თავი 1
გამოცხადება და მისი ბედნიერი აპოგეა!
1. საიდან ვიცით, რომ ღმერთს ბედნიერება სურს ჩვენთვის?
იოანეს „გამოცხადება“ ბიბლიის ამაღელვებელი წიგნია, რომელშიც მთელი ბიბლიური ისტორიის განვითარება ბედნიერ აპოგეას აღწევს. რატომ „ბედნიერს“? იმიტომ, რომ თავად ბიბლიის ავტორი „ბედნიერი ღმერთია“. ის „დიდებულ სასიხარულო ცნობას“ ანდობს თავის მოყვარულებს და სურს, რომ ჩვენც ბედნიერები ვიყოთ. ამაში გამოცხადების წიგნის პირველივე სიტყვები გვარწმუნებს: „ბედნიერია, ვინც ხმამაღლა კითხულობს. . . ამ წინასწარმეტყველების სიტყვებს“. ბოლო თავში კი წერია: „ბედნიერია ამ გრაგნილზე დაწერილი წინასწარმეტყველების სიტყვების დამცველი“ (1 ტიმოთე 1:11; გამოცხადება 1:3; 22:7).
2. როგორ ვპოვებთ ბედნიერებას წიგნ „გამოცხადების“ მეშვეობით?
2 ჩვენ ბედნიერებას ვპოვებთ, თუ გამოვიკვლევთ წიგნ „გამოცხადებაში“ მოცემულ შთამბეჭდავ ნიშნებსა და ხილვებს და შესაბამისად ვიმოქმედებთ. კაცობრიობის მშფოთვარე ისტორია მალე კატასტროფით დასრულდება. ღმერთი და იესო ქრისტე თანამედროვე ბოროტი ქვეყნიერების წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს აღასრულებენ და ამ ქვეყნიერებას „ახალი ცითა და ახალი დედამიწით“ შეცვლიან, სადაც „აღარ იქნება სიკვდილი“ (გამოცხადება 21:1, 4). ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობიან და უსაფრთხო ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრება, და ვიცხოვრებთ კიდეც, თუ რწმენას გავიღრმავებთ ღვთის სიტყვის შესწავლით, რომელიც „გამოცხადების“ ამაღელვებელი წინასწარმეტყველური წიგნით მთავრდება.
რა არის აპოკალიფსი?
3. ბევრის აზრით, რა არის აპოკალიფსი და არმაგედონი?
3 „გამოცხადებას“ აპოკალიფსსაც უწოდებენ. აპოკალიფსი ბერძნული სიტყვაა და ქართულად „გამოცხადებად“ ითარგმნება. ხშირად აპოკალიფსს ბირთვული ომით მსოფლიოს განადგურებასთან აიგივებენ. მაგალითად, ტეხასის შტატის (აშშ) ერთ-ერთ ქალაქში, სადაც ატომური იარაღის უდიდეს ნაწილს ამზადებდნენ, მორწმუნეები ამბობდნენ, პირველები ჩვენ დავიხოცებითო. სამღვდელოება იმ ქალაქში „დარწმუნებულია, რომ არმაგედონის დაწყება არა მხოლოდ გარდაუვალია, არამედ კარსაც არის მომდგარი. კეთილ და ბოროტ ძალებს შორის, ღმერთსა და სატანას შორის საბოლოო ბრძოლას ბირთვული კატასტროფის სახე ექნება“a.
4. რას ნიშნავს სიტყვა აპოკალიფსი და რატომ ეწოდება ბიბლიის ბოლო წიგნს „გამოცხადება“?
4 მაგრამ რა არის სინამდვილეში აპოკალიფსი? მართალია, ლექსიკონებში ეს სიტყვა განიმარტება როგორც „გარდაუვალი კოსმოსური კატაკლიზმი“, მაგრამ ბერძნული სიტყვა აპოკალიფსის ძირითადად ნიშნავს გამოაშკარავებას, გაცხადებას. ამიტომ ბიბლიის ბოლო წიგნს მართებულად ეწოდება „გამოცხადება“. ის გვიცხადებს არა მხოლოდ ქვეყნიერების აღსასრულს, არამედ ღვთიურ ჭეშმარიტებასაც, რომელიც ბრწყინვალე იმედსა და ურყევ რწმენას გვინერგავს.
5. ა) ვინ განადგურდება არმაგედონში და ვინ გადარჩება? ბ) რა დიდებული მომავალი ელით მათ, ვინც არმაგედონს გადაიტანს?
5 „გამოცხადებაში“ არმაგედონი აღწერილია როგორც ომი ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს, მაგრამ მას ბირთვულ კატასტროფასთან საერთო არაფერი აქვს (გამოცხადება 16:14, 16). ამ კატასტროფის შემთხვევაში დედამიწაზე სიცოცხლე მთლიანად მოისპობოდა, ღვთის სიტყვა კი გვარწმუნებს, რომ მხოლოდ ღვთის მოწინააღმდეგეები განადგურდებიან, და ეს უშუალოდ ღვთის ხელმძღვანელობით მოხდება (ფსალმუნი 37:9, 10; 145:20). უამრავი ხალხი კი, ყველა ერიდან, გადაიტანს არმაგედონს — ღვთის განაჩენის აღსრულებას. იესო ქრისტე დამწყემსავს მათ და სამოთხეს დაამკვიდრებინებს დედამიწაზე, სადაც ისინი მარადიულად იცხოვრებენ. ალბათ გსურთ, თქვენც მათ შორის იყოთ. საბედნიეროდ, „გამოცხადების“ წიგნი ამის იმედს გაძლევთ! (ფსალმუნი 37:9, 10; 145:20)
გამოვიკვლიოთ ღვთის საიდუმლოებანი
6. რა წიგნები გამოსცეს იეჰოვას მოწმეებმა „გამოცხადების“ ასახსნელად?
6 ჯერ კიდევ 1917 წელს იეჰოვას მოწმეებმა გამოსცეს წიგნი „დასრულებული საიდუმლო“, სადაც მუხლ-მუხლ იყო განხილული „ეზეკიელისა“ და „გამოცხადების“ წიგნები. დროთა განმავლობაში მსოფლიო მოვლენებმა ნათელყო, როგორ სრულდებოდა ბიბლიური წინასწარმეტყველებები, ამიტომ 1930 წელს გამოიცა ახალი ორტომიანი წიგნი „სინათლე“, რაც უფრო მეტ ნათელს ჰფენდა წიგნ „გამოცხადებას“. სინათლე კვლავ ანათებდა მართალთათვის და ამჯერად, 1963 წელს იეჰოვას მოწმეებმა გამოსცეს ახალი 704-გვერდიანი წიგნი « „დაეცა დიდი ბაბილონი“, ღვთის სამეფო მმართველობს!». ის დაწვრილებით აღწერდა დიდი ბაბილონის, ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობლის აღზევებასა და დაცემას. წიგნის ბოლოს განიხილებოდა „გამოცხადების“ ბოლო ცხრა თავი. ‘მართალთა ბილიკი უფრო და უფრო კაშკაშა ხდებოდა’, რაც განსაკუთრებით კრების საქმიანობაზე აისახებოდა, და 1969 წელს გამოიცა 384-გვერდიანი წიგნი „ღვთის დასრულებული საიდუმლო“. ამ წიგნში განიხილებოდა „გამოცხადების“ პირველი 13 თავი (ფსალმუნი 97:11; იგავები 4:18).
7. ა) რატომ გამოსცეს იეჰოვას მოწმეებმა კიდევ ერთი წიგნი „გამოცხადების“ ასახსნელად? ბ) რითი დაეხმარება მკითხველს ეს გამოცემა „გამოცხადების“ უკეთ გაგებაში?
7 მაშ, რატომ გამოიცა „გამოცხადების“ ასახსნელად კიდევ ერთი წიგნი? მართალია, წინა გამოცემებში ყველაფერი დაწვრილებით იყო ახსნილი, მაგრამ მაშინ შეუძლებელი იყო მათი თარგმნა და გამოცემა მსოფლიოს მრავალ ენაზე. ამიტომაც, მართებულად მივიჩნიეთ, ერთ ტომად გამოგვეცა კიდევ ერთი წიგნი, რომელიც ადვილად გადაითარგმნებოდა სხვადასხვა ენაზე. წიგნი დასურათებულია, მასში მოცემულია რუკები და ჩარჩოები, რომლებიც დაეხმარება მკითხველს, უკეთ გაიგოს ამ საოცარი წინასწარმეტყველებების მნიშვნელობა.
8. რა არის ამ წიგნის გამოცემის უმთავრესი მიზეზი?
8 წინამდებარე წიგნის გამოცემის უმთავრესი მიზანია, ფეხდაფეხ მივყვეთ ჭეშმარიტებას. იეჰოვა სულ უფრო მეტ შუქს ჰფენს თავის სიტყვას და შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ რაც უფრო ვუახლოვდებით დიდ გასაჭირს, მით უფრო უკეთ ჩავწვდებით „გამოცხადებისა“ და სხვა წინასწარმეტყველური წიგნების მნიშვნელობას (მათე 24:21; გამოცხადება 7:14). ჩვენ კარგად უნდა ვერკვეოდეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებში. მოციქულმა პეტრემ დაწერა: „კარგს აკეთებთ, რომ ყურადღებას აქცევთ მას, როგორც ლამპარს, რომელიც ანათებს სიბნელეში, თქვენს გულებში, სანამ გარიჟრაჟდება და ცისკრის ვარსკვლავი ამოვა“ (2 პეტრე 1:19).
9. ა) სხვა წინასწარმეტყველური წიგნებისა და „გამოცხადების“ თანახმად, რას შექმნის ღმერთი? ბ) რა არის ახალი ქვეყნიერება, და რა უნდა გავაკეთოთ, რომ იქ ვიცხოვროთ?
9 სხვა წინასწარმეტყველური წიგნების მსგავსად, წიგნ „გამოცხადებაში“ ნათქვამია, რომ იეჰოვა ღმერთი შექმნის ახალ ცასა და ახალ დედამიწას (ესაია 65:17; 66:22; 2 პეტრე 3:13; გამოცხადება 21:1—5). ეს წიგნი უმთავრესად ეხება ცხებულ ქრისტიანებს, რომლებიც იესომ თავისი სისხლით გამოისყიდა, რათა ერთად ემეფათ ახალ ცაში (გამოცხადება 5:9, 10). ეს სასიხარულო ცნობა იმ მილიონობით ადამიანსაც უმტკიცებს რწმენას, რომლებიც მარადიულად იცხოვრებენ ქრისტეს სამეფოს მმართველობის დროს. თუ თქვენც ერთ-ერთი მათგანი ხართ, მაშინ „გამოცხადება“ განგიმტკიცებთ „ახალ“ დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრების იმედს, სადაც გაიხარებთ მშვიდობითა და სრულყოფილი ჯანმრთელობით; იქ ღმერთი ყველაფრით უზრუნველგყოფთ (ფსალმუნი 37:11, 29, 34; 72:1, 7, 8, 16). თუ გსურთ გადარჩენა და ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრება, აუცილებელია, ყურადღება მიაქციოთ „გამოცხადებაში“ ხატოვნად აღწერილი კარს მომდგარი აპოგეის მნიშვნელობას (სოფონია 2:3; იოანე 13:17).
[სქოლიოები]
a „ზიუდოიჩე ცაიტუნგი“, 24 იანვარი, 1987 წელი, მიუნხენი, გერმანია.
[გვერდი 7 დათმობილი აქვს სურათს]