განსჯის ბიბლია აზარტულ თამაშებს?
პოპულარულ ფილმებსა და სატელევიზიო შოუებში აზარტული თამაშები, განსაკუთრებით კაზინოებში, ხშირად ისეა წარმოდგენილი, როგორც სასიამოვნო გასართობი საშუალება, რომლითაც მდიდარი და დახვეწილი გემოვნების ხალხი ერთობა. ცხადია, მაყურებელმა ზოგადად იცის, რომ ეს ყველაფერი რეალობისგან შორსაა.
რეალურ სამყაროში მოთამაშეების ყურადღების მისაპყრობად ლატარეა, ტოტალიზატორები და ონლაინ აზარტული თამაშები უკვე კაზინოებს უწევენ კონკურენციას. აზარტულმა თამაშებმა „თავისი მიმზიდველობით თითქმის მთელი მსოფლიო დააავადა“, — ნათქვამია წიგნ „ონლაინ აზარტულ თამაშებში“. მაგალითად, დღეს პოკერი სატელევიზიო გადაცემებსა და ინტერნეტში სპორტის ერთ-ერთ სახეობად არის წარმოდგენილი. ერთ გაზეთში ექსპერტები იუწყებიან, რომ შეერთებულ შტატებში პოკერის მოთამაშეთა რაოდენობა ბოლო 18 თვის განმავლობაში გაორმაგდა.
აზარტული თამაში არის ფულზე სანაძლეოს დადება, რომლის დროსაც გაურკვეველია, მოიგებ თუ არა. ბევრი თვლის, რომ ცუდი არაფერია აზარტულ თამაშებში, ვინაიდან ფული მოთამაშეს ეკუთვნის და ის არ არის დამოკიდებული ამ თამაშებზე. „ახალ კათოლიკურ ენციკლოპედიაში“ ნათქვამია, რომ აზარტული თამაში „არ ითვლება ცოდვად იმ გამონაკლისის გარდა, როცა ადამიანი თავისი მოვალეობის შესრულებაზე უარს ამბობს“. მაგრამ წმინდა წერილებში ვერსად წაიკითხავთ აზრს, რომელიც ამ შეხედულებას მხარს უჭერს. როგორი პოზიცია უნდა ჰქონდეთ ქრისტიანებს ამ საკითხთან დაკავშირებით? ამართლებს ბიბლია აზარტულ თამაშებს თუ განსჯის?
უნდა აღინიშნოს, რომ წმინდა წერილებში აზარტულ თამაშებზე პირდაპირ არაფერია ნათქვამი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიცით ღვთის თვალსაზრისი ამ საკითხზე. ბიბლია ყველაფერზე წესებს არ გვიდგენს, მაგრამ მოგვიწოდებს: „ჩასწვდით, რა არის იეჰოვას ნება“ (ეფესოელები 5:17). ქართულად ნათარგმნი ბერძნული სიტყვა „ჩაწვდომა“ ერთი ბიბლეისტის ბულინგერის სიტყვების თანახმად, ნიშნავს საგნის ან მოვლენის დამახასიათებელი თავისებურებების „აღქმას და მათ შესახებ ცოდნის შეძენას ფიქრისა და ღრმა ანალიზის საშუალებით“. ქრისტიანი ამ საკითხზე ღვთის ნებას ჩასწვდება, თუ ყველა მხარეს შეისწავლის და გააანალიზებს იმ ბიბლიურ პრინციპებს, რომლებიც აზარტულ თამაშებს ეხება. ამ სტატიაში მოყვანილი მუხლების წაკითხვისას შეგიძლიათ ჰკითხოთ საკუთარ თავს: ამართლებს წაკითხული მუხლი აზარტულ თამაშებს? რას ამბობს ღვთის სიტყვა ამ საკითხზე?
იღბალი — მახე
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აზარტული თამაშების დროს გაურკვეველია, მოიგებს თუ არა მოთამაშე, გამოდის, რომ იგი მხოლოდ იღბალზეა დაიმედებული. იღბალი მოთამაშეების ცნობიერებაში ამოუცნობი ძალაა, რომელსაც მიაწერენ ალალბედზე მომხდარ მოვლენებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ნიძლავს ფულზე დებენ. მაგალითად, ლატარიის ბილეთების შეძენისას ირჩევენ იღბლიან ციფრებს; ჩინური დომინოს ცრუმორწმუნე მოთამაშეებს ეკრძალებათ ზოგიერთი სიტყვის წარმოთქმა. ზოგი კამათლის გაგორებამდე სულს უბერავს მას. ამის მიზეზი ისაა, რომ ხშირად მოთამაშეები იღბალზე არიან დაიმედებულნი და ფიქრობენ, რომ იქნებ ბედმა გაუღიმოთ და მოიგონ.
შეიძლება უწყინარი გართობა ვუწოდოთ იმას, როცა მოთამაშე აზარტული თამაშის დროს იღბალს ენდობა? ძველ ისრაელში ზოგი ასე ფიქრობდა; მათ სჯეროდათ, რომ იღბალი სიმდიდრესა და კეთილდღეობას მოუტანდათ. მაგრამ რას ფიქრობდა იეჰოვა ამის შესახებ? წინასწარმეტყველ ესაიას მეშვეობით ღმერთმა უთხრა ისრაელს: „თქვენ კი მიატოვეთ იეჰოვა, დაივიწყეთ ჩემი წმინდა მთა, იღბლიანობის ღმერთს უშლით სუფრას და ბედისწერის ღმერთს შეზავებული ღვინით უვსებთ სასმისს“ (ესაია 65:11). ღვთის თვალში იღბალზე მინდობა კერპთაყვანისმცემლობის ფორმაა და სრულიად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას. ადამიანს, რომელსაც იღბლის სჯერა, თავის მიერ გამოგონილ ძალაზეა დაიმედებული ნაცვლად იმისა, რომ ჭეშმარიტ ღმერთს მიენდოს. ასე რომ, ღვთის თვალსაზრისი ამ საკითხზე არ შეცვლილა.
ჯილდო — რის ფასად?
იმის მიუხედავად, მოთამაშე ინტერნეტით დებს ფსონებს თუ ტოტალიზატორში, ლატარიას ყიდულობს თუ კაზინოში თამაშობს, მას მხედველობიდან რჩება ის, თუ რის ფასად ჯდება ჯილდოს მიღება. აზარტული თამაშები განსხვავდება კანონიერი საქმიანი გარიგებებისა თუ სავაჭრო საქმიანობისგან; განსხვავება კი იმაშია, რომ მოთამაშე სხვა მოთამაშის ხარჯზე იმარჯვებს.a როგორც კანადის ერთ-ერთი სამედიცინო ცენტრი აცხადებს, „ის, ვინც ლატარიის წყალობით იგებს მილიონებს, სხვა მილიონობით ადამიანის დაკარგული ფულის ხარჯზე მდიდრდება!“ რომელი ბიბლიური პრინციპები დაეხმარება ქრისტიანს, რომ გაიგოს ღვთის თვალსაზრისი ამ საკითხზე?
ისრაელისთვის მიცემულ მეათე მცნებაში ნათქვამია: „არ ისურვო შენი მოძმის სახლი, არ ისურვო შენი მოძმის ცოლი, არც მისი მონა, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი ვირი და არაფერი, რაც შენი მოძმისაა“ (გამოსვლა 20:17). თანამოძმის მატერიალური ქონების მისაკუთრების სურვილი, იქნება ეს ფული თუ სხვა რამე, ისეთივე სერიოზულ ცოდვად ითვლებოდა, როგორიც სხვისი ცოლის მისაკუთრების სურვილი. საუკუნეების შემდეგ მოციქულმა პავლემ ქრისტიანებს გაუმეორა მეათე მცნების სიტყვები: „სხვისი არაფერი ისურვო“ (რომაელები 7:7). შეიძლება ქრისტიანს, რომელიც სხვისი წაგების ხარჯზე ცდილობს მოიგოს, ეწოდოს ხარბი?
„შეიძლება [მოთამაშეების უმეტესობა] არ დამეთანხმოს, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ყველა მოთამაშე თამაშის დაწყებამდე ოცნებობს, ფსონად დადებული ნებისმიერი თანხა, თუნდაც რამდენიმე დოლარი, დიდ ფულად აქციოს“, — წერს ჟურნალისტი ფილიპ ვოუგელი. მოთამაშეები ნატრობენ, რომ ხელის გაუნძრევლად ერთ წამში გამდიდრდნენ. ეს აშკარად ეწინააღმდეგება ბიბლიურ რჩევას, რომლის თანახმად ქრისტიანმა უნდა „იშრომოს, საკუთარი ხელით აკეთოს კარგი საქმე, რათა ჰქონდეს გაჭირვებულისთვის მისაცემი“ (ეფესოელები 4:28). პავლე მოციქულმაც პირდაპირ თქვა: „ვისაც მუშაობა არ უნდა, ის ნურც შეჭამს“. შემდეგ კი დასძინა: „საკუთარი შრომით მოპოვებული ჭამონ“ (2 თესალონიკელები 3:10, 12). აქედან გამომდინარე, შეიძლება აზარტული თამაშები გამართლებულად ჩაითვალოს?
მართალია, შეიძლება აზარტული თამაშები დიდი ნერვების ფასად უჯდება მოთამაშეებს, მაგრამ ნებისმიერი თანხა მოგებულია და არა შრომით მოპოვებული. თამაშის დროს სანაძლეოს ისე დებენ, რომ ზუსტად არ იციან, მოიგებენ თუ არა და მხოლოდ იმის იმედად არიან, რომ ადრე თუ გვიან გაუმართლებთ. მოკლედ რომ ვთქვათ, მოთამაშეს მუქთად უნდა გამდიდრება. მაგრამ ჭეშმარიტ ქრისტიანებს ბიბლია მოუწოდებს, რომ პატიოსანი შრომით იშოვონ ფული. „კაცისთვის იმაზე უკეთესი არაფერია, რომ ჭამოს, სვას და სულს აამოს თავისი გარჯით“, — დაწერა ბრძენმა მეფე სოლომონმა. შემდეგ კი დასძინა: „ვნახე, რომ ესეც ჭეშმარიტი ღვთის ხელიდანაა“ (ეკლესიასტე 2:24). ღვთის მსახურები იღბალზე არ არიან დაიმედებულნი, და სწრაფი და იოლი გზით გამდიდრების საშუალებებს არ ეძებენ. მათ სჯერათ, რომ თუ ღმერთს მიენდობიან, იქნებიან ბედნიერები და კურთხეულნი.
ნუ გაებმებით მახეში!
მაშინაც კი, თუ მოთამაშეს გაუმართლებს და მოიგებს, იგი გამარჯვებით განცდილმა ხანმოკლე სიხარულმა კი არ უნდა დააბრმაოს, არამედ უნდა დაფიქრდეს, როგორ იმოქმედებს აზარტული თამაშები შემდგომში მასზე. „თავიდან სიხარბით მოპოვებული მემკვიდრეობა მომავალში კურთხეული არ იქნება“, — ნათქვამია იგავების 20:21-ში. ბევრი, ვინც ლატარეაში ან სხვა აზარტულ თამაშებში მოიგო თანხა, დარწმუნდა, რომ სიმდიდრეს ბედნიერება არ მოაქვს. გონივრულია, მივყვეთ ბიბლიურ რჩევას და იმედი „არასაიმედო სიმდიდრეზე“ კი არ დავამყაროთ, არამედ ღმერთზე, რომელიც „ჩვენ გასახარად ყველაფერს უხვად გვაძლევს“ (1 ტიმოთე 6:17).
აზარტული თამაშები მხოლოდ მოგებით ან წაგებით არ სრულდება. ის გაცილებით სერიოზულ საფრთხეს უქმნის მოთამაშეებს. „ვინც გამდიდრებისკენ ისწრაფვის, ებმება ცდუნებაში, მახეში, ბევრ უგუნურ და მავნებელ სურვილში, რომელიც ღუპავს და ანადგურებს ადამიანებს“, — ვკითხულობთ ღვთის სიტყვაში (1 ტიმოთე 6:9). მახე მსხვერპლის დასაჭერად არის დაგებული. უამრავი ადამიანი, რომელთაც პატარა თანხით რამდენჯერმე სცადეს მოგება, მახეში გაებნენ და აზარტულ თამაშებზე გახდნენ დამოკიდებულნი. შედეგად, მათ კარიერას წერტილი დაესვა, მათი საყვარელი ადამიანები დაზარალდნენ და ოჯახები დაენგრათ.
აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით სტატიაში მოყვანილი ბიბლიური მუხლების განხილვის შემდეგ გასაგებია თუ არა თქვენთვის, რას ფიქრობს ღმერთი ამ საკითხზე? პავლე მოციქული თანაქრისტიანებს მოუწოდებდა: „ნუღარ იცხოვრებთ ქვეყნიერების ყაიდაზე, არამედ განიახლეთ გონება და გარდაიქმენით, რათა დარწმუნდეთ, რა არის ღვთის ნება — კარგი, მოსაწონი და სრულყოფილი“ (რომაელები 12:2). ქრისტიანის ცხოვრებაზე ღვთის შეხედულება უნდა ახდენდეს გავლენას და არა საზოგადოებაში გავრცელებული აზრი. იეჰოვა „ბედნიერი ღმერთია“ და მას სურს, რომ გავიხაროთ სიცოცხლით და საკუთარ თავზე არ ვიწვნიოთ ის მწარე შედეგები, რაც აზარტული თამაშების მახეში გაბმას მოჰყვება (1 ტიმოთე 1:11).
[სქოლიო]
a იხილეთ 2000 წლის 8 ოქტომბრის „გამოიღვიძეთ!“, რომელშიც ახსნილია, რით განსხვავდება საფონდო ბირჟაზე ფულის დაბანდება აზარტული თამაშებისგან, გვერდები 25—27 (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ [რუს.]).
[ჩანართი 14 გვერდზე]
ღვთის მსახურები პატიოსანი შრომით შოულობენ ფულს
[ჩარჩო 13 გვერდზე]
მოგების დაუოკებელი სურვილი
იცის მიჩვევა აზარტულმა თამაშებმა და შეიძლება მოთამაშე მასზე დამოკიდებული გახდეს? დოქტორმა ჰანს ბრაიტერმა კვლევა ჩაატარა და გაიგო, რა გრძნობა ეუფლებოდათ მოთამაშეებს მოგების ან წაგების შემთხვევაში. მან დაასკვნა: „ფულადი ჯილდოს მიღებისას ტვინის ის უბნები აქტიურდება, რაც კოკაინის მიღების დროს არის გააქტიურებული“.
[სურათი 13 გვერდზე]
ვის ხარჯზე იმარჯვებენ მოთამაშეები?