-
იესო აღდგაიმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
-
-
ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 91
იესო აღდგა
ერთი მდიდარი კაცი, იოსები, პილატესთან მივიდა და იესოს სხეულის ჩამოხსნის ნებართვა სთხოვა. იოსებმა იესოს სხეული საუკეთესო სელის ტილოში გაახვია, სურნელოვანი მცენარეებით დაამუშავა და ახალ სამარხში დაასვენა. მან სამარხის შესასვლელს მძიმე ქვა მიაფარა. უფროსმა მღვდლებმა პილატეს უთხრეს: გვეშინია, იესოს მოწაფეებმა მისი სხეული არ მოიპარონ და მერე არ თქვან, აღდგაო. პილატემ უთხრა მათ: მცველები დაუყენეთ სამარხს!
სამი დღის შემდეგ, დილით ადრე, რამდენიმე ქალი სამარხთან მივიდა და ნახა, რომ ქვა გადაგორებული იყო. სამარხში რომ შევიდნენ, ანგელოზი გამოეცხადა მათ და უთხრა: ნუ გეშინიათ! იესო მკვდრეთით აღდგა. წადით და უთხარით მოწაფეებს, რომ იესო მათ გალილეაში შეხვდება!
მაგდალელი მარიამი მაშინვე პეტრესა და იოანეს მოსაძებნად გაიქცა. როცა იპოვა, უთხრა მათ: ვიღაცას იესოს ცხედარი მოუპარავს. ისინიც მაშინვე სამარხისკენ გაიქცნენ და როცა ნახეს, რომ სამარხი ცარიელი იყო, თავ-თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ.
მარიამი სამარხთან დაბრუნდა. შიგნით რომ შევიდა, ორი ანგელოზი დაინახა და ჰკითხა მათ: არ ვიცი, სად წაიღეს ჩემი უფლის ცხედარი. შემდეგ მან კაცი დაინახა, რომელიც მებაღე ეგონა და ჰკითხა: ბატონო, გთხოვ მითხარი, სად წაიღე მისი ცხედარი! მაგრამ, როცა მამაკაცმა მას სახელით მიმართა, მარიამი მიხვდა, რომ ის იესო იყო. მან სიხარულით წამოიძახა: მოძღვარო! გაოცებულმა ხელი ჩაავლო მას. იესომ მას უთხრა: წადი და ჩემს ძმებს უთხარი, რომ მნახე! მარიამი მაშინვე მოწაფეებთან გაიქცა და ყველაფერი უამბო მათ.
მოგვიანებით, იმავე დღეს, ორი მოწაფე იერუსალიმიდან ემაუსში მიდიოდა. მათ გზაში ერთი კაცი წამოეწია და ჰკითხა, თუ რაზე საუბრობდნენ. მათ მიუგეს: ნუთუ არაფერი გაგიგია?! სამი დღის წინ უფროსმა მღვდლებმა იესო სიკვდილით დასაჯეს. ახლა კი ზოგი ქალი ამბობს, რომ ის ისევ ცოცხალია. კაცმა ჰკითხა მათ: წინასწარმეტყველების არ გჯერათ? მათ ხომ თქვეს, რომ იესო უნდა მომკვდარიყო და შემდეგ გაცოცხლებულიყო?! მან წმინდა წერილები აუხსნა მათ. ამასობაში ემაუსშიც ჩავიდნენ. მოწაფეებმა სთხოვეს იმ კაცს, მათთან ერთად დარჩენილიყო და როცა მან ვახშმის წინ ილოცა, მოწაფეები მიხვდნენ, რომ ის იესო იყო. ამის შემდეგ კი იესო გაუჩინარდა.
ორივე მოწაფე იერუსალიმში გაიქცა და იმ სახლში მივიდა, სადაც მოციქულები იყვნენ შეკრებილები. მათ ყველაფერი უამბეს მოციქულებს. სწორედ ამ დროს იქ შეკრებილებს იესო გამოეცხადა. თავიდან მოციქულებმა ვერ დაიჯერეს, რომ მათ წინ ნამდვილად იესო იდგა. ამიტომ იესომ უთხრა მათ: შეხედეთ ჩემს ხელებს, შემეხეთ! განა დაწერილი არ იყო, რომ ქრისტე მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო?!
„მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე! მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა“ (იოანე 14:6).
-
-
იესო მეთევზეებს ეცხადებაიმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
-
-
ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 92
იესო მეთევზეებს ეცხადება
როგორც წინა მოთხრობიდან გავიგეთ, იესო მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მოციქულებს გამოეცხადა. ამ ამბიდან მალევე პეტრემ გადაწყვიტა, რომ გალილეის ზღვაზე სათევზაოდ წასულიყო. მას თან გაჰყვნენ თომა, იაკობი, იოანე და ზოგიერთი სხვა მოწაფე. მათ მთელი ღამე ითევზავეს, მაგრამ ვერაფერი დაიჭირეს.
დილით ადრე მოწაფეებმა შენიშნეს, რომ ზღვის ნაპირზე ვიღაც კაცი იდგა. კაცმა გასძახა მათ: დაიჭირეთ თევზი? მათ უპასუხეს: ვერა, ვერაფერი დავიჭირეთ. შემდეგ კაცმა უთხრა მათ: „ნავის მარჯვენა მხარეს ისროლეთ ბადე!“. ისინი ასეც მოიქცნენ და ბადე იმდენი თევზით აივსო, რომ ვერ შეძლეს ნავზე მისი ატანა. უცებ იოანე მიხვდა, რომ ის კაცი იესო იყო და წამოიძახა: „ეს უფალია!“. ამის გაგონებაზე პეტრე მაშინვე წყალში გადახტა და ნაპირისკენ გაცურა. დანარჩენებიც უკან გაჰყვნენ ნავით.
ნაპირზე რომ გავიდნენ, დაინახეს, რომ ცეცხლზე თევზი იწვებოდა, გვერდით კი პური ელაგა. იესომ სთხოვა მათ: თქვენი თევზიც მოიტანეთ. შემდეგ კი უთხრა, რომ ერთად ესაუზმათ.
საუზმის შემდეგ იესომ პეტრეს ჰკითხა: მე უფრო გიყვარვარ თუ თევზაობა? პეტრემ მიუგო: უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ. იესომ უთხრა: მაშინ აძოვე ჩემი ბატკნები! ცოტა ხანში ისევ ჰკითხა: პეტრე, გიყვარვარ? პეტრემ მიუგო: უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ. იესომ უთხრა: „დამწყემსე ჩემი ბატკნები“. იესომ მესამედაც იგივე ჰკითხა, რაზეც პეტრე ძალიან დამწუხრდა და უპასუხა: „უფალო, შენ ყველაფერი იცი. იცი, რომ მიყვარხარ!“. იესომ კვლავ უთხრა: „აძოვე ჩემი ბატკნები“. ბოლოს იესომ ასეთი რამ უთხრა მას: პეტრე, მომყევი!
„[იესომ] უთხრა მათ: „გამომყევით და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ!“ მათაც მაშინვე დატოვეს ბადეები და გაჰყვნენ“ (მათე 4:19, 20).
-
-
იესო ზეცაში ბრუნდებაიმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
-
-
ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 93
იესო ზეცაში ბრუნდება
გალილეაში იესო თავის მოწაფეებს შეხვდა. მან ძალიან მნიშვნელოვანი დავალება მისცა მათ: წადით ყველა ერის ხალხთან და მოწაფეებად მოამზადეთ ისინი; ასწავლეთ მათ ის ყველაფერი, რაც მე გასწავლეთ და მონათლეთ ისინი! შემდეგ დაჰპირდა: გახსოვდეთ, რომ მე ყოველთვის თქვენთან ვიქნები!
მკვდრეთით აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში იესო ასობით მოწაფეს ეჩვენა გალილეასა და იერუსალიმში. მან ბევრი მნიშვნელოვანი რამ ასწავლა მათ და მრავალი სასწაულიც მოახდინა მოწაფეების თვალწინ. შემდეგ კი ის ბოლოჯერ შეხვდა თავის მოციქულებს ზეთისხილის მთაზე. ამ დროს იესომ ასეთი სიტყვები უთხრა მათ: არ დატოვოთ იერუსალიმი! დაელოდეთ იმის შესრულებას, რასაც მამა დაგპირდათ!
მოციქულებმა ვერ გაიგეს, რას ნიშნავდა იესოს ნათქვამი და ჰკითხეს: ახლა უნდა გახდე ისრაელის მეფე? იესომ უპასუხა: ჯერ არ მოსულა ჩემი გამეფების დრო, რომელიც იეჰოვას აქვს დანიშნული. მალე თქვენზე წმინდა სული გადმოვა, ძალას მიიღებთ და გახდებით ჩემი მოწმეები. წადით და იქადაგეთ იერუსალიმში, იუდეაში, სამარიასა და დედამიწის ყველაზე შორეულ ადგილებშიც კი!
ამის შემდეგ იესო ამაღლდა, ცაში ავიდა და ღრუბლებმა დაფარა. მოწაფეები გაფაციცებით იყურებოდნენ ზემოთ, რომ როგორმე დაენახათ იესო, მაგრამ ის უკვე გაუჩინარებულიყო.
მოწაფეები ზეთისხილის მთიდან იერუსალიმში წავიდნენ. ისინი ხშირად იკრიბებოდნენ ხოლმე ზედა ოთახში, ლოცულობდნენ და იესოსგან ახალ მითითებებს ელოდნენ.
„იქადაგებენ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის საუწყებლად და მაშინ დადგება აღსასრული“ (მათე 24:14).
-