საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მთელი გულით შეიყვარეთ სიმართლე!
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 თებერვალი
    • მთელი გულით შეიყვარეთ სიმართლე!

      „შენ გიყვარს სიმართლე“ (ფსალმ. 45:7).

      1. რა დაგვეხმარება, ვიაროთ „სიმართლის ბილიკებით“?

      იეჰოვა თავისი სიტყვის, ბიბლიისა და წმინდა სულის მეშვეობით თავის ხალხს „სიმართლის ბილიკებით“ მიუძღვება (ფსალმ. 23:3). ყველა არასრულყოფილები ვართ, ამიტომ ჩვენთვის ადვილი არ არის, იეჰოვას გზებით ვიაროთ. თუ მტკიცედ არ გვაქვს გადაწყვეტილი, ყოველთვის სწორად მოვიქცეთ, გაგვიჭირდება „სიმართლის ბილიკებით“ სიარული. არჩეული კურსით სვლის გაგრძელებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ იესოს მსგავსად შევიყვარებთ სიმართლეს (წაიკითხეთ ფსალმუნის 45:7 ).

      2. რა იგულისხმება „სიმართლის ბილიკებით“ სიარულში?

      2 რა იგულისხმება „სიმართლის ბილიკებით“ სიარულში? ბილიკი ვიწრო, საცალფეხო გზაა. „სიმართლის ბილიკებით“ სიარულში ღვთის სამართლიანი ნორმებით ცხოვრება იგულისხმება. ებრაულ და ბერძნულ ენებში სიტყვა „სიმართლე“ მართალ ადამიანთან მიმართებაში გამოიყენება, რომელიც ერთგულად იცავს ზნეობრივ ნორმებს. რადგანაც იეჰოვას „სიმართლის სამყოფელი“ ეწოდება, მისი თაყვანისმცემლები სიხარულით მიჰყვებიან მას. მათ ესმით, რომ მხოლოდ იეჰოვას შეუძლია „სიმართლის ბილიკებით“ წაუძღვეს თავის ხალხს (იერ. 50:7).

      3. როგორ შეგვიძლია მეტი გავიგოთ ღვთის სამართლიანი გზების შესახებ?

      3 მხოლოდ იმ შემთხვევაში გავუხარებთ იეჰოვას გულს, თუ მთელი გულით შევეცდებით მისი სამართლიანი ნორმებით ცხოვრებას (კან. 32:4). ამას რომ მივაღწიოთ, პირველ რიგში, მეტი უნდა გავიგოთ ღვთის შესახებ მისი წიგნიდან, ბიბლიიდან. ეს დაგვაახლოებს მასთან და უფრო მეტად შეგვაყვარებს მის სამართლიან გზებს (იაკ. 4:8). როდესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების წინაშე ვდგავართ, უპრიანი იქნება, თუ დახმარებისთვის ღვთის სიტყვას მივმართავთ.

      ეძებეთ ღვთის სიმართლე

      4. რა იგულისხმება ღვთის სიმართლის ძიებაში?

      4 წაიკითხეთ მათეს 6:33. ღვთის სიმართლის ძიებაში გაცილებით მეტი იგულისხმება, ვიდრე სასიხარულო ცნობის ქადაგებისთვის დროის გამოყოფა. ჩვენი წმინდა მსახურება რომ მისაღები იყოს იეჰოვასთვის, ჩვენი ყოველდღიური საქციელი ღვთის მაღალზნეობრივ ნორმებს უნდა შევუსაბამოთ. რა მოეთხოვებათ მათ, ვისაც იეჰოვას სამართლიანი გზებით სიარული სურთ? ისინი უნდა ‘შეიმოსონ ახალი პიროვნებით, რომელიც შექმნილია ღვთის ნების თანახმად ჭეშმარიტი სიმართლითა და ერთგულებით’ (ეფეს. 4:24).

      5. რა დაგვეხმარება, დავძლიოთ გულგატეხილობა?

      5 რადგანაც ღვთის სამართლიანი ნორმებით ცხოვრება გვსურს, ხანდახან შეიძლება გული გაგვიტყდეს იმის გამო, რომ შეცდომებს ვუშვებთ. რა დაგვეხმარება, ვძლიოთ გულგატეხილობას, შევიყვაროთ ღვთის სიმართლე და მისი სამართლიანი ნორმებით ვიცხოვროთ? (იგავ. 24:10). ჩვენ ყოველთვის უნდა მივმართოთ იეჰოვას ლოცვით „წრფელი გულით და სრული რწმენით“ (ებრ. 10:19—22). იმისდა მიუხედავად, ზეცაში ცხოვრების იმედი გვაქვს თუ დედამიწაზე, ყველას გვწამს, რომ იესოს მსხვერპლს გამოსყიდვის ძალა აქვს და როგორც ჩვენი დიდი მღვდელმთავარი, პირნათლად ასრულებს თავის მოვალეობებს (რომ. 5:8; ებრ. 4:14—16). იესოს გამოსასყიდს რომ მართლაც დიდი ძალა აქვს, ამაზე ყურადღება გამახვილდა ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ პირველივე ნომერში (1 იოან. 1:6, 7). სტატიაში ეწერა: «ცნობილი ფაქტია, რომ თუ ალისფერ ან შინდისფერ საგანს წითელი შუშით სინათლეზე გავხედავთ, საგანი თეთრად გამოჩნდება. მსგავსად ამისა, ჩვენი ცოდვები „ალისფერი და შინდისფერიც“ რომ იყოს, იესოს დაღვრილი სისხლის წყალობით, ღვთის თვალში „გათეთრდება“» (1879 წლის ივლისის ნომერი, გვ. 6 [ინგლ.]). მართლაც რა ფასდაუდებელი საჩუქარი გვიბოძა იეჰოვამ, როცა გამოსასყიდი გაიღო ჩვენთვის და თავისი საყვარელი ძე შემოგვწირა! (ეს. 1:18).

      შეამოწმეთ თქვენი სულიერი საჭურველი

      6. რატომ არის აუცილებელი, ყოველთვის შევამოწმოთ, რა მდგომარეობაშია ჩვენი სულიერი საჭურველი?

      6 ჩვენ ყოველთვის უნდა გვემოსოს „სიმართლის ჯავშანი“, რადგან ის ჩვენი სულიერი საჭურვლის განუყოფელი ნაწილია (ეფეს. 6:11, 14). იმისდა მიუხედავად, ახლახან მივუძღვენით იეჰოვას თავი თუ უკვე ათწლეულებია წმინდა მსახურებას ვუსრულებთ მას, ყოველდღიურად უნდა შევამოწმოთ, რა მდგომარეობაშია ჩვენი სულიერი საჭურველი. განსაკუთრებით დღეს გვმართებს სიფხიზლე, რადგან სატანა და მისი დემონები დედამიწაზე არიან გადმოყრილი (გამოცხ. 12:7—12). ის განრისხებულია, ვინაიდან იცის, რომ მისი დრო იწურება. სატანა დღეს, როგორც არასდროს, ისე უტევს ღვთის ხალხს. აქედან გამომდინარე, გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია, ყოველთვის გვემოსოს „სიმართლის ჯავშანი.“

      7. როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია გვემოსოს „სიმართლის ჯავშანი“?

      7 ჯავშანი მეომრის გულს იცავს. არასრულყოფილების გამო ჩვენი სიმბოლური გული ვერაგი და უმართავია (იერ. 17:9). ჩვენი გული ბოროტებისკენ ისწრაფვის, ამიტომ აუცილებელია, ვისწავლოთ მისი მართვა და სათანადოდ გავწაფოთ ის (დაბ. 8:21). თუ ბოლომდე ჩავწვდებით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენივე უსაფრთხოებისთვის, ყოველთვის გვემოსოს „სიმართლის ჯავშანი“, ცოტა ხნითაც არ ვისურვებთ მის გარეშე დარჩენას. ჩვენ არასდროს დავრთავთ თავს უფლებას, გავერთოთ იმით, რაც იეჰოვას სძულს. უფრო მეტიც, არასდროს დავუშვებთ, ისეთ სცენებში წარმოვიდგინოთ თავი, რაც იეჰოვას სძულს. ძვირფასი დროის დიდ ნაწილს არ გავატარებთ ტელევიზორთან, ნაცვლად ამისა, შევეცდებით, ვაკეთოთ ის, რაც სიამოვნებს იეჰოვას. მაშინაც კი, თუ ფეხი დაგვიცდება და ხორციელი ფიქრები დაგვრევს ხელს, იეჰოვა დაგვეხმარება და წამოგვაყენებს (წაიკითხეთ იგავების 24:16 ).

      8. რატომ გვჭირდება „რწმენის დიდი ფარი“?

      8 ჩვენს სულიერ საჭურველში „რწმენის დიდი ფარიც“ შედის. მისით შეგვიძლია ‘ბოროტის ცეცხლმოკიდებული ისრები ჩავაქროთ’ (ეფეს. 6:16). მსგავსად ამისა, იეჰოვას სიყვარული და მისდამი რწმენა გვეხმარება, მოვიქცეთ სწორად და დავრჩეთ სიმართლის გზაზე, რომელიც მარადიულ სიცოცხლემდე მიგვიყვანს. რაც უფრო მეტს გავიგებთ იეჰოვას შესახებ, მით უფრო შეგვიყვარდება ის და მეტად დავაფასებთ მის სამართლიან ნორმებს. ახლა განვიხილოთ, როგორ გვეხმარება სუფთა სინდისი, შევიყვაროთ სიმართლე.

      შეინარჩუნეთ სუფთა სინდისი

      9. რატომ იქნება ჩვენთვის კარგი, თუ სუფთა სინდისს შევინარჩუნებთ?

      9 მონათვლის დროს ღმერთს ვთხოვეთ, ჩვენთვის „სუფთა სინდისი“ მოეცა (1 პეტ. 3:21). რადგან გვწამს, რომ იესოს გამოსასყიდს ხსნის ძალა აქვს, იესოს სისხლი გვათავისუფლებს ცოდვის მარწუხებისგან და შეგვიძლია მართლებად წარვდგეთ ღვთის წინაშე. მაგრამ, თუ გვინდა, დაულაქავებელნი დავრჩეთ ღვთის თვალში, სუფთა სინდისი უნდა შევინარჩუნოთ. თუ ჩვენი სინდისი დროდადრო ბრალს გვდებს და ამგვარად გამაფრთხილებელ ნიშანს გვაძლევს, უნდა გვიხაროდეს, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ იგი სათანადოდ რეაგირებს საფრთხეზე, არ გამხდარა უგრძნობი და არ გვაძლევს საშუალებას, ჩამოვშორდეთ იეჰოვას სამართლიან გზებს (1 ტიმ. 4:2). გარდა ამისა, სუფთა სინდისი დიდ სამსახურს უწევს მათ, ვისაც მთელი გულით სურს, შეიყვაროს სიმართლე.

      10, 11. ა) მოჰყევით შემთხვევა, რომელიც ადასტურებს, რომ ყოველთვის გონივრულია, მოვუსმინოთ ბიბლიით განსწავლული სინდისის ხმას. ბ) რატომ მოგვგვრის კმაყოფილებას სიმართლის სიყვარული?

      10 თუ არასწორს ვაკეთებთ, შესაძლოა ჩვენმა სინდისმა ბრალი დაგვდოს და აგვაფორიაქოს კიდეც. მოვიყვანოთ ერთი ახალგაზრდა მამაკაცის მაგალითი, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ დადიოდა სიმართლის გზებით. მას ჩვევად ექცა პორნოგრაფიის ყურება და მარიხუანას მოწევაც დაიწყო. მას შემდეგ, ყოველთვის როცა კრების შეხვედრებს ესწრებოდა ან მსახურობდა, დანაშაულის გრძნობა მოსვენებას არ აძლევდა. ის გრძნობდა, რომ თვალთმაქცობდა. ამიტომ, შეწყვიტა მსახურება და კრებაც მიატოვა. ის გვიზიარებს: „მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ადრე თუ გვიან, სინდისი დამქენჯნიდა. დაახლოებით ოთხი წლის მანძილზე უგუნურად ვიქცეოდი“. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ მან გადაწყვიტა, დაბრუნებოდა იეჰოვას ორგანიზაციას. მას ეგონა, რომ იეჰოვა არ მოისმენდა მის ლოცვას, მაგრამ მაინც ილოცა და იეჰოვას პატიება სთხოვა. ლოცვიდან ათი წუთიც არ იყო გასული, რომ დედამ მიაკითხა და ურჩია, რომ დაბრუნებოდა კრებას. ის წავიდა კრებაზე, შეხვდა უხუცესს და სთხოვა, რომ თავიდან ესწავლებინა მისთვის ბიბლია. რამდენიმე ხანში იგი მოინათლა. დღეს ეს ძმა იეჰოვას უმადლის, რომ მის ორგანიზაციაშია და თავს უსაფრთხოდ გრძნობს.

      11 ალბათ, ყველას გამოგვიცდია, რა სასიამოვნოა, როცა იეჰოვას თვალში სიმართლეს ვიქმთ. რაც უფრო მეტად შევეცდებით შევიყვაროთ სიმართლე და ვიაროთ იეჰოვას გზით, მით უფრო მეტად გავიხარებთ, რომ ვაკეთებთ იმას, რაც სიამოვნებს ჩვენს ზეციერ მამას. გარდა ამისა, ახლოსაა დრო, როცა ადამიანები გასრულყოფილდებიან და შეძლებენ სრულად აირეკლონ ღვთის თვისებები. შესაბამისად, ისინი აღარასდროს იგრძნობენ სინდისის ქენჯნას. ამიტომ, მოდი, დღესვე მთელი გულით შევიყვაროთ სიმართლე და იეჰოვას გავუხაროთ გული (იგავ. 23:15, 16).

      12, 13. როგორ შევძლებთ სინდისის გაწაფვას?

      12 როგორ შეგვიძლია გავიწაფოთ სინდისი? თუ ვიკვლევთ ბიბლიასა და მასზე დაფუძნებულ პუბლიკაციებს, ეს შეგვძენს ‘მართლის გულს, რომელიც პასუხის გაცემამდე ფიქრობს’ (იგავ. 15:28). ‘პასუხის გაცემამდე ფიქრი’ დაგვეხმარება, ყოველთვის სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ, როცა საქმე ამა თუ იმ სამუშაოს დაწყებას ეხება. თუ შემოთავაზებული სამუშაო აშკარად ეწინააღმდეგება იმას, რასაც ბიბლიიდან ვსწავლობთ, არ გვიჭირს, მივყვეთ „ერთგული და გონიერი მონის“ მითითებებს და ასეთ სამუშაოზე უარი ვთქვათ. მაგრამ მაშინ უფრო რთულია გადაწყვეტილების მიღება, როცა არც ისე ადვილია იმის განსაზღვრა, რამდენად მისაღებია შემოთავაზებული სახის სამუშაო ქრისტიანისთვის. ასეთ დროს უნდა დავფიქრდეთ, ხომ არ ირღვევა რომელიმე ბიბლიური პრინციპიa და ლოცვით ვთხოვოთ ღმერთს დახმარება. ერთ-ერთი ასეთი პრინციპია, გავუფრთხილდეთ სხვების სინდისს და ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებით არ დავაბრკოლოთ ისინი (1 კორ. 10:31—33). განსაკუთრებით იმაზე უნდა ვიფიქროთ, ღმერთთან ხომ არ გაგვიფუჭდება ურთიერთობა. თუ იეჰოვა ჩვენთვის რეალური პიროვნებაა, პირველ რიგში, ვკითხავთ საკუთარ თავს: ‘ხომ არ გავანაწყენებ და ტკივილს ხომ არ მივაყენებ მას’? (ფსალმ. 78:40, 41).

      13 როდესაც „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატიას ან კრების ბიბლიის შესწავლისთვის განკუთვნილ მასალას ვამზადებთ, მნიშვნელოვანია, ვიფიქროთ წაკითხულზე. სწრაფად ხომ არ მოვნიშნავთ ხოლმე პასუხს დასმულ კითხვაზე და მალევე ხომ არ გადავდივართ შემდგომ აბზაცზე? თუ განსახილველ მასალას ზერელედ ვუდგებით, ვერ გავიღრმავებთ სიმართლის სიყვარულს და ვერც სინდისს გავიწაფავთ. თუ გვინდა შევიყვაროთ სიმართლე, გულმოდგინედ უნდა ვიკვლიოთ ღვთის სიტყვა და ნასწავლზე ვიფიქროთ. სხვაგვარად ვერ შევძლებთ სიმართლის მთელი გულით შეყვარებას!

      „სიმართლეს მოშიებულნი და მოწყურებულნი“

      14. იეჰოვასა და იესოს რომ ვასიამოვნოთ, როგორ უნდა ვასრულებდეთ ჩვენზე მონდობილ წმინდა მსახურებას?

      14 იეჰოვა ღმერთსა და მის ძეს, იესოს, სურთ, რომ სიხარულით ვასრულებდეთ ჩვენზე მონდობილ წმინდა მსახურებას. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ გვეყვარება სიმართლე. მთაზე ქადაგებისას იესომ თქვა: „ბედნიერნი არიან სიმართლეს მოშიებულნი და მოწყურებულნი, რადგან ისინი გაძღებიან“ (მათ. 5:6). რა მნიშვნელობა აქვს იესოს ამ სიტყვებს მათთვის, ვისაც სურს, უყვარდეს სიმართლე?

      15, 16. როგორ შეგვიძლია სულიერი შიმშილისა და წყურვილის დაკმაყოფილება?

      15 ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყნიერებაში, რომელსაც ბოროტი მართავს (1 იოან. 5:19). მსოფლიოს რომელ კუთხეშიც არ უნდა ვცხოვრობდეთ, თუ ადგილობრივ პრესას გადავშლით, დავრწმუნდებით, რომ დღესდღეობით დამნაშავეობამ და ძალადობამ უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია. გაბოროტებული ადამიანები ასე რომ ჩაგრავენ ერთმანეთს, სიმართლის მოყვარულთ ეს ბევრ რამეზე აფიქრებთ (ეკლ. 8:9). ჩვენ გვიყვარს იეჰოვა და ვიცით, რომ მხოლოდ მას შეუძლია სიმართლის მოყვარულების სულიერად დაპურება და დარწყულება. მალე სიმართლის მოყვარულები გაიხარებენ, რადგან უღვთო ადამიანები მოისპობიან, ხოლო მათი ბოროტი და უკანონო საქმეები წარსულს ჩაჰბარდება (2 პეტ. 2:7, 8). ეს შვებას მოჰგვრის იეჰოვას ხალხს!

      16 ჩვენ, იეჰოვას მსახურებმა და იესოს მიმდევრებმა ვიცით, რომ „სიმართლეს მოშიებულნი და მოწყურებულნი . . . გაძღებიან“. ისინი გაიხარებენ, რადგან მალე დამყარდება ახალი ცა და ახალი დედამიწა, „სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე“ (2 პეტ. 3:13). არასდროს გაგვიკვირდეს და არ გაგვიტყდეს გული იმის გამო, რომ სატანის უსამართლო ქვეყნიერებაში ბოროტება და ძალადობა ყვავის (ეკლ. 5:8). ჩვენი უზენაესი ღმერთი, იეჰოვა, ხედავს უსამართლობას, რაც ცისქვეშეთში ხდება და მალე დაიხსნის სიმართლის მოყვარულთ.

      შეიყვარეთ სიმართლე და მიიღეთ კურთხევები!

      17. რომელია ზოგი იმ კურთხევებიდან, რომლებსაც სიმართლის მოყვარულები მიიღებენ?

      17 ფსალმუნის 146:8-ში ვკითხულობთ, თუ რა ელით მათ, ვინც სიმართლეს შეიყვარებს. ფსალმუნმომღერალი მღეროდა: „იეჰოვას უყვარს მართლები“. წარმოიდგინე, სამყაროს უზენაესი შემოქმედი აღგვითქვამს, რომ ვეყვარებით, რადგან გვიყვარს სიმართლე! ჩვენ ვიცით, რომ იეჰოვას ვუყვარვართ, ამიტომ გვჯერა, თუ სამეფოს ინტერესებს პირველ ადგილზე დავაყენებთ, ის იზრუნებს ყოველივე აუცილებელზე (წაიკითხეთ ფსალმუნის 37:25; იგავების 10:3). დედამიწას მხოლოდ სიმართლის მოყვარულნი დაიმკვიდრებენ (იგავ. 13:22). ღვთის ხალხს, რომლებიც ერთგულად დადიან სიმართლის გზებით, ენით აუწერელი სიხარული ელის — ისინი მალე მიიღებენ ჯილდოს და მარადიულად იცხოვრებენ სამოთხეში, დედამიწაზე. მათ დღესვე აქვთ სულის სიმშვიდე, რაც ეხმარებათ, მშვიდობა ჰქონდეთ ოჯახებსა თუ კრებაში (ფილ. 4:6, 7).

      18. რა უნდა გავაკეთოთ, სანამ იეჰოვას დიდ დღეს ველით?

      18 რაც უფრო ვუახლოვდებით იეჰოვას დიდ დღეს, მით უფრო მეტად უნდა ვეძებოთ მისი სიმართლე (სოფ. 2:2, 3). სწორედ ამიტომ, წრფელი გულით უნდა შევიყვაროთ იეჰოვა ღმერთის სამართლიანი გზები. ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ „სიმართლის ჯავშნით“ შემოსილნი, თუ გვინდა დავიცვათ ჩვენი სიმბოლური გული. გარდა ამისა, საჭიროა შევინარჩუნოთ სუფთა სინდისი, რაც თავიდან აგვარიდებს ზედმეტ თავსატეხს და დაგვეხმარება, გული გავუხაროთ იეჰოვას (იგავ. 27:11).

      19. რა უნდა გვქონდეს მტკიცედ გადაწყვეტილი და რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

      19 „იეჰოვას თვალები აკვირდება მთელ დედამიწას, რომ თავისი ძალით დაეხმაროს მათ, ვინც მთელი გულით არის მასთან“ (2 მატ. 16:9). ეს სიტყვები ძლიერ გვამხნევებს დღეს, რადგან გვსურს ღვთისმოსაწონად ვიქცეოდეთ ქვეყნიერებაში, სადაც არაფრისგან ვართ დაცული, და ჩაგვრა და ძალადობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა! ღვთისგან გაუცხოებულ კაცობრიობას ანცვიფრებს, რომ სიმართლის გზებით ვამჯობინებთ სიარულს. იეჰოვას სამართლიანი პრინციპებით ცხოვრება ჩვენთვისვეა სასიკეთო (ეს. 48:17; 1 პეტ. 4:4). მთელი გულით შევეცადოთ, შევიყვაროთ სიმართლე, და ვიაროთ სიმართლის გზებით. თუმცა, მთელი გულით რომ შევიყვაროთ სიმართლე, უნდა შევიძულოთ უკანონობა. სწორედ ამაზე ვისაუბრებთ შემდეგ სტატიაში.

  • გძულთ უკანონობა?
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 თებერვალი
    • გძულთ უკანონობა?

      „შენ [იესო] უკანონობა შეიძულე“ (ებრ. 1:9).

      1. როგორ გაამახვილა იესომ ყურადღება სიყვარულის მნიშვნელოვნებაზე?

      იესო ქრისტემ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა სიყვარულის მნიშვნელოვნებაზე, თავის მოწაფეებს უთხრა: „ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოან. 13:34, 35). იესომ თავის მიმდევრებს მოუწოდა, რომ ერთმანეთის მიმართ თავგანწირული სიყვარული გამოევლინათ. სიყვარული ქრისტიანების ამოსაცნობი ნიშანი უნდა ყოფილიყო. იესომ აგრეთვე მითითება მისცა მათ: „გიყვარდეთ თქვენი მტრები და ილოცეთ თქვენი მდევნელებისთვის“ (მათ. 5:44).

      2. რა უნდა შეიძულონ ქრისტეს მიმდევრებმა?

      2 იესომ თავის მიმდევრებს მხოლოდ სიყვარულის გამოვლენა კი არ ასწავლა, არამედ ისიც დაანახვა, რა უნდა სძულებოდათ. ბიბლიაში იესოს შესახებ ვკითხულობთ: „შენ სიმართლე შეიყვარე და უკანონობა [ბოროტება] შეიძულე“ (ებრ. 1:9; ფსალმ. 45:7). აქედან ჩანს, რომ ჩვენ მხოლოდ სიმართლე კი არ უნდა შევიყვაროთ, არამედ ბოროტებაც ანუ უკანონობაც უნდა შევიძულოთ. საყურადღებოა, რაც იოანე მოციქულმა აღნიშნა: „ვინც სცოდავს, უკანონობას სჩადის, ასე რომ, ცოდვა უკანონობაა“ (1 იოან. 3:4).

      3. რომელი ოთხი მხარე იქნება განხილული ამ სტატიაში, და რა უნდა შევიძულოთ?

      3 ჩვენ, ქრისტიანებმა საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: მძულს უკანონობა? ახლა განვიხილოთ ოთხი მხარე და გავიგოთ, რა უნდა შევიძულოთ: 1) რა თვალსაზრისი უნდა გვქონდეს ალკოჰოლის უზომოდ მოხმარებაზე? 2) რა შეხედულება უნდა გვქონდეს ოკულტიზმზე? 3) როგორ უნდა ვრეაგირებდეთ უზნეობაზე? 4) რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს უკანონობის მოყვარულთა მიმართ?

      ნუ დაემონებით ალკოჰოლს!

      4. რატომ შეეძლო იესოს სრული სითამამით მიეცა სხვებისთვის რჩევა, როცა საქმე უზომო სმას ეხებოდა?

      4 იესო დროდადრო სვამდა ღვინოს; ის აღიარებდა, რომ ღვინო ღვთისგან ბოძებული ძღვენია (ფსალმ. 104:14, 15). მაგრამ იესო ბოროტად არასდროს იყენებდა ამ ძღვენს და უზომოდ არ სვამდა (იგავ. 23:29—33). ამიტომ, მას სიტყვაში სრული სითამამე ჰქონდა, როცა სხვებს ამ საკითხზე რჩევას აძლევდა (წაიკითხეთ ლუკას 21:34 ). ალკოჰოლის უზომოდ სმას არაერთი სერიოზული ცოდვა შეიძლება მოჰყვეს. პავლე მოციქულმა დაწერა: „ნუ დათვრებით ღვინით, რაშიც აღვირახსნილობაა, არამედ სულით ივსებოდეთ“ (ეფეს. 5:18). იგი აგრეთვე შეაგონებდა ხანში შესულ ქალებს, რომ „ღვინის მონები“ არ გამხდარიყვნენ (ტიტ. 2:3).

      5. რა კითხვები უნდა დაუსვან თავს მათ, ვინც ალკოჰოლურ სასმელებს სვამს?

      5 თუ ალკოჰოლურ სასმელებს ეტანებით, კარგი იქნებოდა, გეკითხათ საკუთარი თავისთვის: ისეთივე თვალსაზრისი მაქვს უზომოდ სმაზე, როგორიც იესოს ჰქონდა? თამამად შემიძლია საჭიროების შემთხვევაში ამ საკითხზე რჩევა მივცე სხვებს? იმ მიზნით ხომ არ ვიღებ ალკოჰოლს, რომ დარდი გავიქარვო ან სტრესი მოვიხსნა? რა რაოდენობით ალკოჰოლს ვიღებ ყოველკვირა? როგორ ვრეაგირებ, თუ ვინმე მიმანიშნებს, რომ ძალიან ბევრს ვსვამ? ხომ არ ვიმართლებ თავს ან ხომ არ ვბრაზდები? თუ ალკოჰოლს უზომოდ მივიღებთ, საღად აზროვნების უნარს დავკარგავთ, რაც ჩვენს გადაწყვეტილებებზეც იმოქმედებს. ქრისტეს მიმდევრები ყველანაირად ცდილობენ, რომ არ დაკარგონ საღი აზრი (იგავ. 3:21, 22).

      შორს დაიჭირეთ თავი ოკულტიზმისგან!

      6, 7. ა) როგორ უწევდა იესო წინააღმდეგობას სატანასა და მის დემონებს? ბ) რატომ არის დღეს ასე ფართოდ გავრცელებული ოკულტიზმი?

      6 დედამიწაზე მსახურების დროს იესო მტკიცედ აღუდგა წინ სატანასა და მის დემონებს. ეშმაკმა ვერ შეარყია იესოს ერთგულება, რადგან მან უარყო ყველა მისი შემოთავაზება (ლუკ. 4:1—13). მან აგრეთვე ამოიცნო სატანის კარგად შენიღბული ხრიკი და მთელი ძალით შეეწინააღმდეგა, რადგან ეშმაკი ცდილობდა, მის აზროვნებაზე და საქციელზე ემოქმედა (მათ. 16:21—23). იესო დაეხმარა ბევრ გულწრფელ ადამიანს, თავი დაეღწიათ ოკულტიზმის საშინელი მარწუხებისგან (მარ. 5:2, 8, 12—15; 9:20, 25—27).

      7 სამეფო ტახტზე ასვლის შემდეგ, 1914 წელს იესომ გაწმინდა ზეცა სატანისა და მისი დემონებისგან. ამიტომ, სატანა, ისე როგორც არასდროს, ყველა ღონეს ხმარობს, რომ ‘შეცდომაში შეიყვანოს მთელი მსოფლიო’ (გამოცხ. 12:9, 10). აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რატომ არის დღეს ასე მიმზიდველი და ფართოდ გავრცელებული ოკულტიზმი. როგორ შეგვიძლია თავი დავიცვათ ოკულტიზმისგან?

      8. რატომ უნდა გამოვიკვლიოთ თითოეულმა საკუთარი თავი, როცა გართობის საშუალებებს ვირჩევთ?

      8 ბიბლია გვაფრთხილებს, თუ რა საშიშროება იმალება სპირიტიზმის მიღმა (წაიკითხეთ კანონის 18:10—12). დღეს სატანა და დემონები ხალხის აზროვნებაზე მისტიკური ხასიათის ფილმების, წიგნებისა თუ ელექტრონული თამაშების მეშვეობით ახდენენ გავლენას. ამიტომ, როცა გართობის საშუალებებს ვირჩევთ, თითოეულმა უნდა ვკითხოთ თავს: გასული თვეების მანძილზე ხომ არ ვერთობოდი სპირიტული შინაარსის ფილმებით, სატელევიზიო გადაცემებით, კომპიუტერული თამაშებით, წიგნებით ან კომიქსებით? მესმის, რამდენად საშიშია ოკულტიზმი და უარვყოფ სპირიტიზმის ნებისმიერ ფორმას თუ დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ ამას? ოდესმე დავფიქრებულვარ, როგორ უყურებს იეჰოვა გართობას, რომელსაც ვირჩევ? თუ სატანას უფლებას მივცემ, რომ სპირიტიზმის საშუალებით გავლენა მოახდინოს ჩემზე, ხომ არ გამინელდება იეჰოვასა და მისი სამართლიანი ნორმების მიმართ სიყვარული და ხომ არ გამიჭირდება, უმალვე შევეწინააღმდეგო სატანას? (საქ. 19:19, 20).

      ყურად იღეთ იესოს გაფრთხილება უზნეობაზე!

      9. როგორ შეიძლება ადამიანის გულში უკანონობის სიყვარულმა გაიდგას ფესვი?

      9 იესო იეჰოვას მაღალზნეობრივ ნორმებს იცავდა. მან თქვა: «ნუთუ არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაწყისში კაცად და ქალად შექმნა ისინი და თქვა: „ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ორნი ერთი ხორცი იქნებიან“? ასე რომ, ისინი ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ» (მათ. 19:4—6). იესომ იცოდა, რომ თვალით დანახული გავლენას ახდენდა გულზე. ამიტომ, მთაზე ქადაგებისას თქვა: «თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: „არ იმრუშო“, მე კი გეუბნებით: ვინც ქალს უყურებს და ვნება აღეძვრება, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში» (მათ. 5:27, 28). ვინც უარყოფს იესოს გაფრთხილებას, სინამდვილეში მის გულში უკანონობის სიყვარული იდგამს ფესვს.

      10. მოჰყევით, როგორ მიატოვა ერთმა ქრისტიანმა პორნოგრაფიის ყურება.

      10 სატანა პორნოგრაფიის მეშვეობით სექსუალური უზნეობის გავრცელებას უწყობს ხელს. დღევანდელი ქვეყნიერება წალეკა პორნოგრაფიამ. ვინც პორნოგრაფიას უყურებს, უჭირთ, გონებიდან ამოიგდონ სექსუალური უზნეობის ამსახველი კადრები. უფრო მეტიც, ისინი დამოკიდებული ხდებიან პორნოგრაფიაზე. აი, რას ყვება ერთი ქრისტიანი: „იყო დრო, როცა ჩუმად ვუყურებდი პორნოგრაფიას. ჩემ მიერ წარმოსახულ სამყაროში ვცხოვრობდი — თითქოს გამიჯნული ვიყავი იმ სამყაროსგან, რომელშიც იეჰოვას ვემსახურებოდი. ვიცოდი, რომ პორნოგრაფიის ყურება უწმინდური ჩვევა იყო, მაგრამ საკუთარ თავს ვარწმუნებდი, რომ ღვთისთვის კვლავაც მისაღები იყო ჩემი მსახურება“. როგორ შეიცვალა ამ ძმამ აზროვნება? იგი ამბობს: „ის გავაკეთე, რაც ყველაზე ძალიან მიჭირდა — ჩემი პრობლემის შესახებ უხუცესებს დაველაპარაკე“. საბოლოოდ, ამ ძმამ მიატოვა ეს უწმინდური ჩვევა. ის დასძენს: „მას შემდეგ, რაც მივატოვე პორნოგრაფიის ყურება, ისევ დავიბრუნე სუფთა სინდისი“. მათ, ვისაც სძულთ უკანონობა, პორნოგრაფიაც უნდა შეიძულონ.

      11, 12. როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ გვძულს უკანონობა, როცა საქმე მუსიკის არჩევაზე მიდგება?

      11 მუსიკა და ტექსტი დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ემოციებზე და, შესაბამისად, ჩვენს სიმბოლურ გულზეც. მუსიკაც ღვთისგან ბოძებული ძღვენია და საუკუნეებია, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში (გამ. 15:20, 21; ეფეს. 5:19). მაგრამ სატანის ბოროტი სისტემა მუსიკასაც იყენებს იმ მიზნით, რომ უზნეობა დიდების ზენიტში აიყვანოს (1 იოან. 5:19). როგორ შეგიძლიათ გაიგოთ, უარყოფითად მოქმედებს თუ არა თქვენზე მუსიკა, რომელსაც უსმენთ?

      12 თქვენ შეგიძლიათ ჰკითხოთ თავს: ხომ არ განადიდებს ჩემ მიერ არჩეული სიმღერის ტექსტები მკვლელობას, მრუშობას, ან ხომ არ გმობს ღმერთს? თუ ვინმეს წავუკითხავთ ჩვენ მიერ არჩეული სიმღერის ტექსტს, დარჩება მას ჩვენზე შთაბეჭდილება, რომ ნამდვილად გვძულს უკანონობა თუ ისეთი წარმოდგენა შეექმნება, რომ ჩვენი გული გაირყვნა? ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ გვძულს უკანონობა, თუ უზნეობის განმადიდებელ სიმღერებს მოვუსმენთ. იესომ თქვა: „პირიდან გამოსული კი გულიდან გამოდის და ეს ბილწავს ადამიანს. მაგალითად, გულიდან გამოდის ბოროტი აზრები, მკვლელობა, მრუშობა, სიძვა, ქურდობა, ცრუმოწმეობა, მკრეხელობა“ (მათ. 15:18, 19; შეადარეთ იაკობის 3:10, 11).

      ისეთივე შეხედულება გქონდეთ უკანონობის მოყვარულთა მიმართ, როგორიც იესოს ჰქონდა

      13. როგორ უყურებდა იესო მათ, ვინც ურცხვად სჩადიოდა ცოდვას?

      13 იესომ თქვა, რომ ის მოვიდა ცოდვილთა, ანუ უკანონობის მოყვარულთა მოსახმობად, რათა მოენანიებინათ ცოდვები (ლუკ. 5:30—32). როგორ უყურებდა იესო მათ, ვინც ურცხვად სჩადიოდა ცოდვას? იესომ მკაცრად გააფრთხილა ყველა, თავი შორს დაეჭირათ მათგან, ვინც სხვებს ცოდვაში ითრევდნენ (მათ. 23:15, 23—26). მან აგრეთვე განაცხადა: «ვინც მეუბნება: „უფალო, უფალო“, ყველა ვერ შევა ზეციერ სამეფოში, არამედ ის, ვინც ასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას. ბევრი მეტყვის იმ დღეს: „უფალო, უფალო, განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით დემონებს და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?“» მაგრამ იესო უარყოფს ყველას, ვინც მოუნანიებლად აგრძელებს უკანონობის კეთებას, და ეტყვის მათ: „გამშორდით“! (მათ. 7:21—23). რატომ გამოაქვს იესოს მათთვის ასეთი მკაცრი განაჩენი? მიზეზი ის არის, რომ ისინი შეურაცხყოფენ ღმერთს და თავიანთი უკანონო ქმედებებით სხვებსაც ზიანს აყენებენ.

      14. რატომ უნდა გაირიცხოს მოუნანიებელი შემცოდველი კრებიდან?

      14 ღვთის სიტყვაში მითითებაა, რომ მოუნანიებელი შემცოდველი კრებიდან გაირიცხოს (წაიკითხეთ 1 კორინთელების 5:9—13). ამის, სულ მცირე, სამი მიზეზი არსებობს: 1) იეჰოვას სახელი არ უნდა შეიბღალოს, 2) კრების სიწმინდე უნდა იყოს დაცული, 3) ცოდვილს დახმარება უნდა გაეწიოს, რომ იქნებ მოინანიოს.

      15. რა კითხვები უნდა დავუსვათ თავს იმისათვის, რომ გავიგოთ, ნამდვილად გვიყვარს თუ არა ღმერთი?

      15 გვაქვს ისეთივე შეხედულება უკანონობის მოქმედთა მიმართ, როგორიც იესოს ჰქონდა? ჩვენ საკუთარ თავს უნდა დავუსვათ კითხვები: ხშირი ურთიერთობა ხომ არ მაქვს მასთან, ვინც კრებიდან არის გარიცხული ან ვინც თავად დატოვა ქრისტიანული კრება? რა შეიძლება ითქვას, თუ ის ჩემი ოჯახის წევრია, მაგრამ ერთ ჭერქვეშ დიდი ხანია აღარ ვცხოვრობთ? ასეთ სიტუაციაში ღვთისადმი ჩვენი ერთგულება იცდება და მჟღავნდება, რამდენად გვიყვარს სიმართლე.a

      16, 17. რა პრობლემის წინაშე დადგა ერთი ქრისტიანი დედა, და რა დაეხმარა მას, რომ მიჰყოლოდა იეჰოვას მითითებას მოუნანიებელი ცოდვილის გარიცხვის თაობაზე?

      16 დავფიქრდეთ ერთი დის მაგალითზე. მის ვაჟს, რომელიც სრულწლოვანია, ერთ დროს უყვარდა იეჰოვა. მაგრამ მოგვიანებით მან უკანონობას მიჰყო ხელი. მან არ მოინანია და კრებიდან გაირიცხა. ჩვენს დას უყვარდა იეჰოვა, მაგრამ თავისი შვილიც არანაკლებ უყვარდა. მას ძალიან უჭირდა, გაეთვალისწინებინა ბიბლიური მითითება და მორიდებოდა გარიცხულ შვილთან ურთიერთობას.

      17 თქვენ რა რჩევას მისცემდით ამ დას? უხუცესი დაეხმარა დას იმის დანახვაში, რომ იეჰოვას კარგად ესმოდა მისი ტკივილი. მან დააფიქრა ეს და, თუ რამხელა ტკივილს იგრძნობდა თავად იეჰოვა, როცა მისმა სულიერმა ძეებმა ზურგი აქციეს. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვამ იცის, როგორი მტკივნეულია ძმის ან დის კრებიდან გარიცხვა, მისი მითითებით, მოუნანიებელი ცოდვილი კრებიდან უნდა გაირიცხოს. დამ ყურად იღო უხუცესის რჩევა და ერთგულად მიჰყვა იეჰოვას მითითებას.b ასეთი ერთგულება გულს უხარებს იეჰოვას (იგავ. 27:11).

      18, 19. ა) რის მიმართ გამოვხატავთ სიძულვილს, როცა უარს ვამბობთ შემცოდველთან ურთიერთობაზე? ბ) რა მოჰყვება შედეგად იმას, თუ ღვთის ერთგული დავრჩებით და მივყვებით მის მითითებას?

      18 თუ თქვენც მსგავს სიტუაციაში ხართ, გახსოვდეთ, რომ იეჰოვას კარგად ესმის თქვენი და თანაგიგრძნობთ. როდესაც უარს ამბობთ მასთან ურთიერთობაზე, ვინც კრებიდან გაირიცხა ან თავად მიატოვა კრება, თქვენ აჩვენებთ, რომ გძულთ ღვთისთვის მიუღებელი აზროვნება და საქციელი, რამაც ძმა თუ და აქამდე მიიყვანა. მაგრამ ამავდროულად თქვენ ცხადყოფთ, რომ გიყვართ შემცოდველი და მისთვის საუკეთესო გსურთ. უფრო მეტიც, თუ ამ საკითხში იეჰოვას მითითებას მიჰყვებით და ამგვარად დაუმტკიცებთ ერთგულებას, დიდი ალბათობაა, რომ სამართლებრივი ზომების მიღების შედეგად შემცოდველმა მოინანიოს და იეჰოვას დაუბრუნდეს.

      19 ერთმა ქრისტიანმა, რომელიც გაირიცხა და მოგვიანებით აღდგა, დაწერა: „იეჰოვას იმდენად უყვარს თავისი ხალხი, რომ არასდროს უშვებს, მისი ორგანიზაციის სიწმინდე შეიბღალოს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ორგანიზაციაში ვარ! ის, რაც გარეშეებს სისასტიკედ მიაჩნიათ, სრულიად სამართლიანია და სიყვარულის მაჩვენებელია“. როგორ ფიქრობთ, რა დაეხმარა ამ ქრისტიანს ასეთი დასკვნის გაკეთებაში? ეჭვგარეშეა, ეს ქრისტიანი ამ აზრამდე არ მივიდოდა, კრების ან ოჯახის წევრებს მასთან ურთიერთობა რომ გაეგრძელებინათ. როდესაც მივყვებით ბიბლიურ მითითებას გარიცხვის თაობაზე, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ გვიყვარს სიმართლე და ვაღიარებთ, რომ იეჰოვას აქვს უფლება, დაგვიდგინოს ქცევის ნორმები.

      „შეიძულეთ ბოროტება“!

      20, 21. რატომ უნდა შევიძულოთ ბოროტება?

      20 პეტრე მოციქული გვაფრთხილებს: „იფხიზლეთ და გეღვიძოთ!“ რატომ არის სიფხიზლე აუცილებელი? მოციქული თავად გვპასუხობს: „თქვენი მოწინააღმდეგე, ეშმაკი, დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ გადაყლაპოს“ (1 პეტ. 5:8). შეიძლება თქვენც აღმოჩნდეთ ეშმაკის მსხვერპლი? ეს იმაზეა დამოკიდებული, ავითარებთ თუ არა სიძულვილს ბოროტების მიმართ.

      21 ადვილი არ არის, შეიძულო ბოროტება. ჩვენ ცოდვილები ვიბადებით და ისეთ ქვეყნიერებაში ვცხოვრობთ, რომელიც ჩვენში ხორციელ სურვილებს აღძრავს (1 იოან. 2:15—17). მაგრამ, თუ იესო ქრისტეს მივბაძავთ და მთელი გულით შევიყვარებთ იეჰოვას, შევძლებთ უკანონობის შეძულებას. მოდი, მტკიცე გადაწყვეტილება მივიღოთ, რომ ‘შევიძულოთ ბოროტება’ და ღრმად ვიყოთ დარწმუნებული, რომ იეჰოვა ‘დაიცავს თავის ერთგულებს, ბოროტთა ხელიდან იხსნის მათ’ (ფსალმ. 97:10).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება