-
„ვიცი, რომ აღდგება“საგუშაგო კოშკი — 2017 | დეკემბერი
-
-
„ვიცი, რომ აღდგება“
„ჩვენმა მეგობარმა ლაზარემ დაიძინა, მე მის გასაღვიძებლად მივდივარ“ (იოან. 11:11).
1. რაში იყო მართა დარწმუნებული? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)
მართა იესოს ახლო მეგობარი და მოწაფე იყო. ის თავის გარდაცვლილ ძმას, ლაზარეს, გლოვობდა. დაუამებდა რამე მას ტკივილს? რა თქმა უნდა. იესომ ის დაარწმუნა: „აღდგება შენი ძმა“. შეიძლება ამ სიტყვებს ბოლომდე ვერ გაექარვებინა მართასთვის დარდი, მაგრამ ის ერწმუნა იესოს და უთხრა: „ვიცი, რომ აღდგება აღდგომისას, უკანასკნელ დღეს“ (იოან. 11:20—24). მართას მტკიცედ სწამდა, რომ აღდგომა მომავალში იქნებოდა. თუმცა იესომ სასწაული მოახდინა და მისი ძმა იმავე დღეს აღადგინა.
2. რატომ გსურთ, მართას მსგავსად იყოთ დარწმუნებული მკვდრეთით აღდგომაში?
2 ჩვენ არანაირი საფუძველი არა გვაქვს ვიფიქროთ, რომ იესო ან იეჰოვა დღესვე გაგვიცოცხლებს საყვარელ ადამიანს. მაგრამ გვწამს მართასავით მტკიცედ, რომ მკვდრეთით აღდგომა მომავალში ნამდვილად იქნება? შეიძლება სიკვდილმა მეუღლე, მშობლები, პაპა-ბებია ან შვილი გამოგტაცათ ხელიდან. ალბათ, გენატრებათ მათი ჩახუტება, მათთან საუბარი და სიცილი. საბედნიეროდ, მართას მსგავსად თქვენც გაქვთ საფუძვლიანი მიზეზი, გჯეროდეთ, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს სიცოცხლე დაუბრუნდება. და მაინც, კარგი იქნება, თუ თითოეული ქრისტიანი დაფიქრდება, რატომ არის ეს მიზეზი საფუძვლიანი.
3, 4. როგორ განუმტკიცებდა მართას რწმენას იესოს მიერ მოხდენილი სასწაულები?
3 მართა იერუსალიმთან ახლოს ცხოვრობდა, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას საკუთარი თვალით ეხილა, როგორ აღადგინა იესომ გალილეის ქალაქ ნაინთან ახლოს ქვრივის ვაჟი ან როგორ გაუცოცხლა იაიროსს ქალიშვილი, რომელიც, სავარაუდოდ, ქალაქ კაპერნაუმში ცხოვრობდა. უკვე ყველამ იცოდა, რომ „გოგონა მკვდარი იყო“. იესომ ხელი მოჰკიდა მას და უთხრა: „გოგონა, ადექი!“. ისიც მაშინვე წამოდგა (ლუკ. 7:11—17; 8:41, 42, 49—55). ამ შემთხვევების შესახებ მართამ, ალბათ, სხვებისგან გაიგო. მან და მისმა დამ, მარიამმა იცოდნენ, რომ იესოს ავადმყოფების განკურნება შეეძლო. სწორედ ამიტომ ფიქრობდნენ, რომ იესოს იქ ყოფნის შემთხვევაში ლაზარე არ მოკვდებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, იესოს ძვირფასი მეგობარი უკვე მკვდარი იყო. რა იმედი ჰქონდა მართას? ყურადღება მიაქციეთ, მან ლაზარეზე თქვა, რომ ის მომავალში, „უკანასკნელ დღეს“ აღდგებოდა. რატომ იყო ის ამაში ასე დარწმუნებული? თქვენ რა გარწმუნებთ, რომ მკვდრეთით აღდგომა აუცილებლად იქნება და კვლავ იხილავთ თქვენს საყვარელ ადამიანებს?
4 არაერთი საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს, რომ მკვდრეთით აღდგომის გვწამდეს. მათი განხილვის დროს შეიძლება ღვთის სიტყვაში ისეთი მხარეები დაინახოთ, რომლებიც მანამდე არ დაგიკავშირებიათ მკვდრეთით აღდგომის იმედთან.
იმედის განმამტკიცებელი შემთხვევები
5. რა განუმტკიცებდა მართას იმის რწმენას, რომ ლაზარე აღდგებოდა?
5 ალბათ შენიშნეთ, რომ მართას არ უთქვამს: „იმედი მაქვს, რომ ჩემი ძმა აღდგება“. მან თქვა: „ვიცი, რომ აღდგება“. ის ამაში შესაძლოა ქრისტეს დედამიწაზე მოსვლამდე მომხდარმა სასწაულებმა დაარწმუნა. მან, როგორც ჩანს, ამის შესახებ ბავშვობაში ოჯახის წევრებისგან გაიგო ან სინაგოგაში მოისმინა. განვიხილოთ წმინდა წერილებში ჩაწერილი მკვდრეთით აღდგომის სამი შემთხვევა.
6. რომელი სასწაულის შესახებ ეცოდინებოდა მართას?
6 პირველად მკვდარი წინასწარმეტყველმა ელიამ გააცოცხლა, როცა ღმერთმა მას სასწაულების მოხდენის ძალა მისცა. სარეფთაში, ფინიკიის ზღვისპირა ქალაქში, ერთმა ღარიბმა ქვრივმა ელიას მიმართ სტუმართმოყვარეობა გამოავლინა, რის გამოც ღმერთი მას ფქვილსა და ზეთს არ აკლებდა. ამან ქვრივსა და მის ვაჟს სიცოცხლე შეუნარჩუნა (1 მეფ. 17:8—16). მაგრამ მოგვიანებით ბიჭი ავად გახდა და მოკვდა. ელიამ წარმოუდგენელი რამ გააკეთა ამ ოჯახისთვის. ის რამდენჯერმე გადაემხო ბავშვის უსიცოცხლო სხეულს და ილოცა: „ღმერთო, ჩაუბრუნე ბავშვს სული!“. ასეც მოხდა — ღმერთმა ისმინა ელიას სათხოვარი და ბავშვს სიცოცხლე დაუბრუნა. ეს არის ბიბლიაში ჩაწერილი მკვდრეთით აღდგომის პირველი შემთხვევა (წაიკითხეთ 1 მეფეების 17:17—24). ეჭვგარეშეა, მართას ეცოდინებოდა ამ უდიდესი სასწაულის შესახებ.
7, 8. ა) რა გააკეთა ელისემ შვილმკვდარი დედისთვის? ბ) რაზე მეტყველებს ელისეს მოხდენილი სასწაული?
7 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მეორედ ადამიანი ელიას საქმის გამგრძელებელმა, ელისემ აღადგინა. შუნემში მცხოვრებმა ერთმა ცნობილმა ებრაელმა ქალმა ელისეს მიმართ განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობა გამოიჩინა. იეჰოვას კურთხევით ამ უშვილო ქალსა და მის მოხუცებულ ქმარს ვაჟი შეეძინათ. სამწუხაროდ, რამდენიმე წლის შემდეგ ბიჭი მოკვდა. წარმოიდგინეთ, როგორ გაანადგურებდა ეს ამბავი დედამისს. ქმრის ნებართვით ის ელისეს მოსაძებნად წავიდა და თითქმის 30 კილომეტრის გავლის შემდეგ ის ქარმელის მთაზე იპოვა. წინასწარმეტყველმა წინ გეხაზი გაუშვა ბიჭის გასაცოცხლებლად, თვითონ კი უკან გაჰყვა, მაგრამ გეხაზმა ვერ შეძლო სასწაულის მოხდენა. ცოტა ხანში სულგამწარებული დედა სახლში ელისესთან ერთად დაბრუნდა (2 მეფ. 4:8—31).
8 წინასწარმეტყველი ცხედარს მიუახლოვდა და ლოცვით მიმართა იეჰოვას. სასწაულებრივად ბიჭს სიცოცხლე დაუბრუნდა. როცა ქალმა შვილი ცოცხალი დაინახა, სიხარულისგან ცას ეწია (წაიკითხეთ 2 მეფეების 4:32—37). ალბათ, ქალს ერთ დროს უშვილო ხანას სიტყვები გაახსენდა, რომლებიც სამუელის კარავში მიყვანის დროს ლოცვაში წარმოთქვა: „იეჰოვას . . . ჩაჰყავს სამარეში და ამოჰყავს“ (1 სამ. 2:6). ფაქტია, რომ შუნემში ბიჭის მკვდრეთით აღდგენით იეჰოვამ დაამტკიცა, რომ მკვდრების გაცოცხლების ძალა შესწევს.
9. რომელია ბიბლიაში მოხსენიებული მკვდრეთით აღდგომის მესამე შემთხვევა?
9 თუმცა ეს ერთადერთი შემთხვევა არ იყო, როცა ღმერთმა ელისეს მეშვეობით მკვდარი აღადგინა. წინასწარმეტყველად 50 წელზე მეტხანს მსახურების შემდეგ ელისეს „სასიკვდილო სენი შეეყარა“ და მოკვდა. გავიდა დრო და ელისესგან მხოლოდ ძვლებიღა დარჩა. ერთ დღესაც, როცა ისრაელები კაცს მარხავდნენ, იმ მიწაზე მოთარეშე მტრები დაინახეს. სიჩქარეში მათ გვამი ელისეს სამარხში ჩააგდეს და გაიქცნენ. შემდეგ ბიბლიაში ვკითხულობთ: „როგორც კი ელისეს ძვლებს შეეხო, მკვდარი მაშინვე გაცოცხლდა და ფეხზე წამოდგა“ (2 მეფ. 13:14, 20, 21). დაფიქრდით, როგორ განუმტკიცებდა რწმენას ამ ამბის ცოდნა მართას. ეჭვგარეშეა, იეჰოვას სრული ძალაუფლება აქვს სიკვდილზე! განა თქვენც არ გარწმუნებთ ეს, რომ იეჰოვა წარმოუდგენელი ძალის პატრონია და მისთვის შეუძლებელი არაფერია?!
პირველ საუკუნეში მომხდარი მოვლენები
10. რა გააკეთა პეტრემ ერთი ქრისტიანი ქალისთვის?
10 ქრისტიანულ-ბერძნული წერილებიც მოგვითხრობს, რომ ღვთის მსახურებმა მკვდრები გააცოცხლეს. ზემოთ უკვე მოვიხსენიეთ იესოს მიერ ქვრივის ვაჟისა და იაიროსის ქალიშვილის მკვდრეთით აღდგენის შემთხვევები. ერთ-ერთი ასეთი სასწაული მოციქულმა პეტრემაც მოახდინა, როცა ქურციკი (ტაბითა) აღადგინა. პეტრე შევიდა ოთახში, სადაც მკვდარი ესვენა, მივიდა მასთან და ილოცა. შემდეგ კი თქვა: „ტაბითა, ადექი!“. მას სიცოცხლე მაშინვე დაუბრუნდა და პეტრემ ის „ცოცხალი წარუდგინა“ თანაქრისტიანებს. ამ მოვლენის შემდეგ „მრავალმა ირწმუნა უფალი“. ახალ მოწაფეებს შეეძლოთ დაემოწმებინათ იესოს შესახებ და სხვებისთვის ეხარებინათ, რომ იეჰოვას მკვდრების გაცოცხლების ძალა შესწევს (საქ. 9:36—42).
11. რას მოგვითხრობს ექიმი ლუკა ევტიქეს შესახებ და როგორ იმოქმედა ამ შემთხვევამ სხვებზე?
11 თვითმხილველები სხვა შემთხვევასაც ჰყავდა. ერთხელ პავლე ტროაში იმყოფებოდა, რომელიც დღევანდელი თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. მას შეხვედრის დროს სიტყვა შუაღამემდე გაუგრძელდა. დამსწრეთა შორის იყო პატარა ბიჭი, სახელად ევტიქე, რომელიც ფანჯრის რაფაზე იჯდა. მას ძილი მოერია და მესამე სართულიდან გადავარდა. როგორც ჩანს, პირველი, ვინც ევტიქესთან მიირბინა, ექიმი ლუკა იყო, რომელმაც თქვა, რომ ბიჭი უბრალოდ დაშავებული ან უგონო მდგომარეობაში კი არა, მკვდარი იყო. პავლე დაბლა ჩავიდა, დაემხო ცხედარს, მოეხვია და თქვა: „მისი სული მასშია“. ეს იმაზე მიანიშნებდა, რომ ევტიქე გაცოცხლდა. ეს შემთხვევა წარუშლელ კვალს დატოვებდა თვითმხილველებზე! მკვდრეთით აღდგომის ამ ფაქტმა, რომლის შემსწრენიც ეს-ესაა გახდნენ, „ყველა დიდად ანუგეშა“ (საქ. 20:7—12).
მტკიცე იმედი
12, 13. მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებულ რომელ კითხვებზე უნდა დავფიქრდეთ?
12 ზემოთ განხილული შემთხვევები მართას მსგავსად თქვენც განგიმტკიცებთ რწმენას. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ჩვენს ღმერთსა და სიცოცხლის მბოძებელს მკვდრების გაცოცხლება შეუძლია. საინტერესოა, რომ ღვთის მსახურებმა, მაგალითად ელიამ, იესომ და პეტრემ, მკვდრები იმ პერიოდში აღადგინეს, როცა იეჰოვა სასწაულებს ახდენდა. მაგრამ, რის თქმა შეიძლება მათზე, რომლებიც იმ პერიოდში დაიხოცნენ, როცა მკვდრეთით აღდგომის სასწაული არ ხდებოდა? შეიძლებოდა ღვთის ერთგულ მსახურებს იმის იმედი ჰქონოდათ, რომ მომავალში მკვდრეთით აღდგომა იქნებოდა? შეეძლოთ მათაც მართას მსგავსად ეთქვათ: „ვიცი, რომ [ჩემი ძმა] აღდგება აღდგომისას, უკანასკნელ დღეს“? რატომ სწამდა მართას აღდგომის და თქვენ რა გარწმუნებთ ამაში?
13 ბიბლიაში ჩაწერილი არაერთი შემთხვევიდან ვიგებთ, რომ იეჰოვას ერთგულმა მსახურებმა იცოდნენ მომავალი მკვდრეთით აღდგომის შესახებ. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი.
14. რას ვსწავლობთ აბრაამის შემთხვევიდან მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით?
14 გაიხსენეთ, რის გაკეთება დაავალა ღმერთმა აბრაამს დიდი ხნის ნანატრ, ერთადერთ მემკვიდრესთან დაკავშირებით. იეჰოვამ მას უთხრა: „წაიყვანე შენი ერთადერთი ვაჟი, რომელიც ძალიან გიყვარს, ისაკი . . . და აღავლინე იგი დასაწვავ შესაწირავად“ (დაბ. 22:2). წარმოიდგინეთ, რას იგრძნობდა ამ დროს აბრაამი! მანამდე იეჰოვა დაჰპირდა, რომ ყველა ერი მისი შთამომავლის მეშვეობით იკურთხებოდა (დაბ. 13:14—16; 18:18; რომ. 4:17, 18). მან ისიც უთხრა აბრაამს, რომ შთამომავალი ისაკისგან წარმოიშობოდა (დაბ. 21:12). მაგრამ, როგორ შესრულდებოდა ეს სიტყვები, თუ აბრაამი მსხვერპლად შესწირავდა ისაკს? როგორც მოციქულმა პავლემ ღვთის შთაგონებით ახსნა, აბრაამს სწამდა, რომ ღმერთს ისაკის მკვდრეთით აღდგენა შეეძლო (წაიკითხეთ ებრაელების 11:17—19). თუმცა ბიბლიაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ აბრაამს იმედი ჰქონდა, დამორჩილების შემთხვევაში იეჰოვა მაშინვე, იმ დღესვე ან იმ კვირაშივე აღუდგენდა ისაკს. აბრაამმა არ იცოდა, როდის დაუბრუნებდა იეჰოვა სიცოცხლეს მის ვაჟს, მაგრამ სწამდა, რომ ის ადრე თუ გვიან აუცილებლად გააკეთებდა ამას.
15. რისი იმედი ჰქონდა პატრიარქ იობს?
15 პატრიარქმა იობმაც იცოდა, რომ მომავალში მკვდრეთით აღდგომა იქნებოდა. მას ესმოდა, რომ, თუ ხეს მოჭრიდნენ, ის ახალ ყლორტებს ამოიყრიდა და ისევ გაიზრდებოდა. მაგრამ ადამიანის შემთხვევაში ეს ასე არ იყო (იობ. 14:7—12; 19:25—27). გარდაცვლილ ადამიანს არ შეუძლია სამარიდან ამოსვლა და სიცოცხლის გაგრძელება (2 სამ. 12:23; ფსალმ. 89:48). თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ღმერთს არ ძალუძს ადამიანის მკვდრეთით აღდგენა. იობს სწამდა, რომ იეჰოვა დადგენილ დროს გაიხსენებდა მას (წაიკითხეთ იობის 14:13—15). მიუხედავად იმისა, რომ მან არ იცოდა, როდის დადგებოდა ეს დრო, სწამდა, რომ შემოქმედი გაიხსენებდა და მკვდრეთით აღადგენდა.
16. როგორ გაამხნევა ანგელოზმა წინასწარმეტყველი დანიელი?
16 ებრაული წერილებიდან ვიგებთ კიდევ ერთი ერთგული ადამიანის, დანიელის შესახებ. ის ათწლეულების მანძილზე ერთგულად ემსახურებოდა ღმერთს და ღმერთიც მხარში ედგა მას. ერთხელ ანგელოზმა დანიელს უთხრა: „ძვირფასო ადამიანო . . . მშვიდობა შენდა, გამაგრდი“! (დნ. 9:22, 23; 10:11, 18, 19).
17, 18. რა დაპირება მიიღო დანიელმა მომავალთან დაკავშირებით?
17 დანიელი 100 წელს იყო მიტანებული და დიდხანს ვეღარ იცოცხლებდა. ალბათ, მას აფიქრებდა, რა ელოდა მომავალში. აღდგებოდა ის მკვდრეთით? რა თქმა უნდა! დანიელის წიგნი სრულდება დაპირებით, რომელიც ღმერთმა მას მისცა: „შენ კი მიდი აღსასრულამდე; დაისვენებ“ (დნ. 12:13). მოხუცმა დანიელმა იცოდა, რომ მკვდრები უმოქმედო მდგომარეობაში იყვნენ და „არც ცოდნა და არც სიბრძნე არ არის სამარეში“, სადაც მალე თვითონაც იქნებოდა (ეკ. 9:10). მაგრამ დანიელისთვის ყველაფერი ამით არ დასრულდებოდა, რადგან იეჰოვა მას შესანიშნავ მომავალს ჰპირდებოდა.
18 დანიელისთვის მიცემული დაპირება შემდეგი სიტყვებით სრულდება: „აღდგები შენი წილის მისაღებად დღეების ბოლოს“. დანიელმა ზუსტად არ იცოდა, როდის მოხდებოდა ეს და რამდენი დრო გავიდოდა, სანამ ეს სიტყვები შესრულდებოდა. ის დაასრულებდა სიცოცხლეს და დაისვენებდა. თუმცა სიტყვები „აღდგები შენი წილის მისაღებად“, იმაზე მიანიშნებდა დანიელს, რომ ეს მომავალში მოხდებოდა. ის „დღეების ბოლოს“ ანუ სიკვდილიდან დიდი ხნის შემდეგ აღდგებოდა.
მართას მსგავსად თქვენც შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ მკვდრეთით აღდგომა იქნება (იხილეთ აბზაცები 19, 20)
19, 20. ა) რა კავშირი აქვს ამ სტატიაში განხილულ მკვდრეთით აღდგომის შემთხვევებს მართას სიტყვებთან? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
19 აშკარაა, მართას საფუძველი ჰქონდა, დარწმუნებული ყოფილიყო, რომ მისი ძმა ლაზარე აღდგებოდა „აღდგომისას, უკანასკნელ დღეს“. დანიელისთვის მიცემულმა დაპირებამ და მართას მტკიცე რწმენამ, რომელიც მის სიტყვებში ჩანდა, ჩვენც უნდა განგვიმტკიცოს მკვდრეთით აღდგომის იმედი.
20 როგორც დავინახეთ, წარსულში მომხდარი მოვლენები იმაზე მეტყველებს, რომ მკვდრები ნამდვილად აღდგებიან. ღვთის მსახურები მოელოდნენ, რომ მომავალში აღდგომა იქნებოდა. გვაქვს საფუძველი, გვჯეროდეს, რომ მკვდრეთით აღდგომის შესახებ დაპირება ნამდვილად შესრულდება მიუხედავად იმისა, რომ ის დიდი ხნის წინათ წარმოითქვა? თუ დიახ, მაშინ უფრო მეტი მიზეზი გვექნება, მართასავით დაველოდოთ იმ დროის დადგომას. და მაინც, როდის დადგება ეს დრო? ამ საკითხზე შემდეგ სტატიაში ვისაუბრებთ.
-
-
„მეც მაქვს ღვთის იმედი“საგუშაგო კოშკი — 2017 | დეკემბერი
-
-
„მეც მაქვს ღვთის იმედი“
„უკანასკნელი ადამი მაცოცხლებელი სული [გახდა]“ (1 კორ. 15:45).
1—3. ა) რა შედის ჩვენს ძირითად სწავლებებში? ბ) რატომ არის სწავლება მკვდრეთით აღდგომის შესახებ უმნიშვნელოვანესი? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)
რას უპასუხებდით, თქვენთვის რომ ვინმეს ეკითხა: რას ასწავლის თქვენი რელიგია? თქვენ აუცილებლად ეტყოდით, რომ იეჰოვა ჩვენი შემოქმედი და სიცოცხლის მბოძებელია. აგრეთვე აუხსნიდით, რომ გწამთ იესო ქრისტესი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლით გამოისყიდა კაცობრიობა. ამასთანავე, სიხარულით დასძენდით, რომ მალე დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა და ღვთის მორჩილი ადამიანები იქ მარადიულად იცხოვრებენ. მაგრამ ეტყოდით, რომ მოუთმენლად ელით მკვდრეთით აღდგომას?
2 ჩვენ საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს, მკვდრეთით აღდგომა ძირითად სწავლებებს შორის მოვიხსენიოთ მაშინაც კი, თუ ვიმედოვნებთ, რომ გადავიტანთ დიდ გასაჭირს და მარადიულად ვიცხოვრებთ დედამიწაზე. მოციქულმა პავლემ აღნიშნა, თუ რატომ არის მკვდრეთით აღდგომა ჩვენი რწმენის საყრდენი: „თუ მკვდრეთით აღდგომა არ არის, არც ქრისტე აღმდგარა“. თუ ქრისტე არ აღდგებოდა მკვდრეთით, ის ვერ გამეფდებოდა, შესაბამისად, ქრისტეს მმართველობის შესახებ სწავლება აზრს მოკლებული იქნებოდა (წაიკითხეთ 1 კორინთელების 15:12—19). მაგრამ სადუკეველებისგან განსხვავებით, რომელთაც არ სჯეროდათ, რომ მკვდრები აღდგებოდნენ, ჩვენ გვწამს, რომ იესო აღდგა. ჩვენ დაცინვის დროსაც კი მტკიცედ ვიცავთ ჩვენს რწმენას და არ ვკარგავთ მკვდრეთით აღდგომის იმედს (მარ. 12:18; საქ. 4:2, 3; 17:32; 23:6—8).
3 პავლემ „ქრისტეს შესახებ სწავლების საწყისებში“ მოიხსენია „სწავლება . . . მკვდრეთით აღდგომის“ შესახებ (ებრ. 6:1, 2). მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწამდა მკვდრეთით აღდგომის (საქ. 24:10, 15, 24, 25). მაგრამ ის ფაქტი, რომ მკვდრეთით აღდგომა სწავლების საწყისებს, „ღვთის წმინდა სიტყვების საფუძვლებს“ მიეკუთვნება, არ ნიშნავს, რომ მას გამოკვლევა არ სჭირდება (ებრ. 5:12). რატომ ვამბობთ ამას?
4. რა კითხვები წამოიჭრება მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით?
4 ბიბლიის შესწავლის დაწყებისთანავე ბევრი კითხულობს როგორც ლაზარეს, ისე სხვების მკვდრეთით აღდგომის შემთხვევებს. ისინი იგებენ, რომ აბრაამს, იობსა და დანიელს სწამდათ მომავალი მკვდრეთით აღდგომის. და მაინც, თუ ვინმე გკითხავთ, რამდენად სარწმუნოა მკვდრეთით აღდგომის შესახებ საუკუნეების წინათ წარმოთქმული დაპირება, რას უპასუხებთ? ამბობს ბიბლია, როდის იქნება მკვდრეთით აღდგომა? ამ კითხვებზე ბიბლიიდან მიღებული პასუხები რწმენას განგვიმტკიცებს.
დიდი ხნის წინათ ნაწინასწარმეტყველები აღდგომა
5. თავდაპირველად რომელ კითხვებს გაეცემა პასუხი?
5 შეიძლება შედარებით ადვილი წარმოსადგენი იყოს იმ ადამიანის გაცოცხლება, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა (იოან. 11:11; საქ. 20:9, 10). მაგრამ ასეთივე ადვილი წარმოსადგენი იქნება იმ ადამიანის მკვდრეთით აღდგომა, რომელიც წლების ან საუკუნეების წინ მოკვდა? ენდობოდით დაპირებას, რომელიც დიდი ხნის შემდეგ შესრულდებოდა მასზე, ვინც ახლახან ან დიდი ხნის წინათ დაიღუპა? სინამდვილეში მკვდრეთით აღდგომა, რომელიც საუკუნეების წინ იყო ნაწინასწარმეტყველები, უკვე შესრულდა და თქვენ გწამთ ეს. ვის ეხებოდა ეს წინასწარმეტყველება და როგორ უკავშირდება ის მომავალ აღდგომას?
6. როგორ ეხებოდა 118-ე ფსალმუნში ჩაწერილი წინასწარმეტყველება იესოს?
6 განვიხილოთ აღდგომის შესახებ დიდი ხნის წინათ წარმოთქმული წინასწარმეტყველება, რომელიც სავარაუდოდ დავითის მიერ შეთხზულ 118-ე ფსალმუნში ჩაიწერა. ის შეიცავს ვედრებას: „იეჰოვა, გთხოვთ, გვიხსენი! . . კურთხეული იყოს იეჰოვას სახელით მომავალი!“. ალბათ გაგახსენდათ, რომ ხალხი ამ სიტყვებს ამბობდა, როცა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, 9 ნისანს, იესო ჩოჩორზე მჯდომი შევიდა იერუსალიმში (ფსალმ. 118:25, 26; მათ. 21:7—9). როგორ მიანიშნებს 118-ე ფსალმუნი მკვდრეთით აღდგომაზე, რომელიც მომავალში მოხდებოდა? ყურადღება მიაქციეთ, რა არის ნათქვამი ამავე ფსალმუნში: „მშენებლების მიერ დაწუნებული ქვა კუთხის თავში დასადები ქვა გახდა“ (ფსალმ. 118:22).
„მშენებლებმა“ უარყვეს მესია (იხილეთ აბზაცი 7)
7. როგორ უარყვეს იუდეველებმა იესო?
7 „მშენებლებმა“ ანუ იუდეველმა წინამძღოლებმა უარყვეს მესია. მათ ზურგი აქციეს იესოს და არ აღიარეს ის ქრისტედ, თუმცა მხოლოდ ეს არ იკმარეს. მათგან წაქეზებული ბევრი იუდეველი ხმამაღლა მოითხოვდა იესოს სიკვდილით დასჯას (ლუკ. 23:18—23). ცხადია, ისინი ყველანი დამნაშავენი იყვნენ იესოს სიკვდილში.
აღდგომის შემდეგ იესო „კუთხის თავში დასადები ქვა“ გახდა (იხილეთ აბზაცები 8, 9)
8. როგორ გახდებოდა იესო „კუთხის თავში დასადები ქვა“?
8 თუ იესო უარყვეს და მოკლეს, როგორღა გახდებოდა ის „კუთხის თავში დასადები ქვა“? ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ ის მკვდრეთით აღდგებოდა. ეს გამოჩნდა იესოს მიერ მოყვანილ მაგალითშიც, რომელშიც მევენახეებმა შეურაცხყოფა მიაყენეს ვენახის პატრონის მიერ გაგზავნილ მონებს. ზუსტად ასე მოექცნენ ისრაელები ღვთის წინასწარმეტყველებს. მაგალითიდან ვიგებთ, რომ ბოლოს ვენახის პატრონმა მათ თავისი საყვარელი ძე, მემკვიდრე გაუგზავნა. როგორ მოეპყრნენ მის ძეს მევენახეები? არც მას დააყარეს კარგი დღე. ის ვენახიდან გაათრიეს და მოკლეს. იესომ თავისი მაგალითი 118-ე ფსალმუნის 22-ე მუხლში ჩაწერილი სიტყვებით დაასრულა (ლუკ. 20:9—17). მოციქულმა პეტრემაც იგივე მუხლი მოიყვანა, როდესაც იერუსალიმში შეკრებილ მმართველებს, უხუცესებსა და მწიგნობრებს ესაუბრებოდა. მან თქვა: „ნაზარეთელი იესო ქრისტე . . . რომელიც თქვენ ბოძზე გააკარით . . . ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა“. შემდეგ დასძინა: «ის არის „ქვა, რომელიც თქვენ, მშენებლებმა არაფრად ჩააგდეთ, მაგრამ კუთხის თავად იქცა“» (საქ. 3:15; 4:5—11; 1 პეტ. 2:5—7).
9. რა განსაკუთრებული მოვლენა იყო ნაწინასწარმეტყველები ფსალმუნის 118:22-ში?
9 აღდგომის შესახებ წინასწარმეტყველება 118-ე ფსალმუნის 22-ე მუხლში შესრულებამდე საუკუნეებით ადრე ჩაიწერა. მესიას უარყოფდნენ და მოკლავდნენ, მაგრამ აღდგებოდა და „კუთხის თავში დასადები ქვა“ გახდებოდა. მხოლოდ მკვდრეთით აღმდგარ იესოს შეეძლო ადამიანთა ხსნა. სწორედ ამიტომ ამბობს ბიბლია მასზე: „არ არსებობს ცის ქვეშ ადამიანებისთვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით“ (საქ. 4:12; ეფეს. 1:20).
10. ა) რა იყო ნაწინასწარმეტყველები ფსალმუნის 16:10-ში? ბ) საიდან ვიცით, რომ ფსალმუნის 16:10-ში ჩაწერილი სიტყვები დავითზე არ შესრულებულა?
10 განვიხილოთ აღდგომასთან დაკავშირებული კიდევ ერთი მუხლი, რომელიც შესრულებამდე ათას წელზე მეტი ხნით ადრე ჩაიწერა ბიბლიაში. ეს განგიმტკიცებთ რწმენას, რომ აღდგომის შესახებ წინასწარმეტყველება შეიძლება წარმოთქმიდან დიდი ხნის შემდეგ შესრულდეს. მე-16 ფსალმუნში, რომელიც დავითმა დაწერა, ვკითხულობთ: „შენ არ დატოვებ ჩემს სულს სამარეში, არ დაუშვებ, რომ შენმა ერთგულმა საფლავი იხილოს“ (ფსალმ. 16:10). დავითს არ უთქვამს, რომ ის არასდროს მოკვდებოდა ან არასდროს მოხვდებოდა კაცობრიობის საერთო სამარეში. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ დავითი დაბერდა და სიკვდილის შემდეგ „განისვენა . . . თავისი მამა-პაპის გვერდით და დამარხეს ის დავითის ქალაქში“ (1 მეფ. 2:1, 10). მაშ, რას გულისხმობდა დავითი ფსალმუნის 16:10-ში?
11. როდის ახსნა პეტრემ ფსალმუნის 16:10-ის მნიშვნელობა?
11 ეს საკითხი ჩვენთვის ბურუსით მოცული ნამდვილად არ არის. ამ ფსალმუნის დაწერიდან ათას წელზე მეტი ხნისა და იესოს აღდგომიდან რამდენიმე კვირის შემდეგ პეტრემ ათასობით იუდეველთან და პროზელიტთან ფსალმუნის 16:10-ში ჩაწერილ სიტყვებზე ისაუბრა (წაიკითხეთ საქმეების 2:29—32). მან თქვა, რომ დავითი მოკვდა და დამარხეს. პეტრეს მსმენელებს ამაში ეჭვი არ ეპარებოდათ. ბიბლიაში არაფერია ნათქვამი, რომ მას ვინმე შეეკამათა, როცა აღნიშნა, რომ დავითმა „წინასწარ იხილა და თქვა, რომ . . . [მესია] აღდგებოდა“.
12. როგორ შესრულდა ფსალმუნის 16:10 და როგორ გვარწმუნებს ეს, რომ მომავალშიც იქნება მკვდრეთით აღდგომა?
12 პეტრემ თავისი ნათქვამის გასამყარებლად დავითის მიერ დაწერილი 110-ე ფსალმუნის პირველი მუხლი მოიშველია (წაიკითხეთ საქმეების 2:33—36). მან წმინდა წერილების საფუძველზე მსჯელობით დაარწმუნა ბევრი, რომ იესო იყო უფალი და ქრისტე. უფრო მეტიც, ხალხი მიხვდა, რომ ფსალმუნის 16:10-ში ჩაწერილი სიტყვები იესოზე შესრულდა, როცა ის მკვდრეთით აღდგა. მოგვიანებით მოციქულმა პავლემაც იგივე მტკიცება მოიყვანა, როდესაც პისიდიის ანტიოქიაში ებრაელებს ელაპარაკებოდა. მისმა მსჯელობამ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მსმენელზე, რომ უფრო მეტის გაგების სურვილი გაუჩნდათ (წაიკითხეთ საქმეების 13:32—37, 42). ამან ჩვენც უნდა დაგვარწმუნოს, რომ აღდგომის შესახებ ეს ბიბლიური წინასწარმეტყველებები ნამდვილად სანდო იყო მიუხედავად იმისა, რომ მისი წარმოთქმიდან შესრულებამდე საუკუნეები გავიდა.
როდის იქნება მკვდრეთით აღდგომა?
13. რა კითხვები შეიძლება დაგვებადოს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით?
13 გამამხნევებელია იმის ცოდნა, რომ მკვდრეთით აღდგომა შეიძლება წინასწარმეტყველების წარმოთქმიდან საუკუნეების შემდეგ მოხდეს. და მაინც, ზოგმა შეიძლება იკითხოს: ნიშნავს ეს იმას, რომ დიდი ხანი მომიწევს ლოდინი, სანამ ჩემს საყვარელ ადამიანებს ვიხილავ? როდის იქნება მკვდრეთით აღდგომა? იესომ თავის მოციქულებს უთხრა, რომ იყო საკითხები, რომლებიც არ იცოდნენ და ვერც ეცოდინებოდათ. მაგალითად, ჩვენ ზუსტად არ ვიცით „დროები და ვადები, რომლებიც მამის ძალაუფლებაშია“ (საქ. 1:6, 7; იოან. 16:12). თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ ვიცით, როდის იქნება მკვდრეთით აღდგომა.
14. რით განსხვავდება იესოს მკვდრეთით აღდგომა ძველ დროში მომხდარი მკვდრეთით აღდგომის შემთხვევებისგან?
14 გაიხსენეთ მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებული ბიბლიური წინასწარმეტყველებები. ცხადია, ყველაზე მნიშვნელოვანი იესოს მკვდრეთით აღდგომაა, რადგან ქრისტე რომ არ აღმდგარიყო, არცერთ ჩვენგანს არ ექნებოდა გარდაცვლილი ახლობლების ხილვის იმედი. იესომდე მცხოვრები ღვთის მსახურების, მაგალითად ელიასა და ელისეს მიერ აღდგენილი ადამიანები გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ დაიხოცნენ და მათი სხეულები საფლავში გაიხრწნა. თუმცა „მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე აღარ კვდება, სიკვდილი აღარ ბატონობს მასზე“. ის ზეცაშია და ცოცხალია სამარადისოდ (რომ. 6:9; გამოცხ. 1:5, 18; კოლ. 1:18; 1 პეტ. 3:18).
15. რატომ ეწოდება იესოს „პირველი ნაყოფი“?
15 იესო იყო პირველი, ვინც ზეცაში ამაღლდა როგორც სულიერი პიროვნება. უდავოა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მკვდრეთით აღდგომის შემთხვევაა (საქ. 26:23). თუმცა იესოს გარდა სხვებიც აღდგებოდნენ ზეციერი ცხოვრებისთვის. ის დაჰპირდა ერთგულ მოციქულებს, რომ მასთან ერთად იმეფებდნენ ზეცაში (ლუკ. 22:28—30). მაგრამ ჯილდოს მისაღებად ისინი ჯერ უნდა დახოცილიყვნენ, სიკვდილის შემდეგ კი იესოსავით სულიერ სხეულში აღმდგარიყვნენ. პავლემ დაწერა: „მკვდრეთით აღდგა ქრისტე, სიკვდილის ძილით მიძინებულთა პირველი ნაყოფი“. მან თქვა, რომ ზეციერი ცხოვრებისთვის სხვებიც აღდგებოდნენ: „თითოეული თავისი წესისა და რიგის მიხედვით: ჯერ ქრისტე, პირველი ნაყოფი, შემდეგ კი ქრისტესნი — როცა ის მოსული იქნება“ (1 კორ. 15:20, 23).
16. რა მიანიშნებს ზეციერი აღდგომის დაწყების დროზე?
16 პავლეს სიტყვები მიანიშნებს იმ დროზე, როცა ზეციერი აღდგომა დაიწყებოდა. ეს მოხდებოდა მაშინ, როცა იესო მოსული იქნებოდა. იეჰოვას მოწმეები წმინდა წერილების გამოკვლევის შედეგად იმ დასკვნამდე მივედით, რომ 1914 წლიდან იესო უკვე მოსულია და ეს ბოროტი ქვეყნიერება ძალიან მალე განადგურდება.
17, 18. რა დაემართებათ დიდი გასაჭირის დროს დედამიწაზე მცხოვრებ ცხებულებს?
17 ბიბლია მეტ ინფორმაციას გვაწვდის ზეციერი აღდგომის შესახებ: „არ გვინდა, ძმებო, არ იცოდეთ სიკვდილის ძილით მიძინებულთა შესახებ . . . თუ გვწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, მაშინ მათაც, ვინც სიკვდილის ძილით დაიძინეს იესოსთან ერთობაში, ღმერთი მასთან ერთად მოიყვანს . . . ჩვენ, ვინც ცოცხლად დავრჩებით იმ დრომდე, როცა უფალი მოსული იქნება, ვერ დავასწრებთ სიკვდილის ძილით მიძინებულებს, რადგან უფალი თვითონ ჩამოვა ზეციდან მბრძანებლური მოწოდებით . . . და პირველები ქრისტეში მკვდრები აღდგებიან. შემდეგ კი ჩვენ, ცოცხლად დარჩენილები, მათთან ერთად ვიქნებით ატაცებულნი ღრუბლებში, რათა უფალს შევეგებოთ ჰაერში, რის შემდეგაც მუდამ უფალთან ვიქნებით“ (1 თეს. 4:13—17).
18 პირველი აღდგომა, ანუ ზეციერი აღდგომა, იესოს მოსვლიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ დაიწყებოდა. დიდი გასაჭირის დროს დედამიწაზე მყოფი ცხებულები ატაცებულნი იქნებიან ღრუბლებში. ისინი იმ გაგებით არ დაიძინებენ სიკვდილის ძილით, რომ დიდი ხანი არ მოუწევთ ლოდინი და სიკვდილისთანავე იქნებიან ატაცებულნი ზეცაში. ისინი შეიცვლებიან „უცბად, თვალის დახამხამებაში, უკანასკნელ საყვირზე“ (1 კორ. 15:51, 52; მათ. 24:31).
19. რა „უკეთესი აღდგომა“ გველოდება წინ?
19 დღეს ერთგულ ქრისტიანთა დიდი ნაწილი ცხებული არ არის და არც ქრისტესთან ერთად ზეცაში მსახურებისთვის არის მოწოდებული. თუმცა ისინიც ელოდებიან „იეჰოვას დღეს“, როცა ეს ბოროტი ქვეყნიერება განადგურდება. ზუსტად არავინ იცის, როდის დადგება აღსასრული, მაგრამ განვითარებული მოვლენებიდან ჩანს, რომ ის ძალიან ახლოსაა (1 თეს. 5:1—3). ამის შემდეგ კიდევ ერთი აღდგომა მოხდება — დედამიწაზე სამოთხეში საცხოვრებლად აღდგებიან ადამიანები, რომელთაც გასრულყოფილებისა და მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა მიეცემათ. ეს იმაზე „უკეთესი აღდგომა“ იქნება, ვიდრე წარსულში იყო, როცა „ქალებს თავიანთი მკვდრები აღმდგარნი უბრუნდებოდნენ“; ეს აღდგენილები მოგვიანებით ისევ დაიხოცნენ (ებრ. 11:35).
20. რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ აღდგომა ორგანიზებულად მოხდება?
20 ზეციერ აღდგომასთან დაკავშირებით ბიბლია ამბობს, რომ „თითოეული თავისი წესისა და რიგის მიხედვით“ აღდგება (1 კორ. 15:23). შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ დედამიწაზეც ორგანიზებულად მოხდება აღდგომა. წამოიჭრება კითხვები: ვინ აღდგება ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დასაწყისში — ჩვენს დროში გარდაცვლილები, რომელთაც საყვარელი ადამიანები შეეგებებიან, თუ ძველ დროში მცხოვრები ღვთის ერთგული მსახურები, რომელთაც ხელმძღვანელობის გაწევა შეეძლოთ, რათა ახალ ქვეყნიერებაში უხელმძღვანელონ ღვთის ხალხს? რის თქმა შეიძლება მათზე, ვინც იეჰოვას არ ემსახურებოდა? სად და როდის აღდგებიან ისინი? შეიძლება ბევრი კითხვა გაგვიჩნდეს, თუმცა ამ საკითხებზე წუხილის დრო ახლა ნამდვილად არ არის. განა უკეთესი არ იქნება, მოვიცადოთ და ვნახოთ, რა მოხდება? შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ძალიან საინტერესო იქნება საკუთარი თვალით იმის ნახვა, თუ რას გააკეთებს იეჰოვა.
21. რა იმედი გაქვთ აღდგომასთან დაკავშირებით?
21 ვიდრე ეს მოხდება, შეგვიძლია რწმენა განვიმტკიცოთ იეჰოვას მიმართ, რომელიც იესოს მეშვეობით დაგვპირდა, რომ მის მეხსიერებაში მყოფი მკვდრები აღდგებიან (იოან. 5:28, 29; 11:23). იმის ხაზგასასმელად, რომ იეჰოვას მკვდრების აღდგენის ძალა აქვს, იესომ თქვა, რომ აბრაამი, ისაკი და იაკობი ღვთისთვის „ცოცხლები არიან“ (ლუკ. 20:37, 38). ცხადია, უამრავი მიზეზი გვაქვს, პავლე მოციქულის მსგავსად ვთქვათ: „მეც მაქვს ღვთის იმედი, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა“ (საქ. 24:15).
-