საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რაც მალე უნდა მოხდეს
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • თავი 3

      რაც მალე უნდა მოხდეს

      1. როგორ შეგვიძლია, თავი დავაღწიოთ ღვთის სასჯელს, რომელიც ამ ქვეყნიერებას დაატყდება?

      ჩვენ გულგრილად არ უნდა ვადევნოთ თვალყური დღევანდელ მსოფლიო მოვლენებს. ეს ქვეყნიერება ვერ გაექცევა ღვთის სასჯელს, ჩვენ კი გავექცევით, თუ არ ვიქნებით გასანადგურებლად განწირული „ქვეყნიერების ნაწილი“. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ განდეგილებივით ასკეტურად ვიცხოვროთ, არამედ იმას, რომ გავიხაროთ აზრით აღსავსე ცხოვრებით. ამასთანავე, საერთო არაფერი უნდა გვქონდეს პოლიტიკასთან, სიხარბეზე აგებულ კომერციასა და ღვთის შეურაცხმყოფელ რელიგიებთან; შორს უნდა ვიდგეთ ძალადობისა და უზნეობისგანაც, უნდა დავიცვათ ღვთის მაღალი ნორმები და შევასრულოთ ღვთის ნება (იოანე 17:14—16; სოფონია 2:2, 3; გამოცხადება 21:8). ბიბლიის წიგნი „გამოცხადება“ გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ ყოველივეს გათვალისწინება და საჭიროების შემთხვევაში ცხოვრებაში ცვლილებების მოხდენა.

      2. რა სიტყვებით იწყებს მოციქული იოანე „გამოცხადებაში“ ჩაწერილ შთამბეჭდავ წინასწარმეტყველებას, და ვის გადასცა ღმერთმა ეს მნიშვნელოვანი ცნობა?

      2 მოციქული იოანე შემდეგი სიტყვებით იწყებს შთამბეჭდავ წინასწარმეტყველებას: „იესო ქრისტეს გამოცხადება, რომელიც მას ღმერთმა მისცა, თავისი მონებისთვის იმის საჩვენებლად, რაც უნდა მოხდეს მალე“ (გამოცხადება 1:1ა). ეს მნიშვნელოვანი ცნობა მკვდრეთით აღმდგარმა იესო ქრისტემ მიიღო ღვთისგან. აქედან ჩანს, რომ იესო მამას ემორჩილება და არ არის იდუმალებით მოცული სამების ნაწილი. მსგავსად ამისა, „მონები“, რომლებიც ქრისტიანულ კრებას შეადგენენ, იესო ქრისტეს ემორჩილებიან და „მიჰყვებიან [მას], სადაც არ უნდა წავიდეს“ (გამოცხადება 14:4; ეფესოელები 5:24). მაგრამ ვინ არიან დღეს ღვთის „მონები“, და რაში ეხმარება მათ წიგნი „გამოცხადება“?

      3. ა) ვინ არიან „მონები“, რომლებიც იესო ქრისტეს ემორჩილებიან? ბ) რა საქმიანობას ეწევიან ერთგული „მონები“ ანგელოზების ხელმძღვანელობით?

      3 მოციქული იოანე, რომელმაც „გამოცხადება“ დაწერა, თავის თავსაც მონას უწოდებს. მოციქულთაგან ისღა იყო დარჩენილი. ის იყო იმ რჩეული „მონის“ კლასის ერთ-ერთი სულითცხებული, რომელიც ზეცაში უკვდავებას მიიღებდა. დღესდღეობით მათგან რამდენიმე ათასიღაა დარჩენილი დედამიწაზე. თუმცა ღმერთს სხვა მსახურებიც ჰყავს, უამრავი ხალხი — მილიონობით მამაკაცი, ქალი და ბავშვი. ანგელოზების ხელმძღვანელობით ისინიც ცხებულ „მონებთან“ ერთად მარადიულ სასიხარულო ცნობას უცხადებენ ადამიანებს. ეს „მონები“ თავს არ ზოგავენ იმისთვის, რომ მთელ დედამიწაზე თვინიერ ხალხს გადარჩენაში დაეხმარონ (მათე 24:14; გამოცხადება 7:9, 14; 14:6). „გამოცხადება“ იმასაც ჰფენს ნათელს, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რომ ამ სასიხარულო ცნობამ ბედნიერება მოგვიტანოს.

      4. ა) რატომ ამბობდა იოანე, რომ მოსახდენი მალე მოხდებოდა, თუკი მან 1 900 წელზე მეტი ხნის წინათ დაწერა „გამოცხადება“? ბ) რა ადასტურებს, რომ წინასწარმეტყველებები შესრულდება?

      4 რატომ ამბობდა იოანე, რომ ეს „მონები“ იხილავდნენ იმას, რაც მალე უნდა მომხდარიყო? ეს სიტყვები ხომ 1 900-ზე მეტი წლის წინათ დაიწერა! იეჰოვას თვალსაზრისით, რომლისთვისაც ათასი წელი „გუშინდელი“ დღესავით არის, 1 900 წელი საკმაოდ მოკლე პერიოდია იმ ათასწლეულებთან შედარებით, რაც ღმერთმა დედამიწის შექმნასა და საცხოვრებლად მომზადებას მოანდომა (ფსალმუნი 90:4). პავლე მოციქული წერდა, რომ ‘მოუთმენლად ელოდა და იმედოვნებდა’ ჯილდოს მიღებას, რაც, როგორც თავად ამბობდა, მალე მოხდებოდა (ფილიპელები 1:20). თუმცა დღეს არაერთი მტკიცება არსებობს იმისა, რომ ყველაფერი, რაც ნაწინასწარმეტყველებია, თავის დროზე შესრულდება. კაცობრიობას დღეს ისე სჭირდება გადარჩენა, როგორც არასდროს, და ეს მხოლოდ ღვთის ხელით არის შესაძლებელი! (ესაია 45:21).

      როგორ აძლევს ღმერთი ხალხს ცოდნას

      5. როგორ გადაეცა „გამოცხადება“ ჯერ იოანე მოციქულს და მერე კრებებს?

      5 გამოცხადების 1:1ბ, 2 მუხლები ასე გრძელდება: „მან [იესომ] გაგზავნა თავისი ანგელოზი და მისი მეშვეობით ნიშნებით აჩვენა ეს [გამოცხადება] თავის მონა იოანეს, რომელმაც დაამოწმა ღვთის სიტყვის, იესო ქრისტეს მოწმობისა და ნანახის შესახებ“. იოანეს ღვთის ცნობა ანგელოზმა გადასცა. იოანემ კი ის გრაგნილზე დაწერა და იმდროინდელ კრებებს გადასცა. ჩვენდა საბედნიეროდ, ღმერთმა ეს ცნობა იმისთვის შემოინახა, რომ გაემხნევებინა თავისი მსახურები, რომლებიც დღეს მთელ დედამიწაზე თითქმის 100 000 კრებად ერთიანდებიან.

      6. იესოს სიტყვების თანახმად რომელი „არხით“ მიაწვდიდა ის დღეს სულიერ საზრდოს თავის „მონებს“?

      6 ღმერთს ჰქონდა „არხი“, რომლის მეშვეობითაც იოანეს დროს თავის მსახურებს გადასცა „გამოცხადება“. იოანე ამ „არხის“ მიწიერი წარმომადგენელი იყო. ღმერთს დღესაც აქვს არხი, რომლის საშუალებითაც სულიერად კვებავს თავის „მონებს“. ქვეყნიერების აღსასრულზე თავის ცნობილ წინასწარმეტყველებაში იესომ თქვა, რომ ამ „არხის“ მიწიერი წარმომადგენელი „ერთგული და გონიერი მონა“ იქნებოდა, „რომელიც ბატონმა დანიშნა, რომ დროულად მიეცა საზრდო მისი შინაურებისთვის“ (მათე 24:3, 45—47). ის იოანეს კლასს აძლევს წინასწარმეტყველების მნიშვნელობის ახსნის შესაძლებლობას.

      7. ა) რისკენ აღგვძრავს „გამოცხადებაში“ ჩაწერილი ნიშნები? ბ) რამდენი ხანია, რაც იოანეს კლასი „გამოცხადების“ ხილვების შესრულებაში მონაწილეობს?

      7 მოციქული იოანე წერს, რომ იესოსგან „გამოცხადება“ „ნიშნებით“ ანუ სიმბოლოებით მიიღო. ეს ცოცხალი სიმბოლოებია და მათი გამოკვლევა მეტად საინტერესო იქნება. გავიგებთ, როგორ განვითარდება მოვლენები, რამაც უნდა აღგვძრას, ხალხს წინასწარმეტყველებასა და მის მნიშვნელობაზე ვესაუბროთ. „გამოცხადებაში“ საოცარ ხილვებს შევხვდებით. იოანე ზოგჯერ ამ ხილვების უშუალო მონაწილე იყო და ზოგჯერ დამკვირვებელი. იოანეს კლასი კი, რომელთაგან ზოგიერთი ათწლეულებია, რაც ამ ხილვების შესრულებაში მონაწილეობს, ბედნიერია, რადგან ღმერთმა თავისი სულით განუცხადა მათ წინასწარმეტყველებათა მნიშვნელობა, რათა მათ სხვებისთვის აეხსნათ.

      8. ა) რითი გამოირჩევა „გამოცხადებაში“ აღწერილი თითოეული ხილვა? ბ) როგორ გვეხმარება დანიელის წინასწარმეტყველება, გავიგოთ, ვის განასახიერებენ „გამოცხადებაში“ მოხსენიებული მხეცები?

      8 ეს ხილვები „გამოცხადებაში“ ქრონოლოგიური თანამიმდევრობით არ არის აღწერილი. თითოეულს თავისი შესრულების დრო აქვს. ბევრი მათგანის ახსნა ადრინდელი წინასწარმეტყველებების საფუძველზეა შესაძლებელი. მაგალითად, დანიელმა წინასწარმეტყველებაში აღწერა ოთხი საზარელი მხეცი და ახსნა, რომ ეს მხეცები მიწიერ მმართველებს განასახიერებდნენ. აქედან ვიგებთ, რომ გამოცხადებაში ნახსენები მხეცებიც პოლიტიკური ძალების სიმბოლოა და ისინიც მმართველებს განასახიერებენ დღევანდელი მმართველების ჩათვლით (დანიელი 7:1—8, 17; გამოცხადება 13:2, 11—13; 17:3).

      9. ა) რამ ცხადყო, რომ იოანეს კლასი იოანეს მსგავსად მოქმედებდა? ბ) იოანეს სიტყვების თანახმად რა უნდა გავაკეთოთ ბედნიერებისთვის?

      9 იოანე ერთგულად აცხადებდა იმ ცნობას, რომელიც მას ღმერთმა იესო ქრისტეს მეშვეობით გადასცა. მან დაწვრილებით აღწერა ის, რაც იხილა. იოანეს კლასიც გულმოდგინედ ეძებდა ღვთისა და იესო ქრისტეს ხელმძღვანელობას, რომ ბოლომდე ჩასწვდომოდა წინასწარმეტყველებებს და ღვთის ხალხისთვისაც გადაეცა მათი მნიშვნელობა. ცხებულების შესახებ (აგრეთვე უამრავი ხალხისგან შემდგარი საერთაშორისო საძმოს შესახებ, რომელიც დიდ გასაჭირს გადაიტანს) იოანემ დაწერა: „ბედნიერია, ვინც ხმამაღლა კითხულობს და ისმენს ამ წინასწარმეტყველების სიტყვებს და ვინც იცავს მასში დაწერილს, რადგან დანიშნული დრო ახლოსაა“ (გამოცხადება 1:3).

      10. რა უნდა გავაკეთოთ, რომ „გამოცხადებამ“ ბედნიერება მოგვიტანოს?

      10 დიდ სარგებლობას მივიღებთ, თუ წავიკითხავთ „გამოცხადებას“ და, განსაკუთრებით, თუ წაკითხულის თანახმად ვიმოქმედებთ. იოანემ თავის ერთ-ერთ წერილში დაწერა: „ღვთის სიყვარული ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს, მისი მცნებები კი დამამძიმებელი არ არის. ყოველივე, რაც ღვთისგან არის შობილი, სძლევს ქვეყნიერებას; ჩვენი რწმენით გავიმარჯვეთ და ვძლიეთ ქვეყნიერებას“ (1 იოანე 5:3, 4). ასეთი რწმენის განვითარება ნამდვილი ბედნიერების საწინდარია!

      11. ა) რატომაა აუცილებელი წინასწარმეტყველური სიტყვების დაცვა? ბ) რა დღის ზღურბლზე ვდგავართ?

      11 აუცილებლად უნდა დავიცვათ წინასწარმეტყველური სიტყვები, „რადგან დანიშნული დრო ახლოსაა“. რისთვისაა ეს დრო დანიშნული? „გამოცხადების“ წინასწარმეტყველების შესრულებისა და ღვთის განაჩენის აღსრულებისთვის. მალე ღმერთი და იესო ქრისტე საბოლოო განაჩენს აღასრულებენ სატანის ქვეყნიერებაზე. დედამიწაზე ყოფნისას იესომ თქვა, რომ მხოლოდ მამამისმა იცოდა „იმ დღეზე და საათზე“. იესომ წინასწარ განჭვრიტა, რა საშინელი მოვლენები განვითარდებოდა ჩვენს დროში და თქვა: „ეს თაობა არ შეწყვეტს არსებობას, სანამ ეს ყველაფერი არ მოხდება“. ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთის განაჩენის აღსრულების დღე კარსაა მომდგარი (მარკოზი 13:8, 30—32). აბაკუმის 2:3-ში ნათქვამია: „ეს ხილვა დანიშნული დროისთვისაა, შესრულებისკენ იჩქარის და არ გამტყუნდება; რომც დაყოვნდეს, დაელოდე, რადგან უეჭველად შესრულდება, არ დააგვიანდება“. დიდ გასაჭირში ხსნა იმაზეა დამოკიდებული, დავიცავთ თუ არა ღვთის წინასწარმეტყველურ სიტყვებს (მათე 24:20—22).

  • იესო მოდის, რათა გაამხნეოს
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • თავი 4

      იესო მოდის, რათა გაამხნეოს

      1. ვის მიმართავს იოანე და ვის უნდა აინტერესებდეს ეს ცნობა დღეს?

      რაზეც ახლა ვისაუბრებთ, განსაკუთრებით უნდა აინტერესებდეს კრებებად გაერთიანებულ ღვთის ხალხს. ჩვენ გავარჩევთ რამდენიმე განსაკუთრებით აქტუალურ ცნობას, რადგან „დანიშნული დრო“ ახლოსაა (გამოცხადება 1:3). მათი გათვალისწინება ჩვენს მარადიულ კეთილდღეობას მოემსახურება. ჩვენ ვკითხულობთ: «იოანე — შვიდ კრებას აზიაში: წყალობა და მშვიდობა თქვენ მისგან, „ვინც არის, იყო და მოდის“, და შვიდი სულისგან, რომლებიც მისი ტახტის წინაშე არიან, და იესო ქრისტესგან» (გამოცხადება 1:4, 5ა).

      2. ა) რას აღნიშნავს რიცხვი შვიდი? ბ) უფლის დღის დადგომიდან მოყოლებული ვის ეხება შვიდი კრებისთვის მიწერილი სიტყვები?

      2 იოანე „შვიდ კრებას“ მიმართავს, რომელთა სახელებსაც მოგვიანებით შევიტყობთ. რიცხვი შვიდი ხშირად მეორდება „გამოცხადებაში“ და სისავსის სიმბოლოს წარმოადგენს, განსაკუთრებით, როცა ლაპარაკია ღმერთსა და მის ცხებულთა კრებაზე. ცხებულთა შვიდი კრებისთვის მიწერილი სიტყვები დღესაც ეხება ღვთის ხალხს, რადგან უფლის დღის დაწყებიდან მოყოლებული მთელ მსოფლიოში იზრდება კრებების რიცხვი და ათობით ათასს აღწევს (გამოცხადება 1:10). იოანეს ცნობა მართლაც მნიშვნელოვანია იეჰოვას მოწმეთა ყველა კრებისთვის და მათთვის, ვინც ღვთის ცნობას უსმენს.

      3. ა) როგორც იოანეს მისალმებიდან ჩანს, ვისგან მომდინარეობს „წყალობა და მშვიდობა“? ბ) პავლე მოციქულის რომელ სიტყვებს მოგვაგონებს იოანეს მისალმება?

      3 „წყალობა და მშვიდობა“ ყველას გვსიამოვნებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა გვესმის, ვისგან მომდინარეობს. უზენაესი უფალი, მარადცოცხალი ღმერთი იეჰოვა, „მარადიულობის მეფე“ ერთსაც გვაძლევს და მეორესაც (1 ტიმოთე 1:17; ფსალმუნი 90:2). მუხლში „შვიდი სულიც“ მოიხსენიება, რაც წმინდა სულის, ღვთის ძალის მოქმედების სისრულის სიმბოლოა. წმინდა სული ცოდნას სძენს და აკურთხებს ყველას, ვინც გულისყურით ეკიდება წინასწარმეტყველებას. იესო ქრისტესაც არანაკლებ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, ვისზეც მოგვიანებით იოანემ დაწერა: „ის სავსე იყო წყალობითა და ჭეშმარიტებით“ (იოანე 1:14). იოანეს მისალმება მოგვაგონებს პავლე მოციქულის სიტყვებს, რომლითაც კორინთელებისთვის მიწერილი მეორე წერილი დაასრულა: „უფალ იესო ქრისტეს წყალობა, ღვთის სიყვარული და წმინდა სულთან მოზიარეობა იყოს ყველა თქვენგანთან“ (2 კორინთელები 13:13, 14). გვსურს, რომ ჩვენც, ჭეშმარიტების მოყვარულთაც გვეხებოდეს ეს სიტყვები (ფსალმუნი 119:97).

      „ერთგული მოწმე“

      4. როგორ აღწერს იოანე იესო ქრისტეს, და რატომ შეეფერება მისი სიტყვები იესოს მდგომარეობას?

      4 იეჰოვას შემდეგ მთელ სამყაროში ყველაზე დიდებული პიროვნება იესოა. ეს იოანემაც დაადასტურა, როცა ის აღწერა, როგორც « „ერთგული მოწმე“, „მკვდართაგან პირმშო“ და „დედამიწის მეფეთა მთავარი“ » (გამოცხადება 1:5ბ). იესოს მთვარესავით ურყევი მდგომარეობა უკავია ზეცაში. ღვთის ძე ყველაზე დიდებული მოწმეა იმისა, რომ იეჰოვაა ღმერთი (ფსალმუნი 89:37). სანამ შეეწირებოდა, იესომ ბოლომდე შეინარჩუნა ერთგულება, მკვდრეთით აღდგა და პირველი დაუბრუნდა უკვდავ სულიერ სიცოცხლეს (კოლოსელები 1:18). ამჟამად ის იეჰოვას წინაშეა, ყველა მიწიერ მეფეზე აღმატებულია და მიცემული აქვს „მთელი ძალაუფლება, ზეცაში თუ დედამიწაზე“ (მათე 28:18; ფსალმუნი 89:27; 1 ტიმოთე 6:15). 1914 წელს ის გამეფდა და დაიწყო მმართველობა დედამიწის ერებს შორის (ფსალმუნი 2:6—9).

      5. ა) როგორ გამოხატავს მადლიერებას იოანე უფალ იესო ქრისტეს მიმართ? ბ) ვისთვის გაიღო იესომ მსხვერპლად თავისი სრულყოფილი ადამიანური სიცოცხლე, და რა განსაკუთრებულ კურთხევას იღებენ ცხებული ქრისტიანები?

      5 იოანე კვლავ მადლიერებით მოიხსენიებს უფალ იესო ქრისტეს: „მას, ვისაც ვუყვარვართ და ვინც საკუთარი სისხლით გაგვათავისუფლა ჩვენი ცოდვებისგან, და თავისი ღვთისა და მამის სამეფოდ და მღვდლებად გაგვხადა, დიდება და ძლევამოსილება მარადიულად. ამინ“ (გამოცხადება 1:5გ, 6). იესომ თავისი სრულყოფილი ადამიანური სიცოცხლე გაიღო, რათა თავისი მორწმუნეებისთვის სრულყოფილი სიცოცხლე დაებრუნებინა. მათ რიცხვს შეიძლება, თქვენც მიეკუთვნებოდეთ, ძვირფასო მკითხველო! (იოანე 3:16). იესოს მსხვერპლს განსაკუთრებული კურთხევები იოანეს მსგავსი ცხებული ქრისტიანებისთვის მოაქვს. ისინი მართლებად ცხადდებიან იესოს გაღებული გამოსასყიდით. ღვთის სულით შობილი მცირე სამწყსოს წევრები იესოს მსგავსად უარს ამბობენ დედამიწაზე ცხოვრების იმედზე და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესო ქრისტეს სამეფოში მეფეებად და მღვდლებად მსახურებას მოელიან (ლუკა 12:32; რომაელები 8:18; 1 პეტრე 2:5; გამოცხადება 20:6). მათ მართლაც დიდებული მომავალი ელით! გასაკვირი არ არის, ასე დარწმუნებით რატომ თქვა იოანემ, რომ დიდება და ძლევამოსილება იესოს ეკუთვნოდა!

      „ღრუბლებით მოდის“

      6. ა) რას გულისხმობს იოანე სიტყვებში იესო „ღრუბლებით მოდის“, და იესოს რომელი წინასწარმეტყველება გაახსენდებოდა მაშინ იოანეს? ბ) როგორ „მოდის“ იესო და ვის დაატყდება თავს დიდი მწუხარება დედამიწაზე?

      6 იოანე აღფრთოვანებით განაგრძობს: „აი, ის ღრუბლებით მოდის და დაინახავს მას ყოველი თვალი — ისინიც, ვინც ის განგმირა — და მის გამო მწუხარებისგან მკერდში დაიწყებს ცემას დედამიწის ყველა ტომი. ამინ“ (გამოცხადება 1:7). ამ დროს იოანეს უეჭველად გაახსენდებოდა იესოს მიერ ადრე წარმოთქმული წინასწარმეტყველება ქვეყნიერების აღსასრულზე. იესომ იწინასწარმეტყველა: „მაშინ ცაში გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი და დედამიწის ყველა ტომი მწუხარებისგან მკერდში დაიწყებს ცემას; იხილავენ ძლიერებითა და აღმატებული დიდებით ცის ღრუბლებზე მომავალ კაცის ძეს“ (მათე 24:3, 30). იესო იმ გაგებით „მოვა“, რომ სისრულეში მოიყვანს იეჰოვას მიერ ერებისთვის გამოტანილ განაჩენს. დედამიწაზე უეცარი ცვლილებები მოხდება, და რადგან „დედამიწის ყველა ტომი“ უგულებელყოფს იესოს მეფობას, მათ თავს დაატყდებათ „ყოვლისშემძლე ღვთის რისხვა“ (გამოცხადება 19:11—21; ფსალმუნი 2:2, 3, 8, 9).

      7. როგორ „დაინახავს“ იესოს „ყოველი თვალი“, მათ შორის ურჩების თვალიც?

      7 მოწაფეებთან გატარებულ უკანასკნელ საღამოს იესომ უთხრა მათ: „ცოტაც და ქვეყნიერება ვეღარ მიხილავს“ (იოანე 14:19). მაშ, როგორ „დაინახავს მას ყოველი თვალი“? იესოს მტრები ვერ იხილავენ მას ფიზიკურად, რადგან, როგორც პავლე მოციქულმა თქვა, ზეცად ამაღლების შემდეგ იესო „მკვიდრობს მიუწვდომელ სინათლეში“ და „კაციშვილს არ უნახავს და ვერც ნახავს“ მას (1 ტიმოთე 6:16). როგორც ჩანს, სიტყვაში „დაინახავს“ იოანე მიხვედრას გულისხმობს, ისევე როგორც ჩვენ ვხედავთ ღვთის უხილავ თვისებებს მისი შემოქმედების წყალობით (რომაელები 1:20). იესოს ‘მოსვლა ღრუბლებით’ ისევე უხილავი იქნება თვალისთვის, როგორც მზე ღრუბლებს მიღმა. დღისით ღრუბლიან ამინდშიც კი არ გვეპარება ეჭვი, რომ მზე ანათებს, რადგან დღეა და ნათელია. ასევე, უფალი იესო თვალისთვის უხილავია, მაგრამ ის „გამოჩნდება“ „აბრიალებულ ცეცხლში და შურს იძიებს მათზე, . . ვინც არ ემორჩილება სასიხარულო ცნობას. . . [იესოს] შესახებ“. მათაც მოუწევთ მისი „დანახვა“ (2 თესალონიკელები 1:6—8; 2:8).

      8. ა) ვინ განგმირა იესო ახ. წ. 33 წელს და ვინ არიან დღეს მისი „განმგმირავები“? ბ) როგორ „განგმირავენ“ იესოს, თუკი ის დედამიწაზე აღარ ცხოვრობს?

      8 იესოს ისინიც „დაინახავენ“, „ვინც ის განგმირა“. ვინ შეიძლება იყვნენ ისინი? ახ. წ. 33 წელს, როდესაც იესო სიკვდილით დასაჯეს, რომაელმა ჯარისკაცებმა პირდაპირი მნიშვნელობით განგმირეს იგი. ამ მკვლელობაში ბრალი იუდეველებსაც მიუძღოდათ, რაც პეტრეს მიერ ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე წარმოთქმული სიტყვებიდან ჩანს: „იესო, რომელიც თქვენ ბოძზე გააკარით, ღმერთმა უფლად და ქრისტედ აქცია“ (საქმეები 2:5—11, 36; შეადარეთ ზაქარიას 12:10; იოანეს 19:37). ის რომაელები და იუდეველები თითქმის 2 000 წელია, რაც დაიხოცნენ. ასე რომ, ფრაზაში „ვინც ის განგმირა“ უნდა იგულისხმებოდნენ ის ერები და ხალხები, რომლებიც დღეს ისეთივე სიძულვილს ავლენენ, როგორიც იესოს ბოძზე გამკვრელებმა გამოავლინეს. მართალია, იესო დედამიწაზე აღარ ცხოვრობს, მაგრამ როცა მოწინააღმდეგეები გაცხარებით დევნიან იეჰოვას მოწმეებს, რომლებიც იესოს შესახებ მოწმობენ ან მხარს უჭერენ მათდამი ასეთ მოპყრობას, შეიძლება ითქვას, რომ ისინი თავად იესოს „განმგმირავები“ არიან (მათე 25:33, 41—46).

      „ალფა და ომეგა“

      9. ა) ვინ ლაპარაკობს ზეციდან და რამდენჯერ ისმის მისი ხმა „გამოცხადებაში“? ბ) რას გულისხმობს იეჰოვა, როდესაც საკუთარ თავს ალფას და ომეგას და ყოვლისშემძლეს უწოდებს?

      9 აი, ახლა კი სასწაული ხდება! თვით უზენაესი უფალი იეჰოვა ლაპარაკობს. წინასწარმეტყველური ხილვების ახსნამდე მართლაც ღმერთს უნდა ელაპარაკა, რადგან ის არის ჩვენი დიდებული მოძღვარი და სწორედ მისგანაა მთელი „გამოცხადება“ (ესაია 30:20). ჩვენი ღმერთი აცხადებს: „მე ვარ ალფა და ომეგა. . . ვინც არის, იყო და მოდის, ყოვლისშემძლე“ (გამოცხადება 1:8). ეს პირველი განაცხადია იმ სამიდან, როდესაც „გამოცხადებაში“ იეჰოვა ზეციდან ლაპარაკობს (იხილეთ აგრეთვე გამოცხადების 21:5—8; 22:12—15). I საუკუნეში მცხოვრებმა ქრისტიანებმა იცოდნენ, რომ ალფა და ომეგა ბერძნული ანბანის პირველი და ბოლო ასოები იყო. ის ფაქტი, რომ იეჰოვა თავის თავს ალფას და ომეგას უწოდებს, იმაზე მეტყველებს, რომ მხოლოდ იეჰოვაა ყოვლისშემძლე ღმერთი. ის ერთხელ და სამუდამოდ ნათელყოფს, თუ ვინ შეიძლება იყოს ჭეშმარიტი ღმერთი, და ისიც ცხადი გახდება, რომ მხოლოდ ის არის ყოვლისშემძლე და უზენაესი მმართველი (შეადარეთ ესაიას 46:10; 55:10, 11).

      10. ა) რას ამბობს იოანე საკუთარ თავზე და სად იყო ის დაპატიმრებული? ბ) როგორც ჩანს, ვისი დახმარებით გადაეცა კრებებს იოანეს მიერ დაწერილი გრაგნილი? გ) ხშირად როგორ მიეწოდება ჩვენს დროში სულიერი საზრდო ღვთის ხალხს?

      10 იოანე, რომელიც დარწმუნებულია იმაში, რომ იეჰოვა საქმეს ბოლომდე მიიყვანს, ღვთის სხვა მონებს მიმართავს: „მე, იოანე, თქვენი ძმა და მოზიარე იესოს გასაჭირში, სამეფოსა და მოთმინებაში, კუნძულ პატმოსზე აღმოვჩნდი ღმერთზე ლაპარაკისა და იესოს შესახებ დამოწმების გამო“ (გამოცხადება 1:9). პატმოსზე სასიხარულო ცნობისთვის დაპატიმრებული მოხუცი იოანე, რომელიც თავის ძმებთან ერთად იტანდა გასაჭირს და მტკიცედ სწამდა, რომ მომავალ სამეფოში თვითონაც იმეფებდა, ახლა „გამოცხადების“ პირველ ხილვას ხედავს. მას უეჭველად გაამხნევებდა ეს ხილვები, ისევე როგორც დღეს იოანეს კლასს ამხნევებს მათი შესრულება. ჩვენ არ ვიცით, როგორ მიაწვდინა იოანემ კრებებს „გამოცხადების“ გრაგნილი, რადგან იმ დროს ის დაპატიმრებული იყო (გამოცხადება 1:11; 22:18, 19). ამაში, როგორც ჩანს, მას დაეხმარნენ იეჰოვას ანგელოზები, რომლებიც დღესაც ხშირად იცავენ იეჰოვას იმ ერთგულ მოწმეებს, რომელთა საქმიანობაც აკრძალული და შეზღუდულია, რათა მათ დროულად მიაწოდონ სულიერი საზრდო ჭეშმარიტებას მოწყურებულ ძმებს (ფსალმუნი 34:6, 7).

      11. იოანეს მსგავსად რა პატივი ხვდა წილად იოანეს კლასს?

      11 იოანე ალბათ დიდად აფასებდა იმას, რომ იეჰოვა მისი მეშვეობით მიმართავდა კრებებს! იოანეს კლასიც დიდად აფასებს ღვთის სახლეულობისთვის სულიერი საზრდოს დროულად მიწოდების შესაძლებლობას (მათე 24:45). კარგი იქნება, თუ თქვენც იქნებით მათ შორის, ვისაც ეს სულიერი საზრდო აძლიერებს, რათა მარადიული სიცოცხლის დიდებული ჯილდო მიიღოთ! (იგავები 3:13—18; იოანე 17:3).

  • იოანე განდიდებულ იესოს ხედავს
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • თავი 5

      იოანე განდიდებულ იესოს ხედავს

      ხილვა 1 გამოცხადება 1:10—3:22

      თემა: იესო ამოწმებს დედამიწაზე სულიერი ისრაელის მდგომარეობას და გულთბილად ამხნევებს მას.

      შესრულების დრო: სულითცხებულებისთვის უფლის დღე 1914 წელს დაიწყო და გაგრძელდება მანამ, სანამ ბოლო სულითცხებული არ მოკვდება და არ აღდგება.

      1. როდის ჰქონდა იოანეს პირველი ხილვა და როგორ გვიმხელს ის ამ ხილვის შესრულების დროს?

      წიგნში „გამოცხადება“ პირველი ხილვა პირველი თავის მე-10 მუხლიდან იწყება. „გამოცხადებაში“ მოხსენიებული დანარჩენი ხილვების მსგავსად, ეს ხილვაც იმ უჩვეულო მოვლენას აღწერს, რაც იოანემ იხილა და მოისმინა (გამოცხადება 1:10, 12; 4:1; 6:1). ეს ხილვა იოანემ I საუკუნეში იხილა. ის იოანეს დროინდელ შვიდ კრებას ეხებოდა. მაგრამ იოანე გვიმხელს, სინამდვილეში როდის შესრულდებოდა ეს ხილვა: „შთაგონებით უფლის დღეში აღმოვჩნდი“ (გამოცხადება 1:10ა). როდის დგება ეს „დღე“? უკავშირდება რამენაირად იმ დროს, რომელიც განსაკუთრებული ქარტეხილებით გამოირჩევა? თუ დიახ, მაშ ყური უნდა ვუგდოთ წინასწარმეტყველურ სიტყვებს, რადგან ის ჩვენს სიცოცხლეს, ჩვენს გადარჩენას ეხება (1 თესალონიკელები 5:20, 21).

      უფლის დღეში

      2. როდის იწყება უფლის დღე და როდის მთავრდება?

      2 როდის სრულდება „გამოცხადებაში“ ჩაწერილი ეს წინასწარმეტყველება? რა არის უფლის დღე? პავლე მოციქული განმარტავს, რომ ეს არის გასამართლებისა და ღვთის განზრახვების შესრულების დრო (1 კორინთელები 1:8; 2 კორინთელები 1:14; ფილიპელები 1:6, 10; 2:16). ამ დღის დადგომასთან ერთად იეჰოვას დიდებული განზრახვების შესრულება ნელ-ნელა თავის აპოგეას აღწევს. ეს დღე ზეცაში იესოს გამეფებით დაიწყო. უფლის დღის განმავლობაში იესო გაასამართლებს სატანის ქვეყნიერებას, აღდგება სამოთხე და ადამიანები გასრულყოფილდებიან. შემდეგ იესო ერთხელ და სამუდამოდ „თავის ღმერთსა და მამას გადასცემს სამეფოს“ (1 კორინთელები 15:24—26; გამოცხადება 6:1, 2).

      3. ა) როგორ გვეხმარება „შვიდი დროის“ შესახებ დანიელის წინასწარმეტყველება, გავიგოთ უფლის დღის დადგომის დრო? ბ) დედამიწაზე მომხდარი რომელი მოვლენები ადასტურებს 1914 წელს უფლის დღის დადგომას?

      3 სხვა ბიბლიური წინასწარმეტყველებების შესრულებაც გვეხმარება იმის დანახვაში, თუ როდის იწყება უფლის დღე. მაგალითად, დანიელმა აღწერა, თუ როგორ მოიკვეთებოდა დავით მეფის საგვარეულო მმართველობა, ხოლო „შვიდი დროის“ შემდეგ ხალხი გაიგებდა, რომ ‘უზენაესი იმმართველებდა კაცთა სამეფოზე და ვისაც ენდომებოდა, იმას მისცემდა მას’ (დანიელი 4:23, 24, 31, 32). ეს წინასწარმეტყველება ძირითადად იუდას სამეფოს დამხობით დაიწყო, რაც, როგორც ბიბლიური ისტორია აჩვენებს, ძვ. წ. 607 წლის ოქტომბერში მოხდა. გამოცხადების 12:6, 14-დან კი ვიგებთ, რომ სამ-ნახევარი დრო 1 260 დღეს მოიცავს. აქედან გამომდინარე, შვიდი დრო (ანუ ორჯერ 1 260) 2 520 დღე უნდა იყოს. თუ ავიღებთ „თითო წელიწადზე თითო დღეს“, მივალთ იმ დასკვნამდე, რომ „შვიდი დრო“ გრძელდება 2 520 წელს (ეზეკიელი 4:6). ამგვარად, იესო ქრისტე ზეცაში მმართველობას 1914 წლის ბოლოს შეუდგა. იმ წელს პირველმა მსოფლიო ომმა იფეთქა და დაიწყო კიდეც „მშობიარობის ტკივილები“, რომელიც დღემდე ტანჯავს კაცობრიობას. 1914 წლიდან სისხლით მორწყულ დედამიწაზე დაწყებული მოვლენები ადასტურებს, რომ სწორედ იმ წელს დაიწყო იესოს მოსვლის დღე (მათე 24:3—14)a.

      4. ა) „გამოცხადების“ სიტყვების თანახმად როდის დაიწყო პირველი ხილვის შესრულება? ბ) როდის დამთავრდება პირველი ხილვის შესრულება?

      4 პირველი ხილვა და ხილვაში მოცემული რჩევა ეხება უფლის დღეს, რომელიც 1914 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ამაზე მეტყველებს ის, რომ მოგვიანებით „გამოცხადებაში“ აღწერილია ღვთის ჭეშმარიტი და სამართლიანი განაჩენის აღსრულება, რაშიც უფალი იესო მნიშვნელოვან როლს ასრულებს (გამოცხადება 11:18; 16:15; 17:1; 19:2, 11). თუ პირველი ხილვის შესრულება 1914 წელს დაიწყო, როდისღა დასრულდება? როგორც გავიგეთ, ხილვა დედამიწაზე ღვთის ცხებულთა კრებას ეხება. ასე რომ, პირველი ხილვის შესრულება მაშინ დამთავრდება, როდესაც მოკვდება ცხებულთა კრების ბოლო წევრი და ზეციერი ცხოვრებისთვის აღდგება. თუმცა დედამიწაზე მცხოვრები სხვა ცხვრებისთვის უფლის დღე მანამ არ დასრულდება, სანამ კურთხევებს არ მიიღებენ იესო ქრისტეს ათასწლიანი მეფობის განმავლობაში (იოანე 10:16; გამოცხადება 20:4, 5).

      5. ა) რას მოუწოდებს ხმა იოანეს? ბ) რატომ არ გაუჭირდებოდა მაცნეს შვიდივე კრებისთვის გრაგნილის ჩატანა?

      5 სანამ იოანე რამეს დაინახავდა, ასეთი სიტყვები გაიგონა: «შემომესმა საყვირის ხმის მსგავსი ძლიერი ხმა, რომელიც ამბობდა: „რასაც ხედავ, დაწერე გრაგნილზე და გაუგზავნე შვიდ კრებას ეფესოში, სმირნაში, პერგამონში, თიატირაში, სარდისში, ფილადელფიასა და ლაოდიკეაში“ » (გამოცხადება 1:10ბ, 11). ხმა, რომელშიც ძალაუფლებისა და ბრძანების კილო იგრძნობა, თითქოს საყვირის ხმით მოუწოდებს იოანეს, რომ „შვიდ კრებას“ მისწეროს. იოანეს უნდა მიეღო რამდენიმე ცნობა და უნდა გაეცხადებინა ის, რასაც ნახავდა და გაიგონებდა. ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ მუხლში მოხსენიებული შვიდი კრება იოანეს დროს ნამდვილად არსებობდა. ყველა მათგანი მცირე აზიაში იყო კუნძულ პატმოსიდან მოშორებით. რომაელების დაგებული გზების წყალობით ერთი კრებიდან მეორეში ადვილად მიხვიდოდი და მაცნეც თავისუფლად ჩაიტანდა გრაგნილს ერთი კრებიდან მეორეში. ის შვიდი კრება იეჰოვას მოწმეების დღევანდელ თეოკრატიულ რაიონს მოგვაგონებს.

      6. ა) რა იგულისხმება სიტყვებში „რაც არის“? ბ) რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ცხებული ქრისტიანების მდგომარეობა იოანეს დროინდელ ცხებულების მდგომარეობას ჰგავს?

      6 „გამოცხადებაში“ ჩაწერილი წინასწარმეტყველებების უმეტესობა იოანეს სიკვდილის შემდეგ უნდა შესრულებულიყო. ეს წინასწარმეტყველებები ეხებოდა იმას, რაც ‘ამის შემდეგ უნდა მომხდარიყო’, თუმცა შვიდი კრებისთვის მიცემული რჩევები იმასაც ეხება, „რაც არის“, ანუ შვიდივე კრების იმდროინდელ მდგომარეობას. ის რჩევები დიდ დახმარებას გაუწევდა როგორც იმ შვიდი კრების ერთგულ უხუცესებს, ისე სხვა კრებებში მომსახურე ცხებულ ქრისტიანებსb. რადგან ეს ხილვა ძირითადად უფლის დღის დროს სრულდება, იესოს სიტყვებიდან გამომდინარე დღესაც მსგავსი მდგომარეობა უნდა ყოფილიყო ცხებულ ქრისტიანთა კრებაში.

      7. ვის ხედავს იოანე თავის პირველ ხილვაში და რატომაა ეს ხილვა ჩვენთვის მნიშვნელოვანი და გამამხნევებელი?

      7 პირველ ხილვაში იოანე ხედავს ზეციერი დიდებით შემოსილ უფალ იესო ქრისტეს. წინასწარმეტყველური წიგნისთვის, რომელიც ზეციერი ძალაუფლების მქონე უფლის დიდ დღეს ეხება, ყველაზე შესაფერისი სწორედ ეს ხილვა იქნებოდა! რა უნდა იყოს ამაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ვინც უფლის დღეს ვცხოვრობთ და ყურს ვუგდებთ მის თითოეულ მითითებას?! როგორი სიხარული მოაქვს იეჰოვას უზენაესობის მხარდამჭერთათვის იმას, რომ მესია, როგორც შთამომავალი, რომელმაც გაუძლო სატანის გამოცდებსა და დევნებს და რომელმაც ბოლოს, თითქმის 2000 წლის წინ, ქუსლდაგესლილმა საშინელი სიკვდილით დაასრულა სიცოცხლე, ახლა ცოცხალია, ზეცაშია და ძლიერებით არის აღჭურვილი, რომ ღვთის დიდებული განზრახვა სისრულეში მოიყვანოს (დაბადება 3:15).

      8. რისთვის არის იესო მზად?

      8 ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ იესო, როგორც ტახტზე ასული მეფე, მოქმედებისთვის მზად არის. იეჰოვამ ის მთავარ აღმსრულებლად დანიშნა, რომ ერთხელ და სამუდამოდ სისრულეში მოიყვანოს დრომოჭმული, ბოროტი ქვეყნიერებისა და მისი ღმერთის, სატანის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი. იესო მზად არის, გაასამართლოს თავისი კრების ცხებულები, მათი თანამსახური უამრავი ხალხი და მთელი ქვეყნიერება (გამოცხადება 7:4, 9; საქმეები 17:31).

      9. ა) როგორ აღწერს იოანე ოქროს სალამპრეებს შორის მდგომ დიდებით შემოსილ იესო ქრისტეს? ბ) რას ახსენებს იოანეს ანთებულ სალამპრეებს შორის მდგომი იესო და იესოს სამოსი? გ) რას ნიშნავს ოქროს სარტყელი?

      9 იოანე ტრიალდება საყვირის ხმაზე და აი რას ხედავს: „მივბრუნდი, რომ დამენახა, რა ხმა მელაპარაკებოდა და დავინახე შვიდი ოქროს სალამპრე“ (გამოცხადება 1:12). მოგვიანებით იოანე იგებს, რას განასახიერებს ეს შვიდი სალამპრე, მაგრამ მის ყურაღდებას ლამპრებს შორის მდგომი კაცი იპყრობს. იდგა „სალამპრეებს შორის ვიღაცა, კაცის ძის მსგავსი, რომელსაც გრძელი სამოსელი ემოსა და მკერდზე ოქროს სარტყელი ერტყა“ (გამოცხადება 1:13). იოანეს, თავზარდაცემულ მოწმეს, გაბრწყინებული იესო, „კაცის ძე“ ევლინება. ის დიდებით არის შემოსილი და ანთებულ ოქროს სალამპრეებს შორის დგას. იოანეს ეს ხილვა ტაძარს აგონებს და შეახსენებს იმას, რომ იესო იეჰოვას დიდებული მღვდელმთავარია, რომელსაც ხელთ გასამართლების ძალაუფლება უპყრია (ებრაელები 4:14; 7:21—25). იესოს გრძელი ბრწყინვალე სამოსი მისი მღვდლობის მაჩვენებელია. როგორც ძველად იუდეველ მღვდლებს, იესოსაც ოქროს სარტყელი ერტყა მკერდზე და გულს უფარავდა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ იესო საგულდაგულოდ შეასრულებს იეჰოვა ღმერთისგან მიღებულ დავალებას (გამოსვლა 28:8, 30; ებრაელები 8:1, 2).

      10. ა) რისი მაჩვენებელია იესოს თოვლივით თეთრი თმა და ცეცხლოვანი თვალები? ბ) რას ნიშნავს იესოს ფეხების შედარება გავარვარებულ სპილენძთან?

      10 იოანე განაგრძობს: „თავი და თმა თეთრი მატყლივით და თოვლივით თეთრი ჰქონდა, თვალები — როგორც ცეცხლის ალი“ (გამოცხადება 1:14). თოვლივით თეთრი თმა უხსოვარი დროიდან შეძენილი სიბრძნის მაჩვენებელია (შეადარეთ იგავების 16:31). ცეცხლოვანი თვალები კი იმას ნიშნავს, რომ მახვილია მისი თვალი, როცა ეძებს, ამოწმებს ან რისხვას ავლენს. იესოს ფეხებმაც მიიპყრო იოანეს მზერა: „ფეხები — როგორც ღუმელში გავარვარებული სუფთა სპილენძი, ხმა კი — როგორც ბევრი წყლის ხმა“ (გამოცხადება 1:15). იესოს ფეხები გავარვარებულ მბრწყინავ სპილენძს მიუგავს, და მართებულადაც, რადგან ის გულმოდგინე მსახურია და წმინდა მდგომარეობა უკავია იეჰოვას წინაშე. ბიბლიაში ოქრო ხშირად რაღაც ღვთიურს განასახიერებს, სპილენძი კი ზოგჯერ — ადამიანურსc. იესოს ფეხები, რომელიც გავარვარებულ სპილენძს ჰგავს, შეგვახსენებს იმას, თუ რა „მშვენიერი ფეხებით“ დადიოდა იესო დედამიწაზე და ქადაგებდა სასიხარულო ცნობას (ესაია 52:7; რომაელები 10:15).

      11. ა) რას მოგვაგონებს იესოს „მშვენიერი ფეხები“? ბ) რას ვიგებთ იესოს ხმის შედარებით „ბევრი წყლის ხმასთან“?

      11 იესო სრულყოფილი ადამიანი იყო და ამიტომაც ხედავდნენ ანგელოზები და ადამიანები მის ბრწყინვალებას (იოანე 1:14). მისი „მშვენიერი ფეხები“ იმას შეგვახსენებს, რომ ის იეჰოვას ორგანიზაციის წმინდა მიწაზე დადის, სადაც მღვდელმთავრად მსახურობს (შეადარეთ გამოსვლის 3:5). მისი ხმა უზარმაზარი ჩანჩქერის ხმას ჰგავს. ასეთი შთამბეჭდავი და მოწიწების მომგვრელი აღწერილობა მართლაც შეეფერება მას, ვისაც ღვთის სიტყვა ეწოდება, ვინც იმისათვის მოვიდა, რომ „სიმართლით გაასამართლოს მსოფლიო“ (საქმეები 17:31; იოანე 1:1).

      12. რას ნიშნავს „ბასრი, დიდი ორლესული მახვილი“?

      12 „მარჯვენა ხელში შვიდი ვარსკვლავი ეჭირა; მისი პირიდან ბასრი, დიდი ორლესული მახვილი იყო გამოშვერილი; სახე მოკაშკაშე მზეს მიუგავდა. როცა დავინახე, მკვდარივით დავეცი მის ფეხებთან“ (გამოცხადება 1:16, 17ა). მოგვიანებით იესო ხსნის შვიდი ვარსკვლავის მნიშვნელობას, მაგრამ ჯერ იმას დავუკვირდეთ, რა გამოდის მისი პირიდან — „ბასრი, დიდი ორლესული მახვილი“. ეს არ არის გასაკვირი, რადგან იეჰოვამ იესოს დაავალა თავისი მტრების წინააღმდეგ გამოტანილი საბოლოო განაჩენის აღსრულება. მისი პირიდან გამოსულ დამაჯერებელ სიტყვებს ბოროტთა აღსასრული მოჰყვება (გამოცხადება 19:13, 15).

      13. ა) რას მოგვაგონებს იესოს მოკაშკაშე, გაბრწყინებული სახე? ბ) რა შთაბეჭდილებას ახდენს იესოს აღწერილობა ჩვენზე?

      13 იესოს მოკაშკაშე, გაბრწყინებული სახე მოგვაგონებს სინას მთაზე იეჰოვასთან ლაპარაკის დროს მოსეს განათებულ სახეს (გამოსვლა 34:29, 30). ისიც გავიხსენოთ, რომ, როდესაც დაახლოებით 2 000 წლის წინათ იესო მოციქულების წინაშე გარდაიქმნა, „სახე მზესავით გაუნათდა და ტანსაცმელი სინათლესავით გაუბრწყინდა“ (მათე 17:2). როგორც იოანეს ხილვაშია აღწერილი, იეჰოვას წინაშე მყოფი იესო უფლის დღის განმავლობაში მსგავს ბრწყინვალებას ირეკლავს (2 კორინთელები 3:18). ამგვარად იოანეზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბრწყინვალე დიდების ხილვამ. თოვლივით თეთრი თმა, ცეცხლოვანი თვალები, მოკაშკაშე სახე და გავარვარებული ფეხები განასახიერებს მას, ვინც „მიუწვდომელ სინათლეში“ მკვიდრობს (1 ტიმოთე 6:16). ეს მართლაც არაჩვეულებრივი სანახაობაა. როგორ იმოქმედა ხილვამ იოანეზე? მოციქული ყვება: „როცა დავინახე, მკვდარივით დავეცი მის ფეხებთან“ (გამოცხადება 1:17).

      14. როგორ უნდა იმოქმედოს ჩვენზე იოანეს ხილვამ, რომელშიც განდიდებული იესო იხილა?

      14 იოანეს შთამბეჭდავი ხილვა ღვთის ხალხს მადლიერებას უნერგავს. უფლის დღის დადგომიდან 90 წელზე მეტი გავიდა და ხილვა კვლავ სასწაულებრივად სრულდება. იესოს სამეფოს დადგომას მომავალში როდი უნდა ველოდოთ, ის დღეს უკვე მმართველობს. ამიტომ ჩვენ, სამეფოს ერთგულმა ქვეშევრდომებმა, მთელი მონდომებით უნდა განვიხილოთ, კიდევ რა იხილა იოანემ პირველ ხილვაში და ყურად უნდა ვიღოთ განდიდებული იესო ქრისტეს სიტყვები.

      [სქოლიოები]

      a დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, გვერდები 88—92; 215—218.

      b I საუკუნეში კრება მოციქულისგან წერილს რომ მიიღებდა, სხვა კრებებსაც უგზავნიდა ხოლმე, რათა ყველას მიეღო სარგებლობა (შეადარეთ კოლოსელების 4:16).

      c სოლომონის ტაძრის მოსაპირკეთებლად და ტაძრის ნივთების გასაკეთებლად ოქრო გამოიყენეს, ტაძრის ეზოს მოსაწყობად კი — სპილენძი (1 მეფეები 6:19—23, 28—35; 7:15, 16, 27, 30, 38—50; 8:64).

  • იოანე განდიდებულ იესოს ხედავს
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • [სურათები 23 გვერდზე]

      არქეოლოგიური გათხრები იმ ქალაქებში, სადაც შვიდი კრება იყო, ბიბლიაში ჩაწერილ ინფორმაციას ადასტურებს. სწორედ იქ მიიღეს I საუკუნის ქრისტიანებმა გამამხნევებელი წერილები, რომლებიც დღესაც არ კარგავს თავის მნიშვნელობას მთელი მსოფლიოს კრებებისთვის.

      პერგამონი

      სმირნა

      თიატირა

      სარდისი

      ეფესო

      ფილადელფია

      ლაოდიკეა

  • წმინდა საიდუმლო ცხადდება
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • თავი 6

      წმინდა საიდუმლო ცხადდება

      1. რისკენ უნდა აღგვძრავდეს გამოცხადების 1:10—17-ში აღწერილი შთამბეჭდავი ხილვა?

      ხილვა, რომელშიც იესოა განდიდებული, მოწიწების მომგვრელია! უეჭველია, მოციქულ იოანესთან ერთად რომ ვყოფილიყავით, ჩვენც თავზარს დაგვცემდა ეს ხილვა და პირქვე დავემხობოდით (გამოცხადება 1:10—17). ეს ზებუნებრივი ხილვა დღესაც აღგვძრავს მოქმედებისკენ. იოანეს მსგავსად, ჩვენც მადლიერები უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის, რასაც ამ ხილვიდან ვიგებთ. ყოველთვის ღრმა პატივისცემით უნდა ვიყოთ გამსჭვალულნი იესოს, როგორც დანიშნული მეფის, მღვდელმთავრისა და მსაჯულის მიმართ (ფილიპელები 2:5—11).

      „პირველი და უკანასკნელი“

      2. ა) რას უწოდებს იესო თავის თავს? ბ) რა გაგებით იყენებს იეჰოვა სიტყვებს „მე ვარ პირველი და უკანასკნელი“? გ) რას გულისხმობს იესო სიტყვებში „პირველი და უკანასკნელი“?

      2 მოწიწება ავადმყოფურ შიშში არ უნდა გადაიზარდოს. იესომ გაამხნევა იოანე. იოანე მოგვითხრობს: «მარჯვენა ხელი დამადო და მითხრა: „ნუ გეშინია. მე ვარ პირველი და უკანასკნელი და ცოცხალი“ » (გამოცხადება 1:17ბ, 18ა). ესაიას 44:6-ში იეჰოვა ამბობს, რომ მხოლოდ ის არის ერთადერთი ყოვლისშემძლე ღმერთი: „მე ვარ პირველი და უკანასკნელი, ჩემ გარდა არ არსებობს სხვა ღმერთი!“a. იესომაც თქვა თავის თავზე, რომ ის იყო „პირველი და უკანასკნელი“, მაგრამ მას არ უგულისხმია, რომ იეჰოვას, დიდებული შემოქმედის, თანასწორი იყო. იესომ ეს წოდება სამართლიანად მიიღო ღვთისგან, რაზეც ეს სიტყვები მიუთითებს. ესაიას წიგნში იეჰოვა იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთია. ის მარადიული ღმერთია და მის გარდა სხვა ღმერთი არ არსებობს (1 ტიმოთე 1:17). „გამოცხადებაში“ კი იესო სიტყვებით „პირველი და უკანასკნელი“ თავის განუმეორებელ მკვდრეთით აღდგომას გულისხმობს.

      3. ა) რა გაგებით არის იესო „პირველი და უკანასკნელი“? ბ) რას ნიშნავს, რომ იესოს „სიკვდილისა და სამარის გასაღებები“ აქვს?

      3 იესო პირველი ადამიანი იყო, რომელიც უკვდავ სულიერ ქმნილებად აღდგა (კოლოსელები 1:18). ამასთანავე, ის არის უკანასკნელი, ვინც უშუალოდ იეჰოვამ აღადგინა. ამიტომაც ეწოდება მას ‘ცოცხალი, სამარადისოდ ცოცხალი’. თავისი უკვდავი მამის, „ცოცხალი ღვთის“ მსგავსად იესოც უკვდავია (გამოცხადება 7:2; ფსალმუნი 42:2). სხვა ყველასთვის კი იესო თვითონაა „აღდგომა და სიცოცხლე“ (იოანე 11:25). ის ამბობს: „მკვდარი ვიყავი, მაგრამ, აი, ცოცხალი ვარ სამარადისოდ და მაქვს სიკვდილისა და სამარის გასაღებები“ (გამოცხადება 1:18ბ). იეჰოვამ თვითონ გახადა იესო უფლებამოსილი, რომ მკვდრები აღედგინა. ამიტომ ამბობს იესო, რომ მას აქვს გასაღებები სიკვდილისა და სამარის ტყვეობაში მყოფთა გასათავისუფლებლად (შეადარეთ მათეს 16:18).

      4. რას ავალებს კვლავ იესო იოანეს და ეს ვის გამხნევებასა და დამოძღვრას მოემსახურება?

      4 იესო უმეორებს იოანეს, რომ ჩაწეროს ხილვა: „დაწერე, რაც ნახე, რაც არის და რაც ამის შემდეგ მოხდება“ (გამოცხადება 1:19). კიდევ რას გავიგებთ იოანესგან, რაც ჩვენს გამხნევებასა და დამოძღვრას მოემსახურება?

      ვარსკვლავები და სალამპრეები

      5. როგორ ხსნის იესო „შვიდი ვარსკვლავისა“ და „შვიდი სალამპრის“ მნიშვნელობას?

      5 იოანე ხედავს შვიდ სალამპრეს შორის მდგომ იესოს, რომელსაც ხელში შვიდი ვარსკვლავი უჭირავს (გამოცხადება 1:12, 13, 16). ახლა იესო ხსნის, თუ რას ნიშნავს ეს: „აი წმინდა საიდუმლო შვიდი ვარსკვლავის შესახებ, ჩემს მარჯვენაში რომ იხილე, და შვიდი ოქროს სალამპრის შესახებ: შვიდი ვარსკვლავი შვიდი კრების ანგელოზები არიან, შვიდი სალამპრე კი შვიდი კრებაა“ (გამოცხადება 1:20).

      6. რას ნიშნავს შვიდი ვარსკვლავი, და რატომ მისწერა იესომ ეს ცნობა უშუალოდ მათ?

      6 ვარსკვლავები „შვიდი კრების ანგელოზებს“ განასახიერებს. „გამოცხადებაში“ ვარსკვლავი ზოგჯერ ანგელოზს ნიშნავს, მაგრამ იესო არ დაავალებდა ადამიანს, რომ უხილავი სულიერი ქმნილებებისთვის მიეწერა. აქედან გამომდინარე, „ვარსკვლავები“ კრების ზედამხედველებს ანუ უხუცესებს — იესოს მაცნეებს — უნდა ნიშნავდესb. ეს ცნობა იესომ „ვარსკვლავებს“ მისწერა, რადგან მათ იეჰოვას სამწყსო უნდა ემწყემსათ (საქმეები 20:28).

      7. ა) საიდან ჩანს, რომ თითოეულ კრებაში მხოლოდ ერთი უხუცესი არ მსახურობდა, მიუხედავად იმისა, რომ იესო ერთ ანგელოზს მიმართავდა? ბ) ვის განასახიერებს შვიდი ვარსკვლავი იესოს მარჯვენა ხელში?

      7 მართალია, იესო მხოლოდ თითოეული კრების თითო ანგელოზს მიმართავს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თითოეულ კრებაში მხოლოდ ერთი უხუცესი იყო. პავლეს დროს ეფესოს კრებაში რამდენიმე უხუცესი მსახურობდა (გამოცხადება 2:1; საქმეები 20:17). ასე რომ, იოანეს დროს, როდესაც იესომ შვიდ „ვარსკვლავს“ მისწერა ცნობა კრებებისთვის წასაკითხად (მათ შორის ეფესოს კრებისთვისაც), ვარსკვლავებში იგულისხმებოდა ყველა, ვინც იეჰოვას ცხებულთა კრების უხუცესთა საბჭოში მსახურობდა. ზედამხედველები დღესაც კითხულობენ კრებებში ხელმძღვანელი საბჭოს, იესოს მორჩილი ცხებული ზედამხედველების წერილებს. უხუცესთა საბჭო ყურადღებას უნდა აქცევდეს, რომ კრება იესოს მითითებებს მიჰყვებოდეს. ცხადია, იესოს მითითებები სასარგებლოა არა მხოლოდ უხუცესებისთვის, არამედ კრების ყველა წევრისთვის (იხილეთ გამოცხადების 2:11ა).

      8. რაზე მეტყველებს ის, რომ უხუცესები იესოს „მარჯვენაში“ არიან?

      8 ვინაიდან იესო კრების თავია, მართებულია იმის თქმა, რომ უხუცესები მის „მარჯვენაში“ არიან ანუ მას ემორჩილებიან (კოლოსელები 1:18). ის მთავარი მწყემსია, უხუცესები კი მისი დამხმარე მწყემსები არიან (1 პეტრე 5:2—4).

      9. ა) რა არის წარმოდგენილი შვიდი სალამპრით და რატომ არის ეს მართებული? ბ) რა შეიძლებოდა შეეხსენებინა ხილვას მოციქული იოანესთვის?

      9 შვიდი სალამპრე შვიდი კრებაა, რომელთაც იოანემ „გამოცხადებაში“ ჩაწერილი სიტყვები მისწერა. ეს კრებებია: ეფესო, სმირნა, პერგამონი, თიატირა, სარდისი, ფილადელფია და ლაოდიკეა. რატომ არის წარმოდგენილი ეს კრებები სალამპრეებით? იმიტომ, რომ ქრისტიანები ინდივიდუალურად თუ ერთობლივად ‘ადამიანთა წინაშე უნდა ანათებდნენ’ ამ პირქუშ ქვეყნიერებაში (მათე 5:14—16). სალამპრეები სოლომონის ტაძარშიც იდგა. იესომ რომ კრებებს სალამპრეები უწოდა, ეს იოანეს შეახსენებდა, რომ ცხებულთა თითოეული კრება „ღვთის ტაძარი“ იყო, ღვთის სულის სამკვიდრო (1 კორინთელები 3:16). ცხებულთა კრების წევრები „სამეფო სამღვდელოებას“ ქმნიან იეჰოვას დიდებულ სულიერ ტაძარში, რომლის მღვდელმთავარიც იესოა. სწორედ ამ ტაძარში, რომლის პირველსახეც იერუსალიმის ტაძარია, ზეციერი ღმერთი, უწმინდესი იეჰოვა მკვიდრობს (1 პეტრე 2:4, 5, 9; ებრაელები 3:1; 6:20; 9:9—14, 24).

      დიდი განდგომილება

      10. როგორ დაკარგეს ახ. წ. 70 წელს მოუნანიებელმა იუდეველებმა სახელმწიფოებრიობა?

      10 როდესაც იოანემ „გამოცხადება“ დაწერა, ქრისტიანობა უკვე 60 წელზე მეტ ხანს არსებობდა. პირველ 40 წელს იუდაიზმი გაუთავებელ წინააღმდეგობას უწევდა ქრისტიანობას. ახ. წ. 70 წელს კი რომაელებმა სასიკვდილო დარტყმა მიაყენეს მოუნანიებელ იუდეველებსა და იერუსალიმის ტაძარს, და იუდეველებმა სახელმწიფოებრიობა დაკარგეს. განადგურდა მათთვის კერპად ქცეული იერუსალიმის ტაძარი.

      11. რატომ იყო დროული მთავარი მწყემსის გაფრთხილება, რომ კრებებში მოსალოდნელი იქნებოდა განდგომილება?

      11 მოციქულმა პავლემ იწინასწარმეტყველა, რომ ცხებულ ქრისტიანებს შორის გამოჩნდებოდნენ განდგომილები. როგორც იესოს სიტყვებიდან ჩანს, იოანეს სიცოცხლის ბოლოს განდგომილება უკვე იკიდებდა ფეხს. სატანა ყველანაირად ცდილობდა, გაერყვნა ქალის შთამომავლობა; იოანე ბოლო იყო, ვინც აკავებდა სატანის თავდასხმას (2 თესალონიკელები 2:3—12; 2 პეტრე 2:1—3; 2 იოანე 7—11). ამიტომ მისწერა დროულად იეჰოვას დაყენებულმა მთავარმა მწყემსმა კრების უხუცესებს, რომ მოსალოდნელი იყო განდგომილება, და წაახალისა გულწრფელი ადამიანები, ბოლომდე დაეცვათ სიმართლე.

      12. ა) როგორ ვრცელდებოდა განდგომილება იოანეს სიკვდილის შემდეგ საუკუნეების განმავლობაში? ბ) როგორ წარმოიშვა ქრისტიანული სამყარო?

      12 ჩვენ არ ვიცით, ყურად იღეს თუ არა კრებებმა იესოს სიტყვები ახ. წ. 96 წელს, მაგრამ ცნობილია, რომ იოანეს სიკვდილის შემდეგ განდგომილება სწრაფად გავრცელდა. „ქრისტიანები“ ბიბლიის გადაწერისას ღვთის სახელის, იეჰოვას, ნაცვლად იყენებდნენ წოდებებს „უფალი“ და „ღმერთი“. IV საუკუნეში კრებებში შეაღწია სამების შესახებ ცრუ სწავლებამ, იმავე პერიოდში დამკვიდრდა მოძღვრება სულის უკვდავების შესახებ, ბოლოს კი, რომის იმპერატორმა კონსტანტინემ „ქრისტიანობას“ მხარდაჭერა გამოუცხადა, რითაც ხელი შეუწყო ქრისტიანული სამყაროს განვითარებას. შედეგად ეკლესიას და სახელმწიფოს ერთად უნდა ემმართველათ ათასი წლის განმავლობაში. რთული არ იყო ასეთ „ქრისტიანად“ გახდომა. წარმართული წეს-ჩვეულებები შეერწყა ამ ახალ რელიგიას. ქრისტიანული სამყაროს მრავალი წინამძღოლი გახდა დესპოტი პოლიტიკური მმართველი, რომლებიც მახვილით ამკვიდრებდნენ განდგომილებას.

      13. იესოს გაფრთხილების მიუხედავად როგორ მოიქცნენ განდგომილი ქრისტიანები?

      13 განდგომილმა ქრისტიანებმა სრულიად უგულებელყვეს შვიდი კრებისადმი მიწერილი იესოს სიტყვები. იესომ ეფესოელ ქრისტიანებს მოუწოდა, განეახლებინათ თავდაპირველი სიყვარული, მაგრამ „ქრისტიანული“ სამყაროს წევრებს იეჰოვას სიყვარული აღარ აერთიანებდათ (გამოცხადება 2:4). ისინი სისხლისმღვრელ ომებში მონაწილეობდნენ და სასტიკად დევნიდნენ ერთმანეთს (1 იოანე 4:20). იესომ პერგამონის კრება გააფრთხილა, რომ გავრცელდებოდა სექტანტობა. სექტები II საუკუნეშივე გამოჩნდა და ქრისტიანული სამყარო დღესაც ერთმანეთის მოწინააღმდეგე ათასობით სექტასა და მიმდინარეობას ითვლის (გამოცხადება 2:15).

      14. ა) იესოს გაფრთხილების მიუხედავად როგორ იქცეოდნენ ეგრეთ წოდებული ქრისტიანები? ბ) როგორ ცხადყვეს ეგრეთ წოდებულმა ქრისტიანებმა, რომ უგულებელყვეს იესოს გაფრთხილება კერპთაყვანისმცემლობასა და უზნეობაზე?

      14 იესომ სარდისის კრებას მისწერა, რომ ისინი სულიერად მკვდრები იყვნენ (გამოცხადება 3:1). როგორც სარდისელმა, ისე ეგრეთ წოდებულმა ქრისტიანებმა მალევე დაივიწყეს ქრისტიანული საქმეები. მათ უმნიშვნელოვანესი დავალება, ქადაგება, სასულიერო პირთა მცირე ჯგუფს მიანდეს, რომელსაც გასამრჯელოს აძლევდნენ. იესომ თიატირის კრება გააფრთხილა, რომ არ დაეშვათ კერპთაყვანისმცემლობა და მეძაობა, ქრისტიანულმა სამყარომ კი გამოსახულებების თაყვანისცემა შემოიღო (გამოცხადება 2:20). გარდა ამისა, ხელს უწყობდა კერპთაყვანისმცემლობის ფარულ ფორმებს — ნაციონალიზმსა და მატერიალიზმს. მართალია, ზოგჯერ გმობდა უზნეობას, მაგრამ მაინც ყოველთვის აშკარად იწყნარებდა.

      15. რაზე მეტყველებს იესოს სიტყვები და სინამდვილეში რას წარმოადგენს ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება?

      15 შვიდი კრებისადმი მიწერილი იესოს სიტყვები გვიჩვენებს, რომ ქრისტიანული სამყაროს რელიგიების მიმდევრებს ვერანაირად ვერ ვუწოდებთ იეჰოვას რჩეულ ხალხს. ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება მართლაც სატანის შთამომავლობის მთავარი ნაწილია. მოციქულმა პავლემ ამ რელიგიებს „უკანონობის მოქმედი“ უწოდა და იწინასწარმეტყველა, რომ მათ „თან ახლავს სატანის მოქმედება ყოველგვარი სასწაულით, ცრუ ნიშნით, საკვირველებითა და ყოველგვარი უმართლო ცდუნებით“ (2 თესალონიკელები 2:9, 10).

      16. ა) ვის უსწორდებოდნენ განსაკუთრებული სიძულვილით ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლები? ბ) რა ხდებოდა შუა საუკუნეების ქრისტიანულ სამყაროში? გ) მოუღო ბოლო განდგომილებას პროტესტანტულმა აჯანყებამ ანუ რეფორმაციამ?

      16 თუმცა თავი ღვთის სამწყსოს მწყემსებად მოჰქონდათ, ქრისტიანული სამყაროს სასულიერო და საერო პირები განსაკუთრებული სიძულვილით უსწორდებოდნენ ყველას, ვინც ხალხს ბიბლიის კითხვისკენ მოუწოდებდა ან მათ არაბიბლიურ საქციელს ამხელდა. ისინი დევნიდნენ იან ჰუსსა და ბიბლიის მთარგმნელ უილიამ ტინდალს და ბოლოს წამებით მოკლეს კიდეც. სიბნელით მოცულ შუა საუკუნეებში, კათოლიკური ინკვიზიციის დროს, განდგომილებამ უმაღლეს წერტილს მიაღწია. უმოწყალოდ უსწორდებოდნენ ყველას, ვინც ეჭვქვეშ აყენებდა ეკლესიის მოძღვრებებსა და უფლებამოსილებას; ათასობით ეგრეთ წოდებული ერეტიკოსი წამებით მოკლეს, ბევრი მათგანი ბოძზე დაწვეს. ასე ცდილობდა სატანა, დაუყოვნებლივ გაენადგურებინა ნებისმიერი, ვინც ქალით წარმოდგენილი ღვთის ორგანიზაციის შთამომავლობას მიეკუთვნებოდა. პროტესტანტების აჯანყების ანუ რეფორმაციის დროს, რომელიც 1517 წლიდან დაიწყო, მრავალი პროტესტანტული ეკლესია მსგავსი შეუწყნარებლობის სულს ავლენდა. მათაც მიუძღოდათ ბრალი სისხლის ღვრაში, რადგან აწამებდნენ ღვთისა და ქრისტეს ერთგულ მსახურებს. მათ მართლაც „დაღვარეს წმინდათა. . . სისხლი“ (გამოცხადება 16:6; შეადარეთ მათეს 23:33—36).

      შთამომავლობა გადარჩა

      17. ა) რა იწინასწარმეტყველა იესომ ხორბლისა და სარეველას მაგალითით? ბ) რა მოხდა 1918 წელს და რა მოჰყვა ამას შედეგად?

      17 მაგალითში ხორბლისა და სარეველას შესახებ იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ქრისტიანული სამყაროს ბატონობის დროს ქვეყნიერება სულიერი სიბნელით იქნებოდა მოცული. მიუხედავად ამისა, განდგომილების მთელი ამ დროის განმავლობაში მაინც იქნებოდნენ ხორბლის მსგავსი ცხებული ქრისტიანები (მათე 13:24—29, 36—43). 1914 წლის ოქტომბერში, როდესაც უფლის დღე დაიწყო, დედამიწაზე ჯერ კიდევ იყვნენ ჭეშმარიტი ქრისტიანები (გამოცხადება 1:10). როგორც ჩანს, სამ-ნახევარი წლის შემდეგ, 1918 წელს, იეჰოვა იესოსთან, თავის „შეთანხმების მაცნესთან“ ერთად მოვიდა გასასამართლებლად (მალაქია 3:1; მათე 13:47—50). ეს იყო დრო, როცა ბატონს სამუდამოდ უნდა ჩამოეცილებინა ცრუ ქრისტიანები და დაენიშნა ‘ერთგული და გონიერი მონა მთელ თავის ქონებაზე’ (მათე 7:22, 23; 24:45—47).

      18. რა „საათი“ დაიწყო 1914 წლიდან და როგორ უნდა მოქცეულიყო მონა ამ დროს?

      18 ეს ის დრო იყო, როცა მონას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცია იესოს სიტყვებისთვის, რომლებიც იოანემ შვიდ კრებას მისწერა. ეს თავად იესოს სიტყვებიდანაც ჩანს. მაგალითად, იესო საუბრობდა, რომ მოვიდოდა კრებების გასასამართლებლად; ეს სასამართლო კი 1918 წელს დაიწყო (გამოცხადება 2:5, 16, 22, 23; 3:3). მან ისიც თქვა, რომ დაიცავდა ფილადელფიის კრებას ‘გამოცდის საათისგან, რომელიც მთელ მსოფლიოზე მოვიდოდა’ (გამოცხადება 3:10, 11). ეს „გამოცდის საათი“ უფლის დღის დადგომიდან, 1914 წლიდან დაიწყო, როცა ქრისტიანები გამოიცადნენ, უერთგულებდნენ თუ არა ღვთის მიერ დამყარებულ სამეფოს (შეადარეთ მათეს 24:3, 9—13).

      19. ა) რას განასახიერებს შვიდი კრება დღეს? ბ) ვინ უერთდება ცხებულ ქრისტიანებს, და რატომ არის მათთვისაც გასათვალისწინებელი იესოს რჩევა? გ) რას ნიშნავს ჩვენთვის იესოს სიტყვები, რომლებიც მან I საუკუნის შვიდ კრებას მისწერა?

      19 იესოს სიტყვები უმთავრესად 1914 წლიდან სრულდება. ასე რომ, შვიდი კრება უფლის დღის დროს არსებულ ცხებულ ქრისტიანთა ყველა კრებას გულისხმობს. გარდა ამისა, ბოლო 70 წლის განმავლობაში იოანეს კლასით წარმოდგენილ ცხებულ ქრისტიანებს უამრავი მორწმუნე შეუერთდა, რომელთაც დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად ცხოვრების იმედი აქვთ. განდიდებული იესო ქრისტეს რჩევები უამრავ მორწმუნესაც ეხება, რადგან შვიდ კრებაში არსებული მდგომარეობის მსგავსი მდგომარეობა შეიძლება მათ კრებებშიც იყოს, ვინაიდან სამართლიანობისა და ერთგულების ნორმები იეჰოვას ყველა მსახურისთვის ერთია (გამოსვლა 12:49; კოლოსელები 3:11). აქედან გამომდინარე, იესოს სიტყვებს, რომლებითაც მან I საუკუნეში შუა აზიის შვიდ კრებას მიმართა, მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობა როდი აქვს. იესოს სიტყვებზე ჩვენი მომავალია დამოკიდებული. მაშ, ყურადღებით მოვუსმინოთ იესოს ხმას!

      [სქოლიოები]

      a ებრაულ დედნისეულ ტექსტში ესაიას 44:6-ში სიტყვებიდან „პირველი“ და „უკანასკნელი“ არც ერთს არ უძღვის წინ განსაზღვრული არტიკლი, ბერძნულ დედნისეულ ტექსტში კი გამოცხადების 1:17-ში იესოს ნათქვამი სიტყვებიდან ორივეს უძღვის განსაზღვრული არტიკლი. აქედან გამომდინარე, გრამატიკული თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ, გამოცხადების 1:17-ში საუბარია ერთგვარ წოდებაზე, ხოლო ესაიას 44:6-ში კი ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ იეჰოვაა ღმერთი.

      b ბერძნული სიტყვა ანგელოს ნიშნავს მაცნეს ანუ ანგელოზს. მალაქიას 2:7-ში ლევიან მღვდელს იეჰოვას მაცნე ეწოდება, ებრაულად მალაქ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება