-
აღდგომა — სწავლება, რომელიც გავლენას ახდენს შენზესაგუშაგო კოშკი — 2005 | 1 მაისი
-
-
1. როგორ იქცა მკვდრეთით აღდგომა საკამათო საკითხად სინედრიონში?
მოციქული პავლე მესამე მისიონერული მოგზაურობის ბოლო პერიოდში, ახ. წ. 56 წელს, იერუსალიმში იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც რომაელებმა დააპატიმრეს, მას ნება დართეს, იუდეველთა უმაღლესი სასამართლოს, სინედრიონის, წინაშე წარმდგარიყო (საქმეები 22:29, 30). პავლემ შენიშნა, რომ სინედრიონის წევრებს შორის სადუკეველებიც იყვნენ და ფარისევლებიც. ამ ორ რელიგიურ მიმდინარეობას განსხვავებული შეხედულება ჰქონდა; ფარისევლებს სწამდათ, რომ იქნებოდა მკვდრეთით აღდგომა, სადუკეველებს კი — არა. ამ საკითხთან დაკავშირებით პავლემ თავისი რწმენა მტკიცედ გამოხატა შემდეგი სიტყვებით: „ძმებო, მე ფარისეველი ვარ, ფარისევლების შვილი. მკვდრეთით აღდგომის იმედის გამო მასამართლებენ“. პავლეს ნათქვამმა სინედრიონში უთანხმოება გამოიწვია (საქმეები 23:6—9).
2. რატომ იყო პავლე მზად, დაეცვა აღდგომასთან დაკავშირებით თავისი მრწამსი?
2 წლებით ადრე დამასკოსკენ მიმავალ პავლეს ხილვაში იესოს ხმა მოესმა. მოციქულმა მას ჰკითხა: „როგორ მოვიქცე, უფალო?“. იესომ უპასუხა: „ადექი, წადი დამასკოში და იქ გეუწყება ყველაფერი, რის გაკეთებაც გევალება“. როდესაც დამასკოში ჩავიდა, ის ქრისტიანმა მოწაფემ ანანიამ იპოვა და მას დახმარება აღმოუჩინა. შემდეგ კი უთხრა: „ჩვენი მამა-პაპის ღმერთმა აგირჩია, რომ მისი ნება-სურვილი შეგეცნო და დაგენახა ის [მკვდრეთით აღმდგარი იესო], ვინც მართალია, და მისი პირიდან მოგესმინა ხმა“ (საქმეები 22:6—16). ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ პავლე მზად იყო, დაეცვა აღდგომასთან დაკავშირებით თავისი მრწამსი (1 პეტრე 3:15).
აღდგომის იმედის შესახებ საჯაროდ გაცხადება
3, 4. როგორ დაიცვა პავლემ აღდგომასთან დაკავშირებული თავისი რწმენა და ჩვენ რას ვსწავლობთ აქედან?
3 მოგვიანებით პავლე გამგებელ ფელიქსის წინაშე წარსდგა. „ორატორმა“ ტერტულუსმა, რომელიც ესწრებოდა პავლეს წინააღმდეგ ებრაელების საჩივრის განხილვას, მას სექტის წინამძღოლობაში და ხალხის ამბოხებისკენ წაქეზებაში დასდო ბრალი. პავლემ მტკიცედ განაცხადა: «ვაღიარებ თქვენ წინაშე, რომ თუმცა ისინი ამას „სექტას“ უწოდებენ, მე ჩემი მამა-პაპის ღმერთს ვუსრულებ წმინდა მსახურებას». შემდეგ ძირითად საკამათო საკითხს შეეხო და თქვა: „მათ მსგავსად მეც მაქვს ღვთის იმედი, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“ (საქმეები 23:23, 24; 24:1—8, 14, 15).
4 დაახლოებით ორი წლის შემდეგ პორციუს ფესტუსმა, რომელმაც ფელიქსი შეცვალა, მეფე ჰეროდე აგრიპა პავლეს დაკითხვაზე მიიწვია. ფესტუსმა განმარტა, რომ ბრალმდებლები არ იზიარებდნენ პავლეს მტკიცებას, ‘მკვდარი იესო ცოცხალიაო’. თავის დაცვის მიზნით პავლემ მათ ჰკითხა: „რატომ არ გჯერათ, რომ ღმერთი მკვდრებს აღადგენს?“. შემდეგ კი თქვა: „ღვთის შეწევნით, დღემდე ვუმოწმებ დიდსა თუ პატარას და არაფერს ვლაპარაკობ იმაზე მეტს, რაც წინასწარმეტყველებმა და მოსემ თქვეს, რომ უნდა მომხდარიყო: რომ ქრისტეს უნდა ეტანჯა, პირველი უნდა აღმდგარიყო მკვდრეთით და სინათლე ეუწყებინა როგორც ამ ხალხისთვის, ისე უცხოტომელებისთვის“ (საქმეები 24:27; 25:13—22; 26:8, 22, 23). მართლაც, რა ერთგულად იცავდა პავლე აღდგომის შესახებ სწავლებას! პავლეს მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია დამაჯერებლად განვაცხადოთ, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა. მაგრამ, რა რეაქციას უნდა ველოდეთ? შესაძლოა ისეთივეს, როგორსაც პავლე შეხვდა.
5, 6. ა) როგორ რეაქციას ხვდებოდნენ მოციქულები, როდესაც აღდგომის შესახებ სწავლებას იცავდნენ? ბ) რა არის მნიშვნელოვანი, როდესაც აღდგომის იმედს სხვებს ვუზიარებთ?
5 განვიხილოთ, რა მოხდა უფრო ადრე, დაახლოებით ახ. წ. 49—52 წლებში, ათენში პავლეს მეორე მისიონერული მოგზაურობის დროს. მათ, რომლებიც ბევრ ღვთაებას ეთაყვანებოდნენ, პავლე არწმუნებდა და მოუწოდებდა, ყურადღება გადაეტანათ ღვთის განზრახვაზე, რომლის თანახმადაც ის სიმართლით გაასამართლებდა მსოფლიოს დანიშნული კაცის მეშვეობით. ვინ იქნებოდა ეს კაცი, თუ არა იესო! პავლეს განმარტებით, ღმერთი ამის გარანტიას იმით იძლევა, რომ მან იესო მკვდრეთით აღადგინა. როგორი რეაქცია ჰქონდა ხალხს? ჩვენ ვკითხულობთ: «როცა მკვდრეთით აღდგომის შესახებ მოისმინეს, ზოგს ეს სიცილად არ ეყო, ზოგი კი ამბობდა: „ამის შესახებ სხვა დროსაც მოგისმენთ“» (საქმეები 17:29—32).
-
-
აღდგომა — სწავლება, რომელიც გავლენას ახდენს შენზესაგუშაგო კოშკი — 2005 | 1 მაისი
-
-
რწმენა და აღდგომა
7, 8. ა) რა შემთხვევაში შეიძლება რწმენა ამაოება იყოს, როგორც ეს კორინთის კრებისადმი მიწერილ წერილშია ნაჩვენები? ბ) როგორ განასხვავებს აღდგომის შესახებ სწორი თვალსაზრისი ჭეშმარიტ ქრისტიანობას ცრუ რელიგიებისგან?
7 ახ. წ. I საუკუნეში ვინც ქრისტიანი გახდა, ყველამ ადვილად ვერ მიიღო აღდგომის შესახებ სწავლება. მაგალითად, ზოგს კორინთის კრებაში გაუჭირდა ამ სწავლების დაჯერება. მათ პავლემ მისწერა: „უპირველეს ყოვლისა, გადმოგეცით ის, რაც მე თვითონ მივიღე — რომ ქრისტე ჩვენი ცოდვებისთვის მოკვდა წმინდა წერილების თანახმად, და დაკრძალულ იქნა, მაგრამ მესამე დღეს აღდგა წმინდა წერილების თანახმად“. ამ სიტყვების უტყუარობის დასამტკიცებლად პავლემ აღნიშნა, რომ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე „ეჩვენა ხუთასზე მეტ ძმას“; მათგან უმეტესობა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო (1 კორინთელები 15:3—8). შემდეგ მოციქულმა განაგრძო: „თუ ქრისტეზე იქადაგება, რომ ის მკვდრეთით აღდგა, როგორღა ამბობს ზოგიერთი თქვენგანი, არ არის მკვდრეთით აღდგომაო? თუ მკვდრეთით აღდგომა არ არის, არც ქრისტე აღმდგარა, ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ჩვენი ქადაგებაც ფუჭი ყოფილა და ჩვენი რწმენაც“ (1 კორინთელები 15:12—14).
8 მართლაცდა, მკვდრეთით აღდგომა ძირითადი სწავლებაა და ამ იმედის გარეშე ქრისტიანული რწმენა ამაოებაა. სინამდვილეში, აღდგომის შესახებ სწორი თვალსაზრისი ჭეშმარიტ ქრისტიანობას ცრუ რელიგიებისგან განასხვავებს (დაბადება 3:4; ეზეკიელი 18:4). ამგვარად, პავლე აღდგომის შესახებ სწავლებას ქრისტიანობის „სწავლების საწყისად“ მოიხსენიებდა. მოდი მტკიცე გადაწყვეტილება მივიღოთ, „ვისწრაფოთ მოწიფულობისკენ“. „ამას გავაკეთებთ, — მოგვიწოდებს პავლე, — თუკი ღმერთი ნებას მოგვცემს“ (ებრაელები 6:1—3).
-