საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 15 დეკემბერი
    • მკითხველთა შეკითხვები

      ჭეშმარიტების მიღებამდე მე და ჩემმა მეუღლემ შვილის ყოლის მიზნით ხელოვნურ განაყოფიერებას მივმართეთ. ყველა ჩვენი განაყოფიერებული კვერცხუჯრედი (ემბრიონი) არ იქნა გამოყენებული; ექიმებმა ზოგიერთი მათგანი გაყინეს და შეინახეს. უნდა შევინარჩუნოთ განაყოფიერებული კვერცხუჯრედები, თუ შეიძლება მათი განადგურება?

      ეს არის ერთ-ერთი იმ უამრავი მნიშვნელოვანი მორალურ-ეთიკური საკითხიდან, რომელსაც ხვდებიან წყვილები, როცა ინ ვიტრო ანუ ხელოვნურ განაყოფიერებას მიმართავენ. თითოეულმა წყვილმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც განადიდებს იეჰოვას. ამიტომ კარგი იქნება, თუ გადაწყვეტილების მიღებამდე ცოლ-ქმარი გაეცნობა დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიას.

      პირველად, 1978 წელს ინგლისში ერთმა ქალბატონმა გააჩინა ბავშვი, რომელსაც მრავალმა „სინჯარის ბავშვი“ უწოდა. მას არ შეეძლო შვილის ყოლა, რადგან ფალოპის მილები ჰქონდა დახშული, რის გამოც ვერ ხდებოდა სპერმატოზოიდის კვერცხუჯრედთან შეხვედრა. ექიმებმა ოპერაციული გზით ამოიღეს მისი კვერცხუჯრედი და ქმრის სპერმით გაანაყოფიერეს სპეციალურ სინჯარაში. განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს ანუ ემბრიონს კვებავდნენ მასაზრდოებელი ნივთიერებებით. შემდეგ ემბრიონი გადაიტანეს ამ ქალის საშვილოსნოში, სადაც მოხდა მისი იმპლანტაცია (საშვილოსნოს კედელზე მიმაგრება). დროთა განმავლობაში დაიბადა პატარა გოგონა. ამ პროცედურას და მის სხვადასხვა ფორმას ინ ვიტრო (სინჯარაში) განაყოფიერება ეწოდება.

      სხვადასხვა ქვეყანაში ხელოვნური განაყოფიერების დეტალები შეიძლება განსხვავებული იყოს, მაგრამ მთლიანობაში ის მოიცავს შემდეგს: ცოლს კვირების მანძილზე აძლევენ უნაყოფობის სამკურნალო ძლიერ წამლებს, რომლებიც ასტიმულირებს მის საკვერცხეებს, რათა წარმოქმნას დიდი რაოდენობით კვერცხუჯრედები. ქმარს სთხოვენ, მასტურბაციის მეშვეობით გამოყოს სპერმა. შემდეგ ხდება ამ სპერმის დამუშავება და ლაბორატორიაში კვერცხუჯრედებთან შერწყმა. შეიძლება მოხდეს მრავალი კვერცხუჯრედის განაყოფიერება. შემდეგ ისინი იწყებენ გაყოფას და შედეგად წარმოიქმნებიან ემბრიონები. ერთი ან რამდენიმე დღის შემდეგ ამ ახლად წარმოქმნილ ემბრიონებს გულდასმით იკვლევენ, რათა განასხვაონ დეფექტიანი ჩანასახები მათგან, რომლებიც უფრო ჯანმრთელები ჩანან და მეტი ალბათობაა, რომ მოხდეს მათი იმპლანტაცია და განვითარება. დაახლოებით მესამე დღეს ცოლის საშვილოსნოში გადააქვთ ორი ან სამი საუკეთესო ემბრიონი, რათა უფრო მეტი იყოს დაორსულების ალბათობა. თუ მოხდება ერთი ან მეტი ემბრიონის იმპლანტაცია, ქალი დაორსულდება და მოსალოდნელია, რომ ბავშვს გააჩენს.

      მაგრამ რის თქმა შეიძლება იმ ემბრიონებზე, მათ შორის ნაკლებად ჯანმრთელ ან დეფექტიანებზე, რომელთა გადატანა არ მოხდა საშვილოსნოში? თუ არაფერს არ იღონებენ, ამ ემბრიონებს გადარჩენის არანაირი შანსი არ ექნებათ. ეს რომ არ მოხდეს, დარჩენილ ემბრიონებს ყინავენ თხევადი აზოტით. რატომ ცდილობენ ემბრიონების შენარჩუნებას? თუ ხელოვნური განაყოფიერების პირველი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, შეიძლება ამ შენახული ემბრიონების კვლავ საშვილოსნოში გადატანა და ეს უფრო ნაკლებ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მაგრამ სწორედ აქ იჩენს თავს ეთიკური საკითხები. ზემოხსენებული წყვილის მსგავსად, რომლებმაც ეს კითხვა დასვეს, ბევრი დგება გადაწყვეტილების წინაშე, თუ რა მოუხერხონ თავიანთ გაყინულ ემბრიონებს. შეიძლება მათ არ სურთ მეტი შვილის ყოლა ასაკის ან ფინანსური მდგომარეობის გამო. ან შესაძლოა, აშინებთ ის საფრთხეები, რომლებიც მრავალნაყოფიან ორსულობასთან არის დაკავშირებული.a სიტუაცია შეიძლება გაართულოს ერთ-ერთი ან ორივე მეუღლის სიკვდილმა ან ხელახლა დაქორწინებამ. დიახ, საფიქრალი ბევრია და შედეგად ზოგიერთი წყვილი გაყინული ემბრიონების შენახვისთვის თანხას იხდის.

      ერთმა მთავარმა ემბრიოლოგმა 2008 წელს „ნიუ-იორკ ტაიმზში“ დაწერა, რომ მრავალი პაციენტი მართლაც წუხს იმაზე, თუ რა უყონ დარჩენილ ემბრიონებს. სტატიაში ეწერა: „ჩვენი ქვეყნის კლინიკებში ყოველწლიურად სულ მცირე 400 000 ემბრიონს ყინავენ და მათი რიცხვი დღითი დღე იზრდება . . . ამ ემბრიონების გამოყენება შესაძლებელია ათი და მეტი წლის შემდეგაც, თუ სათანადოდ არიან გაყინული. მაგრამ გალღობის შემთხვევაში ყველა მათგანი არ გადარჩება“ (კურსივი ჩვენია). ეს უკანასკნელი ფაქტი საკმარისია, რომ ქრისტიანები კარგად დაფიქრდნენ ამ საკითხზე. რატომ?

      ქრისტიანებს, რომლებიც ხვდებიან ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, შეუძლიათ თავიანთი სიტუაცია სხვა სიტუაციას შეადარონ. ქრისტიანი შეიძლება გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდეს, როდესაც მისთვის ძვირფასი ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია და მას სიცოცხლე ხელოვნური სუნთქვის აპარატის მეშვეობით უნარჩუნდება. ჭეშმარიტი ქრისტიანები უარს არ ამბობენ სამედიცინო დახმარებაზე. გამოსვლის 20:13-ისა და ფსალმუნის 36:9-ის თანახმად მათთვის ძვირფასია სიცოცხლე. 1974 წლის 8 მაისის ჟურნალში „გამოიღვიძეთ!“ (ინგლ.) ეწერა: „რადგანაც აფასებენ ღვთის თვალსაზრისს სიცოცხლის სიწმინდესთან დაკავშირებით, ითვალისწინებენ საკუთარ სინდისს და პატივს სცემენ სახელმწიფო კანონებს, ისინი, ვისაც სურთ ბიბლიის პრინციპების თანახმად ცხოვრება, არასდროს დათანხმდებიან აქტიურ ევთანასიაზე“, ანუ პაციენტის სიცოცხლის განზრახ შეწყვეტაზე. მაგრამ ზოგ შემთხვევაში, სიცოცხლის შემნარჩუნებელი ტექნოლოგიები არის ერთადერთი საშუალება, რომ არ დაიღუპოს ჩვენი საყვარელი ადამიანი. ოჯახის წევრებმა უნდა გადაწყვიტონ, შეუნარჩუნონ თუ არა მათთვის ძვირფას ადამიანს ხელოვნური სუნთქვის აპარატით სიცოცხლე.

      ცხადია, ეს სიტუაცია არ არის ზუსტად ისეთი, როგორსაც შეხვდა ზემოხსენებული წყვილი, რომლებმაც ხელოვნურ განაყოფიერებას მიმართეს და ახლა მათი ემბრიონები შენახულია. ერთ-ერთი, რაც წყვილს შეიძლება შესთავაზონ არის ის, რომ შეწყვიტონ ამ გაყინული ემბრიონების შენარჩუნება და ექიმებს დართონ მათი გალღობის ნება. ხელოვნური გაყინვის გარეშე, ემბრიონები დიდხანს ვეღარ გაძლებენ და მათი გამოყენებაც შეუძლებელი იქნება. წყვილმა უნდა გადაწყვიტოს, მისცემს თუ არა ექიმებს ამის უფლებას (გალ. 6:7).

      ვინაიდან ცოლ-ქმარმა ბავშვის ყოლის მიზნით მიმართა ხელოვნურ განაყოფიერებას, მათ შეიძლება გადაწყვიტონ თანხის გადახდა, რათა შეინარჩუნონ გაყინული ემბრიონები ან გამოიყენონ ისინი მომავალში კიდევ ერთი ბავშვის გასაჩენად. მაგრამ სხვა წყვილმა, შესაძლოა, გადაწყვიტოს, აღარ განაგრძოს გაყინული ემბრიონების შენარჩუნება, ვინაიდან მიიჩნევს, რომ მათი შენარჩუნება მხოლოდ ხელოვნურად შეიძლება. ასეთი გადაწყვეტილების წინაშე მდგარი ქრისტიანები პასუხისმგებელნი არიან ღვთის წინაშე, მოიქცნენ ბიბლიით განსწავლული სინდისის შესაბამისად. მათ უნდა ჰქონდეთ სუფთა სინდისი, და ამავდროულად, არ უგულებელყონ სხვების სინდისი (1 ტიმ. 1:19).

      ასეთი გადაწყვეტილების წინაშე მდგარი ქრისტიანები პასუხისმგებელნი არიან ღვთის წინაშე, მოიქცნენ ბიბლიით განსწავლული სინდისის შესაბამისად

      რეპროდუქციული ენდოკრინოლოგიის ერთ-ერთი ექსპერტი ამბობს, რომ წყვილების უმეტესობა „დაბნეულია და საგონებელშია ჩავარდნილი, რადგან ისინი სერიოზული გადაწყვეტილების წინაშე დგანან, თუ რა გაუკეთონ თავიანთ [გაყინულ] ემბრიონებს“. ბოლოს ის ასკვნის: „როგორც ჩანს, მრავალი წყვილისთვის არც ერთი გადაწყვეტილება არ არის იდეალური“.

      ცხადია, თუ ჭეშმარიტი ქრისტიანები მაინც გადაწყვეტენ, მიმართონ ხელოვნურ განაყოფიერებას, ისინი უნდა დაფიქრდნენ ყველა იმ სერიოზულ შედეგზე, რომელიც ამ მეთოდის არჩევას მოყვება. ბიბლია გვირჩევს: „წინდახედული ხედავს უბედურებას და იმალება, გამოუცდელი კი გაივლის და სასჯელს დაიტეხს თავს“ (იგავ. 22:3).

  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 15 დეკემბერი
    • a რა შეიძლება ითქვას, თუ რამდენიმე ემბრიონის იმპლანტაცია მოხდა ან ჩანს, რომ ნაყოფს ანომალია აქვს? განზრახ ფეხმძიმობის შეწყვეტა აბორტის ტოლფასი იქნებოდა. ხელოვნური განაყოფიერებისას ჩვეულებრივი რამ არის მრავალნაყოფიანი (ტყუპი, სამი ან მეტი ნაყოფი) ორსულობა, რაც ზრდის ისეთ საშიშროებებს, როგორებიცაა ნაადრევი მშობიარობა და ძლიერი სისხლდენა. ქალს, რომელსაც მრავალნაყოფიანი ორსულობა აქვს, შეიძლება ურჩიონ ერთი ან მეტი ნაყოფის მოცილება. ეს იქნებოდა აბორტი, რაც მკვლელობას უტოლდება (გამ. 21:22, 23; ფსალმ. 139:16).

  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 15 დეკემბერი
ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება