-
რა ემართება ჩვენს საყვარელ პიროვნებას სიკვდილის შემდეგ?მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება
-
-
[სურათი 85 გვერდზე]
ზუსტად ისე, როგორც იესომ გამოიყვანა ლაზარე სამარხიდან,აღდგენილი იქნება მილიონობით ადამიანი.
[სურათი 86 გვერდზე]
სიხარული იქნება გაბატონებული, როდესაც ‘ღმერთი სამუდამოდ შთანთქავს სიკვდილს’.
-
-
რა ემართება ჩვენს საყვარელ პიროვნებას სიკვდილის შემდეგ?მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება
-
-
„დაიძინა“
11. როგორ აღწერა იესომ მდგომარეობა, რომელშიც იმყოფებოდა თავისი მკვდარი მეგობარი ლაზარე?
11 იეჰოვას განზრახვაა, გვიხსნას ჩვენ და ჩვენი საყვარელი პიროვნებები, რომლებიც მოკვდნენ, ადამის მიერ შთამომავლობით გადმოცემული სიკვდილისგან. ამიტომ, ბიბლია მკვდრებს მოიხსენიებს, როგორც ძილის მდგომარეობაში მყოფთ. მაგალითად, როდესაც იესო ქრისტემ გაიგო, რომ თავისი მეგობარი ლაზარე მოკვდა, თავის მოწაფეებს უთხრა: „ლაზარემ, ჩვენმა მეგობარმა, დაიძინა. მაგრამ მე მის გასაღვიძებლად მივდივარ“. რადგან მოწაფეები მაშინვე ვერ მიხვდნენ ამ ნათქვამის მნიშვნელობას, იესომ პირდაპირ უთხრა: „ლაზარე მოკვდა“ (იოანე 11:11, 14). შემდეგ იესო წავიდა ქალაქ ბეთანიაში, სადაც იმყოფებოდნენ ლაზარეს მგლოვიარე დები, მართა და მარიამი. როდესაც იესომ უთხრა მართას: „აღდგება შენი ძმა“, მართამ თავისი რწმენა გამოხატა ღმერთის განზრახვისადმი, ჩამოაშოროს ადამიანთა ოჯახს სიკვდილის შედეგები. მან უთხრა: „ვიცი რომ აღდგება აღდგომისას, უკანასკნელ დღეს“ (იოანე 11:23, 24).
12. როგორი იმედი ჰქონდა მართას მკვდრებთან დაკავშირებით?
12 მართას არ გამოუთქვამს აზრი უკვდავი სულის შესახებ, რომელიც სიკვდილის შემდეგ სადღაც ცოცხლობს. მას არ სწამდა, რომ ლაზარე უკვე წავიდა სადღაც სულთა სამყაროში, რათა იქ გაეგრძელებინა არსებობა. მართასთვის სარწმუნო იყო მკვდრეთით აღდგომის შესანიშნავი იმედი. მას ესმოდა, რომ ლაზარეს სხეულს არ გამოჰყოფია უკვდავი სული, არამედ მისმა ძმამ არსებობა შეწყვიტა. სიკვდილიდან ხსნის საშუალება იქნებოდა მისი ძმის აღდგომა.
13. ღმერთის მიერ ბოძებული როგორი ძალა აქვს იესოს და როგორ გამოავლინა მან ეს ძალა?
13 იესო ქრისტე არის ერთადერთი პიროვნება, რომელიც იეჰოვა ღმერთმა აღჭურვა უფლებით, რათა გამოისყიდოს კაცობრიობა (ოსია 13:14). ამიტომ, მართას სიტყვების საპასუხოდ იესომ თქვა: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ჩემი მორწმუნე, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს“ (იოანე 11:25). იესომ უჩვენა ღმერთის მიერ ბოძებული ძალა ამ მხრივ, როდესაც მივიდა სამარხთან და აღადგინა ოთხი დღის მკვდარი ლაზარე (იოანე 11:38–44). შენ მხოლოდ წარმოიდგინე მათი სიხარული, ვინც ეს იხილა ან იხილა სხვების აღდგომა, რომელიც მოახდინა იესო ქრისტემ! (მარკოზი 5:35–42; ლუკა 7:12–16).
14. რატომ არის ერთმანეთთან შეუთავსებელი აღდგომა და უკვდავი სულის არსებობის იდეა?
14 ახლა, მოდი, ერთი წუთით სერიოზულად დაფიქრდი ასეთ საკითხზე: არავისი აღდგენა, ანუ სასიცოცხლოდ დაბრუნება არ იქნებოდა საჭირო, თუ მისი უკვდავი სული სიკვდილის შემდეგ აგრძელებს სიცოცხლეს. სინამდვილეში, ნუთუ სიკეთე იქნებოდა ლაზარეს მსგავსად, ვინმეს აღდგენა, არასრულყოფილი სიცოცხლისათვის დედამიწაზე, თუ მან უკვე მიიღო შესანიშნავი ზეციერი ჯილდო. სინამდვილეში, ბიბლიაში არსად გამოიყენება გამოთქმა „უკვდავი სული“. პირიქით, საღვთო წერილი ამბობს, რომ ცოდვილი ადამიანის სული [ნეფეშ] კვდება (ეზეკიელი 18:4, 20). ამიტომ ბიბლია მიუთითებს აღდგომის ღონისძიებაზე, როგორც სიკვდილიდან ხსნის ნამდვილ საშუალებაზე.
„ყველანი, ვინც სამარხებში არიან“
15. ა) რას ნიშნავს გამოთქმა „აღდგომა“? ბ) რატომ არ არის იეჰოვასთვის ძნელი პიროვნების აღდგენა?
15 სიტყვა, რომელიც იესოს მოწაფეებმა გამოიყენეს „აღდგომისთვის“, პირდაპირ ნიშნავს: „აღდგომა“ ან „ადგომა“. ეს არის აღდგომა სიკვდილის უსიცოცხლო მდგომარეობიდან, თითქოს პიროვნება ადგეს საერთო საკაცობრიო სამარიდან. იეჰოვა ღმერთს თავისუფლად შეუძლია აღადგინოს პიროვნება. რატომ? იმიტომ რომ, იეჰოვა სიცოცხლის შემოქმედია. დღეს ადამიანებს შეუძლიათ ვიდეოფირზე ჩაწერონ მამაკაცებისა და ქალების ხმები და გამოსახულებები და პიროვნების სიკვდილის შემდეგ განმეორებით ნახონ ეს ჩანაწერები. ამიტომ, რასაკვირველია, ჩვენს უზენაეს შემოქმედს შეუძლია წვრილმანებში „ჩაიწეროს“ ნებისმიერი პიროვნება და აღადგინოს იგივე პიროვნება, ხელახლა შექმნილი სხეულით.
16. ა) რა დაპირება მისცა იესომ მათ შესახებ, ვინც სამახსოვრო სამარხებში არიან? ბ) რა იქნება განმსაზღვრელი, თუ პიროვნების გაცოცხლება როგორ აღდგომად აღმოჩნდება მისთვის?
16 იესო ქრისტემ თქვა: „მოდის ჟამი, როდესაც ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის [ქრისტეს] ხმას მოისმენენ. კეთილის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის გამოვლენ, სიავის მქნელნი კი — სამსჯავროს აღდგომისთვის“ (იოანე 5:28, 29). ყველა, ვინც იეჰოვას ჰყავს დამახსოვრებული, აღდგენილი იქნება და დამოძღვრილი მისი გზებით. მისთვის, ვინც ღვთის შემეცნებასთან შეთანხმებულად იმოქმედებს, ეს სასიცოცხლო აღდგომად აღმოჩნდება. მაგრამ მისთვის, ვინც უარყოფს ღვთის სწავლებებსა და მმართველობას, ეს იქნება სამსჯავროს აღდგომა.
17. ვინ იქნება აღდგენილი?
17 რასაკვირველია, ყველა, ვინც იეჰოვას სამართლიან გზას მიჰყვებოდა, როგორც ღმერთის მსახური, აღდგენილი იქნება. სინამდვილეში, აღდგომის იმედი ამაგრებდა მრავალს სიკვდილთან პირისპირ დგომისას და საშინელი დევნების დროსაც კი. მათ იცოდნენ, რომ ღმერთს შეეძლო მათი აღდგენა (მათე 10:28). მაგრამ მილიონობით ადამიანი ისე მოკვდა, რომ არ გამოუმჟღავნებია, დაემორჩილებოდა თუ არა ღმერთის სამართლიან ნორმებს. ისინიც აღდგენილი იქნებიან. ამ საკითხთან დაკავშირებით იეჰოვას განზრახვაში დარწმუნებული მოციქული პავლე წერდა: „მაქვს ღვთის იმედი, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა როგორც მართალთა, ისე უკეთურთა“ (საქმეები 24:15).
18. ა) აღდგომის შესახებ რა ხილვა ჰქონდა იოანეს? ბ) რა განადგურდება „ცეცხლის ტბაში“ და რას ნიშნავს ეს „ტბა“?
18 მოციქულ იოანეს ჰქონდა მკვდრეთით აღდგენილი ადამიანების შესახებ ამაღელვებელი ხილვა, რომლებიც ღვთის ტახტის წინ იდგნენ. შემდეგ იოანემ დაწერა: „მისცა ზღვამ მასში მყოფი მკვდრები; სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა [ჰადესმა, აქ] მისცეს მათში მყოფი მკვდრები; და თითოეული გასამართლდა თავისი საქმეებისამებრ. სიკვდილი და ჯოჯოხეთი [ჰადესი, აქ] ჩაყრილ იქნენ ცეცხლის ტბაში; ეს არის მეორე სიკვდილი, ცეცხლის ტბა“ (გამოცხადება 20:12–14, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა). გაიფიქრე ამის შესახებ! ყველა მკვდარს, ვინც ღვთის მეხსიერებაშია, აქვს პერსპექტივა გათავისუფლდეს ჰადესიდან (ბერძნულად „ჰაიʹდეს“), ანუ შეოლიდან — საერთო საკაცობრიო სამარიდან (ფსალმუნი 15:10; საქმეები 2:31). მათ ექნებათ შესაძლებლობა, თავიანთი საქმეებით გამოამჟღავნონ, იქნებიან თუ არა ღმერთის მსახურები. შემდეგ „სიკვდილი და ჯოჯოხეთი“ ჩაყრილი იქნება, ეგრეთ წოდებულ, „ცეცხლის ტბაში“, რომელიც სრულ განადგურებას ნიშნავს და იგივეა, რაც გამოთქმა ‘გეენა’ (ლუკა 12:5). როდესაც აღდგომა დასრულდება, საერთო საკაცობრიო სამარე გამოცარიელდება და აღარ იარსებებს. რა მანუგეშებელია ბიბლიიდან იმის გაგება, რომ ღმერთი არავის ტანჯავს! (იერემია 7:30, 31).
აღდგომა — სად?
19. რატომ იქნება ზოგიერთი ადამიანი ზეციერი ცხოვრებისთვის აღდგენილი და როგორ სხეულს მისცემს მათ ღმერთი?
19 მამაკაცებისა და ქალების განსაზღვრული რიცხვი აღდგენილი იქნება ზეცაში საცხოვრებლად. როგორც მეფეები და მღვდლები, ისინი იესოსთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას, სიკვდილის ყოველგვარი შედეგების გაუქმებაში, რომლებიც კაცობრიობას გადმოეცა პირველი ადამიანისგან, ადამისგან (რომაელთა 5:12; გამოცხადება 5:9, 10). რამდენ ადამიანს წაიყვანს ღმერთი იმისთვის, რომ ქრისტესთან ერთად მართონ? ბიბლიის თანახმად, მხოლოდ 144 ათასს (გამოცხადება 7:4; 14:1, აფ). ყველა ამ აღდგენილ ადამიანს იეჰოვა მისცემს სულიერ სხეულს, ისე რომ მათ შეძლონ ზეცაში ცხოვრება (1 კორინთელთა 15:35, 38, 42–45; 1 პეტრე 3:18).
20. რა დაემართება მორჩილ კაცობრიობას იმ ადამიანების ჩათვლით, ვინც აღდგენილი იქნება?
20 ხალხთა უმრავლესობა, ვინც მოკვდა, აღდგენილი იქნება დედამიწაზე სამოთხეში საცხოვრებლად (ფსალმუნი 36:11, 29; მათე 6:10). ზოგიერთი პიროვნების ზეცაში აღდგომის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ბოლომდე შესრულდეს ღმერთის განზრახვა დედამიწისთვის. ზეცაში მყოფი იესო ქრისტე და 144 000 თანდათანობით მიიყვანენ მორჩილ კაცობრიობას სრულყოფილებამდე, რომელიც ჩვენმა პირველმა მშობლებმა დაკარგეს. ეს შეეხება აღდგენილ ადამიანებს, როგორც იესომ ნათელყო, როდესაც მის გვერდით ძელზე გაკრულ მომაკვდავ ადამიანს უთხრა: „ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (ლუკა 23:42, 43).
21. რა დაემართება სიკვდილს წინასწარმეტყველი ესაიასა და იოანე მოციქულის სიტყვების თანახმად?
21 სიკვდილი, რომელიც იწვევს სიცარიელის გრძნობას, მოისპობა სამოთხეში დედამიწაზე (რომაელთა 8:19–21). წინასწარმეტყველმა ესაიამ განაცხადა, რომ იეჰოვა ღმერთი „შთანთქავს სიკვდილს სამუდამოდ“ (ესაია 25:8). მოციქულ იოანეს მიეცა ხილვა იმ დროის შესახებ, როდესაც მორჩილი კაცობრიობა გათავისუფლდება ტკივილისა და სიკვდილისგან. დიახ, „თვით ღმერთი იქნება მათთან. და შეაშრობს ღმერთი მათ თვალებზე ყოველგვარ ცრემლს, და აღარ იქნება სიკვდილი; და აღარც გლოვა, აღარც ტირილი და აღარც ტანჯვა აღარ იქნება, რადგანაც გადაეგო ყოველივე უწინდელი“ (გამოცხადება 21:1–4, სსგ).
22. როგორ მოქმედებს შენზე შემეცნება აღდგომის შესახებ?
22 ბიბლიის ნათელი სწავლებები ხსნის გაუგებრობას იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ რა ემართებათ მკვდრებს. საღვთო წერილი პირდაპირ აცხადებს, რომ სიკვდილი არის „უკანასკნელი მტერი“, რომელიც განადგურდება (1 კორინთელთა 15:26). როგორი ძალისა და ნუგეშის მომცემია, იცოდე, რომ არსებობს აღდგომის იმედი! როგორი მოხარულები შეგვიძლია ვიყოთ, რომ ჩვენი საყვარელი პიროვნებები, რომლებიც მოკვდნენ და ღმერთის მეხსიერებაში არიან, გამოიღვიძებენ სიკვდილის ძილისგან და დატკბებიან ყოველი სიკეთით, რომელიც იეჰოვას უხვად აქვს შემონახული თავისი მოყვარულებისთვის! (ფსალმუნი 144:16). ასეთი კურთხევები შესრულდება ღვთის სამეფოს მეშვეობით. მაგრამ როდის დაიწყება მისი მმართველობა? მოდი, ვნახოთ.
-