-
ახალი ცა და ახალი დედამიწაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
თავი 42
ახალი ცა და ახალი დედამიწა
1. როგორ აღწერს იოანე იმას, რაც ათასწლიანი მეფობის დასაწყისში უნდა მოხდეს?
ეს დიდებული ხილვა კვლავ გრძელდება. ანგელოზი იოანეს იმას აჩვენებს, რაც ათასწლიანი მეფობის დასაწყისში უნდა მოხდეს. რას ხედავს იოანე? „ვიხილე ახალი ცა და ახალი დედამიწა, რადგან წინანდელი ცა და წინანდელი დედამიწა მოისპო და ზღვა აღარ არის“ (გამოცხადება 21:1). ჩვენ თვალწინ შთამბეჭდავი სურათი იშლება.
2. ა) როგორ შესრულდა ესაიას წინასწარმეტყველება ახალი ცისა და ახალი დედამიწის შესახებ ძვ. წ. 537 წელს დაბრუნებულ იუდეველებზე? ბ) საიდან ვიცით, რომ ესაიას წინასწარმეტყველება კვლავ უნდა შესრულდეს, და როგორ შესრულდება?
2 იოანეს დრომდე ასობით წლით ადრე იეჰოვამ ესაიას უთხრა: „აი, ვქმნი ახალ ცასა და ახალ დედამიწას; აღარ გაიხსენებენ წინანდელს და არც გულში გაივლებენ“ (ესაია 65:17; 66:22). ეს წინასწარმეტყველება თავდაპირველად ძვ. წ. 537 წელს შესრულდა, როცა ერთგული იუდეველები 70 წლიანი ტყვეობის შემდეგ ბაბილონიდან იერუსალიმში დაბრუნდნენ. მაშინ მათ შექმნეს ახალი, განწმენდილი საზოგადოება, ანუ „ახალი დედამიწა“, რომელიც ახალ მმართველობას ანუ „ახალ ცას“ ემორჩილებოდა. მოციქულმა პეტრემ ამ წინასწარმეტყველების კიდევ ერთ შესრულებაზე გაამახვილა ყურადღება: „ჩვენ მისი დაპირებისამებრ ველით ახალ ცასა და ახალ დედამიწას, სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე“ (2 პეტრე 3:13). იოანე გვიხსნის, რომ ეს დანაპირები უფლის დღის განმავლობაში სრულდება. „წინანდელი ცა და წინანდელი დედამიწა“ ანუ სატანის ქვეყნიერება და მმართველობის სისტემა, რომელზეც სატანა და მისი დემონები ახდენდნენ გავლენას, მოისპობა. ბოროტ და ურჩ ადამიანთა მღელვარე „ზღვა“ აღარ იარსებებს. მათ ადგილს დაიკავებს „ახალი ცა და ახალი დედამიწა“, ანუ ადამიანთა ახალი საზოგადოება, რომელსაც ახალი მთავრობა, ღვთის სამეფო უხელმძღვანელებს (შეადარეთ გამოცხადების 20:11).
3. ა) რას აღწერს იოანე და რას წარმოადგენს ახალი იერუსალიმი? ბ) რა გაგებით ჩამოდის ზეციდან ახალი იერუსალიმი?
3 იოანე განაგრძობს: „ვიხილე აგრეთვე წმინდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, ზეციდან, ღვთისგან ჩამომავალი და გამზადებული, როგორც ქმრისთვის მორთული პატარძალი“ (გამოცხადება 21:2). ახალი იერუსალიმი იესოს პატარძალია, რომელიც სიკვდილამდე ერთგული ცხებული ქრისტიანებისგან შედგება. ისინი აღდგენილნი არიან, რათა განდიდებულ იესოსთან ერთად მეფეებად და მღვდლებად იმსახურონ (გამოცხადება 3:12; 20:6). მიწიერი იერუსალიმი ძველი ისრაელის სატახტო ქალაქი იყო; შესაბამისად, დიდებული ახალი იერუსალიმი და მისი ნეფე ახალი ქვეყნიერების მთავრობას ანუ ახალ ცას წარმოადგენენ. პატარძალი ყურადღებას აქცევს დედამიწას და სწორედ ამ გაგებით ჩამოდის ზეციდან. ის ერთგულად დაეხმარება კრავს კაცობრიობის სამართლიანად მართვაში. ახალი დედამიწისთვის ეს დიდი კურთხევაა!
4. ღვთის რომელი აღთქმა ჰგავს ახლად ჩამოყალიბებული ისრაელისთვის მიცემულ აღთქმას?
4 იოანე აგრძელებს: «გავიგონე ტახტიდან დიდი ხმა: „აი, ღვთის კარავი ადამიანებთანაა. იგი მათთან დამკვიდრდება, ისინი მისი ხალხი იქნებიან და თვითონ ღმერთი მათთან იქნება“ » (გამოცხადება 21:3). როცა იეჰოვამ კანონის შეთანხმება დაუდო ახლად ჩამოყალიბებულ ისრაელს, ასეთი აღთქმაც მისცა: „თქვენ შორის დავდგამ ჩემს კარავს და არ შეგიზიზღებთ ჩემი სული. ვივლი თქვენ შორის და ვიქნები თქვენი ღმერთი, თქვენ კი ჩემი ხალხი იქნებით“ (ლევიანები 26:11, 12). იეჰოვა ამჯერადაც მსგავს აღთქმას აძლევს ერთგულ ხალხს. ათასწლიანი სასამართლოს დღის დროს ისინი ღვთისთვის განსაკუთრებული ხალხი გახდებიან.
5. ა) რა გაგებით დამკვიდრდება ღმერთი ადამიანებთან ათასწლიანი მეფობის დროს? ბ) როგორ დამკვიდრდება ღმერთი ადამიანებთან ათასწლიანი მეფობის შემდეგ?
5 ათასწლიანი მეფობის დროს იეჰოვა ადამიანებთან იმ გაგებით დამკვიდრდება, რომ მისი წარმომადგენელი გამეფებული ძე, იესო ქრისტე იქნება. მაგრამ ათასწლიანი მეფობის ბოლოს, როცა იესო სამეფოს გადასცემს მამას, არც შუამავალი და არც წარმომადგენელი აღარ იქნება საჭირო. იეჰოვა სულიერი გაგებით თავად დამკვიდრდება თავის ხალხთან სამარადისოდ (შეადარეთ იოანეს 4:23, 24). ეს დიდი პატივი იქნება გასრულყოფილებული ადამიანებისთვის!
6, 7. ა) რა დიდებულ დანაპირებს გვიმხელს იოანე და ვინ მიიღებს კურთხევებს? ბ) როგორ აღწერს ესაია სულიერ და ფიზიკურ სამოთხეს?
6 იოანე განაგრძობს თხრობას: „მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხადება 21:4). ეს კვლავ გვახსენებს ბიბლიაში ღვთის შთაგონებით ჩაწერილ დაპირებებს. ესაია მოელოდა იმ დროს, როცა სიკვდილი და გლოვა აღარ იქნებოდა და მწუხარებას სიხარული შეცვლიდა (ესაია 25:8; 35:10; 51:11; 65:19). იოანე ადასტურებს, რომ ეს დანაპირები ათასწლიანი სასამართლოს დღის განმავლობაში შესრულდება. ჯერ უამრავი ხალხი მიიღებს კურთხევებს. „ტახტთან მყოფი კრავი დამწყემსავს და სიცოცხლის წყლის წყაროებისკენ წაუძღვება მათ. და მოსწმენდს მათ ღმერთი ყოველ ცრემლს თვალებიდან“ (გამოცხადება 7:9, 17). საბოლოოდ ყველა, ვინც მკვდრეთით აღდგება და რწმენას გამოავლენს ყველაფრისადმი, რაც იეჰოვას მოუმოქმედებია, მათთან ერთად იქნება და როგორც სულიერი, ისე ფიზიკური სამოთხით გაიხარებს.
7 ესაია ამბობს: „მაშინ ბრმებს თვალები აეხილებათ და ყრუებს ყურები გაეხსნებათ; მაშინ კოჭლი ირემივით იხტუნებს და მუნჯის ენა სიხარულით შესძახებს“ (ესაია 35:5, 6). მაშინ „ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ მათში, გააშენებენ ვენახებს და შეჭამენ მათ ნაყოფს. არ ააშენებენ სხვის საცხოვრებლად, არ დარგავენ სხვის შესაჭმელად. ჩემი ხალხის დღეები ხის დღეებივით იქნება და სრულად მოიხმარენ თავიანთ ნახელავს ჩემი რჩეულები“ (ესაია 65:21, 22). ისინი არ მოისპობიან.
8. როგორ ადასტურებს თავად იეჰოვა, რომ ეს დიდებული დანაპირები სანდოა?
8 ამ დანაპირებზე ფიქრისას შესანიშნავი სურათი წარმოგვიდგება თვალწინ. არაჩვეულებრივი კურთხევები ელით ერთგულ ადამიანებს, რომლებსაც სიყვარულით უხელმძღვანელებს ზეციერი მთავრობა. ზღაპრად ხომ არ გვეჩვენება ეს დანაპირები? იქნებ ეს მხოლოდ კუნძულ პატმოსზე გადასახლებული მოხუცებულის ოცნებაა? იეჰოვა თავად გცემს პასუხს: «ტახტზე მჯდომმა თქვა: „აი, ვქმნი ყველაფერს ახალს“. შემდეგ თქვა: „დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია“. მითხრა: „აღსრულდა! მე ვარ ალფა და ომეგა, დასაწყისი და დასასრული“ » (გამოცხადება 21:5, 6ა).
9. რატომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ მომავალი კურთხევები რეალობად იქცევა?
9 იეჰოვა თითქოსდა ხელს აწერს საგარანტიო ხელშეკრულებას, რის საფუძველზეც ერთგული ადამიანები კურთხეულნი იქნებიან. ვის შეეპარება ეჭვი მის დანაპირებში?! იეჰოვა თავის დანაპირებზე ისე ლაპარაკობს, როგორც უკვე შესრულებულზე: „აღსრულდა!“ განა იეჰოვა არ არის „ალფა და ომეგა, . . ვინც არის, იყო და მოდის, ყოვლისშემძლე“?! (გამოცხადება 1:8). რა თქმა უნდა. ის თავად ამბობს: „მე ვარ პირველი და უკანასკნელი, ჩემ გარდა არ არსებობს სხვა ღმერთი!“ (ესაია 44:6). ამიტომ მას შეუძლია შთაგონებით დააწერინოს ადამიანს წინასწარმეტყველებები და შემდეგ ზედმიწევნით შეასრულოს. როგორ გვიმტკიცებს ეს რწმენას! ღმერთი გვპირდება: „აი, ვქმნი ყველაფერს ახალს“! ნაცვლად იმისა, რომ ეჭვის თვალით ვუყუროთ ამ საოცრებას, იმაზე უნდა დავფიქრდეთ, რისი გაკეთება გვმართებს, ეს კურთხევები რომ მივიღოთ.
წყალი მწყურვალთათვის
10. რა „წყალს“ გვთავაზობს იეჰოვა და რა იგულისხმება ამაში?
10 თავად იეჰოვა აცხადებს: „მწყურვალს უსასყიდლოდ მივცემ სიცოცხლის წყლის წყაროდან“ (გამოცხადება 21:6ბ). ადამიანი სულიერს უნდა იყოს მოწყურებული და თუ წყურვილის მოკვლა სურს, მზად უნდა იყოს იეჰოვასგან ბოძებული „წყლის“ მისაღებად (ესაია 55:1; მათე 5:3). რა იგულისხმება ამ წყალში? იესომ პასუხი გასცა ამ კითხვას, როცა ჭასთან ერთ სამარიელ ქალს უქადაგა. მან უთხრა ქალს: „ვინც დალევს წყალს, რომელსაც მე მივცემ, აღარასოდეს მოსწყურდება, არამედ წყალი, რომელსაც მე მივცემ, მარადიული სიცოცხლის მოჩუხჩუხე წყაროდ გადაიქცევა მასში“. „სიცოცხლის წყლის წყარო“ ღვთისგან მოედინება ქრისტეს მეშვეობით. ღმერთი მას კაცობრიობისთვის სრულყოფილი სიცოცხლის დასაბრუნებლად გამოიყენებს. სამარიელი ქალის მსგავსად ჩვენც ძლიერი სურვილი უნდა გვქონდეს, რომ დავეწაფოთ ამ წყაროს; ჩვენ ქვეყნიურ სურვილებს კი არ უნდა ავყვეთ, არამედ სასიხარულო ცნობა უნდა ვაუწყოთ ხალხს (იოანე 4:14, 15, 28, 29).
‘მძლეველები’
11. რა დანაპირებს იძლევა იეჰოვა და პირველ რიგში ვის ეხება ეს სიტყვები?
11 ამ გამომაცოცხლებელი წყლის მსმელი „მძლეველი“ უნდა იყოს, რადგან იეჰოვა ამბობს: „მძლეველი დაიმკვიდრებს ამ ყოველივეს, მე ვიქნები მისი ღმერთი და ის იქნება ჩემი ძე“ (გამოცხადება 21:7). ეს იმ დანაპირებს ჰგავს, რომელსაც შვიდი კრებისთვის მიწერილ ცნობებში ვხვდებით. ასე რომ, ეს სიტყვები პირველ რიგში ცხებულ მოწაფეებს ეხებათ (გამოცხადება 2:7, 11, 17, 26—28; 3:5, 12, 21). საუკუნეების განმავლობაში ქრისტეს სულიერი ძმები მოუთმენლად ელოდნენ იმ დროს, როცა ახალი იერუსალიმის მკვიდრნი გახდებოდნენ. თუ იესოს მსგავსად ისინიც ‘მძლეველები’ გახდებიან, მათი იმედები განხორციელდება (იოანე 16:33).
12. როგორ შესრულდება გამოცხადების 21:7-ში ჩაწერილი დანაპირები უამრავ ხალხზე?
12 ამ დანაპირებით ყველა ერიდან გამოკრებილი უამრავი ხალხიც ინტერესდება. ისინიც უნდა გახდნენ ‘მძლეველები’, ერთგულად უნდა ემსახურონ ღმერთს, ვიდრე დიდ გასაჭირს არ გადაიტანენ. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ ისინი სამკვიდროს დედამიწაზე, „ქვეყნიერების შექმნიდან მათთვის გამზადებულ სამეფოს“ (მათე 25:34). როგორც მათ, ისე უფლის დანარჩენ ცხვრებს, რომლებიც ათასი წლის ბოლოს გადაიტანენ გამოცდას, „წმინდები“ ეწოდებათ (გამოცხადება 20:9). მათ წმინდა და მამაშვილური ურთიერთობა ექნებათ შემოქმედთან, იეჰოვა ღმერთთან, როგორც მისი ერთიანი ორგანიზაციის წევრებს (ესაია 66:22; იოანე 20:31; რომაელები 8:21).
13, 14. თუ გვსურს, რომ ღვთის დიდებული დანაპირები მივიღოთ, რას უნდა მოვერიდოთ და რატომ?
13 იეჰოვას მოწმეებს დიდებული იმედი აქვთ. ამიტომ რაოდენ მნიშვნელოვანია მათთვის სატანის ქვეყნიერების გამხრწნელი ზეგავლენისგან თავის დაცვა. ჩვენ სიმტკიცე, გაბედულება და მონდომება გვმართებს, რათა ეშმაკმა ისეთი ადამიანების წრეში არ დაგვაბრუნოს, რომლებზეც იეჰოვა ამბობს: „მხდალებისა და ურწმუნოების, ბინძურებისა და მკვლელების, მეძავების, სპირიტიზმის მიმდევრების, კერპთაყვანისმცემლებისა და ყველა მატყუარას ხვედრი ტბაშია, რომელიც ცეცხლითა და გოგირდით იწვის. ეს მეორე სიკვდილს ნიშნავს“ (გამოცხადება 21:8). ის, ვისაც სამოთხეში ცხოვრება სურს, უნდა მოერიდოს ამ დრომოჭმული ქვეყნიერების ბილწ საქმეებს, ნებისმიერი ზეწოლისა თუ ცდუნების მიუხედავად ერთგული უნდა დარჩეს და ამგვარად უნდა გახდეს „მძლეველი“ (რომაელები 8:35—39).
14 ქრისტიანული სამყარო ქრისტეს პატარძლად აცხადებს თავს, მაგრამ ისეთ სისაძაგლეებს სჩადის, როგორიც იოანემ აღგვიწერა. ამის გამო ის ერთხელ და სამუდამოდ განადგურდება დიდი ბაბილონის სხვა რელიგიებთან ერთად (გამოცხადება 18:8, 21). მათ მსგავსად, მარადიულად განადგურდება ის ცხებული ქრისტიანი თუ უამრავი ხალხის წარმომადგენელი, რომელიც ამგვარ ბოროტებას დაუბრუნდება ან ხელს შეუწყობს მას. ვინც ჯიუტად განაგრძობს ბოროტი საქმეების კეთებას, ვერ მიიღებს დაპირებულს. ახალ დედამიწაზე ნებისმიერი, ვინც ასეთი საქმეების კეთებას შეეცდება, მაშინვე განადგურდება და მეორე სიკვდილით მოკვდება, ანუ აღარასოდეს აღდგება (ესაია 65:20).
15. ვინ არიან სამაგალითო „მძლეველები“ და რა ხილვით აღწევს „გამოცხადება“ დიდებულ აპოგეას?
15 კრავი, იესო ქრისტე, და მისი პატარძალი, 144 000-გან შემდგარი ახალი იერუსალიმი, სამაგალითო „მძლეველები“ არიან. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ „გამოცხადება“ თავის დიდებულ აპოგეას აღწევს და ჩვენ ბრწყინვალე ახალ იერუსალიმს ვხედავთ. იოანე ახლა ბოლო ხილვას აღგვიწერს.
-
-
ახალი ცა და ახალი დედამიწაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
[სურათები 302 გვერდზე]
„ახალი დედამიწა“ — ადამიანთა ახალი საზოგადოება სასიამოვნო სამუშაოთი და მეგობრული ურთიერთობით გაიხარებს.
-
-
ბრწყინვალე ქალაქიგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
თავი 43
ბრწყინვალე ქალაქი
ხილვა 16 გამოცხადება 21:9—22:5
თემა: ახალი იერუსალიმის აღწერა.
შესრულების დრო: დიდი გასაჭირისა და უფსკრულში სატანის ჩაგდების შემდეგ.
1, 2. ა) სად აჰყავს ანგელოზს იოანე ახალი იერუსალიმის საჩვენებლად და რას ხედავს იოანე? ბ) რატომ არის ეს გამოცხადების დიდებული აპოგეა?
ანგელოზმა იოანე უდაბნოში წაიყვანა დიდი ბაბილონის საჩვენებლად. ახლა შვიდი ანგელოზიდან ერთ-ერთს იოანე მაღალ მთაზე აჰყავს. ეს ადგილი პირველისგან დიდად განსხვავდება. ამჯერად იოანე ხედავს არა უწმინდურ, გარყვნილ, ბაბილონელი მეძავის მსგავს ქალაქს, არამედ სუფთა, სულიერ, წმინდა ქალაქს, ახალ იერუსალიმს, რომელიც ზეციდან ეშვება (გამოცხადება 17:1, 5).
2 მიწიერი იერუსალიმი არასდროს ყოფილა ამ ქალაქივით დიდებული. იოანე ამბობს: «მოვიდა ერთ-ერთი იმ შვიდი ანგელოზიდან, რომელთაც შვიდი უკანასკნელი წყლულით სავსე შვიდი თასი ჰქონდათ, და მითხრა: „მოდი, გიჩვენებ პატარძალს, კრავის ცოლს“. მან სულის ძალით გადამიყვანა ძალიან დიდსა და მაღალ მთაზე და მაჩვენა წმინდა ქალაქი იერუსალიმი, რომელიც ზეციდან ღვთისგან ეშვებოდა და რომელსაც ღვთის დიდება ჰქონდა» (გამოცხადება 21:9—11ა). მაღალ მთაზე მდგომ იოანეს შეუძლია, გულდასმით დაათვალიეროს ქალაქი. მას შემდეგ, რაც კაცობრიობა ცოდვისა და სიკვდილის მონობაში აღმოჩნდა, მორწმუნე ადამიანები მოუთმენლად ელოდნენ ამ ქალაქის გამოჩენას. და, აი, ისიც! (რომაელები 8:19; 1 კორინთელები 15:22, 23; ებრაელები 11:39, 40). ეს არის დიდებული სულიერი ქალაქი, რომელსაც 144 000 ერთგული წარმოადგენს. ის თავისი სიწმინდით ბრწყინავს და იეჰოვას დიდებას ირეკლავს. სწორედ ეს არის გამოცხადების დიდებული აპოგეა!
3. როგორ აღწერს იოანე ახალი იერუსალიმის სილამაზეს?
3 ახალი იერუსალიმი არაჩვეულებრივად ლამაზია: „ის უძვირფასეს ქვასავით ბზინავდა, როგორც გამჭვირვალე ბროლივით მბზინავი იასპი. მას ჰქონდა დიდი და მაღალი გალავანი და თორმეტი კარიბჭე. კარიბჭეებთან თორმეტი ანგელოზი იდგა და იქ ისრაელის ძეთა თორმეტი ტომის სახელები ეწერა. სამი კარიბჭე აღმოსავლეთით იყო, სამი — ჩრდილოეთით, სამი — სამხრეთით, და სამიც — დასავლეთით. ქალაქის გალავანს საძირკვლად ჰქონდა თორმეტი ქვა კრავის თორმეტი მოციქულის თორმეტი სახელით“ (გამოცხადება 21:11ბ—14). გასაკვირი არაა, რატომ იქცევს ახალი იერუსალიმის ბრწყინვალება იოანეს ყურადღებას. ეს ქალაქი გაბრწყინებულ პატარძალს ჰგავს და იესოსთვის შესაფერისი ცოლია. ის ბრწყინავს ისე, როგორც „ციურ მნათობთა მამის“ ქმნილებას შეჰფერის (იაკობი 1:17).
4. რა ცხადყოფს, რომ ახალი იერუსალიმი არ წარმოადგენს ხორციელ ისრაელს?
4 მის თორმეტ კარიბჭეს ისრაელის თორმეტი ტომის სახელები აწერია. ასე რომ, ეს სიმბოლური ქალაქი 144 000-ს წარმოადგენს, რომლებიც ბეჭედდასმულნი არიან „ისრაელის ძეთა ყველა ტომიდან“ (გამოცხადება 7:4—8). საძირკვლის ქვებსაც, შესაბამისად, კრავის 12 მოციქულის სახელები აწერია. ახალი იერუსალიმი არ წარმოადგენს ხორციელ ისრაელს, რომელიც იაკობის 12 ვაჟისგან წარმოიშვა. ეს არის „მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე დაშენებული“ სულიერი ისრაელი (ეფესოელები 2:20).
5. რაზე მეტყველებს ახალი იერუსალიმის „დიდი და მაღალი გალავანი“ და ის, რომ მის ყოველ შესასვლელთან ქერუბიმები დგანან?
5 სიმბოლურ ქალაქს უზარმაზარი გალავანი აქვს. ძველად გალავანს მტრისგან თავის დასაცავად აშენებდნენ. ახალი იერუსალიმის „დიდი და მაღალი გალავანი“ მას სულიერად იცავს. სიმართლის ვერც ერთი მტერი, ვერც უწმინდური და ვერც მზაკვარი, ვერ შეაღწევს მასში (გამოცხადება 21:27). ამ ლამაზ ქალაქში შემსვლელები, თითქოს სამოთხეში შედიან (გამოცხადება 2:7). სამოთხიდან ადამის გაძევების შემდეგ სამოთხის შესასვლელთან ღმერთმა ქერუბიმები დააყენა, რათა უწმინდური ადამიანები შიგ ვერ შესულიყვნენ (დაბადება 3:24). იერუსალიმის ყოველ შესასვლელთანაც დგანან ანგელოზები წმინდა ქალაქის სულიერი უსაფრთხოების დასაცავად. ბოლო დღეების განმავლობაშიც ანგელოზები იცავენ სულითცხებულ ქრისტიანთა კრებას, ამჯერად ახალ იერუსალიმს, ბაბილონის წამბილწველი ზეგავლენისგან (მათე 13:41).
ქალაქის გაზომვა
6. ა) როგორ აღწერს იოანე ქალაქის გაზომვას და რისი მაჩვენებელია ეს? ბ) რას ნიშნავს ის, რომ საზომი ადამიანის საზომიც არის და ანგელოზის საზომიც? (იხილეთ სქოლიო)
6 იოანე აგრძელებს თხრობას: „მას, ვინც მელაპარაკებოდა, ოქროს ლერწამი ეჭირა ქალაქის, მისი კარიბჭეებისა და გალავნის გასაზომად. ქალაქს კვადრატის ფორმა ჰქონდა, თანაბარი სიგრძე და სიგანე. მან ქალაქი ლერწმით გაზომა და თორმეტი ათასი სტადიონი გამოვიდა. სიგრძე, სიგანე და სიმაღლე თანაბარი ჰქონდა. გაზომა მისი გალავანი და ას ორმოცდაოთხი წყრთა გამოვიდა ადამიანის საზომით, რაც ანგელოზის საზომიც არის“ (გამოცხადება 21:15—17). ტაძრის საწმინდრის გაზომვა იმის გარანტია იყო, რომ იეჰოვას ყველა განზრახვა, რომელიც ტაძარს ეხებოდა, შესრულდებოდა (გამოცხადება 11:1). ანგელოზის მიერ ახალი იერუსალიმის გაზომვაც იმის მაჩვენებელია, რომ იეჰოვას ყველა განზრახვა, რომელიც ამ დიდებულ ქალაქს ეხება, შესრულდებაa.
7. რით არის განსაკუთრებული ქალაქის ზომები?
7 ქალაქი მართლაც გასაოცარია! ის კვადრატულია და მისი პერიმეტრი 12 000 სტადიონია (დაახლოებით 2 220 კმ.), მისი გალავნის სიმაღლე კი 144 წყრთა ანუ 64 მეტრია. ასეთი ზომის ქალაქი ჯერ არ არსებულა, რომ არსებულიყო, თანამედროვე ისრაელის ტერიტორიაზე 14-ჯერ უფრო მეტ ტერიტორიას დაიკავებდა და მისი სიმაღლე 560 კილომეტრი იქნებოდა. იოანემ „გამოცხადება“ სიმბოლოებით მიიღო. რას გვეუბნება ეს ზომები ზეციერი ახალი იერუსალიმის შესახებ?
8. რაზე მიუთითებს: ა) ქალაქის 144 წყრთა სიმაღლის გალავანი? ბ) 12 000 სტადიონი? გ) ქალაქის კვადრატული ფორმა?
8 ას ორმოცდაოთხი წყრთა სიმაღლის კედლები იმას უსვამს ხაზს, რომ ქალაქს 144 000 ღვთის ნაშვილები სულიერი ძე შეადგენს. თანაბარი სიგრძის, სიგანისა და სიმაღლის მქონე ქალაქის ზომის მაჩვენებელში, 12 000 სტადიონში, რიცხვი 12 ფიგურირებს, რაც ბიბლიური წინასწარმეტყველების თანახმად ორგანიზაციის სიმბოლოა. ახალი იერუსალიმი ღვთის განზრახვების განსახორციელებლად შექმნილი დიდებული ორგანიზაციაა. ეს ქალაქი, რომლის მეფეც იესო ქრისტეა, იეჰოვას სამეფო ორგანიზაციას წარმოადგენს. ქალაქს კვადრატის ფორმა აქვს. სოლომონის ტაძარში წმინდათაწმინდასაც, რომელიც იეჰოვას იქ ყოფნის სიმბოლო იყო, კვადრატის ფორმა ჰქონდა (1 მეფეები 6:19, 20). გასაკვირი არ არის, რატომ აქვს იეჰოვას დიდებით გაბრწყინებულ ახალ იერუსალიმს დიდი კვადრატის ფორმა. მისი ზომები იდეალური სიზუსტით გამოირჩევა. ქალაქი ყოველმხრივ სიმეტრიული და უნაკლოა (გამოცხადება 21:22).
ძვირფასი ქვებით ნაგები ქალაქი
9. რით არის ქალაქი აგებული?
9 იოანე განაგრძობს თხრობას: „გალავანი იასპით იყო ნაგები, ხოლო ქალაქი სუფთა ოქროსი იყო, სუფთა მინის მსგავსი. ქალაქის გალავნის საძირკვლები ყველანაირი ძვირფასი ქვით იყო ნაშენი: პირველი საძირკველი იყო იასპით, მეორე — საფირონით, მესამე — ქალცედონით, მეოთხე — ზურმუხტით, მეხუთე — სარდონიქსით, მეექვსე — სარდიონით, მეშვიდე — ქრიზოლითით, მერვე — ბივრილით, მეცხრე — ტოპაზით, მეათე — ქრიზოპრაზით, მეთერთმეტე — ჰიაცინთით, მეთორმეტე — ამეთვისტოთი. თორმეტი კარიბჭე თორმეტი მარგალიტისა იყო, თითო კარიბჭე — თითო მარგალიტისა. ქალაქის მთავარი ქუჩა სუფთა ოქროსი იყო, როგორც გამჭვირვალე მინა“ (გამოცხადება 21:18—21).
10. რისი მაჩვენებელია ის, რომ ქალაქი იასპით, ოქროთი და „ყველანაირი ძვირფასი ქვით“ არის ნაგები?
10 ქალაქი ბრწყინავს. ის ისეთი მასალით არ აშენებულა, როგორსაც მშენებლები იყენებენ, მაგალითად, თიხითა და ქვით. ის იასპით, სუფთა ოქროთი და „ყველანაირი ძვირფასი ქვით“ არის ნაშენი. ზეციერი ქალაქი სხვაგვარად ვერც აშენდებოდა! შეუძლებელია, ამაზე დიდებული ქალაქის წარმოდგენა. ძველად შეთანხმების კიდობანი ოქროთი იყო მოვარაყებული; ბიბლიაში ეს ლითონი კარგსა და ძვირფასს განასახიერებს (გამოსვლა 25:11; იგავები 25:11; ესაია 60:6, 17). როგორც ახალი იერუსალიმი, ისე მისი მთავარი ქუჩა გამჭვირვალე მინასავით სუფთა ოქროთია ნაგები. ეს ქალაქი მართლაც ლამაზი და მდიდრულია, აღმაფრთოვანებელია!
11. რა იძლევა იმის გარანტიას, რომ ის, ვინც ახალ იერუსალიმს შეადგენს, შეუდარებელი სულიერი სიწმინდით იბრწყინებს?
11 ვერც ერთი ადამიანი ვერ გამოადნობს ასეთ სუფთა ოქროს; მხოლოდ იეჰოვაა დიდებული გამომდნობელი. ის ზის, როგორც „ვერცხლის გამომდნობელი და გამწმენდელი“, „ოქრო-ვერცხლივით“ წმენდს სულიერი ისრაელის ერთგულ წევრებს და ყოველგვარ უწმინდურებას აცილებს. მხოლოდ ბოლომდე გამოდნობილები და განწმენდილები იქნებიან ახალი იერუსალიმის მკვიდრნი. ასე აშენებს იეჰოვა ქალაქს ცოცხალი მასალით, რომელიც შეუდარებელი სულიერი სიწმინდით ბრწყინავს (მალაქია 3:3, 4).
12. რას ნიშნავს ის, რომ ა) ქალაქის საძირკვლები 12 ძვირფასი ქვით არის შემკული? ბ) ქალაქის კარიბჭეები მარგალიტისაა?
12 ქალაქის მშვენიერი საძირკველიც კი თორმეტი ძვირფასი ქვით არის შემკული. ეს გვაგონებს ისრაელის მღვდელმთავარს, რომელსაც სადღესასწაულო დღეებში 12 ძვირფასი ქვით შემკული ეფოდი ეცვა. ეფოდის ძვირფასი ქვები ნაწილობრივ ზემოთ აღწერილ ქვებს ჰგავს (გამოსვლა 28:15—21). ეს უბრალო დამთხვევა როდია. ახალი იერუსალიმი, რომლის ლამპარიც დიდებული მღვდელმთავარი იესოა, მღვდლის როლს ასრულებს (გამოცხადება 20:6; 21:23; ებრაელები 8:1). სწორედ ახალი იერუსალიმის მეშვეობით იღებს კაცობრიობა იმ კურთხევებს, რაც იესოს მღვდელმთავრობას მოაქვს (გამოცხადება 22:1, 2). ქალაქის თორმეტივე კარიბჭე ულამაზესი მარგალიტისა იყო, რაც გვახსენებს იესოს მაგალითს, როცა მან სამეფო ძვირფას მარგალიტს შეადარა. ამ კარიბჭეებით ქალაქში შემსვლელები ჭეშმარიტად მადლიერნი არიან ყოველივე სულიერისთვის (მათე 13:45, 46; შეადარეთ იობის 28:12, 17, 18).
სინათლის ქალაქი
13. რას ამბობს იოანე ახალ იერუსალიმზე და რატომ არ სჭირდება მას ტაძარი?
13 სოლომონის დროს იერუსალიმი ცნობილი იყო ტაძრით, რომელიც ქალაქის ჩრდილოეთით მორიის მთის მწვერვალზე მდებარეობდა. ახალ იერუსალიმში თუ არის ტაძარი? იოანე მოგვითხრობს: „ტაძარი არ მიხილავს მასში, რადგან მისი ტაძარია ყოვლისშემძლე იეჰოვა ღმერთი და კრავი. ქალაქს არ სჭირდება არც მზე, არც მთვარე გასანათებლად, რადგან ღვთის დიდებით იყო განათებული და კრავი იყო მისი ლამპარი“ (გამოცხადება 21:22, 23). რა საჭიროა ტაძრის აშენება ახალ იერუსალიმში?! ძველი იერუსალიმის ტაძარი იმ დიდი სულიერი ტაძრის პირველსახე იყო, რომელიც ახ. წ. 29 წლიდან არსებობს, მას შემდეგ, რაც იეჰოვამ მღვდელმთავრად სცხო იესო (მათე 3:16, 17; ებრაელები 9:11, 12, 23, 24). ტაძარში მღვდლების განსაზღვრული რაოდენობა სწირავდა მსხვერპლს იეჰოვას ხალხის საკეთილდღეოდ, მაგრამ ახალ იერუსალიმში ყველა მღვდელია (გამოცხადება 20:6). ისიც უნდა აღინიშნოს, რომ უდიდესი მსხვერპლი, იესოს სრულყოფილი სიცოცხლე ერთხელ და სამუდამოდ უკვე შეეწირა (ებრაელები 9:27, 28). გარდა ამისა, ქალაქის მცხოვრებთაგან თითოეულს შეუძლია პირადად მიმართოს იეჰოვას.
14. ა) რატომ არ სჭირდება ახალ იერუსალიმს მზისა და მთვარის შუქი? ბ) რა იწინასწარმეტყველა ესაიამ იეჰოვას ორგანიზაციაზე და როგორ ეხება ეს ახალ იერუსალიმს?
14 როდესაც სინას მთაზე მოსემ იეჰოვას დიდება იხილა, სახე ისე გაუნათდა, რომ რიდის ჩამოფარება მოუწია, რათა ისრაელებს არ დაენახათ (გამოსვლა 34:4—7, 29, 30, 33). და თუ ეს ასე იყო, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ისეთი ქალაქის ბრწყინვალება, რომელსაც იეჰოვას დიდება მუდმივად ანათებს? ასეთ ქალაქში არასდროს დაღამდებოდა; მას არც მზის შუქი დასჭირდებოდა და არც მთვარისა. ის მარადიულად იქნებოდა განათებული (შეადარეთ 1 ტიმოთეს 6:16). სწორედ ასეთი ბრწყინვალებით არის მოსილი ახალი იერუსალიმი. მეფე და მისი პატარძალი იეჰოვას ორგანიზაციის — მისი „ქალის“, „ზედა იერუსალიმის“ — დედაქალაქს წარმოადგენენ. „ქალის“ შესახებ ესაიამ იწინასწარმეტყველა: „დღისით მზე აღარ გაგინათებს და მთვარე აღარ გამოსცემს შენთვის შუქს; იეჰოვა იქნება შენთვის მარადიული სინათლე, შენი ღმერთი — შენი სილამაზე. შენი მზე აღარ ჩავა, აღარც შენი მთვარე მიილევა, რადგან იეჰოვა იქნება შენთვის მარადიული სინათლე და დასრულდება შენი გლოვის დღეები“ (ესაია 60:1, 19, 20; გალატელები 4:26).
სინათლე ხალხებისთვის
15. ახალი იერუსალიმის შესახებ „გამოცხადებაში“ ჩაწერილი რომელი სიტყვები გვაგონებს ესაიას წინასწარმეტყველებას?
15 ესაიას იმავე წინასწარმეტყველებაში ნათქვამი იყო: „ხალხები წამოვლენ შენს სინათლეზე და მეფეები — შენი ნათელის სიკაშკაშეზე“ (ესაია 60:3). „გამოცხადებიდან“ ჩანს, რომ ეს სიტყვები ახალ იერუსალიმსაც ეხება: „ხალხები მისი სინათლით ივლიან და დედამიწის მეფეები მასში მიიტანენ თავიანთ დიდებას. დღისით მისი კარიბჭეები არ დაიკეტება, იქ ღამე საერთოდ არ იქნება. მიიტანენ იქ ხალხების დიდებასა და პატივს“ (გამოცხადება 21:24—26).
16. ვინ არიან „ხალხები“, რომლებიც იერუსალიმის სინათლით ივლიან?
16 ვინ არიან ის „ხალხები“, რომლებიც ახალი იერუსალიმის სინათლით დადიან? ისინი ერთ დროს ბოროტი ქვეყნიერების ხალხებს შორის იყვნენ, მაგრამ დიდებული ზეციერი ქალაქის სინათლემ მიიზიდა. დღესდღეობით ეს უამრავი ხალხია, რომელიც უკვე გამოვიდა „ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან“ და რომელიც დღე და ღამე ეთაყვანება ღმერთს იოანეს კლასთან ერთად (გამოცხადება 7:9, 15). როცა ახალი იერუსალიმი ზეციდან ჩამოვა და იესო მკვდრების აღსადგენად სიკვდილისა და სამარის გასაღებებს გამოიყენებს, მათ რიცხვს კიდევ მილიონები შეემატებიან. ისინიც თავის დროზე „ხალხებს“ შორის იყვნენ, მაგრამ ახლა შეიყვარებენ იეჰოვასა და მის ძეს, ახალი იერუსალიმის ქმარს, კრავს (გამოცხადება 1:18).
17. ვინ არიან „დედამიწის მეფეები“, რომლებსაც „თავიანთი დიდება“ ახალ იერუსალიმში მიაქვთ?
17 ვინ არიან „დედამიწის მეფეები“, რომლებიც „მასში მიიტანენ თავიანთ დიდებას“? ისინი არ არიან პირდაპირი გაგებით „დედამიწის მეფეები“, რადგან არმაგედონში ღვთის სამეფოს წინააღმდეგ ბრძოლისას მათ განადგურება ელით (გამოცხადება 16:14, 16; 19:17, 18). იქნებ „მეფეები“ ის წარჩინებულები არიან, რომლებიც უამრავ ხალხს შეუერთდნენ, ან იქნებ მკვდრეთით აღმდგარი მეფეები არიან, რომლებიც ახალ ქვეყნიერებაში ღვთის სამეფოს დაემორჩილებიან? (მათე 12:42). საეჭვოა, რადგან ამ მეფეთა უმეტესობის დიდება მიწიერი იყო და დიდი ხანია, წარსულს ჩაჰბარდა. აქედან გამომდინარე, „დედამიწის მეფეები“, რომლებსაც თავიანთი დიდება ახალ იერუსალიმში მიაქვთ, უნდა იყვნენ „ყოველი ტომიდან, ენიდან, ხალხიდან და ერიდან“ ნაყიდი 144 000. ისინი კრავთან, იესო ქრისტესთან ერთად იმეფებენ (გამოცხადება 5:9, 10; 22:5). მათ ღვთისგან ბოძებული დიდება მიაქვთ ამ ქალაქში, რათა თავიანთი წვლილი შეიტანონ მის გაბრწყინებაში.
18. ა) ვინ ვერ შევა ახალ იერუსალიმში? ბ) მხოლოდ ვინ შევა ამ ქალაქში?
18 იოანე განაგრძობს: „ვერ შევა იქ ვერაფერი უწმინდური, ვერც ერთი სისაძაგლის ჩამდენი და მატყუარა. მხოლოდ ისინი შევლენ, ვინც კრავის სიცოცხლის გრაგნილში იქნებიან ჩაწერილნი“ (გამოცხადება 21:27). სატანის ქვეყნიერებისგან წაბილწული ვერ გაეკარება ახალ იერუსალიმს. მართალია, მისი კარიბჭეები ყოველთვის ღიაა, მაგრამ „სისაძაგლის ჩამდენი და მატყუარა“ ვერ შევა იქ; ვერც განდგომილები შეაღწევენ და ვერც დიდი ბაბილონის წარმომადგენლები. ისინი, ვინც ჯერ კიდევ დედამიწაზე მცხოვრები ახალი იერუსალიმის წარმომადგენლების წაბილწვით ამ ქალაქის წაბილწვას შეეცდებიან, ვერაფერს გახდებიან (მათე 13:41—43). საბოლოოდ მხოლოდ „კრავის სიცოცხლის გრაგნილში“ ჩაწერილი 144 000 შევა ახალ იერუსალიმშიb (გამოცხადება 13:8; დანიელი 12:3).
-