-
იეჰოვა ქრისტიანულ სამყაროს აწყლულებსგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
თავი 21
იეჰოვა ქრისტიანულ სამყაროს აწყლულებს
ხილვა 5 გამოცხადება 8:1—9:21
თემა: ისმის შვიდიდან ექვსი საყვირის ხმა.
შესრულების დრო: 1914 წელს იესო ქრისტეს გამეფებიდან დიდი გასაჭირის დადგომამდე.
1. რა ხდება, როცა კრავი მეშვიდე ბეჭედს ხსნის?
„ოთხ ქარს“ მანამდე შეაკავებენ, სანამ სულიერი ისრაელის 144 000 წარმომადგენელს ბეჭედი არ დაესმება და სანამ უამრავი ხალხი გადარჩენისთვის აუცილებელ ღვთის მოწონებას არ დაიმსახურებს (გამოცხადება 7:1—4, 9). მაგრამ, სანამ დედამიწას ეს საშინელი ქარიშხალი დაატყდება, იეჰოვას მიერ სატანის ქვეყნიერებისთვის გამოტანილი განაჩენი უნდა გაცხადდეს. ალბათ იოანე გულისყურით ადევნებს თვალს კრავის მიერ მეშვიდე და საბოლოო ბეჭდის ახსნას, რომ გაიგოს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. აი რას მოგვითხრობს: „როცა [კრავმა] მეშვიდე ბეჭედი ახსნა, ზეცაში ნახევარი საათით დუმილი ჩამოვარდა. ვიხილე შვიდი ანგელოზი, რომლებიც ღვთის წინაშე იდგნენ, და შვიდი საყვირი მიეცა მათ“ (გამოცხადება 8:1, 2).
მხურვალე ლოცვის დრო
2. რა ხდება ზეცაში სიმბოლური ნახევარსაათიანი მდუმარების დროს?
2 უჩვეულო მდუმარებამ დაისადგურა. როცა რაღაცას ელი, ნახევარი საათი არცთუ ისე მცირე დროა. ზეციერი გუნდიც კი დადუმდა, რომელიც უწყვეტად ასრულებდა სადიდებელს (გამოცხადება 4:8). რატომ? მიზეზს იოანე ხილვაში ხედავს: „მოვიდა სხვა ანგელოზი და სამსხვერპლოსთან დადგა. მას ოქროს საცეცხლური ჰქონდა და ბევრი საკმეველი მიეცა, რათა მიეტანა მსხვერპლად ოქროს სამსხვერპლოზე, ტახტის წინ, როცა წმინდები ლოცულობდნენ. ავიდა ანგელოზის ხელიდან საკმევლის კვამლი ღვთის წინაშე, როცა წმინდები ლოცულობდნენ“ (გამოცხადება 8:3, 4).
3. ა) რას მოგვაგონებს საკმევლის კმევა? ბ) რა მიზანს ემსახურება ზეცაში ნახევარსაათიანი დუმილი?
3 ეს მუხლები იმას შეგვახსენებს, რომ ისრაელში საკმეველს ყოველდღე აკმევდნენ ჯერ კარავში, ხოლო მოგვიანებით იერუსალიმის ტაძარში (გამოსვლა 30:1—8). საკმევლის კმევის დროს ისრაელები, რომლებიც მღვდლებად არ მსახურობდნენ, წმინდა ადგილის გარეთ იცდიდნენ და გულში ლოცვით მიმართავდნენ მას, ვისაც საკმეველს აღუვლენდნენ (ლუკა 1:10). ახლა კი იოანე ზეცაში მსგავს სანახაობას ხედავს. საკმეველი, რომელსაც ანგელოზი აკმევს, „წმინდების ლოცვებს“ უკავშირდება. ერთ-ერთ წინა ხილვაში იოანემ შეიტყო, რომ საკმეველი ასეთ ლოცვებს წარმოადგენს (გამოცხადება 5:8; ფსალმუნი 141:1, 2). როგორც ჩანს, ზეცაში სიმბოლური დუმილი დედამიწაზე მყოფი წმინდების ლოცვების მოსმენის საშუალებას იძლევა.
4, 5. რა ისტორიულმა მოვლენებმა ცხადყო სიმბოლური ნახევარსაათიანი დუმილის დაწყება?
4 როგორ გავიგოთ დუმილის დაწყების დრო? ამისათვის უნდა გავითვალისწინოთ ამ მუხლების კონტექსტი და ის ისტორიული მოვლენები, რომლებიც უფლის დღის დადგომის შემდეგ განვითარდა (გამოცხადება 1:10). 1918—1919 წლებში დედამიწაზე მოვლენები ზუსტად ისე წარიმართა, როგორც გამოცხადების 8:1—4-ში იყო აღწერილი. 1914 წლამდე 40 წლის განმავლობაში ბიბლიის მკვლევარები, რომლებსაც მოგვიანებით იეჰოვას მოწმეები ეწოდათ, გაბედულად აცხადებდნენ, რომ უცხოტომელთათვის დანიშნული დროები სწორედ ამ წელს დასრულდებოდა და 1914 წლის მშფოთვარე მოვლენებმა ეს დაადასტურა კიდეც (ლუკა 21:24; მათე 24:3, 7, 8). ბიბლიის მკვლევართაგან ბევრს ისიც სწამდა, რომ 1914 წელს დედამიწიდან ზეციერ სამკვიდროში იქნებოდნენ აყვანილნი, თუმცა ამ შემთხვევაში მათი მოლოდინი არ გამართლდა. პირველი მსოფლიო ომის დროს, მათ სასტიკი დევნის ატანა მოუწიათ. 1916 წლის 31 ოქტომბერს საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პირველი პრეზიდენტი ჩარლზ რასელი გარდაიცვალა; 1918 წლის ივლისში კი მეორე პრეზიდენტს, ჯოზეფ რუტერფორდს, საზოგადოების შვიდ სხვა წარმომადგენელთან ერთად უსამართლოდ მიუსაჯეს მრავალწლიანი პატიმრობა და ატლანტის (ჯორჯიის შტატი, აშშ) ციხეში ჩასვეს.
5 იოანეს კლასის წარმომადგენელი გულწრფელი ქრისტიანები გაოგნებულები იყვნენ. რას მოელოდა ღმერთი მათგან? როდის ავიდოდნენ ისინი ზეცაში? 1919 წლის 1 მაისის „საგუშაგო კოშკში“ (ინგლ.) გამოქვეყნდა სტატია სათაურით „მკა დასრულდა — რა მოჰყვება ამას?“ ეს სტატიაც ირეკლავდა გულწრფელი ქრისტიანების გაურკვევლობას და ამხნევებდა მათ, ბოლომდე მოეთმინათ: „ჩვენ გვჯერა, რომ სამეფო კლასის შეკრება დასრულდა, ყველა ბეჭედდასმულია და კარიც ჩაკეტილია!“ იმ რთულ პერიოდში იოანეს კლასის მხურვალე ლოცვები უხვი საკმეველივით აღევლინებოდა ზეცად. მათი ლოცვები შესმენილ იქნა!
ცეცხლი დედამიწაზე ვარდება
6. რა ხდება დუმილის შეწყვეტის შემდეგ, და რისი პასუხია ეს?
6 იოანე მოგვითხრობს: „ანგელოზმა მაშინვე აიღო საცეცხლური, სამსხვერპლოს ცეცხლით აავსო და ცეცხლი დედამიწაზე მოისროლა. დაიწყო ქუხილი და ელვა, გაისმა ხმები და მოხდა მიწისძვრა“ (გამოცხადება 8:5). უეცრად დუმილი წყდება და მოვლენები დრამატულად ვითარდება. ეს აშკარად წმინდათა ლოცვებზე პასუხია, რადგან მოვლენების განვითარება სამსხვერპლოდან ცეცხლის აღებას მოჰყვა. მსგავსი რამ მოხდა ძვ. წ. 1513 წელს, როცა სინას მთაზე ქუხილი დაიწყო, ელვამ გაანათა, ძლიერი ხმა გაისმა, ცეცხლი გამოჩნდა და მთა აზანზარდა. ეს იმის ნიშანი იყო, რომ იეჰოვამ ყურადღება მიაპყრო თავის ხალხს (გამოსვლა 19:16—20). იოანეს მიერ აღწერილი მოვლენებიც იმაზე მეტყველებს, რომ იეჰოვა ყურადღებას აქცევს თავის მიწიერ მსახურებს, თუმცა ის, რასაც იოანე ხედავს, სიმბოლური მნიშვნელობისაა (გამოცხადება 1:1). მაშ, როგორ შეიძლება აიხსნას დღეს სიმბოლური ცეცხლი, ქუხილი, ხმები, ელვა და მიწისძვრა?
7. ა) რა სიმბოლური ცეცხლი გააჩაღა იესომ დედამიწაზე მსახურებისას? ბ) როგორ გააჩაღეს ცეცხლი ქრისტიანულ სამყაროში იესოს სულიერმა ძმებმა?
7 ერთხელ იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „დედამიწაზე ცეცხლის გასაჩაღებლად მოვედი“ (ლუკა 12:49). იესომ მართლაც გააჩაღა ცეცხლი. გულმოდგინე ქადაგებით მან ღვთის სამეფოს თემა იუდეველ ხალხში ძირითადი მსჯელობის საგნად აქცია, რამაც იუდეველთა შორის ცხარე კამათი გამოიწვია (მათე 4:17, 25; 10:5—7, 17, 18). 1919 წელს იესოს სულიერმა ძმებმა, მცირერიცხოვანმა ცხებულმა ქრისტიანებმა, რომლებიც პირველი მსოფლიო ომის ქარცეცხლს გადაურჩნენ, ქრისტიანულ სამყაროში მსგავსი ცეცხლი გააჩაღეს. იმავე წლის სექტემბერში აშკარა გახდა იეჰოვას სულის მოქმედება, როცა მისი ერთგული მოწმეები სხვადასხვა კუთხიდან ჩავიდნენ სიდარ-პოინტში (ოჰაიო, აშშ) კონგრესზე დასასწრებად. ჯოზეფ რუტერფორდმა, რომელიც ახალი განთავისუფლებული იყო ციხიდან და მალე ყველა ბრალდებისგან თავისუფლდებოდა, გაბედულად მიმართა კონგრესის დელეგატებს: „ჩვენ ვემორჩილებით ჩვენი უფლის ბრძანებას და გვესმის, რომ პატივი გვხვდა წილად და მოვალენიც ვართ, რომ ავიღოთ სიცრუის ციხე-სიმაგრეები, რომლებშიც ხალხი ამდენ ხანს არის დატყვევებული. ამიტომ ჩვენი მოწოდება იყო და არის ის, რომ მესიის დიდებული სამეფოს მოსვლა ვაუწყოთ!“ უმთავრესი მნიშვნელობის საკითხი მართლაც ღვთის სამეფოა.
8, 9. ა) როგორ აღწერა რუტერფორდმა ის განწყობა და მოლოდინი, რაც ღვთის ხალხს ომის მშფოთვარე წლებში ჰქონდა? ბ) რა გაგებით იყო ცეცხლი ჩამოგდებული დედამიწაზე? გ) რა გაგებით გაისმა ქუხილი, ხმები, გამოჩნდა ელვა და მოხდა მიწისძვრა?
8 ღვთის ხალხის მძიმე განსაცდელების მოხსენიების შემდეგ რუტერფორდმა აღნიშნა: „ულმობელი მტრის იერიშმა უფლის ძვირფასი სამწყსოს მრავალ წევრს თავზარი დასცა და გააოგნა; ისინი ლოცულობდნენ და უფალს ელოდნენ, რომ მას თავისი ნება გაემჟღავნებინა. . . თუმცა ამ დროებითი გულგატეხილობის მიუხედავად მათში მაინც ცეცხლივით აენთო სამეფოს შესახებ ცნობის გაცხადების სურვილი“ (იხილეთ 1919 წლის 15 სექტემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 280 [ინგლ.]).
9 მათი სურვილი 1919 წელს შესრულდა. ქრისტიანების ეს პატარა, მაგრამ აქტიური ჯგუფი სულიერი გაგებით აენთო და მსოფლიო სამქადაგებლო კამპანია წამოიწყო (შეადარეთ 1 თესალონიკელების 5:19). ცეცხლი იმ გაგებით იყო ჩამოგდებული დედამიწაზე, რომ ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგებამ „მწვავე“ ხასიათი მიიღო და ეს დღემდე ასეა. დუმილი ძლიერმა ხმებმა შეცვალა, რითაც სამეფო ცნობის ხმამაღლა გაცხადება დაიწყო. ქუხილივით გაისმა ბიბლიური გაფრთხილებები. იეჰოვას წინასწარმეტყველური სიტყვის ბრწყინვალე ჭეშმარიტებამ ელვასავით გაანათა, და მსოფლიო რელიგიები, თითქოს ძლიერი მიწისძვრა მოხდაო, საძირკვლიანად შეირყა. იოანეს კლასმა დაინახა, რომ საქმე ბევრი იყო. დღეს კი უფრო აქტიურად მიმდინარეობს სამქადაგებლო საქმე დედამიწის კიდით-კიდემდე (რომაელები 10:18).
ანგელოზები ემზადებიან საყვირებში ჩასაბერად
10. რისთვის მოემზადა შვიდი ანგელოზი და რატომ?
10 იოანე განაგრძობს თხრობას: „შვიდი საყვირის მქონე შვიდი ანგელოზი ჩასაბერად მოემზადა“ (გამოცხადება 8:6). რას ნიშნავს ამ საყვირებში ჩაბერვა? ისრაელში საყვირი განსაკუთრებული დღეებისა და მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ იუწყებოდა (ლევიანები 23:24; 2 მეფეები 11:14). მსგავსად ამისა, იმ საყვირების ხმა, რომელსაც იოანე მოისმენს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას.
11. რა მზადებით იყო დაკავებული იოანეს კლასი 1919—1922 წლებში?
11 როდესაც ანგელოზები საყვირებში ჩასაბერად ემზადებოდნენ, ისინი დედამიწაზე მიმდინარე მოსამზადებელ საქმიანობასაც უწევდნენ ხელმძღვანელობას. 1919—1922 წლებში იოანეს კლასი განახლებული ძალებით შეუდგა სამქადაგებლო საქმიანობის რეორგანიზებასა და ტიპოგრაფიების მშენებლობას. 1919 წელს დაიწყო ჟურნალ „ოქროს ხანის“ (რომელიც დღეს ცნობილია, როგორც „გამოიღვიძეთ!“) გამოცემა. ეს იყო „ფაქტების, იმედისა და რწმენის ჟურნალი“. ის საყვირის ხმასავით გაისმოდა და ამხელდა პოლიტიკაში ცრუ რელიგიის ჩარევას.
12. რას მოასწავებს თითოეული საყვირის ჩაბერვა, და მოსეს დროინდელ რა მოვლენებს მოგვაგონებს?
12 როგორც დავინახავთ, საყვირის ყოველი ჩაბერვა იმ მოვლენების მომასწავებელია, რომლებიც დედამიწის სხვადასხვა ადგილის დაწყლულებას იწვევს. ზოგი მათგანი იმ უბედურებას მოგვაგონებს, რომელიც მოსეს დროს იეჰოვამ ეგვიპტელებს დაატეხა თავს (გამოსვლა 7:19—12:32). ასე დასაჯა იეჰოვამ ეგვიპტე და გაათავისუფლა თავისი ხალხი მონობიდან. იოანეს ნანახი წყლულებიც მსგავს მიზანს ემსახურება, თუმცა ეს წყლულები პირდაპირი გაგებით არ აზიანებს დედამიწას; ისინი იეჰოვას სამართლიანი განაჩენის აღსრულებას მოასწავებს (გამოცხადება 1:1).
რა არის „მესამედი“?
13. რა ხდება პირველი ოთხი საყვირის ჩაბერვის შემდეგ და რა კითხვა წამოიჭრება?
13 ჩვენ დავინახავთ, რომ პირველი ოთხი საყვირის ჩაბერვის შემდეგ წყლულები აზიანებს დედამიწის, ზღვის, მდინარეების, წყაროს წყლებისა და ცის მნათობების „მესამედს“ (გამოცხადება 8:7—12). მესამედი არ არის მცირე ნაწილი, თუმცა არც მთლიანია (შეადარეთ ესაიას 19:24; ეზეკიელის 5:2; ზაქარიას 13:8, 9). ყველაზე მეტად რომელი „მესამედი“ იმსახურებს სიმბოლურ წყლულებს? ადამიანთა უმრავლესობა სატანისა და მისი „შთამომავლობის“ მიერ დაბრმავებული და გარყვნილია (დაბადება 3:15; 2 კორინთელები 4:4). ეს მდგომარეობა დავითის აღწერილი მდგომარეობის მსგავსია: „ყველამ გადაუხვია გზიდან, ყველა ერთიანად გაირყვნა; არავინ აკეთებს სიკეთეს, არავინ“ (ფსალმუნი 14:3). მკაცრი განაჩენი მთელ კაცობრიობას ემუქრება, განსაკუთრებით კი მის ერთ ნაწილს, რომელსაც დიდი დანაშაული აქვს ჩადენილი. ეს ნაწილი — „მესამედი“ — შეგნებულად სჩადიოდა ბოროტებას. რა არის ნაგულისხმები „მესამედში“?
14. რა სიმბოლურ „მესამედს“ აწყლულებს იეჰოვას ცნობები?
14 „მესამედში“ ქრისტიანული სამყარო იგულისხმება. XX საუკუნის 20-იან წლებში მისი გავლენის ქვეშ კაცობრიობის თითქმის მესამედი მოექცა. ქრისტიანული სამყარო ჭეშმარიტი ქრისტიანობიდან დიდი განდგომილების შედეგად ჩამოყალიბდა, რის შესახებაც იესო და მისი მოწაფეები წინასწარმეტყველებდნენ (მათე 13:24—30; საქმეები 20:29, 30; 2 თესალონიკელები 2:3; 2 პეტრე 2:1—3). ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება აცხადებს, რომ ღვთის ტაძარში მსახურობს, და თავი ქრისტიანობის მასწავლებლად მოაქვს. მაგრამ მათი მოძღვრებები შორს არის ბიბლიური ჭეშმარიტებისგან; ისინი გამუდმებით შეურაცხყოფენ ღვთის სახელს. ქრისტიანული სამყარო, რომელიც მართებულადაა წარმოდგენილი სიმბოლური „მესამედით“, იეჰოვასგან მკაცრ და „დამაწყლულებელ“ ცნობებს იღებს. კაცობრიობის ეს „მესამედი“ ნამდვილად არ იმსახურებს ღვთის კეთილგანწყობას!
15. ა) მხოლოდ თითო წლის განმავლობაში ისმოდა ყოველი საყვირის ხმა? ახსენით. ბ) იოანეს კლასთან ერთად კიდევ ვინ აცხადებს იეჰოვას განაჩენს?
15 საყვირების თანამიმდევრული ჩაბერვის შესაბამისად 1922—1928 წლებში ჩატარებულ შვიდ კონგრესზე განსაკუთრებული რეზოლუციები იქნა მიღებული; თუმცა საყვირების ხმა მხოლოდ ამ წლებში როდი ისმოდა. უფლის დღის განმავლობაში კვლავაც გრძელდება ქრისტიანული სამყაროს ბოროტების აშკარა მხილება. საყოველთაო სიძულვილისა და დევნის მიუხედავად, იეჰოვას მიერ გამოტანილ განაჩენს მთელი სამყარო, ყოველი ერი გაიგებს და მხოლოდ მაშინ დადგება სატანის ქვეყნიერების აღსასრული (მარკოზი 13:10, 13). სასიხარულოა, რომ იოანეს კლასთან ერთად უამრავი ხალხიც უცხადებს მსოფლიოს მნიშვნელოვან განაჩენს.
დედამიწის მესამედი დაიწვა
16. რა მოჰყვება პირველი ანგელოზის მიერ საყვირის ჩაბერვას?
16 აი რას წერს იოანე ანგელოზების შესახებ: „პირველმა ჩაჰბერა საყვირს და წამოვიდა დედამიწაზე სისხლნარევი სეტყვა და ცეცხლი, დედამიწისა და ხეების მესამედი დაიწვა და მწვანე ბალახი გადაიბუგა“ (გამოცხადება 8:7). ეს იმ მეშვიდე უბედურებას ჰგავს, რომელიც ეგვიპტეს დაატყდა. როგორ სრულდება ეს სიტყვები დღეს? (გამოსვლა 9:24)
17. ა) რა იგულისხმება გამოცხადების 8:7-ში მოხსენიებულ „დედამიწაში“? ბ) როგორ იწვება დედამიწის „მესამედი“, ქრისტიანული სამყარო?
17 ბიბლიაში გამოყენებულ სიტყვა „დედამიწაში“ ხშირად კაცობრიობა იგულისხმება (დაბადება 11:1; ფსალმუნი 96:1). ვინაიდან მეორე წყლული ზღვას ატყდება, რომელშიც აგრეთვე კაცობრიობა იგულისხმება, „დედამიწაში“ სატანის მიერ შექმნილი, ერთი შეხედვით, ის მყარი საზოგადოება უნდა იგულისხმებოდეს, რომელსაც განადგურება ემუქრება (2 პეტრე 3:7; გამოცხადება 21:1). იქიდან, რასაც ბიბლია ამ წყლულის შესახებ გვატყობინებს, ვიგებთ, რომ დედამიწის მესამედს, ქრისტიანულ სამყაროს, იეჰოვას ცეცხლოვანი რისხვა ატყდება. ქრისტიანული სამყაროს შუაგულში ხეებივით მდგომი გამოჩენილი წინამძღოლები იეჰოვას მკაცრი განაჩენის გაცხადების შედეგად იწვიან. ეკლესიების მრავალმილიონიანი მრევლი თუ კვლავაც ქრისტიანული სამყაროს რელიგიებს დაუჭერს მხარს, სულიერი გაგებით ღვთის თვალში გადამხმარ ბალახს დაემსგავსება (შეადარეთ ფსალმუნის 37:1, 2)a.
18. როგორ გაცხადდა იეჰოვას მიერ გამოტანილი განაჩენი 1922 წელს სიდარ-პოინტში ჩატარებულ კონგრესზე?
18 როგორ გაცხადდა ეს განაჩენი? ეს არ მომხდარა მსოფლიო საინფორმაციო საშუალებებით, რომლებიც ამ ქვეყნიერების ნაწილია და ხშირად შეურაცხყოფს კიდეც ღვთის „მონას“ (მათე 24:45). ეს განაჩენი ხმამაღლა გაცხადდა ღვთის ხალხის ისტორიულ შეკრებაზე, რომელიც 1922 წლის 10 სექტემბერს სიდარ-პოინტში (ოჰაიოს შტატი, აშშ) ჩატარდა. დელეგატებმა ერთსულოვნად და დიდი ენთუზიაზმით მიიღეს რეზოლუცია სახელწოდებით „მსოფლიო ლიდერების გამოწვევა“. ის დაუფარავად აფრთხილებდა დღევანდელ სიმბოლურ დედამიწას: „აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვუწოდებთ ქვეყნიერების ყველა ხალხს, მათ მმართველებსა და ლიდერებს, ყველა ეკლესიის სამღვდელოებას, მათ მიმდევრებსა და მოკავშირეებს, მსხვილ მეწარმეებსა და დიდ პოლიტიკოსებს, დაამტკიცონ ის, რასაც აცხადებენ, ანუ ის, რომ შეუძლიათ დედამიწაზე მშვიდობის დამყარება და ხალხისთვის კეთილდღეობისა და ბედნიერების მოტანა. მათ ეს არ გამოსდით. ამიტომ მოვუწოდებთ, ყური დაგვიგდონ ჩვენ, უფლის მოწმეებს, და მერე განსაზღვრონ, ჭეშმარიტია თუ არა ჩვენი ქადაგება!“
19. ღვთის სამეფოს შესახებ რა ცნობას გადასცემდა ღვთის ხალხი ქრისტიანულ სამყაროს?
19 რა ცნობას აცხადებდნენ ეს ქრისტიანები? „ჩვენ გვწამს და ვაცხადებთ, რომ მესიის სამეფო ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრის კაცობრიობის ყველა პრობლემას, მშვიდობას დაამყარებს დედამიწაზე და ხალხს ერთმანეთისადმი კეთილად განაწყობს, რისკენაც ყველა ისწრაფვის! ყველა, ვინც მის სამართლიან სამეფოს ემორჩილება, მარადიული მშვიდობით, სიცოცხლით, თავისუფლებითა და უსასრულო ბედნიერებით დაჯილდოვდება“. დღეს, უზნეო ქვეყნიერებაში — სადაც ადამიანის შექმნილ მთავრობებს, განსაკუთრებით კი ქრისტიანულ ქვეყნებში, აშკარად არ ძალუძთ მსოფლიო პრობლემების გადაჭრა — საყვირებით გაცხადებული გაფრთხილებები 1922 წელთან შედარებით კიდევ უფრო მძლავრად ისმის. მართლაც, ღვთის სამეფო გამარჯვებული ქრისტეს მეთაურობით კაცობრიობის ერთადერთი რეალური იმედია!
20. ა) 1922 წლიდან მოყოლებული რისი საშუალებით აცხადებდა განაჩენს ცხებულ ქრისტიანთა კრება? ბ) რა ემართება ქრისტიანულ სამყაროს პირველი საყვირის ჩაბერვის შემდეგ?
20 ამ და სხვა ცნობებს ცხებულ ქრისტიანთა კრება რეზოლუციებით, ტრაქტატებით, ბროშურებით, წიგნებით, ჟურნალებითა და საჯარო მოხსენებებით აცხადებდა. პირველი საყვირის ჩაბერვის შემდეგ ქრისტიანულ სამყაროს თითქოს ძლიერმა სეტყვამ გადაუარა. საქვეყნოდ ცხადდებოდა, რომ XX საუკუნის ომებში მონაწილეობით მას სისხლის ღვრაში მიუძღოდა ბრალი და იეჰოვას ცეცხლოვან რისხვას იმსახურებდა. იოანეს კლასი, რომელსაც მოგვიანებით უამრავი ხალხიც შეუერთდა, კვლავაც ეხმიანება პირველი საყვირის ხმას და იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ იეჰოვას გადაწყვეტილებისამებრ ქრისტიანული სამყარო განადგურებას იმსახურებს (გამოცხადება 7:9, 15).
ცეცხლმოდებული მთის მსგავსი
21. რა ხდება მეორე ანგელოზის მიერ საყვირის ჩაბერვის შემდეგ?
21 „ჩაჰბერა მეორე ანგელოზმა საყვირს და რაღაცა ცეცხლმოდებული დიდი მთის მსგავსი ზღვაში ჩავარდა. ზღვის მესამედი სისხლად იქცა, ამოწყდა ზღვის სულდგმულთა მესამედი და ხომალდების მესამედი დაიმსხვრა“ (გამოცხადება 8:8, 9). რას ნიშნავს ეს საშინელი სურათი?
22, 23. ა) რა რეზოლუცია მოჰყვა მეორე საყვირის დაყვირებას? ბ) რა იგულისხმება „ზღვის მესამედში“?
22 ეს რომ კარგად გავიგოთ, უნდა შევიხსენოთ, რა ხდებოდა ლოს-ანჯელესში (კალიფორნია, აშშ) 1923 წლის 18—26 აგვისტოს ჩატარებულ კონგრესზე. ნაშუადღევს ჯ. ფ. რუტერფორდმა წარმოთქვა მოხსენება „ცხვრები და თხები“. მოხსენებაში აიხსნა, რომ „ცხვრებში“ იგულისხმებოდნენ ის მართალი ადამიანები, რომლებიც ღვთის სამეფოს მიწიერი ქვეშევრდომები იქნებოდნენ. წარმოითქვა რეზოლუცია, რომელმაც თვალთმაქცობაში ამხილა „განდგომილი სამღვდელოება და მათი სამწყსოს ის წევრები, რომლებსაც პოლიტიკასა თუ ბიზნესში დიდი გავლენა აქვთ“. რეზოლუცია «მშვიდობისა და წესრიგის მოყვარულ ხალხს მოუწოდებდა, მიეტოვებინათ უმართლო რელიგიური სისტემა, რომელსაც უფალმა „ბაბილონი“ უწოდა, და მიეღოთ ღვთის სამეფოს კურთხევები».
23 რეზოლუციის მიღება, უდავოდ, მეორე საყვირის დაყვირებას მოჰყვა. ვინც გამოეხმაურებოდა რეზოლუციას, გამოეყოფოდა თხისმაგვარ ხალხს, რომელიც ესაიამ ასე აღწერა: „ბოროტები აღელვებული ზღვასავით არიან, რომელიც ვერ წყნარდება და რომლის წყლებიც ზღვის წყალმცენარეებსა და ტალახს ატივტივებს“ (ესაია 57:20; 17:12, 13). სიტყვა „ზღვა“ კარგად აღწერს მშფოთვარე, მღელვარე, მოჯანყე საზოგადოებას, რომელიც ხელს უწყობს არეულობასა და რევოლუციებს (შეადარეთ გამოცხადების 13:1). მოვა დრო, როცა „ზღვა“ აღარ იარსებებს (გამოცხადება 21:1). მანამდე კი მეორე საყვირით იეჰოვა განაჩენს უცხადებს „ზღვის მესამედს“, ანუ ქრისტიანული სამყაროს უმართავ საზოგადოებას.
24. რას ნიშნავს ზღვაში ჩაგდებული ცეცხლმოდებული მთის მსგავსი რაღაც?
24 „ზღვაში“ დიდი მთის მსგავსი ცეცხლმოდებული რაღაც ვარდება. ბიბლიაში მთა ხშირად მთავრობას განასახიერებს. მაგალითად, ერთ ეპიზოდში მთა ღვთის სამეფოსთან არის შედარებული (დანიელი 2:35, 44). სხვა წინასწარმეტყველებაში კი წერია, რომ დამღუპველი ბაბილონი „გადაბუგულ მთად“ იქცეოდა (იერემია 51:25). მაგრამ ის მთა, რომელსაც იოანე ხედავს, ჯერ კიდევ იწვის. რაღაც მთის მსგავსის ზღვაში ჩავარდნა იმას ცხადყოფს, რომ მმართველობის საკითხი გამწვავდა, როგორც პირველი მსოფლიო ომის დროს, ისე მას შემდეგ, განსაკუთრებით კი ქრისტიანულ ქვეყნებში. იტალიაში მუსოლინიმ ფაშიზმს ჩაუყარა საფუძველი; გერმანია ჰიტლერის ნაციზმს მიემხრო; სხვა ქვეყნებმა სოციალიზმის სხვადასხვა ფორმები მოსინჯეს; დიდი გარდატეხა მოხდა რუსეთშიც — ბოლშევიკური რევოლუციის შედეგად რუსეთი პირველი კომუნისტური ქვეყანა გახდა, რის შემდეგაც ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლებმა დაკარგეს ძალაც და გავლენაც იმ ქვეყანაში, რომელიც მანამდე მათი საყრდენი იყო.
25. რატომ არ კარგავდა სიმწვავეს მმართველობის საკითხი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ?
25 მართალია, მეორე მსოფლიო ომმა ფაშისტური და ნაცისტური მოძრაობები ჩაახშო, მაგრამ მმართველობის საკითხს სიმწვავე არ დაუკარგავს. ხალხის „ზღვა“ კვლავ ბობოქრობდა და რევოლუციების შედეგად ახალ მთავრობებს ეყრებოდა საფუძველი. 1945 წლის შემდეგ ათწლეულების განმავლობაში იქმნებოდა ასეთი მთავრობები, მაგალითად, ჩინეთში, ვიეტნამში, კუბასა და ნიკარაგუაში; საბერძნეთში მილიტარისტული დიქტატურის დამყარების მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა; კამპუჩიაში (კამბოჯა) კი კომუნიზმის დამყარების მცდელობას, როგორც ცნობილია, ორ მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
26. როგორ აღელვებდა „ცეცხლმოდებული მთა“ ხალხთა ზღვას?
26 „ცეცხლმოდებული მთა“ კვლავ აღელვებდა ხალხის ზღვას. აფრიკაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, აზიასა და წყნარი ოკეანის კუნძულებზე არ შეწყვეტილა ხელისუფლებისთვის ბრძოლა. ამ ბრძოლათა უმეტესობა ან ქრისტიანულ ქვეყნებში მიმდინარეობდა ან იქ, სადაც ქრისტიანული ეკლესიების მიერ წარგზავნილი მისიონერები აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას იწყებდნენ. პარტიზან კომუნისტთა რიგებში მათთან ერთად კათოლიკე მღვდლებიც იბრძოდნენ. ცენტრალურ ამერიკაში ევანგელისტები, მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ძალაუფლებას დახარბებული კომუნისტების წინააღმდეგ გამოდიოდნენ. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ხალხთა ზღვის არც ერთ აღელვებას არ მოუტანია მშვიდობა და უსაფრთხოება (შეადარეთ ესაიას 25:10—12; 1 თესალონიკელების 5:3).
27. ა) როგორ იქცა სისხლად „ზღვის მესამედი“? ბ) როგორ „ამოწყდა ზღვის სულდგმულთა მესამედი“ და როგორ დაიმსხვრა „ხომალდების მესამედი“?
27 მეორე საყვირი სისხლისმღვრელებად აცხადებს ყველას, ვინც ღვთის სამეფოს მხარდაჭერის ნაცვლად ხელისუფლებისთვის ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას. ქრისტიანული სამყაროს „ზღვის მესამედი“ სისხლად იქცა. ღვთის თვალში იქ ყველაფერი მკვდარია. „ზღვის მესამედში“ ხომალდებივით მოცურავე ვერც ერთი რადიკალური ორგანიზაცია ვერ გადაურჩება მსხვრევას. გვიხარია, რომ მილიონობით ცხვრისმაგვარმა ადამიანმა ყურად იღო საყვირის ხმა და გამოეყო მათ, ვინც ნაციონალიზმისა და სისხლის ზღვაში ცურავს.
ციდან ვარსკვლავი ვარდება
28. რა ხდება მესამე ანგელოზის მიერ საყვირის ჩაბერვის დროს?
28 „ჩაჰბერა მესამე ანგელოზმა საყვირს და ციდან ჩამოვარდა დიდი ვარსკვლავი, რომელიც ლამპარივით იწვოდა, და დაეცა მდინარეთა მესამედს და წყაროს წყლებს. ამ ვარსკვლავის სახელია აბზინდა. წყლების მესამედი აბზინდად იქცა და გამწარდა. ამ წყლებით მრავალი ადამიანი დაიხოცა“ (გამოცხადება 8:10, 11). ბიბლიის სხვა მუხლები ამჯერადაც იმის გაგებაში დაგვეხმარება, თუ როგორ სრულდება ეს მუხლი უფლის დღის განმავლობაში.
29. რას განასახიერებს „დიდი ვარსკვლავი, რომელიც ლამპარივით იწვოდა“ და რატომ?
29 როდესაც იესომ შვიდ კრებას მიმართა, მოიხსენია შვიდი ვარსკვლავიც, რომლებიც კრების უხუცესებს განასახიერებდაb (გამოცხადება 1:20). ცხებული „ვარსკვლავები“ ყველა დანარჩენ ცხებულთან ერთად სულიერი გაგებით იმ დროიდან იღებენ ზეციერ მემკვიდრეობას, როცა მემკვიდრეობის ნიშნად წმინდა სულით ბეჭედი ესმებათ (ეფესოელები 2:6, 7). მაგრამ პავლე მოციქულმა გააფრთხილა ქრისტიანები, რომ „ვარსკვლავებს“ შორის გამოჩნდებოდნენ განდგომილები, სექტანტები, რომლებიც სამწყსოს გზა-კვალს აურევდნენ (საქმეები 20:29, 30). ეს განდგომილება მასობრივ ხასიათს მიიღებდა და განდგომილი უხუცესებისგან შეიქმნებოდა უკანონობის კაცი, რომელიც თავს გაიღმერთებდა (2 თესალონიკელები 2:3, 4). პავლეს სიტყვები მაშინ გამართლდა, როცა მსოფლიო ასპარეზზე ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება გამოჩნდა. ის ზუსტად განასახიერებს დიდ ვარსკვლავს, რომელიც ლამპარივით იწვის.
30. ა) რა იგულისხმებოდა იმაში, რომ ბაბილონის მეფე ზეციდან ჩამოვარდებოდა? ბ) რას შეიძლება ნიშნავდეს ზეციდან ჩამოვარდნა?
30 იოანე ხედავს ზეციდან ჩამოვარდნილ ვარსკვლავს. მაგრამ რა გაგებით? ეს რომ გავიგოთ, ძველად მცხოვრები ერთ-ერთი მეფის ისტორია გავიხსენოთ. ბაბილონის მეფეზე ესაიამ ასეთი რამ თქვა: „როგორ ჩამოვარდი ზეციდან, მანათობელო, განთიადის ძეო! როგორ დაენარცხე დედამიწას, ხალხთა დამაუძლურებელო!“ (ესაია 14:12). ეს წინასწარმეტყველება მაშინ შესრულდა, როცა ბაბილონი კიროსის ჯარმა დაამარცხა. ერთ დროს ბაბილონის მეფე, მსოფლიო მპყრობელი, სამარცხვინოდ დაეცა. აქედან გამომდინარე, ციდან ჩამოვარდნა საპატიო მდგომარეობის დაკარგვასა და სამარცხვინო მდგომარეობაში ჩავარდნას ნიშნავს.
31. ა) როდის დაკარგა სამღვდელოებამ „ზეციერი“ მდგომარეობა? ბ) როგორ აქცია სამღვდელოებამ სუფთა წყალი „აბზინდად“ და როგორ იმოქმედა ამან მრავალზე?
31 როდესაც ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება ქრისტიანობას განუდგა, დაკარგა ის აღმატებული „ზეციერი“ მდგომარეობა, რასაც პავლე მოციქული ეფესოელების 2:6, 7-ში აღწერდა. ჭეშმარიტების სუფთა წყლის ნაცვლად ისინი ხალხს „აბზინდას“ აწვდიან — ისეთ აშკარა სიცრუეს ასწავლიან, როგორიცაა სწავლება ჯოჯოხეთის ცეცხლის, განსაწმენდელის, სამებისა და ბედისწერის შესახებ; სამღვდელოება ხალხს ომებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს და ღვთის ჭეშმარიტ მსახურებად მათი ჩამოყალიბებისთვის არაფერს აკეთებს. რა არის ამის შედეგი? ვისაც სიცრუე სჯერა, სულიერად მოწამლულია. ისინი იერემიას დროს მცხოვრებ იმ ორგულ ისრაელებს ჰგვანან, რომელთაც იეჰოვამ უთხრა: „აი, აბზინდას ვაჭმევ მათ და მოწამლულ წყალს დავალევინებ, რადგან იერუსალიმის წინასწარმეტყველთაგან ვრცელდება განდგომილება მთელ ქვეყანაში“ (იერემია 9:15; 23:15).
32. როდის ჩამოვარდა ქრისტიანული სამყარო სულიერი ზეციდან და როდიდან გახდა ეს უფრო თვალსაჩინო?
32 სულიერი ციდან მათი ჩამოვარდნა აშკარა გახდა 1919 წელს, როცა სამეფო საქმეზე ზრუნვა სამღვდელოების ნაცვლად ცხებულ ქრისტიანთა პატარა ჯგუფს დაეკისრა (მათე 24:45—47). ზეციდან სამღვდელოების ჩამოვარდნა 1922 წლიდან უფრო თვალსაჩინო გახდა, როცა ქრისტიანების ჯგუფმა ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოების მხილება განაგრძო.
33. როგორ იქნა მხილებული ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება 1924 წელს კოლუმბუსში ჩატარებულ კონგრესზე?
33 აღსანიშნავია ის განაცხადიც, რომელიც 1924 წლის 20—27 ივლისს კოლუმბუსში (ოჰაიო, აშშ) ჩატარებულ კონგრესზე გაისმა. ჟურნალში „ოქროს ხანა“ ეს კონგრესი მოხსენიებული იყო, როგორც „ყველაზე დიდი კონგრესი ბიბლიის მკვლევართა ისტორიაში“. იმ ანგელოზის ხელმძღვანელობით, რომელმაც მესამე საყვირს ჩაჰბერა, მიღებულ იქნა მტკიცე რეზოლუცია, რომლის 50 მილიონი ეგზემპლარი მოგვიანებით ტრაქტატის სახით გავრცელდა, სახელწოდებით „სამღვდელოების მხილება“. ერთ-ერთი ქვესათაური ასეთი იყო: „აღთქმული შთამომავალი გველის შთამომავლის წინააღმდეგ“. რეზოლუცია აშკარად ამხელდა ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოებას, რადგან ის თავს რელიგიური ტიტულებით იმკობს, ფინანსურ მაგნატებსა და პოლიტიკოსებს მრევლის საპატიო წევრებად თვლის, ხალხის თვალში განდიდებას ესწრაფვის და მესიის სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგებაზე უარს ამბობს. მასში ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ ყოველ მიძღვნილ ქრისტიანს ღმერთმა დაავალა, „ღვთის შურისძიების დღის გაცხადება, ყველა მგლოვიარის ნუგეშისცემა“ (ესაია 61:2).
34, 35. ა) როგორ დაკარგა სამღვდელოებამ ძალაუფლება და გავლენა მას შემდეგ, რაც მესამე ანგელოზმა ჩაჰბერა საყვირს? ბ) რა მომავალი ელის ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოებას?
34 მას შემდეგ, რაც მესამე ანგელოზმა ჩაჰბერა საყვირს, სამღვდელოება თანდათანობით კარგავს თავის გავლენას. დღესდღეობით მათგან თითო-ოროლას თუ შერჩა ის ძალაუფლება, რომელიც ერთ დროს ჰქონდა. იეჰოვას მოწმეთა ქადაგებით მრავალი მიხვდა, რომ სამღვდელოების მოძღვრება სულიერი შხამია ანუ აბზინდა. ჩრდილოეთ ევროპაში სამღვდელოებამ თითქმის დაკარგა ძალაუფლება, სხვა ქვეყნებში მთავრობებში მკაცრად ზღუდავენ მის ზეგავლენას. ევროპისა და ამერიკის კონტინენტზე მდებარე კათოლიკურ ქვეყნებში სამღვდელოების გახმაურებულმა ფინანსურმა და პოლიტიკურმა მაქინაციებმა და უზნეო საქციელმა მათ რეპუტაცია შეულახა. სამღვდელოების მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება, რადგან მალე ის ყველა სხვა ცრუ რელიგიური წინამძღოლის ბედს გაიზიარებს (გამოცხადება 18:21; 19:2).
35 იეჰოვა ჯერ კიდევ აწყლულებს ქრისტიანულ სამყაროს. ვნახოთ, რა მოხდება მეოთხე საყვირის ხმაზე.
სიბნელე!
36. რა ხდება მეოთხე საყვირის ჩაბერვის შემდეგ?
36 „ჩაჰბერა მეოთხე ანგელოზმა საყვირს და მზის, მთვარისა და ვარსკვლავების მესამედმა დარტყმა მიიღო, რათა მათი მესამედი დაბნელებულიყო და არ ყოფილიყო განათებული არც დღისა და არც ღამის მესამედი“ (გამოცხადება 8:12). მეცხრე სასჯელის დროს ეგვიპტე ფიზიკურმა სიბნელემ მოიცვა (გამოსვლა 10:21—29). რაღა იგულისხმება სულიერ სიბნელეში?
37. როგორ აღწერეს მოციქულებმა პეტრემ და პავლემ მათი სულიერი მდგომარეობა, ვინც ქრისტიანულ კრებას არ მიეკუთვნება?
37 მოციქულმა პეტრემ თანამორწმუნეებს აუხსნა, რომ ქრისტიანობამდე ისინი სულიერ სიბნელეში იმყოფებოდნენ (1 პეტრე 2:9). სიტყვა „სიბნელე“ პავლემაც გამოიყენა მათი სულიერი მდგომარეობის აღსაწერად, ვინც ქრისტიანულ კრებას არ მიეკუთვნება (ეფესოელები 5:8; 6:12; კოლოსელები 1:13; 1 თესალონიკელები 5:4, 5). რა შეიძლება ითქვას ქრისტიანული სამყაროს წარმომადგენლებზე, რომლებიც აცხადებენ, რომ სწამთ ღმერთი და იესოს თავიანთ მხსნელად აღიარებენ?
38. რას აცხადებს მეოთხე ანგელოზი ქრისტიანული სამყაროს „სინათლის“ შესახებ?
38 იესოს სიტყვების თანახმად ჭეშმარიტი ქრისტიანები ნაყოფით ამოიცნობოდნენ, მრავალი „უკანონობის მოქმედი“ კი თავს მის მიმდევრად გაასაღებდა (მათე 7:15—23). ის, ვინც ხედავს მსოფლიოს მესამედის — ქრისტიანული სამყაროს ნაყოფს, ვერ უარყოფს, რომ ქრისტიანული სამყარო სულიერ სიბნელეში დაეხეტება (2 კორინთელები 4:4). ქრისტიანულ სამყაროს პასუხი მოეთხოვება, რადგან თავი ქრისტეს მიმდევრად მოაქვს. სწორედ ამიტომ აცხადებს საყვირით მეოთხე ანგელოზი, რომ ქრისტიანული სამყაროს „სინათლე“ სინამდვილეში სიბნელეა და მის სინათლეს ბაბილონური რელიგია კვებავს და არა ქრისტიანობა (მარკოზი 13:22, 23; 2 ტიმოთე 4:3, 4).
39. ა) როგორ აღწერდა ქრისტიანული სამყაროს მოჩვენებით სინათლეს 1925 წელს კონგრესზე მიღებული რეზოლუცია? ბ) კიდევ როგორ იქნა მხილებული ქრისტიანული სამყარო 1955 წელს?
39 იმის თანახმად, რაც ანგელოზმა ზეცაში გააცხადა, 1925 წლის 29 აგვისტოს ინდიანაპოლისში (ინდიანა, აშშ) კონგრესზე შეკრებილმა დიდძალმა ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გამოსულიყო რეზოლუცია სახელწოდებით „იმედის ცნობა“. ამ რეზოლუციის 50 მილიონამდე ეგზემპლარი გავრცელდა სხვადასხვა ენაზე. რეზოლუციაში აღწერილი იყო ის მოჩვენებითი სინათლე, რასაც ფინანსური მაგნატები, პოლიტიკური ლიდერები და სამღვდელოება აფრქვევდნენ. ამის შედეგად „ხალხი სიბნელეში იმყოფება“. რეზოლუციაში ასევე აღნიშნული იყო, რომ მხოლოდ ღვთის სამეფოს შეუძლია „მშვიდობის, კეთილდღეობის, ჯანმრთელობის, სიცოცხლის, თავისუფლებისა და მარადიული ბედნიერების“ მოტანა. ცხებული ქრისტიანების პატარა ჯგუფისგან დიდი გაბედულება მოითხოვებოდა გიგანტური ქრისტიანული სამყაროს წინააღმდეგ ამგვარი განაცხადების გასაკეთებლად. ისინი XX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისიდან დღემდე ასე მოქმედებენ. 1955 წელს კვლავ იქნა მხილებული სამღვდელოება, როცა მთელ მსოფლიოში მრავალ ენაზე გავრცელდა ტრაქტატი „ქრისტიანული სამყარო თუ ქრისტიანობა — რომელია ქვეყნიერების სინათლე?“ მთელ მსოფლიოში ბევრისთვის აღარ არის დაფარული ქრისტიანული სამყაროს თვალთმაქცობა, თუმცა იეჰოვას ხალხს მაინც არ შეუწყვეტია ქრისტიანული სამყაროს მხილება; ის სიბნელის სამეფოა.
მფრინავი არწივი
40. როგორ ამხილა ოთხმა საყვირმა ქრისტიანული სამყარო?
40 პირველმა ოთხმა საყვირმა საქვეყნოდ გააცხადა გაპარტახებული, თუმცა მაინც მომაკვდინებელი ქრისტიანული სამყაროს საქმიანობა. საყვირის ხმებმა ცხადყო, რომ დედამიწის ის ნაწილი, რომელიც ქრისტიანულ სამყაროს უპყრია, იეჰოვას განაჩენს იმსახურებს. ქრისტიანულ თუ არაქრისტიანულ ქვეყნებში რევოლუციის გზით მოსული მთავრობები მტრულად შეხვდნენ ხალხის რელიგიურობას. შედეგად გამოაშკარავდა სამღვდელოების დაცემული მდგომარეობა და ყველასთვის ცხადი გახდა, რა სულიერ სიბნელეში იმყოფება ის. სატანის ქვეყნიერებაში სასჯელს ყველაზე მეტად ქრისტიანული სამყარო იმსახურებს.
41. რას ხედავს იოანე, სანამ მომდევნო საყვირის ხმა გაისმება?
41 კიდევ რა გამოაშკარავდა? პასუხს მოგვიანებით გავიგებთ, რადგან მომდევნო საყვირის ხმა გარკვეული ხნის შემდეგ გაისმება. აი, ამჯერად რას ხედავს იოანე: «დავინახე ერთი არწივი, რომელიც ცაში დაფრინავდა, და გავიგონე, რომ ხმამაღლა ამბობდა: „ვაი, ვაი, ვაი დედამიწის მცხოვრებთ დანარჩენი საყვირების ხმებისგან, რადგან სადაცაა ჩაჰბერავს საყვირებს სამი ანგელოზი!“ » (გამოცხადება 8:13).
42. ვის შეიძლება განასახიერებდეს მფრინავი არწივი და რას აცხადებს ის?
42 არწივი მაღლა დაფრინავს და ბევრს შეუძლია მისი დანახვა. არწივს განსაკუთრებით მახვილი თვალი აქვს და შორს ხედავს (იობი 39:29). ღვთის ტახტის ირგვლივ მყოფი ქერუბიმის მსგავსი ოთხი ქმნილებიდან ერთ-ერთს არწივის სახე ჰქონდა (გამოცხადება 4:6, 7). შესაძლოა, ეს ქერუბიმი ან ღვთის შორსმჭვრეტელი სხვა მსახური აცხადებდეს ხმამაღლა: „ვაი, ვაი, ვაი!“ დაე, გაიგონოს ხალხმა ბოლო სამი საყვირის ხმა, რომელთაგან ყოველი თითო ვაის მოასწავებს.
[სქოლიოები]
a გამოცხადების 7:16-ში ნათქვამია, რომ ქრისტიანული სამყაროსგან განსხვავებით უამრავ ხალხს იეჰოვას ცეცხლოვანი რისხვა არ დაატყდება.
b მართალია, შვიდი ვარსკვლავი იესოს მარჯვენაში ქრისტიანული კრების ცხებულ ზედამხედველებს განასახიერებს, მაგრამ დღესდღეობით 100 000-ზე მეტი კრების უხუცესი უამრავი ხალხიდან არის (გამოცხადება 1:16; 7:9). რა მდგომარეობა უკავიათ მათ? ისინი წმინდა სულით ინიშნებიან ცხებული ერთგული და გონიერი მონის მიერ. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ იესო თავისი მარჯვენით მათაც ხელმძღვანელობს, რადგან ისინიც მასთან ერთად მწყემსავენ სამწყსოს (ესაია 61:5, 6; საქმეები 20:28). ისინი მხარში უდგანან „შვიდ ვარსკვლავს“ იმით, რომ იქ მსახურობენ, სადაც ცხებული ძმები არ არიან.
-
-
იეჰოვა ქრისტიანულ სამყაროს აწყლულებსგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
[ცხრილი 139 გვერდზე]
ქრისტიანული სამყაროს წყალი აბზინდა აღმოჩნდა
ქრისტიანული სამყაროს რას ასწავლის ბიბლია
მოძღვრებანი სინამდვილეში
ღვთის სახელი უმნიშვნელოა: იესო ღვთის სახელის
„ერთადერთი ღვთის სახელის გამოყენება განწმენდაზე ლოცულობდა.
ქრისტიანული ეკლესიის მრწამსით პეტრემ თქვა: „ყოველი,
აბსოლუტურად მიუღებელია“ ვინც იეჰოვას სახელს
(გადამუშავებული სტანდარტული უხმობს, გადარჩება“
თარგმანის წინასიტყვაობა). (საქმეები 2:21; იოელი 2:32;
ღმერთი სამებაა: „მამა არის ღმერთი, ბიბლია ასწავლის, რომ იეჰოვა
ძეც არის ღმერთი და წმინდა სულიც იესოზე დიდია და ის
არის ღმერთი, თუმცა სამივე ღმერთი ქრისტეს თავია (იოანე 14:28; 20:17;
ერთი ღმერთია“ (კათოლიკური 1 კორინთელები 11:3).
ენციკლოპედია, 1912 წ.). წმინდა სული ღვთის მოქმედი ძალაა
ადამიანის სული უკვდავია: ადამიანი სულია. როცა კაცი
„სიკვდილისას სული ტოვებს სხეულს. კვდება, სული წყვეტს აზროვნებას,
სხეული . . . იხრწნება, სული კი გრძნობას და უბრუნდება მტვერს,
არსებობას განაგრძობს“ („რა ხდება რისგანაც შეიქმნა (დაბადება 2:7; 3:19;
სიკვდილის შემდეგ“, კათოლიკური ფსალმუნი 146:3, 4;
პუბლიკაცია). ეკლესიასტე 3:19, 20; 9:5, 10;
ბოროტები სიკვდილის შემდეგ ცოდვის საზღაური სიკვდილია
ჯოჯოხეთში ისჯებიან: „ტრადიციული და არა ტანჯვა (რომაელები 6:23).
ქრისტიანული რწმენით ჯოჯოხეთი გარდაცვლილები ჯოჯოხეთში (ჰადესი,
მარადიული ტანჯვისა და წამების შეოლი) უგონო მდგომარეობაში
ადგილია“ (ენციკლოპედია „უორლდ არიან და მათ აღდგომა ელით
ბუკი“, 1987 წ.). (ფსალმუნი 89:48; იოანე 5:28, 29; 11:24, 25;
„შუამავლის წოდებას იესო ერთადერთი შუამავალია
ღვთისმშობელი ატარებს“ ღმერთსა და ადამიანს შორის
(ახალი კათოლიკური (იოანე 14:6; 1 ტიმოთე 2:5;
ენციკლოპედია, 1967 წ.). ებრაელები 9:15; 12:24).
ჩვილების ნათლობა: „ეკლესიამ უნდა მოინათლოს მხოლოდ ის,
ნათლობის საიდუმლო ჩვილებზეც ვინც იესოს მოწაფე გახდა
გაავრცელა, რაც არა მარტო კანონიერად და მის მცნებებს იცავს.
აღიარა, არამედ საეკლესიო მოძღვრების მონათვლამდე ადამიანს უნდა
მიხედვით გადარჩენისთვის აუცილებელ ესმოდეს ღვთის სიტყვა და
გზადაც ჩათვალა“ (ახალი კათოლიკური უნდა ავლენდეს რწმენას
ენციკლოპედია, 1967 წ.). (მათე 28:19, 20; ლუკა 3:21—23;
ეკლესიათა უმეტესობა დაყოფილია პირველ საუკუნეში ყველა
მრევლად და სამღვდელოებად. ქრისტიანი მსახურობდა და
სასულიერო კლასი მრევლისთვის სასიხარულო ცნობას ქადაგებდა
ეწევა მსახურებას. სამღვდელოება, (საქმეები 2:17, 18; რომაელები 10:10—13; 16:1).
ჩვეულებრივ, მსახურებისთვის ქრისტიანმა უსასყიდლოდ
გასამრჯელოს იღებს. მათ საერო პირებზე უნდა გასცეს და
მაღალი წოდებები ენიჭებათ, როგორიცაა არა საზღაურით (მათე 10:7, 8).
„მამა“, „უწმინდესი“, „უნეტარესი“. იესო მკაცრად კრძალავდა
რელიგიური წოდებების გამოყენებას
გამოსახულებების, ხატებისა და ჯვრების ქრისტიანები უნდა გაექცნენ
გამოყენება: „ქრისტეს, ღვთისმშობლისა ნებისმიერი სახის
და სხვა წმინდანების გამოსახულებები კერპთაყვანისმცემლობას
ტაძრებში უნდა იყოს და მათ სათანადო (გამოსვლა 20:4, 5;
პატივს უნდა მიაგებდნენ“ (ტრიენტის 1 კორინთელები 10:14;
საეკლესიო კრების დადგენილება, 1 იოანე 5:21). ისინი ღმერთს
1545—1563 წწ.). ხილული საგნების მეშვეობით კი არ
ეთაყვანებიან, არამედ სულითა და
ჭეშმარიტებით (იოანე 4:23, 24;
ეკლესიის მრევლს ასწავლიან, რომ იესო ქადაგებდა, რომ კაცობრიობის
ღვთის განზრახვები პოლიტიკური იმედი ღვთის სამეფოა და არა
გზით განხორციელდება. აწ რომელიმე პოლიტიკური მოძრაობა
გარდაცვლილმა კარდინალმა (მათე 4:23; 6:9, 10). ის უარს
სპელმენმა აღნიშნა: „მშვიდობისკენ აცხადებდა პოლიტიკაში
მიმავალი ერთადერთი გზა დემოკრატიაა“. მონაწილეობაზე
ახალი ამბებიდან ვიგებთ, რომ რელიგია (იოანე 6:14, 15). არც მისი
მსოფლიო პოლიტიკაში (გადატრიალებებშიც სამეფო და არც მისი
კი) ერევა და მხარს უჭერს გაეროს, მიმდევრები არ ყოფილან
როგორც „მშვიდობისა და ერთიანობის ქვეყნიერების ნაწილი
უკანასკნელ იმედს“. (იოანე 18:36; 17:16). იაკობმა
გააფრთხილა ქრისტიანები, რომ
ქვეყნიერებასთან არ ემეგობრათ
(იაკობი 4:4).
-
-
პირველი ვაი და კალიების შემოსევაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
თავი 22
პირველი ვაი და კალიების შემოსევა
1. ვინ აუწყებს დედამიწას იმას, რასაც ანგელოზები ზეცაში აცხადებენ, და რას იუწყება მეხუთე საყვირი?
მეხუთე ანგელოზი საყვირის ჩასაბერად ემზადება. ოთხი საყვირის ხმა უკვე გაისმა, რამაც დააწყლულა დედამიწის მესამედი, იეჰოვასთვის ყველაზე საძულველი ქრისტიანული სამყარო. ყველასთვის ცხადი გახდა მისი სასიკვდილო მდგომარეობა. რასაც ანგელოზები საყვირებით აცხადებენ, იმას ადამიანები მთელ დედამიწას აუწყებენ. მეხუთე ანგელოზი მალე პირველ ვაის გააცხადებს. ეს უფრო დიდ საშინელებას მოიტანს, ვიდრე მანამდე მომხდარ მოვლენებს მოუტანია. ეს ვაი კალიების შემაძრწუნებელი შემოსევით არის გამოწვეული. თავდაპირველად განვიხილოთ ის ბიბლიური მუხლები, რომლებიც ამ წყლულის მნიშვნელობას დაგვანახვებს.
2. კიდევ რომელ ბიბლიურ წიგნშია აღწერილი კალიების შემოსევა და რას გამოიწვევდა ეს ძველ ისრაელში?
2 იოელის წიგნში, რომელიც ძვ. წ. IX საუკუნეში დაიწერა, აღწერილია მწერების, მათ შორის კალიების შემოსევა, რაც იოანეს ხილვაში ნანახს ჰგავს (იოელი 2:1—11, 25)a. ამ შემოსევას განდგომილი ისრაელი სავალალო მდგომარეობაში უნდა ჩაეგდო, მაგრამ ზოგიერთი იუდეველი მოსანანიებლად და იეჰოვასთან დასაბრუნებლად უნდა აღეძრა (იოელი 2:6, 12—14). მაშინ იეჰოვა თავის სულს გადმოღვრიდა „ყველანაირ ხორციელზე“, მაგრამ „იეჰოვას დიდი და შიშის მომგვრელი დღის მოსვლამდე“ საშინელი, თუმცა გამაფრთხილებელი ნიშნები და საკვირველებები მოხდებოდა (იოელი 2:11, 28—32).
წყლული I საუკუნეში
3, 4. ა) როდის და როგორ შესრულდა იოელის მეორე თავში ჩაწერილი სიტყვები? ბ) რას ნიშნავდა კალიების შემოსევა ახ. წ. I საუკუნეში და რამდენ ხანს გაგრძელდა?
3 იოელის მეორე თავში ჩაწერილი სიტყვები I საუკუნეში შესრულდა. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე პირველი ქრისტიანები წმინდა სულით იქნენ ცხებულნი, რამაც ძალა მისცა მათ, მრავალ ენაზე ელაპარაკათ „ღვთის დიდებული საქმეების შესახებ“. იქ უამრავ ხალხს მოეყარა თავი. მოციქულმა პეტრემ ნანახით განცვიფრებულებს მიმართა და იოელის 2:28, 29-ის ციტირების შემდეგ აუხსნა, რომ ისინი ამ სიტყვების შესრულების მოწმენი გახდნენ (საქმეები 2:1—21). თუმცა ამ შემთხვევაში პირდაპირი გაგებით კალიების შემოსევა არავის უნახავს, არავინ ჩავარდნილა სავალალო მდგომარეობაში და არც არავინ აღძრულა მოსანანიებლად.
4 ამ წყლულს სიმბოლური გაგება ჰქონდა და სულითცხებული ქრისტიანების დაუცხრომელი ქადაგებით იყო გამოწვეულიb. იეჰოვა მათი პირით მოუწოდებდა იუდევლებს მონანიებისკენ, და თუ მოინანიებდნენ, აკურთხებდა კიდეც (საქმეები 2:38—40; 3:19). ვინც გამოეხმაურა, ღვთის კეთილგანწყობილება მიიღო, ხოლო ვინც ამ მოწოდებას ყური არ ათხოვა, მათთვის პირველი საუკუნის ქრისტიანები გამანადგურებელი კალიების გუნდად იქცნენ. მათ იერუსალიმიდან დაიწყეს და მთელ იუდეასა და სამარიას „შეესივნენ“. მალე ისინი მთელ ქვეყანას მოედნენ და დატანჯეს ურწმუნო იუდეველები, რადგან საჯაროდ ქადაგებდნენ იესოს აღდგომისა და აღდგომის მნიშვნელობის შესახებ (საქმეები 1:8; 4:18—20; 5:17—21, 28, 29, 40—42; 17:5, 6; 21:27—30). ეს შემოსევა ახ. წ. 70 წლამდე, „შიშის მომგვრელი დღის“ დადგომამდე გაგრძელდა, როცა იეჰოვამ იერუსალიმი რომაელთა ჯარებს გაანადგურებინა. მხოლოდ ის ქრისტიანები გადარჩნენ, რომლებიც რწმენით უხმობდნენ იეჰოვას სახელს (იოელი 2:32; საქმეები 2:20, 21; იგავები 18:10).
წყლული დღეს
5. როგორ სრულდება იოელის წინასწარმეტყველება 1919 წლიდან?
5 გონივრულია, გვეფიქრა, რომ იოელის წინასწარმეტყველება ბოლო დღეებშიც შესრულდებოდა, და ეს ასეც მოხდა. 1919 წლის 1—8 სექტემბერს სიდარ-პოინტში (ოჰაიო, აშშ) ბიბლიის მკვლევარების კონგრესზე იეჰოვას სულმა ძალ-ღონე შემატა ღვთის ხალხს, რომ მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის გაეწიათ ორგანიზება. ქრისტიანებს შორის მხოლოდ ისინი აღიარებდნენ იესოს გამეფებას ზეცაში და თავს არ ზოგავდნენ, რომ სასიხარულო ცნობა ყველგან გაეცხადებინათ. როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, მათი დაუღალავი ქადაგება მტანჯველ „წყლულად“ იქცა განდგომილი ქრისტიანული სამყაროსთვის (მათე 24:3—8, 14; საქმეები 1:8).
6. ა) რა დაინახა იოანემ, როცა მეხუთე ანგელოზმა საყვირს ჩაჰბერა? ბ) ვის განასახიერებს ვარსკვლავი და რატომ?
6 ეს დაწყლულება იერუსალიმის განადგურებიდან 26 წლის შემდეგ დაწერილ „გამოცხადებაშიც“ არის მოხსენიებული. მოდი ვნახოთ, რა დამატებით დეტალებს გვაცნობს იოანეს წინასწარმეტყველება: „ჩაჰბერა საყვირს მეხუთე ანგელოზმა და ვიხილე ციდან დედამიწაზე ჩამოვარდნილი ვარსკვლავი. მას უფსკრულის ნაპრალის გასაღები მიეცა“ (გამოცხადება 9:1). ეს ვარსკვლავი განსხვავდება გამოცხადების 8:10-ში მოხსენიებული ჩამოვარდნილი ვარსკვლავისგან. იოანემ დაინახა „ვარსკვლავი, რომელიც ციდან ჩამოვარდა“, რომ დედამიწაზე ემოქმედა. რას განასახიერებს ეს ვარსკვლავი, სულიერ თუ ხორციელ ქმნილებას? როგორც მოგვიანებით არის აღწერილი, „უფსკრულის ნაპრალის გასაღების“ მფლობელი სატანას უფსკრულში აგდებს (გამოცხადება 20:1—3). ეს ძლევამოსილი სულიერი ქმნილება უნდა იყოს. გამოცხადების 9:11-ში იოანე მოგვითხრობს, რომ კალიებს ჰყავთ „მეფე — უფსკრულის ანგელოზი“. ასე რომ, ორივე მუხლში ერთსა და იმავე ქმნილებაზე უნდა მიდიოდეს საუბარი. უფსკრულის გასაღების მფლობელი ანგელოზი უფსკრულის ანგელოზი უნდა იყოს და ვარსკვლავიც იეჰოვას მიერ დანიშნულ მეფეს უნდა განასახიერებდეს, რადგან ცხებული ქრისტიანები მეფედ მხოლოდ იესო ქრისტეს აღიარებენ (კოლოსელები 1:13; 1 კორინთელები 15:25).
7. ა) რა ხდება „უფსკრულის ნაპრალის“ გაღების დროს? ბ) რას ნიშნავს „უფსკრული“ და ვინ მოხვდა მასში?
7 იოანე აგრძელებს თხრობას: „გააღო უფსკრულის ნაპრალი და ამოვიდა კვამლი თითქოს დიდი ღუმლიდან. ნაპრალის კვამლმა მზე და ჰაერი დააბნელა. კვამლიდან კალიები გამოვიდნენ დედამიწაზე. მათ ისეთივე ძალაუფლება მიეცათ, როგორიც დედამიწის მორიელებს აქვთ“ (გამოცხადება 9:2, 3). ბიბლიაში უფსკრული უმოქმედობის და სიკვდილის მნიშვნელობით გამოიყენება (შეადარეთ რომაელების 10:7; გამოცხადების 17:8; 20:1, 3). 1918—1919 წლებში, პირველი მსოფლიო ომის ბოლოს, ასეთი უმოქმედობის „უფსკრულში“ ცოტა ხნით მოხვდა იესოს ძმების მცირე ჯგუფი, მაგრამ 1919 წელს იეჰოვამ თავისი სული მისცა თავის მომნანიე მსახურებს. ისინიც კალიებივით დაირაზმნენ იმ რთული საქმის შესასრულებლად, რომელიც წინ ელოდათ.
8. რა „დიდი კვამლი“ ამოვიდა კალიებთან ერთად?
8 იოანე ხედავს, რომ კალიებთან ერთად დიდი კვამლი ამოდის, თითქოს „დიდი ღუმლიდან ამოვიდაო“c. სწორედ ასე მოხდა 1919 წელს, როცა ქრისტიანულ სამყაროს და მთელ ქვეყნიერებას მზე დაუბნელდა (შეადარეთ იოელის 2:30, 31). იოანეს კლასის, იგივე კალიების, გათავისუფლება დამარცხებას ნიშნავდა ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოებისთვის, რომელიც მანამდე სამეფო საქმის ჩახშობას ლამობდა და არც მას მერე უღიარებია ღვთის სამეფო. კვამლი მთელ განდგომილ ქრისტიანულ სამყაროს მაშინ მოედო, როდესაც კალიების ჯგუფმა მწვავე განაჩენის გასაცხადებლად ღვთისგან ძალაუფლება მიიღო. ქრისტიანული სამყაროს „მზე“, მოჩვენებითი სინათლე, და „ჰაერი“ ღვთის განაჩენის გაცხადებამ დააბნელა, რადგან ცხადი გახდა, რომ ამ ქვეყნიერების „ჰაერის ძალაუფლების მთავარი“ ქრისტიანული სამყაროს ღმერთია (ეფესოელები 2:2; იოანე 12:31; 1 იოანე 5:19).
ხალხის მტანჯველი კალიები
9. რა საბრძოლო მითითებები მიიღეს კალიებმა?
9 რა საბრძოლო მითითებები მიიღეს კალიებმა? იოანე მოგვითხრობს: „მათ მითითება მიეცათ, რომ არ ევნოთ არც დედამიწის ბალახეულისთვის, არც რაიმე მწვანე მცენარისთვის და არც რომელიმე ხისთვის, არამედ მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ღვთის ბეჭედი არ ექნებოდათ შუბლზე. კალიებს ნება მიეცათ, ხუთ თვეს დაეტანჯათ ისინი, მაგრამ არ დაეხოცათ; მათი ტანჯვა ჰგავდა მორიელის ნაკბენით მიყენებულ ტანჯვას. იმ დღეებში ადამიანები სიკვდილს დაუწყებენ ძებნას, მაგრამ ვერ იპოვიან, სიკვდილს ინატრებენ, მაგრამ სიკვდილი გაექცევა მათ“ (გამოცხადება 9:4—6).
10. ა) პირველ რიგში, ვის წინააღმდეგ არის წყლული მიმართული, და რა მდგომარეობაში აგდებს მათ? ბ) როგორი ტანჯვა იგულისხმება? (იხილეთ სქოლიო)
10 საინტერესოა, რომ ეს წყლული პირველ რიგში უბრალო ხალხისა და გავლენიანი ადამიანების, დედამიწის „ბალახეულობისა“ და „ხეების“ წინააღმდეგ არ არის მიმართული (შეადარეთ გამოცხადების 8:7). კალიები ვნებენ მათ, ვისაც შუბლზე ღვთის ბეჭედი არა აქვთ. ესენი ქრისტიანული სამყაროს წარმომადგენლები არიან, რომლებსაც თავი ბეჭედდასმულებად მოაქვთ, მაგრამ საქმეებით საპირისპიროს ამტკიცებენ (ეფესოელები 1:13, 14). როგორც ვხედავთ, კალიების გაცხადებული განაჩენი, პირველ რიგში, ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლებს ტანჯავდა. ამ თავდაჯერებულ ხალხს მართლა დატანჯავდა იმის გაგება, რომ ისინი არათუ ზეცისკენ ვერ გაუძღვებოდნენ სამწყსოს, არამედ თვითონაც ვერ მოხვდებოდნენ იქd. მათზე მართლდება იესოს სიტყვები: „ბრმას ბრმა მიუძღვის“ (მათე 15:14).
11. ა) რამდენ ხანს უნდა დაეტანჯათ კალიებს ღვთის მტრები და რატომ არ არის ეს დროის მცირე მონაკვეთი? ბ) რამდენად მწვავეა ტანჯვა?
11 ტანჯვა ხუთ თვეს გრძელდება. ეს დროის მცირე მონაკვეთია? კალიისთვის ნამდვილად არა, ეს მისი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაა. ასე რომ, კალიები, რამდენ ხანსაც ცოცხლობენ, იმდენ ხანს კბენენ ღვთის მტრებს. ტანჯვა იმდენად მტკივნეულია, რომ ხალხი სიკვდილს ეძებს. მართალია, კალიების დაკბენილთაგან არავის უცდია თავის მოკვლა, მაგრამ ეს გამოთქმა ნაკბენით გამოწვეული ტანჯვის სიმძაფრის დანახვაში გვეხმარება. მათ ტანჯვა ულმობელი მორიელების კბენით გამოწვეულ ტანჯვას ჰგავდა. იერემიას წინასწარმეტყველების თანახმად ეს იმ ორგული ისრაელების ტანჯვას მოგვაგონებს, რომლებიც ბაბილონელთაგან განდევნილნი სიცოცხლეს სიკვდილს ამჯობინებდნენ (იერემია 8:3; იხილეთ აგრეთვე ეკლესიასტეს 4:2, 3).
12. რატომ მიეცათ კალიებს უფლება, რომ კი არ მოეკლათ ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლები, არამედ სულიერად დაეტანჯათ?
12 რატომ მიეცათ კალიებს უფლება, რომ კი არ მოეკლათ, არამედ სულიერად დაეტანჯათ ღვთის მტრები? ეს ვაის დასაწყისია, რაც იმით გამოიხატა, რომ ქრისტიანული სამყარო სიცრუესა და წარუმატებლობაში იქნა მხილებული. ოდნავ მოგვიანებით კი გაცხადდება, რომ მისი მდგომარეობა სასიკვდილოა, და ეს უფლის დღის განმავლობაში მოხდება. ეს მეორე ვაის დროს იქნება, როცა ადამიანთა მესამედი დაიხოცება (გამოცხადება 1:10; 9:12, 18; 11:14).
საბრძოლველად გამზადებული კალიები
13. როგორ გამოიყურებიან კალიები?
13 როგორც იოანე აღგვიწერს, კალიებს გასაოცარი გარეგნობა აქვთ: „შესახედაობით კალიები საბრძოლველად გამზადებულ ცხენებს ჰგავდნენ, თავებზე თითქოს ოქროს გვირგვინები ედგათ, სახეები ადამიანის სახეს მიუგავდათ, თმა ქალის თმასავით ჰქონდათ, კბილები კი — ლომის კბილებივით. მათი ჯავშნები რკინის ჯავშნებს ჰგავდა, მათი ფრთების ხმა — საბრძოლველად მიმქროლავი მრავალი ეტლისა და ცხენის ხმას“ (გამოცხადება 9:7—9).
14. რატომ შეეფერება კალიების აღწერილობა 1919 წელს გამოცოცხლებული ქრისტიანების ჯგუფს?
14 კალიები ზუსტად განასახიერებენ 1919 წელს გამოცოცხლებულ ერთგულ ქრისტიანებს. ისინი იმ გაგებით ჰგავდნენ ცხენებს, რომ მზად იყვნენ საბრძოლველად, ჭეშმარიტების დასაცავად, როგორც ეს მოციქულმა პავლემ აღწერა (ეფესოელები 6:11—13; 2 კორინთელები 10:4). იოანემ იხილა, რომ მათ თითქოს ოქროს გვირგვინები ედგათ, თუმცა მათ პირდაპირი გაგებით გვირგვინები ვერ ედგმებოდათ, რადგან ჯერ კიდევ დედამიწაზე ცხოვრობდნენ და არ ჰქონდათ დაწყებული მეფობა (1 კორინთელები 4:8; გამოცხადება 20:4). მაგრამ 1919 წელს ისინი მეფეებს ჰგავდნენ. ისინი მეფის ძმები იყვნენ და ჭეშმარიტი გვირგვინები ზეცაში ენახებოდათ, რომლებსაც იმ შემთხვევაში მიიღებდნენ, თუ სიკვდილამდე შეინარჩუნებდნენ ერთგულებას (2 ტიმოთე 4:8; 1 პეტრე 5:4).
15. რისი სიმბოლოა: ა) ჯავშნები? ბ) ადამიანის სახეები? გ) ქალის თმა? დ) ლომის კბილები? ე) დიდი ხმაური?
15 ხილვაში კალიები შემოსილნი არიან რკინის ჯავშნებით, რაც უკომპრომისო სიმართლის სიმბოლოა (ეფესოელები 6:14—18). სახეები ადამიანის სახეს მიუგავთ, ეს კი სიყვარულის სიმბოლოა. ადამიანი ხომ იმ ღვთის მსგავსებად შეიქმნა, რომელიც სიყვარულია (დაბადება 1:26; 1 იოანე 4:16). მათ ქალივით გრძელი თმა აქვთ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავიანთ მეფეს, უფსკრულის ანგელოზს ემორჩილებიან. მათი კბილები ლომის კბილებს ჰგავდა, რომელიც ხორცს გლეჯს. 1919 წლიდან იოანეს კლასმა კვლავ შეძლო მაგარი სულიერი საზრდოთი, ღვთის სამეფოს ჭეშმარიტებით კვება. ამ სამეფოს სათავეში იესო ქრისტე უდგას, „ლომი იუდას ტომიდან“. მათ ლომის სიმამაცე სჭირდებოდათ, რომ „გადაემუშავებინათ“ მამხილებელი განაჩენი და პუბლიკაციების სახით მთელ მსოფლიოში გაევრცელებინათ. ეს სიმბოლური კალიები „საბრძოლველად მიმქროლავი მრავალი ეტლისა და ცხენის“ მსგავსად დიდ ხმაურს იწვევენ. ისინი ვერ დადუმდებიან, რადგან პირველი საუკუნის ქრისტიანებს ჰბაძავენ (1 კორინთელები 11:7—15; გამოცხადება 5:5).
16. რას ნიშნავს ის, რომ „კალიებს კუდები და ნესტრები“ ისეთი აქვთ, როგორიც მორიელებს?
16 კალიების ქადაგებაში მხოლოდ საუბარი არ იგულისხმება. „კუდები და ნესტრები კი ისეთი ჰქონდათ, როგორიც მორიელებს. მათ კუდებში მათი ძალაუფლება იყო, რომ ხუთ თვეს ევნოთ ადამიანებისთვის“ (გამოცხადება 9:10). რას ნიშნავს ეს? იეჰოვას მოწმეები, როგორც სიტყვიერად, ისე პუბლიკაციებით, ღვთის სიტყვაში ჩაწერილ განაჩენს აცხადებენ. მათი ცნობა მორიელის ნაკბენივით მწარეა, რადგან ისინი იეჰოვას შურისძიების მოახლოებული დღის შესახებ აფრთხილებენ ხალხს (ესაია 61:2). ვიდრე სიმბოლური კალიები ცოცხლები არიან, ისინი დაასრულებენ ღვთისგან მიღებულ დავალებას, იეჰოვას განაჩენის გაცხადების საქმეს, და ზიანს მიაყენებენ ყველა ჯიუტ ღვთისმგმობელს.
17. ა) რა გამოცხადდა 1919 წელს ბიბლიის მკვლევართა კონგრესზე ქადაგებით გამოწვეული ტკივილის გასამძაფრებლად? ბ) როგორ იტანჯებოდა სამღვდელოება და როგორი იყო მათი საპასუხო რეაქცია?
17 „კალიები“ სიხარულით ხტოდნენ, როცა 1919 წლის კონგრესზე ახალი ჟურნალის „ოქროს ხანის“ გამოცემა გამოცხადდა. ეს ჟურნალი ორ კვირაში ერთხელ გამოდიოდა ქადაგებით გამოწვეული ტკივილის გასამძაფრებლადe. 1920 წლის 29 სექტემბერს გამოცემულ 27-ე ნომერში სამღვდელოება ორგულობაში იყო მხილებული, რადგან ის შეერთებულ შტატებში 1918—1919 წლებში ბიბლიის მკვლევარებს დევნიდა. 20—30-იან წლებში „ოქროს ხანამ“ კიდევ უფრო მეტი ტკივილი მიაყენა სამღვდელოებას, როცა სტატიებითა და კარიკატურებით ფარდა ახადა პოლიტიკაში მათ ჩარევას, განსაკუთრებით, ფაშისტ და ნაცისტ დიქტატორებთან კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლების თანამშრომლობას. სამღვდელოება ‘სირთულეებს ქმნიდა დადგენილებით’ და ორგანიზებას უწევდა ღვთის ხალხზე თავდასხმებს (ფსალმუნი 94:20).
დედამიწის მმართველების გაფრთხილება
18. რა საქმე უნდა შეესრულებინათ „კალიებს“ და რა მოჰყვა მეხუთე საყვირის დაყვირებას?
18 „კალიებს“ დიდი საქმე უნდა შეესრულებინათ. სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა უნდა გაცხადებულიყო; სიცრუე უნდა მხილებულიყო; დაკარგული ცხვრები უნდა მოძებნილიყო. ქვეყნიერება იძულებული იყო, დამდგარიყო და ეყურებინა, როგორ ასრულებდნენ კალიები ამ დავალებას. იოანეს კლასი ემორჩილებოდა ანგელოზების საყვირების ხმას და არ წყვეტდა ქრისტიანული სამყაროს მხილებას, რომელიც იეჰოვასგან მკაცრ განაჩენს იმსახურებდა. მეხუთე საყვირის ხმაზე განაჩენის ერთ-ერთ განსაკუთრებულ მხარეზე გამახვილდა ყურადღება 1926 წლის 25—31 მაისს ლონდონში (ინგლისი) ბიბლიის მკვლევარების კონგრესზე. მიღებულ იქნა რეზოლუცია „მოწმობა ქვეყნიერების მმართველებისთვის“ და როიალ-ალბერტ-ჰოლში წარმოითქვა მოხსენება „რატომ ირყევა მსოფლიო ძალები, რა გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს?“. ამ რეზოლუციისა და საჯარო მოხსენების სრული ტექსტი მეორე დღესვე დაიბეჭდა ლონდონის ერთ-ერთ წამყვან გაზეთში. მოგვიანებით „კალიებმა“ ეს რეზოლუცია ტრაქტატის სახით გამოსცეს და 50 მილიონი ეგზემპლარი გაავრცელეს, რითაც დატანჯეს სამღვდელოება. ამ მწარე მხილების შესახებ ინგლისში კიდევ არაერთი წელი ლაპარაკობდნენ.
19. კიდევ რა იარაღი მიიღეს საბრძოლველად სიმბოლურმა კალიებმა, და რა იყო მასში აღნიშნული ლონდონის მანიფესტის შესახებ?
19 ამ კონგრესზე სიმბოლურმა კალიებმა ახალი წიგნის სახით საბრძოლველად კიდევ ერთი იარაღი მიიღეს. წიგნის სათაური იყო „ხსნა“. წიგნში ბიბლიის საფუძველზე ახსნილი იყო, თუ რა ნიშანი ადასტურებს 1914 წელს ბავშვის, ვაჟის, ქრისტეს ზეციერი სამეფოს დაბადებას (მათე 24:3—14; გამოცხადება 12:1—10). წიგნში მოყვანილი იყო ციტატა რვა მღვდლის, ეგრეთ წოდებული „მსოფლიოს უდიდესი მქადაგებლების“ მიერ 1917 წელს ლონდონში ხელმოწერილი მანიფესტიდან. ისინი წამყვან პროტესტანტულ მიმდინარეობებს წარმოადგენდნენ — ბაპტისტებს, კონგრეგაციონალისტებს, მეთოდისტებს, პრესვიტერულ და ეპისკოპალურ ეკლესიებს. მანიფესტში აღნიშნული იყო: „დღევანდელი კრიზისული მდგომარეობა იმაზე მიუთითებს, რომ წარმართთა ჟამი დასასრულს უახლოვდება“ და „უფლის გამოცხადებას ყოველ წუთს უნდა ველოდოთ“. როგორც ვხედავთ, იმ სასულიერო პირებმა აღიარეს იესოს მოსვლის ნიშანი. იმოქმედა ამან მათზე? წიგნში „ხსნა“ ნათქვამია: „საკვირველი ის არის, რომ ვინც მანიფესტს ხელი მოაწერა, სწორედ მათ უარყვეს იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ ქვეყნიერების აღსასრულისა და უფლის მეორედ მოსვლის პერიოდში ვცხოვრობთ“.
20. ა) რა ამჯობინა სამღვდელოებამ კალიების გუნდსა და მათ მეფესთან თანამშრომლობას? ბ) იოანეს სიტყვების თანახმად ვინ ხელმძღვანელობს კალიების გუნდს და რა ჰქვია მას?
20 ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოებამ ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგებას სატანის ქვეყნიერებაში დარჩენა ამჯობინა და უარი თქვა, ეთანამშრომლა სიმბოლურ კალიებთან და მათ მეფესთან, რომელზეც იოანე ამბობს: „მათ ჰყავდათ მეფე — უფსკრულის ანგელოზი. ებრაულად მას აბადონი [ნიშნავს განადგურებას] ჰქვია, ბერძნულად კი — აპოლიონი [ნიშნავს გამანადგურებელს]“ (გამოცხადება 9:11). იესომ, „უფსკრულის ანგელოზმა“ და „გამანადგურებელმა“, მართლაც დამაწყლულებელი ვაი შეჰყარა ქრისტიანულ სამყაროს, მაგრამ ამით ყველაფერი არ დამთავრებულა.
[სქოლიოები]
a იოელის 2:4, 5, 7-ს (სადაც მწერები შედარებული არიან ცხენებთან და ადამიანებთან, და ისეთ ხმას გამოსცემენ, თითქოს ეტლები მიგრიალებენო) შეადარეთ გამოცხადების 9:7—9. იოელის 2:6, 10-ს (სადაც აღწერილია მწერების შემოსევის მწვავე შედეგები) შეადარეთ გამოცხადების 9:2, 5.
b იხილეთ 1961 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკი“, სტატია „განაჩენის ველზე ერების წინააღმდეგ შეკრებილნი“ (ინგლ.).
c ეს მუხლი არ გამოდგება იმის მტკიცებად, რომ თითქოს უფსკრულში ცეცხლი ენთო და უფსკრული შეიძლებოდა, ჯოჯოხეთი ყოფილიყო. იოანე ამბობს, რომ კვამლი „თითქოს“ დიდი ღუმლიდან ამოსულ კვამლს ჰგავდა (გამოცხადება 9:2). იოანე არ ამბობს იმას, რომ უფსკრულში ცეცხლი ენთო.
d აქ გამოყენებული ბერძნული სიტყვის ფუძეა ბასანიზო, რომელიც ზოგჯერ ფიზიკური ტანჯვის აღსაწერად გამოიყენება, თუმცა ეს სიტყვა სულიერ ტანჯვასაც გულისხმობს. მაგალითად, 2 პეტრეს 2:8-ში ვკითხულობთ, რომ „ლოტი იტანჯებოდა“ იმ ბოროტების გამო, რასაც სოდომში ხედავდა. მოციქულების დროს რელიგიური წინამძღოლებიც იტანჯებოდნენ სულიერად, ოღონდ სხვა მიზეზით.
e ამ ჟურნალს 1937 წელს „ნუგეში“ ეწოდა, ხოლო 1946 წელს — „გამოიღვიძეთ!“.
-
-
მეორე ვაი და ცხენოსანი ჯარის იერიშიგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
თავი 23
მეორე ვაი და ცხენოსანი ჯარის იერიში
1. კალიების გათელვის მცდელობის მიუხედავად რა მოხდა და რას მოასწავებს მომდევნო ორი ვაი?
დაწყებული 1919 წლიდან სიმბოლური კალიების შემოსევამ ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოებას მრავალი თავსატეხი გაუჩინა. მათ არაერთხელ სცადეს კალიების გათელვა, მაგრამ კალიები უწინდელზე მეტად გაძლიერდნენ (გამოცხადება 9:7). ამით არ დამთავრებულა ყველაფერი. იოანე მოგვითხრობს: „ერთმა ვაიმ გადაიარა, ორი ვაი კიდევ მოსასვლელია“ (გამოცხადება 9:12). ქრისტიანული სამყაროს დაწყლულება ჯერ არ დასრულებულა.
2. ა) რა ხდება მეექვსე ანგელოზის მიერ საყვირის ჩაბერვის შემდეგ? ბ) რას წარმოადგენს „ოქროს სამსხვერპლოს რქებიდან გამომავალი ხმა“? გ) რატომ არის ნახსენები ოთხი ანგელოზი?
2 საიდან მოდის მეორე ვაი? იოანე ამბობს: «ჩაჰბერა საყვირს მეექვსე ანგელოზმა და გავიგონე ღვთის წინაშე მდგარი ოქროს სამსხვერპლოს რქებიდან გამომავალი ხმა, რომელიც საყვირის მქონე მეექვსე ანგელოზს ეუბნებოდა: „გაათავისუფლე ოთხი ანგელოზი, რომლებიც დიდ მდინარე ევფრატთან არიან შებოჭილნი“ » (გამოცხადება 9:13, 14). ანგელოზების გათავისუფლებას ის ხმა ითხოვს, რომელიც ოქროს სამსხვერპლოს რქებიდან ისმის. ეს სამსხვერპლო სასაკმევლე ოქროს სამსხვერპლოა. იქიდან აღებული საკმეველი, რომელიც ოქროს თასებში ეყარა, მანამდე ორჯერ იყო ნახსენები და ორივეჯერ წმინდათა ლოცვებს უკავშირდებოდა (გამოცხადება 5:8; 8:3, 4). აქედან გამომდინარე, ეს ხმაც დედამიწაზე მყოფი წმინდების ერთობლივ ლოცვებს წარმოადგენს. ისინი გათავისუფლებას ითხოვენ, რათა უფრო აქტიურად იმსახურონ იეჰოვას მაცნეებად. ბერძნული სიტყვა, რომელიც ქართულად ანგელოზად ითარგმნება, ძირითადად მაცნეს ნიშნავს. რატომ არის ნახსენები ოთხი ანგელოზი? ეს სიმბოლური რიცხვი, როგორც ჩანს, იმაზე მეტყველებს, რომ მათი ორგანიზებული მსახურება მთელ დედამიწას მოიცავდა (გამოცხადება 7:1; 20:8).
3. რა გაგებით იყო ოთხი ანგელოზი „დიდ მდინარე ევფრატთან შებოჭილი“?
3 რა გაგებით არიან ანგელოზები „დიდ მდინარე ევფრატთან შებოჭილნი“? ძველ დროს მდინარე ევფრატი იეჰოვას მიერ აბრაამისთვის აღთქმულ მიწას ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა (დაბადება 15:18; მეორე კანონი 11:24). როგორც ჩანს, ანგელოზები შებოჭილნი იყვნენ ღვთისგან ბოძებული მიწის საზღვართან, ანუ დედამიწაზე, და სრულად ვერ ასრულებდნენ იეჰოვას მიერ დავალებულ მსახურებას. ქალაქი ბაბილონი ევფრატის სანაპიროზე იყო გაშენებული. ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის დაცემის შემდეგ ისრაელი 70 წლის განმავლობაში ტყვეობაში იყო „დიდ მდინარე ევფრატთან შებოჭილი“ (ფსალმუნი 137:1). 1919 წელს სულიერი ისრაელიც „შებოჭილი“ იყო და უნუგეშო მდგომარეობაში მყოფი იეჰოვას დახმარებას სთხოვდა.
4. რა ევალება ოთხ ანგელოზს და როგორ ასრულებენ ისინი ამ დავალებას?
4 საბედნიეროდ იოანე ასეთ სურათს ხედავს: „და გათავისუფლდა ოთხი ანგელოზი, რომლებიც მომზადებული იყვნენ იმ საათის, დღის, თვისა და წლისთვის, რათა ადამიანთა მესამედი დაეხოცათ“ (გამოცხადება 9:15). იეჰოვას ყველაფრისთვის თავისი დრო აქვს დადგენილი და ამ დროის შესაბამისად მოქმედებს. ეს მაცნეებიც თავის დროზე თავისუფლდებიან დაკისრებული დავალების შესასრულებლად. წარმოიდგინეთ, როგორ გაახარებდა მათ 1919 წელს ტყვეობიდან გათავისუფლება! მათ არა მარტო უნდა დაეტანჯათ „ადამიანთა მესამედი“, არამედ უნდა დაეხოცათ კიდეც. ეს მოგვაგონებს პირველი ოთხი საყვირით გაცხადებულ წყლულებს, რომლებმაც ზიანი მოუტანეს დედამიწის, ზღვის, ზღვის სულდგმულთა, მდინარეების, წყაროს წყლებისა და ციური მნათობების მესამედს (გამოცხადება 8:7—12). ოთხი ანგელოზი არ ჩერდება. ისინი ხოცავენ „ადამიანთა მესამედს“, ანუ ბოლომდე ამხელენ სულიერად მკვდარ ქრისტიანულ სამყაროს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ყველა ის განაჩენი, რომელიც 1922 წლიდან მოყოლებული დღემდე ცხადდება.
5. როგორ მოჰყვა მეექვსე საყვირის ჩაბერვას ქრისტიანული სამყაროს მხილება 1927 წელს?
5 როგორც აღვნიშნეთ, ზეციერმა ანგელოზმა მეექვსე საყვირს ჩაჰბერა. მეექვსე საყვირის ხმას ტორონტოში (ონტარიო, კანადა) ბიბლიის მკვლევართა მეექვსე საერთაშორისო კონგრესის ჩატარება მოჰყვა. 1927 წლის 24 ივლისს, კვირას, პროგრამა 53 რადიოსადგურის მეშვეობით გადაიცემოდა. ეს იმ დროისთვის ყველაზე მასშტაბური რადიოტრანსლაცია იყო. პროგრამა მილიონობით ადამიანმა მოისმინა. ამ კონგრესზე მიღებულმა მტკიცე რეზოლუციამ ჯერ ამხილა სულიერად მომაკვდავი ქრისტიანული სამყარო, შემდეგ კი ხალხს მოქმედებისკენ მოუწოდა: „ამ დაბნეულობის ჟამს იეჰოვა ღმერთი უბრძანებს ხალხს, სამუდამოდ მიატოვონ ქრისტიანული სამყარო და ყოველგვარი კავშირი გაწყვიტონ მასთან. . . ხალხი მთელი გულითა და ერთგულებით უნდა ემსახუროს იეჰოვა ღმერთს, მის მეფესა და სამეფოს“. რეზოლუციის მიღების შემდეგ ჯ. ფ. რუტერფორდმა ჩვეული ენერგიულობით წარმოთქვა საჯარო მოხსენება „თავისუფლება ხალხთათვის“. ეს მოხსენება ისეთი იყო, როგორც „ცეცხლი, კვამლი და გოგირდი“, რაც იოანემ მოგვიანებით იხილა.
6. როგორ აღწერს იოანე ცხენოსანთა ჯარს?
6 „ცხენოსანი ჯარის რიცხვი იყო ოცი ათასჯერ ათი ათასი. მე გავიგონე მათი რიცხვი. აი, როგორები ვიხილე ცხენები და მათზე მსხდომნი: მათ ცეცხლისფერი, მუქი ლურჯი და გოგირდისფერი ჯავშნები ჰქონდათ; ცხენებს თავები ლომების თავებს მიუგავდათ და პირიდან ცეცხლი, კვამლი და გოგირდი გამოსდიოდათ. ამ სამი წყლულისგან, მათი პირიდან გამომავალი ცეცხლის, კვამლისა და გოგირდისგან, ადამიანთა მესამედი დაიხოცა“ (გამოცხადება 9:16—18).
7, 8. ა) ვისი ხელმძღვანელობით მიქრის ცხენოსანთა ჯარი? ბ) რითი ჰგავს ცხენოსანთა ჯარი კალიების გუნდს?
7 როგორც ჩანს, ეს ცხენოსანი ჯარი ოთხი ანგელოზის ხელმძღვანელობით მიქრის. ეს სანახაობა შიშის მომგვრელი იქნებოდა. რა განცდა დაგეუფლებოდათ, ეს ჯარი თქვენ რომ დაგდევნებოდათ? მათი დანახვაც კი თავზარს დაგცემდათ. ალბათ შენიშნეთ მსგავსება ამ ჯარსა და კალიების გუნდს შორის. კალიები ცხენებს ჰგავდნენ; ეს ჯარიც ცხენოსანთა ჯარია. ერთიც და მეორეც თეოკრატიულ ომში იბრძვის (იგავები 21:31). კალიებს კბილები ლომის კბილებს მიუგავდათ. ცხენოსანთა ცხენებს ლომის თავები აქვთ. ორივე იუდას ტომის გაბედულ ლომს, იესო ქრისტეს, მოგვაგონებს. ის მათი წინამძღოლი, მბრძანებელი და მათთვის მისაბაძი მაგალითია (გამოცხადება 5:5; იგავები 28:1).
8 კალიების მსგავსად ცხენოსანთა ჯარიც იეჰოვას განაჩენის აღსრულებაში მონაწილეობს. კალიები კვამლს ამოჰყვნენ, რაც იმის მომასწავებელი იყო, რომ ქრისტიანულ სამყაროს ვაი და გამანადგურებელი ცეცხლი არ ასცდებოდა. ცხენებს პირიდან ცეცხლი, კვამლი და გოგირდი გამოსდით. კალიების რკინის ჯავშნები იმაზე მეტყველებდა, რომ მათ გულებს სიმართლის სიყვარული იცავდა. ცხენოსნების ჯავშნები წითლად, ლურჯად და ყვითლად არის შეფერილი, რაც ცხენების პირიდან გამოსული ცეცხლით, კვამლითა და გოგირდით წარმოდგენილ სასიკვდილო განაჩენს ნიშნავს (შეადარეთ დაბადების 19:24, 28; ლუკას 17:29, 30). კალიებს მორიელის კუდები ჰქონდათ ხალხის დასატანჯავად. ცხენების კუდები გველებს ჰგავს ხალხის დასახოცად. როგორც ჩანს, კალიების დაწყებული საქმე ცხენოსანმა ჯარმა უფრო მეტი შემართებით უნდა განაგრძოს და ბოლომდე უნდა მიიყვანოს.
9. რას განასახიერებს ცხენოსანთა ჯარი?
9 რას განასახიერებს ცხენოსანთა ჯარი? თავის დროზე იოანეს კლასმა დაიწყო ქრისტიანულ სამყაროზე იეჰოვას განაჩენის გაცხადება. მათ მიცემული ჰქონდათ უფლება „დაეკბინათ“ და „ევნოთ“. აქედან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ იგივე ჯგუფი „დახოცავს“, ანუ გააცხადებს, რომ ქრისტიანული სამყარო თავის სამღვდელოებასთან ერთად სულიერად მკვდარია, უარყოფილია იეჰოვასგან და „გავარვარებულ ღუმელში“ მარადიული განადგურება ელის. დიდი ბაბილონი მთლიანად უნდა მოისპოს (გამოცხადება 9:5, 10; 18:2, 8; მათე 13:41—43). სანამ ის განადგურდება, იოანეს კლასი იყენებს „სულის მახვილს, ანუ ღვთის სიტყვას“, და ამხელს მომაკვდავ ქრისტიანულ სამყაროს. ოთხი ანგელოზი და ცხენოსნები ხელმძღვანელობენ „ადამიანთა მესამედის“ სიმბოლურ ხოცვას (ეფესოელები 6:17; გამოცხადება 9:15, 18). სამეფოს მაუწყებელთა დიდი ლაშქარი უფალ იესო ქრისტეს ხელმძღვანელობით ორგანიზებულად და თეოკრატიული წესრიგით მიემართება საბრძოლველად.
ოცი ათასჯერ ათი ათასი
10. რა გაგებით არის ცხენოსანთა რიცხვი ოცი ათასჯერ ათი ათასი?
10 რა გაგებით არის ცხენოსანთა რიცხვი ოცი ათასჯერ ათი ათასი? ოცი ათასჯერ ათი ათასი 200 მილიონიაa. სასიხარულოა, რომ დღეს სამეფოს მაუწყებელთა რიცხვი მილიონებს აღწევს, თუმცა 200 მილიონზე გაცილებით ნაკლებია. მაგალითად, რიცხვების 10:36-ში მოსე ასეთ სიტყვებს წერს: „დაუბრუნდი, იეჰოვა, ისრაელის უთვალავ ათასებს“ (შეადარეთ დაბადების 24:60). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: „დაუბრუნდი ისრაელის ათობით მილიონს“. მოსეს დროს ისრაელთა რიცხვი ორიდან სამ მილიონამდე იყო. მაშ, რას გულისხმობდა მოსე? მოსე იმას გულისხმობდა, რომ როგორც „ცის ვარსკვლავები და ზღვის ქვიშა“, ისე ისრაელთა რიცხვიც არ დაითვლებოდა (დაბადება 22:17; 1 მატიანე 27:23). მოსემ სიტყვა „უთვალავი“ განუსაზღვრელი რიცხვის საჩვენებლად გამოიყენა.
11. რა ესაჭიროებოდა იოანეს კლასს, რომ მათი რიცხვი თუნდაც სიმბოლური გაგებით ათი ათასჯერ ათი ათასი ყოფილიყო?
11 იოანეს კლასის წარმომადგენლები, რომლებიც დედამიწაზე ცხოვრობენ, რიცხობრივად ათი ათასზე ნაკლები არიან. მაშ, რატომ არიან შედარებული უთვალავ ცხენოსანთან? მათი რიცხვი თუნდაც სიმბოლური გაგებით ათი ათასჯერ ათი ათასი ყოფილიყო, მათ რიგებს სხვები მაინც უნდა შემატებოდნენ. ეს ასეც მოხდა იეჰოვას წყალობით. ვინ შეავსო მათი რიგები?
12, 13. 1918—1935 წლებში მომხდარმა რომელმა მოვლენებმა ცხადყო, ვინ შეემატებოდა ცხებულთა რიგებს?
12 იოანეს კლასი 1918—1922 წლებში ჩაგრულ ადამიანებს სიხარულით ამცნობდა, რომ დღეს მცხოვრები მილიონები არასდროს მოკვდებოდნენ. 1923 წელს ნათელი გახდა, რომ მათეს 25:31—34-ში ნახსენები ცხვრები მარადიულად იცხოვრებდნენ დედამიწაზე ღვთის სამეფოს ხელმძღვანელობით. ამ იმედზე იყო საუბარი ბროშურაში „თავისუფლება ხალხთათვის“, რომელიც 1927 წელს საერთაშორისო კონგრესზე გამოიცა. XX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში გაირკვა, რომ იეჰონადაბის კლასი და ის ადამიანები, რომლებიც ქრისტიანული სამყაროს სავალალო სულიერი მდგომარეობის გამო „ოხრავენ და კვნესიან“, დედამიწაზე მარადიული ცხოვრების მომლოდინე სიმბოლური ცხვრები არიან (ეზეკიელი 9:4; 2 მეფეები 10:15, 16). 1934 წლის 15 აგვისტოს „საგუშაგო კოშკი“ მათ მოუწოდებდა, თანამედროვე „თავშესაფარი ქალაქებისთვის“ შეეფარებინათ თავი: „იეჰონადაბის კლასმა მოისმინა ღვთის საყვირის ხმა, ყურად იღო გაფრთხილება, თავი შეაფარა ღვთის ორგანიზაციას და შეუერთდა ღვთის ხალხს, რომელთა შორისაც მართებს კიდეც დარჩენა“ (რიცხვები 35:6).
13 იეჰონადაბის კლასი 1935 წელს მიწვეული იყო იეჰოვას მოწმეთა კონგრესზე, რომელიც ვაშინგტონში (აშშ) ჩატარდა. პარასკევს, 31 მაისს ჯ. ფ. რუტერფორდმა წარმოთქვა თავისი ცნობილი მოხსენება „უამრავი ხალხი“. მან გამოცხადების 7:9-ში მოხსენიებული უამრავი ხალხი გააიგივა მათეს 25:33-ში მოხსენიებულ ცხვრებთან, დედამიწაზე ცხოვრების მომლოდინე მიძღვნილ მსახურებთან. ამ კონგრესზე 840 ადამიანი მოინათლა, მათი უმეტესობა უამრავი ხალხიდან იყო, რაც მათი რიცხვის ზრდაზე მეტყველებდაb.
14. იბრძვის უამრავი ხალხი სიმბოლურ ცხენოსან ჯართან ერთად, და რა რეზოლუცია მიიღეს 1963 წელს?
14 1922 წელს ცხენოსანი ჯარის მიერ წამოწყებულ შეტევას, რასაც 1927 წელს ტორონტოში ჩატარებულ კონგრესზე განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა, უამრავი ხალხიც შეუერთდა. ისინი ამ შეტევაში ოთხი ანგელოზის, იოანეს ცხებული კლასის ხელმძღვანელობით მონაწილეობდნენ. 1963 წელს მთელ მსოფლიოში ჩატარებულ კონგრესებზე სახელწოდებით „მარადიული სასიხარულო ცნობა“ მათ იოანეს კლასთან ერთად მიიღეს რეზოლუცია. მასში ნათქვამი იყო, რომ მსოფლიოს „არყევს ჯერ არნახული მიწისძვრა; მისი პოლიტიკური სისტემა და ბაბილონური რელიგიაც ძირისძირობამდე შეირყევა“. რეზოლუციაში აგრეთვე აღინიშნა: „ჩვენ კვლავ ყველას განურჩევლად ვაუწყებთ მარადიულ სასიხარულო ცნობას ღვთის სამეფოსა და ღვთის განაჩენის შესახებ. ეს განაჩენი დააწყლულებს ღვთის მტრებს და გაათავისუფლებს იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ, შემოქმედ ღმერთს სულითა და ჭეშმარიტებით სცენ თაყვანი“. ეს რეზოლუცია სიხარულით მიიღო მთელ მსოფლიოში ჩატარებულ 24 კონგრესზე დამსწრე 454 977 დელეგატმა. დელეგატთა 95 პროცენტი უამრავი ხალხის წარმომადგენელი იყო.
15. ა) 2005 წელს იეჰოვას საქმის შემსრულებელთა რამდენ პროცენტს შეადგენდა უამრავი ხალხი? ბ) როგორ ცხადყოფს იესოს ლოცვა უამრავი ხალხისა და იოანეს კლასის ერთიანობას?
15 იმ დროიდან მოყოლებული უამრავი ხალხი იოანეს კლასთან ერთად აწყლულებს ქრისტიანულ სამყაროს, რაც მათ ერთიანობაზე მეტყველებს. 2005 წელს იეჰოვას საქმის შემსრულებელთა 99, 8 პროცენტი უამრავი ხალხი იყო. ისინი მთელი გულით უერთდებიან იოანეს კლასს, რომლისთვისაც იესო იოანეს 17:20, 21-ში ჩაწერილი სიტყვებით ლოცულობდა: „მხოლოდ ამათზე არ გთხოვ, არამედ იმათზეც, ვინც მათი სიტყვით მირწმუნებს, რათა ყველანი ერთნი იყვნენ, როგორც შენ, მამა, ჩემთან ხარ ერთობაში, მე კი — შენთან, რათა ისინიც ერთობაში იყვნენ ჩვენთან და ქვეყნიერებამ ირწმუნოს, რომ შენ გამომგზავნე“. იოანეს ცხებული კლასი იესოს მეთაურობით მიუძღვის გულმოდგინე უამრავ ხალხს, რომლებიც მათთან ერთად მონაწილეობენ ყველაზე გამანადგურებელ შეტევაშიc.
16. ა) როგორ აღწერს იოანე სიმბოლური ცხენების პირებსა და კუდებს? ბ) როგორ ამზადებს იეჰოვა თავის ხალხს? გ) რას ნიშნავს ის, რომ მათი კუდები გველებს ჰგავს?
16 ჯარს საომრად იარაღიც სჭირდება. იეჰოვამ მათ აღჭურვილობაზეც იზრუნა. იოანე მოგვითხრობს: „ცხენებს ძალაუფლება პირებსა და კუდებში ჰქონდათ, მათი კუდები გველებს ჰგავდა, რომელთა თავებსაც ზიანი მოჰქონდათ“ (გამოცხადება 9:19). იეჰოვამ თავის მიძღვნილ, მონათლულ მსახურებს დაავალა ამ საქმის შესრულება. თეოკრატიული სამსახურის სკოლის, კრების სხვა შეხვედრებისა და სხვა სკოლების მეშვეობით ღმერთი ასწავლის მათ სიტყვის ქადაგებას. ამის წყალობით ისინი „სწავლულთა ენით“ დამაჯერებლად საუბრობენ. ღმერთმა მათ ბაგეზე დაუდო თავისი სიტყვა და გაგზავნა თავისი განაჩენის „სახალხოდ და კარდაკარ“ გასაცხადებლად (2 ტიმოთე 4:2; ესაია 50:4; 61:2; იერემია 1:9, 10; საქმეები 20:20). იოანეს კლასი და უამრავი ხალხი კუდებით „კბენენ“ ხალხს, რადგან წლებია, რაც მილიონობით ბიბლიას, წიგნს, ბროშურასა და ჟურნალს ავრცელებენ. მათი მტრებისთვის, რომლებმაც იციან, რა ზიანი ელით იეჰოვასგან, ამ ცხენოსანთა რიცხვი, მართლაც, ოცი ათასჯერ ათი ათასია (შეადარეთ იოელის 2:4—6).
17. უერთდებიან ცხენოსანთა ჯარს იმ ქვეყნებში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები, სადაც მათი საქმიანობა აკრძალულია? ახსენით.
17 ცხენოსანთა ყველაზე გულმოდგინე დანაყოფში ის და-ძმები შედიან, რომლებიც იმ ქვეყნებში მსახურობენ, სადაც იეჰოვას მოწმეების საქმიანობა აკრძალულია. როგორც ცხვრები მგლებში, ისინი „გველივით ფრთხილნი და მტრედივით უწყინარნი“ უნდა იყვნენ. ისინი იეჰოვას ემორჩილებიან, რის გამოც ვერ შეწყვეტენ იმაზე ლაპარაკს, რაც უნახავთ და მოუსმენიათ (მათე 10:16; საქმეები 4:19, 20; 5:28, 29, 32). მათ ძალიან ცოტა აქვთ ან საერთოდ არა აქვთ გასავრცელებელი პუბლიკაციები, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი არ მონაწილეობენ ცხენოსანთა შეტევაში. მათ იეჰოვამ დაუდო ბაგეზე თავისი სიტყვა და ბიბლიური ჭეშმარიტების გაცხადების უფლებით აღჭურვა. ისინი ყველგან დამაჯერებლად ქადაგებენ, ატარებენ ბიბლიის შესწავლებს და მრავალ ადამიანს სიმართლის გზაზე აყენებენ (დანიელი 12:3). შეიძლება ისინი ვერ „კბენენ“ კუდებით, რადგან ვერ ავრცელებენ მამხილებელ პუბლიკაციებს, მაგრამ ტაქტიანად და ფრთხილად ქადაგებენ იეჰოვას მოახლოებული დღის შესახებ და, ამგვარად, სიმბოლურ ცეცხლს, კვამლსა და გოგირდს აფრქვევენ პირიდან.
18. რამდენ ენაზე და რამდენი პუბლიკაციით გაავრცელა ცხენოსანთა ჯარმა დამაწყლულებელი ცნობა?
18 სხვა ქვეყნებში მოწმეები პუბლიკაციებით კვლავაც ამხელენ ქრისტიანული სამყაროს ბაბილონურ სწავლებებსა და საქმეებს და სიმბოლური გაგებით დამსახურებულად აყენებენ ზიანს ქრისტიანულ სამყაროს. თანამედროვე საბეჭდი დანადგარების გამოყენებით ამ უზარმაზარმა ჯარმა 2005 წლამდე, ბოლო 68 წლის განმავლობაში, 450-ზე მეტ ენაზე გაავრცელა მილიონობით ბიბლია, სხვა წიგნი, ჟურნალი და ბროშურა. გავრცელებული პუბლიკაციების რაოდენობა რიცხობრივად ბევრად აღემატება ოცი ათასჯერ ათი ათასს. ცხენოსანმა ჯარმა კუდებით მართლაც მწარედ დაკბინა ხალხი.
19, 20. ა) როგორი გამოხმაურება მოჰყვა დამაწყლულებელ ცნობას იმ ქვეყნებში, რომლებზეც ვერ ახდენს გავლენას ქრისტიანული სამყარო? ბ) როგორ აღგვიწერს იოანე უმეტესობის რეაქციას?
19 იეჰოვას განზრახვით ამ დამაწყლულებელ ცნობას „ადამიანთა მესამედი“ უნდა დაეხოცა. თავდასხმის მთავარ სამიზნეს ქრისტიანული სამყარო წარმოადგენდა, თუმცა ეს ცნობა გასცდა მას და იმ ქვეყნებამდე მიაღწია, სადაც ქრისტიანული სამყაროს თვალთმაქცობა კარგად არის ცნობილი. შედეგად მრავალი, ვინც გახრწნილი ქრისტიანული სამყაროს დაწყლულება დაინახა, იეჰოვას დაუახლოვდა. თავმდაბალი და სათნო ხალხი მზადყოფნით გამოეხმაურა ამ ცნობას იმ ქვეყნებში, რომლებზეც ვერ ახდენს გავლენას ქრისტიანული სამყარო. იოანე ასე აღგვიწერს უმეტესობის რეაქციას: „დანარჩენმა ადამიანებმა კი, რომლებიც ამ წყლულებით არ დახოცილან, არ მოინანიეს თავიანთი ხელის ნამოქმედარი, რათა თაყვანი არ ეცათ დემონებისთვის და ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, ქვისა და ხის კერპებისთვის, რომლებიც ვერ ხედავენ, არ ესმით და ვერ დადიან. არ მოინანიეს მკვლელობები, არც ის, სპირიტიზმს რომ მისდევენ, არც სიძვა და არც ქურდობები“ (გამოცხადება 9:20, 21). მოუნანიებელ ადამიანთა უმრავლესობა არ გამოსწორდება. ვინც ბოროტების გზას არ მიატოვებს, იეჰოვას დიდ დღეს მკაცრ განაჩენს დაიტეხს თავს. „ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“ (იოელი 2:32; ფსალმუნი 145:20; საქმეები 2:20, 21).
20 რაც ახლა განვიხილეთ, მეორე ვაის შედეგია. მაგრამ ამით მეორე ვაი არ დამთავრებულა, რასაც მომდევნო თავები ცხადყოფს.
[სქოლიოები]
a თავის ნაშრომში „კომენტარები გამოცხადებაზე“ ჰენრი ბარკლეი სუეტი ფრაზას „ოცი ათასჯერ ათი ათასი“ ასეთ კომენტარს უკეთებს: „დასახელებული რიცხვის სიმრავლე იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს ფრაზა პირდაპირი მნიშვნელობით არ გავიგოთ. ამას კონტექსტიც ადასტურებს“.
b იხილეთ ამავე წიგნის 119—126-ე გვერდები და „გამართლების“ მესამე ტომი, 83, 84-ე გვერდები (გამოცემულია 1932 წელს, [ინგლ.]).
c კალიებისგან განსხვავებით ცხენოსნებს არ ადგათ „ოქროს გვირგვინები“ (გამოცხადება 9:7). ეს გასაკვირი არ არის, რადგან უამრავი ხალხი, ცხენოსანი ჯარის უდიდესი ნაწილი, არ მოელის ღვთის ზეციერ სამეფოში მეფობას.
-