საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვა უხვად იძლევა მშვიდობასა და ჭეშმარიტებას
    საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 იანვარი
    • იეჰოვა ასრულებს თავის აღთქმებს

      5. რა არის ყურადღების ღირსი „ზაქარიას“ მერვე თავთან დაკავშირებით?

      5 ბიბლიის წიგნში „ზაქარია“ ჩვენ ვკითხულობთ მრავალი ინსპირირებული ხილვისა და წინასწარმეტყველების შესახებ, რომლებიც აძლიერებდნენ ღმერთის ხალხს ადრე, ძველი წელთაღრიცხვით მეექვსე საუკუნეში. იგივე წინასწარმეტყველებები კვლავაც გვარწმუნებენ იეჰოვას მხარდაჭერაში. ისინი ყოველგვარ საფუძველს გვაძლევენ, ვირწმუნოთ, რომ იეჰოვა ჩვენს დღეებშიც მისცემს თავის ხალხს მშვიდობას. მაგალითად, წინასწარმეტყველი ზაქარია თავისი სახელით წოდებული წიგნის მერვე თავში ათჯერ გამოთქვამს სიტყვებს: „ასე ამბობს უფალი“. თითოეულ შემთხვევაში ეს გამოთქმა გვამცნობს ღმერთის ხალხის მშვიდობასთან დაკავშირებულ ღვთიურ გადაწყვეტილებას. ამ აღთქმებიდან რამდენიმე შესრულდა ადრე, ზაქარიას დღეებში. დღეს კი ყველა აღთქმა შესრულებულია ან სრულდება.

      ‘დიდი შურით აღვიძვრები სიონის გამო’

      6, 7. რა მხრივ იყო იეჰოვა ‘შურითა და დიდი რისხვით აღძრული სიონის გამო’?

      6 პირველად ეს გამოთქმა გვხვდება ზაქარიას 8:2-ში, სადაც ვკითხულობთ: ‘ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დიდი შურითა და დიდი რისხვით აღვიძვრები მის [სიონის, აქ] მიმართ [გამო, აქ]’. იეჰოვას აღთქმა, რომ თავისი ხალხისადმი ძალიან მოშურნე იქნებოდა, ნიშნავდა, რომ ის იფხიზლებდა მათი მშვიდობის აღსადგენად. ისრაელის თავის მიწაზე დაბრუნება და ტაძრის აღდგენა ამ მოშურნეობის მტკიცება იყო.

      7 მაგრამ რა შეიძლება ითქვას მათ შესახებ, ვინც ეწინააღმდეგებოდა იეჰოვას ხალხს? ის დაატეხდა მათ ისეთივე ‘დიდ რისხვას’, რამდენადაც დიდი მოშურნეობა ჰქონდა თავისი ხალხისადმი. როცა ერთგული იუდეველები თაყვანს სცემდნენ ტაძარში, სადაც აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა, მათ ჰქონდათ საშუალება, დაფიქრებულიყვნენ ხვედრზე, რომელიც ერთ დროს ძლიერ, ხოლო ახლა დაცემულ ბაბილონს ეწია. ასევე, მათ შეეძლოთ ეფიქრათ იმ მტრების სრულ მარცხზე, რომლებიც ხელის შეშლას ცდილობდნენ ტაძრის აღდგენაში (პირველი ეზრა 4:1–6; 6:3). და მათ შეეძლოთ იეჰოვას მადლიერები ყოფილიყვნენ, რომ შეასრულა თავისი აღთქმა. მისმა მოშურნეობამ მათ გამარჯვება მოუტანა!

      „ჭეშმარიტების ქალაქი“

      8. წინა დროისგან განსხვავებით, როგორ გახდა ზაქარიას დროინდელი იერუსალიმი ჭეშმარიტების ქალაქი?

      8 მეორედ ზაქარია წერს: „ასე ამბობს უფალი“. რას ამბობს იეჰოვა ამ შემთხვევაში? „დავბრუნდები სიონში და დავივანებ შუაგულ იერუსალიმში; დაერქმევა იერუსალიმს რწმენის [ჭეშმარიტების, აქ] ქალაქი და ცაბაოთ უფლის მთას — მთაწმიდა“ (ზაქარია 8:3). ძველი წელთაღრიცხვით 607 წლამდე იერუსალიმი აშკარად არ იყო ჭეშმარიტების ქალაქი. მისი მღვდლები და წინასწარმეტყველები გარყვნილები იყვნენ, ხოლო მისი ხალხი — ორგული (იერემია 6:13; 27:29–34; 13:23–27). ახლა კი ღმერთის ხალხი აღდგენით სამუშაოებს ასრულებდა ტაძარში და ამით აჩვენებდა წმინდა თაყვანისმცემლობისადმი თავის ერთგულებას. იეჰოვას სული კვლავ დამკვიდრდა იერუსალიმში. წმინდა თაყვანისმცემლობის ჭეშმარიტებები კვლავ ისმოდა მასში, ამიტომ შეიძლებოდა, იერუსალიმი ‘ჭეშმარიტების ქალაქად’ წოდებულიყო. სავსებით შესაძლებელი იყო, რომ მისი ძალიან მაღალი ადგილსამყოფელი ‘იეჰოვას მთად’ წოდებულიყო.

      9. როგორ შესანიშნავად შეიცვალა ‘ღვთის ისრაელის’ მდგომარეობა 1919 წელს?

      9 თუმცა ძველი დროის ისრაელისთვის გამოცხადებული ეს ორი გადაწყვეტილება მრავლისმეტყველი იყო, მათ ჩვენთვისაც მრავალი მნიშვნელობა აქვთ, როცა XX საუკუნე დასასრულს უახლოვდება. ბაბილონის ტყვეობაში ჩავარდნილი ძველი დროის ისრაელის მსგავსად, დაახლოებით 80 წლის წინ, პირველი მსოფლიო ომის განმავლობაში, რამდენიმე ათასი ცხებული, რომლებიც მაშინ ‘ღვთის ისრაელს’ წარმოადგენდნენ, ჩავარდა სულიერ ტყვეობაში (გალატელთა 6:16). წინასწარმეტყველური სიტყვებით ისინი ქუჩაში დაყრილ გვამებად იყვნენ აღწერილი. მიუხედავად ამისა, მათ გულწრფელი სურვილი ჰქონდათ, თაყვანი ეცათ იეჰოვასთვის „სულითა და ჭეშმარიტებით“ (იოანე 4:24). ამიტომ 1919 წელს სულიერად მკვდარი მდგომარეობიდან მათი გამოღვიძებით იეჰოვამ ისინი ტყვეობიდან დააბრუნა (გამოცხადება 11:7–13). ასე რომ, იეჰოვამ მქუხარე ხმით უპასუხა დიახ ესაიას წინასწარმეტყველურ კითხვაზე: „თუ შობილა მიწა [ქვეყანა, აქ] ერთ დღეში, თუ დაბადებულა ხალხი ერთბაშად“? (ესაია 66:8). ათას ცხრაას ცხრამეტ წელს იეჰოვას ხალხი კვლავ არსებობდა, როგორც სულიერი ერი საკუთარ „ქვეყანაში“, ანუ სულიერ მამულში დედამიწაზე.

      10. რომელი კურთხევებით სარგებლობენ ცხებული ქრისტიანები თავიანთ „ქვეყანაში“ 1919 წლიდან?

      10 ამ ქვეყანაში უსაფრთხოებაში მყოფი ცხებული ქრისტიანები მსახურობდნენ იეჰოვას დიდებულ სულიერ ტაძარში. ისინი დანიშნული იყვნენ ‘ერთგულ და გონიერ მონად’, რომელმაც მიიღო იესოს მიწიერ საკუთრებაზე ზრუნვის პასუხისმგებლობა — უპირატესობა, რომლითაც კვლავაც სარგებლობენ, როცა XX საუკუნე დასასრულს უახლოვდება (მათე 24:45–47). მათ კარგად ისწავლეს, რომ იეჰოვა ‘თავად მშვიდობის ღმერთია’ (1 თესალონიკელთა 5:23).

      11. რით აჩვენეს ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლებმა, რომ ღმერთის ხალხის მტრები არიან?

      11 მაგრამ რა შეიძლება ითქვას ღვთის ისრაელის მტრების შესახებ? თავისი ხალხისადმი იეჰოვას მოშურნეობა არის მოწინააღმდეგეებისადმი მიმართული რისხვის თანატოლი. პირველი მსოფლიო ომის განმავლობაში ქრისტიანული სამყაროს რელიგიური წინამძღოლები ძალიან დიდი ზეგავლენის მოხდენას ცდილობდნენ, რათა ბოლო მოეღოთ ქრისტიანების ამ მცირე ჯგუფისთვის, რომლებიც ჭეშმარიტებას ლაპარაკობდნენ, მაგრამ ისინი დამარცხდნენ. მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში ქრისტიანული სამყაროს მსახურები გაერთიანდნენ მხოლოდ ერთ საკითხში: კონფლიქტის ორივე მხარე აიძულებდა მთავრობებს, ჩაეხშოთ იეჰოვას მოწმეების საქმიანობა. მრავალ ქვეყანაში რელიგიური წინამძღოლები დღესაც კი აღძრავენ მთავრობებს, შეზღუდონ ან აღკვეთონ იეჰოვას მოწმეების ქრისტიანული სამქადაგებლო საქმიანობა.

      12, 13. როგორ გამოიხატება იეჰოვას რისხვა ქრისტიანული სამყაროს წინააღმდეგ?

      12 ყოველივე ეს შეუმჩნეველი არ იყო იეჰოვასთვის. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ქრისტიანული სამყარო დიდი ბაბილონის დანარჩენ ნაწილთან ერთად დაეცა (გამოცხადება 14:8). ქრისტიანული სამყაროს დაცემის რეალურობა საქვეყნოდ ცნობილი გახდა, როცა 1922 წლიდან მას დაატყდა სიმბოლური სასჯელები, რომლებიც საჯაროდ ააშკარავებდნენ მის სულიერად მკვდარ მდგომარეობას და აფრთხილებდნენ მის მომავალ განადგურებაზე (გამოცხადება 8:7–9:21). იმის დასამტკიცებლად, რომ ეს სასჯელები გრძელდება, 1995 წლის 23 აპრილს მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყო წაკითხული მოხსენება „ახლოსაა ცრუ რელიგიის აღსასრული“, რომელსაც მოჰყვა განსაკუთრებული გამოცემის, „ცნობა სამეფოს შესახებ“, ასობით მილიონი ეგზემპლარის გავრცელება.

      13 დღეს ქრისტიანული სამყარო საცოდავ მდგომარეობაშია. მისი წევრები მთელი XX საუკუნის განმავლობაში კლავენ ერთმანეთს თავისივე მღვდლებისა და მსახურების მიერ კურთხეულ სასტიკ ომებში. ზოგიერთ ქვეყანაში მისი ზეგავლენა ფაქტიურად ნულს უდრის. დიდი ბაბილონის დანარჩენ ნაწილთან ერთად ის წინასწარ არის განკუთვნილი გასანადგურებლად (გამოცხადება 18:21).

      მშვიდობა იეჰოვას ხალხისთვის

      14. რომელი წინასწარმეტყველური სიტყვიერი სურათი ისახება მშვიდობის პირობებში მცხოვრები ადამიანების შესახებ?

      14 ამის საპირისპიროდ, ამ 1996 წელს იეჰოვას ხალხი ტკბება უხვი მშვიდობით თავიანთ აღდგენილ ქვეყანაში, როგორც ამას იეჰოვას მესამე გადაწყვეტილება აღწერს: „ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: კვლავ ისხდებიან ბერიკაცები და დედაბრები იერუსალიმის ქუჩებში, ყველას არგანი ეჭირება ხელში დღეთა სიმრავლის გამო. ქალაქის მოედნები სავსე იქნება ბიჭებით და გოგონებით, ითამაშებენ მის მოედნებზე“ (ზაქარია 8:4, 5).

      15. როგორი მშვიდობით ტკბებიან იეჰოვას მსახურები ერთა შორის ომების მიუხედავად?

      15 ეს აღმაფრთოვანებელი სიტყვიერი სურათი აღწერს შესანიშნავ მოვლენას, რომელიც ომებით გაპარტახებულ ქვეყნიერებაში მიმდინარეობს — მშვიდობიან პირობებს, რომლებშიც ადამიანები ცხოვრებენ. დაწყებული 1919 წლიდან სრულდება ესაიას წინასწარმეტყველური სიტყვები: „მშვიდობა, მშვიდობა შორებელთ და ახლობელთ! ამბობს უფალი, და განვკურნავ მას. [მაგრამ]. . . არ არის მშვიდობა, ამბობს ჩემი ღმერთი, ბოროტეულთათვის“ (ესაია 57:19–21). რასაკვირველია, მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვას ხალხი არ არის ქვეყნიერების ნაწილი, ისინი ვერ არიდებენ თავს ეროვნული არეულობის გავლენას (იოანე 17:15, 16). ზოგიერთ ქვეყანაში ისინი უკიდურეს სირთულეებს იტანენ და მათგან ზოგიერთი მოკლეს კიდეც. მაგრამ ჭეშმარიტ ქრისტიანებს აქვთ მშვიდობა ორი ძირითადი გაგებით. პირველი: მათ აქვთ „მშვიდობა. . . ღმერთთან [თავიანთი] უფლის იესო ქრისტეს მიერ“ (რომაელთა 5:1). მეორე: მათ აქვთ მშვიდობა ერთმანეთთან. ისინი ავითარებენ ‘მაღლიდან გარდმომავალ სიბრძნეს’, რომელიც „პირველყოვლისა, წმიდაა, მერე მშვიდობიანი“ (იაკობი 3:17; გალატელთა 5:22–24). გარდა ამისა, მათ იმედი აქვთ, რომ სიტყვის სრული მნიშვნელობით დატკბებიან მშვიდობით, როცა „თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 36:11).

      16, 17. ა) როგორ აძლიერებენ იეჰოვას ორგანიზაციას „ბერიკაცები და დედაბრები“ და ასევე ‘ბიჭები და გოგონები’? ბ) რა ცხადყოფს იეჰოვას ხალხის მშვიდობას?

      16 იეჰოვას ხალხში დღემდე არიან „ბერიკაცები და დედაბრები“, ცხებულები, რომლებსაც ახსოვთ იეჰოვას ორგანიზაციის ადრინდელი გამარჯვებები. მათი ერთგულება და სიმტკიცე დიდად დაფასებულია. ოცდაათიანი წლების ცხარე დღეებში და მეორე მსოფლიო ომისა და რიცხობრივი ზრდის ამაღელვებელი წლების განმავლობაში უფრო ახალგაზრდა ცხებულები საკუთარ თავზე იღებდნენ ხელმძღვანელობას. შემდეგ, განსაკუთრებით 1935 წლიდან, გამოჩნდა ‘სხვა ცხვრებისგან’ შემდგარი „უამრავი ხალხი“ (იოანე 10:16; გამოცხადება 7:9). რადგან ცხებული ქრისტიანები ხანში შედიოდნენ და რიცხობრივად მცირდებოდნენ, სხვა ცხვრებმა დაიწყეს სამქადაგებლო მსახურება, რომელიც მთელი დედამიწის მასშტაბით გააფართოეს. ბოლო წლებში ღმერთის ხალხის ქვეყანა აივსო სხვა ცხვრებით. წარმოიდგინე, მხოლოდ გასული წლის განმავლობაში იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად მოინათლა 338 491 პიროვნება! სულიერი გაგებით ასეთი ახალმოსულები ნამდვილად ძალიან ახალგაზრდები არიან. მათი სიმხნევე და ენთუზიაზმი დიდად ფასდება, როცა ავსებენ მათ რიგებს, რომლებიც უგალობენ მადლიერებით აღსავსე ქება-დიდებას „ჩვენს ღმერთს, ტახტზე მჯდომარეს, და კრავს!“ (გამოცხადება 7:10).

      17 დღეს ‘ქალაქის მოედნები სავსეა ბიჭებითა და გოგონებით’, მოწმეებით, რომლებსაც ახალგაზრდული მხნეობა აქვთ. ათას ცხრაას ოთხმოცდათხუთმეტი სამსახურებრივი წლის ანგარიშები მიღებული იყო 232 ქვეყნიდან და კუნძულიდან. მაგრამ მასში არ მოიხსენიება, რომ სხვადასხვა ერის წარმომადგენელ ცხებულებსა და სხვა ცხვრებს შორის ხდება მეტოქეობა, ტომობრივი სიძულვილი და შური. სიყვარულში გაერთიანებულები ყველა ერთად იზრდება სულიერად. მსოფლიო სცენაზე იეჰოვას მოწმეების მსოფლიო ძმობა ნამდვილად განსაკუთრებულია (კოლასელთა 3:14; 1 პეტრე 2:17).

      ძალიან რთულია იეჰოვასთვის?

      18, 19. ათას ცხრაას ცხრამეტი წლიდან დაწყებული როგორ ასრულებს იეჰოვა იმას, რაც ადამიანთა თვალსაზრისით, შესაძლოა, ძალიან რთულია?

      18 ადრე, 1918 წელს, როცა ცხებულთა დარჩენილი ნაწილი მხოლოდ სულიერ ტყვეობაში მყოფი რამდენიმე ათასი გულაცრუებული პიროვნებისგან შედგებოდა, არავის შეეძლო წინასწარ გამოეცნო, თუ როგორ წარიმართებოდა მოვლენები. მაგრამ იეჰოვამ იცოდა, როგორც ამას მისი მეოთხე წინასწარმეტყველური გადაწყვეტილება ადასტურებს: „ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: თუ ეს შეუძლებელია [ძალიან რთულია, აქ] ხალხის ნატამალის თვალში იმ დღეებში, განა ჩემს თვალშიც შეუძლებელია? ამბობს ცაბაოთ უფალი“ (ზაქარია 8:6).

      19 ათას ცხრაას ცხრამეტ წელს იეჰოვას სულმა გამოაცოცხლა თავისი ხალხი სამსახურისთვის, რომლის შესრულებაც წინ ჰქონდათ. მაგრამ იეჰოვას თაყვანისმცემელთა მცირე ორგანიზაციაში მტკიცედ ყოფნა რწმენას მოითხოვდა. ისინი ძალიან ცოტანი იყვნენ და მრავალი საკითხი გაურკვეველი იყო. მიუხედავად ამისა, იეჰოვამ თანდათან გააძლიერა ისინი როგორც ორგანიზაცია და აღჭურვა, რათა შეესრულებინათ კეთილი ცნობის ქადაგებასთან დაკავშირებული ქრისტიანული მსახურება და მოწაფეებად გაეხადათ ადამიანები (ესაია 60:17, 19; მათე 24:14; 28:19, 20). თანდათანობით ის დაეხმარა ისეთი მნიშვნელოვანი საკამათო საკითხების გარჩევაში, როგორიცაა ნეიტრალიტეტი და უზენაესი ხელისუფლება. ნუთუ ძალიან რთული იყო იეჰოვასთვის, შეესრულებინა თავისი ნება მოწმეებისგან შემდგარი მცირე ჯგუფის საშუალებით? პასუხი აშკარაა — არა! ეს მტკიცდება ამ ჟურნალის 20–23 გვერდებზე, რომლებზეც მოყვანილია იეჰოვას მოწმეების 1995 სამსახურებრივი წლის მოღვაწეობის ცხრილი.

      „მე მათი ღმერთი ვიქნები“

      20. ღმერთის ხალხის რამდენად ფართო შეკრება იყო ნაწინასწარმეტყველები?

      20 შემდეგ მეხუთე გადაწყვეტილება ნათელყოფს იეჰოვას დღევანდელი მოწმეების ბედნიერ მდგომარეობას: „ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: მე დავიხსნი ჩემს ერს აღმოსავლეთის ქვეყნიდან და მზის დასავლეთის ქვეყნიდან; მივიყვან მათ და დავასადგურებ შუაგულ იერუსალიმში; ჩემი ერი იქნებიან ისინი და მე მათი ღმერთი ვიქნები რწმენაში და სიმართლეში“ (ზაქარია 8:7, 8).

      21. რა საშუალებით შენარჩუნდა და გაფართოვდა იეჰოვას ხალხის უხვი მშვიდობა?

      21 ჩვენ 1996 წელს უყოყმანოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კეთილი ცნობა ექადაგა მთელ მსოფლიოში, ‘აღმოსავლეთის ქვეყნიდან მზის დასავლეთის ქვეყნამდე’. ადამიანები ყველა ერიდან ხდებიან მოწაფეებად და ხედავენ იეჰოვას აღთქმის შესრულებას: „შენი ვაჟები, ყველანი, უფლის დამოძღვრილნი იქნებიან და დიდი იქნება შენი ვაჟების კეთილდღეობა“ (ესაია 54:13). ჩვენ გვაქვს მშვიდობა, რადგან განსწავლულები ვართ იეჰოვას მიერ. ამ მიზნით ლიტერატურა გამოიცემა 300-ზე მეტ ენაზე. მხოლოდ გასული წლის განმავლობაში დაემატა კიდევ 21 ენა. ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ გამოიცემა ერთდროულად 111 ენაზე, ხოლო ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ 54 ენაზე. ეროვნული და საერთაშორისო კონგრესები საჯაროდ ამტკიცებენ ღმერთის ხალხის მშვიდობას. ყოველკვირეული შეხვედრები გვაერთიანებს და გვაძლევს საჭირო გამხნევებას, რათა შევინარჩუნოთ სიმტკიცე (ებრაელთა 10:23–25). დიახ, იეჰოვა ასწავლის თავის ხალხს „რწმენაში და სიმართლეში“. ის აძლევს თავის ხალხს მშვიდობას. რამდენად კურთხეული ვართ, რომ ვსარგებლობთ ამ უხვი მშვიდობით!

  • „ჭეშმარიტება და მშვიდობა გიყვარდეთ“!
    საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 იანვარი
    • „ჭეშმარიტება და მშვიდობა გიყვარდეთ“!

      „იყო ცაბაოთ უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: . . .ჭეშმარიტება და მშვიდობა გიყვარდეთ“ (ზაქარია 8:18, 19).

      1, 2. ა) რას ცხადყოფს კაცობრიობის ისტორია მშვიდობასთან დაკავშირებით? ბ) რატომ ვერ იხილავს ნამდვილ მშვიდობას დღევანდელი ქვეყნიერება?

      „მსოფლიოში არასდროს ყოფილა მშვიდობა. სადმე, ხოლო ხშირ შემთხვევაში ერთდროულად მრავალ კუთხეში, ყოველთვის მიმდინარეობს ომი“. ეს სიტყვები გამოთქვა მასაჩუსეტსის (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორმა მილტონ მეიერმა. რამდენად დამანაღვლიანებელი გამონათქვამია კაცობრიობის შესახებ! მართალია, ადამიანებს სურთ მშვიდობა. რომის პერიოდის „Pax Romana“-დან, ანუ „რომის მშვიდობიდან“ დაწყებული, ცივი ომის განმავლობაში მიმდინარე „ორივე მხრიდან გარანტირებული განადგურების“ პოლიტიკის დრომდე პოლიტიკური მოღვაწეები ყოველგვარ ხერხს იყენებდნენ მშვიდობის შესანარჩუნებლად. მაგრამ, საბოლოოდ, ყოველმა მათმა ძალისხმევამ მარცხი განიცადა. ესაიას მიერ მრავალი საუკუნის წინ გამოთქმული სიტყვების თანახმად, ‘მშვიდობის მოციქულნი მწარედ ტირიან’ (ესაია 33:7). რატომ ხდება ეს?

      2 ეს ხდება იმიტომ, რომ ხანგრძლივი მშვიდობა უნდა მყარდებოდეს სიძულვილისა და გაუმაძღრობისგან თავისუფალი პირობებისგან; ის ჭეშმარიტებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. შეუძლებელია, რომ მშვიდობას საფუძვლად ედოს ტყუილი. ზუსტად ამიტომ, როცა ძველი დროის ისრაელს დაბრუნებასა და მშვიდობას ჰპირდებოდა, იეჰოვამ თქვა: „აჰა, მოვაფენ მასზე მშვიდობას, მდინარესავით და ხალხთა დოვლათს მოვარდნილი ნიაღვარივით“ (ესაია 66:12). ამ სისტემის ღმერთი, სატანა ეშმაკი, არის „კაცის მკვლელი“ და ‘სიცრუის მამა’ (იოანე 8:44; 2 კორინთელთა 4:4). როგორ შეუძლია ქვეყნიერებას ოდესმე ჰქონდეს მშვიდობა, როცა ასეთი ღმერთი ჰყავს?

      3. რომელი შესანიშნავი ძღვენი უბოძა იეჰოვამ თავის ხალხს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი გაჭირვებით აღსავსე ქვეყნიერებაში ცხოვრობენ?

      3 მაგრამ შესანიშნავია ის, რომ იეჰოვა მაშინაც კი აძლევს მშვიდობას თავის ხალხს, როცა ისინი ომებით გაპარტახებულ სატანის ქვეყნიერებაში ცხოვრობენ (იოანე 17:16). ძველი წელთაღრიცხვით მეექვსე საუკუნეში მან შეასრულა იერემიას მეშვეობით მიცემული აღთქმა და მისცა თავის განსაკუთრებულ ერს ‘მშვიდობა და ჭეშმარიტება’, როცა დააბრუნა ისინი თავიანთ სამშობლოში (იერემია 33:6, აქ). და ამ უკანასკნელ დღეებში მან მისცა თავის ხალხს ‘მშვიდობა და ჭეშმარიტება’ თავიანთ „ქვეყანაში“, ანუ დედამიწაზე სულიერ მამულში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცხოვრობენ ყველაზე უარესი გაჭირვების დროს, რომელიც კი ოდესმე უნახავს ქვეყნიერებას (ესაია 66:8; მათე 24:7–13; გამოცხადება 6:1–8). „ზაქარიას“ მერვე თავის განხილვის გაგრძელებისას ჩვენ შევიძენთ უფრო ღრმა მადლიერებას ღმერთის მოცემული მშვიდობისა და ჭეშმარიტებისთვის და გავიგებთ, თუ რა უნდა გავაკეთოთ მათში მუდმივი მონაწილეობის მისაღებად.

      „გაიმაგრეთ ხელები“

      4. როგორ აღძრავდა ზაქარია ისრაელებს მოქმედებისკენ, თუ სურდათ, ჰქონოდათ მშვიდობა?

      4 მეექვსედ „ზაქარიას“ მერვე თავში ჩვენ ვისმენთ იეჰოვას მიერ წარმოთქმულ ასეთ ამაღელვებელ გადაწყვეტილებას: „ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: უფლის ტაძრის ასაშენებლად გაიმაგრეთ ხელები, ვინც ისმენდით იმ დღეებში იმ წინასწარმეტყველთა ნათქვამ სიტყვებს, რომლებიც იყვნენ ცაბაოთ უფლის სახლის დაფუძნების ჟამს. რადგან ამ დღეებამდე არ არსებობდა გასამრჯელო არც კაცისთვის და არც პირუტყვისთვის; არ ჰქონდა მშვიდობა მიმსვლელ-მომსვლელს მტრის შიშით და ერთი-მეორეზე მყავდა მისეული ადამიანები“ (ზაქარია 8:9, 10).

      5, 6. ა) რა მდგომარეობა იყო ისრაელში ისრაელების გულაცრუებულობის გამო? ბ) რა ცვლილება აღუთქვა იეჰოვამ ისრაელებს, თუ პირველ ადგილზე დააყენებდნენ მისადმი თაყვანისმცემლობას?

      5 ამ სიტყვებს ზაქარია ამბობდა იერუსალიმში ტაძრის ხელახლა აშენების დროს. მანამდე, ისრაელებს, რომლებიც ბაბილონიდან დაბრუნდნენ, გული აუცრუვდათ და შეწყვიტეს ტაძრის აშენება. რადგან თავიანთი ყურადღება საკუთარ კეთილდღეობას მიაპყრეს, მათ არ ჰქონდათ კურთხევა და მშვიდობა იეჰოვასგან. მიუხედავად იმისა, რომ მიწებს ამუშავებდნენ და ვენახებზე ზრუნავდნენ, ისინი ვერ აღწევდნენ წარმატებას (ანგია 1:3–6). გამოდიოდა, რომ ისინი ‘გასამრჯელოს’ გარეშე მუშაობდნენ.

      6 ახლა, როცა ტაძრის აღდგენა მიმდინარეობდა, ზაქარია აღძრავდა იუდეველებს, ‘მაგრად’ მდგარიყვნენ, გაბედულად დაეყენებინათ იეჰოვასადმი თაყვანისმცემლობა პირველ ადგილზე. რა მოხდებოდა, თუ ასე მოიქცეოდნენ? „ახლა ისეთი აღარ ვარ, როგორიც იმ დღეებში, ამ ერის ნატამალისთვის, ამბობს ცაბაოთ უფალი. რადგან იქნება მშვიდობის თესლი: ვაზი გამოიღებს თავის ნაყოფს, მიწა მოიტანს თავის მოსავალს და ცა მოსცემს თავის ცვარს; და ამ ერის ნატამალს დავუმკვიდრებ ყველაფერს ამას. და როგორც საწყევრად იყავით ხალხებში, იუდას სახლო და ისრაელის სახლო, ასე გიხსნით და საკურთხევლად იქნებით. ნუ გეშინიათ, გაიმაგრეთ ხელი“ (ზაქარია 8:11–13). თუ ისრაელი გაბედულად იმოქმედებდა, ის მიაღწევდა წარმატებას. ადრე, როცა ერებს წყევლის მაგალითის დამოწმება სურდათ, მათ ისრაელზე შეეძლოთ მიეთითებინათ. ახლა ისრაელი კურთხევის მაგალითი იქნებოდა. რა შესანიშნავი საფუძველი იყო, ‘გაემაგრებინათ ხელები’!

      7. ა) როგორი ამაღელვებელი ცვლილებები განიცადა იეჰოვას ხალხმა, რამაც 1995 სამსახურებრივ წელს მწვერვალს მიაღწია? ბ) როცა წლიურ ანგარიშს უყურებ, რომელ ქვეყნებში ხედავ მაუწყებლების, პიონერებისა და საშუალო საათების შესანიშნავ მონაცემებს?

      7 როგორი ვითარებაა დღეს? ათას ცხრაას ცხრამეტ წლამდე იეჰოვას ხალხს, გარკვეულწილად, აკლდა გულმოდგინება. პირველი მსოფლიო ომის განმავლობაში ისინი სრულად არ იცავდნენ ნეიტრალიტეტს და ჰქონდათ მიდრეკილება, უფრო ადამიანს მიჰყოლოდნენ, ვიდრე მეფეს, იესო ქრისტეს. ამის შედეგად ორგანიზაციაში და მის გარეთ მიმდინარე წინააღმდეგობამ ზოგიერთს გული აუცრუა. შემდეგ, 1919 წელს, იეჰოვას დახმარებით მათ გაიმაგრეს ხელები (ზაქარია 4:6). იეჰოვამ მისცა მშვიდობა და მათ დიდი წარმატება ჰქონდათ. ეს ჩანს ბოლო 75 წლის ანგარიშიდან, რომელმაც 1995 სამსახურებრივ წელს თავის მწვერვალს მიაღწია. როგორც ერი, იეჰოვას მოწმეები თავს არიდებენ ნაციონალიზმს, ტომობრივ შუღლს, წინასწარაკვიატებულ ცრუ აზრებსა და სიძულვილის ყველა სხვა წყაროს (1 იოანე 3:14–18). ისინი ნამდვილი გულმოდგინებით ემსახურებიან იეჰოვას მის სულიერ ტაძარში (ებრაელთა 13:15; გამოცხადება 7:15). მხოლოდ გასული წლის განმავლობაში სხვებთან თავიანთი ზეციერი მამის შესახებ საუბარს მათ მილიარდ საათზე მეტი დაუთმეს! ყოველთვიურად ისინი ატარებდნენ ბიბლიის 4 865 060 შესწავლას. თვეში საშუალოდ 663 521 მონაწილეობდა პიონერულ მსახურებაში. როცა ქრისტიანული სამყაროს მსახურებს სურთ, მიუთითონ თაყვანისმცემლობის ნამდვილად აღტაცებით შემსრულებელ ადამიანებზე, ისინი ზოგჯერ იეჰოვას მოწმეებზე მიუთითებენ.

      8. როგორ შეუძლია ყოველ ქრისტიანს სარგებლობა მიიღოს ‘მშვიდობის თესლიდან’?

      8 მათი გულმოდგინების გამო იეჰოვა აძლევს თავის ხალხს ‘მშვიდობის თესლს’. ყოველი პიროვნება, რომელიც ამ თესლს განავითარებს, იხილავს მშვიდობას, რომელიც გაიზრდება მის გულსა და ცხოვრებაში. ყოველი მორწმუნე ქრისტიანი, რომელიც იეჰოვასა და თანაქრისტიანებთან მშვიდობისკენ ისწრაფის, მონაწილეობს იეჰოვას სახელით წოდებული ხალხის ჭეშმარიტებასა და მშვიდობაში (1 პეტრე 3:11; შეადარე იაკობი 3:18, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა). ნუთუ ეს აღმაფრთოვანებელი არ არის?

      „ნუ გეშინიათ“

      9. როგორი ცვლილება აღუთქვა იეჰოვამ თავის ხალხთან დამოკიდებულებაში?

      9 ახლა ჩვენ ვკითხულობთ იეჰოვას მეშვიდე გადაწყვეტილებას. რის შესახებ არის ის? „ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: როგორც ბოროტის ქმნა განვიზრახე თქვენთვის, როცა გამარისხა თქვენმა მამა-პაპამ, ამბობს ცაბაოთ უფალი, და არ შევინანე, კვლავ განვიზრახავ ამ ხანებში სიკეთის ქმნას იერუსალიმისთვის და იუდას სახლისთვის; ნუ გეშინიათ!“ (ზაქარია 8:14, 15).

      10. რომელი მონაცემები ცხადყოფენ იეჰოვას მოწმეების შესახებ, რომ მათ არ ეშინიათ?

      10 თუმცა პირველი მსოფლიო ომის დროს იეჰოვას ხალხი სულიერი გაგებით მიმოფანტული იყო, გულში მათ სურდათ გაეკეთებინათ ის, რაც სწორი იყო. ამიტომ დასჯის შემდეგ იეჰოვამ შეცვალა მათთან დამოკიდებულება (მალაქია 3:2–4). დღეს, როცა წარსულში ვიხედებით, ჩვენ მხურვალე მადლობას ვუხდით ყველაფრისთვის, რაც მან გააკეთა. მართალია, ჩვენ ‘ვძულვართ ყველა ერს’ (მათე 24:9). რწმენის გამო მრავალი დაპატიმრებულია, ხოლო ზოგიერთი სიკვდილსაც კი შეხვდა. ჩვენ ხშირად ვხვდებით გულგრილობასა და მტრობას. მაგრამ ჩვენ არ გვეშინია. ჩვენ ვიცით, რომ ნებისმიერ ხილულ თუ უხილავ წინააღმდეგობაზე უფრო ძლიერი არის იეჰოვა (ესაია 40:15; ეფესელთა 6:10–13). ჩვენ მუდამ გავითვალისწინებთ: „მიენდე უფალს [იეჰოვას, აქ], გამხნევდი და გაამაგრე შენი გული“ (ფსალმუნი 26:14).

      „ჭეშმარიტება ელაპარაკეთ ერთმანეთს“

      11, 12. რა უნდა გვახსოვდეს თითოეულს, თუ გვსურს სრულად ვისარგებლოთ კურთხევებით, რომლებითაც იეჰოვა თავის ხალხს აკურთხებს?

      11 იეჰოვასგან მომდინარე კურთხევებით სრულად რომ ვისარგებლოთ არსებობს საკითხები, რომლებიც უნდა გვახსოვდეს. ზაქარია ამბობს: „აი, რა უნდა შეასრულოთ: ჭეშმარიტება ელაპარაკეთ ერთმანეთს, ჭეშმარიტება და სამშვიდობო სამართალი გააჩინეთ თქვენს კარიბჭეებთან, ავი არ იზრახოთ ერთმანეთზე თქვენს გულში და ნუ გიყვართ ცრუ ფიცილი, რადგან მძულს ეს ყველაფერი, ამბობს უფალი“ (ზაქარია 8:16, 17).

      12 იეჰოვა დაჟინებით მოითხოვს ჩვენგან, ვილაპარაკოთ ჭეშმარიტება (ეფესელთა 4:15, 25). ის არ ისმენს მათ ლოცვებს, ვინც ბოროტს იზრახავს, საკუთარი გამორჩენისთვის ჭეშმარიტებას მალავს ან ცრუდ იფიცება (იგავნი 28:9). იეჰოვას, რომელსაც სძულს განდგომილება, სურს, რომ მივეკრათ ბიბლიის ჭეშმარიტებას (ფსალმუნი 24:5; 2 იოანე 9–11). გარდა ამისა, ისრაელის ქალაქებში კარიბჭეებთან მსხდომი უფროსი მამაკაცების მსგავსად, უხუცესები, რომლებიც სასამართლო საქმეებს არჩევენ, თავიანთ რჩევებსა და გადაწყვეტილებებს ბიბლიურ ჭეშმარიტებაზე უნდა აფუძნებდნენ და არა საკუთარ აზრებზე (იოანე 17:17). იეჰოვას სურს, რომ ისინი ეძებდნენ ‘სამშვიდობო სამართალს’ და როგორც ქრისტიანი მწყემსები ცდილობდნენ მოწინააღმდეგე მხარეებს შორის მშვიდობის აღდგენასა და მომნანიებელი ცოდვილებისთვის ღმერთთან მშვიდობის ხელახლა შეძენაში დახმარების გაწევას (იაკობი 5:14, 15; იუდა 23). ამავე დროს, ისინი იცავენ მშვიდობას კრებაში და გაბედულად რიცხავენ მათ, ვინც მცდარი მოქმედებების განზრახ გაგრძელებით ხელს უშლის ამ მშვიდობას (1 კორინთელთა 6:9, 10).

      ‘ლხენა და სიხარული’

      13. ა) მარხვასთან დაკავშირებული რომელი ცვლილების შესახებ წინასწარმეტყველებდა ზაქარია? ბ) რომელ მარხვას იცავდნენ ისრაელში?

      13 ახლა ჩვენ ვისმენთ მერვე საზეიმო გადაწყვეტილებას: „ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: მეოთხე თვის მარხვა, მეხუთე თვის მარხვა, მეშვიდე თვის მარხვა და მეათე თვის მარხვა იყოს იუდას სახლისთვის შვებად [ლხენად, აქ] და სიხარულად, და კეთილ დღესასწაულებად; ოღონდ ჭეშმარიტება და მშვიდობა გიყვარდეთ“ (ზაქარია 8:19). მოსეს რჯულით ისრაელები მარხულობდნენ მიტევების დღის განმავლობაში, რათა გამოევლინათ სინანული ჩადენილი ცოდვებისთვის (ლევიანნი 16:29–31). ზაქარიას მიერ მოხსენიებულ ოთხ მარხვას, როგორც ჩანს, იერუსალიმის დაპყრობასა და განადგურებასთან დაკავშირებული დატირების შემთხვევებში იცავდნენ (მეოთხე მეფეთა 25:1–4, აქ, 8, 9, 22–26). მაგრამ ახლა ისინი ტაძარში აღდგენით სამუშაოებს ასრულებდნენ და კვლავ იერუსალიმში სახლდებოდნენ. ტირილი სიხარულმა შეცვალა და მარხვები დღესასწაულებად იქცნენ.

      14, 15. ა) რატომ იყო გახსენების საღამოს ზეიმი სიხარულის დიდებული მიზეზი და რა უნდა შეგვახსენოს ყოველივე ამან? ბ) როგორც წლიური ანგარიშიდან ჩანს, რომელ ქვეყნებში იყო გახსენების საღამოზე დამსწრეთა განსაკუთრებული რიცხვი?

      14 დღეს ჩვენ არ ვიცავთ ზაქარიას მიერ მოხსენიებულ მარხვებს ან რჯულში მითითებულ მარხვას. რადგან იესომ თავისი სიცოცხლე შესწირა ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად, ჩვენ უფრო დიდებული მიტევების დღის კურთხევებით ვსარგებლობთ. ჩვენი ცოდვების შეწყალება ხდება არა მხოლოდ ნაწილობრივ, არამედ სრულიად (ებრაელთა 9:6–14). რადგან მივყვებით ზეციერი მღვდელმთავრის, იესო ქრისტეს ბრძანებას, ჩვენ აღვნიშნავთ მისი სიკვდილის გახსენებას, როგორც ერთადერთ მნიშვნელოვან დღესასწაულს ქრისტიანული კალენდრის მიხედვით (ლუკა 22:19, 20). ნუთუ არ განვიცდით ‘ლხენასა და სიხარულს’, როცა ყოველწლიურად ვიკრიბებით ამ დღესასწაულის აღსანიშნავად?

      15 გასულ წელს გახსენების საღამოს აღსანიშნავად შეიკრიბა 13 147 201 პიროვნება, რაც 858 284-ით აღემატებოდა 1994 წელს დამსწრეებს. რაოდენ დიდი რიცხვია! წარმოიდგინე 78 620 კრებაში იეჰოვას მოწმეების სიხარული, როცა მათ „სამეფო დარბაზებში“ ამ დღესასწაულისთვის არაჩვეულებრივად დიდმა რიცხვმა მოიყარა თავი. უეჭველია, ყველა დამსწრე აღიძრა ‘ჭეშმარიტებისა და მშვიდობის სიყვარულისკენ’, როცა გაიხსენეს იმ პიროვნების სიკვდილი, რომელიც არის „გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“ და რომელიც ახლა მმართველობს, როგორც იეჰოვას ‘მშვიდობის დიდებული მთავარი’! (იოანე 14:6; ესაია 9:5). ამ დღესასწაულს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მათთვის, ვინც აღნიშნავს მას შფოთითა და ომით დატანჯულ ქვეყნებში. ჩვენი ძმებიდან ზოგიერთმა პირადად იხილა 1995 წლის განმავლობაში მომხდარი, ენით გამოუთქმელი საშინელი შემთხვევები. მაგრამ ‘ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, იფარავს მათ გულებს და მათ ფიქრებს ქრისტე იესოში’ (ფილიპელთა 4:7).

      ‘მოდი, თავი შევაბრალოთ იეჰოვას’

      16, 17. როგორ შეუძლიათ ხალხებს ‘თავი შეაბრალონ იეჰოვას’?

      16 მაგრამ საიდან მოვიდა ეს მილიონობით ადამიანი, რომელიც გახსენების საღამოს ესწრებოდა? იეჰოვას მეცხრე გამონათქვამი განმარტავს: „ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: კიდევ ის მოხდება, რომ მოვლენ ხალხები და უამრავ ქალაქთა მცხოვრებნი. ერთი ქალაქის მცხოვრებნი მეორეში წავლენ, იტყვიან: წამო, წავიდეთ სამხვეწროდ უფლის წინაშე [თავის შესაბრალებლად, აქ] და ცაბაოთ უფლის საძიებლადო. მაშინ მეც წავალ. მოვლენ მრავალრიცხოვანი ხალხები და ძლიერი ერები ცაბაოთ უფლის საძიებლად იერუსალიმში და სამხვეწრად [თავის შესაბრალებლად, აქ] უფლის წინაშე“ (ზაქარია 8:20–22).

      17 ადამიანებს, რომლებიც გახსენების საღამოს ესწრებოდნენ, სურდათ ‘ეძიათ ცაბაოთ უფალი’. მრავალი მათგანი, მისადმი მიძღვნილი მონათლული მსახური იყო. დამსწრეთაგან მილიონებს ჯერ არ ჰქონდათ გადადგმული ეს ნაბიჯი. ზოგიერთ ქვეყანაში გახსენების საღამოზე დამსწრეთა რიცხვი ოთხ-ხუთჯერ აღემატებოდა სამეფოს მაუწყებელთა რიცხვს. წინსვლის გასაგრძელებლად ამ მრავალ დაინტერესებულ პიროვნებას დახმარება სჭირდება. მოდი, ვასწავლოთ, იხარონ იმის შემეცნებით, რომ იესო მოკვდა ჩვენი ცოდვებისთვის და ახლა ღმერთის სამეფოში მმართველობს (1 კორინთელთა 5:7, 8; გამოცხადება 11:15). და მოდი, გავამხნეოთ ისინი, თავი მიუძღვნან იეჰოვა ღმერთს და დაემორჩილონ მის მიერ დანიშნულ მეფეს. ასე მოქმედებით ისინი ‘თავს შეაბრალებენ იეჰოვას’ (ფსალმუნი 115:9, 10; ფილიპელთა 2:12, 13).

      „ათი კაცი ყოველი ენის ხალხიდან“

      18, 19. ა) ზაქარიას 8:23-ის განხორციელების თანახმად, ვინ არის დღეს ‘იუდაელი’? ბ) ვინ არიან დღეს მცხოვრები „ათი კაცი“, რომლებიც ‘იუდაელის კალთებს ეჭიდებიან’?

      18 „ზაქარიას“ მერვე თავში საბოლოოდ ჩვენ ვკითხულობთ: „ასე ამბობს ცაბაოთ უფალი“. რას აცხადებს იეჰოვა საბოლოოდ? „იმ ხანებში იქნება, რომ მოეჭიდება ათი კაცი ყოველი ენის ხალხიდან, მოეჭიდება იუდაელის კალთებს და ეტყვიან: თქვენთან წამოვალთ, რადგან გაგებული გვაქვს, რომ თქვენთან არის ღმერთი“ (ზაქარია 8:23). ზაქარიას დღეებში ხორციელი ისრაელი იყო ღმერთის რჩეული ერი. მაგრამ პირველ საუკუნეში ისრაელმა უარყო იეჰოვას მესია. ამიტომ, თავის განსაკუთრებულ ერად ჩვენმა ღმერთმა ამოირჩია ‘იუდაელი’ — ახალი ისრაელი — სულიერი იუდეველებისგან შემდგარი ‘ღვთის ისრაელი’ (გალატელთა 6:16; იოანე 1:11; რომაელთა 2:28, 29). მათი საბოლოო რიცხვი უნდა ყოფილიყო 144 000, რომლებიც ამორჩეული იქნებოდნენ კაცობრიობიდან, რათა იესოსთან ერთად ემმართველათ მის ზეციერ სამეფოში (გამოცხადება 14:1, 4, აფ).

      19 ამ 144 000-გან უმრავლესობა, რომლებიც ბოლომდე ერთგულები დარჩნენ, უკვე გარდაიცვალნენ და მიიღეს ზეციერი ჯილდო (1 კორინთელთა 15:51, 52; გამოცხადება 6:9–11). დედამიწაზე ძალიან მცირე რიცხვი დარჩა და მათ უხარიათ იმის ხილვა, რომ „ათი კაცი“, რომელმაც ‘იუდაელთან’ ერთად არჩია წასვლა, სინამდვილეში, არის „უამრავი ხალხი. . . ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან“ (გამოცხადება 7:9; ესაია 2:2, 3; 60:4–10, 22).

      20, 21. როგორ შეგვიძლია შევინარჩუნოთ მშვიდობა იეჰოვასთან იმ დროს, როცა ახლოვდება ამ ქვეყნიერების აღსასრული?

      20 იმ დროს, როცა ამ ქვეყნიერების აღსასრული შეუჩერებლივ ახლოვდება, ქრისტიანული სამყარო ჰგავს იერემიას დღეებში არსებულ იერუსალიმს: „მშვიდობის იმედი გვაქვს და არ ჩანს სიკეთე; ველით განკურნების ჟამს და, აჰა — საშინელება!“ (იერემია 14:19). ეს საშინელება თავის მწვერვალს მიაღწევს, როცა ერები თავს დაესხმიან ცრუ რელიგიას და ძალადობით მოუღებენ ბოლოს მას. ამის შემდეგ მოკლე ხანში თვით ერები იქნებიან განადგურებული ღმერთის დასკვნით ომში, არმაგედონში (მათე 24:29, 30; გამოცხადება 16:14, 16; 17:16–18; 19:11–21). რამდენად დიდი შფოთის დრო იქნება ეს!

      21 ყოველივე ამის დროს იეჰოვა დაიცავს მათ, ვისაც უყვარს ჭეშმარიტება და ავითარებს ‘მშვიდობის თესლს’ (ზაქარია 8:12; სოფონია 2:3). მაშ, მოდი, დავრჩეთ უსაფრთხოებაში, რომელიც მისი ხალხის ქვეყანაში მკვიდრობს, გულმოდგინედ განვადიდოთ ის სახალხოდ და რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავეხმაროთ, ‘თავი შეაბრალონ იეჰოვას’. თუ ასე მოვიქცევით, მუდამ დავტკბებით იეჰოვას მშვიდობით. დიახ, „უფალი ძალას მისცემს თავის ხალხს, უფალი აკურთხებს თავის ხალხს მშვიდობით“ (ფსალმუნი 28:11).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება