-
მეცნიერება და რელიგია კონფლიქტის დასაწყისისაგუშაგო კოშკი — 2005 | 1 აპრილი
-
-
მეცნიერება და რელიგია კონფლიქტის დასაწყისი
სამოცდაათი წლის მომაკვდავი ასტრონომი უკანასკნელ ძალებს იკრებს რაღაცის წასაკითხად. მას ხელში გამოსაცემად გამზადებული ნაშრომი უჭირავს. ავტორმა შეიძლება არც კი იცოდა, თუ რა ძირფესვიანად შეცვლიდა ეს ნაშრომი სამყაროს შესახებ კაცობრიობის შეხედულებას. ის აგრეთვე იქნებოდა ქრისტიანულ სამყაროში მწვავე არაერთი შეხლა-შემოხლის მიზეზი, რომელთა გავლენაც დღემდე იგრძნობა.
იდგა 1543 წელი; მომაკვდავი მამაკაცი პოლონელი კათოლიკე ნიკოლოზ კოპერნიკი იყო. მან თავის ნაშრომში „ციურ სფეროთა ბრუნვის შესახებ“ აღნიშნა, რომ მზის სისტემის ცენტრში დედამიწა კი არ მდებარეობს, არამედ მზე. ხელის ერთი მოსმით კოპერნიკმა ძალიან რთული სისტემა, რომელშიც დედამიწა ცენტრში მდებარეობდა, მშვენიერი მარტივი თეორიით შეცვალა.
თავიდან არაფერი იყო იმ შეხლა–შემოხლის მომასწავებელი, რომელიც მომავალში მოხდა. ამის ერთ–ერთი მიზეზი ის იყო, რომ თავისი იდეის წამოყენებისას კოპერნიკმა კეთილგონიერება გამოავლინა. გარდა ამისა, კათოლიკური ეკლესია, რომელიც იმ დროს მიიჩნევდა, რომ სამყაროს ცენტრი დედამიწა იყო, როგორც ჩანს, უფრო შემწყნარებლურად ეკიდებოდა მეცნიერულ იდეებს. თვით პაპმაც კი ურჩია კოპერნიკს, გამოექვეყნებინა ეს ნაშრომი. ბოლოს კი, როდესაც კოპერნიკმა გამოაქვეყნა იგი, შეშინებულმა გამომცემელმა ნაშრომს წინასიტყვაობა წაუმძღვარა, რომელშიც აღნიშნავდა, რომ ჰელიოცენტული ანუ ისეთი სამყაროს შესახებ კონცეფცია, რომლის ცენტრშიც მზეა, მათემატიკური გამოთვლების შედეგად შემუშავებული იდეაა და არა ასტრონომიული ჭეშმარიტება.
მწვავე შეტაკება
შემდეგ არენაზე გამოჩნდა იტალიელი ასტრონომი, მათემატიკოსი და ფიზიკოსი გალილეო გალილეი (1564—1642); ისიც კათოლიკე იყო. მან სამზერი მილის გამოგონების შესახებ ცნობათა საფუძველზე ააგო ტელესკოპი და ცაში დაინახა ისეთი დეტალები, რომლებიც მანამდე არავის ჰქონდა ნანახი. დაკვირვებებმა გალილეო დაარწმუნა, რომ კოპერნიკი მართალი იყო. მან აგრეთვე შენიშნა მზეზე ლაქები, რომლებსაც დღეს მზის ლაქები ეწოდება და ამგვარად სადავო გახადა კიდევ ერთი ფილოსოფიური და რელიგიური შეხედულება იმის თაობაზე, რომ მზე უცვლელია და უნაკლო.
კოპერნიკისგან განსხვავებით, გალილეო გაბედულად და მთელი ენთუზიაზმით აყენებდა თავის იდეებს. იმ დროს რელიგიური გარემოც უფრო მტრული იყო, რადგან კათოლიკური ეკლესია უკვე აშკარად გამოდიოდა კოპერნიკის თეორიის წინააღმდეგ. ამიტომ, როდესაც გალილეომ იმის მტკიცება დაიწყო, რომ ჰელიოცენტრული თეორია არა მარტო სწორი იყო, არამედ საღვთო წერილსაც შეესაბამებოდა, ეკლესიამ ამაში ერესის სუნი იყნოსაa.
გალილეო თავის დასაცავად რომში ჩავიდა, მაგრამ ამაოდ. 1616 წელს ეკლესიამ მას უბრძანა, შეეწყვიტა კოპერნიკის მომხრედ გამოსვლა. გალილეო მცირე ხნით გაჩუმდა. 1632 წელს კი გამოსცა კიდევ ერთი ნაშრომი, რომელშიც მხარს უჭერდა კოპერნიკს. მომდევნო წელსვე ინკვიზიციამ გალილეოს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მაგრამ ასაკის გამო მას მალევე იგი შინაპატიმრობით შეუცვალეს.
ეკლესიასთან გალილეოს დაპირისპირებას მრავალი რელიგიაზე და, მით უფრო, ბიბლიაზე მეცნიერების დიდ გამარჯვებად მიიჩნევს. მაგრამ, როგორც მომდევნო სტატიიდან დავინახავთ, ისინი, რომლებიც ასე ზერელე დასკვნებს აკეთებენ, მრავალ ფაქტს უგულებელყოფენ.
[სქოლიოები]
a თავისი ირონიითა და სარკაზმით გალილეომ თავად გაიჩინა ძლიერი მტრები. აგრეთვე განცხადებით, რომ ჰელიოცენტრული კონცეფცია საღვთო წერილს შეესაბამება, მან საკუთარი თავი რელიგიაში ავტორიტეტად წარადგინა, რამაც ხელი შეუწყო ეკლესიის მხრიდან მისადმი დამოკიდებულების გაუარესებას.
-
-
მეცნიერება და ბიბლია ნამდვილად ეწინააღმდეგება ისინი ერთმანეთს?საგუშაგო კოშკი — 2005 | 1 აპრილი
-
-
მეცნიერება და ბიბლია ნამდვილად ეწინააღმდეგება ისინი ერთმანეთს?
გალილეოსა და ეკლესიას შორის ბრძოლას კოპერნიკისა და გალილეოს დაბადებამდე საუკუნეებით ადრე ჩაეყარა საფუძველი. სამყაროს გეოცენტრული სისტემის შესახებ თვალსაზრისი გავრცელებული იყო ძველ საბერძნეთში და საყოველთაოდ ცნობილი გახადეს ფილოსოფოსმა არისტოტელემ (ძვ. წ. 384—322) და ასტრონომმა და ასტროლოგმა პტოლემემ (ახ. წ. მეორე საუკუნე)a.
სამყაროს შესახებ არისტოტელეს კონცეფციაზე გავლენა იქონია ბერძენმა მათემატიკოსმა და ფილოსოფოსმა პითაგორამ (ძვ. წ. მეექვსე საუკუნე). არისტოტელე იზიარებდა პითაგორას შეხედულებას იმის თაობაზე, რომ წრე და სფერო სრულყოფილი გეომეტრიული ფორმებია და სწამდა, რომ ზეცა ერთმანეთში მოთავსებული სფეროებისგან შედგებოდა (როგორც ხახვშია სახეშეცვლილი ფოთლები ფენებად განლაგებული). მათი შეხედულებით, თითოეული ფენა გამჭვირვალე სფერო იყო და მათ ცენტრში მდებარეობდა დედამიწა; ვარსკვლავები მოძრაობდნენ ამ სფეროებში, ხოლო სამოძრაო ძალას იღებდა ზემიწიერი სფეროდან, საიდანაც მომდინარეობდა ღვთიური ძალა. არისტოტელეს ასევე სწამდა, რომ მზე და სხვა ციური სხეულები სრულყოფილი იყო და არ ექვემდებარებოდა ცვლილებებს; აგრეთვე, მისი აზრით, მათ არ ჰქონდა არავითარი ნაკლი.
არისტოტელეს კონცეფცია ფილოსოფიის ნაყოფი იყო და არა მეცნიერების. მისი შეხედულებით, იდეა მოძრავი დედამიწის შესახებ საღ აზრს ეწინააღმდეგებოდა. მან აგრეთვე უარყო სივრცის შესახებ იდეაც, რადგან სჯეროდა, რომ მუდმივი ძალის გამოყენების გარეშე მოძრავი დედამიწა ხახუნის შედეგად გაჩერდებოდა. ვინაიდან არსებული ცოდნის საფუძველზე არისტოტელეს კონცეფცია ლოგიკური ჩანდა, დაახლოებით 2 000 წლის განმავლობაში ძირითადად ამ კონცეფციის სჯეროდათ. XVI საუკუნეშიც კი ფრანგმა ფილოსოფოსმა ჟან ბოდენმა გამოხატა ის პოპულარული იდეა, როდესაც თქვა: „არც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი ან ადამიანი, ვისაც ფიზიკაში მცირეოდენი განათლება მაინც აქვს, არასოდეს იფიქრებს, რომ დედამიწა, რომელიც ასე მძიმე და უზარმაზარია . . . ბრუნავს . . . თავისი ღერძისა და მზის გარშემო; დედამიწას ოდნავადაც რომ ემოძრავა, ქალაქები, ციხესიმაგრეები და მთები ჩამოიქცეოდა“.
ეკლესია არისტოტელეს იდეებს ითავისებს
გალილეოსა და ეკლესიას შორის დაპირისპირების საძირკველს კიდევ ერთი მიზეზი XIII საუკუნეში შეემატა და ამას ხელი შეუწყო კათოლიკე ღვთისმეტყველმა თომა აკვინელმა (1225—1274). აკვინელი დიდ პატივს სცემდა არისტოტელეს და მას უდიდეს ფილოსოფოსს უწოდებდა. ის ხუთი წლის განმავლობაში ძალ–ღონეს არ იშურებდა იმისათვის, რომ არისტოტელეს ფილოსოფია კათოლიკურ სწავლებებთან შეერწყა. თავის წიგნში „გალილეოს შეცდომა“ ვედ როლანდი აღნიშნავს, რომ გალილეოს დროისთვის „არისტოტელეს თეორიისა და აკვინელის თეოლოგიის ნაზავი რომის ეკლესიის ძირითად დოგმატად ითვლებოდა“. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ იმ დროს მეცნიერული საზოგადოება, როგორც ასეთი, არ არსებობდა. განათლება თითქმის მთლიანად ეკლესიის ხელში იყო. რელიგიისა და განათლების სადავეები ხშირად ერთსა და იმავე ადამიანთა ჯგუფს ეპყრა ხელთ.
ამ ფონზე წარმოიშვა ეკლესიასა და გალილეოს შორის კონფლიქტი. ასტრონომიაში მოღვაწეობის დაწყებამდე გალილეომ დაწერა ნაშრომი მოძრაობის შესახებ. ამ ნაშრომმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ასე პატივდებული არისტოტელეს მრავალი იდეა. მაგრამ 1633 წელს ინკვიზიციის მიერ მოწყობილ სასამართლოზე წარდგომა გალილეო გალილეის ჰელიოცენტრული სამყაროს შესახებ კონცეფციის მომხრედ გამოსვლისა და იმის განცხადების გამო მოუწია, რომ ეს იდეა საღვთო წერილს შეესაბამება.
თავდაცვისას გალილეომ დაადასტურა, რომ ბიბლიისადმი მტკიცე რწმენა ჰქონდა და მას ღვთის მიერ შთაგონებულ სიტყვად მიიჩნევდა. ის აგრეთვე ამტკიცებდა, რომ საღვთო წერილი ჩვეულებრივი ადამიანებისთვის იყო დაწერილი და ბიბლიური ცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მზე მოძრაობდა, სიტყვასიტყვით არ უნდა ყოფილიყო გაგებული. მისი მცდელობა ამაო აღმოჩნდა. ის წინააღმდეგი იყო, რომ ბერძნული ფილოსოფიის საფუძველზე აეხსნათ საღვთო წერილი, რის გამოც მსჯავრი დასდეს. კათოლიკურ ეკლესიას ოფიციალურად 1992 წლამდე არ უღიარებია თავისი შეცდომა გალილეოს განსჯასთან დაკავშირებით.
რის სწავლა შეგვიძლია
რის სწავლა შეგვიძლია აქედან? უპირველესად იმის, რომ გალილეო კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებდა ბიბლიას. ის ეკლესიის სწავლებებს მიიჩნევდა საეჭვოდ. ერთმა რელიგიურმა მიმომხილველმა აღნიშნა: „გალილეოს შემთხვევიდან ვხედავთ, რომ, როგორც ჩანს, ეკლესია ძალიან მკაცრად კი არ იცავდა ბიბლიურ სწავლებებს, არამედ ის საკმარისად არ იცავდა მათ“. ეკლესიამ დაუშვა, რომ მისი თეოლოგია ბერძნული ფილოსოფიის გავლენის ქვეშ მოქცეულიყო, რითაც ტრადიციების დამცველი გახდა და არა ბიბლიური სწავლებების.
ყოველივე ეს გვახსენებს ბიბლიურ გაფრთხილებას: „ფრთხილად იყავით: შეიძლება ვინმემ გაგიტაცოთ ფილოსოფიითა და ფუჭი ცდუნებით, რომელიც ეთანხმება ადამიანთა ადათ–წესებსა და ქვეყნიერების პრინციპებს და არა ქრისტეს“ (კოლოსელები 2:8).
-