-
უჩვეულო ქორწინება — ბოყაზი და რუთისაგუშაგო კოშკი — 2003 | 15 აპრილი
-
-
უჩვეულო ქორწინება — ბოყაზი და რუთი
ბეთლემის მახლობლად კალოზე გაცხოველებული მუშაობა მიმდინარეობს. ხანგრძლივი სამუშაო დღის შემდეგ მოშივებულ მომკელებს მოხალული მარცვლის სუნი კარნახობს, რომ უკვე ჭამის დროა. თითოეული მათგანი თავისი გარჯის ნაყოფით ისიამოვნებს.
ბოყაზი, მდიდარი მიწათმფლობელი, ვახშმობის შემდეგ მოსასვენებლად ერთ ზვინთან მიდის და წვება. ის დღეც დასასრულს უახლოვდება და დასაძინებლად ყველა მყუდრო ადგილს ეძებს. კმაყოფილი ბოყაზი სამოსელს იფარებს და ძილს ეძლევა.
საიდუმლო შეხვედრა
შუაღამისას ბოყაზს სიცივე აღვიძებს. კაცი გაოგნებულია: ფეხებთან სამოსლის კალთა გადაწეული აქვს და მის ფეხთით ვიღაც წევს! სიბნელეში ვერ ცნობს, ვინ არის და ეკითხება: „ვინა ხარ?“. ქალის ხმა პასუხობს: „რუთი ვარ, შენი მხევალი! გადმოაფარე შენს მხევალს შენი სამოსლის კალთა, რადგან ნათესავი ხარ“ (რუთი 3:1—9).
ისინი ღამის სიბნელეში მარტონი საუბრობენ. ჩვეულებრივ, კალოზე ქალები მარტო არ არიან ხოლმე (რუთი 3:14). მიუხედავად ამისა, ბოყაზის სიტყვისამებრ რუთი მის ფეხთით რჩება გარიჟრაჟამდე, შემდეგ კი დგება და მიდის, რათა თავი აარიდოს ზედმეტ მითქმა-მოთქმას.
იყო ეს რომანტიკული შეხვედრა? მოხერხებულად აცდუნა მდიდარი, დარბაისელი კაცი წარმართული ქვეყნიდან მოსულმა ახალგაზრდა ღარიბმა ქვრივმა? იქნებ ბოყაზმა ისარგებლა იმ ღამეს რუთის მდგომარეობითა და მარტოობით? არა. მომხდარი, ფაქტობრივად, ღვთისადმი ერთგულებისა და სიყვარულის გამოვლინება იყო. ეს ამბავი გულგრილს არავის დატოვებს.
-
-
უჩვეულო ქორწინება — ბოყაზი და რუთისაგუშაგო კოშკი — 2003 | 15 აპრილი
-
-
დღის ბოლოს რუთი ცეხვავს ქერს და დღის განმავლობაში მოგროვილი ქერი 22 ლიტრი გამოსდის. თავისი ნაშრომითა და მორჩენილი საკვებით ის სახლში, ნაყომისთან ბრუნდება (რუთი 2:15—18). ასე ხელდამშვენებული რძლის ნახვით ნასიამოვნები ნაყომი ეკითხება მას: „სად ჰკრეფდი შენ დღეს? . . კურთხეული იყოს, ვინც შენ მიგიღო!“. ნაყომი იგებს, რომ რუთი ბოყაზთან ყოფილა და ეუბნება: „კურთხეული იყოს ის უფლისაგან, რადგან წყალობა არ მოაკლო ცოცხლებს და მკვდრებს . . . ის კაცი ჩვენი ახლობელია, ჩვენი სანათესაოდან არის“ (რუთი 2:19, 20).
„მყუდრო ადგილის“ პოვნა
ნაყომის სურს რძალს „მყუდრო ადგილი“ (სსგ) ანუ სახლი მოუძებნოს. ამიტომაც გადაწყვიტა, ხელიდან არ გაუშვას შემთხვევა და ისარგებლოს ერთ-ერთი კანონით, რომელიც გამოსყიდვას ეხება (ლევიანები 25:25; მეორე რჯული 25:5, 6). დედამთილი რძალს მოქმედების ეფექტურ, მაგრამ ამავე დროს უჩვეულო, გეგმას სთავაზობს — რუთმა ბოყაზის ყურადღება უნდა მიიპყროს. კარგად დარიგებული და მომზადებული ახალგაზრდა ქალი ღამის სიბნელეში მის კალოზე მიდის. ხედავს, რომ კაცს სძინავს. ის ბოყაზის ფეხებთან წვება და მის გაღვიძებას ელოდება (რუთი 3:1—7).
ბოყაზი იღვიძებს. რუთის მოქმედება, ეჭვგარეშეა, ეხმარება, გაიგოს მისი თხოვნის მნიშვნელობა, ‘კალთა გადააფაროს თავის მხევალს’. ქალის საქციელი ხანში შესულ იუდაელს თავის ნათესაურ მოვალეობას შეახსენებს. ბოყაზი ხომ მახლონის, რუთის გარდაცვლილი ქმრის, ახლო ნათესავია (რუთი 3:9).
ბოყაზი არ ელოდა ღამით კალოზე რუთის სტუმრობას. მაგრამ მისი სიტყვები გვაფიქრებინებს, რომ რუთის თხოვნა ნათესაურ მოვალეობასთან დაკავშირებით მისთვის მთლად მოულოდნელიც არ უნდა ყოფილიყო. ბოყაზი მზადყოფნით გამოეხმაურა ქალის თხოვნას.
რუთის ხმაში, ალბათ, გარკვეული აღელვებაც ჩანს, რის გამოც ბოყაზი ეუბნება: „ახლა, ჩემო ასულო, ნუ გეშინია! ყველაფერს შეგისრულებ, რასაც მეტყვი, რადგან მთელმა ხალხმა იცის ქალაქში, რომ ღირსეული ქალი ხარ“ (რუთი 3:11).
ბოყაზს რუთის საქციელში ბიწიერების ნასახიც კი არ დაუნახავს. ეს აშკარად ჩანს მისი სიტყვებიდან: „კურთხეულ იყავ უფლისაგან, ჩემო ასულო! რაც ახლა სიკეთე ქენი, პირვანდელზე უკეთესია“ (რუთი 3:10). პირველ შემთხვევაში რუთმა სიყვარულით ნაკარნახები სიკეთე ნაყომის მიმართ გამოავლინა. ამ შემთხვევაში კი მან უანგაროდ ცნო გამომსყიდველად ბოყაზი, მასზე ბევრად უფროსი მამაკაცი, რადგანაც მისი ნათესავი იყო. რუთი მზად იყო, მახლონის სახელზე ნაყომისთვის მემკვიდრე გაეჩინა.
გამომსყიდველი უარს ამბობს მოვალეობის შესრულებაზე
მომდევნო დილით ბოყაზი ნაყომის უფრო ახლო ნათესავს უხმობს და ქალაქის მკვიდრთა და უხუცესების წინაშე დაახლოებით ასეთ სიტყვებს ეუბნება: ‘ახლა გიცხადებ, რომ შენ გაქვს უფლება, გამოისყიდო ნაყომის ნაკვეთი, რომელიც მის ქმარს, ელიმელექს ეკუთვნის და რომელსაც ყიდის ქვრივი’. ბოყაზი განაგრძობს: ‘გსურს გამოისყიდო? თუ არა, მე გამოვისყიდი’. ის მამაკაცი ამბობს, რომ თანახმაა, გამოისყიდოს მიწის ნაკვეთი (რუთი 4:1—4).
მალე ის გაოცებული რჩება! ბოყაზი მოწმეების თანდასწრებით ეუბნება: „როცა ყანას გამოისყიდი ნაყომის ხელიდან და მოაბელი რუთისაგან, გარდაცვლილის ცოლიც უნდა გამოისყიდო, რათა სახელი აღუდგინო გარდაცვლილს თავის სამკვიდროში“. იმის შიშით, რომ საკუთარ სამკვიდრებელს დააქცევს, ეს კაცი უარს აცხადებს გამოსყიდვაზე. „ვერ გამოვიხსნი“, — ამბობს ის (რუთი 4:5, 6).
ჩვეულების თანახმად, გამოსყიდვაზე უარის მთქმელს ფეხსაცმელი უნდა გაეხადა და მეორესთვის მიეცა. ამიტომ ის ბოყაზს ეუბნება: „შენთვის გამოისყიდე!“ და ფეხსაცმელს იხდის. მაშინ ბოყაზი უხუცესებსა და ყველა შეკრებილს მიმართავს: „დღეს თქვენ მოწმენი ხართ, გამოვისყიდე ნაყომის ხელიდან ელიმელექის მთელი საბადებელი, ქილიონის და მახლონის მთელი საბადებელი. ასევე მოაბელი რუთი, მახლონის ქვრივი, ცოლად გამოვისყიდე, რომ სახელი აღვუდგინო გარდაცვლილს თავის სამკვიდრებელში . . . ამის მოწმენი ხართ თქვენ დღეს!“ (რუთი 4:7—10).
კარიბჭესთან შეკრებილი ხალხი ბოყაზს ერთხმად ეუბნება: „ღმერთმა დალოცოს შენს სახლში შემომავალი ქალი რახელივით და ლეასავით, რომელთაც ააშენეს ისრაელის სახლი. ღირსეულად მოიქეცი ეფრათში და სახელი გაითქვი ბეთლემში!“ (რუთი 4:11, 12).
ხალხის ლოცვა-კურთხევით ბოყაზს რუთი ცოლად მოჰყავს. ქალი შობს ბავშვს, რომელსაც ყობედს არქმევენ. ამგვარად ხდებიან რუთი და ბოყაზი მეფე დავითისა და, შედეგად, იესო ქრისტეს წინაპრები (რუთი 4:13—17; მათე 1:5, 6, 16).
„სრული საზღაური“
მთელი ამ ისტორიიდან — დაწყებული იმით, თუ როგორ ესალმებოდა თავის მსახურებს და ელიმელექის სახელის შესანარჩუნებლად პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებით დამთავრებული — ბოყაზი ცხადყოფს, რომ ჩინებული მამაკაცია. ის საქმის კაცად არის ცნობილი და სხვებისგან პატივისცემით სარგებლობს. აქვე აღნიშვნის ღირსია მისი თავშეკავება, რწმენა და ერთგულება. ბოყაზი აგრეთვე გულუხვი, კეთილი, ზნეობრივად სუფთა ადამიანი იყო. ის იეჰოვას მითითებებს ერთგულად ასრულებდა.
-