-
გველისთვის თავის გაჭეჭყვაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
თავი 40
გველისთვის თავის გაჭეჭყვა
ხილვა 14 გამოცხადება 20:1—10
თემა: სატანის უფსკრულში ჩაგდება; ათასწლიანი მეფობა; კაცობრიობის საბოლოო გამოცდა და სატანის განადგურება.
შესრულების დრო: დიდი გასაჭირის ბოლოდან სატანის განადგურებამდე.
1. როგორ სრულდებოდა ბიბლიის პირველი წინასწარმეტყველება?
გახსოვთ ბიბლიის პირველი წინასწარმეტყველება? ამ წინასწარმეტყველებით იეჰოვა ღმერთმა გველს მიმართა: „მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და ქალს შორის, შენს შთამომავლობასა და მის შთამომავლობას შორის. ის თავს გაგიჭეჭყავს, შენ კი ქუსლს დაუგესლავ“ (დაბადება 3:15). ეს წინასწარმეტყველება ახლა საბოლოოდ შესრულდება. ჩვენ განვიხილეთ, როგორ ებრძოდა სატანა საუკუნეების განმავლობაში იეჰოვას ზეციერ ორგანიზაციას, რომელიც ქალთან არის შედარებული (გამოცხადება 12:1, 9). გველის მიწიერი შთამომავლობა, რომელშიც იგულისხმება რელიგია, პოლიტიკა და კომერციული სამყარო, დედამიწაზე სასტიკად დევნიდა ქალის შთამომავლობას, იესო ქრისტესა და 144 000 ცხებულ მიმდევარს (იოანე 8:37, 44; გალატელები 3:16, 29). იესოს წამებით სიკვდილი სატანამ გამოიწვია. მაგრამ ეს მხოლოდ ქუსლში მიყენებული ჭრილობა იყო, რადგან ღმერთმა თავისი ერთგული ძე მესამე დღეს აღადგინა (საქმეები 10:38—40).
2. როგორ გაეჭეჭყება გველს თავი და რა დაემართება გველის მიწიერ შთამომავლობას?
2 რა ემუქრება გველსა და მის შთამომავლობას? დაახლოებით ახ. წ. 56 წელს მოციქულმა პავლემ დიდი წერილი მისწერა რომში მცხოვრებ ქრისტიანებს. წერილი მან ასეთი გამამხნევებელი სიტყვებით დაასრულა: „მშვიდობის მომცემი ღმერთი კი მალე შემუსრავს სატანას თქვენ ფეხქვეშ“ (რომაელები 16:20). ეს სატანისთვის უბრალოდ ზიანის მიყენება როდი იქნება; პავლეს სიტყვებისამებრ სატანა შეიმუსრება. პავლემ აქ გამოიყენა ბერძნული სიტყვა სინტრიბო, რომელიც ნიშნავს, ცემით ისე დაჟეჟო, რომ ჟელეს დაამსგავსო, გათელო, გაჭყლიტო და საბოლოოდ გაანადგურო. გველის მიწიერ შთამომავლობას კი უფლის დღეს წყლულები დაატყდება თავს, რაც დიდი გასაჭირის დროს უკიდურესად გამძაფრდება, როცა საბოლოოდ შეიმუსრება დიდი ბაბილონი და ქვეყნიერების პოლიტიკური სისტემა მათ მხარდამჭერ ბიზნესმენებთან და სამხედრო პირებთან ერთად (გამოცხადების მე-18, მე-19 თავები). ამგვარად, იეჰოვა ამ ორ შთამომავლობას შორის არსებულ მტრობას კულმინაციამდე მიიყვანს. ღვთის ზეციერი ქალის შთამომავლობა გაიმარჯვებს გველის მიწიერ შთამომავლობაზე, მოსპობს მას და ის მეტად აღარ იარსებებს.
სატანის უფსკრულში ჩაგდება
3. იოანეს სიტყვების თანახმად რა ელის სატანას?
3 რა ელით სატანასა და მის დემონებს? იოანე გვეუბნება: „ვიხილე ციდან ჩამომავალი ანგელოზი, რომელსაც უფსკრულის გასაღები და დიდი ჯაჭვი ეჭირა ხელში. შეიპყრო დრაკონი, ძველი გველი, რომელიც არის ეშმაკი და სატანა, და შებოჭა იგი ათასი წლით. ჩააგდო ის უფსკრულში, რომელიც ჩაკეტა და დაბეჭდა, რათა შეცდომაში აღარ შეიყვანოს ხალხები, სანამ ათასი წელი არ დასრულდება. ამის შემდეგ კი ცოტა ხნით უნდა გათავისუფლდეს“ (გამოცხადება 20:1—3).
4. ვინ არის ის ანგელოზი, რომელსაც უფსკრულის გასაღები უჭირავს ხელში და საიდან ვიცით ეს?
4 ვინ არის ეს ანგელოზი? მას უდიდესი ძალა უნდა ჰქონდეს, იეჰოვას მთავარი მტრის ძლევა რომ შეძლოს. ამ ანგელოზს ხელში „უფსკრულის გასაღები და დიდი ჯაჭვი“ უჭირავს. ეს იმ ხილვას გვახსენებს, რომელშიც კალიების მეფე „უფსკრულის ანგელოზად“ არის მოხსენიებული (გამოცხადება 9:11). ჩვენ კვლავ ვხედავთ, როგორ მოქმედებს განდიდებული იესო ქრისტე, რომელიც მთავარ როლს ასრულებს იეჰოვას უზენაესობის დამტკიცებაში. ეს მთავარანგელოზი, რომელმაც სატანა ზეციდან გადმოაგდო, დიდი ბაბილონი გაასამართლა და არმაგედონში „დედამიწის მეფეები და მათი ლაშქრები“ გაანადგურა, შედარებით დაბალ საფეხურზე მდგომ ანგელოზს არ მიანდობდა სატანის უფსკრულში ჩაგდებას (გამოცხადება 12:7—9; 18:1, 2; 19:11—21).
5. რას უზამს უფსკრულის ანგელოზი სატანა ეშმაკს და რატომ?
5 დიდი ალისფერი დრაკონი ზეციდან გადმოგდების დროს მოხსენიებული იყო როგორც „ძველი გველი, რომელსაც ეშმაკი და სატანა ჰქვია და რომელსაც შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო“ (გამოცხადება 12:3, 9). ახლა, როცა ის შეპყრობილია და უფსკრულშია ჩაგდებული, ის კვლავ მოიხსენიება როგორც „დრაკონი, ძველი გველი, რომელიც არის ეშმაკი და სატანა“. ეს გაუმაძღარი შთამნთქმელი, მატყუარა, ცილისმწამებელი და მოწინააღმდეგე შებოჭილია ჯაჭვით და ჩაგდებულია ჩაკეტილ და დაბეჭდილ უფსკრულში, „რათა შეცდომაში აღარ შეიყვანოს ხალხები“. სატანა ათასი წლის განმავლობაში იქნება უფსკრულში და დილეგში ჩაგდებული პატიმარივით გავლენას ვეღარ მოახდენს კაცობრიობაზე. უფსკრულის ანგელოზი სატანას ყველა გზას მოუჭრის სიმართლის სამეფოსკენ. როგორი შვება იქნება ეს კაცობრიობისთვის!
6. ა) საიდან ვიცით, რომ დემონებიც უფსკრულში იქნებიან ჩაყრილნი? ბ) რისი დრო დადგება ამის შემდეგ და რატომ?
6 რა დაემართებათ დემონებს? ისინიც სასამართლოსთვის არიან შემონახულნი (2 პეტრე 2:4). სატანას ბელზებელი — დემონების მმართველიც ეწოდება (ლუკა 11:15, 18; მათე 10:25). ისინი დიდი ხნის განმავლობაში თანამშრომლობდნენ სატანასთან, ამიტომ იმავე სასჯელს იმსახურებენ. დემონებს დიდი ხანია უფსკრულის ეშინიათ; ერთ შემთხვევაში ისინი კიდეც „ეხვეწებოდნენ მას [იესოს], უფსკრულში წასვლა არ გვიბრძანოო“ (ლუკა 8:31). უდავოა, სატანასთან ერთად მისი ანგელოზებიც ჩაიყრებიან უფსკრულში (შეადარეთ ესაიას 24:21, 22). სატანისა და მისი დემონების უფსკრულში ჩაყრის შემდეგ იესო ქრისტეს ათასწლიანი მეფობა დაიწყება.
7. ა) რა მდგომარეობაში იქნებიან უფსკრულში ჩაყრილი სატანა და მისი დემონები და საიდან ვიცით ეს? ბ) ერთი და იგივეა სამარე და უფსკრული? (იხილეთ სქოლიო)
7 იმოქმედებენ უფსკრულიდან სატანა და მისი დემონები? ალბათ, გახსოვთ, რომ ალისფერი შვიდთავიანი მხეცი „იყო, არ არის, მაგრამ მალე ამოვა უფსკრულიდან“ (გამოცხადება 17:8). უფსკრულში ყოფნისას ის ‘არ იყო’. ის ვერ მოქმედებდა, ვერ მოძრაობდა და მკვდარივით არაფერი შეეძლო. პავლე მოციქულმა იესოს შესახებ თქვა: „ვინ ჩავა უფსკრულშიო? (ქრისტეს მკვდრეთით აღსადგენად)“ (რომაელები 10:7). უფსკრულში ყოფნისას იესო მკვდარი იყოa. ამიტომ ლოგიკურია დავასკვნათ, რომ ათასი წლით უფსკრულში ჩაყრილი სატანა და მისი დემონები მკვდრებივით უმოქმედო მდგომარეობაში იქნებიან. რა სასიხარულო ცნობაა ეს სიმართლის მოყვარულთათვის!
მოსამართლეები ათასი წლით
8, 9. რას გვეუბნება იოანე მათზე, ვინც ტახტებზე სხედან, და ვინ არიან ისინი?
8 ათასი წლის შემდეგ სატანა ცოტა ხნით გათავისუფლდება უფსკრულიდან. რატომ? სანამ იოანე ამ კითხვაზე გვიპასუხებს, ის მოგვითხრობს, რა უნდა მოხდეს ათასწლიანი პერიოდის დასაწყისში: „ვიხილე ტახტები და ისინი, ვინც მათზე დასხდნენ და ვისაც გასამართლების უფლებამოსილება მიეცა“ (გამოცხადება 20:4ა). ვინ არიან ისინი, ვინც ტახტებზე სხედან და ზეცაში განდიდებულ იესოსთან ერთად მმართველობენ?
9 ისინი არიან წმინდები, რომლებიც დანიელის სიტყვების თანახმად „კაცის ძის მსგავსთან“ ერთად მმართველობენ მის სამეფოში (დანიელი 7:13, 14, 18). ისინი იმ 24 უხუცესს წარმოადგენენ, რომლებიც ზეციერ ტახტებზე სხედან იეჰოვას წინაშე (გამოცხადება 4:4). მათ შორის არის 12 მოციქული, რომლებსაც იესო დაჰპირდა: „ხელახლა შექმნისას, როცა კაცის ძე თავის დიდებულ ტახტზე დაჯდება, თქვენც, ვინც მე გამომყევით, თორმეტ ტახტზე დასხდებით და ისრაელის თორმეტ ტომს გაასამართლებთ“ (მათე 19:28). მათთან ერთად არიან პავლე და კორინთელი ქრისტიანები, რომლებიც ერთგულები დარჩნენ (1 კორინთელები 4:8; 6:2, 3). მათ რიცხვს განეკუთვნებიან ლაოდიკეის კრების ის წევრებიც, რომლებიც ‘მძლეველები’ გახდნენ (გამოცხადება 3:21).
10. ა) როგორ აღწერს იოანე 144 000 მეფეს? ბ) იოანეს სიტყვებიდან გამომდინარე, ვინ იქნება 144 000 მეფეს შორის?
10 ცხებული ‘მძლეველებისთვის’, რომლებიც „ადამიანთაგან იქნენ ნაყიდნი, როგორც პირველი ნაყოფი ღვთისა და კრავისთვის“ მომზადებულია 144 000 ტახტი (გამოცხადება 14:1, 4). იოანე განაგრძობს: „აგრეთვე ვიხილე იესოს შესახებ დამოწმებისა და ღვთის შესახებ ლაპარაკის გამო სიკვდილით დასჯილები [ცულით დახოცილები, სქოლიო], რომლებმაც არც მხეცს სცეს თაყვანი, არც მის ქანდაკებას და არც ნიშანი მიიღეს თავიანთ შუბლსა და ხელზე“ (გამოცხადება 20:4ბ). ამ მეფეებს შორის არიან ცხებული წამებული ქრისტიანები, რომლებიც ჯერ კიდევ მეხუთე ბეჭდის ახსნის დროს ეკითხებოდნენ იეჰოვას, როდემდე შეიკავებდა ის თავს და როდემდე არ იძიებდა შურს მათი სისხლისთვის. მაშინ მათ თეთრი გრძელი სამოსელი მისცეს და ცოტა ხნით მოცდა სთხოვეს. ახლა კი უკვე იძიეს შური მათი სისხლისთვის — განადგურდა დიდი ბაბილონი, მეფეთა მეფემ და უფალთა უფალმა მოსპო ერები და სატანა უფსკრულში ჩააგდო (გამოცხადება 6:9—11; 17:16; 19:15, 16).
11. ა) რას ნიშნავს გამოთქმა „ცულით დახოცილები“? ბ) რატომ შეიძლება ითქვას, რომ 144 000 ცხებულის სიკვდილი მსხვერპლია?
11 ცულით დახოცეს 144 000-ვე მეფე და მოსამართლე? როგორც ჩანს, მხოლოდ რამდენიმე მათგანი თუ დახოცეს ასე. ამგვარად აღიწერება ყველა იმ ცხებული ქრისტიანის სიკვდილი, რომლებიც სხვადასხვა მეთოდით, მაგრამ მაინც წამებით მოკლესb (მათე 10:22, 28). სატანის დიდი სურვილის მიუხედავად, რომ ყველანი ცულით დაეხოცა, იესოს ყველა ცხებული ძმა წამებით არ მომკვდარა; მრავალი მათგანი ავადმყოფობისა და სიბერის გამო დაიღუპა. მიუხედავად ამისა, ისინიც იოანეს მიერ ნანახ ჯგუფს მიეკუთვნებიან. მათი სიკვდილი გარკვეულწილად მსხვერპლია (რომაელები 6:3—5). გარდა ამისა, არც ერთი მათგანი არ ყოფილა ამ ქვეყნიერების ნაწილი, რის გამოც სძულდა ისინი ქვეყნიერებას; ისინი მისთვის მკვდრები იყვნენ (იოანე 15:19; 1 კორინთელები 4:13). ისინი თაყვანს არ სცემდნენ მხეცსა და მის ქანდაკებას და ისე დაიხოცნენ, რომ მხეცის ნიშანი არ მიუღიათ. ყველანი ისე დაიხოცნენ, როგორც „მძლეველები“ (1 იოანე 5:4; გამოცხადება 2:7; 3:12; 12:11).
12. რას გვეუბნება იოანე 144 000 მეფეზე და როდის დაიწყებოდა მათი აღდგომა?
12 ეს ‘მძლეველები’ კვლავ ცოცხლები არიან. იოანე მოგვითხრობს: „ისინი გაცოცხლდნენ და ქრისტესთან ერთად ათას წელს მეფობდნენ“ (გამოცხადება 20:4გ). ნიშნავს ეს იმას, რომ ეს მოსამართლეები არ აღდგებიან, ვიდრე ერები არ განადგურდებიან და სატანა და მისი დემონები უფსკრულში არ იქნებიან ჩაყრილი? არა, მრავალი მათგანი უკვე გაცოცხლებულია, რადგან ისინი იესოსთან ერთად გაემართებიან არმაგედონში ერების გასანადგურებლად (გამოცხადება 2:26, 27; 19:14). პავლემ ახსნა, რომ მათი აღდგომა 1914 წელს იესოს მოსვლიდან მალევე დაიწყებოდა და ყველა თავის დროზე აღდგებოდა (1 კორინთელები 15:51—54; 1 თესალონიკელები 4:15—17). მათი გაცოცხლება გარკვეული დროის განმავლობაში გასტანდა, რის შემდეგაც ზეცაში ჯილდოდ უკვდავებას მიიღებდნენ (2 თესალონიკელები 1:7; 2 პეტრე 3:11—14).
13. ა) დროის რა პერიოდს მოიცავს 144 000-ის ათასწლიანი მეფობა, და რატომ? ბ) ჰიერაპოლისელი პაპიასის აზრით, რამდენ ხანს გრძელდება ათასი წელი? (იხილეთ სქოლიო)
13 ისინი ათას წელიწადს იქნებიან მეფეები და მოსამართლეები. პირდაპირი გაგებით ათას წელზეა აქ საუბარი თუ სიმბოლური გაგებით ათას წელზე, ანუ დროის განუსაზღვრელ, დიდ პერიოდზე? ათასი შეიძლება მართლაც დიდ და განუსაზღვრელ რიცხვს გულისხმობდეს, როგორც ეს 1 სამუელის 21:11-დან ჩანს, მაგრამ ამ შემთხვევაში ათასი წელი პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ, რადგან დედანში გამოცხადების 20:5—7-ში სიტყვა „ათასი“ სამჯერ გვხვდება და სამჯერვე განსაზღვრული არტიკლით. პავლემ ამ სასამართლოს დროს დღე უწოდა: „[ღმერთმა] დანიშნა დღე, რომ თავისი განზრახვის თანახმად სიმართლით გაასამართლოს მსოფლიო“ (საქმეები 17:31). პავლე გვეუბნება, რომ იეჰოვასთვის ერთი დღე ათასი წელია, ამიტომ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სასამართლოს დღე პირდაპირი გაგებით ათასწლიანი იქნებაc (2 პეტრე 3:8).
დანარჩენი მკვდრები
14. ა) რას ამბობს იოანე „დანარჩენ მკვდრებზე“? ბ) როგორ გვეხმარება მოციქული პავლე, რომ უკეთ გავიგოთ, რას ნიშნავს „გაცოცხლდნენ“?
14 ვის გაასამართლებენ ეს მეფეები, თუკი მოციქული იოანეს სიტყვების თანახმად „(დანარჩენი მკვდრები არ გაცოცხლდნენ, სანამ ათასი წელი არ დასრულდა)“? (გამოცხადება 20:5ა). სიტყვა „გაცოცხლდნენ“ აქაც კონტექსტის მიხედვით უნდა გავიგოთ. ამ სიტყვას სხვადასხვა კონტექსტში შეიძლება სხვადასხვა მნიშვნელობა ჰქონდეს. მაგალითად, პავლემ ცხებულ თანაქრისტიანებზე თქვა: „თქვენ კი ღმერთმა გაგაცოცხლათ, თუმცა მკვდრები იყავით თქვენს დანაშაულსა და ცოდვებში“ (ეფესოელები 2:1). სულითცხებული ქრისტიანები ჯერ კიდევ I საუკუნეში „გაცოცხლდნენ“, რადგან იესოს მსხვერპლისადმი რწმენის საფუძველზე ისინი მართლებად იქნენ აღიარებულნი (რომაელები 3:23, 24).
15. ა) როგორები იყვნენ ღვთის თვალში ქრისტემდე მცხოვრები იეჰოვას მოწმეები? ბ) როგორ „გაცოცხლდება“ სხვა ცხვარი, და საბოლოოდ როდის დაიმკვიდრებენ ისინი დედამიწას?
15 ქრისტემდე მცხოვრები იეჰოვას მოწმეები, როგორც ღვთის მეგობრები, მართლებად იქნენ აღიარებულნი. გარდაცვლილ აბრაამზე, ისაკზე და იაკობზე ნათქვამია, რომ ისინი ცოცხლები არიან (მათე 22:31, 32; იაკობი 2:21, 23). ისინი და სხვა აღდგენილები, სხვა ცხვრების წარმომადგენელ ერთგულ უამრავ ხალხთან, რომელიც არმაგედონს გადაურჩება, და ახალ ქვეყნიერებაში დაბადებულ მათ შვილებთან ერთად უნდა გასრულყოფილდნენ. მათ იესოს მიერ გაღებული გამოსასყიდის საფუძველზე ათასწლიანი სასამართლოს დღის განმავლობაში ქრისტე და მასთან ერთად სხვა მეფეები და მღვდლები გაასრულყოფილებენ. ამ დღის ბოლოს „დანარჩენი მკვდრები“ სრულყოფილებას მიაღწევენ, და ამ გაგებით გაცოცხლდებიან. როგორც მოგვიანებით დავინახავთ, ისინი საბოლოოდ გამოიცდებიან, მაგრამ ამჯერად როგორც სრულყოფილი ადამიანები. ამ გამოცდის გადატანის შემდეგ ღმერთი მათ მარადიული სიცოცხლის ღირსად ჩათვლის და ყოველმხრივ მართლებად აღიარებს. ისინი სრულად გამოცდიან საკუთარ თავზე ამ სიტყვების ძალას: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმუნი 37:29). რა შესანიშნავი მომავალი ელით მორჩილ ადამიანებს!
პირველი აღდგომა
16. როგორ აღწერს იოანე მათ აღდგომას, ვინც ქრისტესთან ერთად იმეფებს და რატომ?
16 იოანე კვლავ მათზე აგრძელებს საუბარს, ვინც „გაცოცხლდნენ და ქრისტესთან ერთად. . . მეფობდნენ“ და მათ აღდგომაზე ამბობს: „ეს არის პირველი აღდგომა“ (გამოცხადება 20:5ბ). რატომ პირველი? იმიტომ, რომ ეს აღდგომა მათთვის იქნება, ვინც „პირველი ნაყოფია ღვთისა და კრავისთვის“ (გამოცხადება 14:4). პირველი კიდევ იმიტომ არის, რომ პირველად აღდგენილებმა უნდა იმეფონ იესოსთან ერთად ზეციერი სამეფოდან კაცობრიობის გასასამართლებლად. დაბოლოს, ეს აღდგომა იმ მიზეზითაც არის პირველი, რომ იესო ქრისტეს გარდა უკვდავებას მხოლოდ პირველი აღდგომის დროს აღდგენილები მიიღებენ, როგორც ეს ბიბლიაშია ნათქვამი (1 კორინთელები 15:53; 1 ტიმოთე 6:16).
17. ა) როგორ აღწერს იოანე ცხებული ქრისტიანების ბედნიერ მომავალს? ბ) რა არის „მეორე სიკვდილი“ და რატომ არა აქვს მას ძალაუფლება 144 000 „მძლეველზე“?
17 როგორი ბედნიერი მომავალი ელით ცხებულებს! იოანე გვამცნობს: „ბედნიერი და წმინდაა ის, ვისაც წილი აქვს პირველ აღდგომაში. მათზე ძალაუფლება არა აქვს მეორე სიკვდილს“ (გამოცხადება 20:6ა). როგორც იესო დაჰპირდა სმირნაში მცხოვრებ ქრისტიანებს, პირველი აღდგომის დროს აღდგენილ „მძლეველებს“ არ ემუქრებათ „მეორე სიკვდილი“, რაც საბოლოო მოსპობას, განადგურებას ნიშნავს (გამოცხადება 2:11; 20:14). „მეორე სიკვდილს“ არა აქვს მათზე ძალაუფლება, რადგან ეს ‘მძლეველები’ უხრწნელობითა და უკვდავებით იქნებიან შემოსილნი (1 კორინთელები 15:53).
18. რას ამბობს იოანე დედამიწის ახალ მმართველებზე და რას გააკეთებენ ისინი?
18 როგორ განსხვავდებიან ეს მეფეები იმ მიწიერი მეფეებისგან, რომლებიც სატანის ქვეყნიერებაში მმართველობდნენ. ზოგიერთ მათგანს ყველაზე დიდხანს 50—60 წელი უმეფია, უმეტესობა კი მხოლოდ რამდენიმე წელს მეფობდა. მათი უმრავლესობა ჩაგრავდა ხალხს. როგორც უნდა იყოს, შეიძლება ადამიანის კეთილდღეობა ხანგრძლივი იყოს მაშინ, როცა, როგორც მმართველები, ისე პოლიტიკური კურსი მუდმივად იცვლება? იოანე კი დედამიწის ახალ მმართველებზე სრულიად საპირისპიროს ამბობს: „ისინი იქნებიან ღვთისა და ქრისტეს მღვდლები და მასთან ერთად იმეფებენ ათას წელს“ (გამოცხადება 20:6ბ). ათასი წლის განმავლობაში იესოსთან ერთად ისინი ერთადერთი მთავრობის წარმომადგენლები იქნებიან. ისინი მღვდლებად იმსახურებენ და იესოს სრულყოფილი მსხვერპლის საშუალებით მორჩილ ადამიანებს სულიერ, ზნეობრივ და ფიზიკურ სრულყოფილებამდე მიიყვანენ. მათი მეფობის წყალობით მთელ მსოფლიოში შეიქმნება საზოგადოება, რომელიც იეჰოვას სიმართლესა და სიწმინდეს აირეკლავს. ისინი ათას წელს იმსახურებენ იესოსთან ერთად როგორც მოსამართლეები და სიყვარულით დაეხმარებიან მორჩილ ადამიანებს, რომ მარადიულ სიცოცხლეს მიაღწიონ (იოანე 3:16).
საბოლოო გამოცდა
19. იესოს ათასწლიანი მეფობის ბოლოს როგორი იქნება დედამიწა და კაცობრიობა, და რას გააკეთებს იესო?
19 იესოს ათასწლიანი მეფობის ბოლოს მთელი დედამიწა ედემის ბაღს დაემსგავსება, ნამდვილ სამოთხეს. გასრულყოფილებულ კაცობრიობას აღარ დასჭირდება მღვდელმთავარი ღმერთთან შუამდგომლობისთვის, რადგან ადამის ცოდვის ყოველგვარი კვალი წაიშლება და უკანასკნელ მტერს — სიკვდილს — ბოლო მოეღება. ქრისტეს სამეფო განახორციელებს ღვთის განზრახვას — შექმნის მსოფლიოს, რომელსაც ერთი მთავრობა უხელმძღვანელებს. ამის შემდეგ კი იესო „თავის ღმერთსა და მამას გადასცემს სამეფოს“ (1 კორინთელები 15:22—26; რომაელები 15:12).
20. იოანეს სიტყვების თანახმად, რა მოხდება საბოლოო გამოცდის დროს?
20 დადგა საბოლოო გამოცდის დრო. ადამისა და ევასგან განსხვავებით შეინარჩუნებს თუ არა გასრულყოფილებული კაცობრიობა ერთგულებას? იოანე აღგვიწერს: „როგორც კი ათასი წელი დასრულდება, სატანა გათავისუფლდება საპყრობილიდან და გამოვა, რათა შეცდომაში შეიყვანოს დედამიწის ოთხივე კუთხეში მცხოვრები ხალხები, გოგი და მაგოგი, და საომრად შეკრიბოს ისინი. მათი რიცხვი ზღვის ქვიშასავითაა. გამოვიდნენ მთელ დედამიწაზე და გარს შემოერტყნენ წმინდათა ბანაკსა და საყვარელ ქალაქს“ (გამოცხადება 20:7—9ა).
21. როგორი იქნება სატანის ბოლო მცდელობის შედეგი და რატომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ზოგიერთი იესოს ათასწლიანი მეფობის შემდეგაც სატანას დაუჭერს მხარს?
21 როგორი იქნება სატანის ბოლო მცდელობის შედეგი? ის შეცდომაში შეიყვანს დედამიწის ოთხივე კუთხეში მცხოვრებ ხალხებს, გოგსა და მაგოგს, და საომრად შეკრებს მათ. მაგრამ ვინ შეუერთდება სატანას ბედნიერი და აღმშენებლობითი ათასწლიანი თეოკრატიული მმართველობის შემდეგ? არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სატანამ შეძლო სრულყოფილი ადამიანების, ადამისა და ევას შეცდენა, როცა ისინი სამოთხეში ცხოვრებით ხარობდნენ. მან შეაცდინა ზეციერი ანგელოზებიც, რომლებმაც კარგად დაინახეს, რა სავალალო შედეგები მოჰყვა პირველ ურჩობას (2 პეტრე 2:4; იუდა 6). არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ღვთის სამეფოს ათასწლიანი მმართველობის შემდეგაც შეცდება ზოგიერთი სრულყოფილი ადამიანი და სატანას დაუჭერს მხარს.
22. ა) რას ნიშნავს სიტყვები: „დედამიწის ოთხივე კუთხეში მცხოვრები ხალხები“? ბ) რატომ ეწოდებათ ურჩ ადამიანებს „გოგი და მაგოგი“?
22 ბიბლია ამ ურჩებს „დედამიწის ოთხივე კუთხეში მცხოვრებ ხალხებს“ უწოდებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კაცობრიობა კიდევ ერთხელ დაიყოფა ერებად. ეს, უბრალოდ, იმაზე მეტყველებს, რომ ურჩი ადამიანები გამოეყოფიან იეჰოვას მართალ, ერთგულ ხალხს და ისეთივე უარყოფით სულს გამოავლენენ, როგორსაც დღეს ავლენენ ერები. ისინიც ბოროტებას განიზრახავენ, როგორც ერთ დროს ეზეკიელის წინასწარმეტყველებაში მოხსენიებულმა მაგოგელმა გოგმა განიზრახა. მათი მიზანია, გაანადგურონ დედამიწაზე არსებული თეოკრატიული მმართველობა (ეზეკიელი 38:3, 10—12). ამიტომ მათ „გოგი და მაგოგი“ ეწოდებათ.
23. რაზე მეტყველებს ის, რომ ურჩთა რიცხვი „ზღვის ქვიშასავითაა“?
23 სატანის თანამოაზრეთა რიცხვი „ზღვის ქვიშასავით“ იქნება. მაინც რამდენი? მათი რიცხვი წინასწარ არ არის განსაზღვრული (შეადარეთ იესო ნავეს ძის 11:4; მსაჯულების 7:12). ურჩი ადამიანების რაოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი გაუძლებს სატანის ცდუნებას. უდავოა, რომ ურჩთა რიცხვი საკმაოდ დიდი იქნება, რადგან, მათი აზრით, ისინი შეძლებენ „წმინდათა ბანაკისა და საყვარელი ქალაქის“ დაძლევას.
24. ა) რას განასახიერებს „საყვარელი ქალაქი“ და როგორ შემოერტყმიან მას გარს? ბ) რას წარმოადგენს „წმინდათა ბანაკი“?
24 „საყვარელი ქალაქი“ ის ქალაქია, რომლის შესახებაც განდიდებული იესო ქრისტე თავის მიმდევრებს ესაუბრებოდა. ეს სიტყვები გამოცხადების 3:12-შია ჩაწერილი, სადაც მან ამ ქალაქს თავისი ღვთის ქალაქი, ახალი იერუსალიმი უწოდა, რომელიც ზეციდან ჩამოდის ღვთისგან. თუკი ეს ზეციერი ორგანიზაციაა, როგორღა შემოერტყმიან გარს ურჩი ადამიანები? ეს იმ გაგებით მოხდება, რომ ისინი წმინდათა ბანაკს შემოერტყმიან გარს. ბანაკი, როგორც წესი, ქალაქგარეთაა; ასე რომ, „წმინდათა ბანაკი“ განასახიერებს მათ, ვინც დედამიწაზე არიან ზეციერი ახალი იერუსალიმისგან მოშორებით, და ერთგულად უჭერენ მხარს იეჰოვას მმართველობას. ერთგულ ადამიანებზე სატანის გავლენის ქვეშ მყოფი ურჩების თავდასხმას უფალი იესო საკუთარ თავზე თავდასხმად მიიღებს (მათე 25:40, 45). ეს ხალხები შეეცდებიან ყველაფრის განადგურებას, რაც ზეციერმა ახალმა იერუსალიმმა დედამიწის სამოთხედ გადასაქცევად გააკეთა. წმინდათა ბანაკზე თავდასხმით ისინი „საყვარელ ქალაქსაც“ ესხმიან თავს.
ცეცხლისა და გოგირდის ტბა
25. იოანეს სიტყვების თანახმად როგორ დასრულდება ურჩთა თავდასხმა „წმინდათა ბანაკზე“ და რას ნიშნავს ეს სატანისთვის?
25 იქნება წარმატებული სატანის ბოლო მცდელობა? ის ისეთივე წარუმატებელი იქნება, როგორიც დღეს მცხოვრებ სულიერ ისრაელზე გოგის თავდასხმა (ეზეკიელი 38:18—23). იოანე თვალნათლივ აღგვიწერს, თუ როგორ დასრულდება ეს ყოველივე: „მაგრამ ციდან ცეცხლი ჩამოვიდა და შთანთქა ისინი. ეშმაკი კი, რომელსაც შეცდომაში შეჰყავდა ისინი, ჩაგდებულ იქნა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც მხეცი და ცრუწინასწარმეტყველი იყვნენ“ (გამოცხადება 20:9ბ, 10ა). სატანას, ძველ გველს, ამჯერად უფსკრულში კი არ ჩააგდებენ, არამედ მოსპობენ, გააცამტვერებენ და სამუდამოდ გაანადგურებენ, თითქოსდა ცეცხლით.
26. რატომ არ არის „ცეცხლისა და გოგირდის ტბა“ საწამებელი ადგილი?
26 როგორც უკვე აღვნიშნეთ, „ცეცხლისა და გოგირდის ტბა“ შეუძლებელია საწამებელი ადგილი იყოს (გამოცხადება 19:20). სატანა რომ მარადიულად და წამებით დატანჯულიყო, იეჰოვას ის ცოცხალი უნდა დაეტოვებინა; სიცოცხლე კი საჩუქარია და არა სასჯელი. სიკვდილი ცოდვის საზღაურია, და როგორც ბიბლიიდან ვიცით, მკვდრები ტკივილს არ გრძნობენ (რომაელები 6:23; ეკლესიასტე 9:5, 10). გარდა ამისა, მოგვიანებით გავიგებთ, რომ სიკვდილი და სამარე ცეცხლისა და გოგირდის ტბაში ჩაიყრება. ფაქტია, რომ შეუძლებელია, სიკვდილმა და სამარემ ტკივილი იგრძნოს (გამოცხადება 20:14).
27. როგორ გვეხმარება სოდომისა და გომორას განადგურება ცეცხლისა და გოგირდის ტბის მნიშვნელობის გაგებაში?
27 ეს მსჯელობა ადასტურებს, რომ ცეცხლისა და გოგირდის ტბა სიმბოლურია. ცეცხლი და გოგირდი გვახსენებს სოდომსა და გომორას, რომლებიც ღმერთმა არნახული ბოროტების გამო გაანადგურა. თავის დროზე „აწვიმა იეჰოვამ ციდან სოდომსა და გომორას გოგირდი და ცეცხლი იეჰოვასგან“ (დაბადება 19:24). ამ ორ ქალაქზე დაწერილია, რომ „საუკუნო ცეცხლით დაისაჯნენ“ (იუდა 7). მაგრამ ეს ორი ქალაქი მარადიულად არ დატანჯულა, თუმცა ისინი და მათი ზნედაცემული მოსახლეობა სამუდამოდ აღიგავა მიწის პირისაგან. ეს ორი ქალაქი დღეს აღარ არსებობს და დარწმუნებით ვერავინ იტყვის, ზუსტად სად მდებარეობდა ისინი.
28. რა არის ცეცხლისა და გოგირდის ტბა და რითი განსხვავდება ის სიკვდილის, სამარისა და უფსკრულისგან?
28 გარდა ამისა, ბიბლია თავად გვიხსნის ცეცხლისა და გოგირდის ტბის მნიშვნელობას: „ცეცხლის ტბა მეორე სიკვდილს ნიშნავს“ (გამოცხადება 20:14). აშკარაა, რომ ეს იგივე გეენაა, რომელზეც იესო საუბრობდა. ის ბოროტთა განადგურებას ნიშნავს და არა მათ სამუდამო ტანჯვას (მათე 10:28). ის სრულ, საბოლოო განადგურებას ნიშნავს. სიკვდილის, სამარისა და უფსკრულის გასაღებები არსებობს, მაგრამ ცეცხლისა და გოგირდის ტბის გასაღები არსად არის მოხსენიებული (გამოცხადება 1:18; 20:1). მასში მოხვედრილები არასდროს გათავისუფლდებიან (შეადარეთ მარკოზის 9:43—47).
ისინი დაიტანჯებიან დღედაღამ, მარადიულად
29, 30. რას ამბობს იოანე ეშმაკზე, მხეცზე და ცრუ წინასწარმეტყველზე, და როგორ უნდა გავიგოთ მისი სიტყვები?
29 ეშმაკის, მხეცისა და ცრუ წინასწარმეტყველის შესახებ იოანე გვეუბნება: „ისინი დაიტანჯებიან დღედაღამ, მარადიულად“ (გამოცხადება 20:10ბ). რას ნიშნავს ეს? როგორც უკვე აღვნიშნეთ, ალოგიკურია დავასკვნათ, რომ ისეთი სიმბოლოები, როგორიცაა მხეცი, ცრუ წინასწარმეტყველი, სიკვდილი და სამარე, შეიძლებოდა პირდაპირი გაგებით დატანჯულიყვნენ. ამიტომ იმის მტკიცებაც უსაფუძვლოა, რომ სატანა მარადიულად დაიტანჯება. ის განადგურდება.
30 „ტანჯვად“ თარგმნილი ბერძნული სიტყვის ბასანიზოს ძირითადი მნიშვნელობაა „სასინჯი ქვით ლითონების შემოწმება“; მეორე მნიშვნელობაა „წამებით დაკითხვა“ („The New Thayer’s Greek–English Lexicon of the New Testament“). ამ კონტექსტში გამოყენებული ბერძნული სიტყვა იმაზე მიუთითებს, რომ სატანის ხვედრი იქნება „სასინჯი ქვა“, რაც მარადიულად დაამტკიცებს იეჰოვას მმართველობის კანონიერებასა და სამართლიანობას. საკამათო საკითხი, რომელიც უზენაეს მმართველობას ეხება, ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება. მეტად აღარ გახდება საჭირო დროის გამოყოფა იეჰოვას უზენაესი მმართველობის სამართლიანობის დასამტკიცებლად (შეადარეთ ფსალმუნის 92:1, 15).
31. როგორ გვეხმარება „ტანჯვად“ თარგმნილი ბერძნული სიტყვის ორი მონათესავე სიტყვა იმის გაგებაში, თუ როგორ დაისჯება სატანა ეშმაკი?
31 გარდა ამისა, ბასანიზოს მონათესავე სიტყვა ბასანისტეს, რაც მტანჯველს ნიშნავს, ბიბლიაში „საპყრობილის ზედამხედველის“ მნიშვნელობით არის გამოყენებული (მათე 18:34). აქედან გამომდინარე, სატანა სამარადისოდ იქნება „დაპატიმრებული“ ცეცხლის ტბაში; ის ვერასოდეს გათავისუფლდება. იოანესთვის კარგად ცნობილ ბერძნულ სეპტუაგინტაში კიდევ ერთი მონათესავე სიტყვა ბასანოს უკავშირდება დამცირებას, რომელსაც სიკვდილი მოჰყვება (ეზეკიელი 32:24, 30). ეს იმის დანახვაში გვეხმარება, რომ სატანის ჩაგდება ცეცხლისა და გოგირდის ტბაში მის დამცირებასა და მარადიულ სიკვდილს ნიშნავს. მასთან ერთად მის საქმეებსაც მოეღება ბოლო (1 იოანე 3:8).
32. როგორ დაისჯებიან დემონები და საიდან ვიცით ეს?
32 ამ მუხლში დემონები არ არიან მოხსენიებულნი. დემონებიც სატანასთან ერთად გათავისუფლდებიან ათასი წლის ბოლოს და ისინიც მასთან ერთად დაისჯებიან მარადიული სიკვდილით? ყველაფერი ამაზე მოწმობს. იგავში ცხვრებსა და თხებზე იესომ თქვა, რომ თხები წავლენ „მარადიულ ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვის არის გამზადებული“ (მათე 25:41). გამოთქმა „მარადიული ცეცხლი“ გაიგივებულია ცეცხლისა და გოგირდის ტბასთან, სადაც სატანა იქნება ჩაგდებული. რადგან დემონები ეშმაკთან ერთად გადმოყარეს ზეციდან, როგორც ჩანს, იესოს ათასწლიანი მეფობის დასაწყისში ისინიც სატანასთან ერთად იქნებიან ჩაყრილნი უფსკრულში. შესაბამისად, ისინიც მასთან ერთად განადგურდებიან ცეცხლისა და გოგირდის ტბაში (მათე 8:29).
33. როგორ შესრულდება ბოლომდე დაბადების 3:15-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება, და რაზე ამახვილებს იეჰოვას სული ახლა იოანეს ყურადღებას?
33 ამგვარად, დაბადების 3:15-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველების ყველა დეტალი შესრულდება. ცეცხლის ტბაში ჩაგდებული სატანა იმ გველს დაემსგავსება, რომელსაც თავი რკინის ქუსლით გაუჭეჭყეს. ის და მისი დემონები ერთხელ და სამუდამოდ მოისპობიან. ისინი მეტად აღარ არიან მოხსენიებული „გამოცხადებაში“. რადგან წინასწარმეტყველება შესრულდა და მათ უკვე მოეღო ბოლო, ახლა იეჰოვას სული იმ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც განსაკუთრებით აინტერესებთ დედამიწაზე მარადიული ცხოვრების მომლოდინეთ: რას მოუტანს კაცობრიობას მეფეთა მეფის და მასთან ერთად „მოწოდებულთა, რჩეულთა და ერთგულთა“ ზეციერი მმართველობა? (გამოცხადება 17:14) ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად იოანე იესოს ათასწლიანი მეფობის დასაწყისს უბრუნდება.
[სქოლიოები]
a ბიბლიის სხვა მუხლებში ნათქვამია, რომ მკვდარი იესო სამარეში იყო (საქმეები 2:31). არ უნდა ვიფიქროთ, რომ სამარე და უფსკრული ყოველთვის ერთსა და იმავეს ნიშნავს. მხეცი და სატანა უფსკრულში იქნებიან, მაგრამ მიცვალებულებზე ნათქვამია, რომ ისინი აღდგომამდე სამარეში არიან (იობი 14:13; გამოცხადება 20:13).
b რომში ტრადიციულად სიკვდილით დასჯის დროს ცულს (ბერძ. პელეკუს) ხმარობდნენ, თუმცა იოანეს დროს მახვილს უფრო ფართოდ იყენებდნენ (საქმეები 12:2). ამგვარად, აქ გამოყენებული ბერძნული სიტყვა პეპელეკისმენონ (ცულით დახოცვა), უბრალოდ სიკვდილით დასჯას ნიშნავს.
c აღსანიშნავია, რომ IV საუკუნეში მოღვაწე ისტორიკოსი ევსები გვამცნობს, რომ ჰიერაპოლისელ პაპიასს, რომელმაც, როგორც ვარაუდობენ, „გამოცხადების“ დამწერის, იოანეს მოწაფეებისგან მიიღო გარკვეული ბიბლიური ცოდნა, სწამდა, რომ იესოს ათასწლიან მეფობაში პირდაპირი გაგებით ათასი წელი იგულისხმებოდა (რასაც თავად ევსები კატეგორიულად უარყოფდა) („The History of the Church“, Eusebius, III, გვ. 39).
-
-
ღვთის სასამართლო დღის სასიხარულო შედეგებიგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
თავი 41
ღვთის სასამართლო დღის სასიხარულო შედეგები
ხილვა 15 გამოცხადება 20:11—21:8
თემა: აღდგომა; სასამართლოს დღე; რა კურთხევები მოჰყვება ახალი ცისა და ახალი დედამიწის დამყარებას.
შესრულების დრო: ათასწლიანი მეფობის პერიოდი.
1. ა) რა დაკარგა კაცობრიობამ ადამისა და ევას ცოდვის გამო? ბ) რა განზრახვა არ შეუცვლია ღმერთს და საიდან ვიცით ეს?
ადამიანები მარადიული სიცოცხლისთვის ვართ შექმნილნი. ადამი და ევა ღმერთს რომ დამორჩილებოდნენ, არასდროს დაიხოცებოდნენ (დაბადება 1:28; 2:8, 16, 17; ეკლესიასტე 3:10, 11). ცოდვის გამო როგორც მათ, ისე მათმა შთამომავლებმა სრულყოფილება და სიცოცხლე დაკარგეს; და კაცობრიობაზე გამეფდა სიკვდილი, შეუბრალებელი მტერი (რომაელები 5:12, 14; 1 კორინთელები 15:26). ამის მიუხედავად, ღმერთს განზრახვა არ შეუცვლია. მას კვლავ სურდა, რომ სრულყოფილ ადამიანებს მარადიულად ეცხოვრათ სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე. მან კაცობრიობის სიყვარულით თავისი მხოლოდშობილი ძე, იესო გამოგზავნა დედამიწაზე და იესომ ადამის შთამომავალთა, „მრავალთა გამოსასყიდად“ თავისი სრულყოფილი სიცოცხლე გაიღო (მათე 20:28; იოანე 3:16). აქედან გამომდინარე, იესოს კანონიერი უფლება აქვს, რომ თავისი მსხვერპლით მორწმუნე ადამიანები გაასრულყოფილოს სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე (1 პეტრე 3:18; 1 იოანე 2:2). კაცობრიობას ნამდვილად საფუძვლიანი მიზეზი აქვს, რომ ‘იხაროს და იმხიარულოს’ (ესაია 25:8, 9).
2. რას გვამცნობს იოანე გამოცხადების 20:11-ში და რა არის „დიდი თეთრი ტახტი“?
2 სატანის უფსკრულში ჩაგდების შემდეგ იესოს დიდებული ათასწლიანი მეფობა დაიწყება. ღმერთმა დანიშნა ეს დღე, რომ „თავისი განზრახვის თანახმად სიმართლით გაასამართლოს მსოფლიო თავის მიერ დანიშნული კაცის მეშვეობით“ (საქმეები 17:31; 2 პეტრე 3:8). იოანე ამბობს: „ვიხილე დიდი თეთრი ტახტი და მასზე მჯდომი. მისგან გარბოდა ცა და დედამიწა და აღარ იყო ადგილი მათთვის“ (გამოცხადება 20:11). რა არის „დიდი თეთრი ტახტი“? ეს „ღვთის — ყველას მოსამართლის“ სასამართლო ტახტია (ებრაელები 12:23). ის გაასამართლებს კაცობრიობას, რათა განსაზღვროს, ვის სასიკეთოდ გამოიყენებს იესოს გამოსასყიდს (მარკოზი 10:45).
3. ა) რა გაგებით არის იეჰოვას ტახტი დიდი და თეთრი? ბ) ვინ იქნება მოსამართლე სასამართლო დღის განმავლობაში და რის საფუძველზე მოხდება გასამართლება?
3 ღვთის ტახტი დიდია, რაც იეჰოვას, როგორც უზენაესი უფლის, სიდიადის მაჩვენებელია; მისი ტახტის სითეთრე კი მის სრულყოფილ სამართლიანობაზე მეტყველებს. ის არის კაცობრიობის უზენაესი მოსამართლე (ფსალმუნი 19:7—11; ესაია 33:22; 51:5, 8). მიუხედავად ამისა, მან გასამართლების უფლება იესო ქრისტეს გადასცა: „მამა არავის ასამართლებს, არამედ მთელი სასამართლო ძეს გადასცა“ (იოანე 5:22). იესოს 144 000 შემწე ჰყავს, რომლებსაც ათასი წლით „გასამართლების უფლებამოსილება“ მიეცათ (გამოცხადება 20:4). სასამართლოს დღის განმავლობაში ისინი თითოეულ ადამიანს იეჰოვას სამართლიანი ნორმებით გაასამართლებენ.
4. რას ნიშნავს „გარბოდა ცა და დედამიწა“?
4 რა გაგებით „გარბოდა ცა და დედამიწა“? ეს იგივე ცაა, რომელიც მეექვსე ბეჭდის ახსნის დროს გრაგნილივით დაიხვა. ის განასახიერებს ადამიანთა მმართველობას, რომელიც „ცეცხლისთვის არის გამზადებული და შემონახული უღვთოთა გასამართლებისა და დაღუპვის დღისთვის“ (გამოცხადება 6:14; 2 პეტრე 3:7); დედამიწა კი იმ ორგანიზებულ საზოგადოებას განასახიერებს, რომელიც ამ მმართველობას ემორჩილება (გამოცხადება 8:7). ცა და დედამიწა მაშინ გაიქცევა, როცა მხეცი, დედამიწის მეფეები და მათი ლაშქრები, მხეცის ნიშნის მატარებელნი და მისი ქანდაკების თაყვანისმცემელნი განადგურდებიან (გამოცხადება 19:19—21). მას შემდეგ, რაც სატანის დედამიწა და ცა გასამართლდება, დიდებული მოსამართლე სხვა სასამართლო დღის დაწყებას გამოაცხადებს.
ათასწლიანი სასამართლოს დღე
5. ვინ გასამართლდება ძველი ცისა და დედამიწის განადგურების შემდეგ?
5 თუკი ძველი ცა და დედამიწა აღარ იარსებებს, მაშ ვინღა გასამართლდება? 144 000 ცხებულის დარჩენილი ნაწილი არ გასამართლდება, რადგან ისინი უკვე გასამართლებულნი და ბეჭედდასმულნი არიან. თუ არმაგედონის შემდეგ ცხებულები ჯერ კიდევ დედამიწაზე იქნებიან, ისინი მალევე დაასრულებენ მიწიერ ცხოვრებას და ზეციერი ჯილდოს მისაღებად აღდგებიან (1 პეტრე 4:17; გამოცხადება 7:2—4). ხილვაში „ტახტის წინ“ დიდი გასაჭირის დროს გადარჩენილი უამრავი ხალხის მილიონობით წარმომადგენელი იდგა. იესოს დაღვრილი სისხლისადმი რწმენის გამო ისინი მართლებად ჩაითვალნენ და ამიტომაც გადარჩნენ. მიუხედავად ამისა, მათი გასამართლება ათას წელს გასტანს, როცა იესო მათ „სიცოცხლის წყლის წყაროებისკენ“ წაუძღვება. ისინი გასრულყოფილდებიან და გამოიცდებიან, რის შემდეგაც ყოველმხრივ მართლებად იქნებიან აღიარებულნი (გამოცხადება 7:9, 10, 14, 17). ათასი წლის განმავლობაში გასამართლდებიან როგორც დიდი გასაჭირის დროს გადარჩენილი ბავშვები, ისე უამრავი ხალხის შვილები, რომლებიც ათასი წლის განმავლობაში დაიბადებიან (შეადარეთ დაბადების 1:28; 9:7; 1 კორინთელების 7:14).
6. ა) ვის ხედავს იოანე და რა იგულისხმება სიტყვებში: „დიდები და პატარები“? ბ) როგორ აღდგება ღვთის მეხსიერებაში მყოფი მილიონობით ადამიანი?
6 იოანე ხედავს ადამიანთა სხვა ჯგუფსაც, რომელიც დიდი გასაჭირის დროს გადარჩენილ უამრავ ხალხზე მრავალრიცხოვანია. მათი რიცხვი მილიარდებს აღწევს. „ვიხილე მკვდრები, დიდები და პატარები, რომლებიც ტახტის წინ იდგნენ, და გაშლილი იყო გრაგნილები“ (გამოცხადება 20:12ა). „დიდებში და პატარებში“ იგულისხმება წარჩინებული თუ უბრალო ადამიანები, რომლებსაც დედამიწაზე გასული 6 000 წლის განმავლობაში უცხოვრიათ და დახოცილან. იოანეს სახარებაში, რომელიც მან „გამოცხადების“ შემდეგ მალევე დაწერა, ჩაწერილია, რას ამბობს იესო მამის შესახებ: „მას [იესოს] გასამართლების უფლებამოსილებაც მისცა, რადგან კაცის ძეა იგი. ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ და გამოვლენ“ (იოანე 5:27—29). რა გრანდიოზული საქმეა კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში დახოცილი და დასაფლავებული ადამიანებისთვის სიცოცხლის დაბრუნება! უეჭველია, ღვთის მეხსიერებაში მყოფი მილიონობით ადამიანი თანდათანობით აღდგება. ეს შედარებით მცირერიცხოვან უამრავ ხალხს ყველა იმ სირთულესთან გამკლავების საშუალებას მისცემს, რაც შეიძლება აღდგენილების გამო წარმოიშვას. გასაკვირი არ იქნება, რომ თავიდან მათზე ძველი ცხოვრების წესმა, ხორციელმა სისუსტეებმა და აზროვნებამ იმოქმედოს.
ვინ აღდგება და ვინ გასამართლდება?
7, 8. ა) რა გრაგნილი გაიშალა და რა მოხდა ამის შემდეგ? ბ) ვინ არ აღდგება?
7 იოანე განაგრძობს: „გაშლილი იყო სხვა გრაგნილიც — სიცოცხლის გრაგნილი. მკვდრები ამ გრაგნილებში ჩაწერილის მიხედვით გასამართლდნენ თავიანთი საქმეებისამებრ. ზღვამ მისცა მასში მყოფი მკვდრები, სიკვდილმა და სამარემაც მისცეს მათში მყოფი მკვდრები და თითოეული თავისი საქმეებისამებრ გასამართლდა“ (გამოცხადება 20:12ბ, 13). მართლაც გამაოგნებელი სანახაობაა! აღსანიშნავია, რომ მოხსენიებული ზღვა, სიკვდილი და სამარე ურთიერთგამომრიცხავი მნიშვნელობის მქონე სიტყვები არ არისa. მაგალითად, თევზის მუცელში და, შესაბამისად, შუა ზღვაში მყოფმა იონამ საკუთარ თავზე თქვა, რომ სამარეში იმყოფებოდა (იონა 2:2). თუ ადამიანი ადამის გამო სიკვდილის ტყვეობაშია, ფაქტობრივად, ის სამარეშია. იოანეს წინასწარმეტყველური სიტყვები იმაში გვარწმუნებს, რომ უყურადღებოდ არავინ დარჩება.
8 იქნებიან ისეთებიც, რომლებიც არ აღდგებიან, თუმცა მათი რიცხვი უცნობია. მათ შორის იქნებიან იესოსა და მისი მოციქულების უარმყოფელი მოუნანიებელი მწიგნობრები და ფარისევლები, „უკანონობის კაცი“ და რწმენას ჩამოშორებული ცხებული ქრისტიანები (2 თესალონიკელები 2:3; ებრაელები 6:4—6; მათე 23:29—33). იესო საუბრობდა თხისმაგვარ ადამიანებზე, რომლებიც ქვეყნიერების აღსასრულის დროს წავლენ „მარადიულ ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვის არის გამზადებული“, ანუ „მარადიულად მოიკვეთებიან“ (მათე 25:41, 46). ისინი არ აღდგებიან.
9. როგორ აღნიშნა მოციქულმა პავლემ, რომ ზოგიერთს განსაკუთრებული აღდგომა ელის, და ვინ იქნებიან ისინი?
9 ზოგიერთების აღდგომა განსაკუთრებული იქნება. ამაზე მოციქულმა პავლემაც გაამახვილა ყურადღება: „მაქვს ღვთის იმედი, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“ (საქმეები 24:15). დედამიწაზე აღდგენილ მართლებს შორის იქნებიან ძველად მცხოვრები ერთგული მამაკაცები და ქალები, მაგალითად, აბრაამი და რახაბი. როგორც ღვთის მეგობრები, ისინი მართლებად იყვნენ აღიარებულნი (იაკობი 2:21, 23, 25). აღდგენილთა შორის იქნებიან მართალი სხვა ცხვრები, რომლებიც იეჰოვას ერთგულები დაიხოცნენ ჩვენს დროში. როგორც ჩანს, ეს ერთგული ადამიანები იესოს ათასწლიანი მეფობის დასაწყისში აღდგებიან (იობი 14:13—15; 27:5; დანიელი 12:13; ებრაელები 11:35, 39, 40). უეჭველია, აღდგენილ მართალთაგან მრავალს განსაკუთრებული უპირატესობა მიეცემა, რომ უხელმძღვანელოს დედამიწის სამოთხედ გადაქცევის გრანდიოზულ საქმეს (ფსალმუნი 45:16; შეადარეთ ესაიას 32:1, 16—18; 61:5; 65:21—23).
10. ვინ იქნებიან აღდგენილ უმართლოთა შორის?
10 ვინ არიან საქმეების 24:15-ში მოხსენიებული უმართლოები? მათ შორის იქნება კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში დახოცილი უამრავი ადამიანი; განსაკუთრებით კი ისინი, ვინც „უმეცრების დროს“ ცხოვრობდნენ (საქმეები 17:30). შესაძლოა ისინი ისეთ ადგილას დაიბადნენ და ისეთ დროს ცხოვრობდნენ, რომ შეუძლებელი იყო, იეჰოვას მორჩილება ესწავლათ. გარდა ამისა, მათ შორის შეიძლება იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც მოისმინეს ხსნის შესახებ ცნობა, მაგრამ იმ დროს სათანადოდ არ გამოეხმაურნენ მას ან მანამდე დაიხოცნენ, ვიდრე თავს მიუძღვნიდნენ ღმერთს და მოინათლებოდნენ. აღდგომის შემდეგ ასეთ ადამიანებს კვლავ მოუწევთ აზროვნების და ცხოვრების წესის შეცვლა, რათა ხელიდან არ გაუშვან მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა.
სიცოცხლის გრაგნილი
11. ა) რა არის „სიცოცხლის გრაგნილი“ და ვისი სახელებია ჩაწერილი მასში? ბ) რატომ იქნება გაშლილი სიცოცხლის გრაგნილი ათასწლიანი მეფობის განმავლობაში?
11 იოანემ მოიხსენია „სიცოცხლის გრაგნილი“. ამ გრაგნილში ჩაწერილნი არიან ის ადამიანები, რომლებიც იეჰოვასგან მარადიულ სიცოცხლეს მიიღებენ. მასში ჩაიწერა იესოს ცხებული ძმების, უამრავი ხალხისა და ძველ დროს მცხოვრები ერთგული ადამიანების, მოსესა და სხვების სახელები (გამოსვლა 32:32, 33; დანიელი 12:1; გამოცხადება 3:5). იმ უმართლოთა სახელები, რომლებიც მომავალში აღდგებიან, სიცოცხლის გრაგნილში ჯერ არ ჩაწერილა. ამიტომ ათასწლიანი მეფობის განმავლობაში გაშლილი იქნება სიცოცხლის გრაგნილი იმ ადამიანთა სახელების ჩასაწერად, რომლებიც დაიმსახურებენ სიცოცხლეს. ვისი სახელიც გრაგნილში ანუ სიცოცხლის წიგნში არ ჩაიწერება, მათზე ნათქვამია, რომ „ცეცხლის ტბაში იქნენ ჩაყრილი“ (გამოცხადება 20:15; შეადარეთ ებრაელების 3:19).
12. რის საფუძველზე ჩაიწერება ადამიანის სახელი სიცოცხლის გრაგნილში და რა მაგალითი დაგვიტოვა იეჰოვას დანიშნულმა მოსამართლემ?
12 რის საფუძველზე ჩაიწერება იმ დროს ადამიანის სახელი სიცოცხლის გრაგნილში? გადამწყვეტი ფაქტორი, ისევე როგორც ადამისა და ევას შემთხვევაში, იეჰოვას მორჩილება იქნება. ეს შეესაბამება მოციქულ იოანეს სიტყვებს, რომლებიც მან საყვარელ თანაქრისტიანებს მისწერა: „გადადის ქვეყნიერებაც და მისი სურვილებიც, ღვთის ნების შემსრულებელი კი სამარადისოდ რჩება“ (1 იოანე 2:4—7, 17). იეჰოვას მიერ დანიშნულმა მოსამართლემ ღვთის მორჩილების მაგალითი დაგვიტოვა: „თუმცა [იესო] ძე იყო, მორჩილება ისწავლა იმით, რაც გადაიტანა, და მას შემდეგ, რაც სრულყოფილი გახდა, თავის მორჩილთა სამუდამო ხსნაზე გახდა პასუხისმგებელი“ (ებრაელები 5:8, 9).
იშლება სხვა გრაგნილებიც
13. როგორ უნდა ცხადყონ აღდგენილებმა ღვთის მორჩილება და რა პრინციპები უნდა დაიცვან?
13 როგორ უნდა ცხადყონ აღდგენილებმა ღვთისადმი მორჩილება? იესომ ორ უდიდეს მცნებაზე გაამახვილა ყურადღება: «პირველია: „ისმინე, ისრაელო, იეჰოვა, ჩვენი ღმერთი, ერთია იეჰოვა, გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით, მთელი გონებით და მთელი ძალით“. მეორე კი: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“ » (მარკოზი 12:29—31). ისინი აგრეთვე უნდა დაემორჩილონ იეჰოვას უცვლელ პრინციპებს, მაგალითად, არ იქურდონ, არ იცრუონ, არ მოკლან და უზნეობა არ ჩაიდინონ (1 ტიმოთე 1:8—11; გამოცხადება 21:8).
14. რა გრაგნილები იშლება და რა არის ჩაწერილი მათში?
14 იოანე მოიხსენიებს სხვა გრაგნილებსაც, რომლებიც ათასწლიანი მეფობის დროს გაიშლება (გამოცხადება 20:12). რა გრაგნილებია ეს? ზოგჯერ იეჰოვა კონკრეტულ შემთხვევებში კონკრეტულ მითითებებს იძლეოდა. მაგალითად, მოსეს დროს მან ისრაელებს არაერთი კანონი მისცა, რომელთა მორჩილებაც სიცოცხლეს შეუნარჩუნებდა მათ (მეორე კანონი 4:40; 32:45—47). I საუკუნეში ერთგულ ქრისტიანებს ახალი მითითებები მიეცათ, რაც მათ, როგორც ქრისტიანული კრების წევრებს, იეჰოვას პრინციპების დაცვაში დაეხმარებოდა (მათე 28:19, 20; იოანე 13:34; 15:9, 10). იოანე გვამცნობს, რომ მკვდრები „გრაგნილებში ჩაწერილის მიხედვით გასამართლდნენ თავიანთი საქმეებისამებრ“. როგორც ჩანს, ამ გრაგნილებში ჩაწერილი იქნება, კონკრეტულად, რა მოთხოვნები ექნება იეჰოვას კაცობრიობისთვის ათასი წლის განმავლობაში. თუ ადამიანები დაემორჩილებიან ამ გრაგნილებში ჩაწერილ მითითებებსა და წესებს, ისინი სიცოცხლეს გაიხანგრძლივებენ და საბოლოოდ მარადიულობას მიაღწევენ.
15. რა სასწავლო პროგრამა ჩატარდება აღდგომის დროს და, როგორც ჩანს, რა თანამიმდევრობით მოხდება აღდგომა?
15 წარმოიდგინეთ, რა გრანდიოზული თეოკრატიული სწავლება დაიწყება მაშინ! 2005 წელს იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში საშუალოდ 6 061 534 ბიბლიის შესწავლას ატარებდნენ, აღდგომის შემდეგ კი, უდავოა, რომ მილიონობით შესწავლა ჩატარდება ბიბლიისა და ახალი გრაგნილების გამოყენებით. ღვთის ხალხიდან ყველა უნდა გახდეს მასწავლებელი და ამ საქმისთვის ძალ-ღონე არ უნდა დაიშუროს. სულიერი წინსვლის შემდეგ აღდგენილებიც მიიღებენ მონაწილეობას ამ გრანდიოზულ სასწავლო პროგრამაში. როგორც ჩანს, აღდგომა ასეთი თანამიმდევრობით მოხდება: გადარჩენილები შეეგებებიან და ასწავლიან აღდგენილ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ისინი კი, თავის მხრივ, სხვებს შეეგებებიან და ასწავლიან (შეადარეთ 1 კორინთელების 15:19—28, 58). ექვს მილიონზე მეტი მოწმე დღეს აქტიურად მონაწილეობს ჭეშმარიტების გავრცელებაში, ეს კი კარგი საფუძველია საიმისოდ, რომ მათ მკვდრეთით აღდგომის დროს მრავალი უპირატესობა მიიღონ (ესაია 50:4; 54:13).
16. ა) ვისი სახელები არ ჩაიწერება გრაგნილში, ანუ სიცოცხლის წიგნში? ბ) ვინ აღდგება „სიცოცხლის აღდგომისთვის“?
16 დედამიწაზე მკვდრების აღდგომასთან დაკავშირებით იესომ თქვა, რომ „კარგის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის, ცუდის მოქმედნი კი — სასამართლოს აღდგომისთვის“ გამოვიდოდნენ. აქ სიცოცხლე და სასამართლო ერთმანეთს უპირისპირდება. ისინი, ვინც აღდგომის შემდეგ ბოროტების კეთებას გააგრძელებენ, მიუხედავად იმისა, რომ ნასწავლი ექნებათ წმინდა წერილები და გრაგნილში ჩაწერილი მითითებები, გასამართლებისას სიცოცხლეს ვერ დაიმსახურებენ და მათი სახელები გრაგნილში ანუ სიცოცხლის წიგნში არ ჩაიწერება (იოანე 5:29). იგივე დაემართება მასაც, ვინც ერთ დროს ერთგული იყო, მაგრამ განდგება ათასწლიანი მეფობის დროს. გრაგნილიდან სახელების ამოშლაც შეიძლება (გამოსვლა 32:32, 33). მათი სახელები, ვინც დაემორჩილება გრაგნილებში ჩაწერილ მითითებებს, არ ამოიშლება სიცოცხლის გრაგნილიდან; ისინი იცოცხლებენ. მათი აღდგომა სიცოცხლის აღდგომა იქნება.
სიკვდილისა და სამარის მოსპობა
17. ა) რა გასაოცარი სანახაობა იშლება იოანეს თვალწინ? ბ) როდის დაცარიელდება სამარე? გ) როდის იქნება ჩაგდებული „ცეცხლის ტბაში“ ადამის მიზეზით გამოწვეული სიკვდილი?
17 ახლა იოანეს თვალწინ გასაოცარი სანახაობა იშლება: „სიკვდილი და სამარე ჩაყრილ იქნენ ცეცხლის ტბაში; ცეცხლის ტბა მეორე სიკვდილს ნიშნავს. ცეცხლის ტბაში იქნენ ჩაყრილი ისინიც, ვინც სიცოცხლის წიგნში არ იყო ჩაწერილი“ (გამოცხადება 20:14, 15). ათასწლიანი სასამართლო დღის ბოლოს „სიკვდილი და სამარე“ საბოლოოდ მოისპობა. რა საჭიროა ამისთვის ათასი წელი? კაცობრიობის საერთო სამარე მხოლოდ მაშინ დაცარიელდება, როცა ღვთის მეხსიერებაში მყოფი უკანასკნელი მიცვალებული აღდგება. მაგრამ, ვიდრე ადამიანებზე თანდაყოლილი ცოდვა იმოქმედებს, ადამის მიზეზით გამოწვეული სიკვდილი ძალას არ დაკარგავს. დედამიწაზე აღდგენილები, არმაგედონში გადარჩენილ უამრავ ხალხთან ერთად გრაგნილებში ჩაწერილ მითითებებს უნდა დაემორჩილონ, ვიდრე იესოს გამოსასყიდი საბოლოოდ არ დაიხსნის მათ ავადმყოფობისგან, სიბერისა და სხვა თანდაყოლილი უძლურებებისგან. მაშინ ადამის მიზეზით გამოწვეული სიკვდილი და სამარე ერთად ჩაიყრება „ცეცხლის ტბაში“, და ორივე სამუდამოდ მოისპობა.
18. ა) როგორ აღწერს პავლე მოციქული იმ წარმატებას, რასაც მეფე იესო მიაღწევს თავისი მმართველობის დროს? ბ) რას გააკეთებს იესო ადამიანების გასრულყოფილების შემდეგ? გ) კიდევ რა მოხდება ათასი წლის ბოლოს?
18 მაშინ საბოლოოდ შესრულდება მოციქულ პავლეს მიერ კორინთელებისთვის მიწერილი სიტყვები: „მან [იესომ] უნდა იმეფოს, სანამ ღმერთი მის ფეხქვეშ არ მოაქცევს ყველა მტერს. უკანასკნელი მტერი, რომელსაც ბოლო მოეღება, სიკვდილია [ადამის მიზეზით გამოწვეული]“. რა მოხდება ამის შემდეგ? „როცა ყოველივე მას დაემორჩილება, მაშინ თვით ძეც დაემორჩილება მას, რომელმაც ყველაფერი დაუმორჩილა“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იესო „თავის ღმერთსა და მამას გადასცემს სამეფოს“ (1 კორინთელები 15:24—28). იესო, რომელმაც გამოსასყიდით დაამარცხა ადამის მიზეზით გამოწვეული სიკვდილი, გასრულყოფილებულ ადამიანებს თავის მამას, იეჰოვას წარუდგენს. როგორც ჩანს, სწორედ მაშინ, ათასი წლის ბოლოს გათავისუფლდება სატანა და ბოლო გამოცდის დროს გადაწყდება, ვისი სახელები დარჩება სიცოცხლის წიგნში მარადიულად. „ძალ-ღონე არ დაიშუროთ“, რათა თქვენი სახელიც ჩაიწეროს ამ გრაგნილში (ლუკა 13:24; გამოცხადება 20:5).
[სქოლიოები]
a ზღვაში დაღუპულთაგან აღდგენილებს შორის არ იქნებიან ნოეს წარღვნის დროს დახოცილი გახრწნილი ადამიანები. ის საბოლოო განადგურება იყო, ისევე როგორც იეჰოვას გამოტანილი განაჩენის აღსრულება იქნება საბოლოო დიდი გასაჭირის დროს (მათე 25:41, 46; 2 პეტრე 3:5—7).
-