საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • განიახლეთ თავდაპირველი სიყვარული!
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • თავი 7

      განიახლეთ თავდაპირველი სიყვარული!

      ეფესო

      1. რომელ კრებას მიმართა იესომ პირველად და რა შეახსენა ზედამხედველებს?

      იესომ თავდაპირველად ეფესოს კრებას მიმართა. ეფესო მცირე აზიის ეკონომიკურად ძლიერი ზღვისპირა ქალაქი იყო და კუნძულ პატმოსთან ახლოს მდებარეობდა. იესომ იოანეს უბრძანა: „ეფესოს კრების ანგელოზს მისწერე, აი რას ამბობს-თქო ის, ვისაც შვიდი ვარსკვლავი უჭირავს მარჯვენაში და ვინც შვიდ ოქროს სალამპრეს შორის დადის“ (გამოცხადება 2:1). იესო ახლაც თავის ძალაუფლებას უსვამს ხაზს, როგორც დანარჩენ ექვს მიმართვაში. ის ეფესოს კრების ზედამხედველებს შეახსენებს, რომ ყველა უხუცესზე ზრუნავს, ზედამხედველობას უწევს მათ და ყველა კრებას ამოწმებს. იესო, როგორც მოსიყვარულე მეთაური, ჩვენს დროშიც ზრუნავს უხუცესებზე და მწყემსავს როგორც მათ, ისე კრების ყველა წევრს. დროდადრო იესო ცვლილებებს ახდენს კრებაში, რათა სინათლემ უფრო და უფრო ანათოს. ის მართლაც ღვთის ფარის მთავარი მწყემსია (მათე 11:28—30; 1 პეტრე 5:2—4).

      2. ა) რისთვის შეაქო იესომ ეფესოს კრება? ბ) პავლეს რომელი რჩევა გაითვალისწინეს ეფესოელმა უხუცესებმა?

      2 იესო თავისი შვიდი მიმართვიდან ხუთს გულთბილი შექებით იწყებს. აი რა სიტყვებით მიმართავს ის ეფესოს კრებას: „ვიცი შენი საქმეები, შენი შრომა და მოთმინება და ის, რომ ვერ იტან ბოროტებს; გამოცდილი გყავს ისინი, ვინც ამბობს, მოციქულები ვართო, სინამდვილეში კი არ არიან; დანახული გაქვს, რომ მატყუარები არიან. შენ მოთმინებას ავლენ, ყველაფერს იტან ჩემი სახელის გულისთვის და არ დაქანცულხარ“ (გამოცხადება 2:2, 3). წლების წინ პავლე მოციქულმა გააფრთხილა ეფესოელი უხუცესები, რომ გამოჩნდებოდნენ „ულმობელი მგლები“, ანუ განდგომილები, რომლებიც სამწყსოში არეულობას შეიტანდნენ, და მოუწოდა, რომ ‘ფხიზლად ყოფილიყვნენ’. თავად პავლე აძლევდა მათ დაუღალავი შრომის მაგალითს (საქმეები 20:29, 31). როგორც ჩანს, ეფესოელმა უხუცესებმა გაითვალისწინეს ეს რჩევა, რადგან იესო აქებს მათ მოთმინებისა და მძიმე, დაუღალავი შრომისთვის.

      3. ა) როგორ ცდილობენ ცრუმოციქულები ერთგულთა შეცდენას? ბ) რა თქვა პეტრემ განდგომილთა შესახებ?

      3 უფლის დღესაც გამოჩნდნენ ცრუმოციქულები, რომლებიც ‘უკუღმართად ლაპარაკობენ, რათა თან გაიყოლონ მოწაფეები’ (2 კორინთელები 11:13; საქმეები 20:30; გამოცხადება 1:10). ისინი ცუდს ვერაფერს ხედავენ ერთმანეთის მოწინააღმდეგე სექტების არსებობაში, ამტკიცებენ, რომ თითქოს ღმერთს არა ჰყავს ორგანიზაცია, და 1914 წელს იესოს გამეფებას უარყოფენ. მათზე სრულდება 2 პეტრეს 3:3, 4-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება: «ბოლო დღეებში მოვლენ დამცინავები მათთვის ჩვეული დაცინვით, თავიანთი სურვილებისამებრ მოიქცევიან და იტყვიან: „სად არის ის დაპირებული დრო, როცა ის მოსული უნდა ყოფილიყო? მას შემდეგ, რაც ჩვენმა მამა-პაპამ სიკვდილის ძილით დაიძინა, ყველაფერი ისევე რჩება, როგორც ქმნილებათა დასაწყისიდან იყო“ ».

      4. ა) როგორ ვლინდება დამცინავთა სიამაყე და ურჩობა? ბ) ეფესოელთა მსგავსად რა ზომებს მიმართავენ დღეს ქრისტიანები განდგომილთაგან თავის დასაცავად?

      4 ეს დამცინავები ვერ ეგუებიან იმ აზრს, რომ თავიანთი რწმენის შესახებ სახალხოდ უნდა ქადაგებდნენ (რომაელები 10:10). მათ მხარს უჭერს ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება და ბეჭდვითი სიტყვისა და ტელეარხების დახმარებით განდგომილები თავიანთი ყოფილი თანამოაზრეების შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ. ერთგული ქრისტიანები მალევე ხვდებიან, რომ განდგომილთა საუბარი და საქციელი მზაკვრობაში ამხელს მათ. ეფესოელთა მსგავსად ქრისტიანები დღესაც ‘ვერ იტანენ ბოროტებს’ და რიცხავენ მათ ქრისტიანული კრებიდანa.

      5. ა) იესოს სიტყვების თანახმად რატომ დაიმსახურეს ეფესოელმა ქრისტიანებმა შენიშვნა? ბ) რა სიტყვები უნდა ხსომებოდათ ეფესოელებს?

      5 მაგრამ, როგორც დანარჩენი ხუთი კრებისადმი მიწერილ წერილებში, იესო ეფესოელების სერიოზულ პრობლემაზეც ამახვილებს ყურადღებას. ის მათ ეუბნება: „მაგრამ შენ წინააღმდეგ ისა მაქვს, რომ მიატოვე თავდაპირველი სიყვარული“ (გამოცხადება 2:4). მათ არ უნდა განელებოდათ სიყვარული, რადგან 35 წლით ადრე პავლემ მისწერა, რომ ღმერთმა „დიდი სიყვარულით. . . შეიყვარა“ ისინი და მოუწოდა: „ამიტომ მიჰბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა, და იარეთ სიყვარულში, როგორც ქრისტემ შეგიყვარათ“ (ეფესოელები 2:4; 5:1, 2). მათ იესოს სიტყვებიც უნდა ჰქონოდათ გულში ჩაბეჭდილი: „იეჰოვა, ჩვენი ღმერთი, ერთია იეჰოვა, გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით, მთელი გონებით და მთელი ძალით“ (მარკოზი 12:29—31). ეფესოელებს დაკარგული ჰქონდათ თავდაპირველი სიყვარული.

      6. ა) რამდენ ხანსაც არ უნდა ვმსახურობდეთ კრებაში, რატომ უნდა ვიყოთ ფხიზლად? ბ) რისკენ უნდა აღგვძრას ღვთის სიყვარულმა?

      6 რამდენ ხანსაც არ უნდა ვმსახურობდეთ კრებაში, ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვასადმი თავდაპირველი სიყვარული არ გაგვინელდეს. როგორ შეიძლება გაგვინელდეს სიყვარული? შეიძლება მთავარ საზრუნავად სამუშაო, ფულის კეთება ან გართობა გვექცეს და შედეგად შეიძლება სულიერი ხედვის ნაცვლად ხორციელი აზროვნება განგვივითარდეს (რომაელები 8:5—8; 1 ტიმოთე 4:8; 6:9, 10). იეჰოვას სიყვარულმა უნდა გაგვათავისუფლოს ასეთი აზროვნებისგან და უპირველესად უნდა ‘ვეძებოთ ღვთის სამეფო და მამის სიმართლე’, რათა ‘განძი ზეცაში მოვაგროვოთ’ (მათე 6:19—21, 31—33).

      7. ა) რა უნდა აღგვძრავდეს იეჰოვასთვის მსახურებისკენ? ბ) რას ამბობს იოანე სიყვარულზე?

      7 იეჰოვასადმი მსახურებას მისი ღრმა სიყვარული უნდა ედოს საფუძვლად. მაშ, გავიღრმაოთ მადლიერება იმისთვის, რაც ჩვენთვის იეჰოვამ და ქრისტემ გააკეთეს. იოანე წერდა: „სიყვარული ის კი არ არის, რომ ჩვენ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ ის, რომ მან შეგვიყვარა და გამოგზავნა თავისი ძე შერიგების მსხვერპლად ჩვენი ცოდვების გამო“. იოანე განაგრძობს: „ღმერთი სიყვარულია და ის, ვინც სიყვარულში რჩება, ერთობაში რჩება ღმერთთან, ღმერთი კი — მასთან“. დაე, არასოდეს გაგვინელდეს იეჰოვას, უფალ იესო ქრისტესა და ღვთის ცოცხალი სიტყვის სიყვარული, რაც არა მარტო ღვთისადმი ჩვენს გულმოდგინე მსახურებაში ვლინდება, არამედ იმაშიც, რომ ვემორჩილებით ‘მცნებას, რომელიც მისგან გვაქვს: ვისაც ღმერთი უყვარს, თავისი ძმაც უნდა უყვარდეს’ (1 იოანე 4:10, 16, 21; ებრაელები 4:12; იხილეთ აგრეთვე 1 პეტრეს 4:8; კოლოსელების 3:10—14; ეფესოელების 4:15).

      „აკეთე შენი პირვანდელი საქმეები“

      8. იესოს სიტყვების თანახმად როგორ უნდა ემოქმედათ ეფესოელებს?

      8 ეფესოელებს პირვანდელი სიყვარული უნდა განეახლებინათ, რომ სულიერი კრახი არ განეცადათ. იესო მათ ეუბნება: „ამიტომ გაიხსენე, რა დაკარგე, მოინანიე და აკეთე შენი პირვანდელი საქმეები. თუ არადა, მოვდივარ შენთან და მოვაცილებ შენს სალამპრეს თავისი ადგილიდან, თუ არ მოინანიებ“ (გამოცხადება 2:5). ჩვენ არ ვიცით, როგორ იმოქმედა ეფესოელ ქრისტიანებზე იესოს სიტყვებმა. ალბათ მოინანიეს და განიახლეს იეჰოვას სიყვარული. ასე რომ არ ყოფილიყო, მათი ლამპარი ჩაქრებოდა, იესო მოაცილებდა სალამპრეებს თავისი ადგილიდან და ისინი ვეღარ გაანათებდნენ ჭეშმარიტებით.

      9. ა) როგორი სიტყვებით გაამხნევა იესომ ეფესოელები? ბ) იოანეს სიკვდილის შემდეგ როგორ უგულებელყვეს კრებებმა იესოს რჩევა, რომელიც მან ეფესოელებს მისწერა?

      9 ამის შემდეგ იესო ასეთი სიტყვებით ამხნევებს ეფესოელებს: „ეს კი გაქვს, რომ გძულს ნიკოლაელთა სექტის საქმეები, რაც მეც მძულს“ (გამოცხადება 2:6). სხვა თუ არაფერი, იესოს მსგავსად მათაც სძულდათ სექტები, თუმცა დრომ აჩვენა, რომ ბევრმა კრებამ უგულებელყო იესოს სიტყვები. იეჰოვას, ჭეშმარიტებისა და ერთმანეთის სიყვარულის განელების გამო ისინი სულიერ სიბნელეში მოექცნენ და ერთმანეთის მოწინააღმდეგე უამრავ სექტად დაიყვნენ. „ქრისტიანი“ გადამწერები, რომელთაც არ ჰქონდათ იეჰოვას სიყვარული, ბიბლიის ბერძნულ ხელნაწერებში ღვთის სახელს აღარ წერდნენ. სიყვარულის უქონლობის გამო გადმოიღეს ბაბილონური და ბერძნული მოძღვრებები, მაგალითად, ჯოჯოხეთის, განსაწმენდელისა და სამების შესახებ, და ეს ქრისტიანობის სახელით გააკეთეს. ღვთისა და ჭეშმარიტების სიყვარულის ნაკლებობა გახდა იმის მიზეზიც, რომ მრავალმა, ვისაც თავი ქრისტიანად მოჰქონდა, შეწყვიტა ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება. ისინი გულისთქმას აყოლილი სამღვდელოების გავლენის ქვეშ მოექცნენ, რომელმაც დედამიწაზე თავისი სამეფო შექმნა (შეადარეთ 1 კორინთელების 4:8).

      10. რა მდგომარეობა იყო ქრისტიანულ სამყაროში 1918 წელს?

      10 იმ დროს, როდესაც გასამართლება ღვთის სახლიდან დაიწყო, 1918 წელს, სექტანტური ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება დაუფარავად უჭერდა მხარს პირველ მსოფლიო ომს და კათოლიკებსა და პროტესტანტებს ერთმანეთის გასანადგურებლად აქეზებდა (1 პეტრე 4:17). ეფესოელთა კრებისგან განსხვავებით, რომელთაც სძულდათ ნიკოლაელთა სექტის საქმეები, ქრისტიანული სამყაროს რელიგიებს კარგა ხნის მიღებული ჰქონდათ ურთიერთგამომრიცხავი, ღვთის საწინააღმდეგო მოძღვრებები. სამღვდელოება ქვეყნიერების განუყოფელი ნაწილი გახდა, არადა იესოს თავისი მოციქულებისთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ არ ყოფილიყვნენ ქვეყნიერების ნაწილი (იოანე 15:17—19). მათი კრებები, რომელთაც წარმოდგენა არ ჰქონდათ ბიბლიის მთავარ თემაზე — ღვთის სამეფოზე, ვეღარ ასრულებდნენ ბიბლიური ჭეშმარიტების მანათობელი სალამპრეების მოვალეობას და აღარც იეჰოვას სულიერი ტაძრის წევრებად ითვლებოდნენ. მათი წინამძღოლები (კაცებთან ერთად ქალებიც) „ვარსკვლავები“ კი არა, „უკანონობის კაცის“ მიმდევრები აღმოჩნდნენ (2 თესალონიკელები 2:3; მალაქია 3:1—3).

      11. ა) 1918 წელს რომელი ქრისტიანები მოიქცნენ იესოს მიერ ეფესოელებისთვის მიწერილი სიტყვების თანახმად? ბ) რას აკეთებს იოანეს კლასი 1919 წლიდან მოყოლებული?

      11 მაგრამ იოანეს კლასი პირველი მსოფლიო ომით გამოწვეულ ძნელბედობის ჟამს მაინც გამოჩნდა. მათ იეჰოვასა და ჭეშმარიტების სიყვარული აღძრავდა, რომ ღვთისთვის გულმოდგინედ ემსახურათ. ისინი წინააღმდეგობას უწევდნენ მათ, ვინც საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პირველ პრეზიდენტს, ჩარლზ რასელს, 1916 წლიდან, მისი სიკვდილის შემდეგ აღმერთებდა და ამით სექტანტურ სულს აღვივებდა. დევნებითა და გასაჭირით გამობრძმედილმა ქრისტიანებმა გასამართლების შემდეგ თავიანთი ბატონისგან ქება დაიმსახურეს და მისი სიხარული გაიზიარეს (მათე 25:21, 23). მათ მსოფლიო მოვლენების განვითარებამ და პირადმა გამოცდილებამ უჩვენა, როგორ სრულდებოდა იესოს ნაწინასწარმეტყველები ნიშანი, რაც მისი უხილავი მეფობის დამადასტურებელი იყო. 1919 წლიდან მოყოლებული ისინი გულმოდგინედ განაგრძობდნენ თავიანთი წვლილის შეტანას იესოს დიდებული წინასწარმეტყველების შესრულებაში: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათე 6:9, 10; 24:3—14). თუკი მანამდე აკლდათ იეჰოვას სიყვარული, ამ დროიდან მოყოლებული ეს სიყვარული ცეცხლივით აუგიზგიზდათ.

      12. ა) რა მოწოდება გაისმა 1922 წელს გამართულ ისტორიულ კონგრესზე? ბ) რა სახელწოდება მიიღეს ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა 1931 წელს და რა მოინანიეს?

      12 სიდარ-პოინტში (ოჰაიო, აშშ) 1922 წლის 5—13 სექტემბერს ჩატარდა ისტორიული კონგრესი, რომელსაც 18 000 კაცი დაესწრო. მაშინ ასეთი მოწოდება გაისმა: „კვლავ ველისკენ, უზენაესი ღვთის ძეებო! . . მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ იესო ქრისტე არის მეფეთ მეფე და უფალთ უფალი. . . ამიტომ აუწყეთ, აუწყეთ, აუწყეთ მეფისა და მისი სამეფოს შესახებ!“ იეჰოვას დიდებული სახელი კიდევ უფრო განდიდდა, როცა 1931 წელს კოლუმბუსში (ოჰაიო, აშშ) ჩატარებულ კონგრესზე ქრისტიანებმა სიხარულით მიიღეს სახელწოდება — „იეჰოვას მოწმეები“. ეს სახელი ღმერთმა ესაიას წინასწარმეტყველებაში მოიხსენია (ესაია 43:10, 12). 1939 წლის პირველ მარტს ორგანიზაციის ძირითად ჟურნალს დაერქვა ახალი სახელწოდება — „საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ“, რითაც პატივი მიეგო ჩვენს შემოქმედსა და სამეფო მთავრობას. იეჰოვას მოწმეებმა, რომლებმაც განიახლეს იეჰოვას სიყვარული, მოინანიეს ყველა ცოდვა, რის გამოც შეიძლება წინათ ღირსეულად ვერ მიაგებდნენ პატივს და ვერ განადიდებდნენ მის დიდებულ სახელსა და სამეფოს (ფსალმუნი 106:6, 47, 48).

      „მძლეველს“

      13. ა) რა კურთხევები მოელოდათ ეფესოელებს, თუ ‘მძლეველები’ იქნებოდნენ? ბ) რა შემთხვევაში გახდებოდნენ ისინი ‘მძლეველები’?

      13 ბოლოს, ისევე როგორც სხვა წერილებში, იესო ყურადღებას ამახვილებს ღვთის წმინდა სულზე, რომელიც იესოს წყალობით აკურთხებს ერთგულებს. ეფესოელებს მან მისწერა: „ვისაც ყური აქვს, მოისმინოს, რას ეუბნება სული კრებებს: მძლეველს ნებას მივცემ, ჭამოს სიცოცხლის ხიდან, რომელიც ღვთის სამოთხეშია“ (გამოცხადება 2:7). მომსმენი ყურის მქონენი ყურად იღებდნენ ამ მნიშვნელოვან ცნობას, ვინაიდან ის იესოსგან კი არა, თავად იეჰოვასგან, უზენაესი უფლისგან მომდინარეობს წმინდა სულით, მისი მოქმედი ძალით. ისინი ‘მძლეველები’ გახდებოდნენ იმ შემთხვევაში, თუ კვალდაკვალ მიჰყვებოდნენ იესოს, რომელიც სიკვდილამდე ერთგული დარჩა და თქვა: „გამაგრდით! მე ვძლიე ქვეყნიერებას“ (იოანე 8:28; 16:33; იხილეთ აგრეთვე 1 იოანეს 5:4).

      14. რას უნდა ნიშნავდეს იესოს მოხსენიებული „ღვთის სამოთხე“?

      14 ეფესოელი ქრისტიანების მსგავსად არც სულითცხებულ ქრისტიანებს აქვთ დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრების იმედი. მაშ, როგორღა ‘შეჭამენ სიცოცხლის ხიდან, რომელიც ღვთის სამოთხეშია’? ამაში არ იგულისხმება დედამიწაზე აღდგენილი სამოთხე, რადგან 144 000 ცხებული ქრისტიანი, მათ შორის ეფესოელი ქრისტიანები, როგორც სულიერი ძეები, კრავთან, ქრისტესთან ერთად იმმართველებენ ზეციერი სიონის მთაზე (ეფესოელები 1:5—12; გამოცხადება 14:1, 4). აქედან გამომდინარე, საუბარი მიდის ზეციერ „ბაღისმაგვარ“ სამეფოზე, რომელსაც ეს ‘მძლეველები’ დაიმკვიდრებენ. იქ, „ღვთის სამოთხეში“, სწორედ იეჰოვას წინაშე, ისინი, ვინც უკვდავებას მიიღებენ. ისინი ‘სიცოცხლის ხიდან შეჭამენ’, ესე იგი უსასრულოდ იცხოვრებენ.

      15. რატომ უნდა ავლენდეს დიდ ინტერესს უამრავი ხალხი იესოს გამამხნევებელი სიტყვებისადმი, რომ იყვნენ ‘მძლეველები’?

      15 რა ელით მათ, ვინც ერთგულად უჭერს მხარს 144 000 ცხებულ ქრისტიანს? მათი თანამსახური უამრავი ხალხიც „მძლეველია“, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მათ დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრების იმედი აქვთ, სადაც ისინი ‘სიცოცხლის წყლის მდინარიდან’ დალევენ და მდინარისპირა ‘ხეების ფოთლებით’ განიკურნებიან (გამოცხადება 7:4, 9, 17; 22:1, 2). თუ მათ შორის ხართ, თქვენც გამოხატეთ იეჰოვასადმი მხურვალე სიყვარული, გაიმარჯვეთ რწმენის ბრძოლაში და მიაღწიეთ ბედნიერებას, რასაც დედამიწაზე სამოთხეში მარადიული სიცოცხლე მოგიტანთ! (შეადარეთ 1 იოანეს 2:13, 14)

      [სქოლიოები]

      a ცრუ მოციქულთა შესახებ ისტორიული ცნობებისთვის იხილეთ თემა „მოციქულთა მემკვიდრენი“ წიგნში „მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე“, რომელიც გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

  • ვისწრაფვით გამარჯვებისკენ
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • თავი 8

      ვისწრაფვით გამარჯვებისკენ

      სმირნა

      1. ა) ეფესოს კრების შემდეგ რომელ კრებას მიმართა იესომ? ბ) რა შეახსენა იესომ სმირნის კრებას, როცა საკუთარ თავს „პირველი და უკანასკნელი უწოდა“?

      დღეს ძველი ეფესოს ნანგრევებიღაა შემორჩენილი. მაგრამ იქ, სადაც იესომ მეორე კრებას მიმართა, დღემდე ხალხმრავალი ქალაქია. ეფესოს ნანგრევებიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 55 კილომეტრში, მდებარეობს თურქეთის ქალაქი იზმირი, სადაც დღეს იეჰოვას მოწმეთა ოთხი აქტიური კრებაა. ამ ადგილზე I საუკუნეში მდებარეობდა ქალაქი სმირნა. მოდი, ყურადღება მივაქციოთ იესოს შემდეგ სიტყვებს: «სმირნის კრების ანგელოზს მისწერე, აი რას ამბობს-თქო „პირველი და უკანასკნელი“, რომელიც მკვდარი იყო და გაცოცხლდა“ » (გამოცხადება 2:8). ამ სიტყვებით იესო შეახსენებს სმირნელ ქრისტიანებს, რომ უმწიკვლობის დამცველთაგან თვითონ იყო პირველი, ვინც იეჰოვამ უკვდავ სულიერ ქმნილებად აღადგინა, და უკანასკნელი, ვინც უშუალოდ იეჰოვამ აღადგინა; ყველა ცხებულ ქრისტიანს კი თავად იესო აღადგენს. ამიტომ მას აქვს სრული უფლება, დამოძღვროს თავისი ძმები, რომლებსაც იმედი აქვთ, რომ უკვდავებას მიიღებენ და იესოსთან ერთად იქნებიან ზეცაში.

      2. როგორ ამხნევებს ყველა ქრისტიანს იესო, რომელიც „მკვდარი იყო და გაცოცხლდა“?

      2 იესომ გაუძლო სიმართლისთვის დევნას და დამსახურებული ჯილდოც მიიღო. ის სიკვდილამდე ერთგული იყო, სიკვდილის შემდეგ კი აღდგა, რაც ყველა ქრისტიანს იმედის საფუძველს აძლევს (საქმეები 17:31). ის ფაქტი, რომ იესო „მკვდარი იყო და გაცოცხლდა“, აჩვენებს, რომ ჭეშმარიტების გამო ნებისმიერი განსაცდელის ატანა ღირს. იესოს აღდგომა დიდი გამხნევებაა ყველა ქრისტიანისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც რწმენის გამო იტანჯება. თუ თქვენც იმავეს განიცდით, სმირნის კრებისადმი მიწერილი სიტყვები თქვენც გაგამხნევებთ.

      3. ა) როგორ გაამხნევა იესომ სმირნელი ქრისტიანები? ბ) რატომ უწოდა იესომ სმირნელ ქრისტიანებს მდიდრები, მიუხედავად იმისა, რომ ღარიბები იყვნენ?

      3 „ვიცი შენი გასაჭირი და სიღარიბე, თუმცა მდიდარი ხარ. ვიცი მათი მკრეხელობაც, ვინც ამბობს: იუდეველები ვართო, მაგრამ იუდეველები კი არა, სატანის სინაგოგა არიან“ (გამოცხადება 2:9). იესო არ აკრიტიკებს თავის სმირნელ ძმებს, მხოლოდ გულთბილად აქებს. რწმენის გამო მათ ბევრ გასაჭირს გაუძლეს. როგორც ჩანს, თავიანთი ერთგულების გამო ისინი სიღარიბეში ცხოვრობდნენ (ებრაელები 10:34). სმირნელი ქრისტიანები უმთავრესად თავიანთ სულიერობაზე ზრუნავდნენ და იესოს რჩევის თანახმად განძს ზეცაში აგროვებდნენ (მათე 6:19, 20). ამიტომაც იყვნენ მდიდრები მთავარი მწყემსის თვალში (შეადარეთ იაკობის 2:5).

      4. ვინ დევნიდა სასტიკად სმირნელ ქრისტიანებს და რა უწოდა იესომ მათ მდევნელებს?

      4 იესო კარგად ხედავდა, რომ სმირნელი ქრისტიანები იუდეველებისგან დიდ წინააღმდეგობას ხვდებოდნენ. იუდეველების უმეტესობა გააფთრებით ებრძოდა ქრისტიანობის გავრცელებას (საქმეები 13:44, 45; 14:19). და, აი, ახლა, იერუსალიმის დაცემიდან რამდენიმე ათწლეულის გასვლის შემდეგ, სმირნელი იუდეველები მსგავს სატანურ სულს ავლენენ. ამიტომაც უწოდა იესომ მათ „სატანის სინაგოგა“a!

      5. რა განსაცდელები შეხვდებოდათ სმირნელ ქრისტიანებს?

      5 ასეთი სიძულვილით დევნილ ქრისტიანებს იესო ანუგეშებს: „ნურაფრის გეშინია, რის გამოც ­ტანჯვა მოგიწევს. ეშმაკი კვლავ საპყრობილეში ჩააგდებს ზოგიერთ თქვენგანს, რათა ბოლომდე გამოიცადოთ და გასაჭირი გქონდეთ ათ დღეს. სიკვდილამდე ერთგული დარჩი და მოგცემ სიცოცხლის გვირგვინს“ (გამოცხადება 2:10). იესო ამ მუხლში სამჯერ იყენებს მრავლობით ფორმას, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის მთელ კრებას მიმართავს. იესოს არ უთქვამს, რომ სმირნელი ქრისტიანების განსაცდელები მალე დასრულდებოდა. ზოგიერთ მათგანს კვლავაც განდევნიდნენ და ჩაყრიდნენ საპყრობილეში. მათი განსაცდელები „ათ დღეს“ გასტანდა. რიცხვი ათი მიწიერი სრულყოფილების ან სისავსის სიმბოლოა. უმწიკვლობის დამცველ ამ სულიერად მდიდარ ქრისტიანებსაც კი სიკვდილამდე მოუწევდათ განსაცდელების ატანა.

      6. ა) რატომ არ უნდა ეშინოდეთ სმირნელ ქრისტიანებს? ბ) რა სიტყვებით ამთავრებს იესო თავის მიმართვას სმირნის კრებისადმი?

      6 მიუხედავად ამისა, სმირნელ ქრისტიანებს არ უნდა შეშინებოდათ და არც კომპრომისზე უნდა წასულიყვნენ. თუ ბოლომდე შეინარჩუნებდნენ ერთგულებას, მათ ჯილდოდ „სიცოცხლის გვირგვინი“ ანუ ზეცაში უკვდავი სიცოცხლე ელოდათ (1 კორინთელები 9:25; 2 ტიმოთე 4:6—8). ამ ჯილდოს მისაღებად პავლე მოციქული მზად იყო, ყველაფერი გაეღო, სიცოცხლეც კი (ფილიპელები 3:8). ერთგულ სმირნელ ქრისტიანებსაც უეჭველად მსგავსი თვალსაზრისი ექნებოდათ. იესო თავის სიტყვებს ასე ამთავრებს: „ვისაც ყური აქვს, მოისმინოს, რას ეუბნება სული კრებებს: მძლეველს ვერაფერს ავნებს მეორე სიკვდილი“ (გამოცხადება 2:11). ‘მძლეველებს’ ეჭვი არ ეპარებათ, რომ მათ უკვდავ ზეციერ სიცოცხლეს სიკვდილი ვერაფერს ავნებს (1 კორინთელები 15:53, 54).

      „გასაჭირი ათ დღეს“

      7, 8. სმირნის კრების მსგავსად როგორ „გამოიცადა ბოლომდე“ ქრისტიანული კრება 1918 წელს?

      7 სმირნელი ქრისტიანების მსგავსად იოანეს კლასი და მათი თანამოაზრეები „ბოლომდე იცდებოდნენ“ და დღესაც იცდებიან. ისინი განსაცდელების დროს ერთგულები რჩებიან, რითაც ამტკიცებენ, რომ ღვთის ხალხი არიან (მარკოზი 13:9, 10). მალევე უფლის დღის დაწყებისთანავე იეჰოვას ხალხი — მცირერიცხოვანი საერთაშორისო საძმო — გაამხნევა იესოს სიტყვებმა, რომლებითაც მან სმირნელ ქრისტიანებს მიმართა (გამოცხადება 1:10). 1879 წლიდან მოყოლებული ისინი ღრმად იკვლევდნენ ღვთის სიტყვას, რათა ის სულიერი სიმდიდრე, რომელსაც იქიდან იხვეჭდნენ, სხვებისთვისაც უხვად გაეზიარებინათ. მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დროს ისინი ძლიერ სიძულვილსა და წინააღმდეგობას შეხვდნენ იმიტომ, რომ არ ჩაებნენ ომის ციებ-ცხელებაში, და უშიშრად ამხელდნენ ქრისტიანულ სამყაროს. ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლების წაქეზებით გამოწვეულმა დევნამ პიკს 1918 წელს მიაღწია, რაც იუდეველების მიერ სმირნელი ქრისტიანების დევნას მოგვაგონებს.

      8 ამერიკის შეერთებულ შტატებში დევნის ტალღამ კულმინაციას მაშინ მიაღწია, როცა 1918 წლის 22 ივნისს საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ახალარჩეული პრეზიდენტი ჯოზეფ რუტერფორდი შვიდ თანამოაზრესთან ერთად ციხეში ჩასვეს და მათგან უმეტესობას ოცწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. რამდენიმე თვის შემდეგ ისინი თავდებით გაათავისუფლეს. 1919 წლის 14 მაისს კი სააპელაციო სასამართლომ გააუქმა მათ წინააღმდეგ გამოტანილი არაერთი დაუსაბუთებელი განაჩენი; სასამართლო საქმის წარმოებისას 130 შეცდომა იყო დაშვებული. კათოლიკე მოსამართლე მანტონი, წმინდა გრიგოლ დიდის ორდენის კავალერი, რომელმაც 1918 წელს უარი განაცხადა ამ ქრისტიანების თავდებით გათავისუფლებაზე, მოგვიანებით, 1939 წელს, ორი წლით დააპატიმრეს და 10 000 აშშ დოლარით დააჯარიმეს, რადგან მექრთამეობისა და გამომძალველობის ექვს შემთხვევაში ედებოდა ბრალი.

      9. როგორ ეპყრობოდა ნაცისტურ გერმანიაში ჰიტლერი იეჰოვას მოწმეებს და როგორ რეაგირებდა ამაზე სამღვდელოება?

      9 გერმანიაში ნაცისტური რეჟიმის დროს ჰიტლერმა აკრძალა იეჰოვას მოწმეების სამქადაგებლო საქმიანობა. წლების განმავლობაში ათასობით იეჰოვას მოწმეს ყრიდნენ საკონცენტრაციო ბანაკებსა და ციხეებში, სადაც მრავალი მათგანი იღუპებოდა. ორასამდე ახალგაზრდა კი, რომლებმაც უარი თქვეს ჰიტლერის არმიაში მსახურებაზე, სიკვდილით დასაჯეს. ამას მხარს უჭერდა სამღვდელოება. ეს კარგად ჩანს ერთი კათოლიკე მღვდლის სიტყვებიდან, რომლებიც დაიბეჭდა 1938 წლის 29 მაისის გაზეთში „გერმანიის გზა“. მან თქვა: «მთელ დედამიწაზე ერთადერთ ქვეყანაში არიან აკრძალული ეგრეთ წოდებული. . . ბიბლიის მკვლევარები [იეჰოვას მოწმეები]. ეს გერმანიაა! . . როცა ადოლფ ჰიტლერი მოვიდა ხელისუფლებაში და გერმანელმა კათოლიკე ეპისკოპოსებმა მასაც მიმართეს თხოვნით, ჰიტლერმა განაცხადა: „ეს ეგრეთ წოდებული ბიბლიის გულმოდგინე მკვლევარები [იეჰოვას მოწმეები] მართლაც შფოთის ამტეხები არიან. . . მე მათ ნამდვილ თაღლითებად მივიჩნევ; მე ვერ ავიტან, რომ გერმანელ კათოლიკებს ასეთ შეურაცხყოფას აყენებდეს ვიღაც ამერიკელი მოსამართლე რუტერფორდი. მე გავწყვეტ [იეჰოვას მოწმეებს] გერმანიაში“ ». ამაზე მღვდელმა შესძახა: „ბრავო!“

      10. ა) როგორ წინააღმდეგობას ხვდებოდნენ იეჰოვას მოწმეები უფლის დღის დაწყებიდან? ბ) ხშირად რა შედეგები მოჰქონდა იმას, რომ სასამართლოებში იცავდნენ ქრისტიანები რელიგიურ თავისუფლებას?

      10 უფლის დღის დაწყებიდან მოყოლებული გველსა და მის შთამომავლობას არ შეუწყვეტიათ ბრძოლა ცხებული ქრისტიანებისა და მათი თანამოაზრეების წინააღმდეგ. ბევრ მათგანს აპატიმრებდნენ და სასტიკად დევნიდნენ (გამოცხადება 12:17). ეს მტრები დღემდე ‘ქმნიან სირთულეებს დადგენილებებით’, მაგრამ ამან ვერ გატეხა იეჰოვას ხალხი. მათი პოზიცია ასეთია: „ჩვენ ადამიანებზე მეტად ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს“ (ფსალმუნი 94:20; საქმეები 5:29). 1954 წელს „საგუშაგო კოშკში“ აღნიშნული იყო: „ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში სამოცდაათზე მეტ ქვეყანაში ზღუდავდნენ იეჰოვას მოწმეების საქმიანობას და დევნიდნენ მათ“. სადაც შესაძლებელი იყო ქრისტიანები სასამართლოს ძალით იცავდნენ რელიგიურ თავისუფლებას და არაერთი ბრწყინვალე გამარჯვებაც მოიპოვეს. მარტო შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოში იეჰოვას მოწმეებმა 50 საქმე მოიგეს.

      11. უფლის დღის განმავლობაში იესოს რომელი წინასწარმეტყველება სრულდება იეჰოვას მოწმეებზე?

      11 სხვა არც ერთი ჯგუფი არ იცავდა იესოს მითითებას, მიეცათ კეისრისთვის კეისრისა, ისე კეთილსინდისიერად, როგორც იეჰოვას მოწმეები (ლუკა 20:25; რომაელები 13:1, 7). მაგრამ სხვა არც ერთი ჯგუფის წევრები არ დაუპატიმრებიათ იმდენ ქვეყანაში, რამდენშიც იეჰოვას მოწმეები, მიუხედავად იმისა, რა წყობილება იყო ქვეყანაში. დღემდე ასეთი მდგომარეობაა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ევროპაში, აფრიკასა და აზიაში. იესოს დიდებულ წინასწარმეტყველებაში, რომელიც მისი მოსვლის ნიშანს ეხება, ასეთი სიტყვებიც არის ნათქვამი: „მაშინ გადაგცემენ სატანჯველად და დაგხოცავენ და შეგიძულებთ ყველა ხალხი ჩემი სახელის გამო“ (მათე 24:3, 9). ეს სიტყვები მთელი უფლის დღის განმავლობაში სრულდება იეჰოვას მოწმეებზე, ქრისტიანებზე.

      12. როგორ აძლიერებდა იოანეს კლასი ღვთის ხალხს დევნის დროს?

      12 გასაჭირის დროს ღვთის ხალხის გასაძლიერებლად იოანეს კლასი გამუდმებით შეახსენებს მათ იესოს სიტყვებს, რომლებითაც მან სმირნელ ქრისტიანებს მიმართა. მაგალითად, ნაცისტური დევნის დროს 1933—1934 წლებში „საგუშაგო კოშკში“ დაიბეჭდა ასეთი სტატიები: „ნუ შეგეშინდებათ მათი“, რომელშიც განიხილებოდა მათეს 10:26—33; „ღუმელი“, რომელიც დაფუძნებული იყო დანიელის 3:17, 18-ზე; და „ლომების ხახა“, რომლის წამყვანი მუხლიც იყო დანიელის 6:22. 1980-იან წლებში, მაშინ, როდესაც ეს წიგნი გამოიცა და როდესაც იეჰოვას მოწმეები ორმოცზე მეტ ქვეყანაში სასტიკად იდევნებოდნენ, „საგუშაგო კოშკი“ ხალხს ასეთი სტატიებით ამხნევებდა: „დევნის მიუხედავად ბედნიერები!“ და „ქრისტიანები მოთმინებით იტანენ დევნას“b.

      13. სმირნელი ქრისტიანების მსგავსად იეჰოვას მოწმეებს, ქრისტიანებს, რატომ არ უნდა ეშინოდეთ დევნების?

      13 იეჰოვას მოწმეები, ქრისტიანები, მართლაც ხვდებიან დევნასა და სხვა განსაცდელებს სიმბოლური ათი დღის განმავლობაში. სმირნელი ქრისტიანების მსგავსად ისინიც უშიშარნი არიან. ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს, მიუხედავად იმისა, რომ დედამიწაზე მდგომარეობა უფრო და უფრო რთულდება. მზად ვართ, გავუძლოთ განსაცდელებს და ჩვენი „ქონების დატაცებასაც“ კი სიხარულით შევხვდეთ (ებრაელები 10:32—34). ღვთის სიტყვის შესწავლითა და გათავისებით მზად ვიქნებით მტკიცე რწმენის შესანარჩუნებლად. დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვას შეუძლია თქვენი დაცვა და დაგიცავთ კიდეც, რომ უმწიკვლო დარჩეთ. „ყველა თქვენი საწუხარი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:6—11).

      [სქოლიოები]

      a იოანეს სიკვდილიდან სამოციოდე წლის გასვლის შემდეგ 86 წლის პოლიკარპე ცოცხლად დაწვეს სმირნაში, რადგან არ უარყო იესოსადმი რწმენა. სავარაუდოდ II საუკუნეში დაწერილ ნაშრომში „პოლიკარპეს მოწამეობრივი სიკვდილი“ ნათქვამია, რომ შეშის მოგროვებაში „იუდეველები, როგორც ყოველთვის, განსაკუთრებით აქტიურობდნენ“, მიუხედავად იმისა, რომ პოლიკარპე „დიდ შაბათს“ დაწვეს.

      b იხილეთ 1933 წლის 1 ნოემბრის, 1934 წლის 1 და 15 ოქტომბრის, 1 და 15 დეკემბრის და 1983 წლის 1 მაისის „საგუშაგო კოშკი“ [ინგლ.].

  • ჩაეჭიდეთ იესოს სახელს!
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • თავი 9

      ჩაეჭიდეთ იესოს სახელს!

      პერგამონი

      1. ამჟამად რომელ კრებას მიმართავს იესო და როგორ ქალაქში ცხოვრობდნენ მაშინ ქრისტიანები?

      თუ სმირნიდან ჩრდილოეთით სანაპირო გზით 80 კილომეტრს გავივლით, მერე კი ზღვის სანაპიროდან გადავუხვევთ და მდინარე კაიკუსის ველზე 25 კილომეტრს ვივლით, მივალთ ქალაქ ბერგამაში, რომელსაც წინათ პერგამონი ერქვა. ქალაქი ცნობილი იყო ზევსის, იგივე იუპიტერის, ტაძრით. XIX საუკუნის დასაწყისში არქეოლოგებმა ზევსის ტაძრის საკურთხეველი გერმანიაში, კერძოდ ბერლინში, პერგამონ-მუზეუმში გადაიტანეს, სადაც მისი ნახვა დღესაც შესაძლებელია წარმართული ღვთაებების სხვა მრავალ ქანდაკებასა და რელიეფურ გამოსახულებას შორის. რას ეტყოდა იესო ასეთი კერპთაყვანისმცემლობით გარემოცულ კრებას?

      2. როგორ წარმოადგენს იესო საკუთარ თავს და რას ნიშნავს ის, რომ მას „ორლესული მახვილი“ აქვს?

      2 თავიდან იესო აცნობს მათ თავის ვინაობას: „პერგამონის კრების ანგელოზს მისწერე, აი რას ამბობს-თქო ის, ვისაც ბასრი, დიდი ორლესული მახვილი აქვს“ (გამოცხადება 2:12). აქ იესო საკუთარ თავს აღწერს გამოცხადების 1:16-ში აღწერილის მსგავსად. როგორც მოსამართლე და დამსჯელი, ის მოსპობს თავისი მოწაფეების მდევნელებს. ეს მართლაც მანუგეშებელია. თუმცა, კრების წევრებმაც უნდა გაითვალისწინონ, რომ იეჰოვა თავისი „შეთანხმების მაცნის“, იესო ქრისტეს მეშვეობით, როგორც თავად ამბობს, ‘იჩქარებს, რომ დაამოწმოს’ ყველას წინააღმდეგ, ვინც თავს ქრისტიანად აცხადებს, მაგრამ კერპებს სცემს თაყვანს, უზნეობას ეწევა, ცრუობს, უპატიოსნოდ იქცევა და არ ზრუნავს გაჭირვებულებზე (მალაქია 3:1, 5; ებრაელები 13:1—3). ყველამ ყურად უნდა ვიღოთ ის რჩევა და შეგონება, რომელსაც ღმერთი იესოს მეშვეობით გვაძლევს!

      3. რა ცრუ თაყვანისმცემლობა იყო გავრცელებული პერგამონში და რატომ შეიძლება ითქვას, რომ იქ „სატანის ტახტი“ იდგა?

      3 ახლა უკვე იესო კრებას მიმართავს: „ვიცი, სადაც ცხოვრობ, იქ, სადაც სატანის ტახტია“ (გამოცხადება 2:13ა). ეს ქრისტიანები მართლაც ისეთ გარემოში ცხოვრობდნენ, სადაც სატანის კულტი ფართოდ იყო გავრცელებული. ზევსის ტაძრის გარდა იქ ასკლეპიოსის (მკურნალობის ღვთაება) საწმინდარიც იყო. პერგამონი ის ცენტრი იყო, სადაც იმპერატორს სცემდნენ თაყვანს. სატანად ნათარგმნი ებრაული სიტყვა ნიშნავს მოწინააღმდეგეს, ხოლო მისი ტახტი განასახიერებს მთელ მსოფლიოზე მის ბატონობას, რაც ღმერთმა დროებით დაუშვა (იობი 1:6, სქოლიო). პერგამონში კერპთაყვანისმცემლობის ფართოდ გავრცელება იმაზე მეტყველებდა, რომ ამ ქალაქში სატანის „ტახტი“ მტკიცედ იდგა. რამდენად გააფთრდებოდა სატანა, როცა დაინახავდა, რომ ქრისტიანები არ ეთაყვანებოდნენ მას და მონაწილეობას არ იღებდნენ ცრუ თაყვანისმცემლობაში!

      4. ა) როგორ აქებდა იესო პერგამონელ ქრისტიანებს? ბ) რა მისწერა რომაელმა ლეგატმა პლინიუსმა იმპერატორ ტრაიანეს იმაზე, თუ როგორ ექცეოდა ქრისტიანებს? გ) საფრთხის მიუხედავად რას აკეთებდნენ პერგამონელი ქრისტიანები?

      4 შეიძლება ითქვას, რომ „სატანის ტახტი“ მართლაც შიგ პერგამონში იდგა. „და მაინც — განაგრძობს იესო, — ეჭიდები ჩემს სახელს და არ უარყავი ჩემდამი რწმენა ჩემი ერთგული მოწმე ანტიპას დროსაც კი, რომელიც მოკლეს თქვენთან, იქ, სადაც სატანა მკვიდრობს“ (გამოცხადება 2:13ბ). ასეთმა გულითადმა შექებამ შეუძლებელია, გულგრილი დატოვოს ადამიანი! ანტიპა წამებით უეჭველად იმიტომ მოკლეს, რომ უარი თქვა დემონურ წეს-ჩვეულებებში მონაწილეობასა და რომის იმპერატორის თაყვანისცემაზე. მას შემდეგ, რაც იოანემ მოისმინა ეს წინასწარმეტყველური სიტყვები, მალევე, რომის იმპერატორ ტრაიანეს ლეგატმა, პლინიუს უმცროსმა, მისწერა ტრაიანეს, თუ როგორ ეპყრობოდა მათ, ვისაც ქრისტიანობას ბრალად უთვლიდნენ. იმპერატორი იწონებდა მის მოქმედებას. მათ, ვინც ქრისტიანობაზე უარს იტყოდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში ათავისუფლებდნენ, თუ, როგორც თავად პლინიუსი ამბობს, მისი „თანდასწრებით უხმობდნენ ღმერთებს, უკმევდნენ საკმეველს და ღვინოს უღვრიდნენ. . . [ტრაიანეს] გამოსახულებას. . . და, ამასთან ერთად, ლანძღავდნენ ქრისტეს“. როცა ვინმეს ქრისტიანობას იგებდნენ, სიკვდილით სჯიდნენ. ასეთი საფრთხის მიუხედავადაც კი პერგამონელი ქრისტიანები არ უარყოფდნენ თავიანთ რწმენას. ისინი ‘ეჭიდებოდნენ იესოს სახელს’ და კვლავაც პატივს მიაგებდნენ მის, როგორც იეჰოვას დამცველისა და დანიშნული მოსამართლის, მაღალ მდგომარეობას. ისინი ერთგულად მიჰყვებოდნენ იესოს ნაკვალევს და სამეფოს შესახებ ქადაგებდნენ.

      5. ა) დღეს რამ შეცვალა იმპერატორის კულტი და რა სერიოზული გამოცდის წინაშე დგანან ქრისტიანები? ბ) როგორ ეხმარებოდა „საგუშაგო კოშკი“ ქრისტიანებს?

      5 იესოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ სატანა მართავს ამ ბოროტ ქვეყნიერებას, თუმცა სატანამ ვერ დაიმორჩილა იესო, რადგან იესომ უმწიკვლობა შეინარჩუნა (მათე 4:8—11; იოანე 14:30). ჩვენს დროში ძლიერი ერები, განსაკუთრებით კი „ჩრდილოეთის მეფე“ და „სამხრეთის მეფე“ მსოფლიო ბატონობის მოსაპოვებლად იბრძვიან (დანიელი 11:40). პატრიოტულმა სულისკვეთებამ გააღვივა ნაციონალიზმის სული, რომელმაც მთელი დედამიწა მოიცვა. ძველად თუ იმპერატორის კულტი იყო, დღეს ნაციონალიზმია. „საგუშაგო კოშკში“ 1939 წლის 1 ნოემბრის, 1979 წლის 1 ნოემბრისა და 1986 წლის 1 სექტემბრის ნომრებში საფუძვლიანად განიხილებოდა ნეიტრალიტეტის თემაზე ბიბლიური თვალსაზრისი და ის პრინციპები, რომლებითაც ქრისტიანებს უნდა ეხელმძღვანელათ, რათა ევლოთ იეჰოვას სახელით და იესოს მსგავსად მამაცურად დაეძლიათ ქვეყნიერება (მიქა 4:1, 3, 5; იოანე 16:33; 17:4, 6, 26; 18:36, 37; საქმეები 5:29).

      6. ანტიპას მსგავსად როგორ ინარჩუნებენ დღეს სიმტკიცეს იეჰოვას მოწმეები?

      6 ასეთი რჩევები მართლაც რომ დროული იყო. არაგონივრული პატრიოტული სულისკვეთების პირისპირ მდგომ იეჰოვას მოწმეებს, როგორც სულითცხებულებს, ისე მათ თანამსახურებს, მტკიცე რწმენა უნდა გამოევლინათ. მაგალითად, შეერთებულ შტატებში ასობით სკოლის მოსწავლე და მასწავლებელი დაითხოვეს სკოლებიდან იმის გამო, რომ სალამს არ აძლევდნენ ეროვნულ დროშას. მოწმეებს სასტიკად დევნიდნენ გერმანიაშიც, რადგან ისინი სვასტიკას პატივს არ მიაგებდნენ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჰიტლერის მომხრე ნაცისტებმა იეჰოვას ათასობით ერთგული მსახური მოკლეს იმის გამო, რომ ისინი არ მონაწილეობდნენ ნაციონალისტურ კერპთაყვანისმცემლობაში. XX საუკუნის 30-იან წლებში, როდესაც იაპონიაში იმპერატორის გამაღმერთებელი სინტოიზმი ყვაოდა, ორმა პიონერმა უხვად დათესა სამეფოს თესლი იაპონიის მიერ ოკუპირებულ ტაივანში. ხელისუფლების სათავეში მოსულმა სამხედრო პირებმა ისინი ციხეში ჩაყარეს, სადაც ერთი მათგანი არაადამიანური მოპყრობის გამო მოკვდა; მეორე მოგვიანებით კი გაათავისუფლეს, მაგრამ ზურგში ესროლეს. ეს ქრისტიანები მართლაც რომ ანტიპას მოგვაგონებენ! დღესაც არსებობს ქვეყნები, სადაც ქვეშევრდომებისგან ეროვნული სიმბოლოების თაყვანისცემა და სახელმწიფოსადმი განსაკუთრებული ერთგულება მოითხოვება. ბევრი ახალგაზრდა მოწმე დაუპატიმრებიათ და მრავალი მათგანი მოუკლავთ კიდეც, რადგან ისინი გაბედულად იცავდნენ ქრისტიანულ ნეიტრალიტეტს. ახალგაზრდებმა, რომლებიც მსგავსი სირთულეების პირისპირ დგანან, ყოველდღე უნდა შეისწავლონ ღვთის სიტყვა, რათა რწმენა ჰქონდეთ „სულის ცოცხლად შესანარჩუნებლად“ მარადიული სიცოცხლის იმედით (ებრაელები 10:39—11:1; მათე 10:28—31).

      7. რა სირთულის წინაშე აღმოჩნდნენ ინდოეთში ბავშვები და როგორ დასრულდა ეს შემთხვევა?

      7 ბავშვებიც ხვდებიან მსგავს პრობლემებს სკოლაში. მაგალითად, 1985 წელს ინდოეთის შტატ კერალაში იეჰოვას მოწმეთა სამმა ბავშვმა არ დათმო ბიბლიაზე დაფუძნებული რწმენა და უარი თქვა ეროვნული ჰიმნის შესრულებაზე. მიუხედავად იმისა, რომ მათ პატივისცემა გამოხატეს და ფეხზე იდგნენ, როდესაც სხვები მღეროდნენ, ისინი მაინც გარიცხეს სკოლიდან. მათმა მამამ საჩივრით პირდაპირ ინდოეთის უზენაეს სასამართლოს მიმართა, რომლის ორმა მოსამართლემაც გადაწყვეტილება ბავშვების სასარგებლოდ მიიღო. მათ გაბედულად განაცხადეს: „ჩვენი ტრადიცია შემწყნარებლობას ასწავლის; ჩვენი ფილოსოფიაც შემწყნარებლობას ასწავლის და ჩვენი კონსტიტუციაც შემწყნარებლობას უჭერს მხარს. მოდი, ამის წინააღმდეგ ნუ წავალთ“. ამ პროცესს დადებითად აშუქებდა პრესა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებები, რისი წყალობითაც მთელმა ქვეყანამ, სადაც მაშინ დედამიწის მოსახლეობის მეხუთედი ცხოვრობდა, შეიტყო, რომ მათ ქვეყანაში არიან ქრისტიანები, რომლებიც ეთაყვანებიან ჭეშმარიტ ღმერთ იეჰოვას და ერთგულად იცავენ ბიბლიურ პრინციპებს.

      გამხრწნელი ზეგავლენა

      8. რაში სდებდა ბრალს იესო პერგამონელ ქრისტიანებს?

      8 პერგამონელი ქრისტიანები მართლაც რომ უმწიკვლობის დამცველები არიან. „მაგრამ — ამბობს იესო, — მაქვს ზოგი რამ შენ წინააღმდეგ“. რატომ კიცხავს ის მათ? იესო ამბობს: „შენთან ზოგიერთი ბალაამის სწავლებას ეჭიდება, რომელიც ასწავლიდა ბალაკს, დაებრკოლებინა ისრაელის ძეები, ეჭამათ კერპთშენაწირი და ემეძავათ“ (გამოცხადება 2:14).

      9. ვინ იყო ბალაამი და როგორ ‘დააბრკოლა ისრაელის ძეები’ მისმა რჩევამ?

      9 მოსეს დროს მოაბის მეფე ბალაკმა ისრაელის დასაწყევლად მოისყიდა არაისრაელი წინასწარმეტყველი ბალაამი, რომელსაც ზოგადი წარმოდგენა ჰქონდა იეჰოვას გზებზე. იეჰოვა წინ აღუდგა ბალაამს და აიძულა, ეკურთხებინა ისრაელი და დაეწყევლა მათი მტრები. მიუხედავად ამისა, გაბრაზებულ ბალაკს დასამშვიდებლად ბალაამმა უფრო მზაკვრული ხერხი შესთავაზა — მოაბელ ქალებს ისრაელი მამაკაცები სექსუალურ აღვირახსნილობასა და ცრუ ღმერთის, ფეორის ბაალის თაყვანისმცემლობაში უნდა ჩაეთრიათ! ხერხმა გაჭრა. იეჰოვა სამართლიანი რისხვით აენთო და 24 000 ზნედაცემული ისრაელი მოკლა. ხალხის განადგურება მხოლოდ მაშინ შეწყდა, როცა მღვდელმა ფინხასმა უკიდურესი ზომები მიიღო ისრაელიდან ბოროტების აღმოსაფხვრელად (რიცხვები 24:10, 11; 25:1—3, 6—9; 31:16).

      10. რა დაბრკოლება გაჩნდა პერგამონის კრებაში და რატომ შეიძლებოდა ეფიქრათ იმდროინდელ ქრისტიანებს, რომ ღმერთი თვალს დახუჭავდა მათ უზნეობაზე?

      10 საინტერესოა, იოანეს დროსაც არსებობდა მსგავსი დაბრკოლება პერგამონში? ასეთი რამ მართლაც არსებობდა. უზნეობამ და კერპთაყვანისმცემლობამ პერგამონის კრებაშიც შეაღწია. იმდროინდელი ქრისტიანები უგულებელყოფდნენ ღვთის გაფრთხილებას, რომელიც მათ პავლე მოციქულისგან მოისმინეს (1 კორინთელები 10:6—11). ისინი შეიძლება ფიქრობდნენ, რომ, რადგან დევნას უძლებდნენ, იეჰოვა თვალს დახუჭავდა მათ უზნეობაზე. იესომ არაორაზროვნად მიუთითა, რომ მათ ასეთი ბოროტება არ უნდა ჩაედინათ.

      11. ა) რისგან უნდა დაიცვან ქრისტიანებმა თავი და რა არ უნდა იფიქრონ? ბ) წლების განმავლობაში რამდენი მოწმე ირიცხება ქრისტიანული კრებიდან და ძირითადად რა მიზეზით?

      11 ქრისტიანები დღესაც ფრთხილად უნდა იყვნენ, „ღვთის წყალობა თავაშვებულობის გასამართლებლად“ რომ არ გამოიყენონ (იუდა 4). ჩვენ უნდა შევიძულოთ ბოროტება და ‘ვცემოთ ჩვენს სხეულს’, რათა ქრისტიანული ზნეობა შევინარჩუნოთ (1 კორინთელები 9:27; ფსალმუნი 97:10; რომაელები 8:6). არ უნდა ვიფიქროთ, რომ ღვთის მსახურებაში გულმოდგინება და დევნის დროს უმწიკვლობის შენარჩუნება უზნეობას გაამართლებს. საერთაშორისო ქრისტიანული კრებიდან შემცოდველები ძირითადად სექსუალური უზნეობის გამო ირიცხებიან. მათი რიცხვი ათობით ათასს ითვლის. იყო წლები, როდესაც უფრო მეტი ირიცხებოდა, ვიდრე ძველ ისრაელში ფეორის ბაალისადმი თაყვანისცემის გამო დაიხოცა. მოდი, ყოველთვის ფხიზლად ვიყოთ, რომ არასოდეს აღმოვჩნდეთ უზნეოთა რიგებში! (რომაელები 11:20; 1 კორინთელები 10:12).

      12. რა პრინციპებით უნდა იხელმძღვანელონ ქრისტიანებმა დღეს ძველად მცხოვრები ღვთის მსახურების მსგავსად?

      12 იესო პერგამონელ ქრისტიანებს კერპთშენაწირის ჭამის გამოც კიცხავს. რა ჰქონდა მას მხედველობაში? თუ გავითვალისწინებთ პავლეს სიტყვებს, რომელიც მან კორინთელებს მისწერა, შესაძლოა, ზოგი ბოროტად იყენებდა ქრისტიანულ თავისუფლებას და შეგნებულად შეურაცხყოფდა სხვების სინდისს. მაგრამ ის უფრო დასაშვებია, რომ ისინი ამა თუ იმ სახით კერპთაყვანისმცემლობის რიტუალებშიც მონაწილეობდნენ (1 კორინთელები 8:4—13; 10:25—30). ერთგულმა ქრისტიანებმა უანგარო სიყვარულით უნდა გამოიყენონ ქრისტიანული თავისუფლება და ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ სხვები არ დააბრკოლონ. ისინი უნდა მოერიდონ კერპთაყვანისმცემლობის თანამედროვე ფორმებს, მაგალითად, ეკრანისა და სპორტის ვარსკვლავების გაღმერთებას და ფულის ან საკუთარი მუცლის გაკერპებას (მათე 6:24; ფილიპელები 1:9, 10; 3:17—19).

      მოერიდეთ სექტანტობას!

      13. კიდევ რა შენიშვნა მისცა იესომ პერგამონელ ქრისტიანებს და რატომ?

      13 იესო კიდევ ერთ შენიშვნას აძლევს პერგამონელ ქრისტიანებს: „შენ ისეთებიც გყავს, ნიკოლაელთა სექტის სწავლებებს რომ ეჭიდებიან“ (გამოცხადება 2:15). ადრე იესომ ეფესოელი ქრისტიანები იმისთვის შეაქო, რომ სძულდათ ამ სექტის საქმიანობა. ქრისტიანული პრინციპების დასაცავად დიდი სიმტკიცე მოითხოვება, რომ არ დაირღვეს ის ერთიანობა, რაზეც იესო იოანეს 17:20—23-ში ლოცულობდა. აუცილებელია შევძლოთ, „როგორც ჯანსაღი სწავლებით დარიგება, ასევე მოწინააღმდეგეების შეგონება“ (ტიტე 1:9).

      14. ა) ვისგან უნდა დაეცვა თავი ქრისტიანულ კრებას თავისი არსებობის პირველივე დღიდან და როგორ ახასიათებდა განდგომილებს პავლე მოციქული? ბ) იესოს რომელი სიტყვები უნდა იღოს ყურად მან, ვისაც ცდუნება აქვს, განდგომილებს აჰყვეს?

      14 ქრისტიანულ კრებას თავისი არსებობის პირველივე დღიდან უნდა დაეცვა თავი ამაყი განდგომილებისგან, რომლებიც პირფერობითა და მზაკვრული ლაპარაკით ‘უთანხმოებებს იწვევდნენ და აბრკოლებდნენ სხვებს, რითაც ეწინააღმდეგებოდნენ იმას’, რაც ნასწავლი ჰქონდათ ქრისტიანებს იეჰოვას „არხით“ (რომაელები 16:17, 18). მოციქული პავლე თითქმის ყველა თავის წერილში აფრთხილებდა ქრისტიანებს ამ საშიშროების შესახებa. მიუხედავად იმისა, რომ იესომ ჩვენს დროში ჭეშმარიტ კრებას ქრისტიანული სიწმინდე და ერთიანობა დაუბრუნა, სექტანტობის საშიშროება მაინც არსებობს. ამიტომ ყველამ, ვისაც იმის ცდუნება აქვს, რომ განდგომილთა ჯგუფს აჰყვეს და ხელი შეუწყოს სექტის ჩამოყალიბებას, ყურად უნდა იღოს იესოს შემდეგი სიტყვები: „მაშ, მოინანიე, თუ არადა, მალე მოვალ შენთან და შევებრძოლები მათ ჩემი პირის დიდი მახვილით“ (გამოცხადება 2:16).

      15. როგორ იწყება სექტანტობა?

      15 როგორ იწყება სექტანტობა? შეიძლება თვითმარქვია მასწავლებელმა ეჭვქვეშ დააყენოს რომელიმე ბიბლიურ ჭეშმარიტება (მაგალითად, ვცხოვრობთ თუ არა უკანასკნელ დღეებში), მისი თანამოაზრეთა ჯგუფი დანარჩენებს გამოეყოს და მას დაუჭიროს მხარი (2 ტიმოთე 3:1; 2 პეტრე 3:3, 4). შესაძლოა ვინმემ გააკრიტიკოს ის, თუ როგორ სრულდება იეჰოვას საქმე, მოუწოდოს სხვებს, თავს გაუფრთხილდნენ, და ამტკიცოს, რომ სამეფოს შესახებ კარდაკარ ქადაგებას არც ბიბლიური საფუძველი აქვს და არც აუცილებელია. თუ ისინი იესოსა და მოციქულებს მიჰბაძავენ და იქადაგებენ, არ გაამაყდებიან, მაგრამ მათ ურჩევნიათ განცალკევებულნი იყვნენ, თავი არ შეიწუხონ და დროდადრო მხოლოდ ბიბლიის ერთად კითხვით დაკმაყოფილდნენ (მათე 10:7, 11—13; საქმეები 5:42; 20:20, 21). ისინი თავიანთ იდეებს ავრცელებენ იესოს სიკვდილის გახსენების, სისხლისგან თავშეკავების ბიბლიური საფუძვლების, დღესასწაულების აღნიშვნისა და თამბაქოს გამოყენების შესახებ, დიდებას უკარგავენ იეჰოვას სახელს და ამიტომ მალევე უბრუნდებიან „დიდ ბაბილონს“, რომელიც ყველაფრის ნებას რთავს. უფრო მეტიც, სატანის წაქეზებით ზოგი მათგანი იწყებს „თავისნაირივე მონების ცემას“, რომლებიც ერთ დროს მათი ძმები იყვნენ (მათე 24:49; საქმეები 15:29; გამოცხადება 17:5).

      16. ა) რატომ უნდა მოინანიოს სასწრაფოდ მან, ვინც განდგომილთა ზეგავლენის ქვეშ ექცევა? ბ) რა ელით მათ, ვისაც არ სურს მონანიება?

      16 ვინც განდგომილთა ზეგავლენის ქვეშ ექცევა, სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს იესოს მოწოდების თანახმად და მოინანიოს! განდგომილთა პროპაგანდა საწამლავია, არ უნდა გავეკაროთ მას! ნამდვილი და წმინდა ჭეშმარიტებისგან განსხვავებით, რომელსაც იესო ასწავლის თავის კრებას, განდგომილთა პროპაგანდა შურსა და სიძულვილს ეფუძნება (ლუკა 12:42; ფილიპელები 1:15, 16; 4:8, 9). მათ, ვისაც არ სურს მონანიება, უფალი იესო შეებრძოლება თავისი „პირის დიდი მახვილით“. ის თითქოს საცერში ცრის თავის ხალხს მათი ერთიანობის შესანარჩუნებლად, რაზეც ის თავის მოწაფეებთან გატარებულ უკანასკნელ საღამოს ლოცულობდა (იოანე 17:20—23, 26). ვინაიდან განდგომილები უარს ამბობენ დახმარებაზე და არ ითვალისწინებენ რჩევებს, რომელსაც სიყვარულით სთავაზობენ იესოს მარჯვენა ხელში მყოფი „ვარსკვლავები“, ის ასამართლებს და ‘სასტიკად სჯის’ მათ და „გარეთ, სიბნელეში“ ყრის. ისინი ირიცხებიან, რომ საფუარივით აღარ იმოქმედონ ღვთის ხალხს შორის (მათე 24:48—51; 25:30; 1 კორინთელები 5:6, 9, 13; გამოცხადება 1:16).

      „დაფარული მანანა და პატარა თეთრი ქვა“

      17. რა კურთხევები მოელით „მძლეველ“ ცხებულებს და რას უნდა მოერიდონ პერგამონელი ქრისტიანები?

      17 ყველას, ვინც ყურად იღებს იესოს რჩევას, იეჰოვას წმინდა სულის ხელმძღვანელობით გადმოცემულს, დიდი ჯილდო ელის. „ვისაც ყური აქვს, მოისმინოს, რას ეუბნება სული კრებებს: მძლეველს მივცემ დაფარულ მანანას და პატარა თეთრ ქვას ზედ დაწერილი ახალი სახელით, რომელიც არავინ იცის მიმღების გარდა“ (გამოცხადება 2:17). ამგვარად, სმირნელი ქრისტიანების მსგავსად პერგამონელ ქრისტიანებსაც მოუწოდებს იესო, რომ ‘მძლეველები’ იყვნენ. თუ მათ გამარჯვება უნდათ, პერგამონში (სადაც სატანის ტახტია) მცხოვრები ქრისტიანები უნდა მოერიდონ კერპთაყვანისმცემლობას, უზნეობას, სექტანტობასა და განდგომილებას და არ უნდა დაემსგავსონ ბალაკს, ბალაამსა და ნიკოლაელთა სექტის წევრებს. თუ ასე მოიქცევიან, ცხებული ქრისტიანები მიწვეულნი იქნებიან, რომ იგემონ „დაფარული მანანა“. რა იგულისხმება ამაში?

      18, 19. ა) რას უგზავნიდა იეჰოვა ისრაელებს? ბ) რომელი მანანა ‘იყო დაფარული’? გ) რას ნიშნავს „დაფარული მანანის“ ჭამა?

      18 მოსეს დროს უდაბნოში ხეტიალისას იეჰოვა მანანით კვებავდა ისრაელებს. ის მანანა არ ყოფილა დაფარული. ყოველ დილით, შაბათის გარდა, მანანა თრთვილივით ეფინებოდა მიწას სასწაულებრივად. ეს ღვთისგან მოვლენილი საკვები ისრაელებს სიცოცხლეს უნარჩუნებდა. იეჰოვამ მოსეს უბრძანა, რომ „თაობიდან თაობაში“ გადასაცემად ეს „პური“ სამახსოვროდ შეენახა ოქროს დოქში, რომელიც შეთანხმების წმინდა კიდობანში იდო (გამოსვლა 16:14, 15, 23, 26, 33; ებრაელები 9:3, 4).

      19 მართლაც შესანიშნავი სიმბოლოა! მანანა ‘დაფარული იყო’ კარვის წმინდათაწმინდაში, სადაც კიდობნის სახურავს სასწაულებრივი სინათლე ეფინებოდა, რაც იეჰოვას იქ ყოფნაზე მიუთითებდა (გამოსვლა 26:34). არავის შეეძლო იმ წმინდა ადგილას შესვლა „დაფარული მანანის“ საჭმელად. მაგრამ როგორც იესომ თქვა, „მძლეველი“ ცხებულები, მისი მიმდევრები შეჭამდნენ „დაფარულ მანანას“. ქრისტეს მსგავსად ისინიც შევიდოდნენ „არა ხელთქმნილ წმინდა ადგილას, რომელიც ჭეშმარიტის ანარეკლია, არამედ თვით ზეცაში“ (ებრაელები 9:12, 24). აღდგომისას ისინი იეჰოვასგან სასწაულებრივ ძღვენს მიიღებენ და უხრწნელობითა და უკვდავებით შეიმოსებიან. სწორედ ამის სიმბოლური სახეა ის, რომ მათ უხრწნელი „დაფარული მანანა“ ეძლევათ. მართლაც დიდი პატივი ხვდა წილად ‘მძლეველთა’ ამ მცირე ჯგუფს! (1 კორინთელები 15:53—57).

      20, 21. ა) რას ნიშნავს ცხებული ქრისტიანებისთვის პატარა თეთრი ქვების მიცემა? ბ) რაკი პატარა თეთრი ქვები მხოლოდ 144 000-ია, რა იმედი აქვს უამრავ ხალხს?

      20 ცხებულები „პატარა თეთრ ქვასაც“ იღებენ. რომის სასამართლოებში პატარა ქვები სასამართლოს განაჩენის გამოტანის დროს გამოიყენებოდაb. თეთრი ქვა გამართლებას ნიშნავდა, შავი კი — დასჯას, ხშირად სიკვდილს. იესო რომ პერგამონელ ქრისტიანებს „თეთრ ქვას“ აძლევს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მათ უდანაშაულოებად, წმინდებად და სპეტაკებად აღიარებს. იესოს სიტყვებს შეიძლება სხვა მნიშვნელობაც ჰქონდეს; რომის იმპერიაში პატარა ქვებს მნიშვნელოვან ღონისძიებებზე დასასწრებად ბილეთის დანიშნულებითაც იყენებდნენ. ამიტომ პატარა თეთრ ქვებს ცხებული „მძლეველი“ ქრისტიანებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს — ზეცაში კრავის ქორწილში ისინი საპატიო ადგილს დაიკავებენ. ასეთი პატარა ქვა მხოლოდ 144 000-ია (გამოცხადება 14:1; 19:7—9).

      21 ნიშნავს ეს იმას, რომ უამრავი ხალხი, რომელიც ცხებულების მხარდამხარ მსახურობს, უყურადღებოდ არის მიტოვებული? არავითარ შემთხვევაში! მართალია, ისინი არ იღებენ პატარა თეთრ ქვებს, რომლებიც ზეცაში ცხოვრების უფლებას იძლევა, მაგრამ თუ ერთგულები დარჩებიან, დიდ გასაჭირს გადაიტანენ და დედამიწის სამოთხედ გადაქცევით გაიხარებენ. დროთა განმავლობაში მკვდრებიც აღდგებიან და მათ ქრისტემდე მცხოვრები ღვთის ერთგული მსახურებიც და ჩვენს დროს დაღუპული „სხვა ცხვრებიც“ შეუერთდებიან. საბოლოოდ ყველა გამოსყიდული მიცვალებული ჯილდოდ მიიღებს აღდგომას და იცხოვრებს სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე (ფსალმუნი 45:16; იოანე 10:16; გამოცხადება 7:9, 14).

      22, 23. რას ნიშნავს იმ პატარა ქვაზე დაწერილი სახელი, რომელიც ცხებულ ქრისტიანებს ეძლევათ, და რისკენ აღძრავს ეს მათ?

      22 რა ახალი სახელი აწერია პატარა ქვას? სახელი ადამიანის ვინაობას გვაცნობს და მას სხვებისგან განასხვავებს. ეს ცხებული ქრისტიანები პატარა ქვებს მას შემდეგ იღებენ, რაც მიწიერ სიცოცხლეს ასრულებენ როგორც ‘მძლეველები’. გამოდის, რომ ქვაზე დაწერილი სახელი იმ დიდ პატივს უნდა უკავშირდებოდეს, რომელსაც ისინი ზეცაში იესოსთან ერთად ყოფნით მიიღებენ. ისინი იესოს გვერდით იქნებიან და მასთან ერთად იმეფებენ. ამ ჯილდოს კი სრულად მხოლოდ ისინი იგემებენ და დააფასებენ, ვინც ზეციერ სამეფოს დაიმკვიდრებს. ამიტომაც ნათქვამია, რომ ეს სახელი, ანუ საპატიო მდგომარეობა, „არავინ იცის მიმღების გარდა“ (შეადარეთ გამოცხადების 3:12).

      23 იოანეს კლასს მართლაც დიდი სტიმული აქვს, „მოისმინოს, რას ეუბნება სული კრებებს“ და მიჰყვეს მის ხელმძღვანელობას! მათი თანამოაზრე უამრავი ხალხიც აღძრულია, იმსახუროს ცხებულებთან ერთად, სანამ ისინი დედამიწაზე არიან და მათთან ერთად აუწყოს იეჰოვას სამეფოს შესახებ!

      [სქოლიოები]

      a იხილეთ აგრეთვე 1 კორინთელების 3:3, 4, 18, 19; 2 კორინთელების 11:13; გალატელების 4:9; ეფესოელების 4:14, 15; ფილიპელების 3:18, 19; კოლოსელების 2:8; 1 თესალონიკელების 3:5; 2 თესალონიკელების 2:1—3; 1 ტიმოთეს 6:3—5; 2 ტიმოთეს 2:17; 4:3, 4; ტიტეს 1:13, 14; 3:10; ებრაელების 10:26, 27.

      b იხილეთ საქმეების 26:10 და ამ მუხლის სქოლიო ბიბლიაში „ახალი ქვეყნიერების თარგმანი სქოლიოებით“ (ინგლ.)

  • შეიძულეთ „სატანის სიღრმეები“
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • თავი 10

      შეიძულეთ „სატანის სიღრმეები“

      თიატირა

      1. სად მდებარეობდა თიატირა და როგორი იყო რელიგიური გარემო ამ ქალაქში?

      ბერგამიდან (პერგამონი) სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 65 კილომეტრის დაშორებით, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, მდებარეობს ქალაქი აქჰისარი. დაახლოებით 1900 წლის წინათ აქ ქალაქი თიატირა მდებარეობდა. მიმომსვლელი ზედამხედველი ადვილად ჩავიდოდა პერგამონიდან თიატირაში და, იქ ჩასული, გამოცხადების მე-3 თავში მოხსენიებულ სარდისის, ფილადელფიისა და ლაოდიკეის კრებებსაც მოინახულებდა. პერგამონისგან განსხვავებით თიატირა არ წარმოადგენდა იმპერატორის თაყვანისცემის ცენტრს, თუმცა მასში უხვად იყო წარმართული ღვთაებებისთვის მიძღვნილი საწმინდრები და ტაძრები. თიატირა მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრად ითვლებოდა.

      2, 3. ა) რა არის ცნობილი თიატირელ ქალზე, რომელიც ქრისტიანი გახდა? ბ) რას ნიშნავდა თიატირელი ქრისტიანებისთვის ის, რომ იესო „ღვთის ძეა“ და „თვალები ცეცხლის ალს მიუგავს“?

      2 მაკედონიაში ქადაგებისას პავლე შეხვდა ძოწეულით მოვაჭრე ერთ თიატირელ ქალს, ლიდიას. ლიდიამ თავის ოჯახის წევრებთან ერთად სიხარულით მიიღო პავლეს ცნობა და სიამოვნებით უმასპინძლა (საქმეები 16:14, 15). წერილობითი ცნობების თანახმად თიატირელთაგან ის პირველი გახდა ქრისტიანი. დროთა განმავლობაში ქალაქში ქრისტიანული კრება ჩამოყალიბდა. იესოს მათთვის ყველაზე მეტი ჰქონდა სათქმელი: „თიატირის კრების ანგელოზს მისწერე, აი რას ამბობს-თქო ღვთის ძე, რომელსაც თვალები ცეცხლის ალს მიუგავს, ფეხები კი — სუფთა სპილენძს“ (გამოცხადება 2:18).

      3 ეს ერთადერთი მუხლია „გამოცხადებაში“, სადაც გამოყენებულია გამოთქმა „ღვთის ძე“, თუმცა არის მუხლები, რომლებშიც იესო იეჰოვას თავის მამად მოიხსენიებს (გამოცხადება 2:27; 3:5, 21). ამ სიტყვებით იესო, როგორც ჩანს, თიატირელ ქრისტიანებს უჩვენებს, როგორი ახლო ურთიერთობა აქვს იეჰოვასთან. ძეს „თვალები ცეცხლის ალს მიუგავს“, რაც თიატირელ ქრისტიანებს მიანიშნებს, რომ მისი რისხვა აინთება კრებაში არსებული ყველანაირი უწმინდურების წინააღმდეგ. იესო უკვე მეორედ იხსენიებს თავის მბრწყინავ, სპილენძისმაგვარ ფეხებს, რითაც იმას აღნიშნავს, რომ დედამიწაზე ყოფნისას თვითონ ერთგულების ბრწყინვალე მაგალითი დაგვიტოვა. უეჭველია, თიატირელმა ქრისტიანებმა ყურად იღეს მისი რჩევა. მსგავსადვე უნდა მოვიქცეთ ჩვენც! (1 პეტრე 2:21).

      4, 5. ა) რატომ შეაქო იესომ თიატირელი ქრისტიანები? ბ) რითი ჰგავს თიატირის კრება იეჰოვას მოწმეთა 100 000-მდე კრებას დღეს?

      4 საბედნიეროდ, იესოს თიატირელი ქრისტიანების შექების მიზეზიც აქვს. ის ამბობს: „ვიცი შენი საქმეები, შენი სიყვარული, რწმენა, მსახურება, მოთმინება და ის, რომ შენი უკანასკნელი საქმეები ადრინდელზე მეტია“ (გამოცხადება 2:19). ეფესოელი ქრისტიანებისგან განსხვავებით თიატირელ ცხებულ ქრისტიანებს არ განელებიათ იეჰოვას სიყვარული, რაც თავდაპირველად ჰქონდათ. მათი რწმენა მტკიცე იყო. უფრო მეტიც, მათი საქმეები ადრინდელზე უკეთესი იყო და ადრე მოხსენიებული სამი კრების ქრისტიანების მსგავსად ისინიც სიმტკიცეს ინარჩუნებდნენ. იმავეს თქმა შეიძლება დღესაც მთელ მსოფლიოში 100 000-მდე კრებად გაერთიანებულ იეჰოვას მოწმეთა შესახებ! იეჰოვას სიყვარული და მისთვის მსახურებაში გულმოდგინება ახალგაზრდებსა და ხანდაზმულებს მოქმედებისკენ აღძრავს. იზრდება იმ პიონერთა რიცხვი, რომლებიც ბრძნულად იყენებენ დროს და აუწყებენ ღვთის იმ სამეფოს დიდებული იმედის შესახებ, რომელიც მალე დამყარდება (მათე 24:14; მარკოზი 13:10).

      5 ათწლეულების განმავლობაში ღვთის მრავალი ერთგული მსახური, როგორც ცხებულები, ისე უამრავი ხალხი, ღვთის მსახურებაში სამაგალითო სიმტკიცეს ავლენენ, როცა ადამიანებს მათ გარშემო სულ უფრო მეტად ეწურებათ იმედი. მაგრამ ჩვენ უიმედობის არანაირი საფუძველი არა გვაქვს! „გამოცხადება“ ადასტურებს ღვთის წინასწარმეტყველთა სიტყვებს: „ახლოს არის იეჰოვას დიდი დღე, ახლოს არის და ძლიერ ჩქარდება“ (სოფონია 1:14; იოელი 2:1; აბაკუმი 2:3; გამოცხადება 7:9; 22:12, 13).

      „ქალი იზებელი“

      6. ა) შექების მიუხედავად იესომ რა სერიოზული შენიშვნა მისცა თიატირის კრებას, რაც დაუყოვნებლივ მოითხოვდა ყურადღებას? ბ) ვინ იყო იზებელი და ჰქონდა თუ არა უფლება, წინასწარმეტყველად წოდებულიყო?

      6 იესოს ცეცხლოვანი თვალები უფრო მეტს ხედავს. ის ისეთ რამეს ამჩნევს, რაც დაუყოვნებლივ მოითხოვს ყურადღებას. იესო თიატირელ ქრისტიანებს ეუბნება: „მაგრამ შენ წინააღმდეგ ისა მაქვს, რომ ნებაზე უშვებ ქალ იზებელს, რომელიც თავს წინასწარმეტყველს უწოდებს, ასწავლის ჩემს მონებს და შეცდომაში შეჰყავს ისინი, რომ იმეძაონ და კერპთშენაწირი ჭამონ“ (გამოცხადება 2:20). ძვ. წ. X საუკუნეში ისრაელის მეფე ახაბის ცოლმა, ბაალის თაყვანისმცემელმა დედოფალმა იზებელმა მკვლელობებით, გარყვნილებითა და ძალაუფლების სიყვარულით გაითქვა სახელი. ის მოკლეს იეჰოვას ცხებული იეჰუს ბრძანებით (1 მეფეები 16:31; 18:4; 21:1—16; 2 მეფეები 9:1—7, 22, 30, 33). კერპთაყვანისმცემელ იზებელს უფლება არ ჰქონდა, წინასწარმეტყველად წოდებულიყო. ის არაფრით ჰგავდა მირიამსა და დებორას, რომლებსაც ისრაელში ერთგულ წინასწარმეტყველებად იცნობდნენ (გამოსვლა 15:20, 21; მსაჯულები 4:4; 5:1—31). იეჰოვას სულს არ აღუძრავს ის, რომ მოხუცებული ანასა და მახარობელი ფილიპეს ოთხი ქალიშვილის მსგავსად ეწინასწარმეტყველა (ლუკა 2:36—38; საქმეები 21:9).

      7. ა) რა გავლენაზე საუბრობს იესო, როცა მოიხსენიებს „ქალ იზებელს“? ბ) რა შესაძლო გამართლებას უძებნიდა ზოგიერთი ქალი თავის თვითნებურ საქციელს?

      7 ცხადია, რომ „ქალი იზებელი“, რომელსაც თავი თიატირელ წინასწარმეტყველად მოაქვს, მატყუარაა. მას არა აქვს ღვთის სული. ვინ არის ის? როგორც ჩანს, ის არის ერთი ქალი ან ქალთა ჯგუფი, რომელიც უსირცხვილოდ რყვნის კრებას. შესაძლოა ისინი კრების წევრთაგან ზოგს უზნეობაში ითრევენ და საღვთო წერილების არასწორი ახსნით თავიანთ გარყვნილებას უსირცხვილოდ ამართლებენ. ისინი მართლაც ცრუწინასწარმეტყველები არიან! ეს ქალები სხვებს აცდუნებენ, რომ ისინიც აჰყვნენ „სიძვას, უწმინდურებას, ვნებას, მავნებელ სურვილებსა და სიხარბეს, რაც კერპთაყვანისმცემლობაა“ (კოლოსელები 3:5). ისინი კრების წევრებს უბიძგებენ უზნეობისა და ეგოისტური ცხოვრებისკენ, რასაც ქრისტიანული სამყაროს მიმდინარეობათა უმეტესობა იწყნარებს.

      8. ა) რა განაჩენი გამოაქვს იესოს თიატირელი „იზებელისთვის“? ბ) ქალების რა შეუფერებელი ზეგავლენა შეიმჩნევა დღეს?

      8 შემდეგ იესო თიატირის კრების უხუცესებს მიმართავს: „დრო მივეცი მოსანანიებლად, მაგრამ არ სურს თავისი სიძვის მონანიება. აი, მზად ვარ, ის ლოგინად ჩავაგდო, ხოლო ვინც მასთან ერთად მრუშობს, დიდ გასაჭირში ჩავყარო, თუ არ მოინანიებენ მის საქმეებს“ (გამოცხადება 2:21, 22). დედოფალ იზებელის მსგავსად, რომელიც, როგორც ჩანს, მბრძანებლობდა ახაბზე და ეწინააღმდეგებოდა ღვთის განაჩენის აღმსრულებელ იეჰუს, შეიძლება ეს ქალებიც ცდილობენ, თავიანთი ქმრები და უხუცესები თავიანთ ჭკუაზე ატარონ. როგორც ჩანს, თიატირელი უხუცესები ურიგდებიან ურცხვი იზებელის გავლენას კრებაზე. ამიტომ იესო მთელი სერიოზულობით აფრთხილებს მათ. მისი სიტყვები დღესაც საყურადღებოა იეჰოვას მოწმეთა ყველა კრებისთვის. ახლაც არიან ისეთი თავნება ქალები, რომლებიც განდგომილებისკენ უბიძგებენ თავიანთ ქმრებს და იეჰოვას ერთგულ მსახურთა წინააღმდეგ სასამართლოშიც კი შეაქვთ საჩივრები (შეადარეთ იუდას 5—8).

      9. ა) რატომ არ აყენებს ქრისტიან ქალებს ჩრდილს ის სიტყვები, რომლებიც იესომ იზებელზე წარმოთქვა? ბ) რა შემთხვევაში ვლინდება იზებელის გავლენა?

      9 ეს ფაქტი არავითარ შემთხვევაში არ აყენებს ჩრდილს ერთგულ ქრისტიან ქალებს. დღეს სამქადაგებლო საქმიანობაში სწორედ მათ შეაქვთ უდიდესი წვლილი; ისინი ატარებენ ბიბლიის საშინაო შესწავლებს, რისი წყალობითაც კრებებს უამრავი ახალი ქრისტიანი ემატება. მათ რომ ღვთის კურთხევა არ აკლიათ, ეს ფსალმუნის 68:11-დანაც ჩანს: „იეჰოვა გასცემს ბრძანებას; ქალთა დიდი ლაშქარი აუწყებს სასიხარულო ცნობას“. ქმრებზე კი დადებითად მოქმედებს ცოლების მოკრძალება და მათი პატივისცემა, ვინაიდან ეს „ღვთის თვალში ძალიან ძვირფასია“ (1 პეტრე 3:1—4). მარჯვე და შრომისმოყვარე ცოლს მეფე ლემუელიც აქებს (იგავები 31:10—31). იზებელის გავლენა მხოლოდ მაშინ ვლინდება, როდესაც ქალები ზღვარს სცდებიან, აცდუნებენ მამაკაცებს და ეჭვქვეშ აყენებენ ან არ ცნობენ მეთაურობის პრინციპს (ეფესოელები 5:22, 23; 1 კორინთელები 11:3).

      10. ა) რატომ იმსახურებენ იზებელი და მისი შვილები სასჯელს? ბ) რა საფრთხის წინაშე დგანან ისინი, ვინც იზებელის შვილები ხდებიან, და რისი გაკეთება მართებთ მათ?

      10 აი კიდევ რას ამბობს იესო „ქალ იზებელზე“: „მის შვილებს სასიკვდილო ჭირით დავხოცავ და ყველა კრება გაიგებს, რომ მე თირკმელებსა და გულებს ვიკვლევ და თითოეულ თქვენგანს თავისი საქმეების მიხედვით მივუზღავ“ (გამოცხადება 2:23). იესომ იზებელსა და მის შვილებს მოსანანიებლად დრო მისცა, მაგრამ მათ არ ისურვეს თავიანთი გარყვნილი გზების მიტოვება და ამიტომ სასჯელი დაიმსახურეს. ეს სიტყვები ჩვენთვისაც საყურადღებოა. ისინი, ვინც ჰბაძავენ იზებელს, კაცები თუ ქალები, და მეთაურობისა და ზნეობრივი ბიბლიური პრინციპების დარღვევით ან თეოკრატიული წესრიგის უგულებელყოფით მისი შვილები ხდებიან, სულიერი გაგებით დაავადებულები არიან. რა თქმა უნდა, თუ ასეთი ადამიანი კრების უხუცესებს სთხოვს, ილოცონ მისთვის, მაშინ „რწმენით წარმოთქმული ლოცვა გამოაჯანმრთელებს დასუსტებულს. იეჰოვა წამოაყენებს მას“. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის თავმდაბლურად მოიქცევა ამ ლოცვების შესაბამისად. მაგრამ ნურავინ იფიქრებს, რომ უზნეო საქციელის დაფარვით ან მსახურებაში მოჩვენებითი გულმოდგინებით ღვთისა და ქრისტეს მოტყუებას შეძლებს (იაკობი 5:14, 15).

      11. რა კეთდება იმისათვის, რომ კრებებში ქალთა ზეგავლენამ ფეხი არ მოიკიდოს?

      11 საბედნიეროდ, იეჰოვას მოწმეთა კრებების უმეტესობას არ ავიწყდება ეს საშიშროება. უხუცესები ფხიზლობენ, რომ კრებაში ფეხი არ მოიკიდოს არათეოკრატიულმა აზროვნებამ და უწმინდურებამ. ისინი ცდილობენ, დაეხმარონ როგორც ძმებს, ისე დებს, რომლებიც ამ საშიშროების წინაშე დგანან, რომ სულიერად გაძლიერდნენ და დროულად გამოსწორდნენ (გალატელები 5:16; 6:1). ეს ქრისტიანი ზედამხედველები სიყვარულით და, ამავე დროს, მტკიცედ მოქმედებენ, რომ ქალები თანასწორუფლებიანობისთვის მებრძოლ ჯგუფებად არ გაერთიანდნენ. გარდა ამისა, დროდადრო დროული რჩევები იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემულ პუბლიკაციებშიც იბეჭდებაa.

      12. იეჰუს მსგავსად როგორ ავლენს შემართებას იოანეს კლასი?

      12 თუ ვინმე უზნეობას სჩადის და, განსაკუთრებით, თუ ეს ჩვევად ექცა, ეს მოუნანიებელი შემცოდველი კრებიდან უნდა გაირიცხოს. გავიხსენოთ, როგორი შემართებით ცდილობდა იეჰუ ისრაელიდან იზებელის ნებისმიერი გავლენის აღმოფხვრას. იოანეს კლასიც მსგავს სიმტკიცეს ავლენს დღეს და თავის თანამსახურ იონადაბის კლასს მაგალითს აძლევს. ისინი ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოებისგან განსხვავებით არ იწყნარებენ ასეთ საქმეებს (2 მეფეები 9:22, 30—37; 10:12—17).

      13. რა დაემართებათ ქალების გამხრწნელი ზეგავლენის ქვეშ მოქცეულებს?

      13 ღვთის ძეს, როგორც იეჰოვას მაცნესა და მის მიერ დანიშნულ მოსამართლეს, სრული უფლება აქვს, ამხილოს და სულიერი გაგებით ლოგინად ჩააგდოს თანამედროვე იზებელი, ვინაიდან მას ქრონიკული ავადმყოფობა ჭირს (მალაქია 3:1, 5). ისინი, ვინც ამ ქალების გამხრწნელი ზეგავლენის ქვეშ ექცევიან, დიდ უბედურებას დაიტეხენ თავს — დამწუხრდებიან გარიცხვის, ქრისტიანული კრებიდან მოკვეთის გამო, რადგან სულიერად მკვდრები იქნებიან. თუ ისინი არ მოინანიებენ, არ მობრუნდებიან და არ აღდგებიან კრებაში, პირდაპირი გაგებითაც „სასიკვდილო ჭირით“ სიკვდილი ელოდებათ, დღეს თუ არა, დიდი გასაჭირის დროს მაინც. თუმცა ჯერ კიდევ შეუძლიათ უკან დაბრუნება, თუ ბოლომდე მოინანიებენ თავიანთ არასწორ საქციელს (მათე 24:21, 22; 2 კორინთელები 7:10).

      14. ა) როგორ იყენებს იესო უხუცესებს გარკვეული პრობლემების, მაგალითად, იზებელის გავლენის აღმოსაფხვრელად? ბ) როგორ უნდა დაუჭიროს მხარი კრებამ უხუცესებს, რომლებიც მსგავს პრობლემებს წყვეტენ?

      14 „ყველა კრებამ“ უნდა იცოდეს, რომ იესო იკვლევს „თირკმელებს“, ანუ ყველაზე ღრმა გრძნობებს, და „გულებს“, ანუ შინაგან ადამიანს და მისი გულის ზრახვებს. ამიტომ იესო თავისი „ვარსკვლავების“ ანუ უხუცესების დახმარებით აღმოფხვრის გარკვეულ პრობლემებს, მაგალითად, კრებაში იზებელის ნებისმიერ გავლენას (გამოცხადება 1:20). მას შემდეგ, რაც უხუცესები საგულდაგულოდ განიხილავენ მსგავს საქმეს, მათ მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაში ეჭვი არავინ უნდა შეიტანოს. ყველა თავმდაბლობით უნდა შეხვდეს უხუცესების გადაწყვეტილებას და მხარი უნდა დაუჭიროს კრების „ვარსკვლავებს“. თუ იეჰოვას ერთგულები ვართ და მზადყოფნით ვემორჩილებით ორგანიზაციაში დადგენილ წესრიგს, აუცილებლად დავჯილდოვდებით (ფსალმუნი 37:27—29; ებრაელები 13:7, 17). დაე, თქვენც მიიღოთ კურთხევები, როცა იესო თითოეულს თავისი საქმეებისამებრ მიაგებს (გალატელები 5:19—24; 6:7—9).

      „იმას ჩაეჭიდეთ, რაც გაქვთ“

      15. ა) რა უთხრა იესომ მათ, ვინც იზებელის გამხრწნელი ზეგავლენის ქვეშ არ მოქცეულა? ბ) საიდან ჩანს, რომ ყველა, ვინც 1918 წელს თავს ქრისტიანს უწოდებდა, არ მოქცეულა განდგომილი ქრისტიანული სამყაროს გამხრწნელი ზეგავლენის ქვეშ?

      15 იესოს შემდეგი სიტყვები მანუგეშებელია: «დანარჩენებს კი, ვინც თიატირაში ხართ, ყველას, ვისაც ეს სწავლება არა გაქვთ, მათ, ვისაც არ შეგიცნიათ „სატანის სიღრმეები“, გეუბნებით: მეტს აღარაფერს დაგაკისრებთ. ჩემ მოსვლამდე კი კვლავ იმას ჩაეჭიდეთ, რაც გაქვთ» (გამოცხადება 2:24, 25). თიატირაში იყვნენ ისეთი ერთგული ქრისტიანებიც, რომლებიც არ მოექცნენ იზებელის გავლენის ქვეშ. ამის მსგავსად, 40 წლის განმავლობაში, 1918 წლამდე და შემდეგაც ყველა, ვინც თავს ქრისტიანად თვლიდა, არ იწყნარებდა უზნეობასა და გარყვნილებას, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული ქრისტიანულ სამყაროში. ბიბლიის მკვლევართა პატარა ჯგუფი, რომელიც ახლა იეჰოვას მოწმეების სახელითაა ცნობილი, ცდილობდა ეკლესიის მრევლისთვის დაენახვებინა, რომ ქრისტიანული სამყაროს მრავალ მოძღვრებას არაქრისტიანული საწყისი ჰქონდა. ბიბლიის მკვლევარები თავისუფლდებოდნენ განდგომილი ქრისტიანობისგან გადმოღებული ბაბილონური მოძღვრებებისა და წეს-ჩვეულებებისგან, რომლებშიც „ქალ იზებელის“ ისეთი სწავლებებიც შედიოდა, რომლებიც ხალხს ყველაფრის უფლებას აძლევდა.

      16. მართალია, იესო და I საუკუნის ქრისტიანთა ხელმძღვანელი საბჭო მორწმუნეებს დამატებით ტვირთს არ აკისრებდნენ, მაგრამ რისგან უნდა შეეკავებინათ მათ თავი?

      16 დღეს იოანეს კლასიც მოუწოდებს თავის თანამსახურ უამრავ ხალხს, რომ არ მოექცნენ გართობას აყოლილი ქვეყნიერების გამხრწნელი ზეგავლენის ქვეშ. გაუმართლებელია, უყურო ან მონაწილეობა მიიღო გარყვნილებაში ცნობისმოყვარეობის გამო ან მხოლოდ იმის გამო, რომ იცოდე, რას ერიდო. სიბრძნე მოგვიწოდებს, ვერიდოთ „სატანის სიღრმეებს“. იესომ თქვა: „მეტს აღარაფერს დაგაკისრებთ“. I საუკუნეში ქრისტიანთა ხელმძღვანელმა საბჭომაც მსგავსი დადგენილება მიიღო: „წმინდა სულმა და ჩვენ მართებულად მივიჩნიეთ, მეტი აღარაფერი დაგვეკისრებინა თქვენთვის ამ აუცილებლის გარდა, რომ მოერიდოთ კერპთშენაწირს, სისხლს, დამხრჩვალსა და სიძვას. თუ ამისგან დაიცავთ თავს, წარმატებული იქნებით. იყავით ჯანმრთელად“ (საქმეები 15:28, 29). იმისათვის, რომ სულიერად წინ წაიწიოთ, ერიდეთ ცრუ რელიგიას, სისხლის არასწორად გამოყენებას (მაგალითად, სისხლის გადასხმას) და უზნეობას! ამგვარად ფიზიკურ ჯანმრთელობასაც შეინარჩუნებთ.

      17. ა) როგორ აცდუნებს სატანა ადამიანებს თავისი „სიღრმეებით“? ბ) როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს სატანის ქვეყნიერების „სიღრმეებისადმი“, თავგზას რომ უბნევს ხალხს?

      17 სატანას დღეს სხვა „სიღრმეებიც“ აქვს. მაგალითად, გონების მაამებელი რთული, ფილოსოფიური მსჯელობები და უზნეობისა და თავაშვებულობის მხარდამჭერი საუბრები. სატანის „სიღრმეები“ სპირიტიზმსა და ევოლუციის თეორიასაც მოიცავს. როგორ უყურებს ამ „სიღრმეებს“ ყოვლადბრძენი შემოქმედი? მოციქული პავლე ციტირებს მის სიტყვებს: „ბრძენთა სიბრძნეს მოვსპობ“. სატანის „სიღრმეებისგან“ განსხვავებით „ღვთის სიღრმეები“ უბრალო, ადვილად გასაგები და სასიამოვნოა. გონიერი ქრისტიანები გაურბიან სატანის ქვეყნიერების „სიღრმეებს“, თავგზას რომ უბნევს ხალხს. გახსოვდეთ, რომ „გადადის ქვეყნიერებაც და მისი სურვილებიც, ღვთის ნების შემსრულებელი კი სამარადისოდ რჩება“ (1 კორინთელები 1:19; 2:10; 1 იოანე 2:17).

      18. რა კურთხევებს ჰპირდება იესო ცხებულ ქრისტიანებს, რომლებიც ბოლომდე ერთგულები რჩებიან, და რა პატივი ხვდებათ წილად მათ, მკვდრეთით აღდგენილებს, არმაგედონის დროს?

      18 თიატირელ ქრისტიანებს იესო ახლა გამამხნევებელი სიტყვებით მიმართავს. ეს სიტყვები დღეს ცხებულ ქრისტიანებსაც ამხნევებს: „მძლეველსა და ჩემი საქმეების ბოლომდე დამცველს მივცემ ძალაუფლებას ხალხებზე, როგორიც მე მივიღე მამაჩემისგან; დამწყემსავს ის ხალხს რკინის კვერთხით და თიხის ჭურჭელივით დაიმსხვრევიან“ (გამოცხადება 2:26, 27). რაოდენ დიდი პატივია! ძალაუფლებაში, რასაც „მძლეველი“ ცხებულები აღდგომისას მიიღებენ, იგულისხმება ის, რომ იესოსთან ერთად არმაგედონში ისინი „რკინის კვერთხით“ გაანადგურებენ ურჩებს. ხალხთა ბირთვული იარაღი ნესტიან ასანთს დაემსგავსება, როდესაც ქრისტე თიხის ჭურჭელივით ნაცარტუტად აქცევს თავის მტრებს (ფსალმუნი 2:8, 9; გამოცხადება 16:14, 16; 19:11—13, 15).

      19. ა) ვინ არის „ცისკრის ვარსკვლავი“ და როგორ „მიეცემა“ ის ‘მძლეველებს’? ბ) რა ამხნევებს უამრავ ხალხს?

      19 იესო დასძენს: „და მივცემ მას ცისკრის ვარსკვლავს“ (გამოცხადება 2:28). მოგვიანებით იესო თვითონ განმარტავს ამ ვარსკვლავის მნიშვნელობას: „მე ვარ დავითის ფესვი და შთამომავალი და კაშკაშა ცისკრის ვარსკვლავი“ (გამოცხადება 22:16). წინასწარმეტყველება, რომელიც იეჰოვამ ურჩ ბალაამს ათქმევინა, იესომ შეასრულა: „ვარსკვლავი ამოვა იაკობიდან და კვერთხი აღიმართება ისრაელიდან“ (რიცხვები 24:17). რა გაგებით მისცემს იესო „ცისკრის ვარსკვლავს“ ‘მძლეველებს’? როგორც ჩანს, იმ გაგებით, რომ საკუთარ თავს „აძლევს“ მათ, ანუ ძალიან ახლო ურთიერთობა ექნება მათთან (იოანე 14:2, 3). მათ მართლაც უღირთ ერთგულების შენარჩუნება! უამრავ ხალხს ძალებს მატებს ის, რომ „კაშკაშა ცისკრის ვარსკვლავი“ მალე თავისი მეფური ძალაუფლების წყალობით დედამიწაზე სამოთხეს აღადგენს.

      შეინარჩუნეთ უმწიკვლობა

      20. რა მხრივ მოგვაგონებს ქრისტიანული სამყარო თიატირის კრებას?

      20 ამ ცნობას თიატირელი ქრისტიანები ძლიერ უნდა გაემხნევებინა. წარმოიდგინეთ, ზეცაში განდიდებული ღვთის ძე თიატირელ ქრისტიანებს ელაპარაკა იმ პრობლემებზე, რომლებსაც უნდა გამკლავებოდნენ! უეჭველია, კრებაში ზოგიერთი გამოეხმაურა მოსიყვარულე მწყემსის ასეთ მზრუნველობას. შვიდიდან ეს ყველაზე გრძელი მიმართვა დღეს ჭეშმარიტი კრების ამოცნობაში გვეხმარება. 1918 წელს, როცა იესო იეჰოვას ტაძარში მივიდა როგორც მოსამართლე, იმ მიმდინარეობათა უმეტესობა, რომლებიც ქრისტიანებად აცხადებდნენ თავს, კერპთაყვანისმცემლობითა და სულიერი უზნეობით იყო წაბილწული (იაკობი 4:4). ზოგიერთი თავის მრწამსს XIX საუკუნის თავისუფლად მოაზროვნე ქალთა მოძღვრებებზე აფუძნებდა, მაგალითად, ელენ უაიტისა (მეშვიდე დღის ადვენტისტები) და მერი ბეიკერ ედის მოძღვრებაზე („ქრისტიანული მეცნიერება“); ამ ბოლო დროს არაერთი ქალი ქადაგებს აუდიტორიის წინაშე (შეადარეთ 1 ტიმოთეს 2:11, 12). კათოლიციზმის ბევრ მიმდინარეობაში მარიამს უფრო დიდ პატივს სცემენ, ვიდრე ღმერთსა და ქრისტეს; იესოს არ აღუზევებია ის ასე (იოანე 2:4; 19:26). განა შეიძლება ქრისტიანულად მივიჩნიოთ ის მიმდინარეობები, რომლებშიც ქალებს ასეთი დიდი ზეგავლენა აქვთ, რაც არ შეშვენით?

      21. რით არის ჩვენთვის საყურადღებო თიატირელებისთვის ნათქვამი სიტყვები?

      21 თითოეული ქრისტიანი, იქნება ის იოანეს კლასის წარმომადგენელი თუ სხვა ცხვრისა, უნდა დაფიქრდეს ამ ცნობაზე (იოანე 10:16). ზოგიერთმა შეიძლება თიატირელი იზებელის მიმდევრების მსგავსად ადვილი გზა აირჩიოს და კომპრომისზეც წავიდეს. დღეს ისეთი საკითხების წინაშე გვიწევს დგომა, როგორიცაა სისხლის გადასხმა ან სისხლის შემცველი პროდუქტების საკვებად გამოყენება. შეიძლება ზოგი ფიქრობდეს, რომ თუ გულმოდგინე მქადაგებელია ან მოხსენებებით გამოდის, შეუძლია თავს უფლება მისცეს, უყუროს ძალადობის ან გარყვნილების ამსახველ ფილმებს ან დიდი რაოდენობით ალკოჰოლი მიიღოს. იესოს მიერ თიატირელი ქრისტიანებისთვის მიცემული გაფრთხილება ჩვენთვისაც საყურადღებოა, რომ თავს ზედმეტის უფლება არ მივცეთ. იეჰოვას სურს, თიატირელი ქრისტიანების უმეტესობის მსგავსად ჩვენც წმინდები, ერთსულოვნები და ერთგულები ვიყოთ.

      22. როგორ დაგვანახვა იესომ, რომ მნიშვნელოვანია, ყური მზად გვქონდეს მოსასმენად?

      22 ბოლოს იესო ამბობს: „ვისაც ყური აქვს, მოისმინოს, რას ეუბნება სული კრებებს“ (გამოცხადება 2:29). იესომ მეოთხედ გაიმეორა ეს დამაფიქრებელი სიტყვები და ამავე სიტყვებით ასრულებს მომდევნო სამ მიმართვასაც. მზად გაქვთ ყური მოსასმენად? მაშ, ყურად იღეთ დარიგებები, რომლებსაც ღმერთი თავისი სულისა და თავისი „არხის“ მეშვეობით გვაძლევს.

      [სქოლიოები]

      a მაგალითად, იხილეთ „საგუშაგო კოშკის“ 2003 წლის 1 ნოემბრის ნომერში სტატია „ერთგული ქრისტიანი ქალები — ღვთის ძვირფასი მსახურები“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება