საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • პირველი ვაი და კალიების შემოსევა
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • თავი 22

      პირველი ვაი და კალიების შემოსევა

      1. ვინ აუწყებს დედამიწას იმას, რასაც ანგელოზები ზეცაში აცხადებენ, და რას იუწყება მეხუთე საყვირი?

      მეხუთე ანგელოზი საყვირის ჩასაბერად ემზადება. ოთხი საყვირის ხმა უკვე გაისმა, რამაც დააწყლულა დედამიწის მესამედი, იეჰოვასთვის ყველაზე საძულველი ქრისტიანული სამყარო. ყველასთვის ცხადი გახდა მისი სასიკვდილო მდგომარეობა. რასაც ანგელოზები საყვირებით აცხადებენ, იმას ადამიანები მთელ დედამიწას აუწყებენ. მეხუთე ანგელოზი მალე პირველ ვაის გააცხადებს. ეს უფრო დიდ საშინელებას მოიტანს, ვიდრე მანამდე მომხდარ მოვლენებს მოუტანია. ეს ვაი კალიების შემაძრწუნებელი შემოსევით არის გამოწვეული. თავდაპირველად განვიხილოთ ის ბიბლიური მუხლები, რომლებიც ამ წყლულის მნიშვნელობას დაგვანახვებს.

      2. კიდევ რომელ ბიბლიურ წიგნშია აღწერილი კალიების შემოსევა და რას გამოიწვევდა ეს ძველ ისრაელში?

      2 იოელის წიგნში, რომელიც ძვ. წ. IX საუკუნეში დაიწერა, აღწერილია მწერების, მათ შორის კალიების შემოსევა, რაც იოანეს ხილვაში ნანახს ჰგავს (იოელი 2:1—11, 25)a. ამ შემოსევას განდგომილი ისრაელი სავალალო მდგომარეობაში უნდა ჩაეგდო, მაგრამ ზოგიერთი იუდეველი მოსანანიებლად და იეჰოვასთან დასაბრუნებლად უნდა აღეძრა (იოელი 2:6, 12—14). მაშინ იეჰოვა თავის სულს გადმოღვრიდა „ყველანაირ ხორციელზე“, მაგრამ „იეჰოვას დიდი და შიშის მომგვრელი დღის მოსვლამდე“ საშინელი, თუმცა გამაფრთხილებელი ნიშნები და საკვირველებები მოხდებოდა (იოელი 2:11, 28—32).

      წყლული I საუკუნეში

      3, 4. ა) როდის და როგორ შესრულდა იოელის მეორე თავში ჩაწერილი სიტყვები? ბ) რას ნიშნავდა კალიების შემოსევა ახ. წ. I საუკუნეში და რამდენ ხანს გაგრძელდა?

      3 იოელის მეორე თავში ჩაწერილი სიტყვები I საუკუნეში შესრულდა. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე პირველი ქრისტიანები წმინდა სულით იქნენ ცხებულნი, რამაც ძალა მისცა მათ, მრავალ ენაზე ელაპარაკათ „ღვთის დიდებული საქმეების შესახებ“. იქ უამრავ ხალხს მოეყარა თავი. მოციქულმა პეტრემ ნანახით განცვიფრებულებს მიმართა და იოელის 2:28, 29-ის ციტირების შემდეგ აუხსნა, რომ ისინი ამ სიტყვების შესრულების მოწმენი გახდნენ (საქმეები 2:1—21). თუმცა ამ შემთხვევაში პირდაპირი გაგებით კალიების შემოსევა არავის უნახავს, არავინ ჩავარდნილა სავალალო მდგომარეობაში და არც არავინ აღძრულა მოსანანიებლად.

      4 ამ წყლულს სიმბოლური გაგება ჰქონდა და სულითცხებული ქრისტიანების დაუცხრომელი ქადაგებით იყო გამოწვეულიb. იეჰოვა მათი პირით მოუწოდებდა იუდევლებს მონანიებისკენ, და თუ მოინანიებდნენ, აკურთხებდა კიდეც (საქმეები 2:38—40; 3:19). ვინც გამოეხმაურა, ღვთის კეთილგანწყობილება მიიღო, ხოლო ვინც ამ მოწოდებას ყური არ ათხოვა, მათთვის პირველი საუკუნის ქრისტიანები გამანადგურებელი კალიების გუნდად იქცნენ. მათ იერუსალიმიდან დაიწყეს და მთელ იუდეასა და სამარიას „შეესივნენ“. მალე ისინი მთელ ქვეყანას მოედნენ და დატანჯეს ურწმუნო იუდეველები, რადგან საჯაროდ ქადაგებდნენ იესოს აღდგომისა და აღდგომის მნიშვნელობის შესახებ (საქმეები 1:8; 4:18—20; 5:17—21, 28, 29, 40—42; 17:5, 6; 21:27—30). ეს შემოსევა ახ. წ. 70 წლამდე, „შიშის მომგვრელი დღის“ დადგომამდე გაგრძელდა, როცა იეჰოვამ იერუსალიმი რომაელთა ჯარებს გაანადგურებინა. მხოლოდ ის ქრისტიანები გადარჩნენ, რომლებიც რწმენით უხმობდნენ იეჰოვას სახელს (იოელი 2:32; საქმეები 2:20, 21; იგავები 18:10).

      წყლული დღეს

      5. როგორ სრულდება იოელის წინასწარმეტყველება 1919 წლიდან?

      5 გონივრულია, გვეფიქრა, რომ იოელის წინასწარმეტყველება ბოლო დღეებშიც შესრულდებოდა, და ეს ასეც მოხდა. 1919 წლის 1—8 სექტემბერს სიდარ-პოინტში (ოჰაიო, აშშ) ბიბლიის მკვლევარების კონგრესზე იეჰოვას სულმა ძალ-ღონე შემატა ღვთის ხალხს, რომ მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის გაეწიათ ორგანიზება. ქრისტიანებს შორის მხოლოდ ისინი აღიარებდნენ იესოს გამეფებას ზეცაში და თავს არ ზოგავდნენ, რომ სასიხარულო ცნობა ყველგან გაეცხადებინათ. როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, მათი დაუღალავი ქადაგება მტანჯველ „წყლულად“ იქცა განდგომილი ქრისტიანული სამყაროსთვის (მათე 24:3—8, 14; საქმეები 1:8).

      6. ა) რა დაინახა იოანემ, როცა მეხუთე ანგელოზმა საყვირს ჩაჰბერა? ბ) ვის განასახიერებს ვარსკვლავი და რატომ?

      6 ეს დაწყლულება იერუსალიმის განადგურებიდან 26 წლის შემდეგ დაწერილ „გამოცხადებაშიც“ არის მოხსენიებული. მოდი ვნახოთ, რა დამატებით დეტალებს გვაცნობს იოანეს წინასწარმეტყველება: „ჩაჰბერა საყვირს მეხუთე ანგელოზმა და ვიხილე ციდან დედამიწაზე ჩამოვარდნილი ვარსკვლავი. მას უფსკრულის ნაპრალის გასაღები მიეცა“ (გამოცხადება 9:1). ეს ვარსკვლავი განსხვავდება გამოცხადების 8:10-ში მოხსენიებული ჩამოვარდნილი ვარსკვლავისგან. იოანემ დაინახა „ვარსკვლავი, რომელიც ციდან ჩამოვარდა“, რომ დედამიწაზე ემოქმედა. რას განასახიერებს ეს ვარსკვლავი, სულიერ თუ ხორციელ ქმნილებას? როგორც მოგვიანებით არის აღწერილი, „უფსკრულის ნაპრალის გასაღების“ მფლობელი სატანას უფსკრულში აგდებს (გამოცხადება 20:1—3). ეს ძლევამოსილი სულიერი ქმნილება უნდა იყოს. გამოცხადების 9:11-ში იოანე მოგვითხრობს, რომ კალიებს ჰყავთ „მეფე — უფსკრულის ანგელოზი“. ასე რომ, ორივე მუხლში ერთსა და იმავე ქმნილებაზე უნდა მიდიოდეს საუბარი. უფსკრულის გასაღების მფლობელი ანგელოზი უფსკრულის ანგელოზი უნდა იყოს და ვარსკვლავიც იეჰოვას მიერ დანიშნულ მეფეს უნდა განასახიერებდეს, რადგან ცხებული ქრისტიანები მეფედ მხოლოდ იესო ქრისტეს აღიარებენ (კოლოსელები 1:13; 1 კორინთელები 15:25).

      7. ა) რა ხდება „უფსკრულის ნაპრალის“ გაღების დროს? ბ) რას ნიშნავს „უფსკრული“ და ვინ მოხვდა მასში?

      7 იოანე აგრძელებს თხრობას: „გააღო უფსკრულის ნაპრალი და ამოვიდა კვამლი თითქოს დიდი ღუმლიდან. ნაპრალის კვამლმა მზე და ჰაერი დააბნელა. კვამლიდან კალიები გამოვიდნენ დედამიწაზე. მათ ისეთივე ძალაუფლება მიეცათ, როგორიც დედამიწის მორიელებს აქვთ“ (გამოცხადება 9:2, 3). ბიბლიაში უფსკრული უმოქმედობის და სიკვდილის მნიშვნელობით გამოიყენება (შეადარეთ რომაელების 10:7; გამოცხადების 17:8; 20:1, 3). 1918—1919 წლებში, პირველი მსოფლიო ომის ბოლოს, ასეთი უმოქმედობის „უფსკრულში“ ცოტა ხნით მოხვდა იესოს ძმების მცირე ჯგუფი, მაგრამ 1919 წელს იეჰოვამ თავისი სული მისცა თავის მომნანიე მსახურებს. ისინიც კალიებივით დაირაზმნენ იმ რთული საქმის შესასრულებლად, რომელიც წინ ელოდათ.

      8. რა „დიდი კვამლი“ ამოვიდა კალიებთან ერთად?

      8 იოანე ხედავს, რომ კალიებთან ერთად დიდი კვამლი ამოდის, თითქოს „დიდი ღუმლიდან ამოვიდაო“c. სწორედ ასე მოხდა 1919 წელს, როცა ქრისტიანულ სამყაროს და მთელ ქვეყნიერებას მზე დაუბნელდა (შეადარეთ იოელის 2:30, 31). იოანეს კლასის, იგივე კალიების, გათავისუფლება დამარცხებას ნიშნავდა ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოებისთვის, რომელიც მანამდე სამეფო საქმის ჩახშობას ლამობდა და არც მას მერე უღიარებია ღვთის სამეფო. კვამლი მთელ განდგომილ ქრისტიანულ სამყაროს მაშინ მოედო, როდესაც კალიების ჯგუფმა მწვავე განაჩენის გასაცხადებლად ღვთისგან ძალაუფლება მიიღო. ქრისტიანული სამყაროს „მზე“, მოჩვენებითი სინათლე, და „ჰაერი“ ღვთის განაჩენის გაცხადებამ დააბნელა, რადგან ცხადი გახდა, რომ ამ ქვეყნიერების „ჰაერის ძალაუფლების მთავარი“ ქრისტიანული სამყაროს ღმერთია (ეფესოელები 2:2; იოანე 12:31; 1 იოანე 5:19).

      ხალხის მ­ტანჯველი კალიები

      9. რა საბრძოლო მითითებები მიიღეს კალიებმა?

      9 რა საბრძოლო მითითებები მიიღეს კალიებმა? იოანე მოგვითხრობს: „მათ მითითება მიეცათ, რომ არ ევნოთ არც დედამიწის ბალახეულისთვის, არც რაიმე მწვანე მცენარისთვის და არც რომელიმე ხისთვის, არამედ მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ღვთის ბეჭედი არ ექნებოდათ შუბლზე. კალიებს ნება მიეცათ, ხუთ თვეს დაეტანჯათ ისინი, მაგრამ არ დაეხოცათ; მათი ტანჯვა ჰგავდა მორიელის ნაკბენით მიყენებულ ტანჯვას. იმ დღეებში ადამიანები სიკვდილს დაუწყებენ ძებნას, მაგრამ ვერ იპოვიან, სიკვდილს ინატრებენ, მაგრამ სიკვდილი გაექცევა მათ“ (გამოცხადება 9:4—6).

      10. ა) პირველ რიგში, ვის წინააღმდეგ არის წყლული მიმართული, და რა მდგომარეობაში აგდებს მათ? ბ) როგორი ტანჯვა იგულისხმება? (იხილეთ სქოლიო)

      10 საინტერესოა, რომ ეს წყლული პირველ რიგში უბრალო ხალხისა და გავლენიანი ადამიანების, დედამიწის „ბალახეულობისა“ და „ხეების“ წინააღმდეგ არ არის მიმართული (შეადარეთ გამოცხადების 8:7). კალიები ვნებენ მათ, ვისაც შუბლზე ღვთის ბეჭედი არა აქვთ. ესენი ქრისტიანული სამყაროს წარმომადგენლები არიან, რომლებსაც თავი ბეჭედდასმულებად მოაქვთ, მაგრამ საქმეებით საპირისპიროს ამტკიცებენ (ეფესოელები 1:13, 14). როგორც ვხედავთ, კალიების გაცხადებული განაჩენი, პირველ რიგში, ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლებს ტანჯავდა. ამ თავდაჯერებულ ხალხს მართლა დატანჯავდა იმის გაგება, რომ ისინი არათუ ზეცისკენ ვერ გაუძღვებოდნენ სამწყსოს, არამედ თვითონაც ვერ მოხვდებოდნენ იქd. მათზე მართლდება იესოს სიტყვები: „ბრმას ბრმა მიუძღვის“ (მათე 15:14).

      11. ა) რამდენ ხანს უნდა დაეტანჯათ კალიებს ღვთის მტრები და რატომ არ არის ეს დროის მცირე მონაკვეთი? ბ) რამდენად მწვავეა ტანჯვა?

      11 ტანჯვა ხუთ თვეს გრძელდება. ეს დროის მცირე მონაკვეთია? კალიისთვის ნამდვილად არა, ეს მისი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაა. ასე რომ, კალიები, რამდენ ხანსაც ცოცხლობენ, იმდენ ხანს კბენენ ღვთის მტრებს. ტანჯვა იმდენად მტკივნეულია, რომ ხალხი სიკვდილს ეძებს. მართალია, კალიების დაკბენილთაგან არავის უცდია თავის მოკვლა, მაგრამ ეს გამოთქმა ნაკბენით გამოწვეული ტანჯვის სიმძაფრის დანახვაში გვეხმარება. მათ ტანჯვა ულმობელი მორიელების კბენით გამოწვეულ ტანჯვას ჰგავდა. იერემიას წინასწარმეტყველების თანახმად ეს იმ ორგული ისრაელების ტანჯვას მოგვაგონებს, რომლებიც ბაბილონელთაგან განდევნილნი სიცოცხლეს სიკვდილს ამჯობინებდნენ (იერემია 8:3; იხილეთ აგრეთვე ეკლესიასტეს 4:2, 3).

      12. რატომ მიეცათ კალიებს უფლება, რომ კი არ მოეკლათ ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლები, არამედ სულიერად დაეტანჯათ?

      12 რატომ მიეცათ კალიებს უფლება, რომ კი არ მოეკლათ, არამედ სულიერად დაეტანჯათ ღვთის მტრები? ეს ვაის დასაწყისია, რაც იმით გამოიხატა, რომ ქრისტიანული სამყარო სიცრუესა და წარუმატებლობაში იქნა მხილებული. ოდნავ მოგვიანებით კი გაცხადდება, რომ მისი მდგომარეობა სასიკვდილოა, და ეს უფლის დღის განმავლობაში მოხდება. ეს მეორე ვაის დროს იქნება, როცა ადამიანთა მესამედი დაიხოცება (გამოცხადება 1:10; 9:12, 18; 11:14).

      საბრძოლველად გამზადებული კალიები

      13. როგორ გამოიყურებიან კალიები?

      13 როგორც იოანე აღგვიწერს, კალიებს გასაოცარი გარეგნობა აქვთ: „შესახედაობით კალიები საბრძოლველად გამზადებულ ცხენებს ჰგავდნენ, თავებზე თითქოს ოქროს გვირგვინები ედგათ, სახეები ადამიანის სახეს მიუგავდათ, თმა ქალის თმასავით ჰქონდათ, კბილები კი — ლომის კბილებივით. მათი ჯავშნები რკინის ჯავშნებს ჰგავდა, მათი ფრთების ხმა — საბრძოლველად მიმქროლავი მრავალი ეტლისა და ცხენის ხმას“ (გამოცხადება 9:7—9).

      14. რატომ შეეფერება კალიების აღწერილობა 1919 წელს გამოცოცხლებული ქრისტიანების ჯგუფს?

      14 კალიები ზუსტად განასახიერებენ 1919 წელს გამოცოცხლებულ ერთგულ ქრისტიანებს. ისინი იმ გაგებით ჰგავდნენ ცხენებს, რომ მზად იყვნენ საბრძოლველად, ჭეშმარიტების დასაცავად, როგორც ეს მოციქულმა პავლემ აღწერა (ეფესოელები 6:11—13; 2 კორინთელები 10:4). იოანემ იხილა, რომ მათ თითქოს ოქროს გვირგვინები ედგათ, თუმცა მათ პირდაპირი გაგებით გვირგვინები ვერ ედგმებოდათ, რადგან ჯერ კიდევ დედამიწაზე ცხოვრობდნენ და არ ჰქონდათ დაწყებული მეფობა (1 კორინთელები 4:8; გამოცხადება 20:4). მაგრამ 1919 წელს ისინი მეფეებს ჰგავდნენ. ისინი მეფის ძმები იყვნენ და ჭეშმარიტი გვირგვინები ზეცაში ენახებოდათ, რომლებსაც იმ შემთხვევაში მიიღებდნენ, თუ სიკვდილამდე შეინარჩუნებდნენ ერთგულებას (2 ტიმოთე 4:8; 1 პეტრე 5:4).

      15. რისი სიმბოლოა: ა) ჯავშნები? ბ) ადამიანის სახეები? გ) ქალის თმა? დ) ლომის კბილები? ე) დიდი ხმაური?

      15 ხილვაში კალიები შემოსილნი არიან რკინის ჯავშნებით, რაც უკომპრომისო სიმართლის სიმბოლოა (ეფესოელები 6:14—18). სახეები ადამიანის სახეს მიუგავთ, ეს კი სიყვარულის სიმბოლოა. ადამიანი ხომ იმ ღვთის მსგავსებად შეიქმნა, რომელიც სიყვარულია (დაბადება 1:26; 1 იოანე 4:16). მათ ქალივით გრძელი თმა აქვთ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავიანთ მეფეს, უფსკრულის ანგელოზს ემორჩილებიან. მათი კბილები ლომის კბილებს ჰგავდა, რომელიც ხორცს გლეჯს. 1919 წლიდან იოანეს კლასმა კვლავ შეძლო მაგარი სულიერი საზრდოთი, ღვთის სამეფოს ჭეშმარიტებით კვება. ამ სამეფოს სათავეში იესო ქრისტე უდგას, „ლომი იუდას ტომიდან“. მათ ლომის სიმამაცე სჭირდებოდათ, რომ „გადაემუშავებინათ“ მამხილებელი განაჩენი და პუბლიკაციების სახით მთელ მსოფლიოში გაევრცელებინათ. ეს სიმბოლური კალიები „საბრძოლველად მიმქროლავი მრავალი ეტლისა და ცხენის“ მსგავსად დიდ ხმაურს იწვევენ. ისინი ვერ დადუმდებიან, რადგან პირველი საუკუნის ქრისტიანებს ჰბაძავენ (1 კორინთელები 11:7—15; გამოცხადება 5:5).

      16. რას ნიშნავს ის, რომ „კალიებს კუდები და ნესტრები“ ისეთი აქვთ, როგორიც მორიელებს?

      16 კალიების ქადაგებაში მხოლოდ საუბარი არ იგულისხმება. „კუდები და ნესტრები კი ისეთი ჰქონდათ, როგორიც მორიელებს. მათ კუდებში მათი ძალაუფლება იყო, რომ ხუთ თვეს ევნოთ ადამიანებისთვის“ (გამოცხადება 9:10). რას ნიშნავს ეს? იეჰოვას მოწმეები, როგორც სიტყვიერად, ისე პუბლიკაციებით, ღვთის სიტყვაში ჩაწერილ განაჩენს აცხადებენ. მათი ცნობა მორიელის ნაკბენივით მწარეა, რადგან ისინი იეჰოვას შურისძიების მოახლოებული დღის შესახებ აფრთხილებენ ხალხს (ესაია 61:2). ვიდრე სიმბოლური კალიები ცოცხლები არიან, ისინი დაასრულებენ ღვთისგან მიღებულ დავალებას, იეჰოვას განაჩენის გაცხადების საქმეს, და ზიანს მიაყენებენ ყველა ჯიუტ ღვთისმგმობელს.

      17. ა) რა გამოცხადდა 1919 წელს ბიბლიის მკვლევართა კონგრესზე ქადაგებით გამოწვეული ტკივილის გასამძაფრებლად? ბ) როგორ იტანჯებოდა სამღვდელოება და როგორი იყო მათი საპასუხო რეაქცია?

      17 „კალიები“ სიხარულით ხტოდნენ, როცა 1919 წლის კონგრესზე ახალი ჟურნალის „ოქროს ხანის“ გამოცემა გამოცხადდა. ეს ჟურნალი ორ კვირაში ერთხელ გამოდიოდა ქადაგებით გამოწვეული ტკივილის გასამძაფრებლადe. 1920 წლის 29 სექტემბერს გამოცემულ 27-ე ნომერში სამღვდელოება ორგულობაში იყო მხილებული, რადგან ის შეერთებულ შტატებში 1918—1919 წლებში ბიბლიის მკვლევარებს დევნიდა. 20—30-იან წლებში „ოქროს ხანამ“ კიდევ უფრო მეტი ტკივილი მიაყენა სამღვდელოებას, როცა სტატიებითა და კარიკატურებით ფარდა ახადა პოლიტიკაში მათ ჩარევას, განსაკუთრებით, ფაშისტ და ნაცისტ დიქტატორებთან კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლების თანამშრომლობას. სამღვდელოება ‘სირთულეებს ქმნიდა დადგენილებით’ და ორგანიზებას უწევდა ღვთის ხალხზე თავდასხმებს (ფსალმუნი 94:20).

      დედამიწის მმართველების გაფრთხილება

      18. რა საქმე უნდა შეესრულებინათ „კალიებს“ და რა მოჰყვა მეხუთე საყვირის დაყვირებას?

      18 „კალიებს“ დიდი საქმე უნდა შეესრულებინათ. სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა უნდა გაცხადებულიყო; სიცრუე უნდა მხილებულიყო; დაკარგული ცხვრები უნდა მოძებნილიყო. ქვეყნიერება იძულებული იყო, დამდგარიყო და ეყურებინა, როგორ ასრულებდნენ კალიები ამ დავალებას. იოანეს კლასი ემორჩილებოდა ანგელოზების საყვირების ხმას და არ წყვეტდა ქრისტიანული სამყაროს მხილებას, რომელიც იეჰოვასგან მკაცრ განაჩენს იმსახურებდა. მეხუთე საყვირის ხმაზე განაჩენის ერთ-ერთ განსაკუთრებულ მხარეზე გამახვილდა ყურადღება 1926 წლის 25—31 მაისს ლონდონში (ინგლისი) ბიბლიის მკვლევარების კონგრესზე. მიღებულ იქნა რეზოლუცია „მოწმობა ქვეყნიერების მმართველებისთვის“ და როიალ-ალბერტ-ჰოლში წარმოითქვა მოხსენება „რატომ ირყევა მსოფლიო ძალები, რა გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს?“. ამ რეზოლუციისა და საჯარო მოხსენების სრული ტექსტი მეორე დღესვე დაიბეჭდა ლონდონის ერთ-ერთ წამყვან გაზეთში. მოგვიანებით „კალიებმა“ ეს რეზოლუცია ტრაქტატის სახით გამოსცეს და 50 მილიონი ეგზემპლარი გაავრცელეს, რითაც დატანჯეს სამღვდელოება. ამ მწარე მხილების შესახებ ინგლისში კიდევ არაერთი წელი ლაპარაკობდნენ.

      19. კიდევ რა იარაღი მიიღეს საბრძოლველად სიმბოლურმა კალიებმა, და რა იყო მასში აღნიშნული ლონდონის მანიფესტის შესახებ?

      19 ამ კონგრესზე სიმბოლურმა კალიებმა ახალი წიგნის სახით საბრძოლველად კიდევ ერთი იარაღი მიიღეს. წიგნის სათაური იყო „ხსნა“. წიგნში ბიბლიის საფუძველზე ახსნილი იყო, თუ რა ნიშანი ადასტურებს 1914 წელს ბავშვის, ვაჟის, ქრისტეს ზეციერი სამეფოს დაბადებას (მათე 24:3—14; გამოცხადება 12:1—10). წიგნში მოყვანილი იყო ციტატა რვა მღვდლის, ეგრეთ წოდებული „მსოფლიოს უდიდესი მქადაგებლების“ მიერ 1917 წელს ლონდონში ხელმოწერილი მანიფესტიდან. ისინი წამყვან პროტესტანტულ მიმდინარეობებს წარმოადგენდნენ — ბაპტისტებს, კონგრეგაციონალისტებს, მეთოდისტებს, პრესვიტერულ და ეპისკოპალურ ეკლესიებს. მანიფესტში აღნიშნული იყო: „დღევანდელი კრიზისული მდგომარეობა იმაზე მიუთითებს, რომ წარმართთა ჟამი დასასრულს უახლოვდება“ და „უფლის გამოცხადებას ყოველ წუთს უნდა ველოდოთ“. როგორც ვხედავთ, იმ სასულიერო პირებმა აღიარეს იესოს მოსვლის ნიშანი. იმოქმედა ამან მათზე? წიგნში „ხსნა“ ნათქვამია: „საკვირველი ის არის, რომ ვინც მანიფესტს ხელი მოაწერა, სწორედ მათ უარყვეს იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ ქვეყნიერების აღსასრულისა და უფლის მეორედ მოსვლის პერიოდში ვცხოვრობთ“.

      20. ა) რა ამჯობინა სამღვდელოებამ კალიების გუნდსა და მათ მეფესთან თანამშრომლობას? ბ) იოანეს სიტყვების თანახმად ვინ ხელმძღვანელობს კალიების გუნდს და რა ჰქვია მას?

      20 ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოებამ ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგებას სატანის ქვეყნიერებაში დარჩენა ამჯობინა და უარი თქვა, ეთანამშრომლა სიმბოლურ კალიებთან და მათ მეფესთან, რომელზეც იოანე ამბობს: „მათ ჰყავდათ მეფე — უფსკრულის ანგელოზი. ებრაულად მას აბადონი [ნიშნავს განადგურებას] ჰქვია, ბერძნულად კი — აპოლიონი [ნიშნავს გამანადგურებელს]“ (გამოცხადება 9:11). იესომ, „უფსკრულის ანგელოზმა“ და „გამანადგურებელმა“, მართლაც დამაწყლულებელი ვაი შეჰყარა ქრისტიანულ სამყაროს, მაგრამ ამით ყველაფერი არ დამთავრებულა.

      [სქოლიოები]

      a იოელის 2:4, 5, 7-ს (სადაც მწერები შედარებული არიან ცხენებთან და ადამიანებთან, და ისეთ ხმას გამოსცემენ, თითქოს ეტლები მიგრიალებენო) შეადარეთ გამოცხადების 9:7—9. იოელის 2:6, 10-ს (სადაც აღწერილია მწერების შემოსევის მწვავე შედეგები) შეადარეთ გამოცხადების 9:2, 5.

      b იხილეთ 1961 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკი“, სტატია „განაჩენის ველზე ერების წინააღმდეგ შეკრებილნი“ (ინგლ.).

      c ეს მუხლი არ გამოდგება იმის მტკიცებად, რომ თითქოს უფსკრულში ცეცხლი ენთო და უფსკრული შეიძლებოდა, ჯოჯოხეთი ყოფილიყო. იოანე ამბობს, რომ კვამლი „თითქოს“ დიდი ღუმლიდან ამოსულ კვამლს ჰგავდა (გამოცხადება 9:2). იოანე არ ამბობს იმას, რომ უფსკრულში ცეცხლი ენთო.

      d აქ გამოყენებული ბერძნული სიტყვის ფუძეა ბასანიზო, რომელიც ზოგჯერ ფიზიკური ­ტანჯვის აღსაწერად გამოიყენება, თუმცა ეს სიტყვა სულიერ ­ტანჯვასაც გულისხმობს. მაგალითად, 2 პეტრეს 2:8-ში ვკითხულობთ, რომ „ლოტი იტანჯებოდა“ იმ ბოროტების გამო, რასაც სოდომში ხედავდა. მოციქულების დროს რელიგიური წინამძღოლებიც იტანჯებოდნენ სულიერად, ოღონდ სხვა მიზეზით.

      e ამ ჟურნალს 1937 წელს „ნუგეში“ ეწოდა, ხოლო 1946 წელს — „გამოიღვიძეთ!“.

  • მეორე ვაი და ცხენოსანი ჯარის იერიში
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • თავი 23

      მეორე ვაი და ცხენოსანი ჯარის იერიში

      1. კალიების გათელვის მცდელობის მიუხედავად რა მოხდა და რას მოასწავებს მომდევნო ორი ვაი?

      დაწყებული 1919 წლიდან სიმბოლური კალიების შემოსევამ ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოებას მრავალი თავსატეხი გაუჩინა. მათ არაერთხელ სცადეს კალიების გათელვა, მაგრამ კალიები უწინდელზე მეტად გაძლიერდნენ (გამოცხადება 9:7). ამით არ დამთავრებულა ყველაფერი. იოანე მოგვითხრობს: „ერთმა ვაიმ გადაიარა, ორი ვაი კიდევ მოსასვლელია“ (გამოცხადება 9:12). ქრისტიანული სამყაროს დაწყლულება ჯერ არ დასრულებულა.

      2. ა) რა ხდება მეექვსე ანგელოზის მიერ საყვირის ჩაბერვის შემდეგ? ბ) რას წარმოადგენს „ოქროს სამსხვერპლოს რქებიდან გამომავალი ხმა“? გ) რატომ არის ნახსენები ოთხი ანგელოზი?

      2 საიდან მოდის მეორე ვაი? იოანე ამბობს: «ჩაჰბერა საყვირს მეექვსე ანგელოზმა და გავიგონე ღვთის წინაშე მდგარი ოქროს სამსხვერპლოს რქებიდან გამომავალი ხმა, რომელიც საყვირის მქონე მეექვსე ანგელოზს ეუბნებოდა: „გაათავისუფლე ოთხი ანგელოზი, რომლებიც დიდ მდინარე ევფრატთან არიან შებოჭილნი“ » (გამოცხადება 9:13, 14). ანგელოზების გათავისუფლებას ის ხმა ითხოვს, რომელიც ოქროს სამსხვერპლოს რქებიდან ისმის. ეს სამსხვერპლო სასაკმევლე ოქროს სამსხვერპლოა. იქიდან აღებული საკმეველი, რომელიც ოქროს თასებში ეყარა, მანამდე ორჯერ იყო ნახსენები და ორივეჯერ წმინდათა ლოცვებს უკავშირდებოდა (გამოცხადება 5:8; 8:3, 4). აქედან გამომდინარე, ეს ხმაც დედამიწაზე მყოფი წმინდების ერთობლივ ლოცვებს წარმოადგენს. ისინი გათავისუფლებას ითხოვენ, რათა უფრო აქტიურად იმსახურონ იეჰოვას მაცნეებად. ბერძნული სიტყვა, რომელიც ქართულად ანგელოზად ითარგმნება, ძირითადად მაცნეს ნიშნავს. რატომ არის ნახსენები ოთხი ანგელოზი? ეს სიმბოლური რიცხვი, როგორც ჩანს, იმაზე მეტყველებს, რომ მათი ორგანიზებული მსახურება მთელ დედამიწას მოიცავდა (გამოცხადება 7:1; 20:8).

      3. რა გაგებით იყო ოთხი ანგელოზი „დიდ მდინარე ევფრატთან შებოჭილი“?

      3 რა გაგებით არიან ანგელოზები „დიდ მდინარე ევფრატთან შებოჭილნი“? ძველ დროს მდინარე ევფრატი იეჰოვას მიერ აბრაამისთვის აღთქმულ მიწას ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა (დაბადება 15:18; მეორე კანონი 11:24). როგორც ჩანს, ანგელოზები შებოჭილნი იყვნენ ღვთისგან ბოძებული მიწის საზღვართან, ანუ დედამიწაზე, და სრულად ვერ ასრულებდნენ იეჰოვას მიერ დავალებულ მსახურებას. ქალაქი ბაბილონი ევფრატის სანაპიროზე იყო გაშენებული. ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის დაცემის შემდეგ ისრაელი 70 წლის განმავლობაში ტყვეობაში იყო „დიდ მდინარე ევფრატთან შებოჭილი“ (ფსალმუნი 137:1). 1919 წელს სულიერი ისრაელიც „შებოჭილი“ იყო და უნუგეშო მდგომარეობაში მყოფი იეჰოვას დახმარებას სთხოვდა.

      4. რა ევალება ოთხ ანგელოზს და როგორ ასრულებენ ისინი ამ დავალებას?

      4 საბედნიეროდ იოანე ასეთ სურათს ხედავს: „და გათავისუფლდა ოთხი ანგელოზი, რომლებიც მომზადებული იყვნენ იმ საათის, დღის, თვისა და წლისთვის, რათა ადამიანთა მესამედი დაეხოცათ“ (გამოცხადება 9:15). იეჰოვას ყველაფრისთვის თავისი დრო აქვს დადგენილი და ამ დროის შესაბამისად მოქმედებს. ეს მაცნეებიც თავის დროზე თავისუფლდებიან დაკისრებული დავალების შესასრულებლად. წარმოიდგინეთ, როგორ გაახარებდა მათ 1919 წელს ტყვეობიდან გათავისუფლება! მათ არა მარტო უნდა დაეტანჯათ „ადამიანთა მესამედი“, არამედ უნდა დაეხოცათ კიდეც. ეს მოგვაგონებს პირველი ოთხი საყვირით გაცხადებულ წყლულებს, რომლებმაც ზიანი მოუტანეს დედამიწის, ზღვის, ზღვის სულდგმულთა, მდინარეების, წყაროს წყლებისა და ციური მნათობების მესამედს (გამოცხადება 8:7—12). ოთხი ანგელოზი არ ჩერდება. ისინი ხოცავენ „ადამიანთა მესამედს“, ანუ ბოლომდე ამხელენ სულიერად მკვდარ ქრისტიანულ სამყაროს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ყველა ის განაჩენი, რომელიც 1922 წლიდან მოყოლებული დღემდე ცხადდება.

      5. როგორ მოჰყვა მეექვსე საყვირის ჩაბერვას ქრისტიანული სამყაროს მხილება 1927 წელს?

      5 როგორც აღვნიშნეთ, ზეციერმა ანგელოზმა მეექვსე საყვირს ჩაჰბერა. მეექვსე საყვირის ხმას ტორონტოში (ონტარიო, კანადა) ბიბლიის მკვლევართა მეექვსე საერთაშორისო კონგრესის ჩატარება მოჰყვა. 1927 წლის 24 ივლისს, კვირას, პროგრამა 53 რადიოსადგურის მეშვეობით გადაიცემოდა. ეს იმ დროისთვის ყველაზე მასშტაბური რადიოტრანსლაცია იყო. პროგრამა მილიონობით ადამიანმა მოისმინა. ამ კონგრესზე მიღებულმა მტკიცე რეზოლუციამ ჯერ ამხილა სულიერად მომაკვდავი ქრისტიანული სამყარო, შემდეგ კი ხალხს მოქმედებისკენ მოუწოდა: „ამ დაბნეულობის ჟამს იეჰოვა ღმერთი უბრძანებს ხალხს, სამუდამოდ მიატოვონ ქრისტიანული სამყარო და ყოველგვარი კავშირი გაწყვიტონ მასთან. . . ხალხი მთელი გულითა და ერთგულებით უნდა ემსახუროს იეჰოვა ღმერთს, მის მეფესა და სამეფოს“. რეზოლუციის მიღების შემდეგ ჯ. ფ. რუტერფორდმა ჩვეული ენერგიულობით წარმოთქვა საჯარო მოხსენება „თავისუფლება ხალხთათვის“. ეს მოხსენება ისეთი იყო, როგორც „ცეცხლი, კვამლი და გოგირდი“, რაც იოანემ მოგვიანებით იხილა.

      6. როგორ აღწერს იოანე ცხენოსანთა ჯარს?

      6 „ცხენოსანი ჯარის რიცხვი იყო ოცი ათასჯერ ათი ათასი. მე გავიგონე მათი რიცხვი. აი, როგორები ვიხილე ცხენები და მათზე მსხდომნი: მათ ცეცხლისფერი, მუქი ლურჯი და გოგირდისფერი ჯავშნები ჰქონდათ; ცხენებს თავები ლომების თავებს მიუგავდათ და პირიდან ცეცხლი, კვამლი და გოგირდი გამოსდიოდათ. ამ სამი წყლულისგან, მათი პირიდან გამომავალი ცეცხლის, კვამლისა და გოგირდისგან, ადამიანთა მესამედი დაიხოცა“ (გამოცხადება 9:16—18).

      7, 8. ა) ვისი ხელმძღვანელობით მიქრის ცხენოსანთა ჯარი? ბ) რითი ჰგავს ცხენოსანთა ჯარი კალიების გუნდს?

      7 როგორც ჩანს, ეს ცხენოსანი ჯარი ოთხი ანგელოზის ხელმძღვანელობით მიქრის. ეს სანახაობა შიშის მომგვრელი იქნებოდა. რა განცდა დაგეუფლებოდათ, ეს ჯარი თქვენ რომ დაგდევნებოდათ? მათი დანახვაც კი თავზარს დაგცემდათ. ალბათ შენიშნეთ მსგავსება ამ ჯარსა და კალიების გუნდს შორის. კალიები ცხენებს ჰგავდნენ; ეს ჯარიც ცხენოსანთა ჯარია. ერთიც და მეორეც თეოკრატიულ ომში იბრძვის (იგავები 21:31). კალიებს კბილები ლომის კბილებს მიუგავდათ. ცხენოსანთა ცხენებს ლომის თავები აქვთ. ორივე იუდას ტომის გაბედულ ლომს, იესო ქრისტეს, მოგვაგონებს. ის მათი წინამძღოლი, მბრძანებელი და მათთვის მისაბაძი მაგალითია (გამოცხადება 5:5; იგავები 28:1).

      8 კალიების მსგავსად ცხენოსანთა ჯარიც იეჰოვას განაჩენის აღსრულებაში მონაწილეობს. კალიები კვამლს ამოჰყვნენ, რაც იმის მომასწავებელი იყო, რომ ქრისტიანულ სამყაროს ვაი და გამანადგურებელი ცეცხლი არ ასცდებოდა. ცხენებს პირიდან ცეცხლი, კვამლი და გოგირდი გამოსდით. კალიების რკინის ჯავშნები იმაზე მეტყველებდა, რომ მათ გულებს სიმართლის სიყვარული იცავდა. ცხენოსნების ჯავშნები წითლად, ლურჯად და ყვითლად არის შეფერილი, რაც ცხენების პირიდან გამოსული ცეცხლით, კვამლითა და გოგირდით წარმოდგენილ სასიკვდილო განაჩენს ნიშნავს (შეადარეთ დაბადების 19:24, 28; ლუკას 17:29, 30). კალიებს მორიელის კუდები ჰქონდათ ხალხის დასატანჯავად. ცხენების კუდები გველებს ჰგავს ხალხის დასახოცად. როგორც ჩანს, კალიების დაწყებული საქმე ცხენოსანმა ჯარმა უფრო მეტი შემართებით უნდა განაგრძოს და ბოლომდე უნდა მიიყვანოს.

      9. რას განასახიერებს ცხენოსანთა ჯარი?

      9 რას განასახიერებს ცხენოსანთა ჯარი? თავის დროზე იოანეს კლასმა დაიწყო ქრისტიანულ სამყაროზე იეჰოვას განაჩენის გაცხადება. მათ მიცემული ჰქონდათ უფლება „დაეკბინათ“ და „ევნოთ“. აქედან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ იგივე ჯგუფი „დახოცავს“, ანუ გააცხადებს, რომ ქრისტიანული სამყარო თავის სამღვდელოებასთან ერთად სულიერად მკვდარია, უარყოფილია იეჰოვასგან და „გავარვარებულ ღუმელში“ მარადიული განადგურება ელის. დიდი ბაბილონი მთლიანად უნდა მოისპოს (გამოცხადება 9:5, 10; 18:2, 8; მათე 13:41—43). სანამ ის განადგურდება, იოანეს კლასი იყენებს „სულის მახვილს, ანუ ღვთის სიტყვას“, და ამხელს მომაკვდავ ქრისტიანულ სამყაროს. ოთხი ანგელოზი და ცხენოსნები ხელმძღვანელობენ „ადამიანთა მესამედის“ სიმბოლურ ხოცვას (ეფესოელები 6:17; გამოცხადება 9:15, 18). სამეფოს მაუწყებელთა დიდი ლაშქარი უფალ იესო ქრისტეს ხელმძღვანელობით ორგანიზებულად და თეოკრატიული წესრიგით მიემართება საბრძოლველად.

      ოცი ათასჯერ ათი ათასი

      10. რა გაგებით არის ცხენოსანთა რიცხვი ოცი ათასჯერ ათი ათასი?

      10 რა გაგებით არის ცხენოსანთა რიცხვი ოცი ათასჯერ ათი ათასი? ოცი ათასჯერ ათი ათასი 200 მილიონიაa. სასიხარულოა, რომ დღეს სამეფოს მაუწყებელთა რიცხვი მილიონებს აღწევს, თუმცა 200 მილიონზე გაცილებით ნაკლებია. მაგალითად, რიცხვების 10:36-ში მოსე ასეთ სიტყვებს წერს: „დაუბრუნდი, იეჰოვა, ისრაელის უთვალავ ათასებს“ (შეადარეთ დაბადების 24:60). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: „დაუბრუნდი ისრაელის ათობით მილიონს“. მოსეს დროს ისრაელთა რიცხვი ორიდან სამ მილიონამდე იყო. მაშ, რას გულისხმობდა მოსე? მოსე იმას გულისხმობდა, რომ როგორც „ცის ვარსკვლავები და ზღვის ქვიშა“, ისე ისრაელთა რიცხვიც არ დაითვლებოდა (დაბადება 22:17; 1 მატიანე 27:23). მოსემ სიტყვა „უთვალავი“ განუსაზღვრელი რიცხვის საჩვენებლად გამოიყენა.

      11. რა ესაჭიროებოდა იოანეს კლასს, რომ მათი რიცხვი თუნდაც სიმბოლური გაგებით ათი ათასჯერ ათი ათასი ყოფილიყო?

      11 იოანეს კლასის წარმომადგენლები, რომლებიც დედამიწაზე ცხოვრობენ, რიცხობრივად ათი ათასზე ნაკლები არიან. მაშ, რატომ არიან შედარებული უთვალავ ცხენოსანთან? მათი რიცხვი თუნდაც სიმბოლური გაგებით ათი ათასჯერ ათი ათასი ყოფილიყო, მათ რიგებს სხვები მაინც უნდა შემატებოდნენ. ეს ასეც მოხდა იეჰოვას წყალობით. ვინ შეავსო მათი რიგები?

      12, 13. 1918—1935 წლებში მომხდარმა რომელმა მოვლენებმა ცხადყო, ვინ შეემატებოდა ცხებულთა რიგებს?

      12 იოანეს კლასი 1918—1922 წლებში ჩაგრულ ადამიანებს სიხარულით ამცნობდა, რომ დღეს მცხოვრები მილიონები არასდროს მოკვდებოდნენ. 1923 წელს ნათელი გახდა, რომ მათეს 25:31—34-ში ნახსენები ცხვრები მარადიულად იცხოვრებდნენ დედამიწაზე ღვთის სამეფოს ხელმძღვანელობით. ამ იმედზე იყო საუბარი ბროშურაში „თავისუფლება ხალხთათვის“, რომელიც 1927 წელს საერთაშორისო კონგრესზე გამოიცა. XX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში გაირკვა, რომ იეჰონადაბის კლასი და ის ადამიანები, რომლებიც ქრისტიანული სამყაროს სავალალო სულიერი მდგომარეობის გამო „ოხრავენ და კვნესიან“, დედამიწაზე მარადიული ცხოვრების მომლოდინე სიმბოლური ცხვრები არიან (ეზეკიელი 9:4; 2 მეფეები 10:15, 16). 1934 წლის 15 აგვისტოს „საგუშაგო კოშკი“ მათ მოუწოდებდა, თანამედროვე „თავშესაფარი ქალაქებისთვის“ შეეფარებინათ თავი: „იეჰონადაბის კლასმა მოისმინა ღვთის საყვირის ხმა, ყურად იღო გაფრთხილება, თავი შეაფარა ღვთის ორგანიზაციას და შეუერთდა ღვთის ხალხს, რომელთა შორისაც მართებს კიდეც დარჩენა“ (რიცხვები 35:6).

      13 იეჰონადაბის კლასი 1935 წელს მიწვეული იყო იეჰოვას მოწმეთა კონგრესზე, რომელიც ვაშინგტონში (აშშ) ჩატარდა. პარასკევს, 31 მაისს ჯ. ფ. რუტერფორდმა წარმოთქვა თავისი ცნობილი მოხსენება „უამრავი ხალხი“. მან გამოცხადების 7:9-ში მოხსენიებული უამრავი ხალხი გააიგივა მათეს 25:33-ში მოხსენიებულ ცხვრებთან, დედამიწაზე ცხოვრების მომლოდინე მიძღვნილ მსახურებთან. ამ კონგრესზე 840 ადამიანი მოინათლა, მათი უმეტესობა უამრავი ხალხიდან იყო, რაც მათი რიცხვის ზრდაზე მეტყველებდაb.

      14. იბრძვის უამრავი ხალხი სიმბოლურ ცხენოსან ჯართან ერთად, და რა რეზოლუცია მიიღეს 1963 წელს?

      14 1922 წელს ცხენოსანი ჯარის მიერ წამოწყებულ შეტევას, რასაც 1927 წელს ტორონტოში ჩატარებულ კონგრესზე განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა, უამრავი ხალხიც შეუერთდა. ისინი ამ შეტევაში ოთხი ანგელოზის, იოანეს ცხებული კლასის ხელმძღვანელობით მონაწილეობდნენ. 1963 წელს მთელ მსოფლიოში ჩატარებულ კონგრესებზე სახელწოდებით „მარადიული სასიხარულო ცნობა“ მათ იოანეს კლასთან ერთად მიიღეს რეზოლუცია. მასში ნათქვამი იყო, რომ მსოფლიოს „არყევს ჯერ არნახული მიწისძვრა; მისი პოლიტიკური სისტემა და ბაბილონური რელიგიაც ძირისძირობამდე შეირყევა“. რეზოლუციაში აგრეთვე აღინიშნა: „ჩვენ კვლავ ყველას განურჩევლად ვაუწყებთ მარადიულ სასიხარულო ცნობას ღვთის სამეფოსა და ღვთის განაჩენის შესახებ. ეს განაჩენი დააწყლულებს ღვთის მტრებს და გაათავისუფლებს იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ, შემოქმედ ღმერთს სულითა და ჭეშმარიტებით სცენ თაყვანი“. ეს რეზოლუცია სიხარულით მიიღო მთელ მსოფლიოში ჩატარებულ 24 კონგრესზე დამსწრე 454 977 დელეგატმა. დელეგატთა 95 პროცენტი უამრავი ხალხის წარმომადგენელი იყო.

      15. ა) 2005 წელს იეჰოვას საქმის შემსრულებელთა რამდენ პროცენტს შეადგენდა უამრავი ხალხი? ბ) როგორ ცხადყოფს იესოს ლოცვა უამრავი ხალხისა და იოანეს კლასის ერთიანობას?

      15 იმ დროიდან მოყოლებული უამრავი ხალხი იოანეს კლასთან ერთად აწყლულებს ქრისტიანულ სამყაროს, რაც მათ ერთიანობაზე მეტყველებს. 2005 წელს იეჰოვას საქმის შემსრულებელთა 99, 8 პროცენტი უამრავი ხალხი იყო. ისინი მთელი გულით უერთდებიან იოანეს კლასს, რომლისთვისაც იესო იოანეს 17:20, 21-ში ჩაწერილი სიტყვებით ლოცულობდა: „მხოლოდ ამათზე არ გთხოვ, არამედ იმათზეც, ვინც მათი სიტყვით მირწმუნებს, რათა ყველანი ერთნი იყვნენ, როგორც შენ, მამა, ჩემთან ხარ ერთობაში, მე კი — შენთან, რათა ისინიც ერთობაში იყვნენ ჩვენთან და ქვეყნიერებამ ირწმუნოს, რომ შენ გამომგზავნე“. იოანეს ცხებული კლასი იესოს მეთაურობით მიუძღვის გულმოდგინე უამრავ ხალხს, რომლებიც მათთან ერთად მონაწილეობენ ყველაზე გამანადგურებელ შეტევაშიc.

      16. ა) როგორ აღწერს იოანე სიმბოლური ცხენების პირებსა და კუდებს? ბ) როგორ ამზადებს იეჰოვა თავის ხალხს? გ) რას ნიშნავს ის, რომ მათი კუდები გველებს ჰგავს?

      16 ჯარს საომრად იარაღიც სჭირდება. იეჰოვამ მათ აღჭურვილობაზეც იზრუნა. იოანე მოგვითხრობს: „ცხენებს ძალაუფლება პირებსა და კუდებში ჰქონდათ, მათი კუდები გველებს ჰგავდა, რომელთა თავებსაც ზიანი მოჰქონდათ“ (გამოცხადება 9:19). იეჰოვამ თავის მიძღვნილ, მონათლულ მსახურებს დაავალა ამ საქმის შესრულება. თეოკრატიული სამსახურის სკოლის, კრების სხვა შეხვედრებისა და სხვა სკოლების მეშვეობით ღმერთი ასწავლის მათ სიტყვის ქადაგებას. ამის წყალობით ისინი „სწავლულთა ენით“ დამაჯერებლად საუბრობენ. ღმერთმა მათ ბაგეზე დაუდო თავისი სიტყვა და გაგზავნა თავისი განაჩენის „სახალხოდ და კარდაკარ“ გასაცხადებლად (2 ტიმოთე 4:2; ესაია 50:4; 61:2; იერემია 1:9, 10; საქმეები 20:20). იოანეს კლასი და უამრავი ხალხი კუდებით „კბენენ“ ხალხს, რადგან წლებია, რაც მილიონობით ბიბლიას, წიგნს, ბროშურასა და ჟურნალს ავრცელებენ. მათი მტრებისთვის, რომლებმაც იციან, რა ზიანი ელით იეჰოვასგან, ამ ცხენოსანთა რიცხვი, მართლაც, ოცი ათასჯერ ათი ათასია (შეადარეთ იოელის 2:4—6).

      17. უერთდებიან ცხენოსანთა ჯარს იმ ქვეყნებში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები, სადაც მათი საქმიანობა აკრძალულია? ახსენით.

      17 ცხენოსანთა ყველაზე გულმოდგინე დანაყოფში ის და-ძმები შედიან, რომლებიც იმ ქვეყნებში მსახურობენ, სადაც იეჰოვას მოწმეების საქმიანობა აკრძალულია. როგორც ცხვრები მგლებში, ისინი „გველივით ფრთხილნი და მტრედივით უწყინარნი“ უნდა იყვნენ. ისინი იეჰოვას ემორჩილებიან, რის გამოც ვერ შეწყვეტენ იმაზე ლაპარაკს, რაც უნახავთ და მოუსმენიათ (მათე 10:16; საქმეები 4:19, 20; 5:28, 29, 32). მათ ძალიან ცოტა აქვთ ან საერთოდ არა აქვთ გასავრცელებელი პუბლიკაციები, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი არ მონაწილეობენ ცხენოსანთა შეტევაში. მათ იეჰოვამ დაუდო ბაგეზე თავისი სიტყვა და ბიბლიური ჭეშმარიტების გაცხადების უფლებით აღჭურვა. ისინი ყველგან დამაჯერებლად ქადაგებენ, ატარებენ ბიბლიის შესწავლებს და მრავალ ადამიანს სიმართლის გზაზე აყენებენ (დანიელი 12:3). შეიძლება ისინი ვერ „კბენენ“ კუდებით, რადგან ვერ ავრცელებენ მამხილებელ პუბლიკაციებს, მაგრამ ტაქტიანად და ფრთხილად ქადაგებენ იეჰოვას მოახლოებული დღის შესახებ და, ამგვარად, სიმბოლურ ცეცხლს, კვამლსა და გოგირდს აფრქვევენ პირიდან.

      18. რამდენ ენაზე და რამდენი პუბლიკაციით გაავრცელა ცხენოსანთა ჯარმა დამაწყლულებელი ცნობა?

      18 სხვა ქვეყნებში მოწმეები პუბლიკაციებით კვლავაც ამხელენ ქრისტიანული სამყაროს ბაბილონურ სწავლებებსა და საქმეებს და სიმბოლური გაგებით დამსახურებულად აყენებენ ზიანს ქრისტიანულ სამყაროს. თანამედროვე საბეჭდი დანადგარების გამოყენებით ამ უზარმაზარმა ჯარმა 2005 წლამდე, ბოლო 68 წლის განმავლობაში, 450-ზე მეტ ენაზე გაავრცელა მილიონობით ბიბლია, სხვა წიგნი, ჟურნალი და ბროშურა. გავრცელებული პუბლიკაციების რაოდენობა რიცხობრივად ბევრად აღემატება ოცი ათასჯერ ათი ათასს. ცხენოსანმა ჯარმა კუდებით მართლაც მწარედ დაკბინა ხალხი.

      19, 20. ა) როგორი გამოხმაურება მოჰყვა დამაწყლულებელ ცნობას იმ ქვეყნებში, რომლებზეც ვერ ახდენს გავლენას ქრისტიანული სამყარო? ბ) როგორ აღგვიწერს იოანე უმეტესობის რეაქციას?

      19 იეჰოვას განზრახვით ამ დამაწყლულებელ ცნობას „ადამიანთა მესამედი“ უნდა დაეხოცა. თავდასხმის მთავარ სამიზნეს ქრისტიანული სამყარო წარმოადგენდა, თუმცა ეს ცნობა გასცდა მას და იმ ქვეყნებამდე მიაღწია, სადაც ქრისტიანული სამყაროს თვალთმაქცობა კარგად არის ცნობილი. შედეგად მრავალი, ვინც გახრწნილი ქრისტიანული სამყაროს დაწყლულება დაინახა, იეჰოვას დაუახლოვდა. თავმდაბალი და სათნო ხალხი მზადყოფნით გამოეხმაურა ამ ცნობას იმ ქვეყნებში, რომლებზეც ვერ ახდენს გავლენას ქრისტიანული სამყარო. იოანე ასე აღგვიწერს უმეტესობის რეაქციას: „დანარჩენმა ადამიანებმა კი, რომლებიც ამ წყლულებით არ დახოცილან, არ მოინანიეს თავიანთი ხელის ნამოქმედარი, რათა თაყვანი არ ეცათ დემონებისთვის და ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, ქვისა და ხის კერპებისთვის, რომლებიც ვერ ხედავენ, არ ესმით და ვერ დადიან. არ მოინანიეს მკვლელობები, არც ის, სპირიტიზმს რომ მისდევენ, არც სიძვა და არც ქურდობები“ (გამოცხადება 9:20, 21). მოუნანიებელ ადამიანთა უმრავლესობა არ გამოსწორდება. ვინც ბოროტების გზას არ მიატოვებს, იეჰოვას დიდ დღეს მკაცრ განაჩენს დაიტეხს თავს. „ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“ (იოელი 2:32; ფსალმუნი 145:20; საქმეები 2:20, 21).

      20 რაც ახლა განვიხილეთ, მეორე ვაის შედეგია. მაგრამ ამით მეორე ვაი არ დამთავრებულა, რასაც მომდევნო თავები ცხადყოფს.

      [სქოლიოები]

      a თავის ნაშრომში „კომენტარები გამოცხადებაზე“ ჰენრი ბარკლეი სუეტი ფრაზას „ოცი ათასჯერ ათი ათასი“ ასეთ კომენტარს უკეთებს: „დასახელებული რიცხვის სიმრავლე იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს ფრაზა პირდაპირი მნიშვნელობით არ გავიგოთ. ამას კონტექსტიც ადასტურებს“.

      b იხილეთ ამავე წიგნის 119—126-ე გვერდები და „გამართლების“ მესამე ტომი, 83, 84-ე გვერდები (გამოცემულია 1932 წელს, [ინგლ.]).

      c კალიებისგან განსხვავებით ცხენოსნებს არ ადგათ „ოქროს გვირგვინები“ (გამოცხადება 9:7). ეს გასაკვირი არ არის, რადგან უამრავი ხალხი, ცხენოსანი ჯარის უდიდესი ნაწილი, არ მოელის ღვთის ზეციერ სამეფოში მეფობას.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება