საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „სასიხარულო ცნობები“ აპოკალიფსიდან
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 1 დეკემბერი
    • „სასიხარულო ცნობები“ აპოკალიფსიდან

      «ვიხილე სხვა ანგელოზი, რომელიც ზეცის შუა დაფრინავდა. მას ჰქონდა მარადიული სახარება, დედამიწის მკვიდრთათვის. . . სახარებლად [სასიხარულო ცნობის საუწყებლად“, აქ]» (გამოცხადება 14:6).

      1. თუ იეჰოვას მოწმეებს „აპოკალიფსის“ ღვთივსულიერობა სწამთ, რატომ არ წარმოადგენენ „აპოკალიფსურ სექტას“?

      მათ მიმართ წაყენებული ბრალდებების საწინააღმდეგოდ, იეჰოვას მოოწმეები სრულებითაც არ არიან „აპოკალიფსური სექტის“ ან „განკითხვის დღის სექტების“ წევრები. მაგრამ ისინი „აპოკალიფსს“ ანუ წიგნ „გამოცხადებას“ ღვთის მიერ შთაგონებული სიტყვის ნაწილად აღიარებენ. მართალია, „გამოცხადებაში“ არის სიბოროტის განკითხვის შესახებ ცნობები, მაგრამ ქადაგებისას ღვთის მსახურები ყურადღებას უმთავრესად ბიბლიაში და თავისთავად აპოკალიფსშიც ანუ „გამოცხადებაში“ მოცემულ შესანიშნავ იმედზე ამახვილებენ. ამგვარად, ისინი არც არაფერს უმატებენ და არც არაფერს აკლებენ ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს (გამოცხადება 22:18, 19).

      სასიხარულო ცნობების მაუწყებლები

      2. ქადაგებისას ხშირად რომელ ბიბლიურ ადგილებს იყენებენ იეჰოვას მოწმეები?

      2 იეჰოვას მოწმეებს ქადაგებისას თავიანთი საქმიანობის ბიბლიური საფუძვლის ასახსნელად ხშირად მოჰყავთ იესოს სიტყვები: «ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე [„სამეფოზე“, აქ] მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული» (მათე 24:14). რა ‘სამეფოს შესახებ სახარებაზეა’ აქ საუბარი? იეჰოვას მრავალი მოწმე ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად „გამოცხადების“ მე-20 და 21-ე თავებიდან იმ მუხლებს მოიყვანდა, სადაც ლაპარაკია ქრისტესა და ამ სამეფოში მისი თანამმართველების ათასწლიანი მეფობის შესახებ და ადამიანთა ისეთი საზოგადოების შესახებ, სადაც „აღარ იქნება“ სიკვდილი, გლოვა და ტკივილი (გამოცხადება 20:6; 21:1, 4).

      3. ვის მისიას ეხმაურებიან იეჰოვას მოწმეები თავიანთი მსახურებით?

      3 სასიხარულო ცნობის მაუწყებლები ანუ ასეთი სასიხარულო ამბის გამავრცელებლები, იეჰოვას მოწმეები, მართლაც ზედმიწევნით იმეორებენ სიმბოლური ზეციერი მაცნის ცნობას, რომლის მისია აგრეთვე „გამოცხადებაშია“ აღწერილი. „ვიხილე სხვა ანგელოზი, რომელიც ზეცის შუა დაფრინავდა. მას ჰქონდა მარადიული სახარება, დედამიწის მკვიდრთათვის — ყოველი ერის და ტომის, ენისა და ხალხისათვის სახარებლად“ (გამოცხადება 14:6). ‘მარადიულ სახარებაში’ შედის განაცხადი, რომ „წუთისოფლის სამეფო გახდა ჩვენი უფლისა და მისი ქრისტესი“; აგრეთვე ის, რომ მოვიდა იეჰოვას მიერ დანიშნული „ჟამი“, ‘რათა მოსპოს დედამიწის მომსპობნი’ (გამოცხადება 11:15, 17, 18). განა ეს ნამდვილად სახარებელი ცნობა არ არის?

      რას გვეუბნება „გამოცხადება“

      4. ა) რა ძირითადი ჭეშმარიტებებია მოცემული „გამოცხადების“ პირველ თავში? ბ) რა მოითხოვება მათგან, ვისაც სასიხარულო ცნობიდან სარგებლობის მიღება სურს?

      4 გამოცხადების პირველ თავში იეჰოვა წარმოდგენილია როგორც „ალფა და ომეგა . . . ის ვინც არის, და ვინც იყო და ვინც მოდის, ყოვლისმპყრობელი“ (აფ), ხოლო მისი ძე, იესო ქრისტე, როგორც ‘სარწმუნო მოწმე (სსგ), პირმშო მკვდართაგან და მიწიერ მეფეთა მთავარი’. ეს თავი აგრეთვე მოიხსენიებს იესოს, როგორც „მას, რომელმაც შეგვიყვარა და საკუთარი სისხლით გვიხსნა ჩვენი ცოდვებისაგან“ (გამოცხადება 1:5, 8). ამგვარად, დასაწყისიდანვე „გამოცხადება“ სიცოცხლის მხსნელ ძირითად ჭეშმარიტებებზე მოგვითხრობს. ‘დედამიწის მკვიდრნი’ ვერავითარ სარგებლობას ვერ მიიღებენ მათთვის მიწოდებული სახარებიდან, ანუ სასიხარულო ცნობიდან, თუ არ აღიარებენ იეჰოვას უზენაესობას, რწმენას არ გამოავლენენ იესოს მიერ დაღვრილი სისხლის მიმართ, არ ირწმუნებენ, რომ იეჰოვამ აღადგინა ის და რომ დღეს ქრისტე ღვთის მიერ დედამიწის მმართველად დანიშნული მეფეა (ფსალმუნი 2:6—8).

      5. რა როლში არის წარმოდგენილი ქრისტე „გამოცხადების“ მე-2 და მე-3 თავებში?

      5 მომდევნო ორ თავში ქრისტე იესო აღწერილია როგორც დედამიწაზე მცხოვრებ მოწაფეთაგან შემდგარი კრების მოსიყვარულე ზეციერი ზედამხედველი. წიგნში, რომელიც ახ. წ. I საუკუნეში მცირე აზიის ქრისტიანული კრებებიდან არჩეული შვიდი კრებისთვის იყო გაგზავნილი, მოცემულია გამამხნევებელი და განმამტკიცებელი რჩევები, რომლებიც დღესაც გამოსადეგია. კრებებისადმი გაგზავნილი ცნობა ჩვეულებრივ ასე იწყება: „ვიცი შენი საქმეები“ ან „ვიცი შენი გასაჭირი“ (გამოცხადება 2:2, 9). დიახ, ქრისტემ ზუსტად იცოდა, თუ რა ხდებოდა თავისი მოწაფეების კრებებში. მან შეაქო ზოგი, მათ მიერ გამოვლენილი სიყვარულისთვის, რწმენისა და მსახურებაში გაწეული შრომისთვის, მოთმინებისა და მისი სახელისა და სიტყვისადმი ერთგულებისთვის. სხვებს კი შენიშვნა მისცა იეჰოვასა და მისი ძისადმი სიყვარულის გაცივების ან სექსუალური უზნეობის, კერპთაყვანისმცემლობისა და სექტანტური განდგომილების გამო.

      6. რის დანახვაში ეხმარება ხალხს მე-4 თავში მოცემული ხილვა?

      6 მე-4 თავში მოცემულია მოკრძალების ჩამნერგავი ხილვა. მოციქულმა იეჰოვა ღმერთის ზეციერი ტახტი იხილა. ის საშუალებას გვაძლევს, თვალი შევავლოთ იეჰოვას დიდებასა და მისი ზეციერი მმართველობის სტრუქტურას. გვირგვინოსანი მმართველები, რომელთა ტახტები სამყაროში ყველაზე აღზევებული ტახტის გარშემოა, იეჰოვას მიაგებენ პატივს და ამბობენ: „შენ ღირსი ხარ, უფალო და ღმერთო ჩვენო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძალა, ვინაიდან შენ შექმენი ყოველივე და შენი ნებით იყვნენ და შეიქმნენ“ (გამოცხადება 4:11).

      7. ა) რისკენ მოუხმობს ანგელოზი დედამიწის მკვიდრთ? ბ) რა არის ჩვენი საგანმანათლებლო საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი?

      7 ნიშნავს ეს რამეს ხალხისთვის დღეს? რა თქმა უნდა. თუ მათ ათასწლიანი მეფობის დროს ცხოვრება სურთ, ყურად უნდა იღონ იმ ‘ანგელოზის’ განაცხადი, რომელიც ‘ზეცის შუა დაფრინავს’: „გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, ვინაიდან დადგა მისი სამსჯავროს ჟამი“ (გამოცხადება 14:6, 7). იეჰოვას მოწმეების ბიბლიურ-საგანმანათლებლო საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია, დაეხმარონ ‘დედამიწის მკვიდრთ’ იეჰოვას გაცნობასა და თაყვანისცემაში, იმის აღიარებაში, რომ ის არის ყოვლისშემოქმედი და ნებაყოფლობით დაემორჩილონ მის სამართლიან უზენაესობას.

      პატივისცემის ღირსი კრავი

      8. ა) როგორ არის ქრისტე აღწერილი მე-5 და მე-6 თავებში? ბ) რის სწავლა შეუძლიათ ამ ხილვიდან სასიხარულო ცნობის მომსმენთ?

      8 მომდევნო ორი თავი, მე-5 და მე-6, იესო ქრისტეს წარმოგვიდგენს კრავად, რომელმაც დაიმსახურა შვიდბეჭდიანი გრაგნილის გახსნა და ამგვარად სიმბოლური ენით გაგვიცხადა ინფორმაცია იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც ჩვენს დღეებში ხდება (შეადარეთ იოანე 1:29). ამ სიმბოლურ კრავს ზეციდან ხმები ეუბნება: „შენ ღირსი ხარ, აიღო წიგნი და ახსნა მისი ბეჭდები, ვინაიდან შენ დაიკალი და შენი სისხლით გამოგვისყიდე ღვთისათვის ყოველი ტომისა და ენისაგან, ხალხისა და ერისაგან. და შეუქმენი ისინი ჩვენს ღმერთს სამეფოდ და მღვდლებად, და იმეფებენ დედამიწაზე“ (გამოცხადება 5:9, 10). ეს ხილვა გვასწავლის, რომ დაღვრილი სისხლის საფუძველზე ქრისტე ნებისმიერი წარმოშობის ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს თავისთან, ზეცაში მოუხმობს, რათა ‘იმეფონ დედამიწაზე’ (შეადარეთ გამოცხადება 1:5, 6). მათი რიცხვი განსაზღვრულია და „გამოცხადებაში“ მოგვიანებით არის მოხსენიებული.

      9. როგორ არის წარმოდგენილი ქრისტე მე-6 თავში?

      9 სხვა ხილვაში ქრისტე თეთრ ცხენზე მჯდარ გვირგვინოსან მხედრად არის წარმოდგენილი, რომელიც „გამოვიდა გამარჯვებული და რათა გაიმარჯვოს“. საბედნიეროდ, ის აღმოფხვრის იმ საშინელ შედეგებს, რომლებიც აპოკალიფსის სხვა სამმა სიმბოლურმა მხედარმა გამოიწვია და რომელთა დაუნდობელ თარეშს გარდამტეხი 1914 წლიდან ომი, შიმშილი და სიკვდილი მოჰყვა (გამოცხადება 6:1—8). კაცობრიობის ხსნასა და იეჰოვას შესანიშნავი განზრახვების ბოლომდე მიყვანაში ქრისტეს, ღვთის კრავის, უნიკალური როლის შესახებ სწავლება იეჰოვას მოწმეების ბიბლიური სწავლების ძირითადი ნაწილია.

      10. ა) რა მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის მე-7 თავი? ბ) რას ამბობდა ქრისტე ზეციერი სამეფოს თანამემკვიდრეებზე?

      10 მე-7 თავი მართლაც სასიხარულო ცნობას გვამცნობს. მხოლოდ „გამოცხადების“ წიგნიდან შეგვიძლია გავიგოთ, თუ რამდენი პიროვნება შეადგენს იესოს მიერ ‘მცირე სამწყსოდ’ წოდებულ ჯგუფს, რომელსაც კრავის მამა აძლევს სამეფოს (ლუკა 12:32; 22:28—30). ესენი იეჰოვა ღმერთმა დაბეჭდა თავისი სულიწმიდით (2 კორინთელთა 1:21, 22). მოციქული იოანე, რომელმაც მიიღო „გამოცხადება“, ამოწმებს: „მომესმა ბეჭედდასმულთა რიცხვი: ას ორმოცდაოთხი ათასი“ (გამოცხადება 7:4). ეს ზუსტი რიცხვი დადასტურებულია ცოტა ქვემოთ, სადაც ‘ადამიანებისგან გამოსყიდულების’ სრული რიცხვია მოცემული და აღნიშნულია, რომ ისინი ზეციერი სიონის მთაზე კრავთან ერთად იმეფებენ (გამოცხადება 14:1—4, „ახალი აღთქმა და ფსალმუნები“, 1990). საინტერესოა, რომ მაშინ, როცა ამ რიცხვთან დაკავშირებით ქრისტიანული სამყაროს ეკლესიების მიერ მოყვანილი ახნა-განმარტებები ბუნდოვანი და დამაჯერებლობას მოკლებულია, ბიბლეისტი ე. ბულინგერი, ამბობს: „ეს არის ფაქტის უბრალო კონსტატაცია — ამავე თავში მოცემული განუსაზღვრელი რიცხვისგან განსხვავებით, ეს რიცხვი არის განსაზღვრული“.

      11. ა) რა სასიხარულო ცნობაა მოცემული მე-7 თავში? ბ) რა მომავალი ელის ‘უამრავ ხალხს’?

      11 რომელ განუსაზღვრელ რიცხვზე ლაპარაკობს ბულინგერი? მე-9 მუხლში მოციქული იოანე წერს: „ამის შემდეგ ვიხილე: აჰა, უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო, ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან“ (გამოცხადება 7:9). ვინ არის ეს უამრავი ხალხი, რა იგულისხმება დღეს ღვთის წინაშე მათს დგომაში და რას უმზადებს მათ მომავალი? აპოკალიფსის პასუხი მთელი დედამიწის მკვიდრთათვის სასიხარულო ცნობას წარმოადგენს: „ესენი არიან დიდი გასაჭირიდან მოსულები. გაირეცხეს თავიანთი სამოსი და გაასპეტაკეს ისინი კრავის სისხლით“. ქრისტეს მიერ დაღვრილი სისხლისადმი რწმენის გამოვლენა მათ ‘დიდი გასაჭირის’ დროს დაიცავს. ქრისტე ამ ხალხს „სიცოცხლის წყლის წყაროებზე მიიყვანს, და მოსწმედს მათ ღმერთი თვალთაგან ყველა ცრემლს“ (გამოცხადება 7:14—17). დიახ, დღეს მცხოვრებ მილიონებს შეუძლიათ ამ უამრავ ხალხს შორის იყვნენ და თანამედროვე ბოროტი სისტემის განადგურება გადაიტანონ. ამ ხალხს, რომლებიც იესო ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დროს მისი სამეფოს ქვეშევრდომები იქნებიან თავიანთი მეფე დედამიწაზე მარადიული ცხოვრებისკენ წარუძღვება. განა ეს სასიხარულო ცნობა არ არის?

      „ჭეშმარიტი და სამართლიანია მისი განკითხვანი“

      12, 13. ა) რა ცნობებს შეიცავს მე-8—19 თავები? ბ) რატომ არ უნდა აცბუნებდეს სუფთა გულის ხალხს იქ აღწერილი მოვლენები?

      12 მე-8—19 თავებს დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ ხალხი წიგნ „აპოკალიფსს“ ანუ „გამოცხადებას“ საშინელი კატასტროფების შესახებ წინასწარმეტყველების შემცველ წიგნად მიიჩნევს. მათში მოცემული მკაცრი განკითხვის ცნობები (რაც სიმბოლურად საყვირის დაყვირებით, წყლულებითა და ღვთის მძვინვარების თასების გადმოღვრით არის ნაჩვენები) სატანის სისტემის სხვადასხვა ნაწილის განადგურებას იუწყება. ამ განკითხვის შედეგად გამოტანილი განაჩენი თავდაპირველად ცრუ რელიგიაზე („დიდ ბაბილონზე“) შესრულდება, შემდეგ კი — უღვთო პოლიტიკურ სისტემებზე, რომელთა სიმბოლოდაც მხეცებია მოყვანილი (გამოცხადება 13:1, 2; 17:5—7, 15, 16)a.

      13 ამ თავებში აღწერილია სატანისა და მისი დემონებისგან ზეცის გაწმენდა და დედამიწის მიდამოებში მათი გადმოყრა. ეს წარმოადგენს ერთადერთ ლოგიკურ ახსნას იმ არნახული მსოფლიო უბედურებებისა, რომლებიც 1914 წლიდან დაიწყო (გამოცხადება 12:7—12). მათში აგრეთვე სიმბოლური ენით არის აღწერილი დედამიწაზე სატანის ბოროტი სისტემის განადგურება (გამოცხადება 19:19—21). თავზარი უნდა დასცეს სუფთა გულის ადამიანებს ასეთმა გამაოგნებელმა მოვლენებმა? არა, ვინაიდან ღვთის განაჩენის შესრულებისას ზეციერი ქმნილებები დიდი ხმით ამბობენ: „ალილუია! ხსნა, დიდება და ძალა, ჩვენი ღვთისაა! რადგან ჭეშმარიტი და სამართლიანია მისი განკითხვანი“ (გამოცხადება 19:1, 2).

      14, 15. ა) როგორ მოხდება თანამედროვე ბოროტი სისტემის სამართლიანად განადგურება? ბ) რატომ უნდა ახარებდეს აპოკალიფსის ეს წინასწარმეტყველება სუფთა გულის ადამიანებს?

      14 იეჰოვა ახალ სამართლიან სისტემას ისე არ დაამყარებს, თუ დედამიწა მის მომსპობთაგან არ გაწმინდა (გამოცხადება 11:17, 18; 19:11—16; 20:1, 2). მაგრამ არც ერთ ადამიანს ან პოლიტიკურ დაჯგუფებას არა აქვს ამის გაკეთების უფლება ან უნარი. მხოლოდ იეჰოვასა და მის მიერ დანიშნულ მეფესა და მოსამართლეს, იესო ქრისტეს, შეუძლიათ ამის სამართლიანად გაკეთება (2 თესალონიკელთა 1:6—9).

      15 როგორც აპოკალიფსი საკმაოდ ნათლად აჩვენებს, იეჰოვას განზრახვაა, ბოლო მოუღოს თანამედროვე ბოროტ სისტემას, რაც სიხარულის მიზეზი უნდა იყოს იმ მამაკაცისა თუ ქალისთვის, რომელიც „კვნესის და მოთქვამს იქ ჩადენილ სისაძაგლეთა გამო“ (ეზეკიელი 9:4). ამან მათ უნდა მოაწყუროს, ყურად იღონ ანგელოზის მიერ ნაუწყები სასიხარულო ამბავი: „გეშინოდეთ ღვთისა . . . ვინაიდან დადგა მისი სამსჯავროს ჟამი. თაყვანი ეცით ცისა და მიწის . . . შემქმნელს“ (გამოცხადება 14:7). დაე ასეთმა ადამიანებმა თაყვანი სცენ და ემსახურონ იეჰოვას მის მოწმეებთან ერთად, „რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და რომელთაც აქვთ იესოს მოწმობა“ (გამოცხადება 12:17).

      დიდებული ათასწლიანი მეფობა

      16. ა) რატომ უკუაგდეს ქრისტიანული სამყაროს ეკლესიებმა ათასწლიან მეფობასთან დაკავშირებული იმედი? ბ) რატომ სჯერათ იეჰოვას მოწმეებს, რომ სანიმუშო ლოცვა უპასუხოდ არ დარჩება?

      16 გამოცხადების 20—22 თავები ათასწლიან მეფობაზე იმედის დამყარების ბიბლიურ საფუძველს იძლევა. ეს არის ბიბლიის ერთადერთი ნაწილი, სადაც მოხსენიებულია ათასწლიანი პერიოდი, რომელიც ზეცასა და დედამიწაზე მარადიული ბედნიერების კარს შეაღებს. ქრისტიანული სამყაროს ეკლესიებმა უკუაგდეს ათასწლიან მეფობაზე დამყარებული იმედები. რადგან ეკლესიების დოგმატის მიხედვით მართლები ზეცაში წავლენ, ხოლო ბოროტები ჯოჯოხეთში, დედამიწაზე სამოთხისთვის ადგილი აღარ დარჩება. სანიმუშო ლოცვამ, სადაც მოცემულია ღვთისადმი თხოვნა: „იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“, ქრისტიანული სამყაროს წევრების უმეტესობისთვის ყოველგვარი აზრი დაკარგა (მათე 6:10). მაგრამ ამას ვერ ვიტყოდით იეჰოვას მოწმეებზე. მათ მტკიცედ სწამთ, რომ იეჰოვა ღმერთმა დედამიწა „საუკაცრიელოდ“ კი არ შექმნა, არამედ „დასასახლებლად“ (ესაია 45:12, 18). ამგვარად, ძველი წინასწარმეტყველებები, სანიმუშო ლოცვა და ათასწლიან მეფობასთან დაკავშირებული აპოკალიფსის მოლოდინი სრულიად ეთანხმება ერთმანეთს. ამ ათასწლიანი მეფობის დროს იესო ქრისტე უხელმძღვანელებს იმას, რომ იეჰოვას ნება შესრულდეს დედამიწაზე, ისევე როგორც ზეცაში.

      17. რა ცხადყოფს, რომ „ათასი წელი“ პირდაპირი მნიშვნელობით უნდა იქნას გაგებული?

      17 გამოთქმა „ათასი წელი“ გამოცხადების მე-20 თავის პირველ შვიდ მუხლში ექვსჯერ გვხვდება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბერძნულში ამ შვიდიდან ოთხში გვხვდება განსაზღვრული არტიკლი, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით ათას წელზე მიუთითებს და არა დროის რაღაც ხანგრძლივ, განუსაზღვრელ პერიოდზე, როგორც ამაში ქრისტიანული სამყაროს მრავალი კომენტატორი გვარწმუნებს. რა მოხდება ათასწლიანი პერიოდის განმავლობაში? უპირველეს ყოვლისა, მთელი ამ ხნის განმავლობაში სატანა უმოქმედო მდგომარეობაში იქნება (გამოცხადება 20:1—3; შეადარეთ ებრაელთა 2:14). რა დიდებული სასიხარულო ცნობაა!

      18. ა) რატომ შეიძლება ათასწლიან პერიოდს განკითხვის „დღე“ ეწოდოს? ბ) რა მოხდება ათასი წლის ბოლოს?

      18 ვინაიდან „სამსჯავრო“ ეძლევა მათ, ვინც ‘იმეფებს მასთან [ქრისტესთან] ერთად ათას წელს’, ეს პერიოდი, ფაქტობრივად, განკითხვის ათასწლიანი „დღე“ არის (გამოცხადება 20:4, 6; შეადარეთ საქმეები 17:31; 2 პეტრე 3:8). მკვდრები აღდგენილ იქნებიან და მათთან ერთად, ვინც ‘დიდ გასაჭირს’ გადაიტანს, იმ პერიოდის განმავლობაში ჩადენილი თავიანთი საქმეებისამებრ სამართლიანად განისჯებიან (გამოცხადება 20:12, 13). ათასი წლის ბოლოს სატანა მოკლე დროით გათავისუფლდება, რათა კაცობრიობა საბოლოოდ გამოსცადოს, რის შემდეგაც დემონებსა და დედამიწაზე მყოფ თავის მომხრეებთან ერთად სამუდამოდ განადგურდება (გამოცხადება 20:7—10). ადამიანები, რომლებიც ამ გამოცდას გაივლიან, სამუდამოდ ჩაიწერებიან „სიცოცხლის წიგნში“, მარადიული ბედნიერებით დატკბებიან და დედამიწაზე სამოთხეში იეჰოვას მსახურები და მისი თაყვანისმცემლები იქნებიან (გამოცხადება 20:14, 15; ფსალმუნი 36:9, 29; ესაია 66:22, 23).

      19. ა) რატომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ წიგნ „გამოცხადებაში“ მოცემული შესანიშნავი დაპირებები აუცილებლად შესრულდება? ბ) რა იქნება განხილული მომდევნო სტატიაში?

      19 აი ასეთია სასიხარულო ცნობები, რომლებსაც აპოკალიფსი გვამცნობს. ეს არ არის ადამიანის მიერ ნათქვამი ფუჭი სიტყვები. მოციქული იოანე წერდა: «თქვა ტახტზე მჯდომარემ: „აჰა, ვქმნი ყოველივეს ახალს“. და მითხრა მე: „დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია“» (გამოცხადება 21:5). ჩვენი მხრივ, რა უნდა გავაკეთოთ, რომ მონაწილეობა მივიღოთ ამ სასიხარულო ცნობის შესრულებაში? წიგნ „გამოცხადებაში“ მრავალი რჩევაა მოცემული ღვთის თვალში კეთილგანწყობილების მოპოვების მსურველთათვის. ამ რჩევების გათვალისწინება, როგორც მომდევნო სტატიიდან დავინახავთ, დიდ ბედნიერებას მოგვიტანს როგორც ახლა, ისე მარადიულადაც.

  • იყავით წიგნ „გამოცხადების“ ბედნიერი მკითხველი
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 1 დეკემბერი
    • იყავით წიგნ „გამოცხადების“ ბედნიერი მკითხველი

      „ნეტარია წამკითხველი და მომსმენი ამ საწინასწარმეტყველო სიტყვისა და მასში დაწერილის დამცველი“ (გამოცხადება 1:3).

      1. რა ვითარებაში დაწერა მოციქულმა იოანემ „გამოცხადება“ და რა მიზნით ჩაიწერა ხილვები მასში?

      „მე . . . იოანე . . . ვიყავი კუნძულზე, რომელსაც ეწოდება პატმოსი, ღვთის სიტყვისათვის და იესო ქრისტეს მოწმობისათვის“ (გამოცხადება 1:9). ასეთ ვითარებაში დაწერა მოციქულმა იოანემ წიგნი „აპოკალიფსი“, ანუ „გამოცხადება“. არსებობს აზრი იმის შესახებ, რომ მოციქული პატმოსზე რომის იმპერატორ დომიციანეს მმართველობის (ახ. წ. 81—96) დროს გადაასახლეს. დომიციანე ყველას აიძულებდა, თაყვანი ეცათ იმპერატორისთვის და ქრისტიანობას სდევნიდა. პატმოსზე ყოფნის დროს იოანემ რამდენიმე ხილვა იხილა და ყველაფერი ჩაიწერა. მან იცოდა, რომ ადრინდელი ქრისტიანები მრავალ განსაცდელს იტანდნენ და მომავალშიც მოუწევდათ ატანა, ამიტომ ამ ამბების მოთხრობით იოანეს მათი განმტკიცება, დამშვიდება, გამხნევება უნდოდა და არა თავზარდამცემ შიშში ჩაგდება (საქმეები 28:22; გამოცხადება 1:4; 2:3, 9, 10, 13).

      2. რატომ არის იოანესა და მისი თანაქრისტიანების ვითარება დღევანდელი ქრისტიანებისთვის საინტერესო?

      2 ვითარება, რომელშიც ბიბლიის ეს წიგნი დაიწერა, დღეს მცხოვრები ქრისტიანებისთვის ძალზე საგულისხმოა. იოანეს იეჰოვასა და მისი ძის, იესო ქრისტეს, შესახებ მოწმობისთვის დევნიდნენ. ის და მისი თანაქრისტიანები მტრულად განწყობილ გარემოში ცხოვრობდნენ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდნენ კარგი მოქალაქეები ყოფილიყვნენ, თაყვანს არ სცემდნენ იმპერატორს (ლუკა 4:8). ზოგ ქვეყანაში დღეს ჭეშმარიტი ქრისტიანები მსგავს მდგომარეობაში არიან. იქ სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს უფლებას, დაადგინოს „რელიგიური ნორმები“. ამიტომ რამდენად მანუგეშებელია სიტყვები, რომლებიც წიგნ „გამოცხადების“ შესავალშია მოცემული: „ნეტარია წამკითხველი და მომსმენი ამ საწინასწარმეტყველო სიტყვისა და მასში დაწერილის დამცველი, რადგან ახლოა ჟამი“ (გამოცხადება 1:3). დიახ, „გამოცხადების“ ყურადღებიანი და მორჩილი მკითხველი ჭეშმარიტ ბედნიერებასა და მრავალ კურთხევას ჰპოვებს.

      3. ვისგან მომდინარეობდა იოანეს მიერ ნანახი ხილვები?

      3 ვისგან მომდინარეობდა „გამოცხადება“ და რა არხით გადმოიცემა ის? პირველი მუხლი გვაუწყებს: „გამოცხადება იესო ქრისტესი, რომელიც მისცა მას ღმერთმა, რათა ეჩვენებინა თავის მსახურთათვის, რაც უნდა მოხდეს მალე, და აუწყა თავის მსახურს იოანეს, გაუგზავნა რა თავისი ანგელოზის მეშვეობით“ (გამოცხადება 1:1). მარტივად რომ ვთქვათ, „გამოცხადება“ იეჰოვა ღმერთისგან მომდინარეობს. მან ეს ცნობა იესოს გადასცა, იესომ კი ანგელოზის მეშვეობით იოანეს შეატყობინა. კიდევ უფრო დაკვირვებით გამოკვლევა გვანახვებს, რომ კრებებისთვის ცნობების მისაწოდებლად და იოანესთვის ხილვის დასანახვებლად იესომ აგრეთვე სულიწმიდა გამოიყენა (გამოცხადება 2:7, 11, 17, 29; 3:6, 13, 22; 4:2; 17:3; 21:10; შეადარეთ საქმეები 2:33).

      4. დღესაც რა საშუალებებს იყენებს იეჰოვა იმისათვის, რომ უხელმძღვანელოს დედამიწაზე მცხოვრებ თავის ხალხს?

      4 იეჰოვა დღესაც იყენებს ძეს, ‘ეკლესიის თავს’ დედამიწაზე მცხოვრები თავისი მსახურების დასამოძღვრად (ეფესელთა 5:23; ესაია 54:13; იოანე 6:45). იეჰოვა თავისი ხალხის დასარიგებლად სულიწმიდასაც იყენებს (იოანე 15:26; 1 კორინთელთა 2:10). აგრეთვე, როგორც პირველი საუკუნის კრებებისთვის სულიერი საზრდოს მისაწოდებლად იესო ‘თავის მსახურ იოანეს’ იყენებდა, დღეს დედამიწაზე მცხოვრები ცხებული ‘ძმებისგან’ შემდგარ ‘ერთგულ და გონიერ მონას’ იყენებს სახლეულისა და მათი თანამსახურებისთვის სულიერი ‘საზრდოს დროულად’ მისაწოდებლად (მათე 24:45—47; 25:40). ნეტარ არიან ისინი, რომლებიც აღიარებენ მრავალი ‘კეთილი საბოძვრის’ წყაროს, რომლებიც სულიერი საზრდოსა და ამ წყაროს მიერ გამოყენებული არხის სახით გვეძლევა (იაკობი 1:17).

      კრებები ქრისტეს ხელმძღვანელობით

      5. ა) რასთან არაინ შედარებული ქრისტიანული კრებები და მათი ზედამხედველები? ბ) მიუხედავად იმისა, რომ არასრულყოფილები ვართ, რა შეგვმატებს ბედნიერებას?

      5 „გამოცხადების“ პირველ თავებში ქრისტიანთა კრებები სასანთლეებთან არის შედარებული. მათი ზედამხედველები კი ანგელოზებთან (მაცნეებთან) და ვარსკვლავებთან (გამოცხადება 1:20)a. ქრისტეს დავალებით იოანემ მის შესახებ დაწერა: „ასე ამბობს, ვისაც შვიდი ვარსკვლავი უპყრია თავის მარჯვენაში და მიმოდის შვიდ ოქროს სასანთლეს შორის“ (გამოცხადება 2:1). შვიდი ცნობა, რომელიც აზიის შვიდ კრებას გაეგზავნა, ცხადყოფს, რომ ახ. წ. პირველ საუკუნეში კრებებსა და მათს უხუცესებს ჰქონდათ როგორც ძლიერი, ისე სუსტი მხარეები. იგივე მდგომარეობაა დღესაც. ამიტომ ბევრად უფრო სიხარულის მომტანი იქნება, თუ მხედველობიდან არასოდეს გამოგვრჩება ის ფაქტი, რომ ქრისტე, ჩვენი თავი, მიმოდის კრებებს შორის. მან დაწვრილებით იცის, რა ხდება იქ. ზედამხედველები იესოს სიმბოლურად ‘თავის მარჯვენაში უპყრია’, ანუ მისი მეთვალყურეობისა და ხელმძღვანელობის ქვეშ არიან და კრებების დამწყემსვის საკითხში პასუხს აგებენ ქრისტეს წინაშე (საქმეები 20:28; ებრაელთა 13:17).

      6. რა ცხადყოფს, რომ მხოლოდ ზედამხედველები არ აგებენ თავიანთი მოქმედებისთვის ქრისტეს წინაშე პასუხს?

      6 მაგრამ თავს მოვიტყუებდით, თუ ვიფიქრებდით, რომ მხოლოდ ზედამხედველები აგებენ ქრისტეს წინაშე თავიანთი მოქმედებისთვის პასუხს. ერთ-ერთ ცნობაში ქრისტემ თქვა: „გაიგებს ყველა ეკლესია, რომ მე ვიკვლევ თირკმელებს და გულს, და ყოველ თქვენგანს თავისი საქმეების მიხედვით მივუზღავ“ (გამოცხადება 2:23). ეს სიტყვები გამაფრთხილებელიცაა და გამამხნევებელიც. გამაფრთხილებელი იმ მხრივ, რომ ქრისტემ იცის გულის სიღრმეებში ჩამარხული მოტივები და — გამამხნევებელი, რადგან გვარწმუნებს, რომ ქრისტემ იცის ჩვენი მცდელობის შესახებ და გვაკურთხებს, თუ შესაძლებლობის მაქსიმუმს გავაკეთებთ (მარკოზი 14:6—9; ლუკა 21:3, 4).

      7. როგორ ‘დაიცვეს სიტყვა იესოს მოთმინებისა’ ფილადელფიელმა ქრისტიანებმა?

      7 ლიდიის ქალაქ ფილადელფიის კრებისთვის ქრისტეს მიერ გაგზავნილ ცნობაში რაიმე საყვედური კი არ არის ნათქვამი, არამედ მოცემულია აღთქმა, რომელმაც ძალიან უნდა დაგვაინტერესოს. „რაკი შენ დაიცავი სიტყვა ჩემი მოთმინებისა, მეც დაგიცავ განსაცდელის ჟამისაგან, რომელიც მოვა მთელ მსოფლიოზე, რომ გამოსცადოს დედამიწის მკვიდრნი“ (გამოცხადება 3:10). ბერძნული გამოთქმა, რომელიც გადმოითარგმნა როგორც „დაიცავი სიტყვა ჩემი მოთმინებისა“ შეიძლება აგრეთვე ნიშნავდეს: „დაიცავი, რაც მოთმინების შესახებ გითხარი“. მე-8 მუხლიდან ჩანს, რომ ფილადელფიელი ქრისტიანები არა მარტო ქრისტეს მითითებებს იცავდნენ, არამედ ერთგულად ასრულებდნენ მოთმინების შესახებ მიცემულ მის რჩევასაც (მათე 10:22; ლუკა 21:19).

      8. ა) რა აღუთქვა იესომ ფილადელფიელ ქრისტიანებს? ბ) რა მასშტაბით ვრცელდება დღეს ‘განსაცდელის ჟამი’?

      8 იესომ დასძინა, რომ დაიცავდა მათ „განსაცდელის ჟამისაგან“. ზუსტად რას ნიშნავდა ეს სიტყვები იმ ქრისტიანებისთვის, ჩვენ არ ვიცით. თუმცა ახ. წ. 96 წელს დომიციანეს სიკვდილის შემდეგ მცირე ხნით დევნები შეწყდა, ტრაიანეს (ახ. წ. 98—117) მმართველობის დროს დევნების ახალი ტალღა აგორდა, რასაც, რასაკვირველია, ახალ-ახალი განსაცდელები მოჰყვა. დიდი ‘განსაცდელის ჟამი’ კი „უფლის დღეს“, ‘უკანასკნელი ჟამის’ განმავლობაში იქნება. სწორედ ამ დროში ვცხოვრობთ ჩვენ დღეს (გამოცხადება 1:10; დანიელი 12:4). სულითცხებულმა ქრისტიანებმა პირველი მსოფლიო ომის დროსა და მისი დამთავრების შემდგომ წლებში განსაკუთრებული გამოცდები გაიარეს. მაგრამ ‘განსაცდელის ჟამი’ ჯერ არ დამთავრებულა. „მთელი მსოფლიო“ იმყოფება დიდ განსაცდელში, იმ უამრავი ხალხის ჩათვლით, რომლებიც დიდ გასაჭირში გადარჩენას იმედოვნებენ (გამოცხადება 3:10; 7:9, 14). კურთხეული ვიქნებით, თუ ‘დავიცავთ სიტყვას იესოს მოთმინებისა’, კერძოდ კი სიტყვებს: „ბოლომდის დამთმენი გადარჩება“ (მათე 24:13).

      იეჰოვას უზენაესი ხელისუფლებისადმი სიხარულით მორჩილება

      9, 10. ა) როგორ მოქმედებს ჩვენზე იეჰოვას ტახტის ხილვა? ბ) როგორ შეიძლება, „გამოცხადების“ წაკითხვამ სიხარულით აღგვავსოს?

      9 გამოცხადების 4—5 თავებში იეჰოვას ტახტისა და ზეციერი ეზოს შესახებ ხილვის წაკითხვამ შეუძლებელია, შიშნარევი მოწიწებით არ აგვავსოს. შეუძლებელია, დიდი შთაბეჭდილება არ მოახდინოს ძლიერი ზეციერი ქმნილებების მიერ მთელი გულით წარმოთქმულმა ხოტბის შემსხმელმა სიტყვებმა და იეჰოვას სამართლიანი უზენაესი ხელისუფლებისადმი მათი სიხარულით მორჩილებამ (გამოცხადება 4:8—11). ჩვენი ხმებიც უნდა შევუერთოთ მათსას, რომლებიც ამბობენ: „ტახტზე მჯდომსა და კრავს კურთხევა და პატივი და დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე“ (გამოცხადება 5:13).

      10 პრაქტიკულად, ეს სიტყვები იმას ნიშნავს, რომ ყველაფერში სიხარულით დავემორჩილოთ იეჰოვას. მოციქული პავლე წერდა: „ყოველივე, რასაც თქვენ აკეთებთ სიტყვით თუ საქმით, ყოველივე გააკეთეთ უფალ იესოს სახელით და მის მიერ შეჰმადლოდეთ მამა ღმერთს“ (კოლასელთა 3:17). „გამოცხადების“ წაკითხვა ნამდვილად სიხარულით აღგვავსებს, თუ მთელი გულით ვაღიარებთ იეჰოვას უზენაეს ხელისუფლებას და ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში მის ნებას გავუწევთ ანგარიშს.

      11, 12. ა) როგორ შეირყევა და განადგურდება სატანის სისტემა? ბ) გამოცხადების მე-7 თავის თანახმად, ვინ „გაუძლებს“ იმ დროს?

      11 იეჰოვას უზენაესი ხელისუფლებისადმი სიხარულით მორჩილება როგორც პირადი, ისე საყოველთაო ბედნიერების საფუძველია. მალე სიმბოლური მიწისძვრა შეარყევს და გაანადგურებს სატანის სისტემასა და მის საძირკვლებს. ადამიანები, რომლებიც ღვთის კანონიერი ბატონობის გამომხატველი ქრისტეს ზეციერი სამეფოსადმი ურჩობას ავლენენ, თავშესაფარს ვერსად იპოვიან. წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: «დედამიწის მეფეები და მთავრები, ათასისთავები, მდიდრები და ძლიერები, ყოველი მონა და თავისუფალი მიიმალნენ მღვიმეებსა და მთის გამოქვაბულებში. უთხრეს მთებსა და კლდეებს: „ზედ დაგვემხეთ და დაგვმალეთ ტახტზე მჯდომარის პირისაგან და კრავის რისხვისაგან. ვინაიდან მოვიდა მათი დიდი რისხვის დღე და ვინ გაუძლებს?“» (გამოცხადება 6:12, 15—17).

      12 ამ კითხვასთან დაკავშირებით მომდევნო თავში მოციქული იოანე აღწერს უამრავ ხალხს, რომლებიც დიდი გასაჭირიდან მოვიდნენ და რომლებიც „იდგნენ ტახტის წინ და კრავის წინ“ (გამოცხადება 7:9, 14, 15). ღვთის ტახტის წინაშე მათი დგომა ცხადყოფს, რომ ისინი სცნობენ მის სამეფო ძალაუფლებას და ყველაფერში ემორჩილებიან იეჰოვას უზენაეს ხელისუფლებას. ამიტომაც ღმერთი იწონებს ასეთებს.

      13. ა) რას სცემს თაყვანს მსოფლიო მოსახლეობის უმეტესობა და რა არის სიმბოლურად ნაჩვენები შუბლსა და ხელზე ნიშნის დადებით? ბ) აქედან გამომდინარე, რატომ იქნება მოთმინება აუცილებელი?

      13 მეორე მხრივ, მე-13 თავი დედამიწის დანარჩენ მოსახლეობას სატანის პოლიტიკური სისტემის თაყვანისმცემლად აღწერს; ეს სისტემა სიმბოლურად მხეცით არის წარმოდგენილი. მათ აქვთ ნიშანი „შუბლზე“ ან „ხელზე“, რითაც ამ სისტემისთვის სულითა და საქმით მხარდაჭერას ცხადყოფენ (გამოცხადება 13:1—8, 16, 17). შემდეგ მე-14 თავი ამატებს: „ვინც თაყვანსა სცემს მხეცს და მის ხატებას და მიიღებს ნიშანს შუბლზე ან ხელზე, ის შესვამს ღვთის მძვინვარების ღვინისაგან, რომელიც მისი რისხვის თასში არის შემზადებული შეუზავებლად . .  აქაა წმიდათა მოთმინება, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და იესოს რწმენას“ (გამოცხადება 14:9, 10, 12). დროის გასვლასთან ერთად უფრო და უფრო აქტუალური გახდება კითხვა: ვის მხარეს იჭერთ პირადად თქვენ? იეჰოვასა და მისი უზენაესი ხელისუფლების მხარეს თუ უღვთო პოლიტიკური სისტემის მხარეს, რომელიც მხეცით არის წარმოდგენილი? ბედნიერები იქნებიან ისინი, რომლებიც არ მიიღებენ მხეცის ნიშანს და იეჰოვას უზენაესი ხელისუფლებისადმი მორჩილებაში ბოლომდე ერთგულად მოითმენენ.

      14, 15. რა ეპიზოდია ჩართული „გამოცხადებაში“ არმაგედონის აღწერისას და რა მნიშვნელობა აქვს ამას ჩვენთვის?

      14  იეჰოვას უზენაესი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში „მთელი მსოფლიოს“ მმართველების კატასტროფული მარცხი გარდაუვალია. საკამათო საკითხს საბოლოოდ მოაგვარებს არმაგედონი, ‘ყოვლისმპყრობელი ღვთის დიდი დღის ომი’ (გამოცხადება 16:14, 16). საინტერესო ეპიზოდია ჩართული უშუალოდ იეჰოვასთან საომრად გამოსული მსოფლიოს მეფეების შეკრების აღწერისას. ხილვაში თვით იესო ერევა და ამბობს: „აჰა, მოვდივარ, როგორც ქურდი. ნეტარია, ვინც ფხიზლობს და იცავს თავის სამოსელს, რათა შიშველმა არ იაროს და არ დაინახონ მისი სირცხვილი.“ (გამოცხადება 16:15). აქ, როგორც ჩანს, ნაგულისხმევია ტაძრის ლევიანი მცველები, რომლებსაც, თუ გუშაგობისას მძინარეებს წაასწრებდნენ, სამოსელს შემოახევდნენ და საჯაროდ შეარცხვენდნენ.

      15 ცნობა ნათელია: თუ არმაგედონში გადარჩენა გვსურს, სულიერი სიფხიზლე უნდა შევინარჩუნოთ და დავიცვათ სიმბოლური ტანისამოსი, რომელიც ნათელყოფს, რომ ჩვენ იეჰოვა ღმერთის ერთგული მოწმეები ვართ. ბედნიერები ვიქნებით, თუ სულიერად საღათას ძილს არ მივეცემით და მოუდუნებლად, მთელი ენთუზიაზმით მივიღებთ მონაწილეობას ღვთის მიერ დამყარებული სამეფოს შესახებ ‘მარადიული სახარების’ ქადაგებაში (გამოცხადება 14:6).

      „ნეტარია, ვინც დაიცავს ამ . . . სიტყვებს“

      16. რატომ არის განსაკუთრებით ბედნიერების მომნიჭებელი „გამოცხადების“ ბოლო თავები?

      16 შეუძლებელია, „გამოცხადების“ ბედნიერ მკითხველებს გული სიხარულით არ აუთრთოლდეთ ამ წიგნის ბოლო თავებთან გაცნობისას, რომლებშიც აღწერილია ჩვენი ჩინებული იმედი — ახალი ცა და ახალი მიწა, რაც სამართლიანი ზეციერი მთავრობის მმართველობას ნიშნავს ადამიანთა ახალ, განწმენდილ საზოგადოებაზე და ყოველივე ეს დიდებას მოუტანს ‘ყოვლისშემძლე ღმერთ იეჰოვას’ (გამოცხადება 21:22, აქ). ამ შესანიშნავი ხილვების დასასრულ მაცნე ანგელოზმა იოანეს უთხრა: «ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია. და წინასწარმეტყველთა სულების უფალმა ღმერთმა მოავლინა თავისი ანგელოზი, რათა ეჩვენებინა თავის მსახურთათვის, რაც უნდა მოხდეს მალე. აჰა, მე მოვალ მალე. ნეტარია, ვინც დაიცავს ამ წიგნის წინასწარმეტყველის [„წინასწარმეტყველების“, აფ] სიტყვებს» (გამოცხადება 22:6, 7).

      17. ა) რაში გვარწმუნებს გამოცხადების 22:6? ბ) რასთან დაკავშირებით გვმართებს სიფხიზლის გამოვლენა?

      17 „გამოცხადების“ ბედნიერ მკითხველებს ემახსოვრებათ, რომ მსგავსი სიტყვები ‘წიგნის’ დასაწყისშიც არის მოცემული (გამოცხადება 1:1, 3). ეს სიტყვები გვარწმუნებს, რომ ბიბლიის ამ ბოლო წიგნში ‘დაწერილი’ წინასწარმეტყველებების შესრულება ‘მალე მოხდება’. უკანასკნელი ჟამი უკვე დიდი ხანია დაიწყო. ამიტომაც „გამოცხადებაში“ ნაწინასწარმეტყველები მოვლენები ნამდვილად ძალიან მალე შესრულდება. ამგვარად, სატანის სისტემაში არსებულმა არავითარმა მოჩვენებითმა სტაბილურობამ არ უნდა მიგვაძინოს. ფხიზელ მკითხველს ემახსოვრება გაფრთხილება, რომელსაც მაცნე აზიის შვიდ ეკლესიას უგზავნის, და მოერიდება მატერიალიზმის, კერპთაყვანისმცემლობის, უზნეობის, გულგრილობისა და განდგომილობის მახეებს.

      18, 19. ა) რატომ ვამბობთ, რომ იესო მოვა, და მოციქულ იოანეს მიერ გამოთქმულ რა იმედს ვიზიარებთ? ბ) რა მიზნით ‘მოდის’ იეჰოვა?

      18 წიგნ „გამოცხადებაში“ იესო რამდენჯერმე ამბობს: „მალე მოვალ“ (გამოცხადება 2:16; 3:11; 22:7, 20ა). დიახ, ის მოვა, დიდ ბაბილონზე, სატანის პოლიტიკურ სისტემასა და იეჰოვას უზენაესი ხელისუფლებისადმი — რომელიც ახლა მესიანური სამეფოთია წარმოდგენილი — ურჩ ადამიანებზე გამოტანილი განაჩენის შესასრულებლად. ჩვენ ვუერთდებით მოციქულ იოანეს სიტყვებს: „ამინ. ჰე, მოდი, უფალო იესო“ (გამოცხადება 22:20ბ).

      19 თვით იეჰოვა ამბობს: „აჰა, მოვალ მალე და ჩემი საზღაური ჩემთან არის, რათა თითოეულს მისი საქმეებისაებრ მივუზღა“ (გამოცხადება 22:12). მაშინ, როცა დიდებული ძღვნის, აღთქმულ ‘ახალ ცაში’ თუ ‘ახალი მიწაზე’ მარადიული ცხოვრების მოლოდინში ვართ, დაე ენთუზიაზმით აღსავსეებმა ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა ყველა სუფთა გულის ადამიანისთვის გამიზნული მოწვევის გავრცელებაში: «„მოდი!“ მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი» (გამოცხადება 22:17). დაე ისინიც გახდნენ ღვთის მიერ შთაგონებული და შთამაგონებელი წიგნის, „გამოცხადების“, ბედნიერი მკითხველები!

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება