი.
ჩვენს პერიოდზე რეაგირება
რატომ ვრცელდება ფუნდამენტალიზმი? მისი მკვლევარები, სულ მცირე, ნაწილობრივ მაინც აკუთვნებენ მას ჩვენი დროის მორალურ და რელიგიურ გაურკვევლობას. ადრინდელ წლებში საზოგადოებების უმეტესი ნაწილი ტრადიციულ მსჯელობებზე დაფუძნებული მორალური გარკვეულობის ატმოსფეროში ცხოვრობდა. დღეს ის მსჯელობები კითხვის ქვეშ არის დაყენებული ან უარყოფილია. მრავალი ინტელექტუალი ამტკიცებს, რომ ღმერთი არ არსებობს და რომ ადამიანი ერთადერთი არსებაა ინდიფერენტულ სამყაროში. მრავალი მეცნიერი ასწავლის, რომ კაცობრიობა ევოლუციის შემთხვევითი შედეგია და არა მოსიყვარულე შემოქმედის ქმნილება. გაბატონებულია ყოველივეს დამშვები აზროვნება. ქვეყნიერება დატანჯულია საზოგადოების ყველა ფენაში მორალური ფასეულობების დაკარგვის გამო (2 ტიმოთე 3:4, 5, 13).
ფუნდამენტალისტები მგზნებარედ ისწრაფიან ძველი მსჯელობებისკენ და მათგან ზოგი ყველანაირად ცდილობს, დააბრუნოს თავისი საზოგადოება თუ ერი, მათი თვალსაზრისით, სათანადო მორალურ და დოქტრინულ ფუნდამენტებზე. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რაც კი ძალა შესწევთ, რათა ძალით აცხოვრონ სხვები „სწორ“ ზნეობასთან დაკავშირებულ კანონთა კრებულსა და დოქტრინულ რწმენაზე დაფუძნებული სისტემის შესაბამისად. ფუნდამენტალისტი მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ ის მართალია, სხვები კი — არა. თავის წიგნში პროფესორი ჯეიმზ ბარი ამბობს, რომ ფუნდამენტალიზმს „ხშირად განიხილავდნენ მტრულ და აგდებულ ტერმინად, რომელიც მიუთითებდა შეზღუდულობაზე, ფანატიზმზე, ობსკურანტიზმსა და სექტანტობაზე“ (Fundamentalism).
რადგან არავის მოსწონს გონებაჩლუნგი, ფანატიკოსი თუ სექტანტი უწოდონ, ყველა არ ეთანხმება იმას, თუ ვინ არის ფუნდამენტალისტი და ვინ — არა. მაგრამ რელიგიური ფუნდამენტალიზმის დამახასიათებელი რამდენიმე მხარე არსებობს.
ფუნდამენტალიზმის ამოცნობა
ჩვეულებრივ, რელიგიური ფუნდამენტალიზმი არის იმის შენარჩუნების მცდელობა, რასაც თავდაპირველ ტრადიციებად და კულტურის რელიგიურ მრწამსად მიიჩნევენ და ზოგის თვალსაზრისით ქვეყნიური სულისკვეთების წინააღმდეგ მცდელობად. ეს არ ნიშნავს, რომ ფუნდამენტალისტები ეწინააღმდეგებიან ყველაფერს, რაც თანამედროვეა. თავიანთი თვალსაზრისის წინ წასაწევად ზოგი ძალიან ეფექტურად იყენებს თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებს. მაგრამ ისინი იბრძვიან საზოგადოების სეკულარიზაციის წინააღმდეგb.
ზოგ ფუნდამენტალისტს გადაწყვეტილი აქვს არა მხოლოდ თავისთვის დაიცვას დოქტრინებისა თუ ცხოვრებისეული გზის ტრადიციული სტრუქტურა, არამედ სხვებსაც თავს მოახვიოს, რათა სოციალური სტრუქტურა ფუნდამენტალისტის მრწამსის შესაბამისი გახადოს. ამიტომ კათოლიკე ფუნდამენტალისტი არ დაკმაყოფილდება აბორტის უარყოფით. ის ალბათ შეეცდება გავლენა მოახდინოს თავისი ქვეყნის კანონმდებლებზე, აბორტის არაკანონიერებასთან დაკავშირებული კანონების დასადგენად. ერთ-ერთი გაზეთის თანახმად, პოლონეთში ანტიაბორტული კანონის დასამტკიცებლად კათოლიკური ეკლესია «„ომს“ [ატარებდა], რომელშიც მთელ თავის ძალაუფლებასა და გავლენას იყენებდა» (La Republica). ასე მოქმედებით ეკლესიის უფლებამოსილი პირები ძალიან ჰგავდნენ ფუნდამენტალისტებს. შეერთებული შტატების პროტესტანტული ქრისტიანული კოალიციაც მსგავს „ომებს“ ატარებს.
უმთავრესწილად, ფუნდამენტალისტები ცნობილი არიან თავიანთი ფესვებგადგმული რელიგიური მსჯელობებით. ამიტომ, პროტესტანტი ფუნდამენტალისტი ბიბლიის სიტყვასიტყვით განმარტების ურყევი მომხრე იქნება, ალბათ, იმისადმი რწმენის ჩართვითაც, რომ დედამიწა პირდაპირი გაგებით ექვს დღეში შეიქმნა. კათოლიკე ფუნდამენტალისტი ერთი წამითაც არ ეჭვობს პაპის უცოდველობაზე.
ამიტომ გასაგებია, თუ რატომ იწვევს ტერმინი „ფუნდამენტალიზმი“ უგუნური ფანატიზმის წარმოდგენას და რატომ იპყრობს შიში არაფუნდამენტალისტებს, როცა ფუნდამენტალიზმის გავრცელებას ხედავენ. ინდივიდუალურად ჩვენ შეიძლება არ დავეთანხმოთ ფუნდამენტალისტებს და შეშფოთებული ვიყოთ მათი პოლიტიკური ინტრიგებითა და, ზოგჯერ ძალმომრეობითი მოქმედებებით. სინამდვილეში, ერთი რელიგიის ფუნდამენტალისტებს შეიძლება სხვა რელიგიის ფუნდამენტალისტების მოქმედება აძრწუნებდეს! და მაინც, მრავალი მოაზროვნე ადამიანი შეწუხებულია იმით, რაც ფუნდამენტალიზმის გავრცელებას იწვევს — მზარდ ზნეობრივ დაცემას, რწმენის დაკარგვასა და თანამედროვე საზოგადოებაში სულიერობის უარყოფას.
არის თუ არა ასეთი ტენდენციის პასუხი მხოლოდ ფუნდამენტალიზმი? თუ არა, რა არჩევანი არსებობს?
[სქოლიოები]
a ფუნდამენტალიზმის ეგრეთ წოდებული ხუთი პუნქტი, რომელიც 1895 წელს იქნა განსაზღვრული, იყო: „1) საღვთო წერილის სრული ზეშთაგონება და უცოდველობა; 2) იესო ქრისტეს ღვთაებრიობა; 3) ქალწულისგან ქრისტეს შობა; 4) ქრისტეს ჯვარცმის შედეგად შემცვლელი გამოსყიდვა; 5) ხორცში აღდგომა და დედამიწაზე ქრისტეს პირადი და ხორციელი მეორედ მოსვლა“ („თეოლოგიის გამოკვლევა“ [Studi di teologia]).
b „სეკულარიზაცია“ ნიშნავს ქვეყნიურისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებას, როგორც სულიერის ან წმინდის საწინააღმდეგოს. ქვეყნიური არ უკავშირდება რელიგიასა თუ რელიგიურ მრწამსს.
-
-
უკეთესი გზასაგუშაგო კოშკი — 1997 | 1 მარტი
-
-
უკეთესი გზა
იეჰოვას მოწმეებს აწუხებთ ქვეყნიერების გახრწნილი სულიერობა, უზნეობა და რელიგიური გაურკვევლობა, რომლებითაც საზოგადოებაა გაჟღენთილი. ამის გამო მათ ზოგჯერ ფუნდამენტალისტებს უწოდებენ. მაგრამ წარმოადგენენ თუ არა ისინი ფუნდამენტალისტებს? არა. თუმცა მტკიცე რელიგიური რწმენა აქვთ, ისინი არ არიან ფუნდამენტალისტები, რა გაგებითაც ამ ტერმინს იყენებენ. ისინი გავლენას არ ახდენენ პოლიტიკურ ლიდერებზე გარკვეული თვალსაზრისის წინ წასაწევად და არ მიმართავენ დემონსტრაციებსა და ძალადობას მათ წინააღმდეგ, ვისაც არ ეთანხმებიან. მათ უკეთესი გზა ნახეს. ისინი თავიანთ წინამძღოლს, იესო ქრისტეს ბაძავენ.
იეჰოვას მოწმეები დარწმუნებული არიან, რომ რელიგიური ჭეშმარიტება არსებობს და რომ მას ბიბლია შეიცავს (იოანე 8:32; 17:17). მაგრამ ბიბლია ასწავლის ქრისტიანებს, იყვნენ გულკეთილნი, კეთილსინდისიერნი, მშვიდნი და გონიერნი — ასწავლის თვისებებს, რომლებიც არ უშვებს ფანატიზმს (გალატელთა 5:22, 23; ფილიპელთა 4:5). ბიბლიის წიგნში „იაკობი“ მოციქული მოუწოდებს ქრისტიანებს, განავითარონ „მაღლიდან გარდმომავალი სიბრძნე“, რომელიც აღწერილია, როგორც ‘პირველყოვლისა წმიდა, მერე მშვიდობიანი, ლმობიერი, ნებიერი, წყალობითა და კეთილი ნაყოფით სავსე“. იაკობი ამატებს: „სიმართლის ნაყოფი მშვიდობით ეთესებათ მშვიდობისმყოფელთ“ (იაკობი 3:17, 18).
იეჰოვას მოწმეებს ახსოვთ, რომ იესო ძალიან ზრუნავდა ჭეშმარიტებაზე. პონტოელ პილატეს მან უთხრა: „მე იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი წუთისოფელში, რომ ჭეშმარიტება დავამოწმო“ (იოანე 18:37). მიუხედავად იმისა, რომ ჭეშმარიტების შეუპოვარი დამცველი იყო, ის არ ცდილობდა სხვებზე თავისი რწმენის მოხვევას. უფრო სწორად რომ ვთქვათ, ის მათ გულსა და გონებას მოუწოდებდა. მან იცოდა, რომ მისი ზეციერი მამა, ‘კეთილი და მართალი’ ღმერთი გადაწყვეტდა, როგორ და როდის მოეშორებინა დედამიწის პირისგან სიცრუე და უსამართლობა (ფსალმუნი 24:8). ამიტომ ის არ ცდილობდა იმ ადამიანთა დაჩაგვრას, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ მას. პირიქით, სწორედ მისი თანამედროვე ორთოდოქსი რელიგიური წინამძღოლები ცდილობდნენ იესოს დამორჩილებას (იოანე 19:5, 6).
იეჰოვას მოწმეებს მტკიცე რწმენა აქვთ რელიგიური სწავლებებისადმი და ზნეობის საკითხში ისინი საფუძვლიან ფასეულობებს ავლენენ. პავლე მოციქულის მსგავსად, ისინი დარწმუნებული არიან, რომ არსებობს მხოლოდ ‘ერთი უფალი, ერთი რწმენა, ერთი ნათლობა’ (ეფესელთა 4:5). აგრეთვე მათ შეიგნეს იესოს სიტყვები: „ვიწროა კარიბჭე და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლისაკენ მიჰყავს, და მცირედნი ჰპოვებენ მას“ (მათე 7:13, 14). და მაინც, ისინი არ ცდილობენ სხვებისთვის ძალის დატანებას, რათა მათ მსჯელობებს მიჰყვნენ. მათ ურჩევნიათ, პავლეს მიჰბაძონ და ‘სთხოვონ’ ყველა მსურველს, ‘ღმერთს შეურიგდნენ’ (2 კორინთელთა 5:20). ეს არის უკეთესი გზა. ეს ღვთის გზაა.
რელიგიური ფუნდამენტალიზმი, სიტყვის დღევანდელი გაგებით, ძალიან განსხვავებულია. ფუნდამენტალისტები მრავალ მოხერხებულ მოქმედებას იყენებენ — მათ შორის ძალადობასაც — რათა აჰკიდონ თავიანთი პრინციპები საზოგადოებას. ასე მოქმედებით ისინი პოლიტიკური სისტემის განუყოფელი ნაწილი ხდებიან. მაგრამ იესომ თქვა, რომ მისი მიმდევრები ‘არ უნდა ყოფილიყვნენ წუთისოფლისანი’ (იოანე 15:19; 17:16; იაკობი 4:4). ამ სიტყვების შესაბამისად იეჰოვას მოწმეები მტკიცე ნეიტრალიტეტს იცავენ პოლიტიკურ პაექრობებში. და, როგორც იტალიური გაზეთი აღიარებს, ისინი „არავის არაფერში არ აიძულებენ; ყველას თავისუფლად შეუძლია მიიღოს ან უარყოს მათი ნათქვამი“ (Fuoripagina). რა შედეგი აქვს ასეთ მოქმედებას? იეჰოვას მოწმეთა მშვიდობიანი ბიბლიური ცნობა ყველანაირ ადამიანს იზიდავს, მათაც კი, რომლებიც ოდესღაც ფუნდამენტალისტები იყვნენ (ესაია 2:2, 3).
ქვეყნიერება საფუძვლიანი ფასეულობებით
იეჰოვას მოწმეებს ესმით, რომ ადამიანები ვერ გადაწყვეტენ პრობლემებს, რომლებიც ფუნდამენტალისტებს აწუხებთ. შენ არ შეგიძლია, აიძულო ადამიანი, ირწმუნოს ღმერთი ან შენი პირადი რელიგიური მრწამსი მიიღოს. ფიქრი იმაზე, რომ ასეთი გადაწყვეტილებები შესაძლებელია, ისტორიაში ყველაზე საშინელ ტრაგედიებს იწვევდა, მაგალითად ისეთებს, როგორიცაა: ჯვაროსნული ლაშქრობები, შუა საუკუნეების ინკვიზიცია და ამერიკელი ინდიელების „რწმენაში მოქცევა“. მაგრამ ღმერთს თუ ენდობი, მზადყოფნით მის ხელს ჩააბარებ ამ საკითხებს.
ბიბლიის თანახმად, ღმერთმა შეზღუდა დროის მონაკვეთი, რომელშიც ადამიანებისთვის ნებადართულია მისი კანონების დარღვევა და ამრიგად, ტანჯვისა და ტკივილის გამოწვევა. ეს დრო თითქმის ამოიწურა. იესო უკვე მეფობს ღვთის ზეციერ სამეფოში და მალე ეს სამეფო გააუქმებს ადამიანთა მთავრობებს და თავის ხელში აიღებს კაცობრიობაზე მუდმივ მმართველობას (მათე 24:3–14; გამოცხადება 11:15, 18). ამის შედეგად მთელ დედამიწაზე დაარსდება სამოთხე, რომელშიც გაბატონდება მშვიდობა და სამართლიანობა. მაშინ აღარ იარსებებს გაურკვევლობა ჭეშმარიტი ღვთისადმი თაყვანისცემის შესახებ. „მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ მასზე უკუნისამდე“ (ფსალმუნი 36:29). წყალობისა და ჭეშმარიტების, სამართლისა და სიკეთის მსგავსი მარადიული ფასეულობები გაიმარჯვებენ ყველა მორჩილი ადამიანის სასიკეთოდ. ამ დროის მოლოდინში ფმალმუნმომღერალი პოეტურად ამბობს: „შეიყრებიან წყალობა და ჭეშმარიტება, სიმართლე და მშვიდობა გადაჰკოცნიან ერთიმეორეს. ჭეშმარიტება დედამიწიდან აღმოცენდება და სიმართლე ზეციდან გადმოიხედავს. უფალიც გვიბოძებს სიკეთეს და ჩვენი მიწა მოგვცემს ნაყოფს. სიმართლე ივლის მის წინ და გზას გაუკაფავს მის ნაბიჯებს (ფსალმუნი 84:11–14).
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნიერებას ვერ შევცვლით, როგორც ცალკეულ პირებს, დღესაც კი შეგვიძლია ღვთისთვის მოსაწონი ფასეულობების განვითარება. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ვეცადოთ ისეთი ადამიანები ვიყოთ, რომელთა ხილვასაც ღმერთი იმ ახალ ქვეყნიერებაში თავის თაყვანისმცემლებად ისურვებს. მაშინ ჩვენ იმ თავმდაბლებს შორის ვიქნებით, რომლებზეც ფსალმუნმომღერალი მიუთითებდა: „თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 36:11). ღმერთი მხარს უჭერს და აკურთხებს თავისი ნების შემსრულებლებს და მათი მომავლისთვის შესანიშნავ აღთქმებს იძლევა. მოციქულმა იოანემ თქვა: „გადადის წუთისოფელი და მისი გულისთქმაც, ღვთის ნების აღმსრულებელი კი რჩება უკუნისამდე“ (1 იოანე 2:17).
-