-
სამოთხე აღდგენილია!ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
-
-
[მთელი 370 გვერდი დათმობილი აქვს სურათს]
-
-
სამოთხე აღდგენილია!ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
-
-
უკაცრიელი მიწა ხარობს
3. ესაიას წინასწარმეტყველების თანახმად, რა ცვლილებები მოხდება დედამიწაზე?
3 აღდგენილი სამოთხის შესახებ ღვთის შთაგონებით წარმოთქმულ წინასწარმეტყველებას ესაია შემდეგი სიტყვებით იწყებს: „მოილხენს უდაბნო და ხრიოკი, გაიხარებს ტრამალი და შროშანივით აყვავდება. აყვავდება და გაიხარებს, იქნება ლხენა და სიხარული; ლიბანის დიდება მიეცემა მას, ქარმელის და შარონის სიდიადე; იხილავენ ისინი უფლის დიდებას და ჩვენი ღმერთის სიდიადეს“ (ესაია 35:1, 2).
4. როდის და როგორ ემსგავსება იუდაელთა სამშობლო უდაბნოს?
4 ესაია ამ სიტყვებს დაახლოებით ძვ. წ. 732 წელს წერს. 125 წლის შემდეგ ბაბილონელები მიწასთან ასწორებენ იერუსალიმს და ტყვედ მიჰყავთ იუდას მკვიდრნი. მათი სამშობლო უკაცრიელდება და უდაბურდება (მეოთხე მეფეთა 25:8—11, 21—26). ამ დროს ზუსტად სრულდება იეჰოვას გამაფრთხილებელი სიტყვები — ისრაელი ერი ორგულობის გამო ტყვედ ვარდება (მეორე რჯული 28:15, 36, 37; მესამე მეფეთა 9:6—8). როდესაც ებრაელები უცხო ქვეყნის ტყვეობაში ხვდებიან, მათი მოვლილი ველ-მინდვრები და ბაღნარები 70 წლის მანძილზე უპატრონოდ რჩება და უდაბნოს ემსგავსება (ესაია 64:10; იერემია 4:23—27; 9:9—11).
5. ა) როგორ აღდგება ქვეყანაში სამოთხისებური პირობები? ბ) რა გაგებით ხედავს ხალხი „უფლის დიდებას“?
5 ესაია იმასაც წინასწარმეტყველებს, რომ ქვეყანა მარადიულად არ იქნება გაუდაბურებული. ის ნამდვილ სამოთხედ გადაიქცევა. „ლიბანის დიდება“ და „ქარმელისა და შარონის სიდიადე“ მიეცემა მასa. როგორ? ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ იუდაელებს კვლავ ეძლევათ მიწის დამუშავებისა და მორწყვის საშუალება, რის შემდეგაც ის ძველებურად უხვად იძლევა ნაყოფს. ამისთვის მხოლოდ იეჰოვას უნდა მიეგოს პატივი. მისი ნებით, მხარდაჭერითა და კურთხევით ექმნებათ იუდაელებს ასეთი სამოთხისებური პირობები. ისინი ხედავენ „უფლის დიდებას და... [თავიანთი] ღმერთის სიდიადეს“ და ესმით, რომ იეჰოვას ხელმა სასწაულებრივად განაახლა მათი ქვეყანა.
6. როგორ სრულდება ესაიას სიტყვები უფრო დიდი მნიშვნელობით?
6 მიუხედავად ამისა, ისრაელის აღდგენილ ქვეყანაში უფრო დიდი მნიშვნელობით სრულდება ესაიას სიტყვები. სულიერი გაგებით ისრაელი მრავალი წლის მანძილზე იყო გადამხმარი და გაუდაბურებული. ბაბილონში ტყვედ ყოფნის პერიოდში წმინდა თაყვანისმცემლობა სასტიკად იყო შევიწროებული. აღარ არსებობდა არც ტაძარი, არც სამსხვერპლო და არც ორგანიზებული სამღვდელოება. ყოველდღიური მსხვერპლი აღარ იწირებოდა. ახლა კი ესაია უდიდეს ცვლილებებს წინასწარმეტყველებს. ზერუბაბელის, ეზრასა და ნეემიას ხელმძღვანელობით ისრაელის 12 ტომის წარმომადგენლები იერუსალიმში ბრუნდებიან, ტაძარს ანახლებენ და იეჰოვას სრულიად თავისუფლად სცემენ თაყვანს (პირველი ეზრა 2:1, 2). ეს ნამდვილად სულიერი სამოთხეა!
სულით გაძლიერებულნი
7, 8. რატომ სჭირდებათ ტყვეობაში მყოფ იუდაელებს დადებითი განწყობილება და როგორ ამხნევებს მათ ესაიას სიტყვები?
7 ესაიას 35-ე თავში სასიხარულო ცნობაა მოცემული. ესაია ნათელ მომავალს უწინასწარმეტყველებს მომნანიებელ ერს. ის დიდი რწმენითა და ოპტიმიზმით ლაპარაკობს. ორი საუკუნის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნების წინ, ტყვეობაში მყოფ იუდაელებს ასეთივე რწმენა და ოპტიმიზმი ესაჭიროებათ. ესაიას მეშვეობით იეჰოვა წინასწარმეტყველურად მოუწოდებს მათ: „გააძლიერეთ ღონემიხდილი ხელები და მოკვეთილი მუხლები გაიმაგრეთ! უთხარით გულშემდრკალთ: გამაგრდით, ნუ გეშინიათ! აჰა, ღმერთი თქვენი, მოვა შურისგება, ღვთის საზღაური; ის მოვა და გიხსნით თქვენ“ (ესაია 35:3, 4).
8 ხანგრძლივი ტყვეობის დასასრულს ამოქმედების დრო დგება. სპარსეთის მეფე კიროსი, რომელსაც იეჰოვა ბაბილონის დამსჯელ იარაღად იყენებს, იერუსალიმში იეჰოვას თაყვანისმცემლობის აღდგენის ბრძანებას იძლევა (მეორე ნეშტთა 36:22, 23). ებრაელთა ათასობით ოჯახს სჭირდება ორგანიზება, რათა მშვიდობიანად ჩააღწიონ ბაბილონიდან იერუსალიმში. ჩასვლის შემდეგ მათ სათანადო საცხოვრებლების აგება და უდიდესი საქმისთვის — ტაძრისა და ქალაქის აღდგენისთვის — მზადება მოუწევთ. ბაბილონში მყოფ ზოგ იუდაელს შეიძლება აშინებდეს ეს ყველაფერი. მაგრამ ახლა სისუსტისა და შიშის დრო არ არის. იუდაელებმა უნდა გააძლიერონ ერთმანეთი და იეჰოვაზე უნდა დაამყარონ იმედი. ის აღუთქვამს მათ, რომ მშვიდობიანად ჩაივლის ყველაფერი.
9. რა დიდებული მომავალი ელით იუდაელებს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ?
9 ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლებულებს ნამდვილად ექნებათ სიხარულის მიზეზი, რადგან იერუსალიმში დაბრუნების შემდეგ მათ დიდებული მომავალი ელით. ესაია წინასწარმეტყველებს: „მაშინ აეხილებათ თვალები ბრმებს და ყრუებს სასმენელნი გაეხსნებათ. მაშინ ირემივით იხტუნებს მკელობელი და მუნჯის ენა იგალობებს“ (ესაია 35:5, 6ა).
10, 11. რატომ სრულდება ესაიას სიტყვები სამშობლოში დაბრუნებულ იუდაელთათვის სულიერი გაგებით და რა იგულისხმება ამაში?
10 იეჰოვას, როგორც ჩანს, მხედველობაში თავისი ხალხის სულიერი მდგომარეობა აქვს. განდგომილების გამო ისინი 70-წლიანი ტყვეობით იყვნენ დასჯილი. მაგრამ დასჯისას იეჰოვას თავისი ხალხი არც დაუბრმავებია, არც დაუყრუებია, არც დაუკოჭლებია და არც დაუმუნჯებია. ამიტომაც ისრაელი ერის განახლება არ მოითხოვს ფიზიკური დაავადებებისგან განკურნებას. იეჰოვა მას დანაკარგს, კერძოდ კი სულიერ ჯანმრთელობას, აღუდგენს.
11 მონანიების შემდეგ იუდაელები სულიერად იკურნებიან ანუ სულიერი მხედველობა და იეჰოვას სიტყვის მოსმენის, მორჩილებისა და ლაპარაკის უნარი უბრუნდებათ. მათ ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია იეჰოვასთან მჭიდრო ურთიერთობა. ისინი ‘გალობენ’ ანუ სიხარულით ადიდებენ, თავიანთ ღმერთს კარგი ქცევით. „მკელობელი“ ანუ ერთ დროს დავრდომილი გულმოდგინედ იღებს იეჰოვას თაყვანისმცემლობაში მონაწილეობას. ფიგურალურად ახლა ის „ირემივით იხტუნებს“.
იეჰოვა ამხნევებს თავის ხალხს
12. როგორ აკურთხებს იეჰოვა ქვეყანას წყლით?
12 ძნელი წარმოსადგენია სამოთხე წყლის გარეშე. ღვთის მიერ გაშენებულ სამოთხეში, ედემში, უხვად იყო წყალი (დაბადება 2:10—14). ისრაელებისთვის მიცემული მიწაც იყო ‘ნაკადულთა და წყაროთა ქვეყანა, სადაც ნიაღვრები მოედინებოდნენ’ (მეორე რჯული 8:7). ასე რომ, ესაია გამამხნევებელ სიტყვებს ეუბნება ხალხს: „ამოხეთქავს უდაბნოში წყალი და ტრამალზე — ნიაღვრები. დასიცხული მიწა ტბორად გადიქცევა და ხრიოკები წყაროსთვლებად; ტურების სადგომი, სადაც ბუდობენ, ლელით და ლერწმით გადამწვანდება“ (ესაია 35:6ბ, 7). როდესაც ისრაელები კვლავ იზრუნებენ თავიანთ ქვეყანაზე, გაპარტახებული მიწები, სადაც ტურები გაჰკიოდნენ, მთლიანად გადამწვანდება. ხრიოკებზე ‘ჭაობები’ გაჩნდება, სადაც ლერწმები და წყლის მოყვარული სხვა მცენარეები გაიხარებს (იობი 8:11).
13. რა უხვი სულიერი წყალი ექნება განახლებულ ერს?
13 მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ჭეშმარიტების სულიერი წყალია, რომელიც უხვად ექნებათ სამშობლოში დაბრუნებულ იუდაელებს. იეჰოვა თავისი სიტყვის მეშვეობით შემეცნებას მისცემს, გაამხნევებს და ანუგეშებს მათ. გარდა ამისა, ღვთის ერთგული უხუცესები და მთავრები ხალხისთვის იქნებიან, როგორც „წყლის ნაკადულები უდაბნოში“ (ესაია 32:1, 2). ეზრა, ანგია, იესო, ნეემია, ზაქარია და ზერუბაბელი, რომლებიც ხელს უწყობდნენ წმინდა თაყვანისმცემლობის აღორძინებას, ესაიას წინასწარმეტყველების შესრულების თვითმხილველნი გახდებიან (პირველი ეზრა 5:1, 2; 7:6, 10; ნეემია 12:47).
„წმიდა გზა“
14. აღწერეთ, როგორი გზა უნდა გაევლოთ იუდაელებს ბაბილონიდან იერუსალიმამდე.
14 აღსანიშნავია, რომ, ვიდრე ღმერთი ფიზიკური და სულიერი სამოთხისებური პირობებით აკურთხებს იუდაელებს, მათ ბაბილონიდან იერუსალიმში ჩასასვლელად გრძელი და არცთუ უხიფათო გზა უნდა განვლონ. პირდაპირი გზა ხრიოკ მიწაზე, არასტუმართმოყვარე ხალხის მიწაზე, გადის და 800 კილომეტრი სიგრძისაა. შედარებით უსაფრთხო გზა კი 1600 კილომეტრზეა გადაჭიმული. ნებისმიერი გზით მგზავრობა თვეების განმავლობაში ამინდსა თუ უამინდობაში ღია ცის ქვეშ ყოფნასა და მხეცებისა და გამხეცებული ხალხის თავდასხმის საშიშროების წინაშე ყოფნას ნიშნავს. მაგრამ ის, ვინც ესაიას წინასწარმეტყველებას ენდობა, მეტისმეტად არ ღელავს ამის გამო. რატომ?
15, 16. ა) როგორ მფარველობს იეჰოვა იუდაელებს სამშობლოსკენ მიმავალ გზაზე? ბ) სხვა რა გაგებით მიჰყავს იეჰოვას იუდაელები უსაფრთხო შარაგზაზე?
15 ესაიას მეშვეობით იეჰოვა ჰპირდება ხალხს: „შარაგზა იქნება იქ და წმიდა გზა დაერქმევა მას; უწმიდური იქ ვერ გაივლის; გზიანად მავალისთვის იქნება იგი და ბრიყვები არ იყიალებენ. არ გამოჩნდება იქ ლომი და სასტიკი მხეცი არ დაადგება მას, არ გაჭაჭანდება იქ; მხოლოდ გამოხსნილნი ივლიან“ (ესაია 35:8, 9). იეჰოვა იბრუნებს თავის ხალხს! ისინი მისი „გამოხსნილნი“ არიან, რომელთაც მფარველობას აღუთქვამს სამშობლოსკენ მიმავალ გზაზე. გადის თუ არა პირდაპირი გაგებით მოსწორებული, ამაღლებული და დაცული გზა ბაბილონიდან იერუსალიმამდე? არა, მაგრამ იეჰოვას მფარველობა იმდენად საიმედოა, რომ თითქოს მისი ხალხი სწორედ ასეთ შარაგზაზე მგზავრობდეს (შეადარეთ ფსალმუნი 90:1—16).
16 იუდაელები სულიერი საფრთხისგანაც დაცული არიან. ფიგურალური შარაგზა „წმიდა გზაა“. ვინც არ აფასებს იმას, რაც სულიერია და არ არის სულიერად წმინდა, არ ეძლევა ამ გზაზე მგზავრობის უფლება. საჭირო არ არის განახლებულ ქვეყანაში ასეთი ხალხის ჩასვლა. მართალ ადამიანებს სწორი აღძვრები ამოძრავებს ამისკენ. ისინი იუდასა და იერუსალიმში ეროვნული სიამაყისა და პირადი ინტერესების გამო არ ბრუნდებიან. სულიერად მოაზროვნე იუდაელებს ესმით, რომ მათი დაბრუნების ძირითადი მიზეზი თავიანთ ქვეყანაში იეჰოვას წმინდა თაყვანისმცემლობის აღორძინებაა (პირველი ეზრა 1:1—3).
იეჰოვას ხალხი ხარობს
17. როგორ ანუგეშებდა ესაიას წინასწარმეტყველება ღვთის ერთგულ იუდაელებს ხანგრძლივი ტყვეობის დროს?
17 ესაიას წინასწარმეტყველების 35-ე თავი სასიხარულო სიტყვებით მთავრდება: „უფლის გამოსყიდულნი დაბრუნდებიან და მხიარული ყიჟინით მივლენ სიონზე, საუკუნო სიხარული იქნება მათ თავზე, შვება და სიხარული ეწევა მათ და ტანჯვა-წუხილი განშორდებათ“ (ესაია 35:10). ტყვე იუდაელებს, რომელთათვისაც ნუგეში და იმედი იყო ეს წინასწარმეტყველება ბაბილონში ყოფნის დროს, შესაძლებელია აინტერესებდათ, ზუსტად როგორ შესრულდებოდა ის წვრილმანებში. ალბათ, არც ესმოდათ წინასწარმეტყველების ბევრი მხარე. მაგრამ ის კი დღესავით ნათელი იყო მათთვის, რომ ‘დაბრუნდებოდნენ და მივიდოდნენ სიონზე’.
18. როგორ იცვლება ბაბილონში მყოფი ხალხის ტანჯვა-მწუხარება ყიჟინითა და სიხარულით განახლებულ ქვეყანაში დაბრუნებისას?
18 ამიტომაც ძვ. წ. 537 წელს იეჰოვაზე სრულიად მინდობილი დაახლოებით 50000 კაცი (მათ შორის 7000 ყმა) ქალებთან და ბავშვებთან ერთად იერუსალიმისკენ მიმავალ გზას ადგება და ოთხ თვეს ატარებს მგზავრობაში (პირველი ეზრა 2:64, 65). რამდენიმე თვეში ისინი იეჰოვას სამსხვერპლოს ანახლებენ, რაც ტაძრის აღდგენისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია. ესაიას მიერ 200 წლის წინათ წარმოთქმული წინასწარმეტყველება სრულდება. ბაბილონში მყოფი ხალხის ტანჯვა-მწუხარება განახლებულ ქვეყანაში დაბრუნებისას ყიჟინითა და სიხარულით იცვლება. იეჰოვამ შეასრულა დანაპირები. სამოთხე როგორც პირდაპირი, ისე სულიერი გაგებით აღდგა!
-