-
რუსეთიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2008
-
-
მაგდალინა ბელოშიცკაია იხსენებს: «1951 წლის 8 აპრილს, კვირას, დილის ორ საათზე კარზე ბრახუნმა გაგვაღვიძა. დედაჩემი წამოხტა საწოლიდან და კართან მიირბინა. კართან მდგომმა ოფიცერმა გამოგვიცხადა: „ღვთისადმი რწმენის გამო თქვენ გადასახლებული ხართ ციმბირში. ბარგის ჩასალაგებლად ორი საათი გაქვთ. შეგიძლიათ ოთახიდან ნებისმიერი რამე წაიღოთ მარცვლეულის, ფქვილის, ბურღულეულის, ავეჯის, ხის ნაკეთობებისა და საკერავი მანქანის გარდა; ეზოდან არაფრის აღების უფლება არა გაქვთ. აიღეთ თქვენი ლოგინი, ტანსაცმელი, ტომრები და გამოდით“.
ჩვენს პუბლიკაციებში წაკითხული გვქონდა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ბევრი საქმე იყო გასაკეთებელი. ჩვენ მივხვდით, რომ დადგა დრო, ეს საქმე გაკეთებულიყო.
არც ერთი არ მოვთქვამდით და არ ვქვითინებდით. გაოცებულმა ოფიცერმა გვითხრა: „თვალიდან ცრემლიც კი არ გადმოგვარდნიათ“. ჩვენ ვუთხარით, რომ ამას 1948 წლიდან ველოდებოდით. ოფიცერს ვთხოვეთ, ერთი ცოცხალი ქათამი მაინც მოეცათ ჩვენთვის, მაგრამ უარი გვითხრა. ოფიცრებმა ჩვენ თვალწინ გაიყვეს ჩვენი საქონელი. ქათმებიც დაინაწილეს: ერთმა ხუთი წაიყვანა, მეორემ — ექვსი და მესამემ — სამი თუ ოთხი. როცა საქათმეში ორი ქათამიღა დარჩა, ოფიცერმა ბრძანა, დაეკლათ და ჩვენთვის მოეცათ.
ჩემი რვა თვის გოგონა აკვანში იწვა. ოფიცერს ვთხოვეთ, აკვანი დაეტოვებინა ჩვენთვის, მაგრამ მან ბრძანა, დაეშალათ და მხოლოდ ის ნაწილი დაეტოვებინათ, სადაც ბავშვი იწვა.
მალე მეზობლებმა გაიგეს, რომ გვასახლებდნენ. ერთმა პატარა ტომრით ორცხობილა მოგვიტანა და ურემში ჩაგვიგდო. ჯარისკაცმა შენიშნა ეს და ტომარა უკან გადაუგდო. ჩვენ ექვსნი ვიყავით: დედაჩემი, ჩემი ორი ძმა, მე, ჩემი ქმარი და ჩვენი რვა თვის გოგონა. სოფელს რომ გავცდით, მანქანაში გადაგვსხეს და რაიონულ ცენტრში წაგვიყვანეს, სადაც ჩვენი დოკუმენტები შეავსეს. იქიდან სატვირთო მანქანით რკინიგზის სადგურზე წაგვიყვანეს.
მზიანი კვირადღე იდგა. სადგური სავსე იყო ხალხით — ზოგს ასახლებდნენ, ზოგი კი მათ სანახავად იყო მოსული. მანქანა იმ ვაგონთან გაჩერდა, სადაც ჩვენი ძმები იყვნენ. მატარებელი გაივსო და ჯარისკაცებმა სია ამოიკითხეს. ვაგონში 52 ვიყავით. სანამ მატარებელი დაიძვრებოდა, ჩვენ სანახავად მოსულებმა ტირილი დაიწყეს. ეს ძალიან უცნაური იყო, რადგან ზოგს არც კი ვიცნობდით. მაგრამ მათ იცოდნენ, რომ ჩვენ იეჰოვას მოწმეები ვიყავით და ციმბირში გვასახლებდნენ. გაისმა მატარებლის საყვირის ხმა. ძმებმა უკრაინულად დაიწყეს სიმღერა: „დაე, თქვენთან იყოს ქრისტეს სიყვარული! განვადიდოთ იესო ქრისტე და მის სამეფოში შევხვდებით ერთმანეთს“. თითქმის ყველას გვწამდა, რომ იეჰოვა არ მიგვატოვებდა და მომავალს იმედით ვუყურებდით. ჩვენ რამდენიმე სტროფი ვიმღერეთ. ამან იმდენად იმოქმედა ზოგ ჯარისკაცზე, რომ ატირდნენ. შემდეგ მატარებელი დაიძრა».
-
-
რუსეთიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2008
-
-
[სურათი 102 გვერდზე]
მაგდალინა ბელოშიცკაია და მისი ოჯახი ციმბირში გადაასახლეს
-