-
ბრწყინვალე ქალაქიგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
სიცოცხლის წყლის მდინარე
19. ა) იოანეს სიტყვების თანახმად როგორ მოუტანს ახალი იერუსალიმი კურთხევებს ადამიანებს? ბ) როდიდან მოედინება „სიცოცხლის წყლის მდინარე“ და საიდან ვიცით ეს?
19 ბრწყინვალე ახალი იერუსალიმი დიდებულ კურთხევებს მოუტანს დედამიწაზე მცხოვრებ ხალხს. იოანემ ასეთი სურათი იხილა: „მან სიცოცხლის წყლის მდინარე მაჩვენა, ბროლივით სუფთა, რომელიც ღვთისა და კრავის ტახტიდან მოედინებოდა ქალაქის მთავარი ქუჩის შუაში“ (გამოცხადება 22:1, 2ა). როდიდან მოედინება „მდინარე“? მხოლოდ 1914 წლიდან, უფლის დღის დაწყებიდან, რადგან ეს მდინარე „ღვთისა და კრავის ტახტიდან“ მოედინება. ეს ის დრო იყო, როცა მეშვიდე საყვირმა დიდებული მოვლენა გააცხადა: „ახლა მოვიდა ხსნა ჩვენი ღვთისგან, მისი ძლიერება და სამეფო და მისი ქრისტეს ძალაუფლება“ (გამოცხადება 11:15; 12:10). ბოლო დღეების განმავლობაში სული და პატარძალი სიცოცხლის წყლის ასაღებად ეპატიჟებიან სწორად განწყობილებს. ამ წყლის დინება არ შეწყდება მათთვის არც ამ ქვეყნიერების აღსასრულამდე და არც ახალ ქვეყნიერებაში. მაშინ ახალი იერუსალიმი „ზეციდან, ღვთისგან“ ჩამოვა (გამოცხადება 21:2).
20. რა მეტყველებს იმაზე, რომ სიცოცხლის წყალი გარკვეულწილად უკვე ხელმისაწვდომია?
20 ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხალხს სიცოცხლის წყალი ეძლევა. დედამიწაზე ყოფნისას იესოს ნახსენები ჰქონდა მარადიული სიცოცხლის მომცემი წყალი (იოანე 4:10—14; 7:37, 38). მოგვიანებით იოანე გულითად მოწვევას მოისმენს: «სული და პატარძალი ამბობენ: „მოდი!“ მომსმენმაც თქვას: „მოდი!“ მოვიდეს მწყურვალი და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი» (გამოცხადება 22:17). ეს მოწოდება დღესაც ისმის, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სიცოცხლის წყალი გარკვეულწილად უკვე ხელმისაწვდომია, მაგრამ ახალ ქვეყნიერებაში ეს წყალი ღვთის ტახტიდან ახალი იერუსალიმის გავლით დიდ მდინარედ იდინებს.
21. რას გულისხმობს „სიცოცხლის წყლის მდინარე“ და როგორ გვაგებინებს ეზეკიელის ხილვა მის მნიშვნელობას?
21 რა არის „სიცოცხლის წყლის მდინარე“? წყალი სიცოცხლისთვის აუცილებელია. საჭმლის გარეშე ადამიანმა შეიძლება რამდენიმე კვირა იცოცხლოს, მაგრამ უწყლოდ ერთ კვირაზე მეტს ვერ გაძლებს. უწყლოდ ვერც სისუფთავეს დავიცავთ და ვერც ჯანმრთელობას შევინარჩუნებთ. მაშასადამე, სიცოცხლის წყალი უნდა გულისხმობდეს იმას, რაზეც ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა დამოკიდებული. წინასწარმეტყველმა ეზეკიელმაც იხილა „სიცოცხლის წყლის მდინარე“, რომელიც ტაძრიდან მკვდარ ზღვაში ჩაედინებოდა. და, აი, სასწაული! ეს უსიცოცხლო, მინარევებით სავსე წყალი სუფთა წყლად იქცა და თევზებით აივსო (ეზეკიელი 47:1—12). ეს მდინარე აცოცხლებს ყველაფერს, რაც ერთ დროს მკვდარი იყო. ამრიგად, სიცოცხლის წყლის მდინარე განასახიერებს იმას, რაც იეჰოვამ იესო ქრისტეს მეშვეობით „მკვდარი“ ადამიანების გასაცოცხლებლად და გასასრულყოფილებლად მოიმოქმედა. ეს მდინარე „ბროლივით სუფთაა“, რაც ღვთის ამ განზრახვის სიწმინდეზე მეტყველებს (გამოცხადება 8:10, 11).
22. ა) საიდან მოედინება მდინარე და რატომ არ არის ეს გასაკვირი? ბ) რა იგულისხმება სიცოცხლის წყალსა და სიმბოლურ მდინარეში?
22 მდინარე „ღვთისა და კრავის ტახტიდან“ იმიტომ მოედინება, რომ იეჰოვა იძლევა სიცოცხლეს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე. იეჰოვამ „ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:16). სიცოცხლის წყალში იგულისხმება ღვთის სიტყვაც, რომელიც ბიბლიაში წყალთან არის შედარებული (ეფესოელები 5:25, 26). აქედან გამომდინარე, სიცოცხლის წყლის მდინარე გულისხმობს არა მხოლოდ ჭეშმარიტებას, არამედ ყველაფერს, რასაც იეჰოვა იესოს მსხვერპლის საფუძველზე აკეთებს ცოდვისა და სიკვდილისგან მორჩილი ადამიანების გასათავისუფლებლად და მათთვის მარადიული სიცოცხლის მისაცემად (იოანე 1:29; 1 იოანე 2:1, 2).
23. ა) რატომ მოედინება სიცოცხლის წყლის მდინარე ახალი იერუსალიმის მთავარი ქუჩის შუაში? ბ) ღვთის მიერ აბრაამისთვის მიცემული რომელი დანაპირები შესრულდება, როცა სიცოცხლის წყალი უხვად იდინებს?
23 ათასწლიანი მეფობის განმავლობაში მღვდელმთავარი იესო და 144 000 მღვდელი გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე ღვთის ხალხს კურთხევებით აავსებენ. ამიტომაც მოედინება სიცოცხლის წყლის მდინარე ახალი იერუსალიმის მთავარი ქუჩის შუაში. ამ ქალაქს სულიერი ისრაელი შეადგენს, რომელიც იესოსთან ერთად აბრაამის შთამომავალია (გალატელები 3:16, 29). როდესაც სიცოცხლის წყალი სიმბოლური ქალაქის მთავარი ქუჩის შუაში იდინებს, „დედამიწის ყველა ერი“ აივსება კურთხევებით აბრაამის შთამომავლის მეშვეობით. ამგვარად, იეჰოვა ბოლომდე შეასრულებს აბრაამისთვის მიცემულ დანაპირებს (დაბადება 22:17, 18).
სიცოცხლის ხეები
24. რას ხედავს იოანე სიცოცხლის წყლის მდინარის ორივე ნაპირზე და რა მნიშვნელობა აქვს მას?
24 ეზეკიელის ხილვაში დიდი მდინარე მოედინება. წინასწარმეტყველი ხედავს, რომ ორივე ნაპირზე საჭმელად ვარგისი ნაყოფის მომცემი ყველანაირი ხე იზრდება (ეზეკიელი 47:12). აი, რას ხედავს იოანე: „მდინარის გაღმა-გამოღმა სიცოცხლის ხეები იყო, რომლებიც თორმეტჯერ იძლეოდნენ მოსავალს, ყოველთვიურად იძლეოდნენ ნაყოფს. ხეების ფოთლები ხალხების განსაკურნავად იყო“ (გამოცხადება 22:2ბ). ეს „სიცოცხლის ხეები“ ნაწილობრივ უნდა გულისხმობდეს იეჰოვას განზრახვას, რომლის თანახმადაც მორჩილი ადამიანები მარადიულ სიცოცხლეს მიიღებენ.
25. კიდევ რას გააკეთებს იეჰოვა მორჩილი ადამიანებისთვის სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე?
25 მორჩილი ადამიანებისთვის ეს იეჰოვას დიდებული განზრახვაა! მათ არა მხოლოდ სიცოცხლის წყლის დალევა შეეძლებათ, არამედ სიცოცხლის ხეებიდან ნაირ-ნაირი ხილის მოკრეფაც. ნეტავ ჩვენს პირველ მშობლებს დაეფასებინათ ის ყოველივე „თვალწარმტაცი“, რაც მათ ედემის ბაღში ჰქონდათ! (დაბადება 2:9). ახლა მთელი დედამიწა სამოთხედ არის ქცეული. იეჰოვა „ხალხების განსაკურნავად“c სიმბოლური ხეების ფოთლებსაც კი გამოიყენებს. ეს სიმბოლური ფოთლები, რომელიც დღეს გავრცელებულ ნებისმიერ მცენარეულ თუ არამცენარეულ წამალზე გაცილებით ეფექტური იქნება, მორწმუნე ადამიანებს სულიერ და ფიზიკურ სრულყოფილებას მოუტანს.
26. კიდევ ვინ იგულისხმება სიცოცხლის ხეებში და რატომ?
26 ამ ხეებში, რომლებიც მდინარით უხვად ირწყვება, შეიძლება იგულისხმებოდეს კრავის პატარძალი, 144 000. სანამ დედამიწაზე არიან, ქრისტეს მეშვეობით ისინიც სვამენ ღვთისგან მოწოდებულ სიცოცხლის წყალს. აღსანიშნავია, რომ იესოს სულითცხებულ ძმებს „სიმართლის დიდი ხეები“ ეწოდებათ (ესაია 61:1—3; გამოცხადება 21:6). მათ უკვე გამოიღეს უხვი სულიერი ნაყოფი იეჰოვას განსადიდებლად (მათე 21:43). ათასი წლის განმავლობაში კი ისინიც მიიღებენ მონაწილეობას იმაში, რომ გამოსასყიდი ცოდვისა და სიკვდილისგან „ხალხთა განკურნებას“ მოემსახუროს (შეადარეთ 1 იოანეს 1:7).
ღამე აღარ იქნება
27. რა კურთხევები ელით მათ, ვისაც ახალ იერუსალიმში შესვლის პატივი ხვდა წილად, და რა გაგებით „აღარ იქნება არანაირი წყევლა“?
27 არ არსებობს ახალ იერუსალიმში შესვლაზე დიდი პატივი! წარმოიდგინეთ, ერთ დროს უბრალო, არასრულყოფილი ადამიანები იესოსთან ერთად დამკვიდრდებიან დიდებულ ზეციერ ორგანიზაციაში (იოანე 14:2). იოანე გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის, თუ რა კურთხევები ელით მათ: „აღარ იქნება არანაირი წყევლა. ღვთისა და კრავის ტახტი იქნება ქალაქში და ღმერთს თავისი მონები წმინდა მსახურებას შეუსრულებენ, იხილავენ მის სახეს და შუბლებზე მისი სახელი ეწერებათ“ (გამოცხადება 22:3, 4). როცა ისრაელი მღვდლები გაიხრწნენ, იეჰოვასგან წყევლა დაიტეხეს (მალაქია 2:2). იესომ უთხრა მათ, რომ ოხრად რჩებოდათ თავიანთი ურწმუნო „სახლი“ (მათე 23:37—39). ახალ იერუსალიმში კი „აღარ იქნება არანაირი წყევლა“ (შეადარეთ ზაქარიას 14:11). მისი ყველა მკვიდრი დედამიწაზე ცეცხლოვანი განსაცდელებით გამოიცადა. მათ გაიმარჯვეს და უხრწნელობითა და უკვდავებით შეიმოსნენ. იეჰოვამ იცის, რომ იესოს მსგავსად ისინიც არასდროს განდგებიან (1 კორინთელები 15:53, 57). „ღვთისა და კრავის ტახტიც“ იქ იქნება და სამარადისოდ განამტკიცებს ახალ იერუსალიმს.
28. რატომ აწერიათ შუბლებზე ახალი იერუსალიმის მკვიდრთ ღვთის სახელი და რა ბედნიერი მომავალი ელით მათ?
28 იოანეს მსგავსად ყველანი, ვინც ზეციერი ქალაქის მკვიდრნი გახდებიან, ღვთის მონებად იწოდებიან. მათ შუბლებზე გარკვევით აწერიათ ღვთის სახელი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იეჰოვაა მათი პატრონი (გამოცხადება 1:1; 3:12). მათთვის, როგორც ახალი იერუსალიმის მკვიდრთათვის, დიდი პატივი იქნება ღვთისთვის წმინდა მსახურების შესრულება. როცა იესო დედამიწაზე იყო, მან მომავალ მმართველებზე ასეთი სიტყვები წარმოთქვა: „ბედნიერნი არიან სუფთა გულისანი, რადგან ისინი ღმერთს იხილავენ“ (მათე 5:8). რა ბედნიერებაა ამ მონებისთვის პირადად იხილონ იეჰოვა და თაყვანის სცენ მას!
29. რატომ ამბობს იოანე, რომ ზეციერ ახალ იერუსალიმში „ღამე აღარ იქნება“?
29 იოანე განაგრძობს: „ღამე აღარ იქნება და აღარ დასჭირდებათ არც ლამპრის შუქი და არც მზის შუქი, რადგან იეჰოვა ღმერთი მოჰფენს მათ შუქს“ (გამოცხადება 22:5ა). ძველი იერუსალიმი სხვა ქალაქების მსგავსად დღისით მზის შუქზე იყო დამოკიდებული, ღამით კი — მთვარის შუქზე ან სხვა განათებაზე. მაგრამ ზეციერ იერუსალიმს ასეთი სინათლე არ დასჭირდება. ქალაქს თავად იეჰოვა გაანათებს. სიმბოლური გაგებით „ღამე“ შეიძლება უბედურებას ან იეჰოვასგან ჩამოშორებასაც გულისხმობდეს (მიქა 3:6; იოანე 9:4; რომაელები 13:11, 12). ასეთი ღამე არასოდეს ჩამოწვება იქ, სადაც დიდებული, ყოვლისშემძლე ღმერთი მკვიდრობს და ირგვლივ ყველაფერს ანათებს.
30. რითი ამთავრებს იოანე დიდებულ ხილვას და რაში გვარწმუნებს „გამოცხადება“?
30 თავისი დიდებული ხილვის დასასრულს იოანე ღვთის მონების შესახებ ამბობს: „და იმეფებენ მარადიულად“ (გამოცხადება 22:5ბ). ათასი წლის ბოლოს გამოსასყიდი თავის მიზანს ბოლომდე შეასრულებს და იესო გასრულყოფილებულ ადამიანებს თავის მამას წარუდგენს (1 კორინთელები 15:25—28). ჯერ არ ვიცით, ამის შემდეგ რას დაავალებს იეჰოვა იესოსა და 144 000-ს, თუმცა „გამოცხადება“ გვარწმუნებს, რომ ისინი მარადიულად შეუსრულებენ იეჰოვას საპატიო წმინდა მსახურებას.
გამოცხადების ბედნიერი აპოგეა
31. ა) როდის მიაღწევს ახალი იერუსალიმის შესახებ ხილვა კულმინაციას? ბ) რას გააკეთებს ახალი იერუსალიმი სხვა ერთგულ ადამიანთა საკეთილდღეოდ?
31 გამოცხადება მაშინ მიაღწევს ბედნიერ აპოგეას, როდესაც შესრულდება ხილვა ახალი იერუსალიმის, კრავის პატარძლის შესახებ. იოანეს თანამედროვე ქრისტიანები, უპირველესად ვისთვისაც დაიწერა ეს წიგნი, მოუთმენლად ელოდნენ ამ ქალაქში შესვლას, როგორც იესო ქრისტეს თანამმართველი უკვდავი სულიერი ქმნილებები. ჯერ კიდევ დედამიწაზე მცხოვრები ცხებული ქრისტიანებიც იმავეს მოელიან. გამოცხადება თავის დიდებულ აპოგეას მიუახლოვდება, როცა პატარძლის ყველა წარმომადგენელი შეურთდება კრავს. ამის შემდეგ იესოს გამომსყიდველური მსხვერპლი კურთხევებს მოუტანს ხალხს და საბოლოოდ ყველა ერთგული ადამიანი მარადიულ სიცოცხლეს მიიღებს. ამგვარად, პატარძალი, ახალი იერუსალიმი, როგორც მეფის ერთგული შემწე, თავის წვლილს შეიტანს შეურყეველი, სამართლიანი ახალი დედამიწის შექმნაში. ისინი ამ ყველაფერს ჩვენი უზენაესი უფლის, იეჰოვას განსადიდებლად გააკეთებენ (მათე 20:28; იოანე 10:10, 16; რომაელები 16:27).
32, 33. რა განვიხილეთ „გამოცხადებიდან“ და როგორ უნდა გამოვხატოთ მადლიერება ამისათვის?
32 მართლაც სასიხარულოა, რომ წიგნ „გამოცხადების“ განხილვა დასასრულს უახლოვდება! ჩვენ დავინახეთ, როგორი წარუმატებელი აღმოჩნდა სატანის უკანასკნელი გაბრძოლება და როგორ აღსრულდა იეჰოვას სამართლიანი განაჩენი. დიდი ბაბილონი ერთხელ და სამუდამოდ განადგურდება და თან გაიყოლებს ყველაფერს, რაც სატანის გახრწნილი, გამოუსწორებელი ქვეყნიერების ნაწილია. სატანა თავის დემონებთან ერთად უფსკრულში ჩავარდება და მოგვიანებით განადგურდება კიდეც. ახალი იერუსალიმი ქრისტესთან ერთად იმმართველებს ზეციდან. მაშინ აღდგებიან მკვდრები და გაიმართება სასამართლო, რის შემდეგაც გასრულყოფილებული კაცობრიობა გაიხარებს მარადიული სიცოცხლით სამოთხეში დედამიწაზე. რა ცოცხლად აღგვიწერს „გამოცხადება“ ამ მოვლენებს! ის ჩვენც გვამტკიცებს, რათა დღესვე ვახაროთ მარადიული სასიხარულო ცნობა დედამიწის მკვიდრთ — „ყოველ ერს, ტომს, ენასა და ხალხს“ (გამოცხადება 14:6, 7). ბოლომდე იხარჯებით ამ დიდებულ საქმეში?
33 ახლა, როცა გულები მადლიერებით გვაქვს სავსე, მოდი, მთელი ყურადღება მივაპყროთ „გამოცხადების“ დასკვნით სიტყვებს.
-
-
„გამოცხადება“ და თქვენგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
თავი 44
„გამოცხადება“ და თქვენ
1. ა) რაში არწმუნებს ანგელოზი იოანეს? ბ) ვინ ამბობს: „მალე მოვალ“ და როდის „მოვა“?
ბრწყინვალე ახალი იერუსალიმის წარმოდგენის შემდეგ ალბათ გებადებათ კითხვა: ნუთუ შესაძლებელია მართლა არსებობდეს ასეთი სასწაული? ამ კითხვაზე პასუხს იოანე ანგელოზის სიტყვებით გვცემს: «და მითხრა: „ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია. იეჰოვამ, წინასწარმეტყველთა შთამაგონებელმა ღმერთმა, თავისი ანგელოზი გამოგზავნა, რათა თავისი მონებისთვის ეჩვენებინა, რაც უნდა მოხდეს მალე. აი, მალე მოვალ. ბედნიერია ამ გრაგნილზე დაწერილი წინასწარმეტყველების სიტყვების დამცველი“ » (გამოცხადება 22:6, 7). „გამოცხადებაში“ ჩაწერილი ყველა დანაპირები უეჭველად შესრულდება. ანგელოზი იესოს სახელით ლაპარაკობს და ამბობს: „მალე მოვალ“. ეს ფრაზა იმას გულისხმობს, რომ იესო „ქურდივით“ მოვა იეჰოვას მტრების მოსასპობად, რასაც გამოცხადების დიდებული და ბედნიერი აპოგეა მოჰყვება (გამოცხადება 16:15, 16). ამიტომ „ამ გრაგნილში“, „გამოცხადებაში“ ჩაწერილ სიტყვებს უნდა დავემორჩილოთ, რომ იმ დროს ბედნიერთა შორის აღმოვჩნდეთ.
2. ა) მოვლენებით დატვირთული ხილვების ნახვის შემდეგ რა გააკეთა იოანემ და რა უთხრა მას ანგელოზმა? ბ) რას ვიგებთ ანგელოზის სიტყვებიდან: „იცოდე“ და „ღმერთს ეცი თაყვანი“?
2 მოვლენებით დატვირთული ასეთი ხილვების ნახვის შემდეგ არავის გაუკვირდება იოანეს გაოგნება: «მე, იოანემ, მოვისმინე და ვიხილე ეს ყველაფერი და, როცა მოვისმინე და ვიხილე, თაყვანსაცემად დავემხვე ანგელოზის ფეხებთან, რომელიც ამას მაჩვენებდა, მაგრამ მან მითხრა: „იცოდე, ნუ იზამ ამას! მეც ისეთივე მონა ვარ, როგორც შენ, შენი ძმები — წინასწარმეტყველები — და ამ გრაგნილის სიტყვების დამცველნი. ღმერთს ეცი თაყვანი“ » (გამოცხადება 22:8, 9; შეადარეთ გამოცხადების 19:10). იოანე ანგელოზმა ორჯერ გააფრთხილა, მისთვის არ ეცა თაყვანი. იმ დროს ეს გაფრთხილება დროული იყო, რადგან, როგორც ჩანს, ზოგი თაყვანს სცემდა ანგელოზებს, ზოგი კი იმას ამტკიცებდა, რომ ანგელოზები ეცხადებოდნენ (1 კორინთელები 13:1; გალატელები 1:8; კოლოსელები 2:18). ეს იმას ნიშნავს, რომ თაყვანისცემას მხოლოდ ღმერთი იმსახურებს (მათე 4:10). წმინდა თაყვანისმცემლობა არ უნდა წავბილწოთ ვისიმე ან რისამე თაყვანისცემით (ესაია 42:5, 8).
3, 4. რა უთხრა ანგელოზმა იოანეს და როგორ დაემორჩილნენ ცხებულები ამ სიტყვებს?
3 იოანე განაგრძობს თხრობას: «მან აგრეთვე მითხრა: „ბეჭედს ნუ დაადებ ამ გრაგნილზე დაწერილ წინასწარმეტყველების სიტყვებს, რადგან დანიშნული დრო ახლოსაა. ვინც უმართლობას სჩადის, კვლავ სჩადიოდეს უმართლობას, ბინძური კვლავ ბინძურდებოდეს, ხოლო მართალი კვლავ სიმართლით მოქმედებდეს და წმინდა კვლავ წმინდავდებოდეს“ » (გამოცხადება 22:10, 11).
4 დღეს ცხებულები ემორჩილებიან ანგელოზის სიტყვებს. ისინი ბეჭედს არ ასვამენ ამ წინასწარმეტყველებას. ამიტომაც „სიონის საგუშაგო კოშკში და ქრისტეს მოსვლის მაცნის“ (1879 წლის ივლისი) პირველივე ნომერში „გამოცხადების“ მრავალი მუხლი იყო ახსნილი. როგორც პირველ თავში აღვნიშნეთ იეჰოვას მოწმეებმა წლების განმავლობაში „გამოცხადების“ ამხსნელი მრავალი წიგნი გამოსცეს. ჭეშმარიტების მოყვარულთა ყურადღებას ახლაც მივაპყრობთ „გამოცხადებაში“ ჩაწერილ წინასწარმეტყველებებსა და მათ შესრულებას.
5. ა) რა ელით მათ, ვინც არ მოუსმენს „გამოცხადებაში“ ჩაწერილ გაფრთხილებასა და რჩევას? ბ) როგორ უნდა მოიქცნენ თვინიერი და მართალი ადამიანები?
5 თუ ხალხი არ მოუსმენს „გამოცხადებაში“ ჩაწერილ გაფრთხილებასა და რჩევას — ნუ მოუსმენს. „ვინც უმართლობას სჩადის, კვლავ სჩადიოდეს უმართლობას“. თუ ასე უნდათ, დაე, ნუ ამოვლენ იმ ქვეყნიერების წუმპიდან, რომელიც ყველაფრის ნებას რთავს კაცს; ეს წუმპე მომაკვდინებელია. მალე აღსრულდება იეჰოვას განაჩენი, რაც დიდი ბაბილონის განადგურებით დაიწყება. დაე, ყურად იღონ თვინიერებმა წინასწარმეტყველური სიტყვები: „ეძებეთ იეჰოვა . . . ეძებეთ სიმართლე, ეძებეთ თვინიერება, იქნებ თავშესაფარი პოვოთ იეჰოვას რისხვის დღეს“ (სოფონია 2:3). იეჰოვასთვის მიძღვნილ მსახურებზე კი ნათქვამია: „მართალი კვლავ სიმართლით მოქმედებდეს“. გონიერმა ადამიანებმა იციან, რომ ცოდვილი ცხოვრების წარმავალი სიამოვნება ვერ შეედრება იმ მარადიულ კურთხევებს, რომლებსაც სიმართლისა და სიწმინდის მოყვარულები მიიღებენ. ბიბლიაში ნათქვამია: „ყოველთვის შეამოწმეთ საკუთარი თავი, რწმენაში ხართ თუ არა, გამოსცადეთ საკუთარი თავი“ (2 კორინთელები 13:5). თუ არ გადაუხვევთ არჩეული გზიდან, უეჭველად დაჯილდოვდებით (ფსალმუნები 19:9—11; 58:10, 11).
6. რა სიტყვებით მიმართავს იეჰოვა „გამოცხადების“ მკითხველებს?
6 იეჰოვა, მარადიულობის მეფე უკანასკნელად მიმართავს „გამოცხადების“ მკითხველებს: „აი, მალე მოვალ და საზღაური ჩემთან არის, რათა თითოეულს თავისი საქმეებისამებრ მივუზღა. მე ვარ ალფა და ომეგა, პირველი და უკანასკნელი, დასაწყისი და დასასრული. ბედნიერნი არიან ისინი, ვინც გაირეცხა გრძელი სამოსელი, რათა სიცოცხლის ხეებთან მისვლის უფლება ჰქონდეთ და კარიბჭეებით ქალაქში შევიდნენ. გარეთ არიან ძაღლები, სპირიტიზმის მიმდევრები, მეძავები, მკვლელები, კერპთაყვანისმცემლები და ყველა სიცრუის მოყვარული და ცრუ“ (გამოცხადება 22:12—15).
7. ა) რატომ მოდის იეჰოვა მალე? ბ) რატომ არა აქვს ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოებას წილი ახალ იერუსალიმში?
7 იეჰოვა ღმერთი კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ მხოლოდ ის არის უზენაესი სამარადისოდ, და იმაზეც, რომ თავდაპირველ განზრახვას საბოლოოდ შეასრულებს. ის მალე მოვა განაჩენის აღსასრულებლად და თავის გულმოდგინე მძებნელთა დასაჯილდოებლად (ებრაელები 11:6). ის თავისი ნორმების მიხედვით განსაზღვრავს, ვის დააჯილდოებს და ვის არა. ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება „უტყვი ძაღლივით“ იქცევა და თვალს ხუჭავს იმ ბოროტ საქმეებზე, რომლებსაც იეჰოვა მოიხსენიებს (ესაია 56:10—12; იხილეთ აგრეთვე მეორე კანონის 23:18, სქოლიო). მათ, ცრუ სწავლებებისა და დოგმების მოყვარულებმა, არაფრად ჩააგდეს იესოს მიერ შვიდი კრებისთვის მიცემული რჩევა. მათ წილი არა აქვთ ახალ იერუსალიმში.
8. ა) მხოლოდ ვის ეძლევა „სიცოცხლის ხეებთან მისვლის უფლება“ და რას ნიშნავს ეს? ბ) როგორ გაირეცხა უამრავმა ხალხმა „გრძელი სამოსელი“ და როგორ ინარჩუნებენ ისინი სიწმინდეს?
8 „სიცოცხლის ხეებთან მისვლის უფლება“ მხოლოდ იმ ცხებულ ქრისტიანებს მიეცათ, რომლებმაც „გაირეცხეს გრძელი სამოსელი“ და განიწმინდნენ იეჰოვას თვალში. მათ ზეცაში უკვდავების მიღების უფლება ეძლევათ (შეადარეთ დაბადების 3:22—24; გამოცხადების 2:7; 3:4, 5). სიკვდილის შემდეგ ისინი აღდგებიან და ახალ იერუსალიმში შევლენ, სადაც მათ 12 ანგელოზი შეუშვებს; იმათ კი, ვინც ცრუობს და უწმინდურებას სჩადის, თუმცა ზეცაში ცხოვრებაზე აცხადებს პრეტენზიას, ანგელოზები ქალაქში არ შეუშვებენ. უამრავი ხალხის წარმომადგენლებმაც „გაირეცხეს თავიანთი გრძელი სამოსელი და გაათეთრეს კრავის სისხლით“. მათ ბოლომდე უნდა შეინარჩუნონ სიწმინდე. ისინი უნდა მოერიდონ ბოროტებას, რის შესახებაც იეჰოვა გვაფრთხილებს, და ყურად იღონ იესოს მიმართვა შვიდი კრებისადმი (გამოცხადება 7:14; მე-2 და მე-3 თავები).
9. რას ამბობს იესო, ვის მიმართავს და ძირითადად ვის ეხება „გამოცხადების“ სიტყვები?
9 იეჰოვას შემდეგ იესო იწყებს საუბარს. ის გამამხნევებელი სიტყვებით მიმართავს „გამოცხადების“ წამკითხველ მართალი გულის ადამიანებს: „მე, იესომ, გამოვგზავნე ჩემი ანგელოზი, რათა დაემოწმებინა ეს თქვენთვის კრებებში. მე ვარ დავითის ფესვი და შთამომავალი და კაშკაშა ცისკრის ვარსკვლავი“ (გამოცხადება 22:16). ეს სიტყვები უპირველესად დედამიწაზე მცხოვრებ სულითცხებულთა კრებას ეხება. ყველაფერი, რაც „გამოცხადებაშია“ ჩაწერილი, ძირითადად იმ ცხებულ ქრისტიანებს ეხებათ, რომლებიც ახალ იერუსალიმს დაიმკვიდრებენ. სულითცხებულთა კრების წყალობით უამრავი ხალხიც იგებს ამ დიდებული წინასწარმეტყველების ჭეშმარიტებას (იოანე 17:18—21).
10. რატომ უწოდა იესომ საკუთარ თავს: ა) „დავითის ფესვი და შთამომავალი“? ბ) „კაშკაშა ცისკრის ვარსკვლავი“?
10 იოანესთვის გამოცხადების გადაცემა იესო ქრისტეს დაევალა, იოანეს კი ის, თავის მხრივ, კრებებისთვის უნდა გადაეცა. იესო „დავითის ფესვი და შთამომავალია“. რადგან ის დავითის შთამომავალია, იეჰოვას სამეფოს ტახტზე ჯდომას იმსახურებს. ის დავითის „მარადიული მამა“ გახდება და, ამგვარად, — დავითის „ფესვი“ (ესაია 9:6; 11:1, 10). ის არის მარადიული, უკვდავი მეფე დავითის სამეფო ხაზიდან, დავითთან დადებული შეთანხმების შემსრულებელი და მოსეს დროს ნაწინასწარმეტყველები „კაშკაშა ცისკრის ვარსკვლავი“ (რიცხვები 24:17; ფსალმუნები 89:34—37). ის არის ამომავალი „ცისკრის ვარსკვლავი“, დღის გამნათებელი (2 პეტრე 1:19). ღვთის მტრის, დიდი ბაბილონის ბოროტი საქმეები ხელს ვერ შეუშლის ამ ვარსკვლავის ამობრწყინებას.
„მოდი!“
11. ვის მოუწოდებს და რას მოუწოდებს იოანე და ვინ ეხმაურება ამ მოწვევას?
11 ახლა იოანეს ჯერი დგება. ნანახისა და გაგონილის გამო მადლიერებით გულსავსე იოანე ამბობს: «სული და პატარძალი ამბობენ: „მოდი!“ მომსმენმაც თქვას: „მოდი!“ მოვიდეს მწყურვალი და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი» (გამოცხადება 22:17). იესოს გამომსყიდველური მსხვერპლი მხოლოდ 144 000-ს როდი მოუტანს კურთხევებს; მოწვევა ხომ ყველას ეხება. იეჰოვას სული აშკარად მოქმედებს პატარძლის კლასზე, რის შედეგადაც უფრო და უფრო გარკვევით ისმის მოწოდება: „უსასყიდლოდ აიღეთ სიცოცხლის წყალი“ (იხილეთ აგრეთვე ესაიას 55:1; 59:21). სიმართლეს მოწყურებულნი იმიტომ არიან მიწვეულნი, რომ იეჰოვას გულუხვობით ისარგებლონ (მათე 5:3, 6). რა კურთხეულები არიან ის ადამიანები, რომლებიც ეხმაურებიან იოანეს სულითცხებული კლასის მოწვევას.
12. როგორ ეხმაურება უამრავი ხალხი გამოცხადების 22:17-ში ჩაწერილ მოწოდებას?
12 1930-იანი წლების დასაწყისიდან უამრავი ხალხი ისმენს ანუ ეხმაურება ამ მოწვევას. ცხებული მონების მსგავსად ისინიც მართლები არიან იეჰოვას თვალში. ისინი მოუთმენლად ელიან იმ დროს, როცა ახალი იერუსალიმი ზეციდან ადამიანთა საკურთხებლად ჩამოვა. უამრავმა ხალხმა მოისმინა ეს გამომაფხიზლებელი ცნობა და ამბობს: „მოდი!“. ისინი გულმოდგინედ ცდილობენ, სხვებიც მოიწვიონ იეჰოვას ორგანიზაციაში, რათა ასწავლონ მათ და მათაც გააცხადონ: „მოვიდეს მწყურვალი“. ამგვარად, უამრავი ხალხის რიცხვი განუწყვეტლივ იზრდება. მათგან 6 000 000-ზე მეტი ღვთის მსახური ცხებული პატარძლის კლასის 9 000-ზე ნაკლებ წარმომადგენელთან ერთად 235 ქვეყანაში მოუწოდებს ყველას, უსასყიდლოდ აიღონ სიცოცხლის წყალი.
13. როგორ გვაფრთხილებს იესო?
13 ახლა კვლავ იესო აგრძელებს საუბარს: „ვმოწმობ ყველასთვის, ვინც ისმენს ამ გრაგნილზე დაწერილ წინასწარმეტყველების სიტყვებს: თუ ვინმე რამეს დაამატებს ამას, ღმერთი გაუმრავლებს მას ამ გრაგნილზე დაწერილ წყლულებს. და თუ ვინმე რამეს მოაკლებს გრაგნილზე დაწერილ ამ წინასწარმეტყველების სიტყვებს, ღმერთი მოაკლებს მას წილს სიცოცხლის ხეებიდან და წმინდა ქალაქიდან, რაც ამ გრაგნილზეა დაწერილი“ (გამოცხადება 22:18, 19).
14. როგორ ეკიდება იოანეს კლასი „გამოცხადებაში“ ჩაწერილ წინასწარმეტყველებას?
14 იოანეს კლასმა ყურად უნდა იღოს „გამოცხადებაში“ ჩაწერილი წინასწარმეტყველება. მათ არც უნდა დამალონ ნაწინასწარმეტყველები და არც არაფერი უნდა დაუმატონ მას. ეს ცნობა თამამად, „ბანებიდან“ უნდა იქადაგონ (მათე 10:27). „გამოცხადება“ ღვთის შთაგონებით არის დაწერილი. ვინ გაბედავს თუნდაც უმნიშვნელოდ შეცვალოს ის, რაც ღმერთმა წარმოთქვა და რაც მეფე იესო ქრისტემ გადასცა ადამიანებს?! ასეთი ადამიანი ვერ გაიმარჯვებს სიცოცხლისთვის ბრძოლაში და იმ წყლულებს დაიტეხს თავს, რაც დიდ ბაბილონსა და მთელ ქვეყნიერებას უნდა დაატყდეს.
15. რას ნიშნავს იესოს სიტყვები: „ამის შესახებ მოწმობს“ და „მალე მოვალ“?
15 იესო ბოლო გამამხნევებელ სიტყვებს წარმოთქვამს «ვინც ამის შესახებ მოწმობს, ამბობს: „მალე მოვალ“ » (გამოცხადება 22:20ა). იესო არის „ერთგული და ჭეშმარიტი მოწმე“ (გამოცხადება 3:14). ის ამოწმებს, რომ „გამოცხადებაში“ ჩაწერილი ხილვები ჭეშმარიტია. იესოც და იეჰოვა ღმერთიც არაერთხელ იმეორებენ, რომ მალე მოვლენ. ამჯერად იესო ამას უკვე მეხუთედ ამბობს (გამოცხადება 2:16; 3:11; 22:7, 12, 20). ამ მოსვლის დროს განაჩენი აღსრულდება დიდ მეძავზე, „მეფეებზე“ და მათზე, ვინც ეწინააღმდეგება „ჩვენი უფლისა [იეჰოვას] და მისი ქრისტეს სამეფოს“ (გამოცხადება 11:15; 16:14, 16; 17:1, 12—14).
16. როგორ უნდა იმოქმედოთ, თუ იცით, რომ იეჰოვა ღმერთი და იესო მალე მოვლენ?
16 თქვენ იცით, რომ იეჰოვა ღმერთი და იესო ქრისტე მალე მოვლენ, ამიტომ „ყოველთვის გახსოვდეთ ის დრო, როცა დადგება იეჰოვას დღე“ (2 პეტრე 3:12). „დედამიწის“ ანუ სატანის ქვეყნიერების სტაბილურობა მოჩვენებითია. სატანის ქვეყნიერებაში „ცის“ ანუ პოლიტიკოსების მიერ მიღწეული წარმატება წარმავალია. ეს ყველაფერი მოისპობა (გამოცხადება 21:1). მარადიული მხოლოდ იეჰოვა, მისი სამეფო, რომელსაც ქრისტე მართავს, და მისი აღთქმული ახალი ქვეყნიერებაა. ყოველთვის გახსოვდეთ ეს! (1 იოანე 2:15—17).
17. რისკენ უნდა აღგვძრას იეჰოვას სიწმინდემ?
17 „გამოცხადების“ წიგნმა წარუშლელი კვალი უნდა დატოვოს თქვენს ცხოვრებაში. განა ოდესმე დაგვავიწყდება ჩვენი შემოქმედის ზეციერი დიდება და სიწმინდე, რაც თვალწინ გადაგვიშალა მისმა სამყოფელმა?! (გამოცხადება 4:1—5:14). რა დიდი პატივია ასეთი ღვთის მსახურება! დაე, აღგვძრას ღვთის სიწმინდემ, რომ სერიოზულად მოვეკიდოთ იესოს მიერ შვიდი კრებისთვის მიცემულ რჩევებს და ნუ ვიქნებით ნელთბილები, მოვერიდოთ სიმდიდრის სიყვარულს, კერპთაყვანისმცემლობას, უზნეობას, განდგომილებასა და ყველაფერს, რაც ჩვენს მსახურებას იეჰოვასთვის მიუღებელს გახდის (გამოცხადება 2:1—3:22). პეტრეს მიერ იოანეს კლასისთვის ნათქვამი სიტყვები უამრავ ხალხსაც ეხება: „ნებისმიერ საქციელში წმინდები იყავით იმ წმინდასავით, რომელმაც მოგიხმოთ“ (1 პეტრე 1:15, 16).
18. რისთვის არ უნდა დავზოგოთ თავი და რატომ არის ეს საქმე გადაუდებელი?
18 დაე, ძალები განგიახლდეთ, რომ „იეჰოვას კეთილგანწყობის წელიწადისა და ჩვენი ღვთის შურისძიების დღის“ შესახებ გააცხადოთ (ესაია 35:4; 61:2). მცირე სამწყსოს ეკუთვნით, თუ უამრავ ხალხს, თავს ნუ დაზოგავთ იეჰოვას რისხვის შვიდი თასის გადმოღვრისა და სატანის ქვეყნიერებაზე ღვთის განაჩენის გასაცხადებლად. ამავე დროს, შემართებით გააცხადეთ მარადიული სასიხარულო ცნობა იეჰოვასა და მისი ქრისტეს სამეფოს დამყარების შესახებ (გამოცხადება 11:15; 14:6, 7). ნუ დავივიწყებთ, რამდენად გადაუდებელია ეს საქმე. დაე, უფლის დღემ, რომლის განმავლობაშიც ვცხოვრობთ, აღძრას ისინი, ვინც ჯერ კიდევ არ ემსახურებიან იეჰოვას, შემოგვიერთდნენ სასიხარულო ცნობის გაცხადების საქმეში! დაე, მათაც მიუძღვნან თავი ღმერთს და მოინათლონ! გახსოვდეთ: „დანიშნული დრო ახლოსაა“! (გამოცხადება 1:3).
19. რა სიტყვებით ასრულებს „გამოცხადებას“ ხანდაზმული მოციქული იოანე და როგორ ეხმაურებით მის სიტყვებს?
19 ჩვენც ვუერთდებით იოანეს მხურვალე ლოცვას: „ამინ! მოდი, უფალო იესო“. ხანდაზმული მოციქული იოანე განაგრძობს: „უფალ იესო ქრისტეს წყალობა იყოს წმინდებთან“ (გამოცხადება 22:20ბ, 21). დაე, ამ წიგნის ყველა წამკითხველთან იყოს იესო ქრისტეს წყალობა! გჯეროდეთ, რომ გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა, რათა ჩვენთან ერთად მთელი გულით წარმოთქვათ: „ამინ!“
-