საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ‘იეჰოვა, ღმერთი მწყალობელი და შემბრალებელი’
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 1 ოქტომბერი
    • ‘იეჰოვა, ღმერთი მწყალობელი და შემბრალებელი’

      «უფალო, უფალო [„იეჰოვა, იეჰოვა“, აქ]! ღმერთო მწყალობელო და შემბრალებელო, სულგრძელო, დიდმადლიანო და ჭეშმარიტო» (გამოსვლა 34:6).

      1. ა) რა ნუგეშს სთავაზობს ბიბლია მათ, რომლებიც ხედავენ, რომ საყვარელი ადამიანები უხვევენ წმინდა თაყვანისმცემლობის ბილიკიდან? ბ) როგორ უყურებს იეჰოვა გზასაცდენილებს?

      „ქალიშვილმა მითხრა, რომ აღარ სურს ქრისტიანული კრების წევრობა, — ამბობს ერთი ქრისტიანი მამა. — მას შემდეგ დღეების, კვირების და თვეების განმავლობაშიც კი მთელ სხეულში საშინელ ტკივილს ვგრძნობდი. ეს სიკვდილზე უარესი იყო“. ნამდვილად საწყენია, როდესაც ხედავ, თუ როგორ უხვევს საყვარელი ადამიანი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ბილიკიდან. ოდესმე განგიცდიათ მსგავსი რამ? თუ დიახ, თქვენთვის ნუგეშისმომგვრელი იქნება იმის ცოდნა, რომ იეჰოვა თანაგიგრძნობთ (გამოსვლა 3:7; ესაია 63:9). მაგრამ როგორ უყურებს იეჰოვა ასეთ გზასაცდენილებს? ბიბლია გვიჩვენებს, რომ ის გულმოწყალებას იჩენს მათ მიმართ და იწვევს, დაიბრუნონ მისი კეთილგანწყობილება. მალაქიას დღეებში ის ემუდარებოდა მეამბოხე იუდეველებს: „მოიქეცით ჩემკენ და მეც მოვიქცევი თქვენკენ“ (მალაქია 3:7).

      2. როგორ გვიჩვენებს ბიბლია, რომ გულმოწყალება იეჰოვას განუყოფელი ნაწილია?

      2 ღვთის გულმოწყალება მოსეს თვალწინ განსაკუთრებით სინაის მთაზე გამოიკვეთა. იქ იეჰოვამ საკუთარი თავი წარმოაჩინა, როგორც ‘მწყალობელი და შემბრალებელი, სულგრძელი, დიდმადლიანი და ჭეშმარიტი ღმერთი’ (გამოსვლა 34:6). ეს სიტყვები ხაზს უსვამს, რომ გულმოწყალება იეჰოვას განუყოფელი ნაწილია. როგორც ქრისტიანმა მოციქულმა პეტრემ აღნიშნა, მას სურს, რომ „ყველა მივიდეს მოსანანიებლად“ (2 პეტრე 3:9). რა თქმა უნდა, ღვთის გულმოწყალებას საზღვარი აქვს. მასზე ნათქვამია, რომ ‘შურისმგებელი’ ღმერთია (გამოსვლა 34:7; 2 პეტრე 2:9). და მაინც, „ღმერთი სიყვარულია“, ხოლო ამ თვისების ძალზე დამახასიათებელი თავისებურება გულმოწყალებაა (1 იოანე 4:8; იაკობი 3:17, სსგ). იეჰოვა „არ მრისხანებს სამუდამოდ“, ის „წყალობის მოყვარულია“ (მიქა 7:18, 19).

      3. როგორ განსხვავდებოდა გულმოწყალების შესახებ იესოს თვალსაზრისი ფარისევლებისა და მწიგნობრების თვალსაზრისისგან?

      3 იესო ზეციერი მამის სრულყოფილი ანარეკლი იყო (იოანე 5:19). ცოდვილებისადმი მისი გულმოწყალე დამოკიდებულება მათი ცოდვების არაფრად ჩაგდებას კი არ ნიშნავდა, არამედ ისეთივე სათუთი გრძნობების გამოვლენას, როგორსაც ის ფიზიკურად ავადმყოფებისადმი იჩენდა (შეადარეთ მარკოზი 1:40, 41). დიახ, იესომ წყალობა რჯულის ‘უფრო მთავარ’ საკითხებს შორის მოიხსენია (მათე 23:23). ამის საპირისპიროდ, განვიხილოთ მწიგნობრებისა და ფარისევლების შემთხვევა, რომლებიც სამართლიანობასთან დაკავშირებულ კანონებში წვრილმანებს ეჭიდებოდნენ, რის შედეგადაც, ჩვეულებრივ, გულმოწყალებისთვის ადგილი საერთოდ არ რჩებოდა. როდესაც ისინი ცოდვილებისადმი იესოს დამოკიდებულებას ხედავდნენ, ჩიოდნენ: „ცოდვილებს ღებულობს და მათთან ჭამსო“ (ლუკა 15:1, 2). იესომ ბრალმდებლებს სამი თვალსაჩინო მაგალითით უპასუხა, რომლებშიც ღვთის გულმოწყალებას გაესვა ხაზი.

      4. რომელი ორი თვალსაჩინო მაგალითი მოიყვანა იესომ და რა იყო თითოეულის არსი?

      4 თავიდან იესო მოყვა კაცის შესახებ, რომელმაც 99 ცხვარი დატოვა და ერთი დაკარგულის საძებნელად წავიდა. რის ჩვენება სურდა მას ამით? „უფრო მეტი სიხარული იქნება ზეცაში ერთი ცოდვილის გამო, რომელმაც მოინანია, ვიდრე იმ ოთხმოცდაცხრამეტი მართლის გამო, რომელთაც მონანიება არ სჭირდებათ“. შემდეგ იესო მოყვა ქალის შესახებ, რომელიც ეძებდა დაკარგულ დრაქმას და რომელიც დიდად გაახარა დაკარგულის პოვნამ. რისთვის მოიყვანა ეს იგავი? „იქნება სიხარული ღვთის ანგელოზებთან ერთი მონანიე ცოდვილის გამო“. იესომ მესამე თვალსაჩინო მაგალითად იგავი მოიყვანაa. მას ბევრი მოკლედ გადმოცემულ უმშვენიერეს მოთხრობად მიიჩნევს. ამ იგავის განხილვა ღვთის გულმოწყალების დაფასებასა და მიბაძვაში დაგვეხმარება (ლუკა 15:3–10).

      ურჩი ძე ტოვებს მშობლიურ სახლს

      5, 6. როგორ გამოავლინა იესოს მესამე იგავში მოყვანილმა ყმაწვილმა საოცარი უმადურობა?

      5 „ერთ კაცს ორი ვაჟი ჰყავდა. უმცროსმა ვაჟმა უთხრა მამას: ‘მომეცი ჩემი კუთვნილი წილი ქონებისა.’ და გაუყო მათ მამამ ქონება. რამდენიმე დღის შემდეგ უმცროსმა ვაჟმა მოაგროვა ყველაფერი, წავიდა შორეულ ქვეყანაში და გაფლანგა თავისი ქონება თავაშვებული ცხოვრებით“ (ლუკა 15:11–13)b.

      6 უმცროსმა ვაჟმა საოცარი უმადურობა გამოავლინა. ჯერ მან მოითხოვა მემკვიდრეობა, შემდეგ კი გაფლანგა ის „თავაშვებული ცხოვრებით“. გამოთქმა „თავაშვებული ცხოვრება“ გადმოთარგმნილია ბერძნული სიტყვიდან, რომელიც „აღვირახსნილ ცხოვრებას“ ნიშნავს. ერთ-ერთი სწავლული აღნიშნავს, რომ ეს სიტყვა „გამოხატავს უკიდურეს ზნეობრივ გახრწნილებას“. მრავალ ენაზე, არცთუ უსაფუძვლოდ, იესოს იგავში მოყვანილ ახალგაზრდას აღწერდნენ სიტყვით, რომლის მნიშვნელობაა „მფლანგველი“.

      7. ვინ ჰგავს დღეს უძღებ შვილს და რატომ ეძებენ ასეთი პიროვნებები დამოუკიდებლობას „შორეულ ქვეყანაში“?

      7 არსებობენ დღეს ისეთი ადამიანები, რომლებიც უძღებ შვილს ჰგვანან? დიახ. სამწუხაროდ, ზოგმა დატოვა ჩვენი ზეციერი მამის, იეჰოვას, უსაფრთხო ‘სახლი’ (1 ტიმოთე 3:15). ზოგი მათგანი ღვთის ოჯახში თავს ძალზე შეზღუდულად გრძნობდა და ფიქრობდა, რომ იეჰოვას ფხიზელი თვალი დამაბრკოლებელი უფრო იყო, ვიდრე დამცველი (შეადარეთ ფსალმუნი 31:8). განვიხილოთ ერთი ქრისტიანი ქალიშვილის შემთხვევა, რომელიც ბიბლიური პრინციპების შესაბამისად აღიზარდა, მაგრამ მოგვიანებით ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება დაიწყო. როდესაც უკან, თავისი ცხოვრების შავბნელ პერიოდში, იხედება, ის აღნიშნავს: „მინდოდა დამემტკიცებინა, რომ ჩემთვის უკეთესი ცხოვრების მოწყობა შემეძლო. მინდოდა ჩემი სურვილისამებრ მოვქცეულიყავი და განსხვავებული აზრის მოსმენაც კი არ მსურდა“. უძღები შვილის მსგავსად, ეს ახალგაზრდა ქალიშვილიც დამოუკიდებლობას ესწრაფოდა. სამწუხაროდ, არაბიბლიური მოქმედების გამო ის ქრისტიანული კრებიდან გაირიცხა (1 კორინთელთა 5:11–13).

      8. ა) რა დახმარება შეიძლება გაეწიოთ მათ, ვისაც ღვთის ნორმების საწინააღმდეგოდ ცხოვრება სურს? ბ) რატომ უნდა შეხედოს ადამიანმა გაწონასწორებულად თაყვანისცემის საკითხში პირადი არჩევნის საკითხს?

      8 ნამდვილად გულსატკენია, როდესაც თანამორწმუნეს ღვთის ნორმების საპირისპიროდ ცხოვრება სურს (ფილიპელთა 3:18). ასეთ შემთხვევებში უხუცესები და სულიერად მოწიფული პიროვნებები ცდილობენ, გამოასწორონ გზასაცდენილი ადამიანი (გალატელთა 6:1). თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არავის აძალებენ, ატაროს ქრისტიანული მოწაფეობის უღელი (მათე 11:28–30; 16:24). სრულწლოვანების ასაკის მიღწევის შემდეგ ახალგაზრდამაც კი თაყვანისცემის საკითხთან დაკავშირებით პირადი არჩევანი უნდა გააკეთოს. თითოეულს გვაქვს ნების თავისუფლება და საკუთარი თავისთვის ანგარიშს ჩავაბარებთ ღმერთს (რომაელთა 14:12). რა თქმა უნდა, ჩვენც მოვიმკით იმას, ‘რასაც დავთესავთ’; ეს გაკვეთილი მიიღო მალე იესოს მიერ იგავში მოყვანილმა უძღებმა შვილმა (გალატელთა 6:7, 8).

      შორეულ ქვეყანაში გაჭირვებაში ჩავარდნა

      9, 10. ა) როგორ შეიცვალა უძღები შვილის მდგომარეობა და რა ზომებს მიმართა მან? ბ) აღწერეთ, თუ როგორ ცვივდებიან დღეს უძღები შვილის მსგავს გასაჭირში ისინი, რომლებიც ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას ტოვებენ.

      9 „როცა ყველაფერი შემოეხარჯა, იმ ქვეყანაში დიდი შიმშილობა ჩამოვარდა, და მას გაუჭირდა. წავიდა და იმ ქვეყნის ერთ მცხოვრებს მიეკედლა, რომელმაც თავის მინდვრებში გაგზავნა ღორების საძოვებლად. ენატრებოდა, მუცელი იმ რკოთი ამოეყორა, რომელსაც ღორები ჭამდნენ. არავინ არაფერს აძლევდა“ (ლუკა 15:14–16).

      10 დიდ გასაჭირში ჩავარდნის მიუხედავად, უძღებ შვილს სახლში დაბრუნება არ უფიქრია. ნაცვლად ამისა, ის შეხვდა იქაურ კაცს, რომელმაც მეღორედ აიყვანა. რადგან მოსეს რჯულით ღორი უწმინდურ ცხოველად ითვლებოდა, ასეთი სამუშაო იუდეველისთვის, ალბათ, მიუღებელი იყო (ლევიანნი 11:7, 8). მაგრამ უძღებ შვილს სინდისის ქენჯნაც რომ ეგრძნო, უნდა ჩაეხშო ის. შეუძლებელია, ამ ახალგაზრდას იმის იმედი ჰქონოდა, რომ კაცს, რომელმაც დაიქირავა, ადგილობრივ მკვიდრს, შეაწუხებდა გაჭირვებული უცხოელის გრძნობები. უძღები შვილის მდგომარეობა იმ ადამიანთა მდგომარეობის მსგავსია, რომლებიც დღეს წმინდა თაყვანისმცემლობის სწორი ბილიკიდან უხვევენ. ხშირად ასეთი ადამიანები ისეთ საქმიანობას იწყებენ, რასაც ადრე უკადრისად მიიჩნევდნენ. მაგალითად, 17 წლის ასაკში ერთმა ყმაწვილმა უარი თქვა ქრისტიანულ აღზრდაზე. „უზნეობამ და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებამ ამოშალა წლების განმავლობაში მიღებული ბიბლიური მოძღვრება“, — ამბობს ის. მალე ახალგაზრდა ყაჩაღობისა და მკვლელობის გამო ციხეში აღმოჩნდა. მოგვიანებით ის სულიერად გამოჯანსაღდა, მაგრამ წარმოიდგინეთ, რა ძვირად უნდა დასჯდომოდა ‘წარმავალი, ცოდვიანი განცხრომა’ (შეადარეთ ებრაელთა 11:24–26).

      11. რა ართულებდა უძღები შვილის მდგომარეობას და როგორ დარწმუნდა დღეს ზოგიერთი, რომ წუთისოფლის მიმზიდველობა ‘ფუჭი ცდუნებაა’?

      11 უძღები შვილის მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ „არავინ არაფერს აძლევდა“. სად იყვნენ მისი ახალი მეგობრები? ახლა, როდესაც ფული შემოელია, ის მათთვის ‘საძულველი’ გახდა (იგავნი 14:20). მსგავსად ამისა, დღეს მრავალმა, ვინც ქრისტიანული გზიდან გადაუხვია, აღმოაჩინა, რომ წუთისოფლის მიმზიდველობა და შეხედულებები ‘ფუჭი ცდუნებაა’ (კოლასელთა 2:8). „იეჰოვას ხელმძღვანელობის გარეშე დარჩენამ დიდი ტკივილი და სულიერი ტრავმა მომაყენა, — ამბობს ერთი ახალგაზრდა ქალიშვილი, რომელმაც დატოვა ღვთის ორგანიზაცია და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მის გარეთ იყო. — ვცდილობდი მოვრგებოდი წუთისოფელს, მაგრამ მართლა ძალიან განვსხვავდებოდი სხვებისგან, რის გამოც წუთისოფელში არ მიმიღეს. თავს პატარა ბავშვივით ვგრძნობდი, ბავშვივით, რომელსაც ძალიან სჭირდება მამის ხელმძღვანელობა. მაშინ მივხვდი, რომ იეჰოვა მჭირდებოდა. უკვე აღარ მინდოდა მისგან დამოუკიდებლად ცხოვრება“. იესოს იგავში მოყვანილი უძღები შვილიც მივიდა მსგავს დასკვნამდე.

      უძღები შვილი გონს ეგება

      12, 13. რა ფაქტორები დაეხმარა დღეს ზოგს, რომ გონს მოსულიყვნენ? (იხილეთ ჩარჩო).

      12 „როცა გონს მოეგო, თქვა: ‘მამაჩემთან რამდენ მოჯამაგირეს პური თავსაყრელი აქვს, მე კი შიმშილით ვკვდები. ავდგები, წავალ მამაჩემთან და ვეტყვი: მამაო, შევცოდე ზეცის მიმართ და შენს წინაშე, ღირსი აღარა ვარ, რომ შენს ძედ ვიწოდებოდე. მიმიღე როგორც ერთი შენი მოჯამაგირეთაგანი!’ ადგა და წავიდა თავის მამასთან“ (ლუკა 15:17–20).

      13 უძღები შვილი „გონს მოეგო“. გარკვეული დროის განმავლობაში ის ჩაფლული იყო სიამოვნების ძიებაში, ოცნებების სამყაროში. მაგრამ ახლა უკვე აშკარად დაინახა თავისი ჭეშმარიტი სულიერი მდგომარეობა. დიახ, მიუხედავად იმისა, რომ დაეცა, ამ ახალგაზრდის მდგომარეობა მთლად უიმედო არ იყო. მის პიროვნებაში იყო რაღაც კარგი (იგავნი 24:16; შეადარეთ მეორე ნეშტთა 19:2, 3). რა შეიძლება ითქვას მათ შესახებ, ვინც დღეს ტოვებს ღვთის სამწყსოს? იქნებოდა გონივრული დასკვნის გამოტანა, რომ მათ აღარაფერი ეშველებათ და რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, მათი ურჩობა ღვთის სულიწმიდის წინააღმდეგ შეცოდების დამადასტურებელია? (მათე 12:31, 32). სულაც არა. მრავალი მათგანი იტანჯება ცუდ გზაზე დადგომის გამო და დროთა განმავლობაში გონს ეგება. „არასოდეს, ერთი დღითაც კი, არ დამვიწყებია იეჰოვა, — იხსენებს ერთი და დროს, როდესაც ღვთის ორგანიზაციის გარეთ იყო. — ყოველთვის ვლოცულობდი, რომ როგორღაც ერთ მშვენიერ დღეს კვლავ მივეღე“ (ფსალმუნი 118:176).

      14. რა გადაწყვეტილება მიიღო უძღებმა შვილმა და როგორი თავმდაბლობა გამოავლინა ამ დროს?

      14 მაგრამ რის გაკეთება შეუძლიათ გზააბნეულებს? იესოს იგავში უძღები შვილი ღებულობს გადაწყვეტილებას, დაბრუნდეს სახლში და მამას პატიება სთხოვოს. „მიმიღე როგორც ერთი შენი მოჯამაგირეთაგანი“, — ასეთია მისი სათხოვარი. მოჯამაგირე იყო დღიური მუშა, რომელსაც სამუშაოდან დათხოვნის შესახებ წინა დღეს ატყობინებდნენ. მას უფრო დაბალი მდგომარეობა ეჭირა, ვიდრე მონას, რომელიც, გარკვეული გაგებით, ოჯახის წევრივით იყო. ასე რომ, უძღებ შვილს აზრადაც არ მოსვლია, მისთვის ყოფილი მდგომარეობა აღედგინათ და ძედ მიეღოთ. ის მზად იყო, მიეღო ყველაზე დაბალი მდგომარეობა, რათა დღითი დღე მამისთვის ერთგულება დაემტკიცებინა. მაგრამ უძღებ შვილს სიურპრიზი ელოდა.

      გულთბილად მიღება

      15—17. ა) როგორი იყო შვილის დანახვაზე მამის რეაქცია? ბ) რის მაჩვენებელია მამის მიერ შვილისთვის სამოსლის, ბეჭდისა და სანდლების მიცემა? გ) რა არის ნაჩვენები იმით, რომ მამა ლხინს მართავს?

      15 „როცა ჯერ კიდევ შორს იყო, მამამ დაინახა და შეებრალა. გაიქცა, კისერზე შემოეხვია და დაკოცნა. ვაჟმა კი უთხრა: ‘მამა! შევცოდე ზეცის მიმართ და შენს წინაშე. ღირსი აღარა ვარ, რომ შენს ძედ ვიწოდებოდე.’ მამამ უთხრა თავის მონებს: ‘მოუტანეთ საუკეთესო სამოსელი და ჩააცვით, გაუკეთეთ ბეჭედი ხელზე და სანდლები ჩააცვით ფეხებზე. მოიყვანეთ ნასუქალი ხბო და დაკალით. ვჭამოთ და ვიმხიარულოთ. ვინაიდან ეს ჩემი ვაჟი მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა.’ და დაიწყეს მხიარულება“ (ლუკა 15:20–24).

      16 ნებისმიერი მოსიყვარულე მშობელი ინატრებდა შვილის სულიერ გამოჯანსაღებას. ამიტომ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ უძღები შვილის მამა, რომელიც ყოველდღე გაჰყურებდა გზას და მღელვარებით მოელოდა შვილის დაბრუნებას. და აი, მამა ხედავს სახლისკენ მომავალ შვილს! რა თქმა უნდა, ჭაბუკს გარეგნობა საკმაოდ შეცვლილი ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მამა სცნობს მას, „როცა ჯერ კიდევ შორს“ არის. ის არ უყურებს დაგლეჯილ ტანსაცმელსა და ტანჯულ სულს; ის ხედავს თავის ძეს და მის შესახვედრად გარბის!

      17 როდესაც შვილს უახლოვდება, კისერზე ეხვევა და კოცნის. შემდეგ მონებს ბრძანებას აძლევს, მოუტანონ სამოსელი, ბეჭედი და სანდლები. სამოსელი უბრალო კი არ იყო, არამედ „საუკეთესო“ — მდიდრულად მოქარგული, რომელიც საპატიო სტუმრებისთვის იყო განკუთვნილი. რადგან ბეჭედსა და სანდლებს, ჩვეულებრივ, მონებს არ აძლევდნენ, მამამ ამგვარი მოქმედებით ცხადი გახადა, რომ ძეს ისევ ოჯახის სრულუფლებიან წევრად ღებულობდა. მაგრამ მამის მოქმედება ამით არ ამოწურულა. მან ბრძანება გასცა, ძის დაბრუნების აღსანიშნავად ლხინი გაემართათ. ცხადია, ამ მამაკაცმა შვილს მიუტევა არა უხალისოდ ან მხოლოდ იმის გულისთვის, რომ მისი დაბრუნების გამო ვალდებული იყო, ასე მოქცეულიყო; არა, მას სურდა მიეტევებინა. ეს მას სიხარულს ჰგვრიდა.

      18, 19. ა) რას გვასწავლის იგავი უძღებ შვილზე იეჰოვას შესახებ? ბ) როგორ მოელის იეჰოვა შემცოდველის დაბრუნებას, როგორც ეს ნაჩვენებია იუდასა და იერუსალიმის მიმართ ღვთის მოპყრობაში?

      18 ამგვარად, რას გვასწავლის იგავი უძღებ შვილზე ღვთის შესახებ, ვისი თაყვანისცემის შესაძლებლობაც ჩვენ მოგვეცა? პირველი, რომ იეჰოვა არის ‘მწყალობელი და შემბრალებელი, სულგრძელი, დიდმადლიანი და ჭეშმარიტი’ (გამოსვლა 34:6). მართლაც, წყალობა ანუ გულმოწყალება ღვთის ერთ-ერთი განსაკუთრებული თვისებაა. ის, ჩვეულებრივ, ასე რეაგირებს გასაჭირში ჩაცვენილთა მიმართ. მეორეც, იესოს იგავი გვასწავლის, რომ იეჰოვა ‘მზად არის პატიებისთვის’ (ფსალმუნი 86:5, აქ [85:5]). ის თვალყურს ადევნებს, ასე ვთქვათ, იკვლევს შემცოდველის გულში მიმდინარე ნებისმიერ ცვლილებას, რათა მისდამი გულმოწყალების გამოვლენისთვის რაიმე საფუძველი იპოვოს (მეორე ნეშტთა 12:12; 16:9).

      19 მაგალითად, დაფიქრდით, თუ როგორ ეპყრობოდა ღმერთი ისრაელ ერს. წინასწარმეტყველი ესაია იეჰოვას მიერ იყო შთაგონებული, როდესაც იუდა და იერუსალიმი აღწერა როგორც ‘ტერფიდან თხემამდე დაავადებული’. მაგრამ მან შემდეგი სიტყვებიც თქვა: „სურს უფალს თქვენი შეწყალება და მაინც აღდგება თქვენს შესაბრალებლად“ (ესაია 1:5, 6; 30:18; 55:7; ეზეკიელი 33:11). იესოს იგავში მოყვანილი მამის მსგავსად, იეჰოვა, ასე ვთქვათ, „გზას გაჰყურებს“. ის დიდი იმედით მოელის მისი სახლიდან წასული ნებისმიერი პიროვნების დაბრუნებას. განა ამას არ უნდა მოველოდეთ მოსიყვარულე მამისგან? (ფსალმუნი 102:13).

      20, 21. ა) როგორ მიიზიდა ღვთის გულმოწყალებამ მრავალი? ბ) რა იქნება განხილული მომდევნო სტატიაში?

      20 იეჰოვას გულმოწყალება ყოველწლიურად მრავალს აღძრავს, გონს მოეგონ და ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას დაუბრუნდნენ. რა სასიხარულოა ეს მათი ახლობლებისთვის! მაგალითად, ავიღოთ იმ ქრისტიანი მამის შემთხვევა, რომელიც სტატიის დასაწყისშია მოხსენიებული. საბედნიეროდ, მისი ქალიშვილი სულიერად გამოჯანსაღდა და ახლა სრული დროით მსახურობს. „მე იმდენად ბედნიერი ვარ, რამდენადაც ამ ძველ სისტემაშია შესაძლებელი, — ამბობს ეს მამა. — მწუხარების ცრემლები სიხარულის ცრემლებით შემეცვალა“. რასაკვირველია, ამით იეჰოვაც ხარობს! (იგავნი 27:11).

      21 მაგრამ იგავი უძღებ შვილზე ამით არ ამოიწურება. იესო განაგრძობს თხრობას და იეჰოვას გულმოწყალებას ფარისევლებსა და მწიგნობრებს შორის არსებულ სიმკაცრესა და მსჯავრდადების სულისკვეთებას უპირისპირებს. თუ რატომ გააკეთა მან ეს და რას ნიშნავს მოყვანილი იგავის შემდგომი ნაწილი ჩვენთვის, განხილული იქნება მომდევნო სტატიაში.

  • მიბაძეთ იეჰოვას გულმოწყალებას
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 1 ოქტომბერი
    • მიბაძეთ იეჰოვას გულმოწყალებას

      „იყავით გულმოწყალენი, ისევე როგორც თქვენი მამაა გულმოწყალე“ (ლუკა 6:36).

      1. როგორ გამოავლინეს ფარისევლებმა, რომ უმოწყალოები იყვნენ?

      ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ ღვთის ხატად არიან შექმნილი, ხშირად არ ბაძავენ შემოქმედის გულმოწყალებას (დაბადება 1:27). მაგალითად, განვიხილოთ ფარისევლების შემთხვევა. როგორც ჯგუფს, მათ არ გახარებიათ იესოს მიერ გულმოწყალების გამოვლენა და შაბათს ხელგამხმარი კაცის განკურნება. ნაცვლად ამისა, მათ მოითათბირეს იესოს წინააღმდეგ, „თუ როგორ დაეღუპათ იგი“ (მათე 12:9–14). სხვა შემთხვევაში იესომ დაბადებიდან ბრმა განკურნა. ‘ზოგი ფარისეველი’ სიხარულის ვერავითარ მიზეზს ვერ პოულობდა იესოს გულმოწყალებაში. ნაცვლად ამისა, ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ: „ეს კაცი არ არის ღვთისაგან, რაკი შაბათს არ იცავს“ (იოანე 9:1–7, 16).

      2, 3. რას გულისხმობდა იესო გამოთქმაში „მოერიდეთ ფარისეველთა. . . საფუარს“?

      2 ფარისევლების უგულობა ბოროტმოქმედება იყო ადამიანთა მიმართ და ცოდვა — ღვთის წინაშე (იოანე 9:39–41). შემთხვევით არ იყო, რომ იესო მოწაფეებს აფრთხილებდა, ‘მორიდებოდნენ’ ამ მაღალი ფენის წარმომადგენლებისა და სხვა რელიგიების წევრების, მაგალითად, სადუკევლების, „საფუარს“ (მათე 16:6). საფუარი ბიბლიაში ცოდვის ან გახრწნილების სიმბოლოდ გამოიყენება. ასე რომ, იესო ლაპარაკობდა ‘მწიგნობართა და ფარისეველთა’ მოძღვრებაზე, რომელსაც წმინდა თაყვანისმცემლობაზე გამხრწნელი გავლენის მოხდენა შეეძლო. როგორ? ისინი ხალხს ასწავლიდნენ, რომ ღვთის რჯულად მხოლოდ მათ მიერ თვითნებურად დადგენილი კანონები და რიტუალები მიეჩნიათ, მაშინ როდესაც უგულებელყოფდნენ ‘უფრო მთავარს’, მათ შორის გულმოწყალებას (მათე 23:23). რიტუალებზე დაფუძნებულმა ამ რელიგიამ ღვთის თაყვანისცემა აუტანელ ტვირთად აქცია.

      3 უძღებ შვილზე იგავის მეორე ნაწილში იესო იუდეველ რელიგიურ წინამძღოლთა გახრწნილ აზროვნებას ამხელს. იგავში მამას, რომლითაც იეჰოვაა წარმოდგენილი, მთელი გულით სურდა მიეტევებინა მომნანიებელი ძისთვის. ამ ბიჭის უფროს ძმას, რომელიც ‘ფარისევლების და მწიგნობრების’ ტიპიური წარმომადგენელია, ამ საკითხთან დაკავშირებით სრულიად სხვაგვარი თვალსაზრისი ჰქონდა (ლუკა 15:2).

      ძმის გაბრაზება

      4, 5. რა გაგებით იყო უფროსი ძმა „დაკარგული“?

      4 „უფროსი ვაჟი კი მინდორში იმყოფებოდა. რომ დაბრუნდა და სახლს მიუახლოვდა, სიმღერისა და ცეკვა-თამაშის ხმა შემოესმა. დაუძახა ერთ მსახურთაგანს და ჰკითხა: ‘ეს რა ამბავია?’ მან უთხრა: ‘შენი ძმა მოვიდა და მამაშენმა ნასუქალი ხბო დაკლა, რაკი მრთელი დაუბრუნდა.’ ის კი გაბრაზდა და შესვლა აღარ უნდოდა“ (ლუკა 15:25–28).

      5 ცხადია, რომ იესოს იგავში მხოლოდ უძღები შვილის საქმე არ იყო ცუდად. „მოყვანილ აღწერილობაში ორივე ძე დაკარგულია, — აღნიშნავს ერთი ცნობარი. — ერთი უმართლობამ დასცა, ხოლო მეორე საკუთარ სამართლიანობაში დაჯერებულობამ დააბრმავა“. ყურადღება მიაქციეთ, რომ უძღები შვილის ძმა, გახარების ნაცვლად, „გაბრაზდა“. იმ ბერძნული სიტყვის ფუძე, რომელიც გადმოითარგმნა როგორც „გაბრაზდა“, იმდენად უცაბედ განრისხებას არ ნიშნავს, რამდენადაც განუწყვეტლივ გაღიზიანებულ აზროვნებას. როგორც ჩანს, უფროს ძმაში ღრმად იყო გამჯდარი გულისწყრომა და ამიტომ უმართებულოდ მიიჩნევდა ისეთი ვინმეს დაბრუნების ლხინით აღნიშვნას, რომელსაც სახლი არც უნდა დაეტოვებინა.

      6. ვის განასახიერებს უფროსი ძმა და რატომ?

      6 უფროსი ძმა შესანიშნავად განასახიერებს მათ, ვისაც სწყინდა, რომ იესო თანაგრძნობითა და მზრუნველობით ეკიდებოდა ცოდვილებს. საკუთარ სამართლიანობაში დაჯერებულ ამ ადამიანებზე იესოს გულმოწყალება გავლენას არ ახდენდა; ისინი არც იმ სიხარულს იზიარებდნენ, რომელსაც ცოდვილის მონანიება იწვევდა ცაში. პირიქით, იესოს გულმოწყალება მათ რისხვასა და გულში ‘ბოროტ ფიქრებს’ აღუძრავდა (მათე 9:2–4). ერთხელ ფარისევლები იმდენად განრისხდნენ, რომ დაუძახეს კაცს, რომელიც იესომ განკურნა, და სინაგოგიდან ‘გარეთ გამოაგდეს’ (იოანე 9:22, 34). უფროსი ძმის მსგავსად, რომელსაც სახლში „შესვლა აღარ უნდოდა“, იუდეველთა რელიგიური წინამძღოლებიც ჯიუტად უარზე იდგნენ, როდესაც ‘მოხარულებთან გახარების’ შესაძლებლობა ჰქონდათ (რომაელთა 12:15). იესომ იგავში კიდევ უფრო მეტად ამხილა მათი ბოროტი აზროვნება.

      მცდარი აზროვნება

      7, 8. ა) რა მხრივ არ ესმოდა უფროს ძმას, თუ რა იყო მამაშვილობა? ბ) რაში არ ჰგავდა უფროსი ძე მამას?

      7 „მამამისი გამოვიდა და თხოვდა. მან კი პასუხად უთხრა მამას: ‘აგერ, რამდენი წელია გემსახურები, არასოდეს შენს ბრძანებას არ გადავსულვარ და ერთხელაც არ მოგიცია ციკანი, რომ ჩემს მეგობრებთან მემხიარულა. ხოლო, როცა მოვიდა ეს შენი ვაჟი, რომელმაც თავისი ქონება მეძავებთან გაფლანგა, ნასუქალი ხბო დაუკალი’“ (ლუკა 15:28–30).

      8 ამ სიტყვებით უფროსმა ძმამ ცხადყო, რომ არ ესმოდა, თუ რა იყო ჭეშმარიტი მამაშვილობა. მამისადმი მისი დამოკიდებულება უფრო დამქირავებლისადმი მოსამსახურის დამოკიდებულებას ჰგავდა, რადგან მამას უთხრა: „გემსახურები“. მართალია, უფროსი ძე სახლიდან არასოდეს წასულა ან არასოდეს გადასულა მამის ბრძანებას, მაგრამ იყო მისი მორჩილება სიყვარულიდან გამომდინარე? ჰგვრიდა მას ნამდვილად სიამოვნებას მამისადმი მსახურება თუ თვითკმაყოფილების მორევში ცურავდა და დარწმუნებული იყო, რომ კარგი შვილი იყო მხოლოდ იმიტომ, რომ „მინდორში“ თავის მოვალეობას ასრულებდა? თუ ის ნამდვილად ერთგული ძე იყო, რატომ არ ირეკლავდა მამის აზროვნებას? როდესაც ძმისადმი გულმოწყალების გამოვლენის შესაძლებლობა მიეცა, თანაგრძნობამ რატომ ვერ მოიკიდა ფეხი მის გულში? (შეადარეთ ფსალმუნი 49:20–22).

      9. განმარტეთ, რით ჰგავდნენ იუდეველი რელიგიური წინამძღოლები უფროს ვაჟს.

      9 იუდეველი რელიგიური წინამძღოლები ამ უფროსი ძის მსგავსები იყვნენ. მათ სწამდათ, რომ ღვთისადმი ერთგულები იყვნენ, ვინაიდან მკაცრად იცავდნენ რჯულის ნებისმიერ წვრილმანს. მართალია, მორჩილება ძალზე მნიშვნელოვანია (პირველი მეფეთა 15:22). მაგრამ საქმეების განსაკუთრებით ხაზგასმამ მათთვის ღვთის თაყვანისცემა რუტინად აქცია, რასაც ერთგულების მხოლოდ იერი ჰქონდა შენარჩუნებული, ხოლო, სინამდვილეში, ჭეშმარიტ სულიერობას მოკლებული იყო. მათი გონება ტრადიციებით იყო გადაჭედილი, ხოლო გული სიყვარულს მოკლებული ჰქონდათ. ამიტომაც იყო, რომ ისინი უბრალო ხალხს ფეხზე მოცხებულ ტალახად მიიჩნევდნენ და ‘დაწყევლილ ხალხადაც’ კი მოიხსენიებდნენ ზიზღით (იოანე 7:49). მართლაც, როგორ მოეწონებოდა ღმერთს ასეთი წინამძღოლების საქმეები, როდესაც მათი გულები შორს იყო მისგან? (მათე 15:7, 8).

      10. ა) რატომ იყო მართებული რჩევა: „წყალობა მსურს და არა მსხვერპლი“? ბ) რამდენად სერიოზული საკითხია შეუწყალებლობა?

      10 იესომ ფარისევლებს უთხრა: „წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს: ‘წყალობა მსურს და არა მსხვერპლი’“ (მათე 9:13; ოსია 6:6). ფარისევლებს პრიორიტეტებზე ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ, რადგან გულმოწყალების გარეშე მათ მიერ გაღებულ არავითარ მსხვერპლს ფასი არ ჰქონდა. ეს, რა თქმა უნდა, სერიოზული საკითხია, ვინაიდან ბიბლიაში „უწყალონი“ მათ შორის არიან მოხსენიებული, ვინც ‘სიკვდილის ღირსია’ (რომაელთა 1:31, 32, სსგ). ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ, როგორც კლასზე, რელიგიურ წინამძღოლებზე იესომ თქვა, რომ ისინი მარადიული განადგურებისთვის არიან შემონახული. აშკარაა, მათთვის ასეთი განაჩენის გამოტანაში დიდი წვლილი შეუწყალებლობას მიუძღოდა (მათე 23:33). მაგრამ დახმარება შეიძლება ამ კლასის წარმომადგენლებსაც გაეწიოთ. იგავის დასასრულს მამის მიერ უფროსი შვილისადმი მიმართული სიტყვებით იესო ცდილობდა შეესწორებინა ასეთი იუდეველების აზროვნება. მოდით ვნახოთ, თუ როგორ.

      მამის გულმოწყალება

      11, 12. როგორ ცდილობს იესოს მიერ მოყვანილ იგავში მამა, უფროსი შვილის შეგონებას და რა არის საგულისხმო მამის მიერ ფრაზის, ‘შენი ძმის’, გამოყენებაში?

      11 „მან კი უთხრა: ‘შვილო, შენ მუდამ ჩემთან ხარ და, რაც კი რამ გამაჩნია, შენია. მაგრამ უნდა ვხარობდეთ და ვმხიარულობდეთ, ვინაიდან შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა’“ (ლუკა 15:31, 32).

      12 ყურადღება მიაქციეთ, რომ მამამ გამოიყენა გამოთქმა „შენი ძმა“. რატომ? გავიხსენოთ, რომ მამასთან ლაპარაკისას უფროსმა ბიჭმა უძღებ შვილს „შენი ვაჟი“ უწოდა და არა „ჩემი ძმა“. ის, როგორც ჩანს, არ აღიარებდა თავისსა და ღვიძლ ძმას შორის არსებულ ოჯახურ კავშირს. ამიტომ ახლა მამა, ფაქტობრივად, უფროს ბიჭს ეუბნება: „ის მხოლოდ ჩემი ძე კი არ არის, არამედ შენი ძმაცაა, შენი სისხლი და ხორცი. შენ ყოველგვარი საფუძველი გაქვს, გაიხარო მისი დაბრუნებით!“. იუდეველი წინამძღოლებისთვის იესოს სიტყვები ნათელი უნდა ყოფილიყო. ცოდვილები, რომლებიც მათ სძულდათ, სინამდვილეში, მათი ‘ძმები’ იყვნენ. მართლაც, „არ იპოვება ქვეყნად მართალი კაცი, რომელიც იქმოდეს კეთილ საქმეს და არ სცოდავდეს“ (ეკლესიასტე 7:20). ამიტომ ხელმძღვანელ იუდეველებს ყოველგვარი საფუძველი ჰქონდათ, გაეხარათ ცოდვილების მონანიებით.

      13. რა გამომაფხიზლებელი კითხვის წინაშე გვაყენებს იესოს იგავის მოულოდნელი დასრულება?

      13 მამის თხოვნის შემდეგ იგავი მოულოდნელად მთავრდება. იესო თითქოს მსმენელებს უტოვებს იგავის დასრულების შესაძლებლობას. როგორიც უნდა ყოფილიყო უფროსი შვილის რეაქცია, თითოეული მსმენელი დადგებოდა შემდეგი კითხვის პირისპირ: „გაიზიარებდი შენ იმ სიხარულს, რომელიც ზეცაში ცოდვილის მონანიების შედეგად ისადგურებს?“ დღეს ქრისტიანებსაც აქვთ ამ კითხვაზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა. როგორ?

      ღვთის გულმოწყალების მიბაძვა დღეს

      14. ა) გულმოწყალების საჭიროების შემთხვევაში როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ პავლეს რჩევა, რომელიც ეფესელთა 5:1-შია მოცემული? ბ) რომელი არასწორი გაგების მიმართ უნდა ვიყოთ ფხიზლად ღვთის გულმოწყალებასთან დაკავშირებით?

      14 პავლე ეფესელებს შეაგონებდა: „მიბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა“ (ეფესელთა 5:1). მაშასადამე, როგორც ქრისტიანები, ჩვენ მადლიერები უნდა ვიყოთ ღვთის გულმოწყალებისთვის, ღრმად უნდა ჩავინერგოთ გულებში და სხვებთან ურთიერთობაში გამოვავლინოთ ეს თვისება. მაგრამ საჭიროა სიფრთხილე. ღვთის გულმოწყალება ცოდვის შერბილებაში არ უნდა აგვერიოს. მაგალითად, შეიძლება ვინმემ დაუდევრად იფიქროს: „თუ შევცოდავ, ყოველთვის შემიძლია ღმერთს ლოცვაში პატიება ვთხოვო, ის კი შემიწყალებს“. ასეთი თვალსაზრისი იმის ტოლფასი იქნებოდა, რასაც ბიბლიის ერთ-ერთი მწერალი, იუდა, ‘ღვთის მადლის გახრწნილების საბაბად გადაქცევას’ უწოდებდა (იუდა 4, სსგ). მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვა გულმოწყალეა, მოუნანიებელ შემცოდველთან ის ‘შურისმგებელია’ (გამოსვლა 34:7; შეადარეთ იესო ნავეს ძე 24:19; 1 იოანე 5:16).

      15. ა) რატომ არის განსაკუთრებით უხუცესებისთვის აუცილებელი გულმოწყალებასთან დაკავშირებით გაწონასწორებული თვალსაზრისის შენარჩუნება? ბ) რას უნდა ცდილობდნენ უხუცესები მაშინ, როდესაც არ უნდა შეიწყნარონ შეგნებულად ცოდვის ჩამდენნი და რატომ?

      15 ამავე დროს, საჭიროა, ყურადღებით ვიყოთ და მოვერიდოთ მეორე უკიდურესობას — გავხდეთ უდრეკები და კრიტიკულები მათ მიმართ, რომლებიც ნამდვილ მონანიებასა და ღვთის გულისთვის თავიანთი ცოდვების გამო დანაღვლიანებას ავლენენ (2 კორინთელთა 7:11). რადგან უხუცესებს მიენდოთ იეჰოვას ცხვრებზე მზრუნველობა, მნიშვნელოვანია, რომ გაწონასწორებული თვალსაზრისი შეინარჩუნონ ამ საკითხთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც სამართლებრივ საკითხებს წყვეტენ. აუცილებელია ქრისტიანული კრების სიწმინდის შენარჩუნება; ამიტომ ბიბლიურად მართებულია გარიცხვის საშუალებით ‘ბოროტების მოშორება’ (1 კორინთელთა 5:11–13). ამავე დროს, კარგია გულმოწყალების გამოვლენა მაშინ, როდესაც ამისთვის აშკარა საფუძველი არსებობს. ამგვარად, უხუცესები არ იწყნარებენ შეგნებულად ჩადენილ ცოდვას, მაგრამ, ამავე დროს, ცდილობენ, სამართლიანობის ფარგლებში სიყვარულითა და გულმოწყალებით მოიქცნენ. მათ ყოველთვის ახსოვთ ბიბლიური პრინციპი: „მსჯავრი უწყალო იქნება მისთვის, ვისთვისაც უცხო იყო გულმოწყალება; მოწყალება მსჯავრზე უმძლავრესია“ (იაკობი 2:13, სსგ; იგავნი 19:17; მათე 5:7).

      16. ა) ბიბლიის გამოყენებით აჩვენეთ, რომ იეჰოვას ნამდვილად სურს, დაუბრუნდნენ გზასაცდენილები. ბ) როგორ შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ გვიხარია მომნანიებელი შემცოდველების დაბრუნება?

      16 უძღები შვილის შესახებ იგავი ნათელს ხდის, რომ იეჰოვას სურს გზასაცდენილი პიროვნების შემობრუნება. მართლაც, ღმერთი იწვევს შემცოდველს მანამ, სანამ იმის იმედი არსებობს, რომ ის მოინანიებს (ეზეკიელი 33:11; მალაქია 3:7; რომაელთა 2:4, 5; 2 პეტრე 3:9). უძღები შვილის მამასავით, იეჰოვა უპატივცემლოდ არ ეპყრობა დაბრუნებულებს და მათ ოჯახის სრულუფლებიან წევრებად ღებულობს. ბაძავთ ამაში იეჰოვას? როგორ რეაგირებთ თანამორწმუნის აღდგენაზე, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში გარიცხული იყო? უკვე ვიცით, რომ ამის გამო ‘სიხარულია ზეცაში’ (ლუკა 15:7). მაგრამ არის სიხარული დედამიწაზე, თქვენს კრებაში ან თქვენს გულში? თუ ვინმე, იგავში მოყვანილი უფროსი შვილის მსგავსად, განაწყენებულია და ფიქრობს, რომ სულაც არ არის საჭირო სიხარულით შეხვდეს მას, ვისაც თავიდანვე არ უნდა მიეტოვებინა ღვთის სამწყსო?

      17. ა) რა მდგომარეობა შეიქმნა პირველ საუკუნეში კორინთში და ამ საკითხთან დაკავშირებით რა რჩევა მისცა პავლემ კრების წევრებს? ბ) რატომ იყო პავლეს დარიგება პრაქტიკული და როგორ შეგვიძლია დღეს მისი გამოყენება? (იხილეთ მარჯვნივ მოცემული ჩარჩოც).

      17 ამ საკითხში საკუთარი თავის გამოკვლევის მიზნით, განვიხილოთ შემთხვევა, რომელიც დაახლოებით ახ. წ. 55 წელს მოხდა კორინთში. იქ ერთმა კაცმა, რომელიც კრებიდან გარიცხული იყო, საბოლოოდ, სრულიად სუფთა ზნეობრივი ცხოვრება დაიწყო. როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ძმები? უნდობლობა უნდა გამოევლინათ ამ მომნანიებლის მიმართ და მორიდებოდნენ მას? პირიქით, პავლე კორინთელებს მოუწოდებდა: „აპატიეთ და ნუგეში ეცით, რათა მეტისმეტმა ნაღველმა არ შთანთქას იგი. ამიტომ შეგაგონებთ, სიყვარული გამოიჩინოთ მის მიმართ“ (2 კორინთელთა 2:7, 8). ხშირად მომნანიებელი შემცოდველი განსაკუთრებით მგრძნობიარეა — ადვილად ვარდება სასოწარკვეთილებაში და თავს არარაობად მიიჩნევს. ამიტომ ასეთებისთვის აუცილებელია, დაარწმუნონ, რომ თანამორწმუნეებსა და იეჰოვას უყვართ ისინი (იერემია 31:2; რომაელთა 1:12). ეს მნიშვნელოვანია. რატომ?

      18, 19. ა) როგორ გამოავლინეს პირველ საუკუნეში კორინთელებმა მეტისმეტი შემწყნარებლობა? ბ) როგორ შეიძლებოდა შეუწყალებლობის შედეგად კორინთელებისთვის ‘სატანას ზიანი მიეყენებინა’?

      18 როდესაც პავლემ კორინთელებს მიმტევებლობის შესახებ რჩევა მისცა, ამის გაკეთების ერთ-ერთ მიზეზად შემდეგი ფაქტორი მოიყვანა: „ზიანი არ მოგვაყენოს სატანამ, ვინაიდან ჩვენთვის უცნობი არ არის მისი ზრახვები“ (2 კორინთელთა 2:11). რა ჰქონდა მას მხედველობაში? ადრე პავლემ კორინთის კრება გაკიცხა მეტისმეტი შემწყნარებლობისთვის. ისინი ზემოთ მოხსენიებულ კაცს საშუალებას აძლევდნენ, განეგრძო ცოდვის ჩადენა, და არ სჯიდნენ. ასე მოქმედებით კრება, განსაკუთრებით კი უხუცესები, სატანის წისქვილზე ასხამდნენ წყალს, რადგან მას ახარებს ქრისტიანული კრების გახრწნა (1 კორინთელთა 5:1–5).

      19 თუ ახლა უხუცესები მეორე უკიდურესობაში მოექცეოდნენ და არ აპატიებდნენ მომნანიებელს, სატანა, უბრალოდ, სხვა მეთოდით გააბამდა მათ მახეში. როგორ? ის ისარგებლებდა მათი უდრეკობითა და შეუწყალებლობით. რა მძიმე პასუხისგებას დაექვემდებარებოდნენ უხუცესები იეჰოვას წინაშე, მომნანიებელი შემცოდველი რომ ‘მეტისმეტ ნაღველს შთაენთქა’ ან, როგორც ერთ-ერთი თარგმანი აღნიშნავს, ‘იმდენად დამწუხრებულიყო, რომ, შედეგად, სულ მოდუნებულიყო’! (Today’s English Version) (შეადარეთ ეზეკიელი 34:6; იაკობი 3:1). მას შემდეგ, რაც თავის მიმდევრებს ‘ამ მცირეთაგანთა შეცდენის’ შესახებ აფრთხილებს, იესო უსაფუძვლოდ არ ამბობს: „ფრთხილად იყავით: თუ შენმა ძმამ შეგცოდოს, გაუწყერი მას; თუ მოინანიოს, მიუტევე“a (ლუკა 17:1–4).

      20. როგორ ისადგურებს სიხარული ზეცაშიც და დედამიწაზეც, როდესაც შემცოდველი ინანიებს?

      20 ყოველწლიურად წმინდა თაყვნისმცემლობას დაბრუნებული ათასები მადლიერები არიან იეჰოვას მიერ მათ მიმართ გამოვლენილი გულმოწყალებისთვის. „ეს იყო ჩემს ცხოვრებაში უბედნიერესი მომენტი“, — ამბობს ერთი აღდგენილი და. რა თქმა უნდა, მისი სიხარულით ანგელოზებმაც გაიხარეს. მოდით ჩვენც შევუერთდეთ იმ ‘სიხარულს ზეცაში’, რომელსაც შემცოდველის მონანიება იწვევს (ლუკა 15:7). ასე მოქმედებით იეჰოვას გულმოწყალებას მივბაძავთ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება