საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მოთმინებით გაირბინეთ მანძილი
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 სექტემბერი
    • მოთმინებით გაირბინეთ მანძილი

      „მოთმინებით გავირბინოთ ჩვენ წინ მდებარე მანძილი“ (ებრ. 12:1).

      1, 2. რას შეადარა მოციქულმა პავლემ ქრისტიანის ცხოვრება?

      მრავალ ქვეყანაში მარათონული რბენა ყოველ წელს იმართება. ეგრეთ წოდებული საუკეთესო მორბენლები შეჯიბრებაზე მხოლოდ გამარჯვების მოპოვების მიზნით გადიან. უმრავლესობას კი შედარებით მოკრძალებული მიზანი აქვს. მათთვის ფინიშის ხაზის გადაკვეთაც კი საამაყოა.

      2 ბიბლიაში ქრისტიანის ცხოვრება სირბილთან არის შედარებული. მოციქულმა პავლემ ამაზე ყურადღება გაამახვილა ძველ კორინთში მცხოვრებ ქრისტიანებისთვის მიწერილ პირველ წერილში. მან დაწერა: „განა არ იცით, რომ რბოლის დროს ყველა მორბენალი გარბის, მაგრამ მხოლოდ ერთი იღებს ჯილდოს? ისე ირბინეთ, რომ მოიპოვოთ ის“ (1 კორ. 9:24).

      3. რატომ თქვა პავლემ, რომ მხოლოდ ერთი მორბენალი მიიღებდა ჯილდოს?

      3 გულისხმობდა პავლე იმას, რომ ქრისტიანებიდან სიცოცხლის ჯილდოს მხოლოდ ერთი მიიღებდა, დანარჩენები კი ამაოდ ირბენდნენ? სრულებითაც არა. შეჯიბრების მონაწილეები გამარჯვების მისაღწევად ძალ-ღონეს არ იშურებდნენ და გულმოდგინედ ემზადებოდნენ. პავლეს სურდა, რომ ქრისტიანებსაც ასე ეღვაწათ, რათა მარადიული სიცოცხლისთვის მიეღწიათ. მხოლოდ ამგვარად შეძლებდნენ ისინი სიცოცხლის ჯილდოს მიღებას. ასე რომ, ყველა ქრისტიანი, რომელიც ფინიშის ხაზს გადაკვეთს, ამ ჯილდოს მიიღებს.

      4. რა უნდა მივიღოთ მხედველობაში ჩვენ წინ მდებარე მანძილზე სირბილისას?

      4 პავლეს სიტყვები გამამხნევებელიც არის და გამომაფხიზლებელიც ყველასთვის, ვინც სიცოცხლისთვის რბენაში მონაწილეობს. რატომ? იმიტომ რომ, ჯილდო, იქნება ეს ზეცაში თუ დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრება, მართლაც შეუდარებელია! ეს მანძილი გრძელი და რთულია, რადგან მორბენალს შეიძლება შეხვდეს მრავალი რამ, რაც ყურადღებას სხვა რამეზე გადაატანინებს, რომ აღარაფერი ვთქვათ დაბრკოლებებსა თუ საშიშროებებზე (მათ. 7:13, 14). სამწუხაროდ, ზოგმა შეანელა სვლა, დაიქანცა ან საერთოდ დაეცა. რა მახეები და საშიშროებებია სიცოცხლის ამ გზაზე? როგორ ავარიდოთ მათ თავი? რა უნდა გავაკეთოთ, რომ ფინიშამდე მივაღწიოთ და ასეთი სახით გავიმარჯვოთ?

      გამარჯვებისთვის მოთმინებაა საჭირო

      5. რაზე გაამახვილა პავლემ ყურადღება ებრაელების 12:1-ში?

      5 იერუსალიმსა და იუდეაში მცხოვრები ებრაელი ქრისტიანებისთვის მიწერილ თავის წერილში პავლემ კვლავ მოიხსენია სპორტული შეჯიბრებები ანუ სირბილი (წაიკითხეთ ებრაელების 12:1 ). მან ყურადღება არა მარტო სირბილში მონაწილეობის მიზეზზე გაამახვილა, არამედ იმაზეც, თუ რის გაკეთება იყო აუცილებელი გამარჯვებისთვის. მოდი, ჯერ დავფიქრდეთ, რამ აღძრა პავლე დაეწერა ეს წერილი და რისკენ მოუწოდებდა თავის მკითხველებს. შემდეგ კი გამოვიკვლიოთ ღვთის შთაგონებით ებრაელი ქრისტიანებისთვის პავლეს მიერ მიცემული რჩევა და ვნახოთ, რის სწავლა შეგვიძლია.

      6. რა წინააღმდეგობებს ხვდებოდნენ ქრისტიანები რელიგიური წინამძღოლებისგან?

      6 პირველ საუკუნეში იერუსალიმსა და იუდეაში მცხოვრები ქრისტიანები მრავალ განსაცდელსა და სირთულეს ხვდებოდნენ. მათ დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ იუდეველი რელიგიური წინამძღოლები, რომლებსაც ხალხზე ჯერ კიდევ დიდი გავლენა ჰქონდათ. ადრე მათ იესო ქრისტეს მოჯანყეობაში დასდეს ბრალი და მოკლეს, როგორც ბოროტმოქმედი. ისინი არც ახლა აპირებდნენ წინააღმდეგობის შეწყვეტას. საქმეების წიგნში არაერთი შემთხვევაა აღწერილი, როდესაც ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მომხდარი სასწაულების შემდეგ რელიგიურმა წინამძღოლებმა მალევე დაიწყეს ქრისტიანების დაშინება და შევიწროება, რამაც ერთგულ ქრისტიანებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა (საქ. 4:1—3; 5:17, 18; 6:8—12; 7:59; 8:1, 3).

      7. რა რთულ დროში ცხოვრობდნენ ქრისტიანები, რომლებსაც პავლე სწერდა?

      7 ამას ისიც ემატებოდა, რომ ეს ქრისტიანები იუდეველთა სისტემის ბოლო დღეებში ცხოვრობდნენ. იესოს ნათქვამი ჰქონდა, რომ ორგული იუდეველები განადგურდებოდნენ. მან აგრეთვე უთხრა თავის მიმდევრებს, რა მოხდებოდა უშუალოდ განადგურების წინ, და კონკრეტული მითითებები მისცა, თუ რა უნდა გაეკეთებინათ, რომ გადარჩენილიყვნენ (წაიკითხეთ ლუკას 21:20—22). იესომ გააფრთხილა ისინი: „დაუკვირდით საკუთარ თავს, რომ გული არ დაგიმძიმდეთ გადამეტებული ჭამა-სმითა და ცხოვრებისეული საზრუნავით და მოულოდნელად არ დაგატყდეთ ის დღე“ (ლუკ. 21:34).

      8. რატომ შეანელა ან შეწყვიტა რბენა ზოგმა ქრისტიანმა?

      8 იესოს მიერ მიცემული ამ გაფრთხილებიდან დაახლოებით 30 წელი იყო გასული, როცა პავლემ ებრაელებს წერილი მისწერა. როგორ იმოქმედა ამ 30-მა წელმა ქრისტიანებზე? ზოგზე გავლენა იქონია წინააღმდეგობებმა, ზოგმა კი ყურადღება ყოველდღიურ საზრუნავზე გადაიტანა, რამაც ხელი შეუშალა სულიერ წინსვლასა და რწმენის განმტკიცებაში (ებრ. 5:11—14). სხვები, როგორც ჩანს, ფიქრობდნენ, რომ ბევრად უფრო ადვილი იქნებოდა, თუ იუდეველთა უმრავლესობას აჰყვებოდნენ. ბოლოს და ბოლოს, მათ ხომ მთლად არ უარყვიათ ღმერთი და მოსეს კანონსაც გარკვეულწილად იცავდნენ. ზოგი ქრისტიანი კი დაარწმუნეს ან დააშინეს კრების იმ წევრებმა, რომლებიც თვლიდნენ, რომ მოსეს კანონისა და ტრადიციების დაცვა აუცილებელი იყო. რა უნდა ეთქვა პავლეს ქრისტიანი ძმებისთვის, რომ მათ სულიერი სიფხიზლე შეენარჩუნებინათ და სიცოცხლისთვის რბენა განეგრძოთ?

      9, 10. ა) პავლეს რა გამამხნევებელ სიტყვებს ვკითხულობთ ებრაელებისთვის მიწერილი წერილის მე-10 თავის ბოლოს? ბ) რატომ ჩაწერა პავლემ ძველ დროს მცხოვრებ მოწმეთა რწმენის მაგალითები?

      9 საინტერესოა, ღვთის შთაგონებით, როგორ ცდილობდა პავლე ებრაელი ქრისტიანების განმტკიცებას. თავისი წერილის მე-10 თავში მან აღნიშნა, რომ კანონი „მომავალ კურთხევათა ჩრდილია“ და ხაზი გაუსვა ქრისტეს მიერ გაღებული გამოსასყიდის მნიშვნელოვნებას. ამ თავის ბოლოს პავლემ მკითხველებს ურჩია: «მოთმინება გჭირდებათ, რომ შეასრულოთ ღვთის ნება და მიიღოთ დანაპირები, რადგან „სულ ცოტაც“ და „მოვა ის, ვინც მოდის, არ დააყოვნებს“» (ებრ. 10:1, 36, 37).

      10 ებრაელების მე-11 თავში პავლე შესანიშნავად ხსნის, თუ რა არის ღვთისადმი ნამდვილი რწმენა. მას მოჰყავს ძველ დროს მცხოვრები ერთგული მამაკაცებისა და ქალების რწმენის მაგალითები. ხომ არ გადაუხვია პავლემ მთავარი თემიდან? რასაკვირველია, არა. მოციქულს ესმოდა, მის თანამორწმუნეებს უნდა გაეაზრებინათ, რომ რწმენას გაბედულება და მოთმინება სჭირდებოდა. ძველ დროს მცხოვრები იეჰოვას ამ ერთგული მსახურების ბრწყინვალე მაგალითები განამტკიცებდა ებრაელებს, რომ გაეძლოთ ნებისმიერი სირთულისა თუ პრობლემისთვის. ამგვარად, პავლემ ჩამოთვალა საქმეები, რომლებითაც ამ ერთგულმა მსახურება რწმენა დაამტკიცეს და თქვა: „რადგან ჩვენ გარშემო მოწმეთა ასეთი დიდი ღრუბელია, მოვიშოროთ ყველაფერი, რაც გვამძიმებს, და ცოდვა, რომელიც ადვილად გვაქცევს თავის მარწუხებში, მოთმინებით გავირბინოთ ჩვენ წინ მდებარე მანძილი“ (ებრ. 12:1).

      „მოწმეთა ღრუბელი“

      11. როგორ იმოქმედებს ჩვენზე „მოწმეთა დიდი ღრუბლის“ მაგალითებზე დაფიქრება?

      11 „მოწმეთა დიდი ღრუბელი“ მხოლოდ დამკვირვებელს ან მაყურებელს არ წარმოადგენს, რომელიც თვალყურს ადევნებს შეჯიბრს ან გულშემატკივრობს კონკრეტულ მორბენალსა თუ ჯგუფს. მათ მონაწილეობა მიიღეს და წარმატებით გაირბინეს მანძილი. მართალია, ისინი ცოცხლები არ არიან, მაგრამ მათი გამოცდილება ახალ მორბენლებს კვლავაც ამხნევებს. წარმოიდგინეთ, რას იგრძნობდნენ შეჯიბრებაში მონაწილეები, თუ ეცოდინებოდათ, რომ მათ ყველაზე გამოცდილი მორბენლები ადევნებდნენ თვალს. განა ისინი არ ეცდებოდნენ, მაქსიმალურად დახარჯულიყვნენ? წარსულში მცხოვრებმა ამ მოწმეებმა დაამტკიცეს, რომ, რა სირთულეებთანაც არ უნდა იყოს ეს დაკავშირებული, ამ მანძილის ბოლომდე გარბენა და გამარჯვება შესაძლებელია. ასე რომ, „მოწმეთა ღრუბლის“ მაგალითებზე დაფიქრება პირველი საუკუნის ქრისტიანებს გაბედულებას შემატებდა და ბოლომდე მოთმინებით სირბილში დაეხმარებოდა. მათ მაგალითებზე დაფიქრება ჩვენზეც ასე იმოქმედებს.

      12. რატომ არის პავლეს მიერ მოყვანილი მაგალითები ჩვენთვის მნიშვნელოვანი?

      12 პავლეს მიერ მოხსენიებულ ერთგულ მსახურთაგან მრავალი ისეთივე მდგომარეობაში იყო, როგორშიც ჩვენ ვიმყოფებით. მაგალითად, ნოე წარღვნამდელი მსოფლიოს აღსასრულის წინა პერიოდში ცხოვრობდა. ჩვენც ამ სისტემის ბოლო დღეებში ვცხოვრობთ. ღმერთმა აბრაამსა და სარას უთხრა, დაეტოვებინათ მშობლიური ქალაქი და მათთვის მიცემული დანაპირების შესრულებას დალოდებოდნენ. იეჰოვა ჩვენც მოგვიწოდებს, უარვყოთ საკუთარი თავი და ვიცხოვროთ მის მოსაწონად, რომ მივიღოთ მისგან კურთხევები. მოსეს სახიფათო უდაბნოს გავლა მოუწია იმისათვის, რომ აღთქმულ ქვეყანაში შესულიყო. ჩვენც აღთქმულ ახალ ქვეყნიერებაში რომ შევიდეთ, ეს ძველი მომაკვდავი სისტემა უნდა გავიაროთ. ის, რაც ღვთის ამ ერთგულმა მსახურებმა გამოიარეს, მათი წარმატებები თუ წარუმატებლობები, სისუსტეები თუ ძლიერი მხარეები ნამდვილად იმსახურებს ჩვენს ყურადღებას (რომ. 15:4; 1 კორ. 10:11).

      რამ განაპირობა მათი წარმატება?

      13. რატომ იყო ნოესთვის მიცემული დავალება რთული და რა დაეხმარა მას ამ დავალების შესრულებაში?

      13 რამ შეაძლებინა იეჰოვას ამ ერთგულ მსახურებს, მოთმინებით გაერბინათ მანძილი? ყურადღება მიაქციეთ, რა დაწერა პავლემ ნოეს შესახებ (წაიკითხეთ ებრაელების 11:7 ). დედამიწაზე მოვლენილი წარღვნა და ყოველი ხორციელის განადგურება ნოესთვის „ჯერ არ იყო ხილული“ (დაბ. 6:17). მსგავსი რამ მანამდე არასდროს მომხდარა; ეს მართლაც უპრეცედენტო მოვლენა იყო. მიუხედავად ამისა, ნოეს არ უფიქრია, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა, რადგან მას სჯეროდა, იეჰოვა თავის სიტყვას შეასრულებდა. ნოეს წუწუნი არ დაუწყია და არ უთქვამს, რომ ამ საქმის შესრულება ძალიან რთული იყო. პირიქით, მან ყველაფერი „სწორედ ისე გააკეთა“, როგორც ღმერთმა უბრძანა (დაბ. 6:22). ნოეს უნდა აეგო კიდობანი, შეეკრიბა ცხოველები, მოემარაგებინა საკვები ადამიანებისა და ცხოველებისთვის, ექადაგა გამაფრთხილებელი ცნობა და ეზრუნა ოჯახის სულიერ სიმტკიცეზე. ამ ყველაფრის „სწორედ ისე“ გაკეთება ადვილი არ იყო. მაგრამ, ნოემ რწმენა და მოთმინება გამოავლინა, რის შედეგადაც ის და მისი ოჯახი ღმერთმა გადაარჩინა და მრავალმხრივ აკურთხა.

      14. როგორ მოიქცნენ აბრაამი და სარა რთულ სიტუაციაში და რას გვასწავლის მათი მაგალითი?

      14 „ჩვენ გარშემო მოწმეთა ასეთი დიდი ღრუბლის“ ჩამონათვალში პავლემ ნოეს შემდეგ აბრაამი და სარა მოიხსენია. მათ მიატოვეს ჩვეული ცხოვრება ურში და არ იცოდნენ წინ რა ელოდათ. ისინი რთულ სიტუაციაში მტკიცე რწმენისა და მორჩილების გამოვლენის შესანიშნავ მაგალითს გვაძლევენ. იმის გამო, რომ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად აბრაამი მზად იყო ამ მსხვერპლის გასაღებად, მას მართებულად ეწოდა „ყველა . . . მორწმუნის მამა“ (რომ. 4:11). პავლე მხოლოდ ზოგადად შეეხო ამ საკითხს, ვინაიდან მისმა მკითხველებმა კარგად იცოდნენ აბრაამის ცხოვრების დეტალები. მიუხედავად ამისა, პავლეს სიტყვებიდან მნიშვნელოვან რამეს ვსწავლობთ: „ესენი ყველანი [მათ შორის აბრაამი და მისი ოჯახი] რწმენაში დაიხოცნენ და, თუმცა არ მიუღიათ დანაპირები, შორიდან ხედავდნენ მას, ხარობდნენ და სახალხოდ აღიარებდნენ, რომ უცხონი და დროებით მცხოვრებნი იყვნენ იმ ქვეყანაში“ (ებრ. 11:13). აშკარაა, რომ მათ რწმენა და ღმერთთან პირადი ურთიერთობა დაეხმარა, მოთმინებით გაერბინათ მანძილი.

      15. რატომ არჩია მოსემ ასეთი ცხოვრება?

      15 ამის შემდეგ პავლემ იეჰოვას კიდევ ერთი სამაგალითო მსახური მოსე მოიხსენია. მოსემ დატოვა კომფორტული ცხოვრება, წარჩინებული მდგომარეობა და „არჩია, ღვთის ხალხთან ერთად . . . სასტიკად მოპყრობოდნენ“. რატომ? ამ კითხვაზე პასუხს პავლე გვცემს: „ჯილდოს ხედავდა . . . ის მტკიცე იყო, თითქოს ხედავდა მას, ვინც უხილავია“ (წაიკითხეთ ებრაელების 11:24—27 ). მოსეს ყურადღება „დროებით ცოდვიან განცხრომაზე“ არ გადაუტანია. ღმერთი და მისი დაპირებები იმდენად რეალური იყო მისთვის, რომ უჩვეულო გამბედაობა და მოთმინება გამოავლინა. მოსე დაუღალავად იღვწოდა იმისათვის, რომ ისრაელი ეგვიპტიდან აღთქმულ მიწამდე მიეყვანა.

      16. რატომ არ გაუტყდა მოსეს გული, როდესაც ღმერთმა მას აღთქმულ მიწაზე შესვლის უფლება არ მისცა?

      16 აბრაამის მსგავსად ვერც მოსე მოესწრო ღვთის დანაპირების შესრულებას. მოსეს, რომელიც ისრაელებთან ერთად აღთქმული მიწის საზღვართან იდგა, ღმერთმა უთხრა: „შორიდან დაინახავ, მაგრამ ვერ შეხვალ იმ მიწაზე, რომელსაც ისრაელის ძეებს ვაძლევ“. ეს იმიტომ, რომ ერთხელ ის და აარონი ისე გაღიზიანდნენ მოჯანყე ისრაელების გამო, რომ „ეურჩნენ [ღმერთს] ისრაელის ძეების თვალწინ . . . მერიბას წყალთან“ (კან. 32:51, 52). გაუტყდა გული მოსეს ან განაწყენდა ამის გამო? არა. მოსემ ისრაელები შემდეგი სიტყვებით აკურთხა: „ბედნიერი ხარ, ისრაელო! ვინ არის შენი მსგავსი ხალხი, რომელიც იეჰოვას ხსნით ხარობს? ის არის შენი მშველელი ფარი და დიდებული მახვილი“ (კან. 33:29).

      რას ვსწავლობთ

      17, 18. ა) რა შეგვიძლია ვისწავლოთ „მოწმეთა ღრუბლისგან“? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

      17 „ჩვენ გარშემო მოწმეთა ასეთი დიდი ღრუბლიდან“ ზოგიერთი მაგალითის განხილვით ნათლად დავინახეთ, რომ ფინიშამდე მისასვლელად აუცილებლად გვჭირდება ღვთისა და მისი დაპირებებისადმი ურყევი რწმენა (ებრ. 11:6). რწმენას ჩვენს ცხოვრებაში მეორეხარისხოვანი კი არა, უმთავრესი ადგილი უნდა ეჭიროს. ურწმუნოებისგან განსხვავებით, იეჰოვას მსახურებს შეუძლიათ შორს გაიხედონ, „დაინახონ ის, ვინც უხილავია“ და მოთმინებით გაირბინონ მანძილი (2 კორ. 5:7).

      18 ქრისტიანული გზა არ არის ადვილი. მოუხედავად ამისა, ფინიშამდე მისვლა შესაძლებელია. მომდევნო სტატიიდან გავიგებთ, კიდევ რა დაგვეხმარება მანძილის წარმატებით გარბენაში.

  • „ირბინეთ, რომ მოიპოვოთ ის“
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 სექტემბერი
    • „ირბინეთ, რომ მოიპოვოთ ის“

      „ისე ირბინეთ, რომ მოიპოვოთ ის“ (1 კორ. 9:24).

      1, 2. ა) რა გამოიყენა პავლემ თანაქრისტიანების გასამხნევებლად? ბ) რისკენ მოუწოდა პავლემ ღვთის მსახურებს?

      ებრაელებისთვის მიწერილ წერილში მოციქულმა პავლემ კარგი თვალსაჩინო მაგალითი გამოიყენა თანაქრისტიანების გასამხნევებლად. მან ქრისტიანებს შეახსენა, რომ ისინი სიცოცხლის მოსაპოვებლად მარტო არ გარბოდნენ. მათ გარშემო იყო „მოწმეთა დიდი ღრუბელი“, რომლებმაც წარმატებით გაირბინეს მანძილი. თუ ებრაელ ქრისტიანებს ყოველთვის ეხსომებოდათ მათი ერთგულება და ძალისხმევა, ეს სტიმულს მისცემდა, განეგრძოთ სირბილი და ფინიშამდე მისულიყვნენ.

      2 წინა სტატიაში განვიხილეთ „მოწმეთა ღრუბლიდან“ რამდენიმეს ცხოვრება. თითოეულმა მათგანმა ცხადყო, რომ ურყევმა რწმენამ შეაძლებინა ღვთისადმი ერთგულების შენარჩუნება და მანძილის ბოლომდე გარბენა. რის სწავლა შეგვიძლია მათი მაგალითიდან? როგორც წინა სტატიაში იყო აღნიშნული, პავლემ თანაქრისტიანებს, მათ შორის ჩვენც, მოგვიწოდა: „მოვიშოროთ ყველაფერი, რაც გვამძიმებს, და ცოდვა, რომელიც ადვილად გვაქცევს თავის მარწუხებში, მოთმინებით გავირბინოთ ჩვენ წინ მდებარე მანძილი“ (ებრ. 12:1).

      3. რის თქმა სურდა პავლეს, როდესაც ბერძნულ თამაშებში მონაწილე მორბენლები მოიხსენია?

      3 სპორტული შეჯიბრებების იმ დროს პოპულარულ სახეობასთან, სირბილთან, დაკავშირებით ერთ წიგნში ნათქვამია: „ბერძნები ვარჯიშის თუ შეჯიბრებაში მონაწილეობის დროს სრულიად შიშვლები იყვნენ“a (Backgrounds of Early Christianity). ასეთ შემთხვევებში მორბენლები იხდიდნენ ყველაფერს, რასაც წონა ჰქონდა ან სირბილს გაურთულებდა. ჩვენთვის ეს შეიძლება სავსებით მიუღებელია და მოკრძალების ნაკლებობაზე მეტყველებს, მაგრამ ისინი ამ ყველაფერს ერთი მიზნით, ჯილდოს მისაღებად, აკეთებდნენ. პავლეს იმის თქმა სურდა, რომ სიცოცხლისთვის რბოლაში ჯილდოს მისაღებად მნიშვნელოვანია, მორბენალმა მოიშოროს ყველაფერი, რაც ხელს უშლის. ეს რჩევა გონივრული იყო იმდროინდელი ქრისტიანებისთვის და ასევეა დღესაც. რა სიმძიმემ ან ტვირთმა შეიძლება შეგვიშალოს ხელი სიცოცხლის ჯილდოს მიღებაში?

      „მოვიშოროთ ყველაფერი, რაც გვამძიმებს“

      4. რით იყვნენ დაკავებული ადამიანები ნოეს დღეებში?

      4 პავლემ თქვა, „მოვიშოროთ ყველაფერი, რაც გვამძიმებს“. ამაში შედის ნებისმიერი რამ, რამაც შეიძლება ხელი შეგვიშალოს, ყურადღება მივაპყროთ და მთელი ძალისხმევა მოვახმაროთ მანძილის გარბენას. რამ შეიძლება „დაგვამძიმოს“? პავლეს მიერ მოხსენიებულ ღვთის ერთგულ მსახურთა შორის ერთ-ერთის, ნოეს, მაგალითი გვახსენებს იესოს სიტყვებს: „როგორც ნოეს დროს იყო, ისევე იქნება კაცის ძის დროსაც“ (ლუკ. 17:26). იესო აქ კაცობრიობის არნახული განადგურების შესახებ კი არ საუბრობდა, არამედ ადამიანების ცხოვრების წესზე (წაიკითხეთ მათეს 24:37—39 ). ნოეს დღეებში მცხოვრებთა უმეტესობა არ ავლენდა ღვთისადმი ინტერესს, რომ აღარაფერი ვთქვათ ღვთისმოსაწონად ცხოვრებაზე. რაზე იყვნენ ისინი კონცენტრირებულნი? განსაკუთრებულზე არაფერზე. ისინი, ჩვეულებრივ, ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ. იესოს სიტყვების თანახმად, პრობლემა ის იყო, რომ მათ „არაფერი ანაღვლებდათ“.

      5. რა დაგვეხმარება მანძილის წარმატებით გარბენაში?

      5 ნოეს და მისი ოჯახის მსგავსად, ყოველდღიურად ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. აუცილებელია ვიმუშაოთ, რომ ვიზრუნოთ საკუთარ თავსა და ოჯახზე. ამან შეიძლება დიდი დრო და ენერგია წაგვართვას. განსაკუთრებით ეკონომიკური არასტაბილურობის დროს, ადვილია, ყოველდღიურ საჭიროებებზე ფიქრმა გვშთანთქას. ყოველივე ამასთან ერთად, ჩვენ, როგორც მიძღვნილ ქრისტიანებს, თეოკრატიული პასუხისმგებლობებიც გვაკისრია; ვმონაწილეობთ მსახურებაში, ვემზადებით და ვესწრებით ქრისტიანულ შეხვედრებს, პირადი შესწავლითა თუ ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საშუალებით ვინარჩუნებთ სულიერ სიმტკიცეს. ნოეც ძალიან დაკავებული იყო ღვთის მსახურებაში, მაგრამ მან ყველაფერი „სწორედ ისე გააკეთა“, როგორც ღმერთმა უთხრა (დაბ. 6:22). ცხადია, აუცილებელი საქმეების მინიმუმადე დაყვანა და ნებისმიერი ზედმეტი ტვირთის მოშორება მნიშვნელოვანია, თუ გვინდა, ქრისტიანული სარბიელი ბოლომდე გავირბინოთ.

      6, 7. იესოს რა რჩევა უნდა გვახსოვდეს ყოველთვის?

      6 რას გულისხმობდა პავლე, როცა თქვა: „მოვიშოროთ ყველაფერი, რაც გვამძიმებს“? რა თქმა უნდა, შეუძლებელია მოვიხსნათ ჩვენზე დაკისრებული ყველა პასუხისმგებლობა. ამ მხრივ საყურადღებოა იესოს სიტყვები: «ნურასოდეს დაიწყებთ წუხილს და ნუ იტყვით: „რა ვჭამოთ?“ ან: „რა ვსვათ?“ ან: „რა ჩავიცვათ?“ რადგან ყოველივე ამას უცხოტომელები ეძებენ მთელი მონდომებით და თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ გჭირდებათ ყოველივე ეს» (მათ. 6:31, 32). იესოს სიტყვების თანახმად, ჩვეულებრივი ცხოვრებისეული რამ, მაგალითად, საკვები და ჩასაცმელი შეიძლება ტვირთი ან დაბრკოლება გახდეს ჩვენთვის, თუ მათ სათანადო ადგილს არ მივუჩენთ.

      7 დაუკვირდით იესოს სიტყვებს: „თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ გჭირდებათ ყოველივე ეს“. ანუ ჩვენი ზეციერი მამა იეჰოვა, თავის მხრივ, იზრუნებს ჩვენს მოთხოვნილებებზე. ცხადია, „ყოველივე ეს“ შეიძლება განსხვავდებოდეს იმისგან, რაც ჩვენ მოგვწონს ან გვსურს. და მაინც, იესო გვეუბნება, რომ გადამეტებულად არ ვიზრუნოთ იმაზე, რასაც „უცხოტომელები ეძებენ“. რატომ? მოგვიანებით იესომ გააფრთხილა თავისი მსმენელები: „დაუკვირდით საკუთარ თავს, რომ გული არ დაგიმძიმდეთ გადამეტებული ჭამა-სმითა და ცხოვრებისეული საზრუნავით და მოულოდნელად არ დაგატყდეთ ის დღე როგორც მახე“ (ლუკ. 21:34, 35).

      8. რატომ არის ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, „მოვიშოროთ ყველაფერი, რაც გვამძიმებს“?

      8 ფინიშის ხაზი უკვე გამოჩნდა. რა დასანანი იქნებოდა, თუ ზედმეტი ტვირთი ხელს შეგვიშლიდა მანძილის ბოლომდე გარბენაში, როცა ფინიშამდე რამდენიმე ნაბიჯიღაა დარჩენილი! ამიტომ, მოციქულ პავლეს რჩევა მართლაც გონივრულია: „სინამდვილეში კი დიდი მონახვეჭი ის არის, რომ იყო ღვთისადმი ერთგული და იმით კმაყოფილი, რაც გაქვს“ (1 ტიმ. 6:6). თუ გულთან ახლოს მივიტანთ პავლეს სიტყვებს, მეტია იმის შესაძლებლობა, რომ ჯილდო მოვიპოვოთ.

      „ცოდვა, რომელიც ადვილად გვაქცევს თავის მარწუხებში“

      9, 10. ა) რას ნიშნავს გამოთქმა „ცოდვა, რომელიც ადვილად გვაქცევს თავის მარწუხებში“? ბ) როგორ შეიძლება დავბრკოლდეთ?

      9 იმის გარდა, რომ მოვიშოროთ „ყველაფერი, რაც გვამძიმებს“, პავლემ მოიხსენია „ცოდვა, რომელიც ადვილად გვაქცევს თავის მარწუხებში“. რას ნიშნავს ეს? ბერძნული სიტყვა, რომელიც ითარგმნება, როგორც „ადვილად გვაქცევს მარწუხებში“, შეიძლება „დამაბრკოლებლადაც“ ითარგმნოს. ეს სიტყვა ბიბლიაში მხოლოდ ერთხელ, ამ მუხლში, გვხვდება. ბიბლეისტი ალბერტ ბარნზი განმარტავს: „როგორც მორბენალი უნდა ყოფილიყო ფრთხილად, რომ ტანსაცმელი არ შემოხვეოდა ფეხებზე და სირბილში ხელი არ შეეშალა, ასევე უნდა იყოს ქრისტიანიც. მან უნდა მოიშოროს ყველაფერი, რამაც შეიძლება დააბრკოლოს“. როგორ შეიძლება ქრისტიანი დაბრკოლდეს, და შედეგად რწმენა დაუსუსტდეს?

      10 ქრისტიანი რწმენას ერთ დღეში არ კარგავს. ეს შეიძლება დროთა განმავლობაში, შეუმჩნევლადაც კი მოხდეს. თავის წერილში მოციქულმა პავლემ ებრაელები გააფრთხილა, რომ გზას არ აცდენილიყვნენ და „ბოროტი და ურწმუნო გული არ განვითარებოდათ“ (ებრ. 2:1; 3:12). როდესაც მორბენალს ტანსაცმელი ფეხებში ებლანდება, წაქცევა თითქმის გარდაუვალია. დაბრკოლების ალბათობა დიდია, თუ მორბენალი უგულებელყოფს საფრთხეს, რომელიც შეიძლება გარკვეულმა ტანსაცმელმა შეუქმნას. რატომ შეიძლება უგულებელყოს მორბენალმა ეს საფრთხე? შესაძლოა დაუდევრობის, ზედმეტი თავდაჯერებულობის ან ყურადღების სხვა რამეზე გადატანის გამო. რა შეგვიძლია ვისწავლოთ პავლეს რჩევიდან?

      11. რა შეიძლება რწმენის დაკარგვის მიზეზი გახდეს?

      11 ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ რწმენის დაკარგვას იწვევს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამა თუ იმ სახით ჩვენი მოქმედება. ფრაზის, „ცოდვა, რომელიც ადვილად გვაქცევს თავის მარწუხებში“, შესახებ სხვა სწავლულიც საუბრობდა. მან ახსნა, რომ ჩვენზე დიდ გავლენას ახდენს მდგომარეობა, რომელშიც ვიმყოფებით, პირადი სისუსტეები და ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობა გვაქვს. ყოველივე ამის გამო კი შეიძლება ცოდვა ჩვენზე გაბატონდეს და რწმენის განელების ან დაკარგვის მიზეზი გახდეს (მათ. 13:3—9).

      12. რა შეხსენებები უნდა მივიტანოთ გულთან ახლოს, რომ რწმენის დაკარგვის საშიშროება ავირიდოთ თავიდან?

      12 წლების განმავლობაში ერთგული და გონიერი მონის კლასი გამუდმებით გვახსენებს, რომ ყურადღება მივაქციოთ, რას ვუყურებთ და რას ვუსმენთ, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რით ვკვებავთ გულსა და გონებას. ის აგრეთვე გვაფრთხილებს კიდევ ერთი საშიშროების შესახებ, რომ ფულისა და სიმდიდრისკენ სწრაფვა არ გახდეს ჩვენთვის დამაბრკოლებელი. ჩვენ შეიძლება სწორი გზიდან გადაგვახვევინოს გართობის ინდუსტრიამ ან ტექნოლოგიური სიახლეების უწყვეტმა ნაკადმა. ჩვენი მხრიდან დიდი შეცდომა იქნებოდა, თუ ვიფიქრებდით, რომ ეს რჩევა მეტისმეტად შემზღუდველია ან ის სხვებს ეხება, ჩვენ კი ამ საშიშროებებისგან დაზღვეულნი ვართ. მართლაც რომ კარგად შენიღბული და შეცდომაში შემყვანია სატანის ქვეყნიერების მიერ ამ გზაზე დაგებული ხაფანგები. დაუდევრობამ, ზედმეტად თავდაჯერებულობამ და ყურადღების სხვა რამეზე გადატანამ ზოგიერთი ჩამოაშორა სიცოცხლისთვის რბენას და შეიძლება ჩვენც დაგვაკარგვინოს ამ ჯილდოს მიღების იმედი (1 იოან. 2:15—17).

      13. როგორ დავიცვათ თავი საზიანო გავლენისგან?

      13 ქვეყნიერება ყოველდღიურად ცდილობს თავს მოგვახვიოს თავისი მიზნები, ფასეულობები და აზროვნება (წაიკითხეთ ეფესოელების 2:1, 2). მიუხედავად ამისა, ის, თუ რამდენად იმოქმედებს ქვეყნიერება ჩვენზე, უმეტესწილად ჩვენზეა დამოკიდებული. „ჰაერი“, რომლის შესახებაც პავლე ლაპარაკობდა, მომაკვდინებელია. ამიტომ გამუდმებით უნდა ვიფხიზლოთ, რათა არ გავიგუდოთ და ფინიშის ხაზის გადაკვეთა შევძლოთ. რა დაგვეხმარება ამაში? იესოს სრულყოფილი მაგალითის მიბაძვა (ებრ. 12:2). მისაბაძ მაგალითს პავლეც გვაძლევს. ის საკუთარ თავს ქრისტიან მორბენლებს შორის მოიხსენიებს და თანაქრისტიანებს მოუწოდებს, მიჰბაძონ მას (1 კორ. 11:1; ფილ. 3:14).

      როგორ „მოვიპოვოთ ის“?

      14. რა თვალსაზრისი ჰქონდა პავლეს სიცოცხლისთვის რბენაში თავის მონაწილეობაზე?

      14 რა თვალსაზრისი ჰქონდა პავლეს სიცოცხლისთვის რბენაში თავის მონაწილეობაზე? ეფესოს უხუცესებისთვის მიწერილ უკანასკნელ სიტყვებში პავლემ დაწერა: „ჩემი სული არ მანაღვლებს, ოღონდ დამასრულებინა ჩემი სარბიელი და უფალ იესოსგან მიღებული მსახურება“ (საქ. 20:24). ის მზად იყო მსხვერპლად გაეღო ყველაფერი, საკუთარი სიცოცხლეც კი, რომ სარბიელი დაესრულებინა. სასიხარულო ცნობის ქადაგებისთვის გამოვლენილ ძალისხმევასა და მძიმე შრომას პავლე ამაოდ თვლიდა, თუ ფინიშამდე ვერ მიაღწევდა. მაგრამ ის არ იყო საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებული და არ ფიქრობდა, რომ აუცილებლად გაიმარჯვებდა (წაიკითხეთ ფილიპელების 3:12, 13 ). პავლემ მხოლოდ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე თქვა: „ღირსეულ ბრძოლაში ვიბრძოდი, სარბიელი ბოლომდე გავირბინე და რწმენა შევინარჩუნე“ (2 ტიმ. 4:7).

      15. რისკენ მოუწოდა პავლემ მათ, ვინც მასთან ერთად გარბოდა?

      15 პავლეს იმის დიდი სურვილიც ჰქონდა, რომ თანაქრისტიანებს სირბილი არ შეეწყვიტათ და ბოლომდე გაერბინათ მანძილი. მაგალითად, ის ფილიპელ ქრისტიანებს მოუწოდებდა, რომ საკუთარი თავის გადასარჩენად ძალ-ღონე არ დაეშურებინათ. ისინი მაგრად უნდა ჩასჭიდებოდნენ სიცოცხლის სიტყვას. შემდეგ პავლემ დასძინა: „რათა ქრისტეს დღეს დიდად გავიხარო, რომ ფუჭად არ მირბენია და ფუჭად არ გავრჯილვარ“ (ფილ. 2:16). კორინთელ ქრისტიანებს მან მსგავსადვე მოუწოდა: „ირბინეთ, რომ მოიპოვოთ ის [ჯილდო]“ (1 კორ. 9:24).

      16. რატომ უნდა იყოს ჩვენთვის რეალური მიზანი ანუ ჯილდო?

      16 ისეთ გრძელ დისტანციაზე სირბილის დროს, როგორიცაა მარათონი, ფინიშის ხაზი თავიდან არ ჩანს. მიუხედავად ამისა, მორბენალს ყოველთვის ახსოვს მიზანი და, რაც უფრო უახლოვდება მას, მით უფრო უძლიერდება ფინიშის ხაზის გადაკვეთის სურვილი. იმავეს თქმა შეიძლება ქრისტიანულ სარბიელზეც. მიზანი, ანუ ჯილდო, ჩვენთვის რეალური უნდა იყოს. ეს მის მოპოვებაში დაგვეხმარება.

      17. როგორ ეხმარება რწმენა ღვთის მსახურებს, ყოველთვის ხედავდნენ ჯილდოს?

      17 „რწმენა იმის საფუძვლიანი მოლოდინია, რასაც ვიმედოვნებთ, და აშკარა მტკიცებაა უხილავი სინამდვილისა“, — დაწერა პავლემ (ებრ. 11:1). აბრაამმა და სარამ მზადყოფნით დატოვეს კეთილმოწყობილი ცხოვრება და „უცხონი და დროებით მცხოვრებნი“ გახდნენ სხვა ქვეყანაში. რა დაეხმარა მათ? ისინი „შორიდან ხედავდნენ მას [ღვთის დაპირებების შესრულებას]“. მოსემ უარი თქვა „დროებით ცოდვიან განცხრომასა“ და „ეგვიპტის განძზე“. საიდან ჰქონდა მას რწმენა და იმის ძალა, რომ ასე მოქცეულიყო? ის „ჯილდოს ხედავდა“ (ებრ. 11:8—13, 24—26). გასაგებია, თუ რატომ იწყებს პავლე სიტყვა „რწმენით“ თითოეული მათგანის მოხსენიებას. რწმენამ შეაძლებინა, გადაეტანათ განსაცდელები თუ სირთულეები და დაენახათ, რომ ღმერთი ყოველთვის ეხმარებოდა და მომავალშიც დაეხმარებოდა მათ.

      18. რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისათვის, რომ მოვიშოროთ „ცოდვა, რომელიც ადვილად გვაქცევს თავის მარწუხებში“?

      18 ებრაელების მე-11 თავში მოხსენიებული ერთგული მამაკაცებისა და ქალების მაგალითზე დაფიქრება და მათი მიბაძვა დაგვეხმარება, განვივითაროთ რწმენა და მოვიშოროთ „ცოდვა, რომელიც ადვილად გვაქცევს თავის მარწუხებში“ (ებრ. 12:1). აგრეთვე უნდა შევიკრიბოთ იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ასეთ რწმენას ივითარებენ. ჩვენ „ყურადღებიანები [უნდა] ვიყოთ, რათა წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის“ (ებრ. 10:24).

      19. რატომ არის მნიშვნელოვანი, ყოველთვის ვხედავდეთ ჯილდოს?

      19 ჩვენ უკვე მივუახლოვდით დისტანციის დასასრულს და ფინიშის ხაზიც ნათლად ჩანს. რწმენის გამოვლენითა და იეჰოვას დახმარებით ჩვენც შევძლებთ „მოვიშოროთ ყველაფერი, რაც გვამძიმებს, და ცოდვა, რომელიც ადვილად გვაქცევს თავის მარწუხებში“. დიახ, შეგვიძლია ისე ვირბინოთ, რომ მოვიპოვოთ ჯილდო — კურთხევები, რომლებსაც ჩვენი ღმერთი და მამა, იეჰოვა, გვპირდება.

      [სქოლიო]

      a ძველ დროს მცხოვრები იუდეველებისთვის ეს შეურაცხმყოფელი იყო. აპოკრიფული წიგნის „მეორე მაკაბელთას“ თანახმად, ამან მნიშვნელოვანი უთანხმოება გამოიწვია მაშინ, როდესაც ელინური ჩვევების გასავრცელებლად განდგომილმა მღვდელმთავარმა იასონმა იერუსალიმში გიმნასიონის აშენება გადაწყვიტა (2 მაკაბელთა 4:7—17).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება