-
„მე თქვენთანა ვარ“საგუშაგო კოშკი — 2006 | 15 აპრილი
-
-
„მე თქვენთანა ვარ“
«უთხრა. . . უფლის მოციქულმა ხალხს. . . „მე თქვენთანა ვარ“, — ამბობს უფალი» (ანგია 1:13).
1. დღევანდელობის რომელ წინასწარმეტყველურ პარალელზე მიუთითებდა იესო?
ჩვენ განსაკუთრებულ დროში ვცხოვრობთ. ბიბლიური წინასწარმეტყველებების შესრულება ცხადყოფს, რომ 1914 წლიდან „უფლის დღე“ დაიწყო (გამოცხადება 1:10). როგორც ვიცით, იესომ ის დრო, როდესაც „კაცის ძეს“ სამეფო ძალაუფლება ექნებოდა, „ნოეს დროსა“ და „ლოტის დროს“ შეადარა (ლუკა 17:26, 28). ამგვარად ბიბლია გვიჩვენებს, რომ ნოესა და ლოტის დღეებში მომხდარი მოვლენები დღევანდელობის წინასწარმეტყველური პარალელია. მაგრამ არსებობს სხვა პარალელი, რომელიც ჩვენი მხრიდან სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს.
2. რა დავალება მისცა იეჰოვამ ანგიასა და ზაქარიას?
2 გადავინაცვლოთ იმ დროში, როდესაც ებრაელი წინასწარმეტყველები, ანგია და ზაქარია, მსახურობდნენ. რას წინასწარმეტყველებდა ეს ორი ერთგული მსახური, რაც ჩვენს დროში მცხოვრებ იეჰოვას ხალხს ეხება? ანგია და ზაქარია იეჰოვას მაცნეები იყვნენ და მის სიტყვას ბაბილონიდან დაბრუნებულ იუდეველებს ამცნობდნენ. მათ დავალებული ჰქონდათ, ისრაელები დაერწმუნებინათ, რომ ტაძრის აღდგენისას იეჰოვა თავის ხალხს მხარს დაუჭერდა (ანგია 1:13; ზაქარია 4:8, 9). თუმცა ანგიასა და ზაქარიას წინასწარმეტყველებები მოცულობით დიდი არ არის, ეს წიგნები შედის ღვთისგან შთაგონებულ „მთელ წერილში“, რომელიც „სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და სიმართლეში აღსაზრდელად“ (2 ტიმოთე 3:16).
ეს ჩვენც უნდა გვაინტერესებდეს
3, 4. რატომ უნდა გვაინტერესებდეს ანგიასა და ზაქარიას წინასწარმეტყველებები?
3 რა თქმა უნდა, ანგიასა და ზაქარიას ცნობა სასარგებლო იყო იმ დღეებში მცხოვრები იუდეველებისთვის და მათი წინასწარმეტყველებები იმ დროს შესრულდა. მაშ, რატომ უნდა გვაინტერესებდეს ჩვენც ეს ორი წიგნი? ამ კითხვაზე პასუხის პოვნაში ებრაელების 12:26—29 გვეხმარება. აქ მოციქული პავლე ციტირებს სიტყვებს ანგიას 2:6-დან, სადაც ნათქვამია, რომ ღმერთი ‘შეარყევს ცასა და მიწას’. შედეგად, საბოლოოდ ‘დაემხობა სამეფოთა ტახტები და მოისპობა ხალხების სამეფოთა ძლიერება’ (ანგია 2:22).
4 ანგიას ციტირებისას პავლე აღნიშნავს, თუ რა მოუვა ‘ხალხების სამეფოებს’ და ლაპარაკობს იმ ურყევი სამეფოს უპირატესობაზე, რომელსაც ცხებული ქრისტიანები მიიღებენ (ებრაელები 12:28). აქედან ჩანს, რომ ანგიასა და ზაქარიას წინასწარმეტყველებები მიუთითებდა იმ დროზე, როდესაც წიგნი „ებრაელები“ დაიწერა, ანუ ახალი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეზე. დღესაც არის დედამიწაზე ცხებულ ქრისტიანთა დარჩენილი ნაწილი, რომლებიც იესოსთან ერთად მესიანური სამეფოს მემკვიდრენი არიან. მაშასადამე, ანგიასა და ზაქარიას წინასწარმეტყველებები ჩვენს დროსაც უნდა ეხებოდეს.
5, 6. რა მოვლენები უძღოდა წინ ანგიასა და ზაქარიას მსახურებას?
5 წიგნი „ეზრა“ მოგვითხრობს, თუ რა მოვლენები უსწრებდა წინ ანგიასა და ზაქარიას წინასწარმეტყველებებს. ძვ. წ. 537 წელს ბაბილონის ტყვეობიდან იუდეველების დაბრუნების შემდეგ, მმართველი ზერუბაბელი და მღვდელმთავარი იესო (იეშუა) ხელმძღვანელობდნენ ძვ. წ. 536 წელს ახალი ტაძრისთვის საძირკვლის ჩაყრას (ეზრა 3:8—13; 5:1). ამან ღვთის ხალხში დიდი სიხარული გამოიწვია, მაგრამ ცოტა ხანში ისინი შიშმა შეიპყრო. ეზრას 4:4-ში ნათქვამია, რომ მტრულად განწყობილი „იმ ქვეყნის ხალხი ხელს უშლიდა იუდას ხალხს და აფრთხობდნენ მათ შენებისაგან“. ეს მოწინააღმდეგეები, განსაკუთრებით კი სამარიელები, ცრუ ბრალდებებს უყენებდნენ იუდეველებს. მათ სპარსეთის მეფე დაარწმუნეს, რომ შეეჩერებინა ტაძრის მშენებლობა (ეზრა 4:10—21).
6 ენთუზიაზმი, რომელიც ხალხს თავიდან ჰქონდა, გაქრა. იუდეველებმა პირადი ცხოვრების მოწყობა დაიწყეს. მაგრამ ძვ. წ. 520 წელს, ტაძრის საძირკვლის ჩაყრიდან 16 წლის შემდეგ, იეჰოვამ დანიშნა ანგია და ზაქარია, რომლებიც ხალხს მოუწოდებდნენ, განეახლებინათ ტაძრის მშენებლობა (ანგია 1:1; ზაქარია 1:1). ღვთის მაცნეების სიტყვებითა და იეჰოვას მხარდაჭერით გამხნევებულმა იუდეველებმა განაახლეს ტაძრის მშენებლობა და ძვ. წ. 515 წელს დაასრულეს იგი (ეზრა 6:14, 15).
7. რით ჰგავს დღევანდელ მდგომარეობას ანგიასა და ზაქარიას დღეებში არსებული მდგომარეობა?
7 იცით, რა მნიშვნელობა აქვს ყოველივე ამას ჩვენთვის? ჩვენ დავალებული გვაქვს, ვიქადაგოთ „სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ“ (მათე 24:14). ამ საქმიანობას განსაკუთრებული ყურადღება მიექცა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. როგორც ძველად იუდეველები იყვნენ გათავისუფლებულები პირდაპირი გაგებით ბაბილონის ტყვეობიდან, ისე იეჰოვას თანამედროვე მსახურები გათავისუფლდნენ დიდი ბაბილონის, ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელის, ტყვეობიდან. ღვთის ცხებულებმა გულმოდგინედ დაიწყეს ქადაგება, სწავლება და ხალხის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში მოყვანა. ეს საქმიანობა დღეს კიდევ უფრო ფართო მასშტაბით მიმდინარეობს და, შესაძლოა, თქვენც იღებთ მასში მონაწილეობას. ახლა ამის კეთების დროა, რადგან დღევანდელი ბოროტი სისტემის აღსასრული ახლოს არის! ეს ღვთის მიერ დაკისრებული საქმე იმ დრომდე უნდა გაგრძელდეს, ვიდრე იეჰოვა არ ჩაერევა ადამიანთა საქმეებში „დიდი გასაჭირის“ დროს (მათე 24:21). შედეგად ბოროტება აღმოიფხვრება და დედამიწაზე ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა გაბატონდება.
8. რატომ შეგვიძლია, დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ღმერთი მხარს დაგვიჭერს სამქადაგებლო საქმიანობაში?
8 როგორც ანგიასა და ზაქარიას წინასწარმეტყველებები ცხადყოფს, თუ მთელი გულით ვიღებთ მონაწილეობას ამ საქმიანობაში, შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ იეჰოვა მხარს დაგვიჭერს და გვაკურთხებს. მიუხედავად ზოგიერთის მცდელობისა, ხელი შეუშალოს ღვთის მსახურებს ან აკრძალოს მათი საქმიანობა, ვერც ერთი მთავრობა ვერ შეძლებს, შეაჩეროს სამქადაგებლო საქმიანობის წინსვლა. დაფიქრდით, თუ როგორ აკურთხა იეჰოვამ სამეფოს შესახებ საქმიანობა პირველი მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდიდან დღემდე. მაგრამ ჯერაც ბევრი საქმეა გასაკეთებელი.
9. ძველ დროში მომხდარ რომელ შემთხვევას უნდა მივაქციოთ ყურადღება და რატომ?
9 როგორ აღგვძრავს ანგიასა და ზაქარიას წინასწარმეტყველებების განხილვა, უფრო მეტად დავემორჩილოთ ღვთის მითითებას ქადაგებასა და ხალხის სწავლებასთან დაკავშირებით? მოდი ყურადღება მივაქციოთ, თუ რის სწავლა შეგვიძლია ბიბლიის ამ ორი წიგნიდან. მაგალითად, განვიხილოთ რამდენიმე დეტალი, რომლებიც ტყვეობიდან დაბრუნებული იუდეველების მიერ ტაძრის აღდგენის საქმიანობასთან იყო დაკავშირებული. როგორც უკვე აღინიშნა, ბაბილონიდან იერუსალიმში დაბრუნებულმა ებრაელებმა ტაძრის საძირკვლის ჩაყრის შემდეგ მშენებლობა შეწყვიტეს. რა არასწორი თვალსაზრისი განუვითარდათ მათ? და რის სწავლა შეგვიძლია აქედან?
სწორი თვალსაზრისის განვითარება
10. რა არასწორი თვალსაზრისი განივითარეს იუდეველებმა და რა იყო შედეგი?
10 იერუსალიმში დაბრუნებული იუდეველები ამბობდნენ: „ჯერ არ დამდგარაო ჟამი“ (ანგია 1:2). ძვ. წ. 536 წელს, როდესაც მათ ტაძრის საძირკვლის ჩაყრა დაიწყეს, ისინი არ ამბობდნენ: „ჯერ არ დამდგარაო ჟამი“. მაგრამ მალე მათზე გავლენა იქონია მეზობელი ერების წინააღმდეგობამ და მმართველების მხრიდან ხელის შეშლამ. იუდეველებმა მთელი ყურადღება საკუთარ სახლებსა და ცხოვრების კომფორტულად მოწყობაზე გადაიტანეს. იეჰოვამ ხაზი გაუსვა იმ განსხვავებას, რომელიც ძვირფასი ხით მოპირკეთებულ იუდეველთა სახლებსა და დაუმთავრებელ ტაძარს შორის არსებობდა, როდესაც ჰკითხა მათ: „იმის ჟამი კი არის, რომ გადახურულ სახლებში ისხდეთ, ეს სახლი კი მიგდებული იყოს?“ (ანგია 1:4).
11. რატომ მისცა იეჰოვამ რჩევა ანგიას დღეებში მცხოვრებ იუდეველებს?
11 დიახ, იუდეველებს არასწორი თვალსაზრისი განუვითარდათ იმასთან დაკავშირებით, თუ რა იყო უმთავრესი. ტაძრის აღდგენის შესახებ იეჰოვას განზრახვის პირველ ადგილზე დაყენების ნაცვლად, ღვთის ხალხმა ყურადღება საკუთარ თავსა და სახლებზე გადაიტანა. ღვთის სახლზე მუშაობა კი უგულებელყვეს. ანგიას 1:5-ში ჩაწერილი სიტყვებით იეჰოვამ იუდეველებს მოუწოდა: „დაუკვირდით თქვენს საქციელს“. იეჰოვამ უთხრა მათ, დაფიქრებულიყვნენ, თუ რას აკეთებდნენ და როგორ მოქმედებდა მათზე ის, რომ ტაძრის მშენებლობის საქმე პირველ ადგილზე არ დააყენეს.
12, 13. როგორ აღწერს ანგიას 1:6 იუდეველთა მდგომარეობას და რას ნიშნავს ეს მუხლი?
12 როგორც ხედავთ, იუდეველების მიერ პრიორიტეტების არასწორად დადგენამ გავლენა იქონია მათზე. ყურადღება მიაქციეთ, თუ რა თქვა იეჰოვამ ანგიას 1:6-ში: „ბევრს თესავთ, მაგრამ ცოტას იმკით; ჭამთ, მაგრამ ვერ ძღებით; სვამთ, მაგრამ ვერ იკლავთ წყურვილს; იცვამთ, მაგრამ ვერ თბებით. გახვრეტილი ქისისთვის იღებს მშრომელი შრომის საზღაურს“.
13 იუდეველები ცხოვრობდნენ ქვეყანაში, რომელიც ღმერთმა მისცა მათ, მაგრამ მიწა ისეთი ნაყოფიერი არ იყო, როგორიც მათ სურდათ. იეჰოვას გაფრთხილების თანახმად, მათ არ ჰქონდათ მისი კურთხევა (მეორე რჯული 28:38—48). ღვთის მხარდაჭერის გარეშე იუდეველები თესავდნენ, მაგრამ მწირ მოსავალს იღებდნენ და საკმარისი საკვები არ ჰქონდათ. იეჰოვას კურთხევის გარეშე იუდეველებს არ შეეძლოთ, თბილი ტანსაცმლით შემოსილიყვნენ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ისინი ფულს გახვრეტილ ქისაში დებდნენ და გამომუშავებული თანხიდან ვერავითარ სარგებლობას ვერ იღებდნენ. რა შეიძლება ითქვას შემდეგ სიტყვებზე: «სვამთ, მაგრამ ვერ იკლავთ წყურვილს [„ვერ თვრებით“, აქ]»? შეუძლებელია აქ ლაპარაკი ყოფილიყო იმაზე, რომ დათრობა ღვთის კურთხევის მაჩვენებელია, რადგან ღმერთი განსჯის ლოთობას (1 მეფეთა 25:36; იგავები 23:29—35). ეს სიტყვები კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ იუდეველებს ღვთის კურთხევა არ ჰქონდათ. მათ იმდენად მცირე რაოდენობით შეეძლოთ ღვინის დაყენება, რომ ის დასათრობად საკმარისი არ იქნებოდა. „გადამუშავებული სტანდარტული თარგმანი“ ანგიას 1:6-ს ასე თარგმნის: „სვამთ, მაგრამ არასოდეს გყოფნით“.
14, 15. რას ვსწავლობთ ანგიას 1:6-დან?
14 ყოველივე ამის განხილვის მიზანი არ არის ის, რომ ვისწავლოთ, როგორ მოვიწყოთ და გავილამაზოთ სახლები. ბაბილონის ტყვეობაში წაყვანამდე დიდი ხნით ადრე წინასწარმეტყველმა ამოსმა გაკიცხა ისრაელში მცხოვრები მდიდრები, რომლებსაც „სპილოსძვლის სახლები“ ჰქონდათ და „განისვენებდნენ სპილოს ძვლის საწოლზე“ (ამოსი 3:15; 6:4). მდიდრული სახლები და მოჩუქურთმებული ავეჯი იუდეველებს დიდხანს არ ჰქონიათ. მათი სიმდიდრე დამპყრობლებმა წაიღეს. მაგრამ 70-წლიანი გადასახლების შემდეგაც კი ღვთის ხალხიდან ბევრმა ვერაფერი ისწავლა. ჩვენ ვისწავლით? მართებული იქნებოდა, თითოეულ ჩვენგანს საკუთარი თავისთვის დაესვა კითხვა: „გულწრფელად რომ ვთქვა, რამდენ ყურადღებას ვუთმობ ჩემს სახლს და მის მოწყობას? რას ვფიქრობ დამატებითი განათლების მიღებაზე, რათა კარიერა შევიქმნა, თუმცა ამას შეიძლება წლები დასჭირდეს და ღვთის თაყვანისმცემლობაში მნიშვნელოვან საქმეებს ჩამომაცილოს?“ (ლუკა 12:20, 21; 1 ტიმოთე 6:17—19).
15 ანგიას 1:6-ში ჩაწერილმა სიტყვებმა იმ დასკვნამდე უნდა მიგვიყვანოს, რომ ჩვენ ღვთის კურთხევა გვჭირდება. ძველ დროში მცხოვრებ იმ იუდეველებს ღვთის კურთხევები არ ჰქონდათ, რაც მათთვის სავალალო იყო. იმისდა მიუხედავად, გვაქვს თუ არა სიმდიდრე, იეჰოვას კურთხევების გარეშე ეს აშკარად სავალალო იქნება ჩვენი სულიერობისთვის (მათე 25:34—40; 2 კორინთელები 9:8—12). მაგრამ, როგორ შეგვიძლია იეჰოვასგან კურთხევის მიღება?
იეჰოვა თავისი წმინდა სულით გვეხმარება
16—18. რას ნიშნავდა ზაქარიას 4:6-ში ჩაწერილი სიტყვები იუდეველებისთვის?
16 ანგიას თანამედროვე წინასწარმეტყველმა, ზაქარიამ ხაზგასმით აღნიშნა, თუ რის საშუალებით აღძრა და აკურთხა იეჰოვამ თავისი ერთგულები. აქედან ჩანს, თუ როგორ გაკურთხებთ იეჰოვა თქვენც. ზაქარიას წინასწარმეტყველებაში ვკითხულობთ: „არა ძალითა და ძლიერებით, არამედ ჩემი სულითო, — ამბობს ცაბაოთ უფალი“ (ზაქარია 4:6). შეიძლება ხშირად მოგისმენიათ ეს მუხლი, მაგრამ რა მნიშვნელობა ჰქონდა მასში ჩაწერილ სიტყვებს ანგიასა და ზაქარიას დღეებში მცხოვრები იუდეველებისთვის და რა მნიშვნელობა აქვს დღეს თქვენთვის?
17 გაიხსენეთ, რა შესანიშნავი შედეგი გამოიღო წარსულში ღვთის შთაგონებით ანგიასა და ზაქარიას მიერ წარმოთქმულმა სიტყვებმა. ამ ორი წინასწარმეტყველის სიტყვებმა ერთგულ იუდეველებს ენთუზიაზმი დაუბრუნა. ანგიამ წინასწარმეტყველება ძვ. წ. 520 წლის მეექვსე თვეში დაიწყო, ზაქარიამ კი — იმავე წლის მერვე თვეში (ზაქარია 1:1). ანგიას 2:18-დან ჩანს, რომ ტაძრის საძირკველზე მუშაობას მეცხრე თვიდან კვლავ გულმოდგინედ შეუდგნენ. ამგვარად, იუდეველები ამოქმედდნენ და იეჰოვას მხარდაჭერაში დარწმუნებულნი დაემორჩილნენ მას. ზაქარიას 4:6 მოგვითხრობს, თუ როგორ უჭერდა მხარს იეჰოვა თავის ხალხს.
18 სამშობლოში დაბრუნებულ იუდეველებს ძვ. წ. 537 წელს არანაირი სამხედრო ძალა არ ჰყავდათ. მიუხედავად ამისა, იეჰოვა იცავდა მათ და ბაბილონიდან მომავალ თავის ხალხს ხელმძღვანელობას უწევდა. ცოტა ხნის შემდეგ მისი წმინდა სული ხელმძღვანელობდა ტაძრის სამუშაოებს. როგორც კი ისინი კვლავ გულმოდგინედ დაიწყებდნენ მუშაობას, იეჰოვა თავისი წმინდა სულით დაეხმარებოდა მათ.
19. რომელი ძლიერი წინააღმდეგობის გადალახვაში დაეხმარებოდა იუდეველებს ღვთის სული?
19 იეჰოვამ რვა ხილვა მისცა ზაქარიას, რითაც დაარწმუნა, რომ ის თავის ხალხთან იქნებოდა, თუ ისინი ერთგულად დაასრულებდნენ ტაძრის მშენებლობას. მე-3 თავში ჩაწერილი მეოთხე ხილვიდან ჩანს, რომ სატანა წინააღმდეგობას უწევდა იუდეველებს, რომლებიც ტაძრის მშენებლობის ბოლომდე მიყვანას ცდილობდნენ (ზაქარია 3:1). ცხადია, სატანისთვის სასიამოვნო არ იქნებოდა იმის დანახვა, თუ როგორ ასრულებდა მღვდელმთავარი იესო ახალ ტაძარში ღვთის ხალხის სასარგებლოდ მსახურებას. ეშმაკისგან დაბრკოლებების მიუხედავად, იეჰოვას სული მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა ამ დაბრკოლებების დაძლევაში და იუდეველებს იმის ძალას მისცემდა, რომ ტაძრის მშენებლობა ბოლომდე მიეყვანათ.
20. როგორ დაეხმარა იუდეველებს წმინდა სული ღვთის ნების შესრულებაში?
20 იმ მმართველების მხრიდან გაწეული წინააღმდეგობა, რომლებმაც ტაძრის მშენებლობის აკრძალვაზე ბრძანება მოიპოვეს, თითქოს დიდ მთასავით გადაულახავი ჩანდა. მაგრამ იეჰოვამ თავის ხალხს აღუთქვა, რომ ეს მოჩვენებითი „მთა“ ჩამოშორებულ იქნებოდა და ‘გასწორდებოდა’ (ზაქარია 4:7). ეს ასეც მოხდა! მეფე დარიოს I-მა გამოიკვლია საქმის ვითარება და იპოვა კიროსის ბრძანება, რომელიც იუდეველებს ტაძრის აღდგენის უფლებას აძლევდა. ასე რომ, დარიოსმა გააუქმა ის აკრძალვა და ბრძანა, რომ სახელმწიფო ხაზინიდან გაეცათ ფული იუდეველთა დასახმარებლად, რათა მათ ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯები დაეფარათ. რა საოცრად შეიცვალა მდგომარეობა! შეასრულა ამაში ღვთის სულმა თავისი როლი? უდავოდ. ძვ. წ. 515 წელს, დარიოს I-ის მმართველობის მეექვსე წელს, ტაძრის მშენებლობა დასრულდა (ეზრა 6:1, 15).
21. ა) როგორ ‘შეარყია ყველა ხალხი’ ღმერთმა ძველ დროს და როგორ შეიკრიბა „ხალხთა საუნჯე“? ბ) როგორ სრულდება ეს წინასწარმეტყველება დღეს?
21 ანგიას 2:5-ში წინასწარმეტყველი იუდეველებს შეახსენებს შეთანხმებას, რომელიც ღმერთმა მათ სინას მთასთან დაუდო მაშინ, როდესაც „ძლიერ ირყეოდა მთელი მთა“ (გამოსვლა 19:18). როგორც მე-6 და მე-7 მუხლებშია ხატოვანი ენით აღწერილი, ანგიასა და ზაქარიას დღეებში იეჰოვა კიდევ ერთხელ აპირებდა დიდი ‘შერყევის’ მოხდენას. სპარსეთის იმპერიაში მდგომარეობა არასტაბილური გახდებოდა, მაგრამ ტაძრის მშენებლობა წინ წაიწევდა და დასრულდებოდა. ბოლოს არაიუდეველები, „ხალხთა საუნჯე“ (აქ), თაყვანისმცემლობის ამ ადგილზე იუდეველებთან ერთად განადიდებდნენ ღმერთს. უფრო ფართო მასშტაბით, ჩვენს დღეებში ქრისტიანების ქადაგებით ღმერთი ‘არყევს ყველა ხალხს’ და ცხებულთა დარჩენილ ნაწილს ღვთის თაყვანისმცემლობაში „ხალხთა საუნჯე“ უერთდება. მართლაც, დღეს ცხებულები და სხვა ცხვრები დიდებით ავსებენ იეჰოვას სახლს. ეს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები რწმენით ელოდებიან დროს, როდესაც იეჰოვა სხვა გაგებით ‘შეარყევს ცასა და მიწას’. და ეს იმისთვის მოხდება, რომ დაემხოს და განადგურდეს ხალხების სამეფოთა სიძლიერე (ანგია 2:22).
22. როგორ ხდება დღეს ხალხების ‘შერყევა’, რა არის შედეგი და კიდევ რა უნდა მოხდეს?
22 ეს სიტყვები შეგვახსენებს იმ შერყევას, რომელიც ‘ცითა და მიწით, ზღვითა და ხმელეთით’ წარმოდგენილ სხვადასხვა ელემენტს ეხება. ამ რადიკალურ ცვლილებათაგან ერთ-ერთი ის იყო, რომ სატანა ეშმაკი და მისი დემონები დედამიწაზე იქნენ გადმოყრილნი (გამოცხადება 12:7—12). გარდა ამისა, სამქადაგებლო საქმიანობა, რომელსაც ღვთის ცხებულები უწევენ ხელმძღვანელობას, ნამდვილად არყევს დედამიწაზე თანამედროვე სისტემის ელემენტებს (გამოცხადება 12:7—12). მიუხედავად ამისა, იეჰოვასადმი მსახურებაში სულიერ ისრაელს ხალხთა საუნჯე, „უამრავი ხალხი“, უერთდება (გამოცხადება 7:9, 10). უამრავი ხალხი ცხებულ ქრისტიანებთან ერთად ქადაგებს სასიხარულო ცნობას იმის შესახებ, რომ ღმერთი მალე არმაგედონში შეარყევს ხალხებს. ამის შედეგად მთელ დედამიწაზე ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა სრულყოფილებას მიაღწევს.
-
-
გაიმაგრეთ ხელები!საგუშაგო კოშკი — 2006 | 15 აპრილი
-
-
გაიმაგრეთ ხელები!
„გაიმაგრეთ ხელები, ვინც ისმენდით იმ დღეებში იმ წინასწარმეტყველთა ნათქვამ სიტყვებს“ (ზაქარია 8:9).
1, 2. რატომ არის მართებული, დავინტერესდეთ ანგიასა და ზაქარიას წიგნებით?
ანგიასა და ზაქარიას წინასწარმეტყველებები დაახლოებით 2 500 წლის წინათ დაიწერა, მაგრამ ისინი თქვენთვისაც მნიშვნელოვანია. ამ ორ წიგნში მოცემულ ინფორმაციას მხოლოდ ისტორიული ღირებულება როდი აქვს. ისინი იმ „ყოველივეს“ ნაწილია, „რაც წინათ დაიწერა. . . ჩვენს სასწავლებლად“ (რომაელები 15:4). ამ წინასწარმეტყველებების დიდი ნაწილი, გვაფიქრებს რეალურ მოვლენებზე, რომლებიც 1914 წელს ზეცაში სამეფოს დამყარებიდან ხდება.
2 მოციქული პავლე იმის შესახებ, რაც დიდი ხნის წინათ ღვთის ხალხს გადახდა, წერდა: „რაც მათ დაემართათ, ჩვენთვის გაკვეთილია და ჩვენ გასაფრთხილებლად დაიწერა, რომლებზეც ამ სისტემის აღსასრულმა მოაწია“ (1 კორინთელები 10:11). თქვენ შეიძლება დაინტერესდეთ: „დღეს რა მნიშვნელობა აქვს ანგიასა და ზაქარიას წიგნებს?“
3. რაზე ამახვილებდნენ ყურადღებას ანგია და ზაქარია?
3 როგორც წინა სტატიაში აღინიშნა, ანგიასა და ზაქარიას წინასწარმეტყველებები ეხებოდა დროს, როდესაც იუდეველები ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლდნენ და ღვთის მიერ მიცემულ მიწაზე დაბრუნდნენ. ეს ორი წინასწარმეტყველი ყურადღებას ამახვილებდა ტაძრის აღდგენაზე. ძვ. წ. 536 წელს იუდეველებმა ტაძარს საძირკველი ჩაუყარეს. თუმცა ზოგიერთი ხანდაზმული იუდეველი წარსულს მისტიროდა, მთლიანობაში ხალხმა „სიხარულის ყიჟინა დასცა“. მაგრამ ჩვენს დღეებში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ ხდება. რა? (ეზრა 3:3—13).
4. რა მოხდა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მალევე?
4 პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, მალევე, იეჰოვას ცხებული მსახურები დიდი ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლდნენ. ეს იეჰოვას მხრიდან დიდი მხარდაჭერის მაჩვენებელი იყო. თავიდან ისე ჩანდა, თითქოს რელიგიურმა წინამძღოლებმა და მათმა პოლიტიკურმა მხარდამჭერებმა შეაჩერეს ბიბლიის მკვლევართა სამქადაგებლო და მოწაფეების მომზადების საქმიანობა (ეზრა 4:8, 13, 21—24). მაგრამ იეჰოვა ღმერთმა გზა გაუხსნა ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმეს. 1919 წლიდან ათწლეულების განმავლობაში სამეფოს საქმიანობა ფართოვდება და მის წინსვლას ვერაფერი უშლის ხელს.
5, 6. რა დიდ მიღწევაზე მიუთითებს ზაქარიას 4:7?
5 შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ იეჰოვას ერთგული მსახურები დღესაც მისი მხარდაჭერით განაგრძობენ ქადაგებასა და მოწაფეების მომზადებას. ზაქარიას 4:7-ში ვკითხულობთ: „გამოიტანს თავკიდურ ლოდს და შესძახებენ: მადლი, მადლი მას!“ ჩვენს დროში რომელ დიდ მიღწევაზე მიუთითებს ეს?
6 ზაქარიას 4:7 მიუთითებს დროზე, როდესაც სულიერი ტაძრის მიწიერ ეზოში უზენაესი უფლისადმი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა სრულყოფილებას მიაღწევს. ამ ტაძრის საშუალებით იეჰოვა ადამიანებს იესო ქრისტეს მიერ გაღებული შესარიგებელი მსხვერპლის საფუძველზე მისადმი თაყვანისცემის შესაძლებლობას აძლევს. მართალია, დიდი სულიერი ტაძარი ახ. წ. პირველი საუკუნიდან არსებობს, მაგრამ მის მიწიერ ეზოში ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა ჯერაც გასრულყოფილებას საჭიროებს. დღეს ღვთის მილიონობით თაყვანისმცემელი სულიერი ტაძრის მიწიერ ეზოში მსახურობს. იესო ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის განმავლობაში ეს მსახურები, სხვა უამრავ მკვდრეთით აღდგენილთან ერთად, სრულყოფილებას მიაღწევენ. ათასწლიანი პერიოდის დასასრულს გაწმენდილ დედამიწაზე მხოლოდ ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები იცხოვრებენ.
7. რა როლი აკისრია იესოს ჩვენს დღეებში ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის გასრულყოფილებაში და რატომ უნდა იყოს ეს ჩვენთვის გამამხნევებელი?
7 მმართველმა ზერუბაბელმა და მღვდელმთავარმა იესომ ძვ. წ. 515 წელს საკუთარი თვალით იხილეს ტაძრის მშენებლობის დასრულება. ჭეშმარიტი თაყვანისმცელობის სრულყოფილებამდე მიყვანაში იესო ქრისტეს როლის შესახებ ზაქარიას 6:12, 13-ში ნაწინასწარმეტყველებია: „ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: აჰა, კაცი — მორჩია მისი სახელი, რადგან თავისი ადგილიდან აღმოცენდება და ააშენებს უფლის ტაძარს. ის. . . იტვირთავს დიდებას, დაჯდება და იხელმწიფებს თავის ტახტზე; ის იქნება მღვდელი თავის ტახტზე“. ფიქრობთ, რომ ვინმეს შეუძლია ხელი შეუშალოს სამეფოს საქმის წინსვლას, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ იესო, რომელიც ზეცაშია და ‘მორჩია’ დავითის სამეფო ხაზიდან, თავად უჭერს მხარს ამ საქმეს? სრულიადაც არა! განა არ უნდა აღგვძრას ამან, მსახურებაში ისე ვიაროთ წინ, რომ ყოველდღიურმა საზრუნავმა გვერდზე არ გადაგვახვევინოს?
პრიორიტეტები
8. რატომ უნდა დავაყენოთ პირველ ადგილზე სულიერ ტაძარში მსახურება?
8 იეჰოვას მხარდაჭერა და კურთხევა რომ გვქონდეს, საჭიროა სულიერ ტაძარში მსახურება ყოველთვის პირველ ადგილზე დავაყენოთ. იმ იუდეველებისგან განსხვავებით, რომლებიც ამბობდნენ „ჯერ არ დამდგარაო ჟამი“, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ (ანგია 1:2; 2 ტიმოთე 3:1). იესომ იწინასწარმეტყველა, რომ მისი ერთგული მიმდევრები სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას იქადაგებდნენ და მოწაფეებს მოამზადებდნენ. ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ და არ უნდა უგულებელვყოთ მსახურებაში მონაწილეობის შესაძლებლობა. ქადაგებისა და სწავლების საქმე, რომელიც ქვეყნიერების მხრიდან წინააღმდეგობის გამო დროებით შეჩერდა, 1919 წელს კვლავ განახლდა, მაგრამ ჯერ არ დასრულებულა. თუმცა შეგიძლიათ დარწმუნებულნი იყოთ, რომ ის ნამდვილად დასრულდება!
9, 10. რაზეა დამოკიდებული იეჰოვას კურთხევა და რას ნიშნავს ეს ჩვენთვის?
9 რაც უფრო გულმოდგინედ განვაგრძობთ მსახურებას, მით უფრო კურთხეულნი ვიქნებით როგორც მთლიანობაში ღვთის ხალხი, ისე თითოეული. ყურადღება მიაქციეთ იეჰოვას დაპირებას, რომელიც დაჯერებულობას გვმატებს. როგორც კი იუდეველებმა ისევ დაიწყეს მთელი სულით თაყვანისცემა და გულმოდგინედ განაახლეს ტაძრის საძირკველზე მუშაობა, იეჰოვამ თქვა: „ამიერიდან კი ვაკურთხებ“ (ანგია 2:19). მათ ბოლომდე დაუბრუნდათ იეჰოვას კეთილგანწყობა. აი, რა კურთხევები ელოდათ იუდეველებს ღვთის დანაპირების თანახმად: „იქნება მშვიდობის თესლი: ვაზი გამოიღებს თავის ნაყოფს, მიწა მოიტანს თავის მოსავალს და ცა მოსცემს თავის ცვარს. და ამ ერის ნატამალს დავუმკვიდრებ ყველაფერს ამას“ (ზაქარია 8:9—13).
10 იეჰოვამ ის იუდეველები სულიერად და მატერიალურად აკურთხა; ღმერთი ასევე გვაკურთხებს ჩვენც, თუ გულმოდგინედ და სიხარულით ვაკეთებთ მის მიერ დაკისრებულ საქმეს. ამ კურთხევებში შედის უსაფრთხოება, კეთილდღეობა, სულიერი ზრდა და ჩვენ შორის გამეფებული მშვიდობა. მაგრამ ღვთის კურთხევების მიღება დამოკიდებულია სულიერ ტაძარში მსახურების ისე შესრულებაზე, როგორც ეს იეჰოვას სურს.
11. როგორ შეგვიძლია საკუთარი თავის გამოკვლევა?
11 ახლა დროა, ‘დავუკვირდეთ ჩვენს საქციელს’ (ანგია 1:5, 7). საჭიროა დრო გამოვყოთ და დავფიქრდეთ, თუ რას ვანიჭებთ ცხოვრებაში უპირატესობას. დღეს იეჰოვას კურთხევების მიღება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად განვადიდებთ მის სახელს და მის სულიერ ტაძარში როგორ მივიწევთ მსახურებაში წინ. ჰკითხეთ საკუთარ თავს: „ხომ არ შევცვალე ცხოვრებაში პრიორიტეტები? როგორია ჩემი გულმოდგინება იეჰოვასადმი, მისი ჭეშმარიტებისა და მსახურებისადმი ახლა იმასთან შედარებით, რაც ნათლობისას მქონდა? ცხოვრების კომფორტულად მოწყობისადმი ინტერესი ხომ არ ახდენს გავლენას ყურადღებაზე, რომელსაც იეჰოვას და მის სამეფოს ვუთმობ? სულიერ წინსვლაში, გარკვეულწილად, ხელს ხომ არ მიშლის ადამიანებისადმი შიში — ის, თუ რას იფიქრებენ სხვები ჩემზე?“ (გამოცხადება 2:2—4).
12. იუდეველთა რა მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას ანგიას 1:6, 9?
12 სასურველია, რომ იეჰოვას სახელის განდიდების უგულებელყოფის გამო, არ დავკარგოთ მისი უხვი კურთხევები. გავიხსენოთ, ანგიას 1:9-ის თანახმად, სამშობლოში დაბრუნებულმა იუდეველებმა თავიდან გულმოდგინედ დაიწყეს ტაძრის აღდგენა, მაგრამ შემდეგ ‘ყველა თავის სახლზე ზრუნავდა’. ისინი მთლიანად ჩაეფლნენ ყოველდღიურ მოთხოვნილებებზე ზრუნვაში. შედეგად, ისინი ‘ცოტას იმკიდნენ’ ანუ არ ჰქონდათ საკმარისი საკვები, სასმელი და თბილი ჩასაცმელი (ანგია 1:6). მათ დაკარგეს იეჰოვას კურთხევა. რის სწავლა შეგვიძლია აქედან?
13, 14. რის სწავლა შეგვიძლია ანგიას 1:6, 9-დან და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
13 განა არ ეთანხმებით იმ აზრს, რომ ღვთის კურთხევების მისაღებად საჭიროა, მოვერიდოთ იეჰოვას თაყვანისმცემლობის ხარჯზე პირადი ინტერესების ძიებას? მთელი ძალით უნდა შევეწინააღმდეგოთ სიმდიდრის დაგროვების, სწრაფად გამდიდრების, ამ სისტემაში სასურველი მდგომარეობის მისაღწევად უმაღლესი განათლების მიღების ან ჩვენი შესაძლებლობების ამბიციური მიზნებისთვის მოხმარების სურვილს.
14 ყოველივე ეს ცოდვა არ არის, მაგრამ განა არ ხედავთ, რომ მარადიული სიცოცხლის გადასახედიდან ისინი ‘მკვდარი საქმეებია’? (ებრაელები 9:14). რა გაგებით? ისინი სულიერი გაგებით მკვდარი, ამაო და უნაყოფოა. თუ ადამიანი ასეთ საქმეებს არის გადაყოლილი, ამან შეიძლება სულიერ სიკვდილამდე მიიყვანოს ის. მსგავსი რამ დაემართა მოციქულების დღეებში მცხოვრებ ზოგ ცხებულ ქრისტიანს (ფილიპელები 3:17—19). ეს დღესაც ემართება ზოგ ქრისტიანს. შეიძლება თქვენ იცნობთ ისეთ პიროვნებებს, რომლებმაც თანდათანობით მიატოვეს ქრისტიანული საქმეები და კრება, და დღეს სურვილიც კი არა აქვთ, დაუბრუნდნენ იეჰოვას მსახურებას. ვიმედოვნებთ, რომ ისინი დაუბრუნდებიან იეჰოვას, მაგრამ ფაქტია, რომ „მკვდარი საქმეების“ გამოდევნებამ შეიძლება ადამიანს იეჰოვას კეთილგანწყობა და კურთხევები დააკარგვინოს. ადვილი წარმოსადგენია, რა სამწუხარო შედეგები მოჰყვებოდა ამას. ადამიანი დაკარგავდა სიხარულსა და მშვიდობას, რომლებიც სულის ნაყოფია. წარმოიდგინეთ, რა დიდი დანაკარგი იქნებოდა თბილ ქრისტიანულ საძმოს ჩამოშორება (გალატელები 1:6; 5:7, 13, 22—24).
15. როგორ ცხადყოფს ანგიას 2:14 თაყვანისმცემლობის საკითხის მნიშვნელოვნებას?
15 ეს ძალიან სერიოზული საკითხია. ყურადღება მიაქციეთ ანგიას 2:14-ს, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ უყურებდა იეჰოვა იუდეველებს, რომლებმაც მიატოვეს მისი თაყვანისმცემლობის სახლი და მთელი ყურადღება, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით, თავიანთ სახლებზე გადაიტანეს. „ასეთია ეს ერი, ასეთია ეს ხალხი ჩემს წინაშე, — ამბობს უფალი. — ასეთია მათი ხელების ნამოქმედარი. მათი მოტანილი ყველაფერი უწმიდურია“. რანაირი მსხვერპლიც არ უნდა მიეტანათ უგულოდ იუდეველებს იერუსალიმის დროებით სამსხვერპლოზე, ისინი მიუღებელი იყო იეჰოვასთვის, რადგან ის იუდეველები ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას უგულებელყოფდნენ (ეზრა 3:3).
მხარდაჭერის გარანტია
16. ზაქარიას ხილვების საფუძველზე, რაში შეეძლოთ იუდეველებს დარწმუნებულნი ყოფილიყვნენ?
16 როგორც ზაქარიასთვის მიცემულ რვა ხილვაში იყო ნაჩვენები, ღმერთმა ერთგული ისრაელები, რომლებიც ტაძრის აღდგენაზე მუშაობდნენ, თავის მხარდაჭერაში დაარწმუნა. პირველ ხილვაში ღმერთმა ისრაელებს აღუთქვა, რომ დაასრულებდნენ ტაძრის მშენებლობას და დაჰპირდა, რომ, თუ ერთგულად განაგრძობდნენ ღვთის საქმის შესრულებას, იერუსალიმსა და იუდაში ყველაფერი უხვად ექნებოდათ (ზაქარია 1:8—17). მეორე ხილვაში მოცემული იყო დანაპირები, რომ იეჰოვა გაანადგურებდა ყველა მთავრობას, რომელიც ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას ეწინააღმდეგებოდა (ზაქარია 1:18—21). სხვა ხილვებში მოცემული იყო იმის გარანტია, რომ ღმერთი დაიცავდა მშენებლობაზე მომუშავეებს; მათში აღთქმული იყო, რომ თაყვანისმცემლობის დასრულებულ სახლში მრავალი ხალხი მივიდოდა; ნამდვილი მშვიდობა და უსაფრთხოება დაისადგურებდა; ღვთის მიერ დაკისრებული დავალების შესრულებისას, ერთი შეხედვით, გადაულახავი დაბრკოლებები ჩამოშორებულ იქნებოდა; ბოროტება აღმოიფხვრებოდა და ანგელოზები ხელმძღვანელობას გაუწევდნენ და დაიცავდნენ ღვთის ხალხს (ზაქარია 2:5, 11; 3:10; 4:7; 5:6—11; 6:1—8). ახლა უკვე ჩანს, ღვთის ასეთ მხარდაჭერაში დარწმუნებულმა მორჩილმა იუდეველებმა, რატომ შეიცვალეს ცხოვრების წესი და მთელი ყურადღება იმ საქმეზე გადაიტანეს, რისთვისაც ღმერთმა ისინი გაათავისუფლა.
17. რა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს, თუ მხედველობაში მივიღებთ ღვთის მიერ მოცემულ აღთქმებს?
17 მსგავსად ამისა, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის გამარჯვებასთან დაკავშირებით ღვთის აღთქმამ უნდა აღგვძრას მოქმედებისკენ და სერიოზულად დაგვაფიქროს იეჰოვას თაყვანისმცემლობის სახლზე. საკუთარ თავს დაუსვით კითხვები: „თუ მწამს, რომ ახლა არის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების დრო, ჩანს ეს ჩემს მიზნებსა და ცხოვრების წესში? სათანადო დროს ვუთმობ ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვის შესწავლას? ვარ ამაზე კონცენტრირებული და ვესაუბრები მის შესახებ თანაქრისტიანებსა თუ სხვებს?“
18. ზაქარიას მე-14 თავის თანახმად, რა მოხდება მომავალში?
18 ზაქარია მიუთითებდა დიდი ბაბილონის განადგურებაზე, რომელსაც არმაგედონი მოჰყვება. წინასწარმეტყველებაში ვკითხულობთ: „იქნება ერთი დღე, უფლისთვის საცნაური: არც დღე და არც ღამე. მხოლოდ საღამოჟამს იქნება ნათელი“. იეჰოვას დღე ნამდვილად ბნელი და ცივი იქნება დედამიწაზე მისი მტრებისთვის! მაგრამ იეჰოვას ერთგული თაყვანისმცემლებისთვის ის ნათელსა და კეთილგანწყობას ნიშნავს. ზაქარია აგრეთვე აღწერს, ახალ ქვეყნიერებაში როგორ იღაღადებს ყველაფერი იეჰოვას სიწმინდეზე. ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა, რომელიც ღვთის დიდებულ სულიერ ტაძარში სრულდება, იქნება ერთადერთი თაყვანისმცემლობის ფორმა მთელ დედამიწაზე (ზაქარია 14:7, 16—19). რა დიდებული აღთქმაა! ჩვენ დავინახავთ ამ წინასწარმეტყველებების შესრულებას და იეჰოვას უზენაესობის გამართლებას. რა განსაკუთრებული იქნება იეჰოვას ეს დღე!
მარადიული კურთხევები
19, 20. რატომ არის ზაქარიას 14:8, 9 თქვენთვის გამამხნევებელი?
19 ამ საოცარი მოვლენების შემდეგ სატანა და მისი დემონები უმოქმედობის უფსკრულში იქნებიან ჩაყრილნი (გამოცხადება 20:1—3, 7). შემდეგ კი, ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დროს, დედამიწა კურთხევებით აივსება. ზაქარიას 14:8, 9-ში ნათქვამია: „იმ დღეს იქნება, რომ იდინებს იერუსალიმიდან სიცოცხლის წყალი. ერთი ნახევარი აღმოსავლეთის ზღვისკენ წავა, მეორე ნახევარი — დასავლეთის ზღვისკენ. ზამთარ-ზაფხულ ასე იქნება. იქნება უფალი მეფედ მთელს ქვეყანაზე. იმ დღეს ერთი იქნება უფალი და მისი სახელიც ერთი იქნება“.
20 მესიანური სამეფო ტახტიდან მარადიულად იდინებს „სიცოცხლის წყალი“ ანუ „სიცოცხლის წყლის მდინარე“, რომლითაც აღწერილია იეჰოვას მიერ სიცოცხლის შესანარჩუნებლად გამოყენებული საშუალება (გამოცხადება 22:1, 2). იეჰოვას თაყვანისმცემელი უამრავი ხალხი, რომლებიც არმაგედონს გადაიტანენ, გათავისუფლდებიან ადამისგან მიღებული სასიკვდილო მსჯავრისგან. გარდაცვლილებიც მკვდრეთით აღდგებიან. ამგვარად, დედამიწაზე იეჰოვას მმართველობის ახალი ეპოქა დაიწყება. მთელ დედამიწაზე ყველა ადამიანი აღიარებს იეჰოვას უზენაეს მმართველობას და მხოლოდ იეჰოვას თაყვანისმცემლობა გამეფდება.
21. რა უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი?
21 თუ მხედველობაში მივიღებთ ანგიასა და ზაქარიას წინასწარმეტყველებებს და ყოველივეს, რაც დღესაც სრულდება, საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს, განვაგრძოთ სულიერი ტაძრის მიწიერ ეზოში იეჰოვას მიერ დაკისრებული დავალების შესრულება. ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის გასრულყოფილებამდე კი ვეცადოთ, ყოველთვის პირველ ადგილზე დავაყენოთ სამეფოს ინტერესები. ზაქარიას 8:9 მოგვიწოდებს: „გაიმაგრეთ ხელები, ვინც ისმენდით იმ დღეებში იმ წინასწარმეტყველთა ნათქვამ სიტყვებს“.
-