საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მომთაბარე აზიელები, რომლებმაც იმპერია შექმნეს
    გამოიღვიძეთ! — 2008 | მაისი
    • ოცი წლის ბრძოლის შემდეგ ერთმა ყაენმა, თემუჩინმა (დაახლოებით 1162—1227 წწ.), მონღოლთა დაახლოებით 27 ტომი გააერთიანა და თავისი მმართველობის ქვეშ მოაქცია. მოგვიანებით მონღოლებთან ერთად იბრძოდნენ თურქი მუსლიმანები, რომლებსაც თათრებს უწოდებდნენ. როდესაც მონღოლთა ურდოებმა დასავლეთს შეუტიეს, შეშინებულმა ევროპელებმა დამპყრობლებს თათრები უწოდესb. 1206 წელს 40 წელს გადაცილებულ თემუჩინს მონღოლებმა ჩინგიზ-ყაენი უწოდეს; ეს ტიტული შეიძლება ნიშნავდეს „ძლიერ მმართველს“ ან „მსოფლიოს მმართველს“. ის დიდი ყაენის სახელითაც იყო ცნობილი.

      ჩინგიზ-ყაენის მშვილდით შეიარაღებული გააფთრებული ცხენოსნები ელვისებური სისწრაფით ესხმოდნენ ხალხს თავს; ხშირად ბრძოლის ველი ათასობით კილომეტრზე იყო გადაჭიმული. ენციკლოპედია „ენკარტას“ თანახმად, როგორც მხედართმთავარი, „ის ალექსანდრე მაკედონელს ან ნაპოლეონ I-ს უტოლდებოდა“. ჩინგიზ-ყაენის თანამედროვე ერთ-ერთმა სპარსელმა ისტორიკოსმა მას „ენერგიული, გამჭრიახი, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული და გონიერი“ კაცი უწოდა. მაგრამ მან ჩინგიზ-ყაენი „ყასაბადაც“ მოიხსენია.

      მონღოლეთის საზღვრებს გარეთ

      ჩრდილოეთ ჩინეთში მკვიდრობდნენ მანჯურიელები, რომლებიც თავიანთ დინასტიას „ცინის“, ანუ „ოქროს“, დინასტიას უწოდებდნენ. მანჯურიაში მოსახვედრად მონღოლებმა გაიარეს გობის უდაბნო; მას დიდი დაბრკოლება არ შეუქმნია ამ მომთაბარე ხალხისთვის, რომლებიც აუცილებლობის შემთხვევაში ცხენის რძითა და სისხლითაც ადვილად გაიტანდნენ თავს. თუმცა ჩინგიზ-ყაენის მმართველობამ შეაღწია ჩინეთსა და მანჯურიაში, მათ დაპყრობას ყაენმა დაახლოებით 20 წელი მოანდომა. ჩინგიზ-ყაენმა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა ჩინელი სწავლულები, ხელოსნები და ვაჭრები; აგრეთვე ინჟინრები, რომლებსაც შეეძლოთ საალყო მოწყობილობისა თუ კატაპულტების აგება და დენთიანი ბომბების დამზადება.

      დასავლეთისკენ მიმავალ აბრეშუმის სავაჭრო გზაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის შემდეგ ჩინგიზ-ყაენმა თურქეთის სულთან მუჰამედთან სავაჭრო ურთიერთობა სცადა. სულთანის ვრცელი იმპერია დღევანდელი ავღანეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, თურქმენეთისა და ირანის უდიდეს ნაწილს მოიცავდა.

      1218 წელს მონღოლთა ქარავანი, როგორც ჩანს, სავაჭროდ სასულთნოს საზღვარს მიადგა. ადგილობრივმა მმართველმა ისინი სიკვდილით დასაჯა, ეს კი მუსლიმანურ ტერიტორიაზე მონღოლთა პირველი ლაშქრობის მიზეზი გახდა. მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჭიანჭველებივით მრავალრიცხოვანი მონღოლები გამუდმებით ძარცვავდნენ და წვავდნენ ქალაქებსა და მინდვრებს, ხოცავდნენ სულთან მუჰამედის ხალხს და მხოლოდ ხელმარჯვე ოსტატებს ინდობდნენ.

      როგორც ამბობენ, მონღოლებს დაახლოებით 20 000 მებრძოლი ჰყავდათ. ისინი აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით შეიჭრნენ ჩრდილოეთ კავკასიის სტეპებში; გაანადგურეს ყველა, ვინც გზად შეხვდათ, მათ შორის 80 000 რუსი მებრძოლი. ერთ-ერთი ომის დროს მონღოლები მთელი კასპიის ზღვის სანაპიროზე იბრძოდნენ და ბრძოლის ველი დაახლოებით 13 000 კილომეტრზე იყო გადაჭიმული; ზოგი ამ ბრძოლას ქვეითი ჯარის ისტორიაში უდიდეს გმირობად მიიჩნევს. ჩინგიზ-ყაენის გამარჯვებებმა მონღოლეთის შემდგომ მმართველებს გზა გაუხსნა აღმოსავლეთ ევროპის დასალაშქრად.

      ჩინგიზ-ყაენის მემკვიდრეები

      ჩინგიზ-ყაენის შემდეგ დიდებული ყაენი გახდა მისი მთავარი ცოლის ოთხი ვაჟიდან მესამე — უგედეი. უგედეი დაპყრობილ ქვეყნებზე მმართველობას შეუდგა — ვასალებისგან ხარკს იღებდა და ჩრდილოეთ ჩინეთში ცინის დინასტია საბოლოოდ დაიპყრო.

      იმპერიისა და სიმდიდრის შესანარჩუნებლად უგედეიმ ომის წამოწყება გადაწყვიტა, მაგრამ ამჯერად ახალი ქვეყნების დასაპყრობად გაემართა. მან ბრძოლა ორი მიმართულებით წარმართა — დასავლეთით ევროპის ქვეყნებისა და სამხრეთით ჩინეთში სუნის დინასტიის დასაპყრობად. უგედეიმ ევროპაში გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ ჩინეთში მარცხი განიცადა. გარკვეული წარმატებების მიუხედავად, მონღოლებმა სუნის ძირითადი ტერიტორია ვერ დაიპყრეს.

  • მომთაბარე აზიელები, რომლებმაც იმპერია შექმნეს
    გამოიღვიძეთ! — 2008 | მაისი
    • [სურათი 15 გვერდზე]

      ჩინგიზ-ყაენი

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება