მათ ‘ჭეშმარიტი ღვთის შიში ჰქონდათ’
ეგვიპტის მონობაში ისრაელების ყოფნისას, ებრაელი ბებიაქალები, შიფრა და ფუაყი, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. უცხო ერის სწრაფი გამრავლება რომ შეჩერებულიყო, ფარაონმა ამ ქალებს უბრძანა: „როცა მოამშობიარებთ ებრაელ ქალებს. . . თუ ვაჟი იყოს, მოკალით“ (გამოსვლა 1:15, 16).
იმის გამო, რომ შიფრას და ფუაყს ‘ჭეშმარიტი ღვთის შიში ჰქონდათ’, ეყოთ გამბედაობა, ‘არ შეესრულებინათ ეგვიპტის მეფის ბრძანება’. ამიტომ ისინი ცოცხალს ტოვებდნენ ახალშობილ ვაჟებს მიუხედავად იმისა, რომ ასეთი გაბედულების გამო შეიძლება საფრთხის წინაშე აღმოჩენილიყვნენ. იეჰოვა ‘სწყალობდა ბებიაქალებს’ და აჯილდოებდა მათ სიცოცხლის გადამრჩენი საქმიანობისთვის (გამოსვლა 1:17—21).
ეს შემთხვევა ცხადყოფს, რომ იეჰოვა აფასებს თავის მსახურებს. მას შეეძლო ჩაეთვალა, რომ, შიფრასა და ფუაყს გაბედულად მოქმედებისკენ უბრალოდ ჰუმანურობა აღძრავდა. ბოლოს და ბოლოს არც ერთი საღად მოაზროვნე ქალი არ დახოცავს ბავშვებს! მაგრამ იეჰოვამ, უეჭველად, გაითვალისწინა ის ფაქტიც, რომ ზოგს ადამიანისადმი შიშის გამო საშინელი საქმეები ჩაუდენია. მან იცოდა, რომ ბებიაქალებს არა მხოლოდ სიკეთე აღძრავდა ასეთი მოქმედებისკენ, არამედ ღვთისადმი შიშიცა და ერთგულებაც.
მართლაც რა მადლიერნი უნდა ვიყოთ, რომ ვემსახურებით ღმერთს, რომელსაც შეუმჩნეველი არ რჩება ჩვენი ერთგულების გამომხატველი საქმეები! შეიძლება არც ერთი ჩვენგანის რწმენა არ გამოცდილა შიფრასა და ფუაყის რწმენის მსგავსად. მაგრამ, როცა სკოლაში და სამსახურში ან ნებისმიერ სხვა ვითარებაში მტკიცედ ვიცავთ იმას, რაც სწორია, იეჰოვა არ ივიწყებს მისადმი გამოვლენილ გულწრფელ სიყვარულს. უფრო მეტიც, ის „თავის მაძიებელს სანაცვლოს მიაგებს“ (ებრაელთა 11:6). დიახ, „ღმერთი არაა უსამართლო, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და სიყვარულის შრომა, რომელიც გამოიჩინეთ მისი სახელისათვის, რომ ემსახურებოდით და კვლავაც ემსახურებით წმიდებს“ (ებრაელთა 6:10).