საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ოთხი მხედარი ჯირითობს
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • „გამოვიდა მეორე, ალისფერი ცხენი. მასზე მჯდომს ნება მიეცა, მშვიდობა წაეღო დედამიწიდან, რათა ადამიანებს ერთმანეთი დაეხოცათ, და მიეცა მას დიდი მახვილი“ (გამოცხადება 6:4). ეს შიშის მომგვრელი ხილვა ომს აღწერს. ეს არის არა იეჰოვას გამარჯვებული მეფის მიერ წარმოებული სამართლიანი ომი, რომელიც გამარჯვებით დაგვირგვინდება, არამედ მსოფლიოში მიმდინარე სასტიკი ომები, რომლებსაც უაზრო სისხლის ღვრა და ტანჯვა მოჰყვება. მართლაც შესაფერისი სიმბოლოა ალისფერ ცხენზე ამხედრებული მხედარი!

      15. რატომ არ გვსურს, გვქონდეს საერთო მეორე მხედართან?

      15 აშკარაა, რომ იოანეს სურს, საერთო არაფერი ჰქონდეს მოჯირითე მხედართან, რადგან ღვთის ხალხის შესახებ ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ‘აღარ ისწავლიდნენ ომს’ (ესაია 2:4). მართალია, იოანე ქვეყნიერებაში ცხოვრობდა, მაგრამ „ქვეყნიერების ნაწილი“ არ ყოფილა; იმავეს თქმა შეიძლება იოანეს კლასსა და უამრავ ხალხზე, რომლებსაც ამ სისხლისმღვრელ ქვეყნიერებაში უწევთ ცხოვრება. ჩვენ საერთო არაფერი გვაქვს სისხლისმღვრელ ომთან, ჩვენი იარაღი სულიერია, მას „ღვთისგან აქვს მიცემული ძალა“, რათა გულმოდგინედ ვაცხადებდეთ ჭეშმარიტებას (იოანე 17:11, 14; 2 კორინთელები 10:3, 4).

      16. როდიდან და რა გაგებით იბრძვის „დიდი მახვილით“ ალისფერი ცხენის მხედარი?

      16 თეთრი ცხენის მხედრის ტახტზე ასვლამდე, 1914 წლამდე, არაერთი ომი გამართულა, მაგრამ ამჯერად ალისფერი ცხენის მხედარი „დიდი მახვილით“ იბრძვის. რას ნიშნავს ეს? პირველი მსოფლიო ომიდან მოყოლებული ომებმა განსაკუთრებით სისხლისმღვრელი და დამანგრეველი ხასიათი მიიღო. 1914—1918 წლების ხოცვა-ჟლეტის დროს პირველად და უპრეცედენტო მასშტაბით გამოიყენეს ტანკები, მომწამლავი აირები, თვითმფრინავები, წყალქვეშა ნავები, მძიმე არტილერია და ავტომატური იარაღი. დაახლოებით 28 ქვეყნის თითქმის მთელი მოსახლეობა სამხედროებთან ერთად იძულებით ჩააბეს საომარ მოქმედებებში. ამ ომმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ცხრა მილიონზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა, მშვიდობიან მოსახლეობას შორის კი დაღუპულთა რაოდენობამ ასტრონომიულ რიცხვს მიაღწია. ომი დამთავრდა, მაგრამ მშვიდობა არ აღდგენილა დედამიწაზე. ომის დამთავრებიდან 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ გერმანიის სახელმწიფო მოღვაწემ კონრად ადენაუერმა აღნიშნა: „1914 წლიდან კაცობრიობას დაკარგული აქვს უსაფრთხოება და სიმშვიდე“. ალისფერი ცხენის მხედარს დედამიწიდან მართლაც მშვიდობის წაღების ნება აქვს მიცემული!

      17. როგორ დაიხოცა ხალხი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ „დიდი მახვილით“?

      17 შემდეგ წითელ ცხენზე მჯდომმა სისხლსმოწყურებულმა მხედარმა მეორე მსოფლიო ომი გააჩაღა. გამანადგურებელი იარაღი უფრო დაიხვეწა, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა ოთხჯერ გადააჭარბა პირველი მსოფლიო ომის დროს დაღუპულთა რიცხვს. 1945 წელს ორი ატომური ბომბი ჩამოაგდეს იაპონიაში; თითოეულმა ათი ათასობით ადამიანს მოუსწრაფა სიცოცხლე. მეორე მსოფლიო ომის დროს წითელ ცხენზე მჯდომმა მხედარმა თითქმის 55 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა და მაინც ვერ დაკმაყოფილდა. ერთ-ერთი სანდო წყაროს თანახმად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ „დიდი მახვილით“ 20 მილიონზე მეტი ადამიანი კიდევ დაეცა.

      18, 19. ა) რაზე მოწმობს მეორე მსოფლიო ომით დაწყებული ხოცვა-ჟლეტა, რასაც სამხედრო ტექნიკის ტრიუმფს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ? ბ) რა საფრთხე ემუქრება კაცობრიობას, და რას მოიმოქმედებს თეთრ ცხენზე მჯდომი მხედარი?

      18 ამას ნამდვილად ვერ ვუწოდებთ სამხედრო ტექნიკის უდიდეს მიღწევებს. პირიქით, ეს იმის მაჩვენებელია, რომ წითელ ცხენზე მჯდომი ულმობელი მხედარი კვლავ ჯირითობს. რით დამთავრდება წითელი ცხენის ჯირითი? ზოგიერთი მეცნიერი არ გამორიცხავს ბირთვული ომის მოულოდნელად დაწყების შესაძლებლობას, რომ აღარაფერი ვთქვათ ბირთვული იარაღის წინასწარ დაგეგმილ გამოყენებაზე. საბედნიეროდ, თეთრ ცხენზე ამხედრებული დამპყრობი სხვაგვარად ფიქრობს.

      19 ეროვნული სიამაყითა და სიძულვილით გაჟღენთილი კაცობრიობა დენთის კასრზე ზის ბირთვული კატასტროფის მოლოდინში. მოსალოდნელი საშიშროების თავიდან ასაცილებლად ქვეყნებმა რომც გაანადგურონ მთელი ბირთვული არსენალი, მისი შექმნის მეთოდებს მაინც ვერ დაივიწყებენ. მათ არ გაუჭირდებათ მოკლე ხანში გამანადგურებელი ბირთვული იარაღის ხელახლა წარმოება, რის გამოც ნებისმიერი ომი შეიძლება მსოფლიო კატასტროფით დასრულდეს. მსოფლიოში გაბატონებული სიამაყე და სიძულვილი კაცობრიობას თვითგანადგურებამდე მიიყვანს, თუ თეთრ ცხენზე მჯდომი მხედარი არ შეაჩერებს ალისფერი ცხენის თავაწყვეტილ ჯირითს. შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ გამეფებული ქრისტე სრულ გამარჯვებას მოიპოვებს სატანის ქვეყნიერებაზე და დედამიწაზე ღვთისა და მოყვასის სიყვარულით გაერთიანებულ ახალ საზოგადოებას შექმნის. სწორედ ასეთი სიყვარულია მშვიდობის გარანტია და არა ის ატომური იარაღი, რომელიც ამ შეშლილ მსოფლიოში ბირთვული საშიშროების თავიდან ასაცილებლად არსებობს (ფსალმუნი 37:9—11; მარკოზი 12:29—31; გამოცხადება 21:1—5).

  • ოთხი მხედარი ჯირითობს
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • [ჩარჩო 94 გვერდზე]

      „ნება მიეცა, მშვიდობა წაეღო დედამიწიდან“

      საით მივყავართ მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესს? კანადაში, ქალაქ ტორონტოში გამომავალი გაზეთის „გლოუბ ენდ მეილის“ 1987 წლის 22 იანვრის ნომერში დაიბეჭდა საერთაშორისო განვითარებისა და კვლევითი ცენტრის პრეზიდენტის აივენ ჰედის კომენტარი:

      „როგორც სანდო წყაროები იუწყებიან, მსოფლიოს ყოველი ოთხი მეცნიერიდან და ინჟინერ-ტექნოლოგიდან, რომლებიც კვლევით საქმიანობას ემსახურებიან, ერთი იარაღის მწარმოებელია. . . 1986 წლის მონაცემებით ამ საქმეში გაღებული ხარჯები წუთში 1, 5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. იძლევა ეს მეტი უსაფრთხოების გარანტიას? ზესახელმწიფოების ბირთვული არსენალის სიმძლავრე 6 000-ჯერ აღემატება მეორე მსოფლიო ომის დროს გამოყენებული ყველა იარაღის სიმძლავრეს. წარმოიდგინეთ ექვსი ათასი მეორე მსოფლიო ომი! 1945 წლიდან მოყოლებული მსოფლიოში ერთად აღებული შვიდი კვირაც კი არ ყოფილა საომარი მოქმედებების გარეშე. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 150-ზე მეტი საერთაშორისო თუ სამოქალაქო ომი გაჩაღდა. როგორც ვარაუდობენ, ამ ომებმა 19, 3 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა; მათი უმრავლესობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის არსებობის ეპოქაში შექმნილი მოწინავე ტექნიკის გამოყენების შედეგად დაიღუპა“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება