-
„დაეცა დიდი ბაბილონი!“გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
«მოჰყვა მას მეორე ანგელოზი, რომელიც ამბობდა: „დაეცა! დაეცა დიდი ბაბილონი, რომელიც თავისი სიძვის მრისხანების ღვინოს ასმევდა ყველა ერს!“ » (გამოცხადება 14:8)
-
-
„დაეცა დიდი ბაბილონი!“გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
3. რა გაგებით დაეცა „დიდი ბაბილონი“?
3 შეიძლება დაინტერესდეთ, რატომ აცხადებს ანგელოზი დიდი ბაბილონის დაცემას, როცა რელიგია ჯერ კიდევ დიდ გავლენას ახდენს დედამიწაზე. რა მოჰყვა ძველი ბაბილონის დაცემას ძვ. წ. 539 წელს? ისრაელი გათავისუფლდა და სამშობლოში დაბრუნდა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღსადგენად. ამგვარად 1919 წელს სულიერი ისრაელის გამოცოცხლება და მისი სულიერი კეთილდღეობა, რომელიც სულ უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება, იმაზე მეტყველებს, რომ „დიდი ბაბილონი“ ამ წელს დაეცა. ის მეტად ვეღარ აკავებს ღვთის ხალხს და თავის რიგებშიც კი დიდ სირთულეებს ხვდება. 1919 წლიდან მისი გახრწნილება, უპატიოსნობა და უზნეობა გამომზეურდა. ევროპის მრავალ ქვეყანაში ცოტანი თუ დადიან ეკლესიაში. ღვთის სიტყვის მოყვარულთა თვალში დამცირებული „დიდი ბაბილონი“ თავისი სასჯელის აღსრულებას ელოდება, როცა იეჰოვა თავის სამართლიან განაჩენს აღასრულებს მასზე.
ბაბილონის სამარცხვინო დაცემა
4—6. როგორ ასმევდა დიდი ბაბილონი „თავისი სიძვის მრისხანების ღვინოს ყველა ერს“?
4 მოდი, დაწვრილებით განვიხილოთ, რა ვითარებაში მოხდა ბაბილონის სამარცხვინო დაცემა. ანგელოზი გვეუბნება, რომ „დიდი ბაბილონი. . . თავისი სიძვის მრისხანების ღვინოს ასმევდა ყველა ერს“. რას ნიშნავს ეს? ეს დაპყრობას ნიშნავს, რაც იეჰოვას მიერ იერემიას მიმართ ნათქვამი სიტყვებიდან ჩანს: „გამომართვიო რისხვის ღვინით სავსე სასმისი და დაალევინეო ყველა ხალხს, რომელთანაც გგზავნი. დალიონ, იბარბაცონ და შეიშალონო იმ მახვილის გამო, რომელსაც ვუგზავნი“ (იერემია 25:15, 16). ძვ. წ. VII და VI საუკუნეებში იეჰოვა ძველი ბაბილონის ხელით ასმევდა გასაჭირით სავსე სიმბოლურ სასმისს მრავალ ხალხს, მათ შორის განდგომილ იუდას, რის შედეგადაც მისი ხალხი ტყვეობაში ჩავარდა; თუმცა, თავის მხრივ, ბაბილონიც დაეცა, რადგან მისმა მეფემ იეჰოვას, „ზეციერი უფლის“ წინააღმდეგ აღიმაღლა თავი (დანიელი 5:23).
5 „დიდმა ბაბილონმაც“ მიაღწია გამარჯვებებს, მაგრამ ძირითადად, ვერაგულად. ის „ასმევდა ყველა ერს“ და მეძავივით აცდუნებდა მათ. ის სულიერი გაგებით მეძაობდა მათთან. ის აცდუნებდა პოლიტიკურ მმართველებს, კავშირი რომ დაემყარებინათ მასთან და ემეგობრათ. ის თავის მაცდუნებელ ძალას იყენებს, რომ პოლიტიკაზე, ეკონომიკასა და კომერციაზე გავლენა მოახდინოს. ის პოლიტიკური და კომერციული მიზნებიდან გამომდინარე ახორციელებდა რელიგიურ დევნას და აჩაღებდა ომებს, აწყობდა ჯვაროსნულ ლაშქრობებს და ხელს უწყობდა საერთაშორისო კონფლიქტებს. ის ამ ომებს წმინდად აცხადებდა და ამტკიცებდა, რომ ეს ომები ღვთის ნებით მიმდინარეობდა.
6 ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ XX საუკუნეში რელიგია ერეოდა ომებსა და პოლიტიკაში სინტოისტურ იაპონიაში, ინდუისტურ ინდოეთში, ბუდისტურ ვიეტნამში, „ქრისტიანულ“ ჩრდილოეთ ირლანდიასა და ლათინურ ამერიკაში და სხვა ქვეყნებში. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ორივე მსოფლიო ომის დროს არმიის მღვდლები, როგორც ერთი, ისე მეორე მოწინააღმდეგე მხარის ახალგაზრდებს მოუწოდებდნენ, დაეხოცათ ერთმანეთი. იმის თვალსაჩინო მაგალითი, თუ როგორ „ეარშიყებოდა“ პოლიტიკას „დიდი ბაბილონი“, არის მისი მონაწილეობა 1936—1939 წლებში ესპანეთში მიმდინარე სამოქალაქო ომში, რომელშიც, სულ მცირე, 600 000 ადამიანი დაიღუპა. ამ სისხლისღვრის მიზეზი გარკვეულწილად ესპანეთის მთავრობის მიერ ეკლესიის ქონებისა და სტატუსისთვის საფრთხის შექმნა იყო, რაც კათოლიკური სამღვდელოების მომხრეებსა და მათ მოკავშირეებს უპასუხოდ არ დაუტოვებიათ.
7. ვინ არის „დიდი ბაბილონის“ მთავარი სამიზნე და რა მეთოდებს იყენებს ის მის წინააღმდეგ?
7 „დიდი ბაბილონი“ სატანის შთამომავლობის რელიგიური ნაწილია, ამიტომ იეჰოვას ზეციერი „ქალი“ და „ზედა იერუსალიმი“ მისი მთავარი სამიზნეა. I საუკუნეში ცხადი გახდა, რომ ქალის შთამომავლობას ცხებულ ქრისტიანთა კრება წარმოადგენდა (დაბადება 3:15; გალატელები 3:29; 4:26). „დიდი ბაბილონი“ მთელი ძალით ცდილობდა, სულიერი გაგებით მეძაობაში ჩაეთრია ეს წმინდა კრება და ამგვარად დაეძლია ის. მოციქულები პავლე და პეტრე აფრთხილებდნენ ქრისტიანებს, რომ მრავალი აჰყვებოდა ცდუნებას, რის შედეგადაც დიდი განდგომილება დაიწყებოდა (საქმეები 20:29, 30; 2 პეტრე 2:1—3). იესოს სიტყვებიდან, რომლებითაც მან შვიდ კრებას მიმართა, ჩანს, რომ იოანეს სიცოცხლის ბოლო პერიოდში „დიდი ბაბილონი“ ამ მხრივ გარკვეულ წარმატებას აღწევდა (გამოცხადება 2:6, 14, 15, 20—23). იესოს ადრე ისიც ჰქონდა ნათქვამი, რისი უფლება მიეცემოდა „დიდ ბაბილონს“.
ხორბალი და სარეველა
8, 9. ა) რას ნიშნავდა ხორბალსა და სარეველაზე მოყვანილი იესოს მაგალითი? ბ) რა მოხდა, „როცა ხალხს ეძინა“?
8 თავის მაგალითში ხორბალსა და სარეველაზე, იესო საუბრობდა კაცზე, რომელმაც კარგი თესლი დათესა მინდორში. „როცა ხალხს ეძინა“, მტერი მოვიდა და სარეველა ჩათესა ხორბალში. ასე რომ, ხორბალი სარეველაში ჩაიკარგა. იესომ ასე ახსნა ეს მაგალითი: „კარგი თესლის მთესველი კაცის ძეა, მინდორი ქვეყნიერებაა, კარგი თესლი სამეფოს ძეები არიან, სარეველა — ბოროტის ძეები, მტერი, რომელმაც ის დათესა, ეშმაკია“. მან ახსნა, რომ ხორბალი და სარეველა ერთად გაიზრდებოდა, ვიდრე დადგებოდა „ქვეყნიერების წყობის აღსასრული“, როცა ანგელოზები სიმბოლურ სარეველას მოაგროვებდნენ (მათე 13:24—30, 36—43).
9 ყველაფერი ისე მოხდა, როგორც იესო და მოციქულები, პავლე და პეტრე, ამბობდნენ. „როცა ხალხს ეძინა“ — შესაძლოა მოციქულების სიკვდილის შემდეგ ან მაშინ, როცა ქრისტიანმა ზედამხედველებმა ჩათვლიმეს და უყურადღებოდ დატოვეს ღვთის ფარა — ბაბილონიდან წამოსულმა განდგომილებამ თავი იჩინა კრებაში (საქმეები 20:31). მალე სარეველა ისე გაიზარდა, რომ ხორბალი სულ დაიჩრდილა. საუკუნეების განმავლობაში ისე ჩანდა, თითქოს „ქალის შთამომავლობა“ მთლიანად ჩაიკარგა „დიდი ბაბილონის“ კალთებში.
10. რა დაიწყო XIX საუკუნის 70-იან წლებში და როგორ რეაგირებდა ამაზე „დიდი ბაბილონი“?
10 ცხებულმა ქრისტიანებმა XIX საუკუნის 70-იანი წლებისთვის მიზანმიმართულად დაიწყეს დიდი ბაბილონის გახრწნილი გზებიდან ჩამოშორება. მათ მიატოვეს ცრუ სწავლებები, რომლებიც ქრისტიანულმა სამყარომ წარმართობისგან შეისისხლხორცა, და ბიბლიის მეშვეობით გაბედულად ქადაგებდნენ, რომ უცხოტომელთათვის დანიშნული დროები 1914 წელს დასრულდებოდა. დიდი ბაბილონის მთავარი იარაღი ანუ ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება ეწინააღმდეგებოდა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღდგენის მცდელობას. პირველი მსოფლიო ომის დროს მათ ისარგებლეს ომით გამოწვეული არეულობით ერთგული ქრისტიანების პატარა ჯგუფის მოსასპობად. 1918 წელს, როცა მათი საქმიანობა თითქმის შეჩერდა, ისე ჩანდა, თითქოს „დიდმა ბაბილონმა“ გაიმარჯვაო.
11. რა მოჰყვა ძველი ბაბილონის დაცემას?
11 როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამაყი ქალაქი ბაბილონი ძვ. წ. 539 წელს სამარცხვინოდ დაეცა. მაშინ გაისმა ხმა: „დაეცა! დაეცა ბაბილონი!“ მსოფლიო მპყრობლის ეს დიდებული ქალაქი ხელში ჩაუვარდა მიდია-სპარსეთის ჯარს, რომელსაც კიროს დიდი მეთაურობდა. მართალია, ბაბილონი არ გაუნადგურებიათ, მაგრამ მან აშკარად დაკარგა ძალაუფლება. შედეგად იუდეველები ტყვეობიდან გათავისუფლდნენ და წმინდა თაყვანისმცემლობის აღსადგენად იერუსალიმში დაბრუნდნენ (ესაია 21:9; 2 მატიანე 36:22, 23; იერემია 51:7, 8).
12. ა) რატომ შეიძლება ითქვას, რომ „დიდი ბაბილონი“ დაეცა ჩვენს დროში? ბ) რამ ცხადყო, რომ იეჰოვამ აშკარად უარყო ქრისტიანული სამყარო?
12 ჩვენს დროში გაისმა ხმა, რომ დიდი ბაბილონი დაეცა. 1918 წელს ბაბილონური სწავლებების გავლენაში მოქცეული ქრისტიანული სამყაროს მიერ მიღწეული დროებითი წარმატება აშკარა წარუმატებლობად იქცა 1919 წელს, როცა ცხებულთა დარჩენილი ნაწილი, იოანეს კლასი, სულიერი გაგებით აღდგა. დიდი ბაბილონი იმ გაგებით დაეცა, რომ ის მეტად ვეღარ აკავებდა ღვთის ხალხს ტყვეობაში. ქრისტეს ცხებული ძმები კალიების მსგავსად ამოვიდნენ უფსკრულიდან და მზად იყვნენ საქმის შესასრულებლად (გამოცხადება 9:1—3; 11:11, 12). ისინი წარმოადგენდნენ თანამედროვე „ერთგულ და გონიერ მონას“. ბატონმა მათ მთელი თავისი ქონება ჩააბარა დედამიწაზე (მათე 24:45—47). იეჰოვა ასე იყენებდა მათ, რაც იმას ცხადყოფდა, რომ ღმერთმა უარყო ქრისტიანული სამყარო, მიუხედავად იმისა, რომ მას დედამიწაზე ღვთის წარმომადგენლად მოაქვს თავი. აღდგა წმინდა თაყვანისმცემლობა და შესაძლებელი გახდა ბეჭდის დასმა 144 000-გან ანუ ქალის შთამომავლებისგან დარჩენილებისთვის, დიდი ბაბილონის ძველი მტრებისთვის. ეს სატანის რელიგიური ორგანიზაციის საბოლოო დამარცხებას მოასწავებს.
-