-
სახელგატეხილი მეძავის გასამართლებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
თავი 33
სახელგატეხილი მეძავის გასამართლება
ხილვა 11 გამოცხადება 17:1—18
თემა: დიდი ბაბილონი ზის ალისფერ მხეცზე, რომელიც საბოლოოდ თავს ესხმის მას და ანადგურებს.
შესრულების დრო: 1919 წლიდან დიდ გასაჭირამდე.
1. რას უჩვენებს იოანეს შვიდი ანგელოზიდან ერთ-ერთი?
იეჰოვას სამართლიანი რისხვის შვიდივე თასი ბოლომდე უნდა გადმოიღვაროს. მეექვსე ანგელოზმა თასი გადმოცალა იქ, სადაც ძველი ბაბილონი მდებარეობდა. ეს დიდი ბაბილონის „დაწყლულებას“ განასახიერებს. ამაზე მეტყველებს იმ მოვლენების დაჩქარება, რომელიც საბოლოო ომს, არმაგედონს უძღვის წინ (გამოცხადება 16:1, 12, 16). როგორც ჩანს, ახლა იგივე ანგელოზი აცხადებს, რატომ და როგორ აღასრულებს იეჰოვა თავის სამართლიან განაჩენს. იოანე გაოგნებული რჩება გაგონილითა და ნანახით: «იმ შვიდი ანგელოზიდან, რომლებსაც შვიდი თასი ჰქონდათ, ერთ-ერთი მოვიდა ჩემთან და მითხრა: „მოდი და გიჩვენებ მრავალ წყალზე მჯდომი დიდი მეძავის სასამართლოს, რომელთანაც მეძაობდნენ დედამიწის მეფეები, დედამიწის მკვიდრნი კი მისი სიძვის ღვინით თვრებოდნენ“ » (გამოცხადება 17:1, 2).
2. რა აჩვენებს, რომ „დიდი მეძავი“: ა) არ არის ძველი რომი? ბ) არ არის დიდი ბიზნესი? გ) მსოფლიო რელიგიას განასახიერებს?
2 „დიდი მეძავი“! რატომ ჰქვია მას ასეთი აღმაშფოთებელი სახელი? ვინ არის ის? ზოგი სიმბოლურ მეძავად ძველ რომს მიიჩნევს. მაგრამ რომი იმპერია იყო, ეს მეძავი კი დედამიწის მეფეებთან მეძაობს; აქედან გამომდინარე, ის რომის მეფეებთანაც იმეძავებდა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ მისი განადგურების შემდეგ „დედამიწის მეფეები“ იგლოვებენ მას. ამიტომ, შეუძლებელია, ის პოლიტიკური ძალა იყოს (გამოცხადება 18:9, 10). მას ქვეყნის ვაჭრები დაიტირებენ, ასე რომ, ის ვერც დიდი ბიზნესის სიმბოლო იქნება (გამოცხადება 18:15, 16). გარდა ამისა, მის შესახებ ვკითხულობთ, რომ ‘სპირიტიზმით შეცდომაში შეჰყავდა ხალხები’ (გამოცხადება 18:23). აქედან ნათლად ჩანს, რომ დიდი მეძავი მსოფლიო რელიგიას განასახიერებს.
3. ა) რატომ უნდა იგულისხმებოდეს „დიდ მეძავში“ უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ რომის კათოლიკური ეკლესია ან მთელი ქრისტიანული სამყარო? ბ) რომელი ბაბილონური სწავლებებია გავრცელებული მრავალ აღმოსავლურ რელიგიასა და ქრისტიანული სამყაროს სექტებში? გ) რა აღიარა რომის კათოლიკური ეკლესიის კარდინალმა ჯონ ჰენრი ნიუმენმა ქრისტიანული სამყაროს მრავალი სწავლების, რიტუალისა და წეს-ჩვეულების შესახებ? (იხილეთ სქოლიო)
3 რა რელიგია იგულისხმება? რომის კათოლიკური ეკლესია, როგორც ამას ზოგიერთი ვარაუდობს? ზოგადად ქრისტიანული სამყარო? არა, ის უფრო მეტს უნდა მოიცავდეს, რადგან ყველა ერი შეჰყავს შეცდომაში. ის არის ცრუ რელიგიური სამყარო. ის რომ მისტიკურ ბაბილონში იღებს დასაბამს, ჩანს მსოფლიოს ყველა რელიგიაში გავრცელებული მრავალი ბაბილონური სწავლებიდან და წეს-ჩვეულებიდან. მაგალითად, მრავალ აღმოსავლურ რელიგიასა და ქრისტიანული სამყაროს სექტებში გავრცელებულია სწავლება უკვდავი სულის, ჯოჯოხეთში ტანჯვისა და სამპიროვანი ღვთის შესახებ. ცრუ რელიგია, რომელიც 4 000 წლის წინათ ძველ ქალაქ ბაბილონში ჩაისახა, თანამედროვე ურჩხულად იქცა, რომელსაც სათანადოდ ეწოდება დიდი ბაბილონიa. რატომ მოიხსენიება ის ასეთი საძულველი სახელით — „დიდი მეძავი“?
4. ა) როგორ მეძაობდა ძველი ისრაელი? ბ) როგორ მეძაობს „დიდი ბაბილონი“?
4 ბაბილონმა (რაც „არევ-დარევას“ ნიშნავს) დიდების მწვერვალს ნაბუქოდონოსორის მეფობის დროს მიაღწია. ბაბილონი იყო რელიგიურ-პოლიტიკური სახელმწიფო, სადაც ათასზე მეტი ტაძარი და სამლოცველო იდგა. ქურუმები დიდი ძალაუფლებით სარგებლობდნენ. მართალია, ბაბილონმა, როგორც მსოფლიო მპყრობელმა, დიდი ხნის წინათ შეწყვიტა არსებობა, მაგრამ დიდი ბაბილონი, როგორც რელიგიური სამყარო, დღემდე არსებობს და თავისი წინამორბედის მსგავსად კვლავაც ცდილობს, გავლენა იქონიოს პოლიტიკური მოვლენების განვითარებაზე. იწონებს ღმერთი რელიგიის ჩარევას პოლიტიკაში? ებრაულ წერილებში ისრაელს მეძავი ეწოდებოდა მაშინ, როცა ის ცრუ თაყვანისმცემლობაში მონაწილეობდა და სხვა ერებთან ამყარებდა კავშირს, ნაცვლად იმისა, რომ იეჰოვას მინდობოდა (იერემია 3:6, 8, 9; ეზეკიელი 16:28—30). „დიდი ბაბილონიც“ მეძაობს. ის არაფერს ერიდება, ოღონდ გავლენა მოახდინოს და იბატონოს დედამიწის მეფეებზე (1 ტიმოთე 4:1).
5. ა) რა უყვარს სამღვდელოებას? ბ) რატომ ეწინააღმდეგება პოპულარობისკენ სწრაფვა იესო ქრისტეს სიტყვებს?
5 დღეს რელიგიური წინამძღოლები მიზანმიმართულად ისწრაფვიან მაღალი თანამდებობის დასაკავებლად; ზოგიერთი ქვეყნის მთავრობაში მათ არცთუ ისე უმნიშვნელო თანამდებობები უკავიათ. 1988 წელს ორი ცნობილი პროტესტანტი მღვდელი შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადგილის მოსაპოვებლად იბრძოდა. „დიდი ბაბილონის“ წინამძღოლებს ყურადღების ცენტრში უყვართ ყოფნა. პრესაში ხშირად ჩნდება ცნობილ პოლიტიკოსებთან ერთად გადაღებული მათი სურათები. იესო უარს აცხადებდა პოლიტიკაში მონაწილეობაზე; მან თავის მოწაფეებზე თქვა: „ისინი არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი“ (იოანე 6:15; 17:16; მათე 4:8—10; იხილეთ აგრეთვე იაკობის 4:4).
თანამედროვე „მეძაობა“
6, 7. ა) როგორ ჩაიგდო ძალაუფლება ხელში ჰიტლერის ნაცისტურმა პარტიამ? ბ) როგორ დაეხმარა ჰიტლერს ვატიკანსა და ნაცისტურ გერმანიას შორის დადებული კონკორდატი მსოფლიო ბატონობისკენ სწრაფვაში?
6 პოლიტიკაში ჩარევით დიდმა მეძავმა ენით აუწერელი ტკივილი მიაყენა კაცობრიობას. მაგალითად, განვიხილოთ ის ფაქტები, რომლებიც გერმანიის სათავეში ჰიტლერის მოსვლას უკავშირდება. ბევრი სიამოვნებით ამოშლიდა ამ ფაქტებს ისტორიის ფურცლებიდან. 1924 წლის მაისში ნაცისტურ პარტიას გერმანიის პარლამენტში 32 ადგილი ჰქონდა, 1928 წლის მაისისთვის ამ ადგილების რაოდენობა 12-მდე შემცირდა. 1930 წელს, როცა მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა მოიცვა, ნაცისტურმა პარტიამ ამით ისარგებლა და ძალები მოიკრიბა. გერმანიაში 1932 წლის ივლისში ჩატარებულ არჩევნებში ნაცისტებმა 608 ადგილიდან 230 ადგილი მოიპოვეს. ამის შემდეგ ფაშისტებს მხარში ამოუდგა ყოფილი კანცლერი, პაპის რაინდის ორდენოსანი ფრანც ფონ პაპენი. ისტორიკოსების აზრით, ფონ პაპენი ახალი წმინდა რომის იმპერიის გამოჩენას ელოდა. მისი კანცლერობის ხანმოკლე პერიოდი წარუმატებელი იყო, და იმის იმედი ჰქონდა, რომ ძალაუფლებას ნაცისტების დახმარებით ჩაიგდებდა ხელში. 1933 წლის იანვრისთვის მისი წყალობით ჰიტლერმა სამრეწველო მაგნატების მხარდაჭერა მოიპოვა. მან ჰიტლერს ბინძური ინტრიგებით მოუმართა ხელი, რათა ის 1933 წლის 30 იანვარს გერმანიის კანცლერი გამხდარიყო. თვითონ ვიცე-კანცლერი გახდა და ჰიტლერმა ის გერმანელი კათოლიკების მხარდაჭერის მოსაპოვებლად გამოიყენა. ძალაუფლების ხელში ჩაგდებიდან ორ თვეში ჰიტლერმა პარლამენტი დაშალა, ოპოზიციის ათასობით ლიდერი საკონცენტრაციო ბანაკებში გაგზავნა და დაუფარავად დაიწყო ებრაელების დევნა.
7 ვატიკანის დაინტერესება ნაციზმით, რომელიც ძალას იკრებდა, აშკარად გამოჩნდა 1933 წლის 20 ივლისს, როცა კარდინალმა პაჩელიმ (მოგვიანებით პაპი პიუს XII) რომში ხელი მოაწერა ვატიკანსა და ნაცისტურ გერმანიას შორის დადებულ კონკორდატს. ფონ პაპენმა, როგორც ჰიტლერის წარმომადგენელმა, ხელი მოაწერა დოკუმენტს და პაჩელიმ მას პაპის მიერ დაწესებული უდიდესი წარჩინების ნიშანი ანუ პიუსის ორდენის დიდი ჯვარი გადასცაb. თავის წიგნში ტიბორ კოევესმა ამის შესახებ დაწერა: „ეს კონკორდატი დიდი გამარჯვება იყო ჰიტლერისთვის. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მან მორალური მხარდაჭერა მიიღო გერმანიის ფარგლებს გარეთ და თანაც ასეთი ძლიერი ძალისგან“ („Satan in Top Hat“). კონკორდატი ვატიკანისგან მოითხოვდა, რომ უარი ეთქვა გერმანიის ცენტრალური კათოლიკური პარტიის მხარდაჭერაზე, ამგვარად, ის აღიარებდა ჰიტლერის „ერთიან სახელმწიფოს“, სადაც მხოლოდ ერთი პარტია იქნებოდაc. კონკორდატის მე-14 სტატიაში ნათქვამი იყო: „არქიეპისკოპოსები, ეპისკოპოსები და სხვა სასულიერო პირები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაინიშნებიან, თუ რაიხის მიერ დანიშნული ოფიციალური პირი დარწმუნდება, რომ კანდიდატი პოლიტიკური თვალსაზრისით არ არის საეჭვო პირი“. 1933 წლის დასასრულისთვის (პაპმა პიუს XI-მ ეს წელი წმინდა წლად გამოაცხადა) ვატიკანის მხარდაჭერა ჰიტლერისთვის მსოფლიო ბატონობისკენ სწრაფვის მთავარი საფუძველი აღმოჩნდა.
8, 9. ა) როგორ შეხვდა ვატიკანი და კათოლიკური ეკლესია სამღვდელოებასთან ერთად ნაცისტურ ტირანიას? ბ) რა განაცხადეს გერმანელმა კათოლიკე ეპისკოპოსებმა მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში? გ) რა გამოიწვია რელიგიისა და პოლიტიკის ურთიერთობამ?
8 თუ არ ჩავთვლით მღვდლებისა და მონაზვნების მცირე ჯგუფს, რომელიც ჰიტლერის სისასტიკის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდა და იტანჯებოდა კიდეც, მთლიანობაში ვატიკანიცა და კათოლიკური ეკლესიაც თავის მრავალრიცხოვან სამღვდელოებასთან ერთად აქტიურად ან პასიურად მხარს უჭერდა ნაცისტურ ტირანიას, რასაც ისინი მსოფლიო კომუნიზმის შეჩერების ერთადერთ საშუალებად მიიჩნევდნენ. ვატიკანში მოკალათებული პაპი პიუს XII უკმაყოფილებას არ გამოთქვამდა ებრაელების გენოციდის, იეჰოვას მოწმეებისა თუ სხვების სასტიკი დევნის გამო. ამის გათვალისწინებით პარადოქსად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ 1987 წელს გერმანიაში ჩასულმა იოანე პავლე II-მ ღირსეულად მოიხსენია ერთი გულწრფელი მღვდელი, რომელიც არ დაეთანხმა ნაცისტურ პოლიტიკას. რას აკეთებდა ათასობით გერმანელი მღვდელი ჰიტლერის სასტიკი რეჟიმის დროს? ამ კითხვას პასუხობს 1939 წლის სექტემბერში, მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში გერმანელი კათოლიკე ეპისკოპოსების მიერ დაწერილი წერილი: „ამ გადამწყვეტ მომენტში ჩვენს კათოლიკე ჯარისკაცებს მოვუწოდებთ, რომ მოიხადონ თავიანთი ვალი, დაემორჩილონ ფიურერს და თავი მიუძღვნან მას. ჩვენ მოვუწოდებთ სამწყსოს, მხურვალედ ილოცონ, რომ ღვთის განგებით წარმატებული იყოს ეს ომი“.
9 კათოლიკების მიერ გამოყენებული ასეთი დიპლომატია კარგად აჩვენებს, როგორ მეძაობდა რელიგია ბოლო 4 000 წლის განმავლობაში, როცა ძალაუფლებისა და უპირატესობის მისაღებად „ეკეკლუცებოდა“ მთავრობას. რელიგიასა და პოლიტიკას შორის ასეთმა კავშირმა დიდად შეუწყო ხელი ომებს, დევნასა და უბედურებას. ადამიანებს სიხარულის დიდი მიზეზი აქვთ, რადგან მალე აღსრულდება იეჰოვას განაჩენი „დიდ მეძავზე“. დაე, მალე აღსრულდეს ის!
მრავალ წყალზე მჯდომი
10. რას წარმოადგენს „მრავალი წყალი“, რისი იმედიც „დიდ ბაბილონს“ აქვს, და რა ემართება ამ „წყლებს“?
10 ძველი ბაბილონი მრავალ წყალზე — მდინარე ევფრატსა და არაერთ არხზე — იყო გაშენებული. ეს წყლები იცავდა მას და მისი სიმდიდრის წყარო იყო, თუმცა ეს წყლები ერთ ღამეში დაშრა (იერემია 50:38; 51:9, 12, 13). „დიდ ბაბილონსაც“ იმის იმედი აქვს, რომ „მრავალი წყალი“ დაიცავს და გაამდიდრებს. ეს სიმბოლური წყლები არიან „ხალხები, ჯგუფები, ერები და ენები“, ანუ მილიარდობით ადამიანი, რომლებზეც ძალაუფლება აქვს „დიდ ბაბილონს“ და რომლებიც მატერიალურად უჭერენ მას მხარს. მაგრამ ეს წყლები შრება და ძველებურად მას აღარ უჭერენ მხარს (გამოცხადება 17:15; შეადარეთ ფსალმუნის 18:4; ესაიას 8:7).
11. ა) როგორ „ათრობდა“ დედამიწას ძველი ბაბილონი? ბ) როგორ „ათრობს“ მთელ დედამიწას „დიდი ბაბილონი“?
11 ძველ ბაბილონს ეწოდებოდა ოქროს თასი იეჰოვას ხელში, „მთელი დედამიწის დამათრობელი“ (იერემია 51:7). ძველი ბაბილონი ძალით ასმევდა მეზობელ ერებს იეჰოვას რისხვას, როცა იპყრობდა და მთვრალ კაცს ამსგავსებდა მათ. ამ გაგებით ის იარაღი იყო იეჰოვას ხელში. „დიდი ბაბილონიც“ დამპყრობელი იყო, რის შედეგადაც მსოფლიო მპყრობელი გახდა; ამ შემთხვევაში, ის არ არის იარაღი ღვთის ხელში. ის ემსახურება „დედამიწის მეფეებს“, რომლებთანაც, რელიგიური თვალსაზრისით მეძაობს. ის აამებს მეფეებს, რადგან თავისი ცრუ მოძღვრებებითა და წეს-ჩვეულებებით ადამიანთა უმეტესობას ანუ „დედამიწის მკვიდრებს“ მთვრალ კაცს ამსგავსებს და მმართველებს უმორჩილებს.
12. ა) როგორ გახდა მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიაში დიდ სისხლისღვრაში დამნაშავე „დიდი ბაბილონის“ ერთ-ერთი ნაწილი? ბ) როგორ იკლო იაპონიაში „დიდი ბაბილონის“ მხარდამჭერმა „წყლებმა“ და რა იყო ამის შედეგი?
12 სინტოისტური იაპონია ამის თვალსაჩინო მაგალითია. სინტოისტური პათოსით აღზრდილი ჯარისკაცისთვის უდიდესი პატივი იყო იმპერატორისთვის, უზენაესი სინტოისტური ღვთაებისთვის, თავის გაწირვა. მეორე მსოფლიო ომის დროს დაახლოებით მილიონ-ნახევარი იაპონელი ჯარისკაცი დაიღუპა; უმეტესობას ტყვედ ჩაბარება ესირცხვილებოდა. იაპონიის დამარცხების შემდეგ იმპერატორ ჰიროჰიტოს თავის ღვთაებრიობაზე უარის თქმა მოუწია. ამის შედეგად „დიდი ბაბილონის“ სინტოისტური ნაწილის მხარდამჭერმა „წყლებმა“ საგრძნობლად იკლო. სამწუხაროდ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც წყნარ ოკეანეში გაჩაღებული ომის დროს სინტოიზმმა ხელი შეუწყო სასტიკ სისხლის ღვრას. ბოლო წლებში სინტოიზმის მოსუსტების შედეგად 200 000-ზე მეტი იაპონელი, რომელთაგან უმეტესობა სინტოისტი და ბუდისტი იყო, უზენაესი უფლის, იეჰოვას მიძღვნილი და მონათლული მსახური გახდა.
მხეცზე მჯდომი მეძავი
13. რა გამაოგნებელ სურათს ხედავს იოანე, როცა ანგელოზს სულის ძალით უდაბნოში გადაჰყავს?
13 კიდევ რას ვიგებთ წინასწარმეტყველებიდან დიდ მეძავსა და მის მომავალზე? იოანე ასეთ ცოცხალ სურათს გვიხატავს: „მან [ანგელოზმა] სულის ძალით გადამიყვანა უდაბნოში და ვიხილე ქალი, რომელიც ღვთისმგმობელი სახელებით სავსე შვიდთავიან და ათრქიან ალისფერ მხეცზე იჯდა“ (გამოცხადება 17:3).
14. რატომ გადაიყვანეს იოანე უდაბნოში?
14 რატომ გადაჰყავს ანგელოზს იოანე უდაბნოში? ადრე ძველი ბაბილონისთვის გამოტანილ განაჩენს „ზღვის უდაბნოსთვის გამოტანილი განაჩენი“ ეწოდა (ესაია 21:1, 9). ეს იმის მაჩვენებელი იყო, რომ წყლების სიუხვის მიუხედავად, ძველი ბაბილონი გაუდაბურდებოდა. იოანე სწორედ იმიტომ გადაჰყავს ანგელოზს უდაბნოში, რომ დაინახოს, რა დაემართება „დიდ ბაბილონს“, რომელიც ძველი ბაბილონივით უნდა გაუდაბურდეს და გახრიოკდეს (გამოცხადება 18:19, 22, 23). იოანე გაოგნებულია ნანახით; ის მარტო მეძავს კი არ ხედავს, არამედ იმასაც, რომ მეძავი შემზარავ მხეცზე ზის.
15. რა სხვაობაა გამოცხადების 13:1-სა და გამოცხადების 17:3-ში მოხსენიებულ მხეცებს შორის?
15 ამ მხეცს შვიდი თავი და ათი რქა აქვს. ეს ის შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცია, რომელიც იოანემ ადრე იხილა? (გამოცხადება 13:1). არა, ამ მხეცებს შორის არის სხვაობა. ეს მხეცი ალისფერია და პირველი მხეცისგან განსხვავებით გვირგვინები არ ადგას. მას არა მარტო შვიდ თავზე აქვს ღვთისმგმობელი სახელები, არამედ ‘სავსეა ღვთისმგმობელი სახელებით’. მიუხედავად ამისა, ამ ორ მხეცს შორის არის საერთო, რასაც შემთხვევითს ვერ ვუწოდებთ.
16. რას წარმოადგენს ალისფერი მხეცი და რა იყო მისი მიზანი?
16 რას განასახიერებს ალისფერი მხეცი? ის უნდა იყოს მხეცის ქანდაკება, რომელიც ინგლის-ამერიკის სიმბოლოდ წარმოდგენილი კრავის რქებიანი მხეცის ხელშეწყობით შეიქმნა. ქანდაკების შექმნის შემდეგ ორრქიან მხეცს ნება მიეცა, მხეცის ქანდაკებისთვის სული ჩაედგა (გამოცხადება 13:14, 15). იოანე ახლა გაცოცხლებულ ქანდაკებას ხედავს. ის განასახიერებს ერთა ლიგას, რომელიც 1920 წელს გააცოცხლა ორრქიანმა მხეცმა. აშშ-ს პრეზიდენტმა, უილსონმა აღნიშნა, რომ ერთა ლიგა იქნებოდა ფორუმი, რომელიც ყველასთვის დაამყარებდა სამართალსა და სამუდამოდ მოსპობდა ომის საშიშროებას. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს ორგანიზაცია აღდგა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახით მოგვევლინა. მისი მიზანი იყო „საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება“.
17. ა) რა გაგებით არის სიმბოლური ალისფერი მხეცი ღვთისმგმობელი სახელებით სავსე? ბ) ვინ ზის ალისფერ მხეცზე? გ) თავიდანვე როგორ თანამშრომლობდა ბაბილონური რელიგია ერთა ლიგასთან და მის მემკვიდრესთან?
17 რა გაგებით არის ეს სიმბოლური მხეცი ღვთისმგმობელი სახელებით სავსე? ადამიანებმა ამ მრავალეროვან კერპს ღვთის სამეფოს ფუნქცია დააკისრეს, რათა აღესრულებინა ის, რასაც ღვთის სიტყვების თანახმად მხოლოდ მისი სამეფო შეძლებდა (დანიელი 2:44; მათე 12:18, 21). ამ ხილვიდან აღსანიშნავია ის, რომ „დიდი ბაბილონი“ ალისფერ მხეცზე ზის. წინასწარმეტყველების თანახმად ბაბილონური რელიგია, განსაკუთრებით კი ქრისტიანული სამყარო, თანამშრომლობს გაეროსთან, ისევე როგორც მის წინამორბედ ერთა ლიგასთან. 1918 წლის 18 დეკემბერს საბჭომ, რომელსაც ამჟამად ეწოდება „ამერიკაში ქრისტეს ეკლესიების ეროვნული საბჭო“, მიიღო დეკლარაცია, რომელშიც ნათქვამი იყო: «ეს ლიგა მხოლოდ პოლიტიკური იარაღი როდია. ის ღვთის სამეფოს განასახიერებს დედამიწაზე. . . ეკლესიას შეუძლია აღასრულოს კეთილი ნება, რის გარეშეც ვერავითარი ერთა ლიგა დიდხანს ვერ იარსებებს. . . ერთა ლიგა დასაბამს სახარებიდან იღებს. როგორც სახარების, ისე ერთა ლიგის მიზანია „მშვიდობა დედამიწაზე და სათნოება კაცთა შორის“ ».
18. როგორ უჭერდა მხარს ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება ერთა ლიგას?
18 ერთ-ერთი გაზეთის 1919 წლის 2 იანვრის გამოცემაში პირველ გვერდზე მოცემული სტატია ასე იყო დასათაურებული: „პაპი მხარს უჭერს უილსონის გეგმას ერთა ლიგის შექმნის თაობაზე“ („San Francisco Chronicle“). 1919 წლის 16 ოქტომბერს შეერთებული შტატების სენატს წარუდგინეს ძირითადი რელიგიების 14 450 წინამძღოლის მიერ ხელმოწერილი პეტიცია, რომლითაც სენატს სთხოვდნენ ვერსალის საზავო ხელშეკრულების რატიფიცირებას, რისი შემადგენელი ნაწილიც ერთა ლიგის წესდება იყო. მართალია, შეერთებული შტატების სენატს ეს ხელშეკრულება არ დაუმტკიცებია, მაგრამ ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება კვლავ ერთა ლიგის მხარდასაჭერად გამოდიოდა. როგორ დაიწყო ფუნქციონირება ერთა ლიგამ? 1920 წლის 15 ნოემბერს შვეიცარიიდან იტყობინებოდნენ: „ერთა ლიგის პირველი ასამბლეის გახსნა დილის თერთმეტ საათზე ჟენევის ყველა ეკლესიის ზარების რეკვამ გვამცნო“.
19. როდის გამოაშკარავდა ალისფერი მხეცის ვინაობა და რა პოზიცია დაიკავა იოანეს კლასმა?
19 მიაგო პატივი ალისფერ მხეცს ქრისტიანულ სამყაროსთან ერთად იოანეს კლასმა, ერთადერთმა ჯგუფმა დედამიწაზე, რომელიც მზადყოფნით ელოდა მესიის სამეფოს? არა. 1919 წელს სიდარ-პოინტში ჩატარებული კონგრესის 7 სექტემბრის ანუ კვირის პროგრამის ნაწილი იყო საჯარო მოხსენება სათაურით „იმედი ტანჯული კაცობრიობისთვის“. მეორე დღეს სანდასკიში გამომავალ ჟურნალში აღინიშნა, რომ ჯ. ფ. რუტერფორდმა დაახლოებით შვიდი ათასი კაცის წინაშე „განაცხადა, რომ ერთა ლიგა ღვთის უკმაყოფილებას დაიმსახურებს. . . რადგან, როგორც კათოლიკურმა, ისე პროტესტანტულმა სამღვდელოებამ, რომელიც თავს ღვთის წარმომადგენლად აცხადებს, უარყო ღვთის განზრახვები, მხარი დაუჭირა ერთა ლიგას და მას დედამიწაზე ქრისტეს სამეფოს განსახიერება უწოდა“ („Star–Journal“).
20. რატომ იყო ღვთის გმობა სამღვდელოების განაცხადი, რომ ერთა ლიგა დედამიწაზე ღვთის სამეფოს წარმოადგენდა?
20 ერთა ლიგის სამარცხვინო წარუმატებლობას სამღვდელოებისთვის უნდა დაენახვებინა, რომ ადამიანთა მიერ შექმნილი ორგანიზაციები არ წარმოადგენს ღვთის სამეფოს დედამიწაზე. ასეთი განაცხადი ხომ აშკარად ღვთის გმობაა. ისე გამოდიოდა, თითქოს ღმერთმა თავისი წვლილი შეიტანა ისეთი დიდი და უხეირო ორგანიზაციის შექმნაში, როგორიც ერთა ლიგა იყო. ღმერთზე ნათქვამია, რომ „სრულყოფილია მისი ნამოქმედარი“. ისევე როგორც ზეცაში, იეჰოვა დედამიწაზე მშვიდობის დასამყარებლად და თავისი ნების შესასრულებლად ათეისტ და კამათის მოყვარულ პოლიტიკოსებს კი არ გამოიყენებს, არამედ ზეციერ სამეფოს, რომელსაც ქრისტე უდგას სათავეში (მეორე კანონი 32:4; მათე 6:10).
21. საიდან ჩანს, რომ დიდი მეძავი მხარს უჭერს ერთა ლიგის მემკვიდრეს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, და იწონებს მას?
21 რა შეიძლება ითქვას ერთა ლიგის მემკვიდრეზე, ანუ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაზე? თავისი არსებობის დასაბამიდან ამ ორგანიზაციას დიდი მეძავი ეჯდა ზურგზე, მასთან აშკარად თანამშრომლობდა და მის მართვასაც კი ცდილობდა. მაგალითად, 1965 წლის ივნისში, გაეროს 20 წლისთავზე, რომის კათოლიკური ეკლესიის, მართმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები, პროტესტანტები, იუდეველები, ინდუსები, ბუდისტები და მუსლიმანები (მაშინდელი მონაცემებით ამ რელიგიების აღმსარებელთა რიცხვი 2 მილიარდს შეადგენდა) შეიკრიბნენ სან-ფრანცისკოში, რათა მხარი დაეჭირათ გაეროსთვის და აღფრთოვანება გამოეხატათ. 1965 წლის ოქტომბერში გაეროში სტუმრობის დროს პაპმა პავლე VI-მ მას „უდიდესი საერთაშორისო ორგანიზაცია“ უწოდა და აღნიშნა: „მთელი მსოფლიო გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შეჰყურებს, როგორც თანხმობისა და მშვიდობის უკანასკნელ იმედს“. პაპმა, იოანე პავლე II-მ კი 1979 წლის ოქტომბერში თავისი ვიზიტის დროს ასე მიმართა გაეროს წარმომადგენლებს: „ვიმედოვნებ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ყოველთვის იქნება მშვიდობისა და სამართლიანობის უმაღლესი ფორუმი“. აღსანიშნავია, რომ პაპს თავის სიტყვაში დიდი ყურადღება არ გაუმახვილებია იესო ქრისტესა და ღვთის სამეფოზე. 1987 წლის სექტემბერში შეერთებულ შტატებში სტუმრობის დროს „იოანე პავლემ დიდხანს ისაუბრა მსოფლიო სოლიდარობის მიღწევაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლზე“ („The New York Times“).
„სახელი, საიდუმლო“
22. ა) როგორი მხეცი აირჩია დიდმა მეძავმა? ბ) როგორ აღწერს იოანე სიმბოლურ მეძავს, ანუ დიდ ბაბილონს?
22 მალე მოციქული იოანე გაიგებს, რომ დიდმა მეძავმა საშიში მხეცი აირჩია. პირველ რიგში იოანე ყურადღებას აპყრობს დიდ ბაბილონს. მართალია, ის მდიდრულად არის მორთული, მაგრამ საზიზღარია. «ქალი შემოსილი იყო ძოწისფერი და ალისფერი ქსოვილით და შემკული იყო ოქროთი, ძვირფასი ქვებითა და მარგალიტებით. ხელში კი თავისი სიძვის სისაძაგლითა და უწმინდურებით სავსე ოქროს სასმისი ეჭირა. შუბლზე ეწერა სახელი, საიდუმლო: „დიდი ბაბილონი, მეძავთა და დედამიწის სისაძაგლეთა დედა“. ვიხილე, რომ ქალი წმინდებისა და იესოს მოწმეების სისხლით იყო დამთვრალი» (გამოცხადება 17:4—6ა).
23. რა არის „დიდი ბაბილონის“ სრული სახელი და რა მნიშვნელობა აქვს მას?
23 როგორც მიღებული იყო ძველ რომში, ამ მეძავსაც შუბლზე აწერია თავისი სახელიd. მას გრძელი სახელი აქვს — „დიდი ბაბილონი, მეძავთა და დედამიწის სისაძაგლეთა დედა“. მაშინ ეს სახელი საიდუმლო იყო, მისი მნიშვნელობა კი — დაფარული. ეს საიდუმლო ღვთის მიერ დანიშნულ დროს აიხსნებოდა. ანგელოზი იოანეს საკმარის ინფორმაციას აწვდის, რაც იეჰოვას დღევანდელ მსახურებს ამ სახელის მნიშვნელობას აგებინებს. ჩვენ ვიცით, რომ „დიდი ბაბილონი“ ცრუ რელიგიას განასახიერებს. ის „მეძავთა დედაა“, რადგან მსოფლიოს ყველა ცრუ რელიგია, მათ შორის ქრისტიანული სამყაროს სექტები, მის ქალიშვილებს ჰგავს. ისინი მას ჰბაძავენ სულიერ მეძაობაში. ის აგრეთვე „სისაძაგლეთა დედაა“ იმ გაგებით, რომ შვა ისეთი საზიზღარი შთამომავლობა, როგორიცაა კერპთაყვანისმცემლობა, სპირიტიზმი, მკითხაობა, ასტროლოგია, ქირომანტია, ადამიანთა მსხვერპლშეწირვა, ტაძრის მეძაობა, ცრუ ღმერთების პატივსაცემი ღრეობა და სხვა უხამსი ჩვეულებები.
24. რატომ არის სათანადოდ აღწერილი „დიდი ბაბილონი“ როგორც „ძოწისფერი და ალისფერი ქსოვილით“ შემოსილი და „ოქროთი, ძვირფასი ქვებითა და მარგალიტებით“ შემკული?
24 „დიდი ბაბილონის“ სამოსი სამეფო ტანსაცმლის ფერისაა — „ძოწისფერი და ალისფერი“; „ოქროთი, ძვირფასი ქვებითა და მარგალიტებით“ არის შემკული. რა სათანადო აღწერილობაა! გავიხსენოთ დიდებული შენობები, იშვიათი ქანდაკებები და ნახატები, ფასდაუდებელი ხატები და სხვა რელიგიური ნივთები, დიდძალი ქონება და ფული, რაც მსოფლიოს რელიგიებმა დააგროვეს. ვატიკანში, ტელეევანგელიზმის იმპერიაში, რომელსაც შეერთებული შტატები უმაგრებს ზურგს, და აღმოსავლეთის ეგზოტიკურ საკულტო ნაგებობებსა თუ ტაძრებში „დიდი ბაბილონი“ აურაცხელ სიმდიდრეს აგროვებდა, თუმცა ზოგჯერ კარგავდა კიდეც.
25. ა) რას განასახიერებს „უწმინდურებით სავსე ოქროს სასმისი“? ბ) რა გაგებით არის სიმბოლური მეძავი მთვრალი?
25 ახლა ვნახოთ, რა უჭირავს მეძავს ხელში. იოანე გაოგნებული დარჩებოდა, როცა დაინახავდა ოქროს სასმისს, მისი „სიძვის სისაძაგლითა და უწმინდურებით სავსეს“. ამ სასმისში ასხია მისი „სიძვის მრისხანების ღვინო“, რითაც ათრობს ის ყველა ერს (გამოცხადება 14:8; 17:4). გარეგნულად თასი მდიდრულია, მაგრამ, რაც მასში ასხია საძაგელი და უწმინდურია (შეადარეთ მათეს 23:25, 26). მასშია ბინძური საქმეები და სიცრუე, რითაც „დიდი მეძავი“ აცდუნებდა ერებს და თავისი გავლენის ქვეშ აქცევდა. უფრო მეტად შემზარავია ის, რომ იოანეს მიერ ნანახი მეძავი ღვთის მსახურთა სისხლით არის მთვრალი. მოგვიანებით მასზე ვკითხულობთ, რომ „მასში იქნა ნაპოვნი წინასწარმეტყველების, წმინდებისა და დედამიწაზე ყოველი მოკლულის სისხლი“ (გამოცხადება 18:24). მართლაც დიდი დანაშაული მიუძღვის სისხლის ღვრაში!
26. რა ცხადყოფს, რომ „დიდ ბაბილონს“ სისხლის ღვრაში მიუძღვის ბრალი?
26 საუკუნეების განმავლობაში ცრუ რელიგიურმა სამყარომ ზღვა სისხლი დაღვარა. მაგალითად, შუა საუკუნეებში იაპონიაში კიოტოს ტაძრები ციხესიმაგრეებად გადააკეთეს და მებრძოლი ბერები, რომლებიც „ბუდას წმინდა სახელს“ უხმობდნენ, მანამ ებრძოდნენ ერთმანეთს, სანამ ქუჩები წითლად არ შეიღება. XX საუკუნეში ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება მხარს უჭერდა თავისი ქვეყნის ჯარს. ამ ბრძოლებს, სულ მცირე, ასი მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 1987 წლის ოქტომბერში შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ნიქსონმა აღნიშნა: „XX საუკუნე ისტორიაში ყველაზე სისხლიანი საუკუნეა. ამ საუკუნის ომებში უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე მანამდე მიმდინარე ყველა ომში“. ამ ომებში მონაწილეობის გამო ღმერთს მსოფლიო რელიგიებისთვის მკაცრი განაჩენი აქვს გამოტანილი; იეჰოვას სძულს „უდანაშაულო სისხლის მღვრელი ხელები“ (იგავები 6:16, 17). ამ ხილვამდე იოანემ სამსხვერპლოდან გაიგონა ღაღადი: „უზენაესო უფალო, წმინდაო და ჭეშმარიტო, როდემდე უნდა იკავებდე თავს გასამართლებისგან და დედამიწის მკვიდრებზე ჩვენი სისხლისთვის შურისძიებისგან?“ (გამოცხადება 6:10). ამ კითხვაზე პასუხი უშუალოდ „დიდ ბაბილონს“, „მეძავთა და დედამიწის სისაძაგლეთა დედას“ შეეხება.
[სქოლიოები]
a განდგომილი ქრისტიანული სამყაროს მრავალი არაქრისტიანული სწავლების, რიტუალისა და წეს-ჩვეულების წარმოშობასთან დაკავშირებით XIX საუკუნეში რომის კათოლიკური ეკლესიის კარდინალმა ჯონ ჰენრი ნიუმენმა თავის ნაშრომში დაწერა: „ტაძრების გამოყენებას, წმინდანების სახელზე აგებას, ზოგჯერ ხის ტოტებით შემკობას; საკმეველს, სალამპრეებს და სანთლებს; გამოსაჯანმრთელებლად შეთქმულის შეწირვას; ნაკურთხ წყალს; თავშესაფრებს, დღესასწაულებსა და განსაკუთრებულ დროებს, კალენდრების გამოყენებას, პროცესიებს, მინდვრების კურთხევას, სამღვდლო სამოსს, ტონზურას, ნიშნობის ბეჭედს, აღმოსავლეთისკენ პირის ქცევას, ბოლო დროს შექმნილ გამოსახულებებს და, შესაძლოა, საეკლესიო გალობას და ლოცვას „უფალო შეგვიწყალე“ წარმართული საწყისი ჰქონდეს, მაგრამ წმინდად არის აღიარებული, რადგან ეკლესიამ ასე დაამკვიდრა“ („Essay on the Development of Christian Doctrine“).
„ყოვლისშემძლე იეჰოვა“ არათუ წმინდად არ აცხადებს ასეთ კერპთაყვანისმცემლობას, არამედ მოუწოდებს ქრისტიანებს: „გამოდით მათგან და გამოეყავით. . . უწმინდურს ნუღარ მიეკარებით“ (2 კორინთელები 6:14—18).
b უილიამ შირერი თავის ისტორიულ ნაშრომში „მესამე რაიხის აღზევება და დაცემა“ აღნიშნავს, რომ ფონ პაპენს „ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის გერმანიის სათავეში ჰიტლერის მოსვლაში“. 1933 წლის იანვარში ყოფილმა კანცლერმა ფონ შლაიხერმა ფონ პაპენის შესახებ აღნიშნა: „ის ისეთი მოღალატეა, რომლის ფონზეც იუდა ისკარიოტელიც კი წმინდანია“.
c 1929 წლის 14 მაისს მონდრაგონის კოლეჯის წინაშე თავის გამოსვალში პაპმა პიუს XI-მ აღნიშნა, რომ მრევლის სულების საკეთილდღეოდ ეშმაკთანაც კი დაიჭერდა საქმეს.
d შეადარეთ რომაელი მწერლის სენეკას სიტყვები, რომლითაც მან ზნედაცემულ ქურუმ ქალს მიმართა (ციტირებულია სუეტის მიერ): „გოგონა, შენ იდექი სახლში, რომელიც ცუდი რეპუტაციით სარგებლობს. . . შუბლზე გეწერა შენი სახელი; ფულს იღებდი სამარცხვინო საქმისთვის“ („Controv. i, 2“).
-
-
სახელგატეხილი მეძავის გასამართლებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
[ჩარჩო 237 გვერდზე]
ჩერჩილი ამხელს მეძაობას
თავის წიგნში უინსტონ ჩერჩილი აღნიშნავს, რომ ჰიტლერის მიერ ვენაში გერმანიის ელჩად ფრანც ფონ პაპენის დანიშვნის მიზანი „ან ავსტრიის წამყვანი პოლიტიკოსების საქმიანობისთვის ძირის გამოთხრა იყო ან მათი გულის მოგება“. ჩერჩილი ციტირებს ავსტრიაში შეერთებული შტატების ელჩის სიტყვებს, რომელმაც ფონ პაპენის შესახებ თქვა: „პაპენმა მოურიდებლად და ცინიკურად მითხრა. . . რომ განზრახული აქვს, კარგი კათოლიკის რეპუტაცია ავსტრიელებზე, კერძოდ, კარდინალ ინიცერზე ზეგავლენის მოსახდენად გამოიყენოს“ („The Gathering Storm“, 1948 წ.).
ავსტრიის კაპიტულაციის შემდეგ, როცა ჰიტლერის მოიერიშე ჯარებმა შეაბიჯეს ვენაში, კათოლიკე კარდინალმა ინიცერმა განკარგულება გასცა, რომ ავსტრიის ყველა ეკლესიაზე სვასტიკიანი დროშები აღემართათ, ზარები დაერეკათ და ადოლფ ჰიტლერის დაბადების დღეს ელოცათ მისთვის.
[ჩარჩო 238 გვერდზე]
ამ სათაურით გამოჩნდა სტატია 1941 წლის 7 დეკემბრის „ნიუ-იორკ ტაიმზის“ პირველ ნომერში:
„საბრძოლო ლოცვა“ რაიხისთვის
«ფულდაში კათოლიკე ეპისკოპოსები კურთხევასა და გამარჯვებას შესთხოვენ ღმერთს. . . გერმანელი კათოლიკე ეპისკოპოსების შეკრებაზე ფულდაში მიიღეს გადაწყვეტილება „საბრძოლო ლოცვის“ შემოღების შესახებ, რომელიც ყოველი ღვთისმსახურების დასაწყისსა და დასასრულს წაიკითხება. ლოცვაში განგებას სთხოვენ, რომ ღმერთმა აკურთხოს და გაამარჯვებინოს გერმანელთა იარაღს და დაიცვას ჯარისკაცთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ეპისკოპოსებმა მითითება მისცეს კათოლიკურ სამღვდელოებას, რომ კვირა დღეს ქადაგებისას, სულ მცირე, თვეში ერთხელ მაინც მოეხსენიებინათ „ხმელეთზე, ზღვაში თუ საჰაერო სივრცეში“ მყოფი გერმანელი ჯარისკაცები».
ეს სტატია ამოვარდა გაზეთის იგივე ნომრებიდან, რომლებიც მოგვიანებით დაიბეჭდა. 1941 წლის 7 დეკემბერს ნაცისტური გერმანიის მოკავშირე იაპონია პერლ-ჰარბორში თავს დაესხა შეერთებული შტატების ფლოტს.
[ჩარჩო 244 გვერდზე]
„ღვთისმგმობელი სახელები“
პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ორრქიანი მხეცის მხარდაჭერით ჩამოყალიბდა ერთა ლიგა. მისი მრავალრიცხოვანი რელიგიური საყვარლები მაშინვე შეეცადნენ, ამ წამოწყებისთვის რელიგიური საფუძველი შეექმნათ. შედეგად ეს ახალი „სამშვიდობო“ ორგანიზაცია „ღვთისმგმობელი სახელებით“ აივსო.
„ქრისტიანობას შეუძლია, აღასრულოს კეთილი ნება, რაც ერთა ლიგის მამოძრავებელი ძალა იქნება, და ამგვარად, ფურცელზე დაწერილი ხელშეკრულება ღვთის სამეფოს იარაღად იქცევა“ („The Christian Century“, აშშ, 1919 წლის 19 ივნისი, გვერდი 15).
«ერთა ლიგის მიზანია ღვთის სამეფოს იდეის ანუ მსოფლიოში კეთილი ნების განხორციელება საერთაშორისო ურთიერთობებში. . . ამაზე ლოცულობს ყველა ქრისტიანი, როცა ამბობს: „მოვიდეს შენი სამეფო“ » („The Christian Century“, აშშ 1919 წლის 25 სექტემბერი, გვერდი 7).
„ერთა ლიგის ერთიანობის საფუძველი ქრისტეს სისხლია“ (დრ. ფრენკ კრეინი, პროტესტანტი მღვდელი, აშშ).
კონგრეგაციონალისტური ეკლესიების „[ეროვნული] საბჭო მხარს უჭერს [ერთა ლიგის] წესდებას, როგორც დღეს არსებულ ერთადერთ პოლიტიკურ საშუალებას. ერთა ლიგის მეშვეობით იესო ქრისტეს სული უფრო აქტიურად იმოქმედებს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე“ („The Congregationalist and Advance“, აშშ, 1919 წლის 6 ნოემბერი, გვერდი 642).
„ამ კონფერენციაზე ყველა მეთოდისტს მოვუწოდებთ, მხარი დაუჭირონ და ხელი შეუწყონ [ერთა ლიგის] იდეების განხორციელებას, რომლებშიც მამა ღმერთისა და ღვთის მიწიერი შვილების იდეა ვლინდება“ („The Wesleyan Methodist Church“, დიდი ბრიტანეთი).
„როცა ვფიქრობთ ამ ხელშეკრულების მიზნებზე, შესაძლებლობებსა და გადაწყვეტილებებზე, ვხედავთ, რომ მათში იესო ქრისტეს სწავლებების არსი დევს — ღვთის სამეფო და მისი სიმართლე. . . — ეს არ არის გაზვიადებული ნათქვამი“ (ჟენევაში ერთა ლიგის ასამბლეის გახსნაზე კენტერბერის არქიეპისკოპოსის ქადაგება; 1922 წლის 3 დეკემბერი).
„ერთა ლიგის ასოციაცია ამ ქვეყანაში ისეთივე წმინდა საქმიანობას ეწევა, როგორსაც ნებისმიერი ჰუმანიტარულ-მისიონერული საზოგადოება. ამჟამად ის ყველაზე ეფექტური ორგანიზაციაა, რომლის საშუალებითაც ქრისტე, როგორც მშვიდობის მთავარი, ერებს უხელმძღვანელებს“ (დრ. ჰარვი, კონგრეგაციონალისტი, დიდი ბრიტანეთი).
[რუკა 236 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
მსოფლიოში გავრცელებული ცრუ სწავლებები დასაბამს ბაბილონიდან იღებს.
ბაბილონი
სამება, ტრიადები
ადამიანის სულის უკვდავება
სპირიტიზმი — საუბარი „მკვდრებთან“
თაყვანისმცემლობაში გამოსახულებების გამოყენება
შელოცვები დემონების დასამშვიდებლად
ძალაუფლების მქონე სამღვდელოების მმართველობა
[სურათები 239 გვერდზე]
ძველი ბაბილონი მრავალ წყალზე „იჯდა“.
„დიდი მეძავი“ დღესაც „მრავალ წყალზე“ ზის.
[სურათი 241 გვერდზე]
„დიდი ბაბილონი“ საშიშ მხეცზე ზის.
[სურათი 242 გვერდზე]
სულიერი გაგებით მეძავი დედამიწის მეფეებთან მეძაობს.
[სურათი 245 გვერდზე]
ქალი „წმინდების სისხლით“ არის მთვრალი.
-
-
საოცარი საიდუმლო იხსნებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
თავი 34
საოცარი საიდუმლო იხსნება
1. ა) რა რეაქცია ჰქონდა იოანეს შემზარავი მხეცისა და დიდი მეძავის დანახვისას, და რატომ? ბ) როგორ რეაგირებს დღეს იოანეს კლასი ამ წინასწარმეტყველური ხილვის შესრულებაზე?
რა რეაქცია ჰქონდა იოანეს შემზარავი მხეცისა და მასზე მჯდომი დიდი მეძავის დანახვისას? იოანე ამბობს: „დავინახე და დიდი გაკვირვებით გამიკვირდა“ (გამოცხადება 17:6ბ). ადამიანს არ შეუძლია ამგვარი სანახაობის წარმოდგენა. იოანე ხედავს გახრწნილ მეძავს უდაბნოში. მეძავი საშინელ, ალისფერ მხეცზე ზის (გამოცხადება 17:3). დღესაც იოანეს კლასი განცვიფრებას ვერ მალავს ამ წინასწარმეტყველური ხილვის შესრულების შემხედვარე. ხალხს ამის დანახვა რომ შეეძლოს, წამოიძახებდა, ეს დაუჯერებელიაო; ვერც მთავრობის წარმომადგენლები დამალავდნენ განცვიფრებას. ეს ხილვა საოცრად სრულდება ჩვენს დროში. ღვთის ხალხს დიდი წვლილი შეაქვს ამ ხილვის შესრულებაში, რაც გვარწმუნებს, რომ ეს წინასწარმეტყველება თავისი აღსრულების კულმინაციას მიაღწევს.
2. ა) რას ეუბნება ანგელოზი იოანეს, როცა მის გაკვირვებას ხედავს? ბ) რა გაუმჟღავნდა იოანეს კლასს და როგორ მოხდა ეს?
2 ანგელოზისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა იოანეს გაკვირვება. იოანე განაგრძობს: «ანგელოზმა კი მითხრა: „რატომ გაგიკვირდა? გეტყვი ამ ქალისა და იმ შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცის საიდუმლოს, რომელიც მას ატარებს“ » (გამოცხადება 17:7). ანგელოზი იოანეს საიდუმლოს განუმარტავს. ის გაოგნებულ იოანეს უხსნის ამ ხილვის სხვადასხვა დეტალს და მოსალოდნელ მოვლენებს. იოანეს კლასს, რომელიც ფხიზლობს და რომლის მსახურებასაც ანგელოზები ხელმძღვანელობენ, გაუმჟღავნდა ამ წინასწარმეტყველების მნიშვნელობა. „განა ღვთისგან არ არის ახსნა?“ — ერთგული იოსების მსგავსად, ჩვენც გვჯერა, რომ ეს ასეა (დაბადება 40:8; შეადარეთ დანიელის 2:29, 30). ღვთის ხალხი თითქოსდა მოვლენების ცენტრში ექცევა, როცა იეჰოვა უხსნის მათ, რა მნიშვნელობა აქვს ამ ხილვას და როგორ იმოქმედებს ის მათზე (ფსალმუნი 25:14). ღმერთმა მათ თავის დროზე გაუმჟღავნა ქალისა და მხეცის საიდუმლო (ფსალმუნი 32:8).
3, 4. ა) რა საჯარო მოხსენება წაიკითხა ნ. ჰ. ნორმა 1942 წელს და როგორ ახსნა ალისფერი მხეცის ვინაობა? ბ) ანგელოზის რომელი სიტყვები განიხილა ნ. ჰ. ნორმა?
3 როცა მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებდა, იეჰოვას მოწმეებმა 1942 წლის 18—20 სექტემბერს შეერთებულ შტატებში ჩაატარეს კონგრესი სახელწოდებით „ახალი ქვეყნიერება“. პროგრამის სატელეფონო ტრანსლაცია კლივლენდიდან (ოჰაიო) 50 ქალაქში მიმდინარეობდა. დამსწრეთა უმაღლესმა რიცხვმა 129 699-ს მიაღწია. ომის მიუხედავად, კონგრესები იმავე პროგრამით ჩატარდა მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც, სადაც ამის შესაძლებლობა იყო. მაშინ იეჰოვას ხალხის უმრავლესობას ეგონა, რომ ომი ღვთის ომში, არმაგედონში გადაიზრდებოდა. ამიტომ, საჯარო მოხსენებამ სათაურით „დიდხანს გასტანს მშვიდობა?“ ყველას ცნობისმოყვარეობა აღუძრა. როგორ უნდა ელაპარაკა საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ახალ პრეზიდენტ ნ. ჰ. ნორს მშვიდობაზე, როცა ხალხს უბედურება ელოდა?a ეს გასაკვირი არ იყო, რადგან იოანეს კლასი ‘განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა’ ღვთის წინასწარმეტყველურ სიტყვას (ებრაელები 2:1; 2 პეტრე 1:19).
4 რა წინასწარმეტყველებას მოჰფინა ნათელი მოხსენებამ „დიდხანს გასტანს მშვიდობა?“ ნ. ჰ. ნორმა ახსნა, რომ გამოცხადების 17:3-ში მოხსენიებული ალისფერი მხეცი ერთა ლიგა იყო. ანგელოზის სიტყვების საფუძველზე მან ისაუბრა, რა ცვალებადი იქნებოდა ამ მხეცის საქმიანობა: „მხეცი, რომელიც იხილე, იყო, არ არის, მაგრამ მალე ამოვა უფსკრულიდან და დასაღუპავად წავა“ (გამოცხადება 17:8ა).
5. ა) რა გაგებით შესრულდა სიტყვები: „მხეცი. . . იყო, არ არის“? ბ) როგორ უპასუხა ნ. ჰ. ნორმა კითხვაზე დარჩებოდა თუ არა ლიგა უფსკრულში?
5 „მხეცი. . . იყო“. მან 1920 წლის 10 იანვრიდან დაიწყო არსებობა როგორც ერთა ლიგამ. ამ ორგანიზაციაში სულ 63 ქვეყანა ერთიანდებოდა, თუმცა დროის სხვადასხვა მონაკვეთში. იაპონიამ, გერმანიამ და იტალიამ დატოვეს ეს ორგანიზაცია, ხოლო ყოფილი საბჭოთა კავშირი გარიცხეს ლიგიდან. 1939 წლის სექტემბერში ნაცისტმა დიქტატორმა მეორე მსოფლიო ომი წამოიწყოb. ერთა ლიგამ ვერ შეძლო მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნება, ამიტომ ის უმოქმედობის უფსკრულში ჩაიძირა. 1942 წელს მას უკვე დაკარგული ჰქონდა თავისი ფუნქცია. არც ადრე და არც გვიან, სწორედ ამ კრიტიკულ დროს გააგებინა იეჰოვამ თავის ხალხს ამ ხილვის სრული მნიშვნელობა. კონგრესზე სახელწოდებით „ახალი ქვეყნიერება“ ნ. ჰ. ნორმა წინასწარმეტყველების საფუძველზე განაცხადა, რომ „მხეცი. . . არ არის“. შემდეგ მან დასვა კითხვა: „დარჩება ლიგა უფსკრულში?“ გამოცხადების 17:8-ის ციტირების შემდეგ მან თქვა: „ერთა ეს გაერთიანება კვლავ გამოჩნდება“. ყველაფერი ასეც მოხდა, რამაც იეჰოვას წინასწარმეტყველური სიტყვის უტყუარობა დაადასტურა.
მხეცი უფსკრულიდან ამოდის
6. ა) როდის ამოვიდა უფსკრულიდან ალისფერი მხეცი და რა იყო მისი ახალი სახელი? ბ) რატომ არის გაერო გაცოცხლებული ალისფერი მხეცი?
6 ალისფერი მხეცი უფსკრულიდან ამოვიდა. 1945 წლის 26 ივნისს სან-ფრანცისკოში (აშშ) 50 სახელმწიფომ დიდი ზარ-ზეიმით დაუჭირა მხარი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებას. ამ ორგანიზაციას ევალებოდა „საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა“. ერთა ლიგას და გაეროს ბევრი რამ ჰქონდათ საერთო. „ენციკლოპედია უორლდ ბუკში“ აღნიშნულია: „გაერო რაღაცით მოგვაგონებს ერთა ლიგას, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა. . . მრავალი სახელმწიფო, რომელმაც გაეროს შექმნაში მიიღო მონაწილეობა, თავის დროზე ლიგის შექმნაშიც მონაწილეობდა. ერთა ლიგის მსგავსად გაეროს შექმნის მიზანი ერებს შორის მშვიდობის შენარჩუნება იყო. გაეროს მთავარი ორგანოები ძალიან ჰგავს ლიგის მთავარ ორგანოებს“. გაერო, ფაქტობრივად, გაცოცხლებული ალისფერი მხეცია. თუკი ლიგაში 63 წევრ-სახელმწიფო იყო, გაეროში ბევრად მეტი სახელმწიფოა გაერთიანებული — დაახლოებით 190; მას უფრო მეტი პასუხისმგებლობა აკისრია, ვიდრე მის წინამორბედს.
7. ა) რა გაგებით განაცვიფრებს დედამიწის მკვიდრთ ალისფერი მხეცის გაცოცხლება? ბ) რას ვერ მიაღწია გაერომ და რა დაიჩივლა მისმა გენერალურმა მდივანმა?
7 თავდაპირველად გაეროზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. ამგვარად შესრულდა ანგელოზის სიტყვები: „იმის დანახვაზე, რომ მხეცი იყო, არ არის, მაგრამ კვლავ იქნება, დედამიწის მკვიდრნი განცვიფრდებიან. მათი სახელები არ ჩაწერილა სიცოცხლის გრაგნილში ქვეყნიერების შექმნიდან“ (გამოცხადება 17:8ბ). დედამიწის მკვიდრნი მოიხიბლნენ ამ ახალი გიგანტური ორგანიზაციით, რომელიც მოქმედებდა ნიუ-იორკში, ისტ-რივერთან მდებარე შთამბეჭდავ მთავარ შტაბ-ბინაში; მაგრამ გაერომ ვერ შეძლო მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარება. XX საუკუნეში საერთაშორისო მშვიდობა ძირითადად „ურთიერთგანადგურების მუქარით“ ნარჩუნდებოდა. გამალებულმა შეიარაღებამ არნახულ მასშტაბებს მიაღწია. 1985 წელს, დაახლოებით 40 წლიანი მცდელობის შემდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ხავიერ პერეს დე კუელიარმა დაიჩივლა: „ჩვენ ვცხოვრობთ ფანატიკოსების ეპოქაში და არ ვიცით, რა ვიღონოთ“.
8, 9. ა) რატომ არ შეუძლია გაეროს მსოფლიო პრობლემების გადაჭრა და რა დაემართება მას მალე ღვთის განზრახვის თანახმად? ბ) რატომ არ არის ჩაწერილი გაეროს შემქმნელთა და მხარდამჭერთა სახელები სიცოცხლის გრაგნილში? გ) რას გააკეთებს იეჰოვას სამეფო?
8 გაეროს არ შეუძლია პრობლემების გადაჭრა. რატომ? გაერო კაცობრიობის შემოქმედს არ შეუქმნია. ის დიდხანს ვერ იარსებებს, რადგან ღვთის განზრახვის თანახმად „დასაღუპავად წავა“. გაეროს ფუძემდებელთა და მხარდამჭერთა სახელები არ იწერება სიცოცხლის გრაგნილში. როგორ შეძლებენ ცოდვილი, მოკვდავი ადამიანები, რომელთა უმრავლესობა არაფრად აგდებს ღვთის სახელს, გაეროს ხელით განახორციელონ ის, რაც იეჰოვა ღმერთმა თავისი სიტყვების თანახმად ქრისტეს სამეფოს მეშვეობით უნდა გააკეთოს, და არა ადამიანების ხელით? (დანიელი 7:27; გამოცხადება 11:15).
9 გაერო ღვთისმგმობელი ორგანიზაციაა, რომელიც ღვთის სამეფოს ადგილს იკავებს. ღვთის სამეფოს სათავეში მშვიდობის მთავარი, იესო ქრისტე უდგას, რომლის ხელმწიფობას ბოლო არ ექნება (ესაია 9:6, 7). გაერომ დროებითაც რომ შეძლოს მშვიდობის დამყარება, ომები მაინც გაჩაღდება. ცოდვილი ადამიანები ამაზე მეტს ვერ შეძლებენ. „მათი სახელები არ ჩაწერილა სიცოცხლის გრაგნილში ქვეყნიერების შექმნიდან“. იეჰოვას სამეფო, რომელსაც ქრისტე ხელმძღვანელობს, მარადიულ მშვიდობას მოიტანს დედამიწაზე; ის იესოს გამოსასყიდის წყალობით ღვთის მეხსიერებაში მყოფ მკვდრებსაც აღადგენს, როგორც მართლებს, ისე უმართლოებს (იოანე 5:28, 29; საქმეები 24:15). მათ შორის იქნებიან ისინიც, ვინც სატანისა და მისი შთამომავლობის წინააღმდეგობის მიუხედავად ერთგული დარჩა და ისინიც, ვინც უნდა დაამტკიცოს მორჩილება. აშკარაა, რომ ღმერთი სიცოცხლის გრაგნილში არასდროს ჩაწერს არც „დიდი ბაბილონის“ ერთგულთა და არც მხეცის თაყვანისმცემელთა სახელებს (გამოსვლა 32:33; ფსალმუნი 86:8—10; იოანე 17:3; გამოცხადება 16:2; 17:5).
მშვიდობისა და უსაფრთხოების ფუჭი იმედი
10, 11. ა) რა განაცხადა გაერომ 1986 წელს და რა გამოხმაურება მოჰყვა ამას? ბ) რამდენი „რელიგიური ოჯახი“ შეიკრიბა ქალაქ ასიზში, რომ მშვიდობისთვის ელოცათ და პასუხობს თუ არა ღმერთი ასეთ ლოცვებს? ახსენით.
10 კაცობრიობის დასაიმედებლად გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 1986 წელი „საერთაშორისო მშვიდობის წლად“ გამოაცხადა. ამ წლის მთავარი თემა იყო „მშვიდობის შენარჩუნება და ადამიანთა მომავლის უზრუნველყოფა“. მებრძოლ სახელმწიფოებს მოუწოდეს, ერთ წელს მაინც არ აეღოთ იარაღი ხელში. რა გამოხმაურება მოჰყვა ამ მოწოდებას? სამშვიდობო პრობლემატიკის შემსწავლელი საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემების თანახმად, ხუთი მილიონი ადამიანი დაიღუპა 1986 წელს მიმდინარე ომებში. მართალია, მონეტები საგანგებოდ მოჭრეს და სამახსოვრო მარკებიც დაბეჭდეს, მაგრამ ერების უმეტესობას იმ წელს მშვიდობის მისაღწევად თითქმის არაფერი გაუკეთებია. მსოფლიო რელიგიები, რომლებიც გაეროსთან ყოველთვის კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობენ, სხვადასხვაგვარად ამახვილებდნენ ყურადღებას ამ წელზე. 1986 წლის 1 იანვარს პაპმა იოანე პავლე II-მ შეაქო გაეროს საქმიანობა და ეს წელი მშვიდობის წლად გამოაცხადა. 27 ოქტომბერს მან ასიზში (იტალია) შეკრიბა მსოფლიო რელიგიების წინამძღოლები, რათა მშვიდობისთვის ელოცათ.
11 პასუხობს ღმერთი ასეთ ლოცვებს? რომელ ღმერთს მიმართავდნენ ლოცვით ეს რელიგიური წინამძღოლები? ამ კითხვებზე ყველა სხვადასხვანაირად გიპასუხებდათ. განა მართლა არსებობს მილიონობით ღმერთი, რომლებიც ისმენენ და პასუხობენ მრავალი ფორმით აღვლენილ ლოცვებს? ამ შეხვედრაზე დამსწრეთაგან მრავალი ქრისტიანული სამყაროს სამებას ეთაყვანებოდაc. ბუდისტები, ინდუსები თუ სხვები უამრავ ღმერთს მიმართავდნენ ლოცვით. სულ თორმეტი „რელიგიური ოჯახის“ წარმომადგენელი შეკრებილიყო, მათ შორის იყვნენ ცნობილი ადამიანები — კენტერბერის არქიეპისკოპოსი (ანგლიკანური ეკლესია), დალაი-ლამა (ბუდიზმი), რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მიტროპოლიტი, ტოკიოს სინტოისტური ტაძრის ასოციაციის პრეზიდენტი, აფრიკელი ანიმისტები და ორი ამერიკელი ინდიელი ბუმბულებით გაწყობილი თავსაბურავებით. თავყრილობა მართლაც მრავალფეროვანი იყო და სატელევიზიო მიმოხილვაც სანახაობრივი გამოვიდა. ერთ-ერთი ჯგუფი 12 საათს განუწყვეტლივ ლოცულობდა (შეადარეთ ლუკას 20:45—47). მაგრამ გასცდა მათი ლოცვები შეკრებილთა თავზე ჩამოწოლილ ღრუბლებს? ქვემოთ მოცემული მიზეზების გამო, არა.
12. რატომ არ პასუხობს ღმერთი რელიგიური წინამძღოლების მიერ მშვიდობისთვის აღვლენილ ლოცვებს?
12 იეჰოვას სახელით მავალთაგან განსხვავებით ამ რელიგიურ წინამძღოლთაგან არც ერთს არ მიუმართავს იეჰოვასთვის, ცოცხალი ღვთისთვის, რომლის სახელიც ბიბლიის დედანში დაახლოებით 7 000-ჯერ არის მოხსენიებული (მიქა 4:5; ესაია 42:8, 12)d. მათ ღვთისთვის იესოს სახელითაც არ მიუმართავთ. მათ უმრავლესობას არც კი სწამს იესო ქრისტე (იოანე 14:13; 15:16). არც ერთი მათგანი არ ასრულებს ღვთის ნებას და არ ქადაგებს, რომ ღვთის მომავალი სამეფოა კაცობრიობის ერთადერთი იმედი და არა გაერო (მათე 7:21—23; 24:14; მარკოზი 13:10). წარმოდგენილი რელიგიური ორგანიზაციების უმეტესობა მონაწილეობდა სისხლისმღვრელ ომებში, მათ შორის XX საუკუნეში მომხდარ ორივე მსოფლიო ომში. ასეთებს ღმერთი ეუბნება: „თუმცა ბევრს ლოცულობთ, არ გისმენთ; ხელები სისხლით გაქვთ სავსე“ (ესაია 1:15; 59:1—3).
13. ა) რით არის აღსანიშნავი ის ფაქტი, რომ ეს რელიგიური წინამძღოლები გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ერთად მოუწოდებენ მსოფლიოს მშვიდობისკენ? ბ) ღვთის წინასწარმეტყველების თანახმად როდემდე ილაპარაკებენ მშვიდობაზე?
13 აღსანიშნავია, რომ ეს რელიგიური წინამძღოლები გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ერთად მსოფლიოს მშვიდობისკენ მოუწოდებენ. მათ სურთ, რომ თავიანთ სასარგებლოდ გავლენა მოახდინონ გაეროზე, და განსაკუთრებით ახლა, როცა ბევრი მათი მიმდევარი ზურგს აქცევს რელიგიას. ისინი ძველი ისრაელის ორგული წინამძღოლების მსგავსად გაიძახიან: „მშვიდობაა, მშვიდობააო! როცა არ არის მშვიდობა“ (იერემია 6:14). უეჭველია, ისინი კვლავ აქტიურად განაგრძობენ მშვიდობაზე ლაპარაკს, სანამ არ დადგება აღსასრული, რის შესახებაც მოციქული პავლე წინასწარმეტყველებდა: „იეჰოვას დღე ზუსტად ისე მოვა, როგორც ღამე ქურდი. როცა ილაპარაკებენ, მშვიდობა და უსაფრთხოებაო, მაშინ დაატყდებათ თავს მოულოდნელი განადგურება, როგორც ორსულ ქალს — მშობიარობის ტკივილები, და თავს ვერ დააღწევენ“ (1 თესალონიკელები 5:2, 3).
14. რა ხასიათი შეიძლება მიიღოს მშვიდობაზე და უსაფრთხოებაზე საუბარმა და რატომ არ უნდა შეგვიყვანოს ამან შეცდომაში?
14 ბოლო წლებში პოლიტიკოსები გამოთქმას „მშვიდობა და უსაფრთხოება“ დასახული მიზნების აღსაწერად იყენებენ. ნიშნავს მსოფლიო პოლიტიკური ლიდერების ასეთი ძალისხმევა იმას, რომ 1 თესალონიკელების 5:3-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება სრულდება? გულისხმობდა პავლე რაღაც განსაკუთრებულ მოვლენას, რომელიც მსოფლიოს ყურადღებას მიიპყრობდა? ხშირად ბიბლიური წინასწარმეტყველებები სრულიად გასაგები მათი შესრულების შემდეგ ან შესრულების დროს ხდება, ამიტომ მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ. ქრისტიანებმა იციან, რომ ერებმა, რომც მიაღწიონ, ერთი შეხედვით, მშვიდობასა და უსაფრთხოებას, სინამდვილეში არაფერი შეიცვლება. ეგოიზმი, სიძულვილი, დამნაშავეობა, ოჯახების ნგრევა, უზნეობა, ავადმყოფობა, მწუხარება და სიკვდილი მაინც იარსებებს. ამგვარად, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე საუბარი არ შეგიყვანთ შეცდომაში, თუ ფხიზლად ადევნებთ თვალს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და ყურად იღებთ ღვთის სიტყვაში ჩაწერილ წინასწარმეტყველურ გაფრთხილებებს (მარკოზი 13:32—37; ლუკა 21:34—36).
[სქოლიოები]
a ჯ. ფ. რუტერფორდი 1942 წლის 8 იანვარს გარდაიცვალა. მის შემდეგ საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პრეზიდენტი ნ. ჰ. ნორი გახდა.
b 1940 წლის 20 ნოემბერს გერმანიამ, იტალიამ, იაპონიამ და უნგრეთმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს „ახალი ერთა ლიგის“ შექმნის თაობაზე. ოთხი დღის შემდეგ ვატიკანიდან ტრანსლაციით გადმოსცემდნენ მესას და ლოცვას მშვიდობისა და ახალი წყობისთვის. „ახალი ლიგის“ შექმნის შესახებ იდეა განუხორციელებელი დარჩა.
c სამების შესახებ სწავლება დასაბამს იღებს ძველი ბაბილონიდან, სადაც თაყვანს სცემდნენ ტრიადას — მზის ღმერთ შამაშს, მთვარის ღმერთ სინს და ვარსკვლავის ქალღმერთ იშთარს. ეგვიპტეში ოსირისს, ისიდასა და ჰოროსს ეთაყვანებოდნენ. ასირიელთა მთავარი ღვთაება ასურის გამოსახულება სამსახიანია. კათოლიკურ ეკლესიებშიც ღვთის სამთავიან გამოსახულებებს ვხვდებით.
d „უებსტერის ახალი საერთაშორისო ლექსიკონის მესამე გამოცემაში“ (1993 წელი) იეჰოვა ღმერთზე ნათქვამია, რომ ის არის „უზენაესი ღვთაება და ერთადერთი ღმერთი, რომელსაც იეჰოვას მოწმეები სცემენ თაყვანს“.
-
-
დიდი ბაბილონის დასჯაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
თავი 35
დიდი ბაბილონის დასჯა
1. როგორ აღწერს ანგელოზი ალისფერ მხეცს და როგორი სიბრძნეა საჭირო „გამოცხადებაში“ მოხსენიებული სიმბოლოების მნიშვნელობის გასაგებად?
ანგელოზი განაგრძობს გამოცხადების 17:3-ში მოხსენიებული ალისფერი მხეცის აღწერას და იოანეს მიმართავს: „აქ საჭიროა ჭკუა და სიბრძნე. შვიდი თავი ნიშნავს შვიდ მთას, რომლებზეც ქალი ზის, და შვიდ მეფეს: ხუთი დაეცა, ერთი არის, სხვა ჯერ კიდევ არ მოსულა, მაგრამ როცა მოვა, ცოტა ხანს დარჩება“ (გამოცხადება 17:9, 10). ანგელოზი ზემოდან მომავალი სიბრძნით საუბრობს, რაც „გამოცხადებაში“ აღწერილი სიმბოლოების მნიშვნელობის გაგების ერთადერთი საშუალებაა (იაკობი 3:17). სწორედ ამ სიბრძნით დაინახეს იოანეს კლასმა და მისმა თანამოაზრეებმა, რა განსაკუთრებულ დროში გვიწევს ცხოვრება. ის მადლიერებას უღვივებს ერთგულ ადამიანებს იეჰოვასადმი, რომელიც სადაცაა აღასრულებს განაჩენს, და ადამიანებს იეჰოვასადმი შიშს უნერგავს. იგავების 9:10-ში ნათქვამია: „იეჰოვას შიში სიბრძნის სათავეა და უწმინდესის შესახებ ცოდნა გაგების უნარს იძლევა“. რას გვიმჟღავნებს ღვთიური სიბრძნე მხეცზე?
2. რას განასახიერებს ალისფერი მხეცის შვიდი თავი და რას ნიშნავს სიტყვები — „ხუთი დაეცა, ერთი არის“?
2 საზარელი მხეცის შვიდი თავი შვიდ „მთას“ ანუ შვიდ „მეფეს“ განასახიერებს. ბიბლიაში ორივე სიტყვა მთავრობებს გულისხმობს (იერემია 51:24, 25; დანიელი 2:34, 35, 44, 45). მასში მოხსენიებულია ექვსი მსოფლიო მპყრობელი, რომლებმაც გავლენა იქონიეს ღვთის ხალხის ისტორიაზე. ესენია: ეგვიპტე, ასურეთი, ბაბილონი, მიდია-სპარსეთი, საბერძნეთი და რომი. როცა იოანემ ეს ხილვები ნახა, ექვსი იმპერიიდან ხუთი უკვე აღარ არსებობდა, რომი კი ჯერ კიდევ ძლიერი მსოფლიო მპყრობელი იყო. ეს ზუსტად შეესაბამება სიტყვებს — „ხუთი დაეცა, ერთი არის“. მაგრამ რომელია ის „სხვა“, რომელიც უნდა მოსულიყო?
3. ა) როგორ გაიყო რომის იმპერია? ბ) რა ხდებოდა დასავლეთში? გ) სინამდვილეში რას წარმოადგენდა საღვთო რომის იმპერია?
3 იოანეს სიკვდილის შემდეგ რომის იმპერია კვლავაც ასობით წლის განმავლობაში აფართოებდა თავის საზღვრებს და განაგრძობდა არსებობას. ახ. წ. 330 წელს იმპერატორმა კონსტანტინემ დედაქალაქი რომიდან ბიზანტიონში გადაიტანა და კონსტანტინოპოლი უწოდა. ახ. წ. 395 წელს რომის იმპერია აღმოსავლეთ და დასავლეთ იმპერიებად გაიყო. ახ. წ. 410 წელს რომი ალარიხმა, ვესტგუთების (გერმანელთა ტომი, რომელმაც არიული „ქრისტიანობა“ ჩამოაყალიბა) მეფემ დაიპყრო. გერმანელთა სხვა ტომებმა, რომლებიც აგრეთვე „ქრისტიანები“ იყვნენ, დაიპყრეს ესპანეთი და რომის იმპერიის უდიდესი ნაწილი ჩრდილოეთ აფრიკაში. ევროპისთვის ეს პოლიტიკური ძვრების, ორომტრიალისა და განახლების საუკუნეები იყო. დასავლეთში გამოჩნდნენ ძლიერი იმპერატორები, რომელთა რიცხვს მიეკუთვნებოდნენ კარლოს დიდი, რომელმაც IX საუკუნეში კავშირი შეკრა პაპ ლეო III-თან, და XIII საუკუნეში მოღვაწე ფრიდრიხ II. საღვთო რომის იმპერიას გაცილებით პატარა ტერიტორია ეკავა, ვიდრე ძველი რომის იმპერიას თავისი აღმავლობის ხანაში. ის განახლებული იმპერია იყო და არა ახალი.
4. რა წარმატებას მიაღწია აღმოსავლეთ რომის იმპერიამ, მაგრამ რა დაემართა ძველი რომის ყოფილ ტერიტორიებს ჩრდილოეთ აფრიკაში, ესპანეთსა და სირიაში?
4 აღმოსავლეთ რომის იმპერიას, რომლის ცენტრსაც კონსტანტინოპოლი წარმოადგენდა, დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა დასავლეთ რომის იმპერიასთან. VI საუკუნეში აღმოსავლეთ იმპერიის იმპერატორმა იუსტინიანე I-მა უკან დაიბრუნა ჩრდილოეთ აფრიკის დიდი ნაწილი და ესპანეთსა და იტალიაში შეიჭრა. VII საუკუნეში იუსტინიანე II-მ იმპერიას ხელახლა შემოუერთა მაკედონიის ის ნაწილი, რომელიც სლავურ ტომებს ჰქონდათ დაპყრობილი. მიუხედავად ამისა, VIII საუკუნისთვის ჩრდილოეთ აფრიკაში, ესპანეთსა და სირიაში ძველი რომის მფლობელობაში არსებული ტერიტორიების უმეტესი ნაწილი ახალი ისლამური იმპერიის ხელში აღმოჩნდა და ამგვარად, როგორც კონსტანტინოპოლს, ისე რომს, ხელიდან გამოეცალა.
5. რატომ დასჭირდა საუკუნეები ახ. წ. 410 წელს დაცემული რომის იმპერიის გავლენის მოსპობას?
5 კონსტანტინოპოლმა კვლავ განაგრძო არსებობა. მან გაუძლო სპარსელების, არაბების, ბულგარებისა და რუსების ხშირ თავდასხმებს, მაგრამ საბოლოოდ, 1203 წელს, ხელში ჩაიგდეს არა მუსლიმანებმა, არამედ დასავლეთიდან მოსულმა ჯვაროსნებმა. 1453 წელს მას ოტომანთა მუსლიმანი სულთანი მეჰმედ II დაეპატრონა და მალე ოტომანთა, იგივე თურქთა იმპერიის დედაქალაქი გახდა. მართალია, რომი ახ. წ. 410 წელს დაეცა, მაგრამ მრავალი საუკუნე დასჭირდა მსოფლიოზე რომის იმპერიის გავლენის მოსპობას. თუმცა ეს გავლენა მას შემდეგაც შეიმჩნეოდა იმ ქვეყნებში, სადაც რომის კათოლიკური ეკლესია და მართლმადიდებლური ეკლესიები ბატონობენ.
6. რომელი ახალი იმპერიები წარმოიშვა და რომელი იყო ყველაზე წარმატებული?
6 რამდენიმე ქვეყანამ XV საუკუნისთვის სრულიად ახალი იმპერიები შექმნა. მართალია, ამ ახალი იმპერიებიდან ზოგიერთი ძველი რომის ყოფილი კოლონიების ადგილზე აღმოცენდა, მაგრამ ისინი რომის იმპერიის მემკვიდრეები არ ყოფილან. დიდი ტერიტორიები დაიკავეს პორტუგალიამ, ესპანეთმა, საფრანგეთმა და ჰოლანდიამ; თუმცა ყველაზე წარმატებული მაინც დიდი ბრიტანეთი აღმოჩნდა, რომელმაც უდიდესი იმპერია შექმნა. დიდი ბრიტანეთის ბატონობის სხვადასხვა პერიოდში მის მფლობელობაში შედიოდა ჩრდილოეთ ამერიკის, აფრიკის, ინდოეთისა და სამხრეთ აზიის უდიდესი მიწები, ასევე წყნარი ოკეანის სამხრეთით მდებარე ტერიტორიები.
7. როგორ ჩამოყალიბდა ორი სახელმწიფოსგან შემდგარი მსოფლიო მპყრობელი, და იოანეს სიტყვების თანახმად, რამდენ ხანს იარსებებდა მეშვიდე „თავი“ ანუ მსოფლიო მპყრობელი?
7 XIX საუკუნისთვის დიდ ბრიტანეთს ჩრდილოეთ ამერიკის რამდენიმე კოლონია გამოეყო, რის შედეგადაც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ამერიკის შეერთებული შტატები ჩამოყალიბდა. დიდ ბრიტანეთსა და მისგან გამოყოფილ ახალჩამოყალიბებულ სახელმწიფოს შორის გარკვეულწილად გრძელდებოდა პოლიტიკური დაპირისპირება. მიუხედავად ამისა, პირველი მსოფლიო ომის დროს ორივე ქვეყანას მოუწია იმის აღიარება, რომ საერთო ინტერესები ამოძრავებდათ, რამაც მათ შორის განსაკუთრებული ურთიერთობა განავითარა. ასე ჩამოყალიბდა ორი სახელმწიფოსგან შემდგარი მსოფლიო მპყრობელი, რომელიც აერთიანებდა დღესდღეობით მსოფლიოში უმდიდრეს ქვეყანას, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს უდიდესი იმპერიის ცენტრს, დიდ ბრიტანეთს. ეს არის მეშვიდე „თავი“ ანუ მსოფლიო მპყრობელი, რომელიც ამ ბოლო დღეებშიც განაგრძობს არსებობას და რომლის ტერიტორიაზეც იეჰოვას მოწმეების საქმიანობას ჩაეყარა საფუძველი. მეექვსე თავისგან განსხვავებით, რომელმაც დიდხანს იარსება, მეშვიდე „ცოტა ხანს დარჩება“, სანამ ღვთის სამეფო არ გაანადგურებს ყველა პოლიტიკურ ძალას.
რატომ ეწოდა მეფეს მერვე?
8, 9. რა უწოდა ანგელოზმა სიმბოლურ ალისფერ მხეცს და როგორ წარმოიშვა ის შვიდი თავიდან?
8 ანგელოზი განაგრძობს: „მხეცი, რომელიც იყო, მაგრამ არ არის, მერვე მეფეა. ის შვიდიდან წარმოიშობა და დასაღუპავად მიდის“ (გამოცხადება 17:11). სიმბოლური ალისფერი მხეცი შვიდი თავიდან წარმოიშობა, ანუ ის თავის არსებობას ‘ზღვიდან ამოსული’ მხეცის თავებს უნდა უმადლოდეს. ეს ალისფერი მხეცი ზღვიდან ამოსული მხეცის ქანდაკებაა. რის საფუძველზე ვამბობთ ამას? 1919 წელს ამ „თავს“ ინგლის-ამერიკა განასახიერებდა, რომელსაც უდიდესი ძალაუფლება ჰქონდა. წინა ექვსი თავი დაეცა და მსოფლიო მპყრობლის ძალაუფლება ამ ორი სახელმწიფოთი წარმოდგენილ თავს გადაეცა. ეს მეშვიდე თავი, როგორც მსოფლიო მპყრობელთა წარმომადგენელი, ერთა ლიგის შექმნის მთავარი ინიციატორი გახდა. ის დღემდე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მთავარი მხარდამჭერი და დამფინანსებელია. ამგვარად, ალისფერი მხეცი ანუ მერვე მეფე, სიმბოლური გაგებით, შვიდი თავიდან წარმოიშვა. ამგვარად სიტყვები „ის შვიდიდან წარმოიშობა“, სრულიად ეთანხმება ადრინდელ ხილვას ბატკნის რქების მსგავსი ორრქიანი მხეცის (ინგლის-ამერიკის მსოფლიო მპყრობლის, მხეცის მეშვიდე თავის) შესახებ, რომელმაც ქანდაკების შექმნას შეუწყო ხელი და სული ჩაუდგა მას (გამოცხადება 13:1, 11, 14, 15).
9 გარდა ამისა, თავდაპირველად ერთა ლიგაში დიდ ბრიტანეთთან ერთად გაწევრიანებული იყვნენ ის ქვეყნები, რომლებიც ერთ დროს მხეცის თავებს წარმოადგენდნენ, კერძოდ, საბერძნეთი, ირანი (სპარსეთი) და იტალია (რომი). საბოლოოდ ის სახელმწიფოები, რომლებიც პირველი ექვსი მსოფლიო მპყრობლის ტერიტორიებზე მმართველობდნენ, მხეცის ქანდაკების მხარდამჭერები გახდნენ. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ალისფერი მხეცი შვიდი მსოფლიო მპყრობლისგან წარმოიშვა.
10. ა) რატომ შეიძლება ითქვას, რომ ალისფერი მხეცი „მერვე მეფეა“? ბ) როგორ დაუჭირა მხარი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთმა ლიდერმა გაეროს?
10 აღსანიშნავია, რომ ალისფერი მხეცი „მერვე მეფეა“. გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მსოფლიო მმართველის სახე მიეცა. ზოგჯერ ის მთავრობის როლს ასრულებს; თავის ჯარებს საერთაშორისო კონფლიქტების მოსაგვარებლად აგზავნის, მაგალითად, კორეაში, სინის ნახევარკუნძულზე, აფრიკის ზოგიერთ ქვეყანასა და ლიბანში, მაგრამ ის მხოლოდ მეფის „გამოსახულებაა“. რელიგიური გამოსახულების მსგავსად, მას თავისთავად არც ძალა ექნებოდა და ვერც გავლენას მოახდენდა ვინმეზე, რომ არა მისი შემქმნელები და თაყვანისმცემლები. დროდადრო ეს სიმბოლური მხეცი სისუსტეს იჩენს, მაგრამ ის არასდროს ყოფილა ისე მიტოვებული, როგორც ერთა ლიგა, რომელიც დიქტატორული ორიენტაციის ქვეყნებმა უფსკრულში ჩააგდეს (გამოცხადება 17:8). 1987 წელს საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ცნობილი ლიდერი რომის პაპების კურსს შეუერთდა და მხარი დაუჭირა გაეროს, თუმცა სხვა საკითხებში სრულიად განსხვავებული შეხედულებები ჰქონდა. მან წამოაყენა იდეა, რომ გაეროს ხელმძღვანელობით შეექმნათ „საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა“. იოანე მალე იგებს, რომ დადგება დრო, როცა გაერო განსაკუთრებული ძალაუფლებით იმოქმედებს. მაშინ მისი ჯერიც დადგება და ‘წავა დასაღუპავად’.
ათი მეფე ერთი საათით იღებს ძალაუფლებას
11. რას ამბობს იეჰოვას ანგელოზი სიმბოლური ალისფერი მხეცის ათ რქაზე?
11 „გამოცხადების“ წინა თავში აღწერილი იყო, როგორ გადმოღვარეს მეექვსე და მეშვიდე ანგელოზებმა ღვთის რისხვის თასები. ჩვენ გავიგეთ, რომ დედამიწის მეფეები ღვთის ომში, არმაგედონში იკრიბებიან და რომ „ღმერთმა გაიხსენა დიდი ბაბილონი“ (გამოცხადება 16:1, 14, 19). ახლა უფრო დაწვრილებით გავიგებთ, როგორ აღასრულებს ღმერთი მათზე განაჩენს. აი რას ეუბნება იეჰოვას ანგელოზი იოანეს: „ათი რქა, შენ რომ იხილე, ათ მეფეს ნიშნავს, რომლებსაც ჯერ არ მიუღიათ სამეფო, მაგრამ ისინი და მხეცი ერთი საათით იღებენ სამეფო ძალაუფლებას. ისინი ერთი აზრისანი არიან და მხეცს აძლევენ თავიანთ ძალასა და ძალაუფლებას. ისინი შეებრძოლებიან კრავს, მაგრამ კრავი სძლევს მათ, რადგან ის არის უფალთა უფალი და მეფეთა მეფე. სძლევენ ისინიც, რომლებიც მასთან არიან — მოწოდებულნი, რჩეულნი და ერთგულნი“ (გამოცხადება 17:12—14).
12. ა) რას წარმოადგენს ათი რქა? ბ) რას ნიშნავს, რომ ათ რქას არ ჰქონდა მიღებული „სამეფო“? გ) რა გაგებით ფლობს სიმბოლური ათი რქა „სამეფოს“ და რამდენ ხანს დარჩება ის მის მფლობელობაში?
12 ათი რქა წარმოადგენს მსოფლიოში გაბატონებულ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომლებიც მხარს უჭერენ მხეცის ქანდაკებას. დღეს არსებული მრავალი სახელმწიფო იოანეს დროს არ არსებობდა; მაშინდელ სახელმწიფოებს კი, მაგალითად, ეგვიპტესა და სპარსეთს (ირანი) დღეს სრულიად განსხვავებული პოლიტიკური სახე აქვთ. I საუკუნეში ათ რქას ჯერ არ ჰქონდა მიღებული სამეფო, ახლა კი, უფლის დღეს, ათი რქის ხელშია „სამეფო“ ანუ პოლიტიკური ძალაუფლება. ამ უდიდესი კოლონიური იმპერიების დაცემის შედეგად, განსაკუთრებით კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მრავალი ახალი სახელმწიფო ჩამოყალიბდა. ეს სახელმწიფოები დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებულ სახელმწიფოებთან ერთად მოკლე პერიოდში, ასე ვთქვათ, „ერთ საათს“ იმმართველებენ მხეცთან ერთად, სანამ იეჰოვა არმაგედონში ბოლოს არ მოუღებს ყველა პოლიტიკურ ძალას.
13. რა გაგებით აქვს ათივე რქას ერთი აზრი და როგორი იქნება მათი დამოკიდებულება კრავისადმი?
13 დღეს ნაციონალიზმი ათი რქის აღმძვრელი უდიდესი ძალაა. ეს რქები „ერთი აზრისანი“ არიან და მათ ღვთის სამეფოს აღიარების ნაცვლად, თავიანთი სუვერენიტეტის შენარჩუნება სურთ. ამ მიზნით ისინი შეუერთდნენ ერთა ლიგას, შემდეგ კი გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, რათა საერთაშორისო მშვიდობა შეენარჩუნებინათ და თვითმყოფადობაც არ დაეკარგათ. მათი კურსი იმაზე მეტყველებს, რომ რქები დაუპირისპირდებიან კრავს, „უფალთა უფალს და მეფეთა მეფეს“, რადგან იეჰოვას განზრახვის თანახმად მისი სამეფო იესო ქრისტეს ხელმძღვანელობით მალე დღეს არსებული ყველა სამეფოს ადგილს დაიკავებს (დანიელი 7:13, 14; მათე 24:30; 25:31—33, 46).
14. როგორ შეებრძოლებიან მსოფლიო მმართველები კრავს და რა მოჰყვება ამას?
14 რა თქმა უნდა, მსოფლიო მმართველები იესოს ვერაფერს დააკლებენ; იესო ზეცაშია და მიუწვდომელია მათთვის. მაგრამ იესოს ძმები, ქალის შთამომავალთაგან ჯერ კიდევ დედამიწაზე მცხოვრებნი, ერთი შეხედვით უმწეონი ჩანან (გამოცხადება 12:17). ბევრი „რქა“ მტრულ დამოკიდებულებას ავლენს მათდამი და ამგვარად ებრძვის კრავს (მათე 25:40, 45). მალე ღვთის სამეფო „ბოლოს მოუღებს ყველა ამ სამეფოს“ (დანიელი 2:44). დედამიწის მეფეები კი ბოლომდე შეებრძოლებიან კრავს. ამ ბრძოლას მალე ვიხილავთ (გამოცხადება 19:11—21). როგორც დავინახეთ, ეს ერები ვერ გაიმარჯვებენ. მართალია, მათ და გაეროს, იგივე ალისფერ მხეცს, „ერთი აზრი“ აქვთ, მაგრამ ისინი ვერ დაამარცხებენ „უფალთა უფალს და მეფეთა მეფეს“, ვერც „მოწოდებულებს, რჩეულებსა და ერთგულებს“, რომლებიც უკვე მასთან არიან და რომელთა რიცხვს ჯერ კიდევ დედამიწაზე მცხოვრები სულით ცხებული მიმდევრებიც მიეკუთვნებიან. ისინიც გაიმარჯვებენ, რადგან უმწიკვლობას შეინარჩუნებენ და პასუხს გასცემენ სატანის ცრუ ბრალდებებს (რომაელები 8:37—39; გამოცხადება 12:10, 11).
მეძავის განადგურება
15. რას ამბობს ანგელოზი მეძავზე, როგორ მოექცევიან მას ათი რქა და მხეცი?
15 ათი რქა მხოლოდ ღვთის ხალხს არ მტრობს. ანგელოზი იოანეს ახლა ისევ მეძავზე უმახვილებს ყურადღებას: «და მეუბნება: „წყლები, რომლებიც იხილე და რომლებზეც მეძავი ზის, ნიშნავს ხალხებს, ჯგუფებს, ერებსა და ენებს. ათი რქა, შენ რომ იხილე, და მხეცი შეიძულებენ მეძავს, ააწიოკებენ მას და გააშიშვლებენ, მის ხორცს შეჭამენ და მას ცეცხლში დაწვავენ“ » (გამოცხადება 17:15, 16).
16. რატომ ვერ დაუჭერენ მხარს დიდ ბაბილონს მისი დამცავი წყლები, როცა მსოფლიო მმართველები თავს დაესხმებიან მას?
16 როგორც ძველი ბაბილონი იყო დაიმედებული დამცავ წყლებზე, ისე დიდი ბაბილონი ამყარებს იმედს თავის უამრავ მიმდევარზე, „ხალხებზე, ჯგუფებზე, ერებსა და ენებზე“. ანგელოზი ტყუილუბრალოდ არ ამახვილებს ჩვენს ყურადღებას ამ „წყლებზე“. მოგვიანებით ის ჰყვება, რა უჩვეულოდ განვითარდება მოვლენები: დედამიწის მმართველები გააფთრებით დაესხმებიან თავს დიდ ბაბილონს. რას გააკეთებენ იმ დროს „ხალხები, ჯგუფები, ერები და ენები“? ღვთის ხალხი უკვე აფრთხილებს დიდ ბაბილონს, რომ დაშრება ევფრატის წყლები (გამოცხადება 16:12). საბოლოოდ მათგან არაფერი დარჩება. „წყლები“ ვერ დაეხმარებიან საზიზღარ ძველ მეძავს მაშინ, როცა მას ყველაზე მეტად გაუჭირდება (ესაია 44:27; იერემია 50:38; 51:36, 37).
17. ა) რატომ ვერ იხსნის დიდ ბაბილონს სიმდიდრე? ბ) რა სამარცხვინო აღსასრული ელის დიდ ბაბილონს? გ) ვინ შეუერთდება ათი რქით წარმოდგენილ ერებს დიდი ბაბილონის განადგურებაში?
17 დიდ ბაბილონს ვერც დიდძალი სიმდიდრე უშველის. შესაძლოა მან კიდეც დააჩქაროს მისი განადგურება. როგორც ხილვიდან ჩანს, როცა მხეცი და ათი რქა დიდ ბაბილონს თავიანთ რისხვას დაანთხევენ, მას სამეფო სამოსელსა და სამკაულებს შემოაძარცვავენ. ისინი გაძარცვავენ მას, გააშიშვლებენ, შეარცხვენენ და სააშკარაოზე გამოიტანენ მის საქმეებს. რა საშინელი აღსასრული ელის ბაბილონს! ეს განადგურება მართლაც სამარცხვინო იქნება. მხეცი და ათი რქა „მის ხორცს შეჭამენ“ და მისგან მხოლოდ ძვალიღა დარჩება, ბოლოს კი „ცეცხლში დაწვავენ“. მას დაწვავენ როგორც ჭირიანს და დამარხვასაც არ აღირსებენ. დიდი მეძავის განადგურებაში ათი რქით წარმოდგენილ ერებთან ერთად მხეცით წარმოდგენილი გაეროც ჩაერევა. ის იქნება ცრუ რელიგიის განადგურების ინიციატორი. გაეროში გაწევრიანებულმა 190-ზე მეტმა ქვეყანამ თავისი მტრული პოზიცია უკვე დააფიქსირა რელიგიების, განსაკუთრებით კი ქრისტიანული სამყაროს მიმართ.
18. ა) რა ცხადყოფს, რომ მოსალოდნელია ერების თავდასხმა „ბაბილონურ“ რელიგიაზე? ბ) რა იქნება დიდ მეძავზე თავდასხმის ძირითადი მიზეზი?
18 რატომ დაესხმებიან ერები თავს თავიანთ ყოფილ საყვარელს ასეთი სისასტიკით? ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ცხადყო, რომ „ბაბილონურ“ რელიგიაზე თავდასხმა მოსალოდნელია. მაგალითად, მთავრობის მხრიდან წინააღმდეგობამ საგრძნობლად შეასუსტა რელიგიის გავლენა საბჭოთა კავშირსა და ჩინეთში. ევროპის პროტესტანტულ ქვეყნებში ფართოდ გავრცელებული გულგრილობისა და უნდობლობის გამო ეკლესიებს დღითი დღე აკლდება მრევლი. ამგვარად, ევროპაში რელიგია, ფაქტობრივად, მკვდარია. კათოლიკურ სამყაროში არსებულ განხეთქილებებსა და დამოუკიდებლობის სულს ვერაფერს შველიან რელიგიური წინამძღოლები. მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, რომ დიდი ბაბილონის საბოლოო და ტოტალური განადგურება დიდი მეძავისთვის გამოტანილი ღვთის უცვლელი განაჩენის აღსრულება იქნება.
ღვთის ჩანაფიქრის განხორციელება
19. ა) როგორ დაემსგავსება იეჰოვას მიერ დიდი მეძავისთვის გამოტანილი განაჩენი ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმისთვის გამოტანილ განაჩენს? ბ) რას განასახიერებს ძვ. წ. 607 წელს გაპარტახებული და გაუდაბურებული იერუსალიმი?
19 როგორ აღასრულებს იეჰოვა თავის განაჩენს? ეს კარგად ჩანს იქიდან, თუ როგორ მოექცა იეჰოვა ძველად თავის განდგომილ ხალხს, რომელზეც თქვა: „საშინელებასა და მრუშობას ვხედავ იერუსალიმის წინასწარმეტყველთა შორის, და ვხედავ, რომ სიცრუით დადიან; ხელს უმართავენ ბოროტმოქმედებს, რომ არ მობრუნდნენ თავიანთი ბოროტებიდან. ჩემთვის სოდომივითაა ყოველი მათგანი, მისი მკვიდრნი კი — გომორასავით“ (იერემია 23:14). ძვ. წ. 607 წელს იეჰოვამ ნაბუქოდონოსორი აღძრა, რომ სულიერი გაგებით მეძავი ქალაქისთვის ‘ტანსაცმელი გაეხადა, წაეღო მისი ლამაზი ნივთები და შიშველ-ტიტველი დაეტოვებინა’ (ეზეკიელი 23:4, 26, 29). ძველი იერუსალიმი თანამედროვე ქრისტიანულ სამყაროს განასახიერებს. იეჰოვა იერუსალიმის მსგავსად დასჯის ქრისტიანულ სამყაროსა და სხვა ცრუ რელიგიებს, რასაც იოანეს ხილვებიც ადასტურებს. ძვ. წ. 607 წელს გაპარტახებული და გაუდაბურებული იერუსალიმი წარმოდგენას გვიქმნის, თუ რას დაემსგავსება სიმდიდრედაკარგული და საჯაროდ შერცხვენილი ქრისტიანული სამყარო. არც დიდი ბაბილონის სხვა რელიგიებს დაადგებათ კარგი დღე.
20. ა) როგორ აჩვენებს იოანე, რომ იეჰოვა განაჩენის აღსასრულებლად ისევ ადამიანთა მმართველებს აღძრავს? ბ) რა არის ღვთის ჩანაფიქრი ანუ „აზრი“? გ) რა „ერთობლივ აზრს“ განახორციელებენ ერები, მაგრამ სინამდვილეში ვისი აზრი იქნება ეს?
20 იეჰოვა კვლავაც ადამიანთა მმართველებს აღძრავს თავისი განაჩენის აღსასრულებლად. „რადგან ღმერთმა მათ გულებში ჩაუდო, რომ განახორციელონ მისი აზრი, თავიანთი ერთობლივი აზრი, მისცენ სამეფო მხეცს, სანამ ღვთის სიტყვები არ შესრულდება“ (გამოცხადება 17:17). რა არის ღვთის ჩანაფიქრი ანუ „აზრი“? ღვთის ჩანაფიქრი ისაა, რომ თავი მოუყაროს დიდი ბაბილონის დამსჯელებს, რათა სრულიად გაანადგურონ ის. რა თქმა უნდა, მმართველებს თავიანთი „ერთობლივი აზრი“ აღძრავს, თავს დაესხან ბაბილონს. ისინი დაასკვნიან, რომ მათ ეროვნულ ინტერესებში შედის დიდ მეძავზე თავდასხმა. მათ შეიძლება ჩათვალონ, რომ რელიგიის არსებობა მათ დამოუკიდებლობას უქმნის საფრთხეს. მაგრამ მოვლენები იეჰოვას ნებისამებრ განვითარდება. ისინი შეასრულებენ იეჰოვას ჩანაფიქრს ანუ „აზრს“ და ერთი დარტყმით გაანადგურებენ ღვთის ძველ მტერს, მეძავ დიდ ბაბილონს (შეადარეთ იერემიას 7:8—11, 34).
21. რას გააკეთებენ ერები, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დიდი ბაბილონი ალისფერმა მხეცმა უნდა გაანადგუროს?
21 ერები ალისფერ მხეცს ანუ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას გაანადგურებინებენ დიდ ბაბილონს, რადგან იეჰოვა ჩაუდებს მათ გულებში ერთობლივი აზრის განხორციელების სურვილს და მხეცისთვის სამეფოს გადაცემის იდეას. როგორც ჩანს, მოვა დრო, როცა ერები საჭიროდ ჩათვლიან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გაძლიერებას. ისინი თითქოს კბილებს ჩაუსვამენ ანუ მთელ თავიანთ ძალასა და ძალაუფლებას მისცემენ მას, რათა წარმატებით გაილაშქროს ცრუ რელიგიის წინააღმდეგ, „სანამ ღვთის სიტყვები არ შესრულდება“. ამგვარად, ძველ მეძავს თავისი საქმეებისამებრ მიეზღვება და საბოლოოდ განადგურდება.
22. ა) რას ადასტურებს ანგელოზის სიტყვები, რომლებიც გამოცხადების 17:18-შია ჩაწერილი? ბ) როგორ ეხმაურებიან იეჰოვას მოწმეები გაცხადებულ საიდუმლოს?
22 იმის დასამტკიცებლად, რომ იეჰოვა მსოფლიო ცრუ რელიგიისთვის გამოტანილ განაჩენს აუცილებლად მოიყვანს სისრულეში, ანგელოზი ასეთ სიტყვებს ამბობს: „ქალი კი, შენ რომ იხილე, დიდ ქალაქს ნიშნავს, რომელიც იმეფებს დედამიწის მეფეებზე“ (გამოცხადება 17:18). როგორც ბელშაცარის დროინდელი ბაბილონი, ისე დიდი ბაბილონიც „სასწორზე“ აიწონა და „მსუბუქი“ აღმოჩნდა (დანიელი 5:27). ის სწრაფად განადგურდება, ერთხელ და სამუდამოდ. როგორ ეხმაურებიან იეჰოვას მოწმეები დიდი მეძავისა და ალისფერი მხეცის შესახებ გაცხადებულ საიდუმლოს? ისინი მთელი გულმოდგინებით აცხადებენ იეჰოვას სასამართლო დღის შესახებ და „მადლიანად“ პასუხობენ ჭეშმარიტების გულწრფელ მაძიებლებს (კოლოსელები 4:5, 6; გამოცხადება 17:3, 7). მომდევნო თავი დაგვანახვებს, რომ დიდი მეძავის განადგურების დროს გადარჩენის მსურველებმა არ უნდა დააყოვნონ, მათ მოქმედება მართებთ.
-