საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რელიგიური შეუწყნარებლობა დღეს
    გამოიღვიძეთ! — 1999 | იანვარი 8
    • რელიგიური შეუწყნარებლობა დღეს

      „ყოველ ადამიანს აქვს უფლება აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებისა; ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას თავისი რელიგიის თუ რწმენის შეცვლისა და თავისუფლებას თავისი რელიგიის თუ რწმენის აღმსარებლობისა როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად, მოძღვრებაში, ღვთისმსახურებაში და რელიგიურ და რიტუალურ წეს-ჩვეულებათა შესრულებაში საჯარო თუ კერძო წესით“ (1948 წელს გამოცემული გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლი 18).

      არის თქვენს ქვეყანაში რელიგიის თავისუფლება? მსოფლიოს უმეტესი ქვეყნები ფორმალურად იზიარებენ ამ კეთილშობილურ პრინციპს, რომელიც არაერთხელაა მოხსენიებული საერთაშორისო დეკლარაციებში. მაგრამ ცნობილია, რომ მრავალ ქვეყანაში, სადაც შეუწყნარებლობა და დისკრიმინაცია მკაცრი რეალობაა, მილიონობით ადამიანი მოკლებულია რელიგიის თავისუფლებას. ამავე დროს, ბევრ მრავალეროვან და მრავალსარწმუნოებრივ სახელმწიფოში თავისუფლება კანონითაა უზრუნველყოფილი და შემწყნარებლობაც თითქოს ჩვეულებრივი მოვლენაა.

      მაგრამ მსოფლიოს ასეთ კუთხეებშიც კი რელიგიის თავისუფლება საფრთხეშია. „რელიგიისა თუ რწმენის დისკრიმინაცია არსებობს თითქმის ყველა ეკონომიკურ, სოციალურ და იდეოლოგიურ სისტემაში, მთელ მსოფლიოში“, — აღნიშნა ანჯელო დ’ალმეიდა რიბეირუმ, გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის ყოფილმა სპეციალურმა მომხსენებელმა. წიგნში „რელიგიისა და რწმენის თავისუფლება — მსოფლიო უწყებები“ (Freedom of Religion and Belief—A World Report), რომელიც 1997 წელს გამოიცა, კევინ ბოილი და ჯულიეტ შინი აღნიშნავენ: „რელიგიის უმცირესობათა შევიწროება, აკრძალვა და დისკრიმინაცია. . . მეოცე საუკუნის მიწურულს ყოველდღიური მოვლენაა“.

      მაგრამ რელიგიური დისკრიმინაცია მხოლოდ რელიგიურ უმცირესობებს არ ეხება. პროფესორი აბდულფატახ ამორი, რელიგიურ შევიწროებასთან დაკავშირებით გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის სპეციალური მომხსენებელი, აღნიშნავს, რომ „ძალადობისგან არც ერთი რელიგიაა დაცული“. მაშინ სავსებით მოსალოდნელია, რომ იმ ქვეყანაშიც, რომლის მცხოვრებიც თქვენ ხართ, გარკვეული რელიგიების მიმართ იყოს მიკერძოებული აზრები და იჩენდნენ შეუწყნარებლობას.

      დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმა

      რელიგიური დისკრიმინაცია შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს. ზოგ ქვეყანაში ყველა რელიგიას გამორიცხავენ და აღიარებენ მხოლოდ ერთს, სახელმწიფო რელიგიას. სხვა ქვეყნებში კანონით შეზღუდულია გარკვეული რელიგიების საქმიანობა. ზოგ ქვეყანაში გამოიცა ისეთი კანონები, რომლებსაც ადვილია თვითნებური ინტერპრეტაცია გაუკეთო. მაგალითად, დაუკვირდით, რა ადვილად შეიძლებოდა ისრაელში შემუშავებული კანონპროექტის თვითნებურად გამოყენება; ის კრძალავდა ისეთი მასალისა და ბროშურების იმპორტს, ბეჭვდას, გავრცელებასა და შენახვას, „რომლებიც შეიცავდნენ მოწოდებას სარწმუნოების შეცვლის შესახებ“. არაა გასაკვირი გაზეთში გამოქვეყნებული ცნობა: „ისრაელში გააწამეს იეჰოვას მოწმეები და მათ წინააღმდეგ შეტევაზეც გადავიდნენ“ (International Herald Tribune). ქალაქ ლოდში იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზში ულტრაორთოდოქსი ფანატიკოსები სამჯერ შეიჭრნენ, ორჯერ კი ყველაფერი საშინლად ააოხრეს. პოლიციამ ჩარევაზე უარი განაცხადა.

      წიგნში „რელიგიისა და რწმენის თავისუფლება“ მოყვანილია შეუწყნარებლობის სხვა მაგალითებიც: „ერესი და ერეტიკოსობა მხოლოდ წარსულის ცნება არაა. . . სხვა გზის ამრჩევთა უარყოფა, შევიწროება და დისკრიმინაცია კვლავაც შეუწყნარებლობის მთავარ მიზეზად რჩება. პაკისტანში ამის მაგალითს წარმოადგენენ აჰმადები, ეგვიპტეში, ირანსა და მალაიზიაში — [ბაჰაიზმის] მიმდევრები, აღმოსავლეთ ევროპის ზოგ ქვეყანაში, საბერძნეთსა და სინგაპურში კი — იეჰოვას მოწმეები“. ნათელია, რომ რელიგიის თავისუფლება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საფრთხეშია.

      ყოველივე ამის გამო ფედერიკო მ’იორმა, იუნესკოს (გაერთიანებული ერების ორგანიზაცია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგში) გენერალურმა დირექტორმა, განაცხადა, რომ ახლო მომავლის მსოფლიომ „ვერავინ განაწყო ენთუზიაზმით. . . თავისუფლების სიომ ხელახლა გააღვივა მინავლებული სიძულვილი“. ამ ვარაუდს ეთანხმება დიდი ბრიტანეთის ესექსის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორი: „ყოველ ფაქტს იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ რელიგიური შეუწყნარებლობა. . . დღევანდელ მსოფლიოში კი არ სუსტდება, არამედ ძლიერდება“. რელიგიების მიმართ შეუწყნარებლობის ასეთი გაძლიერება ემუქრება რელიგიის თავისუფლებას, შესაძლოა, პირადად თქვენი რელიგიის თავისუფლებასაც. მაგრამ რატომ არის რელიგიის თავისუფლება ასე მნიშვნელოვანი?

      რა არის საფრთხეში?

      „ნებისმიერ საზოგადოებას იმ შემთხვევაში აღიარებენ, როგორც თავისუფალს, თუ ეს საზოგადოება არაფრით ზღუდავს რელიგიის თავისუფლებას. . . რელიგიის თავისუფლებისა და რწმენის გავრცელების გარეშე შეუძლებელია არსებობდეს სინდისის თავისუფლება და ჭეშმარიტი დემოკრატია“, — აღნიშნა სოციოლოგმა ბრაიან უილსონმა თავის წიგნში (Human Values in a Changing World). როგორც საფრანგეთის სასამართლომ ახლახან აღიარა, „რწმენის თავისუფლება საზოგადოებრივი თავისუფლების ერთ-ერთი ძირითადი საყრდენია“. მაშასადამე, მიუხედავად იმისა, მორწმუნე ხართ თუ არა, დაინტერესებული უნდა იყოთ რელიგიის თავისუფლებით.

      ქვეყნის დამოკიდებულება რელიგიის თავისუფლების მიმართ დიდ გავლენას ახდენს მის რეპუტაციასა და საერთაშორისო ნდობაზეც. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის 54 სახელმწიფოს 1997 წლის შეხვედრაზე ნათქვამი იყო: „რელიგიის თავისუფლება ადამიანებისთვის მთელ რიგ უფლებათა შორის უძვირფასესი უფლებაა, რომელიც აუცილებელია ადამიანის ღირსებისთვის. ვერანაირი სისტემა, რომელიც არღვევს ან სისტემატურად უშვებს ადამიანის ასეთი უფლებების დარღვევას, ვერ მოითხოვს, იყოს სამართლიან და დემოკრატიულ სახელმწიფოთა შორის, რომლებიც პატივისცემით ეპყრობიან ადამიანის მთავარ უფლებებს“.

      რელიგიის თავისუფლება შეიძლება შევადაროთ შენობის საძირკველს, ხოლო სხვა, მაგალითად: პოლიტიკური, სამოქალაქო, კულტურული და ეკონომიკური, თავისუფლება — მასზე დაშენებულ ნაგებობას. თუ საძირკველი შეირყევა, ეს მთელ ნაგებობაზე იმოქმედებს. პროფესორმა ფრანჩესკო მარგოტა-ბროლიომ ეს აზრი მოკლედ ჩამოაყალიბა: „როცა კი [რელიგიის] თავისუფლება ირღვევა, მას სხვა თავისუფლებების რღვევაც სდევს თან“. თუ სხვა თავისუფლებების დაცვა საჭიროა, რელიგიის თავისუფლება უპირველესად უნდა დავიცვათ.

      მნიშვნელოვანია კარგად ვიყოთ ჩახედული იმ საკითხში, რის დაცვასაც ვაპირებთ. რა შეიძლება მივიჩნიოთ რელიგიის თავისუფლების საწყისად? როგორ განმტკიცდა ასეთი თავისუფლება და რა ფასად?

  • რელიგიის თავისუფლება — კურთხევაა თუ წყევლა?
    გამოიღვიძეთ! — 1999 | იანვარი 8
    • რელიგიის თავისუფლება — კურთხევაა თუ წყევლა?

      საშინელი ტკივილები სდევდა თან რელიგიის თავისუფლების ცნების შობას ქრისტიანულ სამყაროში. ეს იყო ბრძოლა დოგმების, ცრურწმენისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ. ურიცხვი სიცოცხლე შეიწირა სისხლიანმა რელიგიურმა კონფლიქტებმა. რას გვიჩვენებს ეს სასამართლო ისტორია?

      „ქრისტიანობის ისტორიაში ყოველთვის იყო დევნა და შევიწროება“, — წერს რობინ ლეინ ფოქსი წიგნში „წარმართები და ქრისტიანები“ (Pagans and Christians). ადრე ქრისტიანებს სექტანტებს უწოდებდნენ და საზოგადოებრივი წესრიგისთვის სახიფათო ადამიანებად მიიჩნევდნენ (საქმეები 16:20, 21; 24:5, 14; 28:22). ამის გამო ბევრი აწამეს და მხეცებს დააგლეჯინეს რომის არენებზე. ასეთი საშინელი დევნის დროს ზოგი, მათ შორის თეოლოგი ტერტულიანეც, რელიგიის თავისუფლებას დაჟინებით ითხოვდა (იხილეთ სურათი მე-8 გვერდზე). ახ. წ. 212 წელს ის წერდა: „საკუთარი შეხედულებების მიხედვით თაყვანისმცემლობა ადამიანის ძირითადი უფლება და მისი ბუნების ნაწილია.

      კონსტანტინეს დროს, ახ. წ. 313 წელს, რომის საზოგადოება მოეშვა ქრისტიანების დევნას, რადგან გამოვიდა „მილანის ედიქტი“, რომელმაც რელიგიის თავისუფლება დაუშვა როგორც ქრისტიანებისთვის, ასევე წარმართებისთვის. „ქრისტიანობის“ აღიარებით რომის იმპერიაში შეჩერდა ქრისტიანობის დევნის ტალღა. მაგრამ დაახლოებით ახ. წ. 340 წელს ერთმა ქრისტიანმა მწერალმა თანაქრისტიანებს წარმართთა დევნისკენ მოუწოდა. საბოლოოდ, ახ. წ. 392 წელს „კონსტანტინოპოლის ედიქტით“ იმპერატორმა თეოდოსიუს I-მა მთელ იმპერიაში აკრძალა სხვა რელიგიები და რელიგიის თავისუფლებაც დასრულდა. რომის „ქრისტიანობით“, რომელიც უკვე სახელმწიფო რელიგია იყო, ეკლესიამ და სახელმწიფომ წამოიწყეს დევნა, რომელმაც საუკუნეები გასტანა და რომლის პიკიც XI—XIII საუკუნეების სისხლიანი ჯვაროსნული ლაშქრობები და XII საუკუნეში დაწყებული სასტიკი ინკვიზიციები იყო. გაბედულებს, რომლებსაც ეჭვი ეპარებოდათ გაბატონებულ რელიგიაში, დოგმების მონოპოლიაში, ერეტიკოსობას სწამებდნენ და იმ ურთიერთდაბეზღების ეპოქაში განუწყვეტლივ ნადირობნენ მათზე. რა ამოძრავებდა მათ?

      რელიგიურ შეუწყნარებლობას გამართლება მოენახა იმ მიზეზით, რომ რელიგიური ერთობა სახელმწიფოს ყველაზე მტკიცე საფუძველი იყო და რომ რელიგიების სხვადასხვაობა საზოგადოებრივ წესრიგს საფრთხეს უქმნიდა. „ორი რელიგიით სახელმწიფო ვერასოდეს იქნება ძლიერი“, — ირწმუნებოდა 1602 წელს დედოფალ ელისაბედის ერთ-ერთი მრჩეველი ინგლისში. მათთვის უფრო ადვილი იყო აეკრძალათ რელიგიურ საკითხებში სხვაგვარად აზროვნება, ვიდრე გამოკვლევით, წარმოადგენდა თუ არა ეს ნამდვილ საშიშროებას სახელმწიფოსა და აღიარებული რელიგიისთვის. „კათოლიკურ ენციკლოპედიაში“ (Catholic Encyclopedia) ნათქვამია: „საერო და სასულიერო ხელისუფალნი უმნიშვნელო სხვაობასაც არ ახდენდნენ საშიშ და უვნებელ ერეტიკოსებს შორის“. მაგრამ ცვლილებები მაინც ახლოვდება.

      შემწყნარებლობა საშინელი ტკივილებით იშვა

      ევროპაში ცვლილებების კატალიზატორი პროტესტანტების მიერ წამოწყებული ძვრები, სექტანტური მოძრაობა იყო, რომელიც შემართებას არ კარგავდა. განსაცვიფრებელი სისწრაფით პროტესტანტულმა რეფორმაციამ ევროპაში რელიგიური განხეთქილებები გამოიწვია, რამაც სინდისის თავისუფლების იდეა წარმოშვა. ცნობილი რეფორმატორი მარტინ ლუთერი, მაგალითად, 1521 წელს საკუთარ თვალსაზრისს შემდეგნაირად ამართლებდა: „ჩემი სინდისი ღვთის სიტყვის მონაა“. დაყოფამ აგრეთვე გამოიწვია ოცდაათწლიანი ომი (1618—1648 წლები), სასტიკი რელიგიური ომების სერია, რომელმაც მთელი ევროპა ააოხრა.

      ომის დროს ბევრი მიხვდა, რომ კონფლიქტი ხელს უშლის წინსვლას. ამიტომ მთელი რიგი ედიქტებით, მაგალითად „ნანტის ედიქტით“ (საფრანგეთი, 1598 წელი), ცდილობდნენ, მშვიდობა დაემყარებინათ ომებით გაპარტახებულ ევროპაში, მაგრამ ამაოდ. თუმცა ამ ედიქტებმა თანდათან ჩამოაყალიბა შემწყნარებლობაზე სადღეისო წარმოდგენა. თავდაპირველად „შემწყნარებლობა“ უარყოფითად განიმარტებოდა. „თუ გარკვეულ ვითარებაში შემწყნარებლურად მოვეკიდებოდით სექტებს. . . უეჭველია, ეს უბედურება იქნებოდა, სერიოზული უბედურება, მაგრამ არა ომზე საშინელი“, — წერდა ცნობილი ჰუმანისტი ერაზმ როტერდამელი 1530 წელს. უარყოფითი მნიშვნელობის გამო ზოგი, მაგალითად ფრანგი პოლ დე ფუა, 1561 წელს ამჯობინებდა „რელიგიის თავისუფლებაზე“ ესაუბრა და არა „შემწყნარებლობაზე“.

      ჟამთა სვლამ შემწყნარებლობაზე წარმოდგენა შეუცვალა ხალხს და ბოროტებად ან უბედურებასთან დაკავშირებულად კი არა, თავისუფლების მფარველად მიიჩნია; მას უკვე აღარ უკავშირებდნენ სისუსტეს და სჯეროდათ, რომ ის თავისუფლების საწინდარი იყო. როდესაც რელიგიური პლურალიზმი და განსხვავებულად აზროვნების უფლება აღიარეს, როგორც თანამედროვე საზოგადოების საფუძველი, ფანატიზმს გასაქანი აღარ მიეცა.

      შემწყნარებლობა XVIII საუკუნის მიწურულს დაუკავშირდა თავისუფლებასა და თანასწორუფლებიანობას. ეს კარგად წარმოჩინდა კანონებითა და დეკლარაციებით, მაგალითად საფრანგეთში ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა ცნობილი დეკლარაციით (1789 წელი) და შეერთებულ შტატებში უფლებათა კანონპროექტით (1791 წელი). მას შემდეგ, რაც ამ საბუთებმა XIX საუკუნიდან მოყოლებული ხელი შეუწყო ლიბერალურ აზროვნებას, შემწყნარებლობა და მისგან გამომდინარე თავისუფლება წყევლად კი არა, კურთხევად არის მიჩნეული.

      შეფარდებითი თავისუფლება

      რაც უნდა დიდებული იყოს თავისუფლება ის მხოლოდ შეფარდებითია. თითოეული მოქალაქისთვის მეტი თავისუფლების მინიჭების მიზეზით სახელმწიფო უშვებს ისეთ კანონებს, რომლებიც ადამიანის გარკვეულ თავისუფლებას ზღუდავს. აქ მოგვყავს რამდენიმე საკითხი, რომლებიც დაკავშირებულია თავისუფლებასთან და რომლებიც ამჟამად საკამათოა ევროპის მრავალ ქვეყანაში: რამდენად უნდა ჩაერიოს სახელმწიფო კანონმდებლობა მოქალაქის პირად ცხოვრებაში? რამდენად კარგ ნაყოფს გამოიღებს ეს? რა გავლენას ახდენს ეს თავისუფლებაზე?

      დებატები საზოგადო და პირად თავისუფლებაზე შუქდება საინფორმაციო საშუალებებით. ზოგ რელიგიურ ჯგუფს ბრალს სდებენ იდეოლოგიურ დამუშავებაში, თანხების გამოძალვაში, ბავშვებზე ძალადობასა და უამრავ სერიოზულ დანაშაულში, უმეტეს შემთხვევაში არსებითი მტკიცებების გარეშე. მცირე რელიგიურ ჯგუფებზე სტატიები ხშირად ქვეყნდება პრესაში. დამამცირებელი იარლიყი, მაგალითად „მწვალებლობა“ ან „სექტა“, უკვე ყოველდღიური ლექსიკის ნაწილად იქცა. საზოგადოების შეხედულების გავლენით მთავრობა ხშირად აქვეყნებს ეგრეთ წოდებული საშიში სექტების სიასაც.

      საფრანგეთი თავისი ტრადიციული შემწყნარებლობით და რელიგიისა და სახელმწიფოს გამიჯვნით ამაყობს; ამაყად უწოდებს საკუთარ თავს „თავისუფლების, თანასწორუფლებიანობის, ძმობის“ ქვეყანას. მაგრამ წიგნი „რელიგიისა და რწმენის თავისუფლება — მსოფლიო უწყებები“ აღნიშნავს: ამ ქვეყანაში „ახალი რელიგიური მოძრაობების უგულებელყოფის მხარდამჭერ სასკოლო განათლების კამპანიას“ გაეწია რეკომენდაცია. ბევრს მიაჩნია, რომ ასეთი მოქმედება საფრთხეს უქმნის რელიგიის თავისუფლებას. როგორ?

      საფრთხე ემუქრება რელიგიის თავისუფლებას

      რელიგიის ნამდვილი თავისუფლება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა ყველა რელიგიურ ჯგუფს, რომლებიც პატივს სცემენ და ემორჩილებიან კანონს, სახელმწიფო ერთნაირად ეპყრობა. წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო თვითნებურად წყვეტს, თუ რელიგიური ჯგუფებიდან რომელი არ წარმოადგენს რელიგიას, რითაც აკლებს მას სახელმწიფოსგან რელიგიებისთვის განკუთვნილ უპირატესობებს. „რელიგიის თავისუფლების წმინდა იდეა კნინდება, როცა სახელმწიფო უსაფუძვლოდ ითვისებს იმის უფლებებს, რომ ისე დაამტკიცოს რელიგიები, თითქოს მართვის მოწმობას უმტკიცებდეს მძღოლს“, — აღნიშნული იყო 1997 წლის „ტაიმში“. ახლახან საფრანგეთის სახელმწიფო სასამართლომ განაცხადა, რომ ყოველივე ამას „შეგნებულად თუ შეუგნებლად მივყევართ ტოტალიტარიზმამდე“.

      ძირითად უფლებებს საშიშროება ემუქრება მაშინაც, როდესაც ერთ ჯგუფს მონოპოლია აქვს საინფორმაციო საშუალებებზე. სამწუხაროდ, ბევრ ქვეყანაში ეს თანდათან უფრო ხშირდება. მაგალითად, სექტების მოწინააღმდეგე ორგანიზაციები რელიგიურად მიზანშეწონილის განსასაზღვრავად თვითონვე გამოდიან ბრალმდებლებად, მოსამართლეებად და მსაჯულებად და ცდილობენ საინფორმაციო საშუალებებით თავიანთი აზრები მოახვიონ თავს საზოგადოებას. მაგრამ, როგორც ფრანგული გაზეთი წერდა, ასეთი მოქმედებებით ეს ორგანიზაციები ავლენენ «იმავე სექტანტიზმს, რომელსაც, საერთო თვალსაზრისით, ებრძვიან, და მოსალოდნელია, რომ შექმნან „ნადირობის“ ატმოსფერო» (LE Monde). გაზეთში დასმული იყო კითხვა: „მცირე რელიგიური ჯგუფების საზოგადოებრივი შეურაცხყოფით. . . საფრთხე ხომ არ ემუქრება ძირითად უფლებებს?“ მარტინ კრილეს ერთ-ერთ ჟურნალში „რელიგიის ფსიქოლოგიაზე“ მოჰყავდა ციტატა: «სექტებზე „ნადირობა“ უფრო მეტ საზრუნავს გვიჩენს, ვიდრე ეგრეთ წოდებული უამრავი „სექტა და ფსიქოჯგუფი“. უბრალოდ რომ ვთქვათ, კანონის მორჩილ მოქალაქეებს უნდა მოვეშვათ. რელიგია და იდეოლოგია გერმანიაშიც უნდა იყოს და შენარჩუნდეს თავისუფალი» (Zeitschrift für Religionspsychologie). განვიხილოთ ერთი მაგალითი.

      „სანიმუშო მოქალაქეებს“ საშიშები უწოდეს

      კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელების აზრით, რომელი რელიგიური ჯგუფია „სექტებს შორის ყველაზე საშიში“, როგოც ეს ნათქვამი იყო ესპანეთის ცნობილ გაზეთში (ABC)? ალბათ, განცვიფრდებით, რომ გაზეთში საუბარი იყო იეჰოვას მოწმეებზე. ჰქონდა თუ არა მათ წინააღმდეგ ბრალდებას მიუკერძოებელი, ობიექტური, საფუძველი? გაეცანით სხვა წყაროებიდან მოყვანილ ციტატებს:

      „იეჰოვას მოწმეები ასწავლიან ხალხს, პატიოსნად გადაიხადონ გადასახადები, მონაწილეობა არ მიიღონ ომსა და საომარ მზადებებში, არ იქურდონ და, საერთოდ, იცხოვრონ ისე, რომ თუ სხვებიც მათ მიბაძავდნენ, გაუმჯობესდებოდა სამოქალაქო თანაცხოვრების ნორმები“ (სერჯო ალბესანო, 1996 წლის ნოემბერი-დეკემბერი, Talento).

      „[იეჰოვას მოწმეებზე] გავრცელებული ცილისწამებისგან განსხვავებით სულაც არ მიმაჩნია, რომ ისინი, ოდნავ მაინც საშიშები არიან სახელმწიფოსთვის. ისინი მშვიდობის მოყვარე, სინდისიერი და ხელისუფლების მიმართ პატივისცემით გამსჭვალული მოქალაქეები არიან“ (ბელგიის პარლამენტის დეპუტატი).

      აღიარებულია, რომ „იეჰოვას მოწმეები ყველაზე პატიოსანი ხალხია [გერმანიის] ფედერაციულ რესპუბლიკაში“ (გერმანული გაზეთი Sindelfinger Zeitung).

      „შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ [იეჰოვას მოწმეები] სანიმუშო მოქალაქეები არიან. ისინი პირნათლად იხდიან გადასახადებს, უვლიან სნეულებს, ცდილობენ წერა-კითხვის უცოდინარობის აღმოფხვრას“ (აშშ-ის გაზეთი San Francisco Examiner).

      „იეჰოვას მოწმეებს უფრო მტკიცე ოჯახები აქვთ, ვიდრე სხვა რწმენის მიმდევრებს“ (აშშ-ის ჟურნალი American Ethnologist).

      „აფრიკული ქვეყნების ყველაზე პატიოსანთა და შრომისმოყვარეთა შორის არიან იეჰოვას მოწმეები“ (დოქტორ ბრაიან უილსონი, ოქსფორდის უნივერსიტეტი).

      „ათწლეულების განმავლობაში ამ რწმენის მიმდევრებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სინდისის თავისუფლების გაძლიერებაში“ (ნეტ ჰენტოფი, Free Speech for Me—But Not for Thee).

      „მათ. . . აშკარად ბევრი გააკეთეს, რომ დემოკრატიაში მრავალი უძვირფასესი რამ შენარჩუნებულიყო“ (პროფესორი ჩ. ს. ბრეიდენი, These Also Believe).

      როგორც ზემოთ მოყვანილი ციტატები გვიჩვენებს, იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში სამაგალითო მოქალაქეებად არიან აღიარებული. ამასთანავე, ისინი ცნობილი არიან უფასო ბიბლიური საგანმანათლებლო საქმიანობითა და შესანიშნავი ოჯახური ღირსებებით. მათი გაკვეთილები ასი ათასობით ადამიანს დაეხმარა წერა-კითხვის სწავლაში; ამავე დროს, მათ ათწლეულების განმავლობაში ათასობით ღარიბს (განსაკუთრებით აფრიკაში) მიაწოდეს ჰუმანიტარული დახმარება.

      ობიექტურობის დიდი მნიშვნელობა

      საზოგადოებაში ბევრია არაკეთილსინდისიერი ადამიანი, რომლებიც უდანაშაულო მსხვერპლზე ნადირობენ. ამიტომ, როდესაც საქმე რელიგიას ეხება, უაღრესად აუცილებელია, რომ ფხიზლად ვიყოთ. მაგრამ რამდენად ობიექტურია და რამდენად მხარდაჭერილია რელიგიის თავისუფლება მაშინ, როდესაც ზოგი ჟურნალისტი, იმის ნაცვლად, რომ ინფორმაცია ობიექტურ და საქმეში ჩახედულ პირთაგან მიიღოს, ეყრდნობა მრევლშემოცლილი ეკლესიისა თუ სხვა რელიგიების მოწინააღმდეგე საეჭვო ობიექტურობის მქონე ორგანიზაციებიდან წამოსულ ინფორმაციას? გაზეთი, რომელმაც იეჰოვას მოწმეებს ‘სექტებს შორის ყველაზე საშიში’ უწოდა, აღნიშნავდა, რომ ეს ითქვა „[კათოლიკური] ეკლესიის კომპეტენტურ პირებთან“ საუბრის დროს. გარდა ამისა, ფრანგული ჟურნალი აღნიშნავდა, რომ ეგრეთ წოდებულ სექტებზე გამოქვეყნებული სტატიების უმეტესობა ეყრდნობოდა ანტისექტანტური ორგანიზაციების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. როგორ ფიქრობთ, არის ეს ობიექტური ინფორმაციის უაღრესად მიუკერძოებელი წყარო?

      საერთაშორისო სასამართლოებმა და ადამიანის ძირითადი უფლებებით დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა, მაგალითად გაერომ, აღნიშნა: „სხვაობა რელიგიასა და სექტას შორის იმდენად ხელოვნურია, რომ შეუძლებელია მისაღები იყოს“. მაგრამ რატომ ჯიუტობს ზოგი და იყენებს დამამცირებელ სიტყვა „სექტას“? ეს კიდევ ერთი მტკიცებაა იმისა, რომ რელიგიურ თავისუფლებას საფრთხე ემუქრება. როგორ შეიძლება ასე უაღრესად მნიშვნელოვანი თავისუფლების დაცვა?

      [ჩარჩო⁄სურათები 8 გვერდზე]

      რელიგიური თავისუფლების დამცველები

      რელიგიის თავისუფლებაზე მუდარა მოჰყვა XVI საუკუნის ევროპაში რელიგიურ ნიადაგზე ატეხილ ხოცვა-ჟლეტას. ეს მუდარა დღესაც ისმის რელიგიის თავისუფლებაზე დისკუსიის დროს.

      სებასტიან შატეიონი (1515—1563 წლები): „ვინაა ერეტიკოსი? ჩემი აზრით, სხვა არავინ, თუ არა ის, ვინც ჩვენს აზრს არ ეთანხმება. . . თუ ამ ქალაქსა თუ მხარეში ჭეშმარიტ მორწმუნედ ხარ აღიარებული, სხვაგან ერეტიკოსი იქნები“. ბიბლიის ეს ცნობილი ფრანგი მთარგმნელი და შემწყნარებლობის ენერგიული დამცველი რელიგიის თავისუფლების დებატზე შეეხო ერთ-ერთ მთავარ საკითხს: ვინ ადგენს, თუ ვინაა ერეტიკოსი?

      დირკ ვოლკერტსზონ კორნჰერტი (1522— 1590 წლები): «როგორც ვკითხულობთ, წარსულში. . . თვით ქრისტე იერუსალიმში და შემდეგ მრავალი მარტვილი ევროპაში. . . ჭეშმარიტების სიტყვებით [საზოგადოებაში] არეულობას იწვევდნენ. . . სიტყვა „არეულობის“ მნიშვნელობა ზუსტად და ნათლად უნდა განიმარტოს». კორნჰერტს მოჰყავდა მოსაზრებები, რომ რელიგიების სხვადასხვაობა არ უნდა გაეტოლებინათ საზოგადოებაში გამოწვეულ არეულობასთან. მან დასვა კითხვა: ისინი, რომლებიც კეთილსინდისიერად ემორჩილებიან და პატივს სცემენ კანონს, ნამდვილად წარმოადგენენ საზოგადოებრივი წესრიგისთვის საშიშებს?

      პიერ დე ბელუა (1540—1611 წლები): „უვიცობაა გჯეროდეს, რომ რელიგიების მრავალფეროვნება გამოიწვევს და ხელს შეუწყობს არეულობას სახელმწიფოში“. ბელუას, ფრანგ ვექილს, „რელიგიური ომების“ დროს (1562—1598 წლები) მოჰყავდა მოსაზრებები, რომ სახელმწიფოს ერთიანობა არაა დაფუძნებული ერთ რელიგიაზე, რასაკვირველია, იმ შემთხვევაში, თუ, სახელმწიფო ხელს არ უწყობს რელიგიურ შევიწროებას.

      ტომას ჰელვისი (დაახლოებით 1550— 1616 წლები): „თუ მისი [მეფის] ხალხი არის მორჩილი და ყველა კანონის ერთგული შემსრულებელი, მეფე კმაყოფილი უნდა იყოს ამით“. ჰელვისმა, ინგლისში ბაპტიზმის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, ეს სიტყვები დაწერა ეკლესიის სახელმწიფოსგან გამიჯვნის მხარდასაჭერად; ის დაჟინებით სთხოვდა მეფეს, რომ რელიგიის თავისუფლება მიენიჭებინა ყველა ეკლესიისა და სექტისთვის და დაკმაყოფილებულიყო ხალხზე საერო ძალაუფლებითა და საკუთრებით. მის ნაწერებში ხაზგასმულია აქტუალური კითხვა: რამდენად უნდა მართოს სახელმწიფომ პიროვნების სულიერი ცხოვრება?

      უცნობი მწერალი (1564 წელი): „სინდისის თავისუფლების უზრუნველსაყოფად საკმარისი არაა, რომ ნება დავრთოთ პიროვნებას, გამოეთიშოს მისთვის არასასურველ რელიგიას, და ამავე დროს საშუალება არ მივცეთ მის მიერ მოწონებულ რელიგიას შეუერთდეს“.

  • თავისუფლების დაცვა — როგორ?
    გამოიღვიძეთ! — 1999 | იანვარი 8
    • თავისუფლების დაცვა — როგორ?

      ინდონეზიის პატარა მრავალეროვანი ქალაქი რენასდენკლოკი წლების განმავლობაში მშვიდობიანი ქალაქი იყო. მაგრამ გარეგნული შემწყნარებლობა 1997 წლის 30 იანვარს დასრულდა. ძალადობამ თავი რელიგიური დღესასწაულის დღეს იჩინა, გამთენიისას, როცა სამი საათი სრულდებოდა და ერთ-ერთმა მორწმუნემ დოლის დაკვრა დაიწყო. ატეხილი ხმაურის გამო მას სხვა რელიგიის წარმომადგენელმა მეზობელმა ლანძღვა დაუწყო. ატყდა ჩხუბი და ერთმანეთისთვის ქვების სროლა. როცა კარგად გათენდა, მათ სხვებიც შეუერთდნენ და ჩხუბი აურზაურში გადაიზარდა. დღის მიწურულს ბუდისტთა ორი ტაძრისა და ოთხი ქრისტიანული ეკლესიის ნანგრევებიღა იყო დარჩენილი. გაზეთი ამ ინციდენტის შესახებ შემდეგი სათაურით იუწყებოდა: „შეუწყნარებლობის ნაპერწკლით ჩნდება ეროვნული არეულობის ხანძარი“ (International Herald Tribune).

      მრავალ ქვეყანაში ეროვნულ უმცირესობათა უფლებები კანონითაა დაცული, მაგრამ მათ მიმართ შეუწყნარებლობა მაინც ხშირია. კანონით თავისუფლების უზრუნველყოფა ძირფესვიანად ვერ აბათილებს შეუწყნარებლობის ძირითად მიზეზებს. ფაქტი, რომ შეუწყნარებლობა შეფარულია, სულაც არ ნიშნავს რომ აღარ არსებობს. თუკი მდგომარეობა იცვლება და იქმნება არასასურველი ატმოსფერო, შეფარული შეუწყნარებლობა აშკარა ხდება. ხალხს რომ არ დევნიდნენ კიდეც, შეიძლება მტრულად ეპყრობოდნენ და მათს აზრებს გასაქანს არ აძლევდნენ. როგორ შეიძლება ყოველივე ამის თავიდან აცილება?

      შეუწყნარებლობის მიზეზი

      ბუნებრივი თვისებაა, უგულებელვყოთ ან ეჭვით შევხედოთ განსხვავებულსა და უჩვეულოს, განსაკუთრებით კი შეხედულებებს, რომლებიც ჩვენი თვალსაზრისისგან განსხვავდება. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ შემწყნარებლობა გამორიცხულია? გაეროს პუბლიკაციაში გაუთვითცნობიერებულობა და ურთიერთგაგების დეფიციტი მოხსენიებულია „შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის ყველაზე მთავარ მიზეზთა შორის რელიგიისა და რწმენის საკითხში“ (Elimination of All Forms of Intolerance and Discrimination Based on Religion or Belief). მაგრამ შეუწყნარებლობის ერთ-ერთი მიზეზის, გაუთვითცნობიერებულობის, დამარცხება შესაძლებელია. როგორ? განათლებით. „განათლება დისკრიმინაციასა და შეუწყნარებლობასთან ბრძოლის ძირითადი საშუალებაა“, — აღნიშნულია გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის მოხსენებაში.

      რა უნდა იყოს განათლების მიზანი? ერთ ჟურნალში ნათქვამია, რომ „განათლება შემწყნარებლობის მისაღწევად შიშის ჩანერგვისა და სხვათა იგნორირების წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული და ახალგაზრდებს უნდა ეხმარებოდეს დამოუკიდებელი მსჯელობის, საღი აზროვნებისა და მაღალზნეობრივად ფიქრის უნარის განვითარებაში, ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეუწყოს რელიგიური მოძრაობების უარყოფას“ (UNESCO Courier).

      აშკარაა, რომ საინფორმაციო საშუალებებს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ „საღი აზროვნებისა და მაღალზნეობრივად ფიქრის უნარის განვითარებაში“. მრავალი საერთაშორისო ორგანიზაცია აღიარებს საინფორმაციო საშუალებების ძალას თვალსაზრისის ჩამოყალიბებისა და ურთიერთგაგების საკითხებში. თუ საინფორმაციო საშუალებებს ზოგისგან განსხვავებით სურთ, ხელი შეუწყონ შემწყნარებლობას და არა შეუწყნარებლობას, მაშინ პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ობიექტური ჟურნალისტიკა მოეთხოვებათ. დროდადრო ჟურნალისტები საერთო აზრის საწინააღმდეგოდ უნდა წავიდნენ. მათ ობიექტურად უნდა გააანალიზონ მოვლენები და მიუკერძოებელი შენიშვნები გააკეთონ. მაგრამ კმარა მხოლოდ ეს?

      შეუწყნარებლობასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება

      შემწყნარებლობა არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ერთი და იგივე აზრი უნდა გვქონდეს. ცხადია, რომ ყველას საკუთარი თვალსაზრისი აქვს. ერთს შეიძლება მთელი გულით სჯეროდეს, რომ მეორის აზრი ძალიან მცდარია. ისინი შეიძლება დაუფარავადაც საუბრობდნენ თავიანთ განსხვავებულ შეხედულებებზე. მაგრამ, სანამ მიკერძოებული აზრების გაღვივების მიზნით არ ავრცელებენ სიცრუეს, ეს შეუწყნარებლობაში არ ჩამოერთმევათ. შეუწყნარებლობა ვლინდება ნებისმიერი ჯგუფის დევნით, სპეციფიკური კანონებით მიზანში ამოღებით, უგულებელყოფით, ოფიციალური აკრძალვით ან რწმენის თანახმად ცხოვრების სხვა ხელისშემშლელი საშუალებებით. შეუწყნარებლობის ყველაზე უკიდურესი ფორმისას ზოგი კლავს და ზოგსაც რწმენის გამო სიკვდილი უწევს.

      როგორ შეიძლება შეუწყნარებლობაზე გამარჯვება? შეუწყნარებლობა საჯაროდ სამხილებელია ისევე, როგორც პავლემ ამხილა რელიგიური წინამძღოლების შეუწყნარებლობა პირველ საუკუნეში (საქმეები 24:10–13). თუმცა, როცა კი არის საშუალება, შეუწყნარებლობის დამარცხების საუკეთესო მეთოდია წინდახედულება. თუ გვინდა ხელი შევუწყოთ შემწყნარებლობას, უნდა ვასწავლოთ ხალხს უკეთ გაუგონ სხვებს. შეუწყნარებლობასთან ბრძოლის გაეროს ზემოხსენებულ მოხსენებაში ნათქვამია: „რადგანაც რელიგიური შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმა ადამიანთა გონებიდან მომდინარეობს, მსგავსი მოქმედება გონებაშივე უნდა მოითოკოს“. ასეთმა განათლებამ შეიძლება უბიძგოს კიდეც ადამიანს, რომ შეამოწმოს საკუთარი რწმენა.

      ფედერიკო მაიორი, იუნესკოს გენერალური დირექტორი, წერდა: „შემწყნარებლობა მტკიცე რწმენის მქონის ღირსებაა“. დომინიკელი მღვდელი კლოდ ჯეფრი ერთ ჟურნალში წერდა: „ნამდვილი შემწყნარებლობა დაფუძნებულია ძლიერ რწმენაზე“ (Reforme). საკუთარი რწმენით კმაყოფილი პიროვნება სხვების რწმენით არავითარ ხიფათს გრძნობს.

      იეჰოვას მოწმეები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ შემწყნარებლობის ხელშემწყობი შესანიშნავი საშუალება სხვადასხვა რწმენის ადამიანებთან საუბარია. იეჰოვას მოწმეები სერიოზულად ეკიდებიან იესოს წინასწარმეტყველებას, რომ „ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად“ და ისინი კარგად არიან ცნობილი თავიანთი სამქადაგებლო საქმიანობით (მათე 24:14). ამ მსახურებით მათ აქვთ შესაძლებლობა, მოისმინონ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლების, აგრეთვე ათეისტების, შეხედულებები. თავის მხრივ, იეჰოვას მოწმეებიც მზად არიან, საკუთარი რწმენა გააცნონ მოსმენის მსურველებს. ამგვარად, ისინი ხელს უწყობენ ცოდნის გაღრმავებასა და გაგებას. ასეთი ცოდნა და გაგება შემწყნარებლობას მეტ გასაქანს აძლევს.

      შემწყნარებლობა და არა მხოლოდ შემწყნარებლობა

      ერთობლივი ძალისხმევისა და საუკეთესო ზრახვების მიუხედავად, რელიგიური შეუწყნარებლობა სადღეისოდ მაინც მთავარი პრობლემაა, რადგან ნამდვილი ცვლილებისთვის უფრო მეტი მოითხოვება. ფრანგული გაზეთი ხაზგასმით აღნიშნავდა პრობლემას: „დღევანდელი საზოგადოება უსაშველოდ ხშირად იტანჯება ემოციური და სულიერი სიცარიელით. კანონი რელიგიის თავისუფლებას მოწინააღმდეგეებისგან იცავს. მას შეუძლია და უნდა დაიცვას კიდეც ყველას თანასწორუფლებიანობა კანონის წინაშე ყოველგვარი თვითნებური დისკრიმინაციის გარეშე“ (Le Monde des débats).

      წიგნში „დემოკრატია და შემწყნარებლობა“ (Democracy and Tolerance) აღნიშნულია: „მიზნის მისაღწევად დიდი გზა გვაქვს გასავლელი, რომ ურთიერთგაგება და პატივისცემა ქცევის მსოფლიო ნორმად ვაქციოთ“.

      ბიბლია გვპირდება, რომ მალე კაცობრიობა გაერთიანდება ჭეშმარიტი ღვთის წმინდა თაყვანისმცემლობაში. ამ ერთობას მოჰყვება მსოფლიო ძმობა და ნამდვილი ურთიერთპატივისცემა. აღარ იქნება გაუთვითცნობიერებულობა, რადგან ღვთის სამეფო ყველას იეჰოვას გზებს ასწავლის, რითაც დაკმაყოფილდება ინტელექტუალური, ემოციური და სულიერი მოთხოვნილებები (ესაია 11:9; 30:21; 54:13). ნამდვილი თანასწორუფლებიანობა და თავისუფლება მთელ დედამიწაზე იქნება (2 კორინთელთა 3:17). ღვთის განზრახვების შესახებ ცოდნის შეძენა დაგეხმარებათ დაამარცხოთ გაუთვითცნობიერებულობა და შეუწყნარებლობა.

      [ჩარჩო⁄სურათი 11 გვერდზე]

      რელიგია საფრთხეშია

      უკანასკნელ წლებში საფრანგეთში ხელისუფლება ცდილობს იეჰოვას მოწმეთა შევიწროებას, არ აძლევს ისეთივე უპირატესობებით სარგებლობის უფლებას, როგორიც სხვა რელიგიებს აქვთ. ახლახან დააკისრა დიდი გადასახადები იმ შესაწირავებზე, რომლებიც გაღებული იყო იეჰოვას მოწმეთა რელიგიური საქმიანობებისთვის. საფრანგეთის ხელისუფლებამ უსამართლოდ დააკისრა 50 მილიონი ამერიკული დოლარის გადახდა (როგორც გადასახადი და ჯარიმა) აშკარად იმ მიზნით, რომ საფრანგეთში შეავიწროონ აღნიშნული რელიგიის წევრი 200 000 ქრისტიანი და მათი მომხრეები. ეს რელიგიური მიკერძოების აღმაშფოთებელი მაგალითია, რაც თავისუფლების, ძმობისა და თანასწორუფლებიანობის ყველა პრინციპს ეწინააღმდეგება.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება